ბოჰუმილ ჰრაბალი - ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს

…ეს კამათი, ეტყობა მხოლოდ იმისთვის ესაჭიროებოდათ, რომ ლუდის გემო უკეთ შეეგრძნოთ, სხვა დროს კი იმაზე კამათობდნენ თუ რომელი ლუდია ჩეხეთში საუკეთესო…

თმებზე ფერება დამიწყო და მკითხა თუ საიდან ვარ წარმოშობით, მე კი ვუპასუხე, რომ ისეთ პატარა სოფელში დავიბადე, რომ ნახშირი გასულ წელს პირველად ვნახე…

მე გავიცინე და მივხვდი თუ რა ამოძრავებს ხალხს, რისი სჯერა ხალხს და რისი გამკეთებლები არიან ერთი-ორი კაპიკისათვის.

თუკი ცოტა მაინც გაგიმართლა, ცხოვრება მშვენიერია, იმდენად მშვენიერია, რომ …

…მილიონობით მამაკაცი ელოდა საკუთარი სუნთქვით გაბერილ რეზინის პრიმავერას, ანუ, თქვენივე სუნთქვით შექმნილი ქალი გიბრუნებთ საკუთარი თავის რწმენას, ანუ განახლებულ პოტენციასა და ერექციას და არამარტო ერქციას არამედ განუმეორებელ დაკმაყოფილებასაც.

პირველად, მხოლოდ ჩვენს სასტუმროში მუშაობისას გავაცნობიერე, რომ აზრი, თითქოს შრომა ადამიანს აკეთილშობილებს, თურმე სწორედ მათ მოუვიდათ თავში, ვინც მთელი ღამის განმავლობაში ჩვენს სასტუმროში ჭამდა, სვამდა და მუხლებზე ლამაზი გოგონები ეჯდა, სწორედ იმ მდიდრებს, რომლებსაც პატარა ბავშვებივით ბედნიერად შეეძლოთ ეგრძნოთ თავი, მანამდე კი მეგონა, რომ მდიდრები დაწყევლილები არინ ან, რომ რაიმე მსგავსი სჭირთ, რომ ადამიანს, ბედნიერებისა და კეთილდღეობის განცდას ქოხმახები, მიწურები და კართოფილიანი მჟავე კომბოსტო ანიჭებს, რომ სიმდიდრე დაწყევლილობას ნიშნავს… მაგრამ როგორც ჩანს, უსაფუძვლო ხმები იმის შესახებ, თითქოს ბედნიერება ქოხმახებშია, ამ ჩვენი სტუმრების ფანტაზიის ნაყოფია, მათი, ვისთვისაც სულერთია თუ რამდენს დახარჯავენ ღამის განმავლობაში, რომლებიც ფულს ანიავებენ და ამით ტკბებიან …

როგორც ადამიანს თუ არ მცემენ პატივს, როგორც მილიონერს და სასტუმროებისა და სხვა უძრავი ქონების მფლობელს ხომ მაინც მცემენ პატივს, უბრალოდ იძულებულები იქნებოდნენ, როგორც ტოლს ისე დამლაპარაკებოდნენ ...

აღმოვაჩინე, რომ ზუსტად ეს გამარჯვების შეგრძნება არის ყველაფრის განმსაზღვრელი, რომ თუ ადამიანი დათრგუნულია ან ვინმეს თავი დააჩაგვრინა, ეს მთელ მის ცხოვრებას გაყვება თან და ვერასდროს ვეღარ გამოერკვევა ამ მდგომარეობიდან, განსაკუთრებით საკუთარ სამშობლოში და საკუთარ გარემოში…

…ვიწექი და ჭერში ვიყურებოდი და დაკარგულ სამოთხეზე ვფიქრობდი, იმაზე თუ რა მშვენიერი იყო ყველაფერი დაქორწინებამდე, იმაზე, რომ აქამდე ყველა ქალთან, როგორც უჯიშო ქუჩის ძაღლი ვცხოვრობდი…

ომის გადასახედიდან ცოლ-ქმარნიც კი შეყვარებულებს ემსგავსებოდნენ...

ციხიდან გამიშვეს და გამომძიებელმა ბოდიში მომიხადა, თუმცა იქვე დაუმატა, რომ იმპერიის ინტერესების დასაცავად, სჯობს შეცდომით ოთხმოცდაცხრამეტი უდანაშაულო დასაჯონ, ვიდრე ერთადერთი დამნაშავე დაუძვრეთ …

…არაერთხელ მიოცნებია, ისევე, როგორც ყველას იმათ ვინც ნათურების შუქზე მუშაობს, რომ ერთხელაც ბუნებაში გავაღწევ, რომ ერთხელაც, როდესაც პენსიაზე ვიქნები, შევხედავ თუ როგორია ტყე და როგორია მზე, რომელიც მთელი დღეებისა და მთელი ცხოვრების განმავლობაში სახეში მანათებს მე კი მისგან ქუდით ვიფარავ თავს ან ჩრდილში გავურბივარ ...
ეტყობა უნდა დავსუსტებულიყავი რათა მეტი დამენახა და გამეგო.

ვხედავდი ქაოსს, რომელიც შიშის ზარს მცემდა, ეს იმას მაგონებდა, როდესაც ადამიანი გაურბის დანაშაულსა და უბედურებას, მაგრამ როდესაც რაიმე მოხდება, ყველა ვისაც შეუძლია მიდის და უყურებსა და ათვალიერებს თავიდან ამოშვერილ ნაჯახს ან ტრამვაის გადავლილ ბებერ ქალს, ერთადერთი, რომ ახლა წყნარად მივაბიჯებდი და არა გავრბოდი, ისე როგორც დანარჩენები გარბიან ხოლმე უბედური შემთხვევის ადგილიდან…

კიდევ უფრო მეტს ვფიქრობდი და ორიონ მარშნერის გოგონას პორტრეტის შესახებ ფანტაზიებს ვეძლეოდი, ვხედავდი მას, ვხედავდი ნაცნობები როგორ უყვირიან, ძველებურად როგორ ეუხეშებიან, რომ ცდილობენ ისევ ისე მოექცნენ, როგორც სამუშაო ბრიგადამდე ექცეოდნენ, თუ როგორ ცდილობენ შეაცდინონ, რათა ისევე, როგორც როდესღაც ძველად, მუცლითა და ფეხებით ელაპარაკოს მათ, მხოლოდ იმ ქვედა ნაწილით, რომელიც დანარჩენი სხეულისაგან ტრუსიკის წვრილი რეზინითაა გამოყოფილი და არავის არ ესმის, რომ მან სხეულის იმ ნაწილს მიანიჭა უპირატესობა, რომელიც გამყოფი რეზინის მაღლაა …

ყოველთვის იმ დასკვნამდე მივდიოდი, რომ ცხოვრების არსი საკუთარი თავისათვის სიკვდილის შესახებ შეკითხვების დასმაშია, თუ როგორ მოვიქცევი როდესაც ჩემი დრო მოვა, რომ სინამდვილეში სიკვდილის შესახებ საუბარი და არა უბრალოდ შეკითხვების დასმა, მუდმივისა და უსასრულობის გადასახედიდან საუბარს წარმოადგენს და სიკვდილის საკითხის განხილვა, მშვენიერში მშვენიერებაზე ფიქრის დასაწყისია, იმიტომ, რომ საკუთარი გზის, რომელიც გარდაუვლად დროზე ადრე დასრულდება, უაზრობით ტკბობის განცდა და განცდა იმისა, რომ გაქრები, ავსებს ადამიანს სიმწრით და ამდენად მშვენიერებით.

“როდესაც ადამიანს რაიმე ართობს, ესაა რაცაა, თქვე იდიოტებო, შთამომავალნო ზიზღისა, უტვინობისა და ბოროტმოქმედებისა”

პან ლიტერატურის პროფესორზე ვფიქრობდი, რომელიც მარცელას ეუბნებოდა, რომ ნამდვილი ადამიანი და მსოფლიოს მოქალაქე ისაა, რომელსაც შეუძლია გახდეს ანონიმი და შეუძლია თავი დააღწიოს საკუთარ ყალბ “მე”-ს.