დავით ბუხრიკიძე - უსასრულოდ მოხეტიალე, ანუ „სული გრძნობებით სავსე“
უკვე აღარ ვიცი, მერაბ მამარდაშვილზე წერას მნიშვნელობა აქვს, თუ ეს უბრალოდ, საკუთარი სნობური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება იქნება? თუმცა, დიდი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, „ქართველი სოკრატეს“ (შეგვეძლო, ევფემიზმიც გამოგვეყენებინა და გვეთქვა „საბჭოთა ეპოქის სოკრატეს“) 80 წლის იუბილე თითქოს წინაპართა სავალდებულო სადღეგრძელოს ჰგავს - ჩუმად გინდა, თქვა, თითქოს გრცხვენია და თან არქეტიპულ ვალდებულებას გრძნობ. მით უმეტეს, როცა მისი ლექციები კანტზე, დეკარტსა თუ პრუსტზე თან კარგად გახსოვს და თან - სიზმარივით.
ჩემმა კოლეგამ, ფილოსოფოსმა და კინომცოდნემ, დიანა მაღლაკელიძემ, რომელიც მერაბ მამარდაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოწაფე იყო და მის ყველა ლექციას აუდიო-კასეტებზეც იწერდა, მამარდაშვილის სიკვდილის შემდეგ თქვა, რომ „ჩვენ, ყველამ საერთო, ეგზისტენციური მამა დავკარგეთ, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს შეცვლის.“ და დღეს ჩემთვის ეს ფრაზა კიდევ უფრო ნათელი და გასაგებია.
არც ერთ ხელისუფლებას არ უყვარს თავისუფალი ადამიანები, მით უმეტეს, დიდი მოაზროვნეები და უკონტროლო ინტელექტუალები. ისინი გადამდები ვირუსივით ავრცელებენ საშიშ დაავადებას - თავისუფალი არსებობის და აზროვნების უსაზღვროობის სურვილს. 80-იან წლებში, სამწუხაროდ, აზროვნებაც და თავისუფლებაც სადღაც დისიდენტურ უკომპრომისობასა და „პერესტროიკის“ დროის პოლიტიკურ ვნებას შორის გავფლანგეთ. პასუხი კი 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებამ და ომებმა გვაგებინა, საიდანაც დასკვნა მაინც ვერ გამოვიტანეთ. შესაძლოა იმიტომ, რომ „აჩრდილები გაცილებით მეტ სისხლს ითხოვენ, ვიდრე ყველაზე ბოროტი სახელმწიფო ან კეთილი ხელისუფლება.“
რა ზუსტად შეესაბამება მერაბ მამარდაშვილის ნააზრევი ჩვენი უახლესი ისტორიისა და დღევანდელობის შეუფასებლობასაც და გაუაზრებლობასაც: „შეგიძლია ისე მოკვდე, რომ არასოდეს აღმოაჩინო, რა იყო შენი გრძნობა. ეს შენი გრძნობა იყო, მაგრამ ის ვერ იგრძენი; ფიქრი შენი იყო, მაგრამ შენ ის ვერ იფიქრე; გამოცდილება შენი იყო, მაგრამ ამ გამოცდილებიდან აზრი ვერ გამოიტანე. ასე და ამგვარად, გამოცდილება მეორდება; თითქოს შენი ცხოვრება მარადიულად ღეჭავს ერთსა და იმავე ნაჭერს, ისე, რომ ვერც ერთხელ ვერ გადაყლაპა იგი“.
მიუხედავად 80-იანი წლების მეორე ნახევარში ქართულ ინტელექტუალურ საზოგადოებაში მისი დიდი გავლენისა, ის მაინც პოლიტიკური ცხოვრებისა და სივრცის მიღმა დატოვეს. არც სახალხო ფრონტი და არც მით უმეტეს, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, თუ სხვადასხვა წვრილმანი და მსხვილი პარტიები მამარდაშვილის შეხედულებას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებლობასა და პიროვნების თავისუფლებაზე არ იზიარებდნენ. თუმცა, მამარდაშვილი სწორედ იმ პერიოდში წერდა: „არ შეიძლება, არსებობდეს ეროვნული იდეალი, თუ მასში ჩადებული არ არის ადამიანის თავისუფლება და ვიდრე დამოუკიდებელი არსებობის ფორმას არ მივაღწევთ, ვერ დავინახავთ და ვერ გავიგებთ ჩვენს თავს.“
ბრწყინვალე დასავლური განათლების, ასევე დასავლური იმიჯისა და ოდნავ ირონიულ-ეგზისტენციური „სტილის“ (ჩიბუხის დინჯად მოწევა და ფერადი სვიტერები) მიუხედავად, გამუდმებით საბჭოთა წარსულს ახსენებდნენ. 70-იან წლებში მამარდაშვილის რედაქტორობით ჟურნალი „ვოპროსი ფილოსოფიი“ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ფუნქციას იძენდა. თუმცა, სიმართლე ვთქვათ, საბჭოთა დისიდენტებს ანგარიში საბჭოთა სისტემის მიხრწნილ და სასტიკ სიმბოლოებთან - ბრეჟნევთან და ჩერნენკოსთან უფრო ჰქონდათ გასასწორებელი, ვიდრე სოკრატესა და დეკარტესთან მშვიდად „მოსაუბრე“ საბჭოთა ფილოსოფოსთან. და მაინც, საბჭოთა საზოგადოებისათვის ის უცხოდ დარჩა. კარტეზიანული ძიებანი თუ „მარტოობაში სულის აღზრდა“ ვერ გაერითმა პოსტ-ბოლშევიკურ სააზროვნო სიტემას.
მისი ლექციები არაფრით ჰგავდა ტრადიციულ საუნივერსიტეტო კურსის მოსმენას ან ლექციის „კითხვას“. პრუსტსა თუ დეკარტზე საუბრისას გამუდმებით ცდილობდა მსმენელის აქტიურ ჩაბმას სააზროვნო პროცესში. მისთვის უმთავრესი ცნობიერების ფენომენი, მისი კვლევა და ადამიანის გონების შესაძლებლობის გაფართოება იყო. რადგან, მიაჩნდა, რომ მხოლოდ ცნობიერად განხორციელებული ადამიანი იქნება თავისუფალი.
„სული გრძნობებით სავსე“ - ის ხშირად ციტირებდა კანტის ამ ცნობილ ფრაზას და მისი მუდმივი ხეტიალიც მოსკოვს, თბილისსა და დასავლეთს შორის სიმბოლურად, მოსკოვის აეროპორტში სიკვდილით დასრულდა. მერაბ მამარდაშვილი მაშინ მხოლოდ 60 წლის იყო.
წყარო - ჟურნალი "ლიბერალი" #44