ელეონორა რუზველტი - წინასიტყვაობა წიგნისა რუზველტი
ისტორიისადმი ინტერესს ჩემი ქმარი ყოველთვის იჩენდა და ფიქრობდა, რომ ადამიანებმა დღევანდელი გამოცდილებით მომავალში უნდა იხელმძღვანელონ. სურდა, რომ თავისი აზრები და შთაბეჭდილებები ყველას ჩაეწერა; იმედოვნებდა, ეს ხელს შეუწყობდა საბოლოო მიზნის მიღწევას, ანუ ხალხთა შორის ურთიერთგაგებას და მშვიდობის შენარჩუნებისთვის საუკეთესო საშუალებების გამონახვას.
ის შესანიშნავი მეოჯახე იყო და ყველანაირად ცდილობდა, შვილები გვერდით ჰყოლოდა. თუმცა, არც ის სურდა, რომ ჩვენს შვილებს მის გამო უარი ეთქვათ საკუთარ ვალდებულებებზე; გადამწყვეტი ყოველთვის მათი აზრი იყო. ამიტომ ჩემი ქმარი ხშირად, ცოტ-ცოტა ხნით მაინც, ახერხებდა საკუთარი ვაჟიშვილების, სიძისა და ქალიშვილის საზოგადოებაში ყოფნას, როცა ეს მათს საქმიანობას ხელს არ უშლიდა.
იმდენად ესწრაფოდა შვილებთან ურთიერთობას, რომ ჩვენი უფროსი ვაჟი, ჯემსი ვაშინგტონში მდივნადაც კი წაიყვანა, თუმცა არწმუნებდნენ, რომ ეს ჯემსისთვის, შესაძლოა, წამგებიანი ყოფილიყო. იმასაც ეუბნებოდნენ, რომ ამ ნაბიჯის გამო მოსალოდნელი იყო პოლიტიკური თავდასხმები და თანაც საკუთარი შვილი მდივნის როლში ისე ვერ გამოადგებოდა, როგორც გარეშე ადამიანი. ასეც მოხდა, და ჯემსს თანამდებობაზე უარის თქმა მოუხდა. მე კი მგონია, რომ ვიდრე ჯემსი ვაშინგტონში იყო, მისი იქ ყოფნა და მასთან ერთად მუშაობა ჩემს ქმარს უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა.
ალბათ ის, ვისაც არ გამოუცდია მარტოობის გრძნობა, რომელიც პრეზიდენტის მდგომარეობითაა განპირობებული, ვერ მიხვდება, რას ნიშნავს მუდმივი ურთიერთობა ახლობელთაგან ვინმესთან. ოჯახში ასეთი ჩვეულება გვქონდა: როდესაც რომელიმე ჩვენგანი მოგზაურობიდან შინ ბრუნდებოდა, ვცდილობდით, იმავე საღამოს თავი მოგვეყარა საოჯახო სუფრასთან და ერთმანეთისთვის შთაბეჭდილებები გაგვეზიარებინა. ჩამოსულს ვუყვებოდით ყველაფერს, რაც მის არყოფნაში მოხდა. ყველას კარგად გვესმოდა, რომ თუ მაშინვე არ შევიკრიბებოდით, მერე ჩვენი შეხვედრა გადაიდებოდა, რადგან სულ დაკავებულები ვიყავით და ამასობაში მომხდარს ახალი ამბავი გადაფარავდა.
მე არ ვყოფილვარ ამ წიგნში აღწერილ ისტორიულ მოგზაურობებში და რომ მომენდომებინა, მხოლოდ იმის დაწერას შევძლებდი, რაც იმ საღამოებზე მქონდა მოსმენილი, როცა მთელი ოჯახი ერთ ჭერქვეშ იყრიდა თავს. ელიოტი კი ამ მოგზაურობების უშუალო მონაწილე იყო და კარგად მახსოვს, როგორი აღელვებული ბრუნდებოდა სახლში. ამიტომაც ახლა გაორმაგებული ინტერესით ვკითხულობ მის მონათხრობს იმ დღეთა უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
რა თქმა უნდა, ბევრი რამ, რაც ამ წიგნშია აღწერილი, მე არ ვიცოდი, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ ჩანაწერებს ყველა ის ადამიანი უნდა აკეთებდეს, ვისაც საშუალება აქვს, ახლოდან დააკვირდეს ომის მსვლელობას ან ესწრებოდა იმ გეგმების შემუშავებას, რომლებიც საფუძვლად დაედო მთელი კაცობრიობის მშვიდობიანი ცხოვრების ორგანიზებას. ასეთი ჩანაწერები ძალზე ღირებულია.
ბუნებრივია, ადამიანები საკუთარი თვალთახედვით მოგვითხრობენ იმაზე, რასაც ხედავენ, ესმით ან განიცდიან. ყველა თავისებურად აღიქვამს მომხდარს და ნაწილობრივ ამით აიხსნება, რატომ გვიამბობენ ადამიანები ერთსა და იმავე ამბავს სხვადასხვანაირად.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ წიგნში აღწერილი საუბრების მრავალი მოწმე განსხვავებულად ახსნიდა მათ, საკუთარი ხედვიდან და მრწამსიდან გამომდინარე. და მაინც, თითოეული ამ ადამიანის ჩანაწერები უაღრესად ფასეულია დღეს. ეს წიგნი, რომელიც დაწერილია მეტად მნიშვნელოვანი თათბირების ერთ-ერთი მოწმის მიერ, მომავალ ისტორიკოსებს მისცემს იმ ღირებულ მასალას, რომლის საფუძველზეც ისტორია თავის საბოლოო განაჩენს გამოიტანს.