რონალდ რეიგანი - წინასიტყვაობა წიგნისა რონალდ რეიგანი
ბოლო დროს პრეზიდენტებისთვის მემუარების წერა ტრადიციული რამ გახდა – სურთ, საკუთარი ამბავი თავადვე გვიამბონ. „ამერიკული ცხოვრებაც“ ამ მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დიდად ვაფასებ და მადლიერი ვარ ხალხის, ვინც ამ წიგნზე მუშაობაში დამეხმარა.
მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეუღლეს, ნენსის. არ არსებობს სიტყვები, რომელთა საშუალებით შევძლებდი გადმომეცა – რას ნიშნავს ეს ქალი ჩემთვის. მასთან ერთად გატარებული ცხოვრება ჩემი იმედების ნამდვილი გამართლება იყო. რობერტ ლინსი, ნიჭიერი მწერალი, მუდამ გვერდით მყავდა. ბობმა დამსახურებულად მოიპოვა ჩვენი ქვეყნის ერთერთი ყველაზე ღირსეული მწერლის სახელი. მართალია, ამ წიგნის დასრულებამ ერთგვარი სიხარული მომგვარა, მაგრამ ბობთან საუბრები ძალიან მომაკლდება. მადლობელი ვარ მისი ცოლის, სანდრასიც, რომელიც თავს არ ზოგავდა და ბობის შენიშვნებს ბეჭდავდა.
„საიმონის და შუსტერის“ შესანიშნავ და მაღალპროფესიონალურ გუნდს, ყოველთვის რომ მზად იყო დასახმარებლად, ასევე დიდ მადლობას ვუხდი. მაიკლ კორდასთანა რედაქტორს ნამდვილად ძნელად თუ მოძებნი სადმე. ჩარლი ჰეივარდმა, ელის მეიჰიუმ და ჯეკ მაკეონმა ფასდაუდებელი შრომა გასწიეს. საქმის დაგვირგვინებაში კი ძირითადი როლი ალბათ მაინც მორთ ჯანქლოუმ ითამაშა, ჩემმა ლიტერატურულმა აგენტმა, რომელმაც ამ შესანიშნავ ხალხს მოუყარა თავი.
ჩემი ლოსანჯელესის ოფისის შტატი გამუდმებით ფაილების მოძიებით, ფოტომასალის შერჩევით, ფაქტების დაზუსტებით იყო დაკავებული. საოცრად ლოიალური და თავისი საქმის კარგი მცოდნე, შესანიშნავი გუნდი გამოდგა. ესენი არიან: ჯენის ჩაისი, დოთი დელინგერი, ქერი ჯოჰანი, პეგი გრანდი, ჯონ ჰოლი, ჯოან ჰილდებრენდი, სელინა ჯეკსონი, ჩერი სემონი.
არის კიდევ სამი ადამიანი, ვინც საკმაოდ დიდი შრომა გასწია ამ წიგნზე მუშაობისას და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: ფრედ რაიანი, რომელიც თეთრი სახლიდან გამომყვა - იქ ჩემი აპარატის უფროსი გახლდათ – ის მიდგენდა დღის განრიგს და ჩემი ყველაზე საამაყო მიღწევების თანამონაწილე იყო; ქეთი ოზბორნი, ჩემი პირადი მდივანი საკრამენტოდან, ყოველთვის რომ იცოდა, გულში რა მედო (ხანდახან ჩემზე ადრეც ხვდებოდა ხოლმე) და მარკ ვეინბერგი, ჩემი დირექტორი საზოგადოებრივ საკითხებში, რომელიც ათი წლის მანძილზე ეფექტიანად უძღვებოდა „ელჩის“ მოვალეობას პრესასთან.
მადლობას ვუხდი ასევე პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში მომუშავე ჯგუფს – დორის ჰელერს, რობერტ ჰაიდონს, ჩაკ ჯელოიანს, ჯონ ლის, სუზან მარქსს, სტეფანი სალატას, მერლინ სიგალს, პამ თროუბრიჯს და სენდი ვარფილდს.
დაბოლოს, მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მე და ნენსიმ „უკან მოვიტოვეთ.“ ხშირად ვეკითხები ჩემს თავს – მენატრება კი ვაშინგტონი? მართალია, პრეზიდენტობის წლებს სიამოვნებით ვიგონებ, მაგრამ ჩემი საქმე არ მენატრება. თუ რამეზე მწყდება გული, ეს იმ კეთილ და პატიოსან ხალხთან ურთიერთობაა, ვისაც ცალკეულ შტატებში ვხვდებოდით – შავებს თუ თეთრებს, ქრისტიანებს თუ ებრაელებს, ღარიბებს თუ მდიდრებს, სამხედროებს თუ სამოქალაქო პირებს. ამ ადამიანებს ერთი მიზანი აერთიანებდათ – კეთილსინდისიერად ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის. ჩვენ მათ არასოდეს დავივიწყებთ და მუდამ მათი მადლიერნი ვიქნებით.