ხულიო კორტასარი - ზეცის კარიბჭე

რვა საათზე ხოსე მარია მოვიდა და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მომახალა, ეს-ესაა სელინა გარდაიცვალაო. მახსოვს, უცნაურად მეჩვენა ეს ფრაზა. „სელინა ეს-ესაა გარდაიცვალა“ ისე ჟღერს, თითქოს მას თავად ჰქონდა გადაწყვეტილი, როდის უნდა აღსრულებულიყო. უკვე თითქმის ბნელოდა და ხოსე მარიას ტუჩები უკანკალებდა.

– მაურო ძალიან ცუდად არის, გაგიჟებული დავტოვე. დროზე წავიდეთ.

რამდენიმე პატარა საქმე მქონდა დასამთავრებელი და თან ერთ მეგობარ გოგოს შევპირდი, რომ ვახშამზე დავპატიჟებდი. ერთ-ორ ადგილას დავრეკე და ხოსე მარიასთან ერთად ტაქსის გასაჩერებლად გავედი. მაურო და სელინა კანინგისა და სანტა-ფეს კუთხეში ცხოვრობდნენ, ამიტომ იქამდე მისასვლელად ათიოდე წუთი დაგვჭირდა. სახლს რომ მივუახლოვდით, სადარბაზოსთან უკვე ხალხი იკრიბებოდა. ყველას სევდიანი და დაბნეული გამომეტყველება ჰქონდა. გზაში შევიტყვე, რომ ექვს საათზე სელინამ სისხლი ამოახველა და მაურომ ექიმს გამოუძახა. დედამისიც მათთან ერთად იყო. როგორც ჩანს, ექიმი საკმაოდ გრძელ რეცეპტს წერდა, როდესაც სელინამ თვალები გაახილა, ხველის, თუ სტვენის მსგავსი ხმა ამოუშვა და სული დალია.

– მაურო ჩემი დასაკავებელი გახდა. ექიმი სასწრაფოდ რომ არ გასულიყო ოთახიდან, ალბათ მოკლავდა. ხომ იცი, როგორი ხდება, როცა ბრაზდება?

გონებით უკვე მიცვალებულის ოთახში ვიდექი და თვალწინ სელინას სახე მედგა. მოხუცი ქალების კივილი და ჩოჩქოლი თითქმის არ შემიმჩნევია, სამაგიეროდ, ძალიან კარგად მახსოვს, რომ ტაქსით მგზავრობა ორი და სამოცი ღირდა, მძღოლს კი პრიალა ქუდი ეხურა. მაუროს უბნის ორი-სამი მეგობარი დავინახე, „ლარასონს“ კითხულობდნენ; იქვე, ცისფერ კაბაში გამოწყობილი პატარა გოგონა იდგა, გულზე თეთრი კატა ჰყავდა მიხუტებული და ულვაშებზე ნაზად ეფერებოდა. სახლში რომ შევედით, ტირილის ხმა გაძლიერდა, ჰაერი კი დაიხუთა.

– მიდი, მაუროს მიხედე, – ვუთხარი ხოსე მარიას, – ხომ იცი, ახლა შეჯანჯღარება სჭირდება.

სამზარეულოში უკვე მატეს სვამდნენ. მორიგეობა თავისით დაწესდა: სახეები, სასმელები, სიცხე. სელინა ის-ის იყო გარდაიცვალა და, საოცარია, როგორ ანებებს თავს ყველა თავის ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს, რათა შემთხვევის ადგილას მოვიდეს. სამზარეულოს გვერდით რომ ჩავიარე, მატეს მოხრუპვის ხმა გაისმა და მიცვალებულის ოთახთან ამოვყავი თავი. სიღრმიდან მისია მარტიტამ და კიდევ ერთმა ქალმა გამომხედეს. სელინა რომ დავინახე, მივხვდი, რომ ახალი დაბანილი და მოწესრიგებული ჰყავდათ. ცოტათი ძმრის სურნელიც კი იდგა.

– საცოდავი გოგონა, – თქვა მისია მარტიტამ, – მობრძანდით, პროფესორო, მობრძანდით და შეხედეთ. თითქოს ჩასძინებია.

გინების სურვილი გამიჩნდა, მაგრამ თავი შევიკავე და დახუთულ ოთახში შევაბიჯე. რამდენიმე წუთი იყო გასული, რაც სელინას სახე გონებაში მიტრიალებდა და ახლა უკვე საკუთარი თვალით დავინახე მისი შავი და სწორი თმა, რომელიც პრიალა შუბლს ცოტათი უფარავდა, უმოწყალოდ გაშეშებული მზერა და თეთრი სახე. წამიერად გამიელვა თავში, რომ ჩემი ადგილი ამ ოთახში არ იყო, რომ ის ახლა იმ მოტირალ ქალებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც ღამღამობით იციან ხოლმე მოსვლა. მაუროსაც კი არ შეეძლო წყნარად დამჯდარიყო სელინას გვერდით და არც სელინა ელოდა მას. ეს შავ-თეთრი სხეული ახლა მოტირალი ქალების გვერდით იწვა და მათ თავისი უძრავი მდგომარეობით უფრო მეტ სტიმულს აძლევდა. ჯობს, ისევ მაუროსთან მივიდე, ის ხომ ჯერ კიდევ ამ ქვეყანაზეა.

მიცვალებულის ოთახიდან სასადილოსკენ მიმავალ დერეფანში სამი მამაკაცი იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. პენია, ნაგიჟარი ბასანი (მაუროს უმცროსი ძმები) და გაურკვეველი წამოშობის მოხუცი პატივისცემით მომესალმნენ.

– გმადლობთ, რომ მოხვედით, პროფესორო, – მითხრა ერთერთმა, – თქვენ არასდროს მიგიტოვებიათ საბრალო მაურო.
– ნამდვილი მეგობრები სწორედ ასეთ დროს შეიცნობიან, – თქვა მოხუცმა და ცოცხალი სარდინის მსგავსი ხელი გამომიწოდა.

ყველაფერი ეს თითქოს სადღაც სხვაგან ხდებოდა, რადგან გონებით ისევ ორმოცდაორი წლის „ლუნა პარკის“ კარნავალზე ვცეკვავდი. სელინას ცისფერი კაბა ეცვა, რომელიც მის მუქ კანს სრულიად არ უხდებოდა, მაურო ღია ფერის საზაფხულო სამოსში იყო გამოწყობილი, მე კი უკვე ექვსი ჭიქა ვისკი მქონდა დალეული და გალეშილი მთვრალი ვიყავი. მაუროსთან და სელინასთან ერთად ყოფნა ძალიან მიყვარდა, მსიამოვნებდა მათი საოცარი ბედნიერების საკუთარი თვალით ხილვა. რაც უფრო მეტად მსაყვედურობდნენ ამ ურთიერთობის გამო, მით უფრო მეტად ვუახლოვდებოდი ამ ორ ადამიანს და სულ უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებდი მათთან ერთად, მოწმე ვხდებოდი იმ სინამდვილის, რომლისაც თავად ალბათ არაფერი გაეგებოდათ.

ვიღაცის ტირილის ხმამ მიცვალებულის ოთახის კედლები გაარღვია, ჩემამდე მოაღწია და ცეკვას მომწყვიტა.

– ეს დედა უნდა იყოს, – თითქმის კმაყოფილი ინტონაციით თქვა ნაგიჟარმა ბასანმა.

„უბრალო ადამიანის რკინის ლოგიკა“, – გავიფიქრე მე, – „სელინა მოკვდა, ესე იგი, უნდა მოვიდეს დედა და მოთქმით იტიროს“. ისევ ტვინში მიტრიალებდა ის ყველაფერი, რაც სხვებისთვის გრძნობის ამბავი იყო და ეს საშინლად მაღიზიანებდა. სელინა და მაურო ჩემი ცდების ობიექტები არასდროს ყოფილან. მე ისინი ადრეც მიყვარდა და ახლაც მიყვარს, უბრალოდ, ვერა და ვერ გავითავისე მათი სიმარტივე და მათთან ერთად ყოფნით, მათი რეფლექსებით ვიკვებებოდი. მე ვარ მარსელო არდოი, ადვოკატი, რომლისთვისაც არასდროს ყოფილა საკმარისი ბუენოს-აირესის მხოლოდ ერთი რომელიმე სამყარო, სასამართლო იქნებოდა ეს, მუსიკა თუ დოღი. მე ქალაქის ნებისმიერ კუთხეში შემიძლია ვიპოვო ის საინტერესო დეტალი, რომლითაც ჩემს პატარა ბლოკნოტს შევავსებ. ვიცი, რომ ამ ყველაფრის უკან ჩემი ცნობისმოყვარეობა იმალება, მაგრამ სელინა და მაურო ამ ექსპერიმენტების საგნად არასდროს მიქცევია. სელინასა და მაუროს ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა ადგილი ეკავათ.

– ვინ იფიქრებდა, – მომესმა პენიას ხმა, – ასე მოულოდნელად...
– ფილტვები უკვე საშინელ დღეში ჰქონდა, ხომ იცი?
– ჰო, მაგრამ მაინც...

გათხრილ მიწაზე ფიქრს გაურბოდნენ. ფილტვები ცუდ დღეში ჰქონდა და ამიტომ გარდაიცვალა, მორჩა... არც სელინა ელოდა სიკვდილს. მისთვის და მაუროსთვის ტუბერკულოზი უბრალოდ „სისუსტე“ იყო. ისევ თვალწინ დამიდგა მათი ცეკვა – როგორი ენთუზიაზმით ტრიალებდა სელინა მაუროს მკლავებში, სადღაც ზემოთ კი „კანაროს“ ორკესტრი უკრავდა და ჰაერში იაფი ფერუმარილის სურნელი იდგა. მოგვიანებით, მე და სელინამ მაჩიჩა ვიცეკვეთ. მოედანი ხალხით იყო სავსე. „რა კარგად ცეკვავთ, მარსელო“, – მითხრა სელინამ ისე, თითქოს უკვირდა, რომ ადვოკატი ასე კარგად ჰყვებოდა მაჩიჩას რიტმს. ის და მაურო ყოველთვის თქვენობით მომმართავდნენ. თავად ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ სელინასთან მქონდა, მაუროს კი შენობით ველაპარაკებოდი. სელინას ძალიან გაუჭირდა „პროფესოროს“ გადაგდება. ალბათ ეამაყებოდა, როდესაც თავისი მეგობრების წრეში ასე მომიხსენიებდა: „ჩემი მეგობარი პროფესორი“. მე მაუროს პირით გადავეცი სელინას, რომ მსურდა მისთვის უბრალოდ „მარსელო“ ვყოფილიყავი. დროთა განმავლობაში ისინი უფრო დამიახლოვდნენ, მე კი მათგან ისევე შორს ვიყავი, როგორც ადრე. საქმეს არც ცეკვებზე, კრივსა და ფეხბურთზე (მაურო წლების წინ „რასინგში“ თამაშობდა) ერთად სიარული შველოდა და არც გვიანობამდე სამზარეულოში ჯდომა და მატეს წრუპვა. როდესაც სასამართლო საქმე დასრულდა და მაურომ, ჩემი წყალობით, ხუთი ათასი პესო მიიღო, სელინამ პირველმა მთხოვა, რომ არ დავკარგულიყავი და მათთან ხშირად შემევლო. ამ დროს ის უკვე ცუდად იყო, ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა, სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა, ღამით კი ახველებდა. მაურო მისთვის „ნეიროფოსფატ ესკაის“ ყიდულობდა, რაღაც იდიოტობას, ასევე რკინისშემცველ პრეპარატ „ბისლერის“. ეს ის მედიკამენტებია, რომელთა შესახებ გაზეთებში კითხულობენ და წამსვე ნდობა უჩნდებათ.

ცეკვებზე ერთად დავდიოდით და მე მათი ცხოვრების ყურებით ვტკბებოდი.

– კარგი იქნება, თუ მაუროს დაელაპარაკებით, – მითხრა ხოსე მარიამ, რომელიც ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, – იქნებ ცოტათი მაინც მოვიდეს ხასიათზე.

ასეც მოვიქეცი, მაგრამ თავში ისევ სელინა მიტრიალებდა. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი მხრიდან არასწორი საქციელი იყო მის შესახებ მონაცემების შეგროვება, მაგრამ ამას წერილობით არასდროს ვაკეთებდი, მხოლოდ გონებაში. მაურო ყოველგვარი მორიდების გარეშე, სახეზე ხელების აუფარებლად ტიროდა, როგორც ნებისმიერი ამქვეყნიური ცხოველი. ხელი რომ ჩამკიდა, ვიგრძენი, რომ გაოფლილი იყო და როგორც კი ხოსე მარია ჯინს მიაწოდებდა, ორი ყლუპით და რაღაცნაირი უცნაური ხმით ცლიდა ჭიქას; მერე ეს წყვეტილი ფრაზები, უაზრობების კორიანტელი, რომელშიც მისი მთელი ცხოვრება იყო მოქცეული, გააზრებული მწარე სინამდვილე და გამოუსწორებელი რეალობა, რომლის გამოც ის თავად სელინას ადანაშაულებდა. ეგოიზმის ნამდვილი ზეობა იყო ეს ყველაფერი და მაუროს მიმართ ზიზღის გრძნობა გამიჩნდა; თუმცა უფრო მეტად საკუთარი თავი შემძულდა და იქვე მდგარ იაფ კონიაკს მივეძალე, რომელიც პირს მწვავდა და არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებდა. მორიგეობა უკვე სრული სვლით მიდიოდა და მაუროს გარდა ყველა ზედმიწევნით კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას. თითქოს ეს ჩუმი და დახუთული ღამეც რიტუალის მონაწილე იყო: ასეთ დროს ნამდვილად კარგია პატიოში დილამდე ჯდომა და საბრალო გოგონაზე საუბარი.

ეს ყველაფერი ორშაბათს ხდებოდა, მომდევნო დღეს კი როსარიოში გავემგზავრე, ადვოკატების შეკრებაზე, სადაც ერთმანეთისთვის ტაშისკვრისა და გალეშვამდე სმის მეტი არაფერი გვიკეთებია. კვირის ბოლოს ისევ ბუენოს-აირესში დავბრუნდი. მატარებელში ჩემთან ერთად „მულენ რუჟის“ ორი მოცეკვავე მგზავრობდა. უმცროსი წამსვე ვიცანი, მან კი მიუცხოვა. მე მთელი ის დილა სელინაზე ვფიქრობდი და ყველაზე მეტად არა მისი გარდაცვალების ფაქტი, არამედ ის მაწუხებდა, რომ ჩემი ცხოვრების განრიგი შეიცვალა, რაღაც ჩვეული რიტმი დაირღვა. მოცეკვავე გოგონები რომ დავინახე, სელინას კარიერა დამიდგა თვალწინ და წარმოვიდგინე, როგორ მოსტაცა ის მაურომ ბერძენი კასიდისის მილონგას (ტანგოს საცეკვაო დარბაზი. მილონგა ასევე ეწოდება მუსიკალურ ჟანრს, რომელზეც ტანგოს ცეკვავენ) ნამდვილად დიდი ვაჟკაცობა იყო საჭირო, რომ ცხოვრებაში მსგავსი ქალის იმედი გქონოდა. სწორედ ამ პერიოდში გავიცანი მაურო. მის მოხუცებულ დედას სანაგასტაში მდებარე მიწის ნაკვეთების გამო პრობლემები შეექმნა და ადვოკატის კონსულტაცია გახდა საჭირო. მეორე მოსვლაზე მას სელინაც მოჰყვა. წამსვე მივაქციე ყურადღება მის არცთუ გემოვნებიან მაკიაჟსა და დიდ ნაბიჯებს, ასევე იმას, რომ მაუროს გვერდიდან არ შორდებოდა. ადვილი შესამჩნევი იყო ასევე მაუროს მსუბუქი აგრესიულობა, მისი დაუფარავი მცდელობა, რომ სელინა ბოლომდე დაეპყრო. როდესაც უშუალო ურთიერთობაში შევედი, მომეჩვენა, მას ამისთვის უკვე მიეღწია, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის შემდეგ უკეთესად დავაკვირდი: სელინა მას ცოტათი მაინც გაურბოდა იმ მიმართულებით, სადაც თავისი საყვარელი ცეკვები ეგულებოდა და საქსოვით ხელში, რადიოს სმენით მიეცემოდა ხოლმე ოცნებას. ერთხელ მისი სიმღერაც მოვისმინე (იმ საღამოს, „ნებიოლომ“ „რასინგს“ ოთხით ერთი მოუგო) და მივხვდი, რომ ჯერ კიდევ კასიდისთან იყო – ოჯახისგან და „აბასტოს“ სასაკლაოზე მომუშავე მაუროსგან შორს. უკეთესად რომ გამეცნო, მის კაპრიზებს გაგებით ვეკიდებოდი. ავდგებოდით ხოლმე სამივე ერთად და სხვადასხვა გასართობ ადგილებში დავდიოდით, სადაც მუსიკა ბოლო ხმაზე უკრავდა, პიცა ცხვებოდა, იატაკზე კი ქონიანი ქაღალდები ეყარა. მაგრამ მაურო პატიოში ჯდომით უფრო დიდ სიამოვნებას ღებულობდა, მეზობლებთან საუბარი და მატეს წრუპვა ხიბლავდა. დათმობაზე ძალიან იშვიათად მიდიოდა, ყოველთვის ცდილობდა, თავისი პოზიციები ბოლომდე დაეცვა. ასეთ დროს სელინა ცდილობდა, გარეგნულად მაინც ეჩვენებინა მაუროსთვის, რომ ცხოვრებით კმაყოფილი იყო. შესაძლოა, ის მართლაც ეგუებოდა იმ აზრს, რომ გარეთ უფრო იშვიათად უნდა გასულიყო და ძირითადი დრო ოჯახისთვის დაეთმო. მე ვიყავი ის, ვინც მაუროს საცეკვაოდ წასვლაზე დაიყოლიებდა ხოლმე და ამის გამო სელინასგან მადლიერებას ვგრძნობდი. მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და სელინას სიხარული საოცრად გადამდები იყო. მისი ბედნიერება ორ, ზოგჯერ კი სამ ადამიანს ჰყოფნიდა.

ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, თუ აბაზანას მივიღებდი. მერე ნილდას დავურეკე და ვუთხარი, რომ იპოდრომისკენ მიმავალ გზაზე გავუვლიდი, დღის ბოლოს კი ისევ მაუროსთან შევიარე. პატიოში დამხვდა, სიგარეტს ეწეოდა და მატეს წრუპავდა. მის პერანგზე ორი-სამი ნახვრეტი რომ დავინახე, გული ამიჩუყდა და მისალმებისას მხარზე ხელი დავარტყი. ისევ ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც ბოლოს, ორმოში ჩაშვებულ კუბოს ერთი მუჭა მიწა რომ მიაყარა, უკან დაიხია და თითქოს გაშეშდა. თუმცა, ამავე დროს მის თვალებში ნაპერწკალიც შევნიშნე და ხელი რომ ჩამოვართვი, ენერგიაც ვიგრძენი.

– გმადლობთ, რომ შემომიარეთ. დრო საოცრად იწელება, მარსელო.
– აბასტოში არ მიდიხარ? თუ ვინმე გცვლის?
– ჩემი ძმა გავაგზავნე. მუშაობის ხასიათზე არა ვარ, არადა, დღე თითქოს უსასრულოდ გრძელდება.
– გასაგებია. გარემოს შეცვლა გჭირდება. ჩაიცვი და პალერმოში გავიაროთ.
– წავიდეთ, ჩემთვის სულ ერთია.


ლურჯი პერანგი ჩაიცვა, ყელსახვევი გაიკეთა და ის სუნამო დაისხა, რომელიც ოდესღაც სელინას ეკუთვნოდა. ძალიან მომწონდა, როგორც სწევდა ქუდის ბოლოებს და როგორ მიაბიჯებდა მამაკაცურად, ნელი და დინჯი სვლით. მოვემზადე, რომ ისევ მოვისმენდი ფრაზას – „ნამდვილი მეგობრები ასეთ დროს შეიცნობიან“. და „კილმეს კრისტალის“ თითო ბოთლი რომ დავცალეთ, მაურომ ყველაფერი ამოალაგა, რაც გულში ჰქონდა. კაფეს ბოლოში, ერთ პატარა მაგიდასთან ვისხედით. ჩვენ გარდა ირგვლივ თითქმის არავინ იყო. მაუროსთვის ლაპარაკში ხელი არ შემიშლია და მხოლოდ ლუდს ვუმატებდი დროდადრო. რა ილაპარაკა, ზუსტად არც კი მახსოვს. თუ არ ვცდები, სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა. გონებაში მხოლოდ ერთი ფრაზა ჩამრჩა: „აი, აქ მყავს“, – შემდეგ კი საჩვენებელ თითს მკერდზე იდებდა, თითქოს რაღაც ნაიარევს ან მედალს მაჩვენებდა.

– მინდა დავივიწყო, – ესეც მითხრა, – ნებისმიერი ხერხით მინდა ამოვიგდო თავიდან. დავთვრე, საცეკვაოდ წავიდე, ვინმე გავიცნო. ხომ გესმით ჩემი, მარსელო, თქვენ...

მისი საჩვენებელი თითი იდუმალად იწეოდა ჰაერში და შემდეგ ჯაყვასავით იკეცებოდა. ასეთ მდგომარეობაში მისთვის უკვე მართლაც ყველაფერი სულ ერთი იყო და როდესაც სრულიად შემთხვევით, გაკვრით ვახსენე „სანტა-ფე პალასი“, მან გადაწყვიტა, რომ საცეკვაოდ მივდიოდით, წამსვე წამოხტა და საათს შეხედა. გზაში ხმა არ ამოგვიღია, სიცხისაგან ვიგუდებოდით და სულ მეჩვენებოდა, რომ მაურო რაღაცნაირად გაკვირვებული იყო, გვერდით რომ ბედნიერებით აღსავსე სელინას ვერ გრძნობდა.

– „პალასში“ არასდროს წამიყვანია, – მითხრა მოულოდნელად, – ერთხელ ვიყავი და არ მომეწონა. საშინელი მილონგაა. თქვენ ხშირად დადიხართ?

ჩემს წიგნაკში „სანტა-ფე პალასის“ ერთი საკმაოდ კარგი აღწერა მოიპოვება. სინამდვილეში ამ დაწესებულებას სულაც არ ჰქვია „სანტა-ფე“ და თან ამავე სახელწოდების ქუჩიდან ცოტათი მოშორებით მდებარეობს. დასანანია, რომ ზუსტად ვერ აღწერ ამ ყველაფერს, – ვერც მოკრძალებულ ფასადს თავისი მყვირალა აფიშებითა და ჩაბნელებული სალაროთი და ვერც ცნობისმოყვარე ადამიანებს, რომლებიც იქვე ახლოს დგანან და ნებისმიერ გამვლელს თავიდან ფეხებამდე ათვალიერებენ. შიგნით რომ შეხვალ, უარესი გხვდება, თუმცა კონკრეტულად ვერაფერს იტყვი, რადგან ყველაფერი რაღაცნაირად აზელილია. ქაოსი – აი, ზუსტი განმარტება – ყალბი წესრიგის სახით წარმოდგენილი არეულობა: ჯოჯოხეთი და მისი წრეები, იაპონური პარკის ჯოჯოხეთი, სადაც შესვლა ორი და ორმოცდაათი ღირს, ქალი კი – ნული და ორმოცდაათი. განყოფილებები ცუდად არის იზოლირებული ერთმანეთისგან და უფრო გადახურულ პატიოებს წააგავს, რომელთა შორის პირველში ტიპურ მუსიკას უკრავენ, მეორეში – სახასიათოს, მესამეში კი – ჩრდილოურს თავისი მომღერლებითა და მალამბოთი. მე და მაურო შუა გასასვლელში დავდექით (მე ხესავით ვიყავი გაშეშებული) და სამივე განყოფილებას დავაკვირდით; ამის შემდეგ არჩევანი უკვე ჩვენზე იყო: ან ყველაზე სასურველი უნდა აგვერჩია ან სასმელით ხელში, მაგიდისა და ქალების ძებნაში, ერთი განყოფილებიდან მეორეში გვებოდიალა.

– არ არის ცუდი, – თქვა მაურომ ჩვეული დაღვრემილი გამომეტყველებით, – სიცხე რომ არ იყოს, უკეთესი იქნებოდა. კონდიციონერები უნდა დაეყენებინათ.

(წიგნაკისთვის: ორტეგას მეთოდის გამოყენებით შევისწავლოთ ხალხიდან წამოსული ადამიანის ურთიერთობა ტექნიკასთან. იქ, სადაც კონფლიქტური სიტუაცია უნდა შექმნილიყო, საწინააღმდეგოს ვხედავთ, – შეიმჩნევა სწრაფი ასიმილაცია და აღქმა; მაცივრებისა და სუპერჰეტეროდინების შესახებ მაურო ტიპური ბუენოს-აირესელისათვის დამახასიათებელი თავდაჯერებულობით საუბრობს.) მაუროს ხელი მოვკიდე და ისე წავიყვანე მაგიდისკენ, რადგან ისევ გაშტერებული უყურებდა სცენაზე მდგარ მომღერალს, რომელსაც ორივე ხელი ჰქონდა მოკიდებული მიკროფონისთვის და აგრესიულად ექაჩებოდა თავისკენ. ცოტა ხანში ორი მშრალი ლერწმის არაყი მოგვიტანეს და მაურომ თავისი ჭიქა ერთი ამოსუნთქვით დაცალა.

– ეს ლუდს ძალიან უხდება. ნახე, რა ამბავია, ტევა არ არის.

კიდევ ერთი ჭიქა შეუკვეთა, მე კი ამასობაში იქაურობის დათვალიერება მოვასწარი. ჩვენი მაგიდა სცენაზე იყო მიბჯენილი, მის მეორე მხარეს კი, კედელთან მდგარ სკამებზე, რამდენიმე ქალი იჯდა, – ტიპური მილონგერები, რომლებსაც მუშაობისას და გართობისას ერთნაირად არაფრისმთქმელი გამომეტყველება აქვთ. თითქმის არავინ ლაპარაკობდა და მუსიკაც მშვენივრად გვესმოდა. ორკესტრი დიდი ენთუზიაზმით უკრავდა და მომღერალიც საკმაოდ სწრაფი რიტმის პირობებში, რაღაცნაირად ახერხებდა და თავის შესრულებას დრამატიზმს სძენდა. „ჩემი მულატის ნაწნავებს მე ჩანთით დავატარებ...“ მიკროფონზე ისე ჰქონდა ჩაჭიდებული ხელები, როგორც მოაჯირზე და თითქოს ისეთი დაღლილი იყო, რომ მის გარეშე აუცილებლად წაიქცეოდა. დროდადრო, როდესაც ტუჩები მიკროფონის ქრომირებულ ზედაპირთან ძალიან ახლოს მიჰქონდა, დინამიკებიდან რაღაცნაირი იდუმალი ხმა გამოდიოდა:

„მე ვარ გულწრფელი კაცი...“; ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, თუ ერთ გასაბერ ქალს მისცემდნენ და მასში მიკროფონს ჩაუდგამდნენ. ასე უფრო მეტი ენთუზიაზმით იმღერებდა და სისხლიც უფრო აუდუღდებოდა. მაგრამ, არა, ტანგოს გასაბერი ქალი არ უხდება, ქრომირებული ჯოხი უფრო კარგია, ბოლოში მიმაგრებული ბრჭყვიალა თავის ქალით.

სიმართლე ითქვას, ამ მილონგაში ურჩხულების სანახავად დავდიოდი, რადგან სხვა ადგილი, სადაც ამდენი მონსტრი ერთად იკრიბება, ჩემთვის უცნობია. დაახლოებით ღამის თერთმეტ საათზე ჩნდებიან, ქალაქის შავბნელი უბნებიდან მოდიან, ხან ცალ-ცალკე და ხან ორ-ორი, დინჯი ნაბიჯებით, საკუთარ თავში დარწმუნებულები. ქალები თითქმის ჯუჯები და შავგვრემნები არიან, კაცები კი იავანელებსა და მოკოვის ტომის ინდიელებს ჰგვანან, კუბოკრული ან შავი პერანგები აცვიათ, ჯაგარივით თმებზე კი ბრიოლინი უსვიათ, რომელიც სინათლეზე ლურჯად ან ვარდისფრად პრიალებს. თავიანთი მაღალი ვარცხნილობებით ქალები ჯუჯებს კიდევ უფრო მეტად ემსგავსებიან, მაგრამ თმის მოვლის ამ რთული და ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, დაღლილობასთან ერთად, სიამაყის გრძნობაც რჩება. მამაკაცები გაშლილი და გრძელი თმებით გამოირჩევიან, რაც სრულიად არ შეესაბამება მათ უხეშ სახეებსა და ველურ გამომეტყველებას, ასევე მათ ფართო, დაკუნთული სხეული და ვიწრო წელი აქვთ. ერთმანეთს ერთი შეხედვით ცნობენ და მშვიდად ტკბებიან. ეს მათი ცეკვაა, მათი ფერების ღამე (წიგნაკისთვის: საიდან მოდის ეს ხალხი, რა პროფესიის ადამიანებად წარმოგვიდგებიან ისინი დღისით, რა შავბნელი საქმეების უკან იმალებიან?). ასე მოდიან ეს ურჩხულები და შემდეგ მძიმედ და აუჩქარებლად ერთდებიან, ნელა ცეკვავენ, ბევრი მათგანი ამ დროს თვალდახუჭული მიეცემა ხოლმე სიამოვნებას. შესვენებების დროს ისევ უბრუნდებიან ამქვეყნიურ ცხოვრებას, მაგიდებს მიუსხდებიან ხოლმე და ცდილობენ ყურადღება მიიქციონ. ქალები ამ დროს ხმამაღლა იწყებენ ლაპარაკს, რაზეც მამაკაცები საშინლად ღიზიანდებიან. ერთხელ, თეთრ კაბაში გამოწყობილმა ერთმა ქალმა, რომელიც ანისულის არაყს სვამდა, ისეთი ალიყური მიიღო, მთელი მისი მაკიაჟი და ვარცხნილობა იქვე წარსულს ჩაბარდა.

ამ ურჩხულების სურნელი ცალკე თემაა. ეს არის სველი ტალკისა და გადამწიფებული ხილის სურნელი, რაც ნაჩქარევი ბანაობის შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ერთი სველი ტილო აიღეს და სწრაფად გაიწმინდეს სახე და იღლიებიო. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ასევე ლოსიონები, წამწამების ასაპრეხი ტუში, ფერუმარილი, რომლის მიღმა მოყავისფრო ლაქები მოჩანს. ზოგჯერ ისინი ქერა ქალებს ჰბაძავენ, მწვანე კაბებს იცვამენ და იმდენად იჯერებენ საკუთარ საოცარ ტრანსფორმაციას, რომ ზემოდან უყურებენ იმათ, ვინც თავიანთ ბუნებრივ ფერებს ინარჩუნებენ. შიგადაშიგ მაუროს ვუცქერდი და ვცდილობდი შემესწავლა ის განსხვავება, რომელიც მის სახესა და ამ ურჩხულების სახეებს შორის იყო. მას იტალიური ნაკვთები ჰქონდა, – ეს იყო სანაპიროზე მცხოვრები ნამდვილი ქალაქელის სახე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც შავკანიანთა და არც ინდიელთა გენებთან. მოულოდნელად სელინა გამახსენდა და მივხვდი, ის გაცილებით უფრო ახლოს იყო ჩვენ გარშემო მყოფ მონსტრებთან, ვიდრე მაურო და მე. ვფიქრობ, კასიდისმა სწორედ იმიტომ აიყვანა ის თავის მილონგაში, რომ სურდა ნარევი სისხლის მქონე კლიენტების გული მოეგო, იმ მცირერიცხოვანი ხალხისა, რომელიც მის კაბარეს აცოცხლებდა. სელინას ცეკვა კასიდისის მილონგაში არასდროს მინახავს, მაგრამ ერთხელ იქ მაინც მივედი (უბრალოდ, მაინტერესებდა იმ ადგილის ნახვა, საიდანაც მაურომ თავისი ოცნების ქალი წამოიყვანა) და იქ მხოლოდ თეთრკანიანები ვნახე.

– ტანგოს ვიცეკვებდი სიამოვნებით, – თქვა მაურომ საცოდავი ხმით.

ლერწმის არყის მეოთხე ჭიქა გამოეცალა და უკვე საკმაოდ შემთვრალი იყო. მე სელინაზე ვფიქრობდი, მის სახლზე, რომელიც აქ იყო, ზუსტად აქ, სადაც მაუროს ის არასდროს მოუყვანია. ხალხი ახლა ტაშს ანიტა ლოსანოს უკრავდა, მომღერალს, რომელიც პირველად „ნოველტიში“ ვნახე. იმ დროს ის საკმაოდ პოპულარული იყო, ახლა კი დაბერებულა და გამხდარა, თუმცა ტანგოსათვის შესაფერისი ხმა კარგად შეუნარჩუნებია. მე ვიტყოდი, უკეთესიც კი იყო, რადგან მსგავსი სტილის მუსიკასა და მოუხეშავ სიტყვებს სწორედ ასეთი ჩახლეჩილი ვოკალი სჭირდება. სელინასაც ზუსტად ასეთი ხმა ჰქონდა, როდესაც დალევდა. სრულიად მოულოდნელად ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომ „სანტა-ფე“ სელინას განსახიერება იყო, რომ ის სადღაც აქ, ჩვენ გვერდით არსებობდა.

შეცდომა დაუშვა, მაუროს რომ გაჰყვა, მაგრამ უყვარდა და ალბათ ამიტომ უძლებდა. გარდა ამისა, მაურომ ის კასიდისის მილონგას მოაშორა, მის მტვერსა და არეულ-დარეულობას, შაქრიან წყალსა და მთვრალი კლიენტების მძიმე სუნთქვას. თუმცა, მილონგაში რომ არ ემუშავა, სელინა თავის საყვარელ საქმეს თავს არ დაანებებდა. ის გართობისთვის იყო დაბადებული, მისი ბარძაყები და პირი ტანგოსთვის იყო შექმნილი და სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი, რომ მაუროს მისთვის ცეკვის საშუალება მიეცა. თავად ვარ მოწმე, როგორ ტრანსფორმაციას განიცდიდა, როგორც კი მილონგას ცხელ ჰაერს იგრძნობდა. სწორედ ახლა, „სანტა-ფეში“ მყოფმა გავიაზრე, თუ რამხელა ვაჟკაცობა იყო საჭირო სელინას მხრიდან, მაუროსთან ერთად წლები გაეტარებინა. მილონგის სამოთხე, კრეოლური ვალსები და ანისული მან მაუროსთან ერთად პატიოში ჯდომასა და მატეს სმაში გაცვალა, საკუთარ თავს მაუროსთან და მაუროსთვის ცხოვრება მიუსაჯა და იშვიათად თუ არღვევდა მის სიმყუდროვეს, როდესაც ცეკვებზე წაყვანას სთხოვდა.

მაურომ უკვე მოასწრო და მეწყვილე იპოვა. შავკანიან გოგონას, რომელიც სხვებზე მაღალი იყო და სილამაზით განსაკუთრებით არ გამოირჩეოდა, საოცრად ვიწრო წელი ჰქონდა. გამეცინა, როდესაც მისი ინსტინქტური და ამავე დროს კარგად გათვლილი არჩევანი გავიაზრე: გოგონა ყველაზე ნაკლებად ჰგავდა ურჩხულს. მოულოდნელად მივხვდი, რომ გარკვეულწილად სელინაც ურჩხული იყო, ოღონდ ეს გარეთ, დღის სინათლეზე ისე არ იგრძნობოდა, როგორც აქ. მაინტერესებდა, მაურო თუ ამჩნევდა ამას. ცოტათი შემეშინდა კიდეც, რომ შეიძლებოდა მისგან საყვედური მიმეღო. მე ხომ ის ისეთ ადგილას მოვიყვანე, სადაც ყველაფერი მოგონებებს აღძრავს.

ამჯერად ტაში არავის დაუკრავს, მაურომ კი თავისი ახლადგაცნობილი ქალბატონი, რომელმაც მოულოდნელად სულელის გამომეტყველება მიიღო, ჩვენს მაგიდასთან მოიყვანა.

– გაიცანით ჩემი მეგობარი.

ტრადიციული „სასიამოვნოას“ შემდეგ გოგონას დასალევი შევთავაზეთ. მესიამოვნა, როდესაც შევამჩნიე, რომ მაურო კარგ ხასიათზე იყო და მის ახალ მეგობარს ცოტა გამოველაპარაკე კიდეც. ემა ერქვა, – სახელი, რომელიც გამხდარ ქალებს სრულიად არ უხდებათ. მაურო ახლა უკვე საკმაოდ გამოცოცხლებული იყო და ზუსტად ისეთი მოკლე და ლაკონიური ფრაზებით საუბრობდა ორკესტრების შესახებ, მე რომ მომწონს. ემა მომღერლების სახელებს იხსენებდა, მათ შორის ვილია კრესპოსა და ელ ტალარს. ამ დროს ანიტა ლოსანომ ძველი ტანგო გამოაცხადა და ურჩხულებმაც ძლიერი ტაში დასცხეს. განსაკუთრებით ინდიელებს უხაროდათ. ისინი ხომ ანიტას აღმერთებდნენ. როდესაც სიმღერა დაიწყო და ბანდონეონების ხმა გაისმა, მაურომ ისეთი დაძაბული სახით შემომხედა, მივხვდი, მას ჯერ ყველაფერი არ დავიწყებოდა. საკუთარი თავიც გამახსენდა „რასინგში“, ისევ დავინახე იმ ტანგოზე მოცეკვავე მაურო და სელინა, რომლის მუსიკას აწ უკვე გარდაცვლილი გოგონა მერე მთელი საღამო ღიღინებდა. ის არც მაშინ გაჩერებულა, ტაქსით სახლებში რომ ვბრუნდებოდით.

– ვიცეკვოთ? – თქვა ემამ და თავისი წვენი უცნაური ხმით გადაყლურწა.

მაუროს მისთვის არც კი შეუხედავს. ვფიქრობ, სწორედ ეს მომენტი იყო, როდესაც ორივემ რაღაც იდუმალ სიღრმეს მივაღწიეთ. ახლა (როდესაც ამას ვწერ) ჩემი ცხოვრების ერთი შემთხვევა მახსენდება: ოცი წლის ასაკში „სპორტივო ბარაკასის“ აუზზე ყოფნისას, წყალში ჩავხტი და იქ კიდევ ერთი მოცურავე დავინახე. ფსკერს ორივე ერთად შევეხეთ, შემდეგ კი, მწვანე და ოდნავ ამღვრეულ წყალში ერთმანეთს თვალები გავუსწორეთ. მაურომ თავისი სკამი უკან გასწია, მაგრამ იდაყვით ისევ მაგიდაზე იყო დაყრდნობილი. ერთნაირი გამომეტყველებით ვუყურებდით საცეკვაო მოედანს, ემა კი დაბნეულობის დაფარვას შემწვარი კარტოფილის ჭამით ცდილობდა. ანიტა ახლა უკვე რაღაცნაირ ჩატეხილ რიტმში მღეროდა, წყვილები კი ადგილიდან ფეხის მოუცვლელად ცეკვავდნენ და ადვილად შესამჩნევი იყო, რომ სიტყვებს უსმენდნენ. მთელი დარბაზი ვნებითა და ტკივილით იყო ავსებული. ყველა ცეკვავდა, მაგრამ ამავე დროს სცენას თვალს არავინ აშორებდა, ანიტა კი მიკროფონისკენ იყო გადახრილი და თვითდაჯერებული ინტონაციით მღეროდა. ზოგიერთი პირს ამოძრავებდა და სიმღერის სიტყვებს მიჰყვებოდა, სხვები თითქოს საკუთარ თავზე ფიქრობდნენ, ისე ეღიმებოდათ და როდესაც გაისმა სიტყვები: „ო, რა კარგი იყო, ერთად რომ ვიყავით, დღეს კი გეძებ, მაგრამ არსად ხარ“. აკორდეონების თანხლებით ცეკვამ ახალი ძალით იფეთქა – ფლანგებზე „კორიდა“ სრულდებოდა, მოედნის შუაში კი „ოჩო“ (კორიდა, ოჩო – ტანგოს ფიგურები).

ხალხი გაოფლილი იყო. ერთმა პატარა მეტისმა გოგონამ, რომელიც ალბათ პერანგის მეორე ღილამდე მომწვდებოდა, გვერდით ჩამიარა და ნათლად დავინახე, როგორ ჩამოედინებოდა ოფლი თმის ღერებიდან მის თეთრ და ქონიან კისერზე. მეზობელი დარბაზიდან, სადაც შემწვარ ხორცს ჭამდნენ და რანჩერას ცეკვავდნენ, კვამლი შემოდიოდა. ამას სიგარეტის ბოლიც ემატებოდა და ჩვენს დარბაზში აღარც სახეების გარჩევა შეიძლებოდა და აღარც მოპირდაპირე კედელზე გამოკრული იაფფასიანი ნახატების. ვფიქრობ, ამაში ოთხი ჭიქა ლერწმის არაყიც მეხმარებოდა, მაურო კი ნიკაპით საკუთარ ხელზე იყო დაყრდნობილი და გაშტერებული სახით იყურებოდა წინ. ვერც კი ვამჩნევდით, რომ ეს ტანგო გრძელდებოდა და გრძელდებოდა. მაურომ ერთი-ორჯერ მიიხედა სცენისკენ, სადაც ანიტას თითქოს დირიჟორის ჯოხი ეჭირა ხელში და ორკესტრს ხელმძღვანელობდა, თუმცა შემდეგ ისევ მოცეკვავეებს მიაშტერდა. არ ვიცი, როგორ ავხსნა, მაგრამ მეჩვენება, რომ მის მზერასაც მივყვებოდი და ამავე დროს გზასაც ვაჩვენებდი. ერთმანეთისთვის არც კი შეგვიხედავს, მაგრამ ვიცოდით (ვფიქრობ, მაურომ იცოდა), რომ ჩვენი მზერები ერთმანეთს ზუსტად ემთხვეოდა, ერთსა და იმავე წყვილს, თმებსა და შარვლებს ვაკვირდებოდით. ემამ რაღაცა ჩაილაპარაკა, თუ არ ვცდები, ბოდიში მოიხადა და ჩვენ წინ ადგილიც გათავისუფლდა. ახლა საცეკვაო მოედანი უკეთესად ჩანდა, თუმცა ერთმანეთს ისევ არ ვუყურებდით. მოულოდნელად დარბაზში რაღაც ენით აუწერელი ბედნიერება ჩამოწვა და თითქოს მთელი ჩემი სხეული მოიცვა. ღრმად ჩავისუნთქე და მომეჩვენა, რომ მაურომაც იგივე გააკეთა. დარბაზში ახლა უკვე ისეთი კვამლი იდგა, სახეების გარჩევა მოედნის იქითა ნახევარზე თითქმის შეუძლებელი იყო, მოპირდაპირე კედელთან მდგომი გოგონები კი ამდენ ხალხსა და ბურუსში საერთოდ არ ჩანდნენ. „ო, რა კარგი იყო, ერთად რომ ვიყავით“, – დინამიკებიდან ისევ გაისმა ანიტას ჩახლეჩილი ხმა. მოცეკვავეებიც კვლავ გაშეშდნენ ისე, რომ ცეკვა არ შეუჩერებიათ და, აი, კვამლიდან სელინაც გამოჩნდა. თავისი კავალერის მკლავებში ის მორჩილად ტრიალებდა და ერთ მომენტში ჩემკენ პროფილით დადგა, შემდეგ ზურგით მოტრიალდა, შემდეგ მეორე პროფილი მაჩვენა, ბოლოს კი სახე ასწია, მუსიკა რომ უკეთ გაეგო. სელინა-მეთქი, ვამბობ, მაგრამ ეს ისე ვიცოდი, გაცნობიერებული არ მქონდა. სელინა იქ იყო, მაგრამ არ იყო. რა თქმა უნდა, ამას უცბად ვერ გაიგებ. მოულოდნელად მაგიდამ ზანზარი დაიწყო და მივხვდი, მაუროს მკლავი აუკანკალდა. შესაძლოა, ჩემი მკლავიც კანკალებდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს არ იყო შიშის კანკალი. ნაცვლად ამისა, ორივეს გაკვირვებისა და ბედნიერების შეგრძნება დაგვეუფლა. უცნაური რამ დაგვემართა და ამ საოცარი სამყაროდან გამოსვლა არც ერთს არ გვინდოდა. სელინა კი, რომელიც მთელი თავისი არსებით ისრუტავდა მუსიკას, ისევ იქ იყო, ცეკვავდა და ვერც ერთს ვერ გვამჩნევდა. მის სახეს კვამლისგან გაყვითლებული სინათლე ამახინჯებდა. ასეთ ვითარებაში ნებისმიერი იქ მყოფი გოგონა შეიძლებოდა სელინასთვის მიგემსგავსებინა, რადგან ბედნიერება მას სრულიად ცვლიდა. ასეთ სელინას, რომელიც ასეთ ტანგოზე ცეკვავდა, მე ვერ გავუძლებდი. ჯერ კიდევ შემრჩენოდა იმდენი სიფხიზლე, მისი ბედნიერება შემემჩნია, ის სიხარული, რომელიც მან სამოთხეში იპოვა. სამუშაო და კლიენტები რომ არა, სწორედ ასეთი იქნებოდა ის კასიდისთან. ახლა მას ზეცაში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებდა, ის მთელი თავისი სხეულით გრძნობდა ბედნიერებას და ისევ უბრუნდებოდა იმ სინამდვილეს, რომელშიც მაუროს ადგილი არ იყო. ეს მის მიერ დაპყრობილი ზეცა იყო – ტანგო, რომელიც მხოლოდ მისთვის და მისნაირებისთვის ჟღერდა და როდესაც ანიტამ მისამღერი კიდევ ერთხელ შეასრულა, აპლოდისმენტებისა და ოვაციებისგან ლამის შუშები ჩაიმსხვრა. ამ დროს კი ისევ სელინა – პროფილში, სელინა –ზურგით, მასთან ერთად კი სხვა წყვილები და კვამლი.

გვერდით არც კი გამიხედავს და ჩემი ცინიზმიც ნელ-ნელა თავის ჩვეულ ფორმებს იძენდა. ახლა მთავარი იმის გაგება იყო, თუ როგორ აღიქვა ეს ყველაფერი მაურომ, ამიტომ მშვიდად ვიჯექი და თითქმის დაცარიელებულ საცეკვაო მოედანს ვუყურებდი.

– შეამჩნიე? – მკითხა მაურომ.
– კი.
– შეამჩნიე, როგორ ჰგავდა?

აღარაფერი ვუპასუხე. შვება უფრო მძიმე იყო, ვიდრე წუხილი. აქეთ მხარეს იყო საბრალო, აქეთ მხარეს იყო და ვერ მიხვდა, თუ რა განვიცადეთ სულ ცოტა ხნის წინ ერთად. დავინახე, როგორ წამოდგა და ბარბაცით გაემართა იმ ქალის საძებნელად, რომელიც ასე ძალიან მიამსგავსა სელინას. მე არ გავნძრეულვარ, მშვიდად ვიჯექი, ჩემს სიგარას ვეწეოდი და ვუყურებდი, როგორ დადიოდა წინ და უკან დამშეულივით და როგორ ვერ პოულობდა ზეცის კარიბჭეს ამ ხალხსა და ბურუსში.

თარგმნა - რამაზ ხატიაშვილმა