ომერ სეიფედინი - ყოვლისმცოდნე
„ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო“ - ანდაზა
შარშან მე და სერმეთი შიშლისკენ (სტამბოლის ერთ-ერთი რაიონი) მივდიოდით. უცებ, სად იყო, სად არა, ეფრუზ ბეი გამოგვეცხადა, რომელსაც ჯიბე-უბე წიგნებით გამოეტენა, იღლიაშიც წიგნები ამოეჩარა და დაფიქრებული მიალაჯებდა. ჩვენკენ არც გამოუხედავს, თითქოს ვერც კი შეგვამჩნიაო.
- ეი, ბონჟურ, ეფენდი, საით მიიჩქარი? - ვეღარ მოითმინა სერმეთმა.
- ააა, ბონჟურ, მეგობრებო, სამკითხველოსა შინა...
- რომელ სამკითხველოში?
- ჯერ მეც არ ვიცი.
- როგორ თუ, არ იცი, - არ ეშვებოდა სერმეთი.
- ნამდვილად რომ მოგახსენოთ, მეც არ ვიცი. ერთი წიგნი დამჭირდა და ალბათ ბევრგან მომიწევს შევლა.
ეფრუზ ბეის თმა ჩვეულებრივზე მეტად გასჩეჩოდა, თუმცა დანამდვილებით ვიცოდით, რომ პოეზიით გატაცებამ კარგა ხანია გაუარა, მაგრამ ახლა სოციოლოგიის ცეცხლი შემოსდებოდა და გამუდმებით ლექციებს ესწრებოდა „თურქულ ნაჰიეზე“ (ადმინისტრაციული ერთეული თურქეთში).
- კაცო, ამ მშვენიერ ამინდში ნესტიან სამკითხველოში შეისვლება, ათასგვარი მიკრობებით სავსე წიგნებს ხელი მოეკიდება? - შევეცადე ეფრუზ ბეისთვის ხასიათი წამეხდინა. სერმეთმა მაშინვე მხარი ამიბა.
ეფრუზმა ჯერ კოპები შეიკრა და ორივე სათითაოდ აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა, მერე კი მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა:
- შეისვლება, რათა ვეძიოთ და ვიპოვოთ ცხოვრების რთული კანონები... თქვე უსაქმურებო, ქარაფშუტებო... ქვეყანას მეცნიერება სჭირდება, ქვეყანას მსოფლმხედველობისა და აზროვნების შექმნა სჭირდება, სამშობლოს შრომა და გარჯა სჭირდება... ახლა თუ რამე გვიხსნის, ისევ სოციოლოგია თუ გვიხსნის... თქვენ კი აგიღიათ თავი და დაეხეტებით...
უცებ ენა ჩაგვივარდა.
სერმეთი მზად იყო, ეფრუზისთვის კვერი დაეკრა და თხასავით თავის კანტური დაეწყო, მაგრამ მე აღარ ვაცალე.
- მაპატიე, ეფრუზ ბეი, - ვუთხარი ნახევრად ხუმრობის კილოთი, - მაგრამ წიგნი თუ წყაროა ცოდნისა, სიბრძნე უშუალოდ ცხოვრებისეული მოვლენა გახლავს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმჯობესია, იყო ბრძენი, ვიდრე სწავლული, რამეთუ, ძვირფასო ეფრუზ, ჭეშმარიტება უშუალოდ ცხოვრებაშია საძებნელი და არა წიგნებში...
ეფრუზ ბეი შედგა, შავი წარბები შეიჭმუხნა, ჩაფიქრდა და თქვა:
- მეც ასე ვფიქრობ!
- ჰოდა, გიშველოს ღმერთმა. დაეხსენ ამ ოხერ წიგნებს, ახლოს მიდი ცხოვრებასთან, შეისწავლე. ეს გამაყეყეჩებელი წიგნები კი არა, ცხოვრება იკითხე, ცხოვრება!
- სოციოლოგიაც ხომ ამას გვეუბნება.
- კიდევ უკეთესი, მე თუ არა, მეცნიერებას მაინც ერწმუნე.
- მართალი ხარ.
- აბა, მაშ, ერთად გავწიოთ.
- ...
გზას გავუდექით. დილის მზე ისეთ ნათელს აფრქვევდა, რომ თვალს გვჭრიდა.
ეფრუზ ბეიმ სოციოლოგიაზე გაგვიბა საუბარი. საბრალო სერმეთი დიდსულოვნად უსმენდა. მე კი, როგორც ყოველთვის, ოცნებაში წასულს, კანტიკუნტად მესმოდა: „აგრარული“, „სოციალური“, „საზოგადოებრივი საკუთრება“, „მორალური“, მესმოდა და ყურს მიხვრეტდა.
შიშლის გავცდით. შორს ქათჰანეც (მდინარე სტამბოლის სიახლოვეს, რომლის ლამაზი სანაპიროები გასული საუკუნის თურქეთში წარმოადგენდა სტამბოლელთა დასასვენებელ ადგილებს) გამოჩნდა. ყურე ფეტვის ყანასავით ლაპლაპებდა. არ ვიცი, რანაირად, მაგრამ სერმეთმა მოახერხა ეფრუზ ბეი გაეჩუმებინა და საუბრის თემა შეცვალა:
- ეჰ, ახლა წყალში ჩაგვაყურყუმელავა?!
ეფრუზმა სიშორე მოიმიზეზა.
- მაგრამ, რა სასიამოვნო ამინდია, - დავუმატე მე და ცოტა ხნის შემდეგ დავუმტკიცე კიდეც, რომ ცხოვრება მოძრაობაა, ხოლო ტანვარჯიში ფიზიკო-სოციალური, ე.ი. ადამანის ორგანულ-საზოგადოებრივი თვისება!..
ამ „მეცნიერულმა“ ტერმინოლოგიამ ჩვენი სოციოლოგი მოალბო:
- წავიდეთ, მაგრამ ეს წიგნები?
- კაცო, ხიდის ყურესთან ბუჩქებში ჩავმალოთ. როცა დავბრუნდებით, წამოვიღოთ.
- რომ მოიპარონ?
- ორი წელიც რომ ეწყოს, კაციშვილი ხელს არ მოჰკიდებს. წიგნებს ვინ რაში გამოიყენებს?!
- მაშ, წავიდეთ.
- წავიდეთ. ნაბიჯით იარ!..
ქვის ხიდამდე სწრაფად დავეშვით სწორი, ლარივით გაბმული შარაგზით. გამვლელ-გამომვლელთ ყურადღებას არ ვაქცევდით და კვლავ ტანჯვით ვისმენდით ეფრუზ ბეის ლექციას სოციოლოგიის რთულ საკითხებზე. ჩვენი მეგობრის წიგნები ხიდის ყურესთან საგულდაგულოდ დავმალეთ. ეფრუზ ბეი ისე შემსუბუქდა და ისე თავისუფლად განაგრძო გზა, თითქოს ფრთები გამოესხაო.
ქათჰანესთან მყუდრო ადგილი მალე მოვძებნეთ. ჩაკიდებული ტირიფების ქვეშ მთვრალებივით ტორტმანებდნენ და თვლემდნენ დაბმული ნავები. შეყვარებულთა ბანალური წყვილები და ბოშათა კარვები რაღაც არასასიამოვნო ელფერს აძლევდა მიდამოს. ეფრუზ ბეი კვლავ არაფერს აქცევდა ყურადღებას და ჯიუტად განაგრძობდა ლექციას ჩვენი რენესანსის, ნედიმისა (XVIII საუკუნის თურქული კლასიკური ლიტერატურის წარმომადგენელი) და იბრაჰიმ ფაშას (სულთან აჰმედ III-ის (1672-1736) დიდვეზირი, რომელიც დაიღუპა 1730 წელს, სახალხო აჯანყების დროს. მოთხრობაში ის ფაქტია აღნიშნული, რომ ამ აჯანყების ამბავი სულთანმა და დიდვეზირმა დაგვიანებით გაიგეს) შესახებ. დანგრეულ კოშკებსა და იავარქმნილ სასახლეთა შორის მივდიოდით და ეს გზა თავისი ნაღვლიანი, უკაცრიელი იერით რაღაც შეუცნობ კაეშანს გვგვრიდა.
- იბრაჰიმ ფაშა თავისი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციოლოგი იყო, - კვლავ უსიამოდ ჟღარუნობდა ეფრუზის ხმა.
ერთ პატარა ბორცვზე ისე ავედით, რომ ეფრუზის ლაქლაქისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია. ბორცვიდან ხელისგულივით გამოჩნდა სოფელი ალი ბეი, რომლის მოწყენილი და სევდიანი იერი ახლახან ნანახ განადგურებულ სასახლეებს გვაგონებდა.
- ვითომდა, რა იქნება, რომ წავიდეთ და დავათვალიეროთ? - მოულოდნელად წამოიძახა სერმეთმა, - მე ჯერ არასოდეს ვყოფილვარ იქ.
ეფრუზი სასწრაფოდ დაეთანხმა და მე ისღა დამრჩენოდა, რომ უჩუმრად გავყოლოდი.
პაპანაქება სიცხეში გაოფლილები, თავჩაქინდრულები გავყევით ოღროჩოღრო გზას, რომელზეც აუარებელი ხვლიკი დარბოდა.
ეფრუზ ბეიმ საუბარი ახლა სოფლისა და ქალაქის მოსახლეობის ზნე-ჩვეულებებზე გაგვიბა. თურმე ისინი ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და მიწა. უზნეობა და სიმდაბლე, აუგი და ურცხვობა, ერთი სიტყვით, ყველა უმსგავსობა, რაც კი დედამიწის ზურგზეა, ქალაქის კუთვნილება ყოფილა. სოფლის მცხოვრებნი კი ზნეობრივადაც მაღლა დგანან და სინდის-პატიოსნებითაც გამოირჩევიან...
ამასობაში სოფელს მივადექით. ეფრუზი შედგა, მარჯვენა ხელის სალოკი თითი შემართული რევოლვერივით სოფელს დაუმიზნა და რიხით თქვა:
- ახლა თქვენ ნახავთ და დარწმუნდებით, თუ რა არის დიდსულოვნება და სტუმართმოყვარეობა. ნახავთ და დარწმუნდებით, როგორ არის ფეხმოკიდებული სიმართლისა და ადამიანის სიყვარული ამ უბრალო ხალხში!
გაგანია სიცხე და ეფრუზ ბეის დაუსრულებელი ლექცია ბოლოს მიღებდა. თანაც ძალზე მოგვშივდა. როცა სოფელში შევედით, ასე მეგონა, აღთქმულ მიწაზე, სამოთხეში შევაღწიეთ-მეთქი...
მინგრეულ-მონგრეული ორღობეები ნაკელით იყო სავსე. ქათმების მეტი სოფელში სულიერი არ ჩანდა. მხოლოდ ეგ არის, ზოგჯერ ძაღლები აგვედევნებოდნენ ყეფით და მერე სიცხით შეწუხებულები, კუდამოძუებულნი ისევ ჩრდილებისკენ მილასლასებდნენ. ერთ სახლთან ქალები გამოჩნდნენ, დაგვინახეს თუ არა, ჭუჭყიანი ჩვრები სახეზე აიფარეს და სანამ კარგა არ გავშორდით, არ განძრეულან. რამდენიმე დავრდომილი და გასაცოდავებული მოხუციც შემოგვხვდა, რომლებმაც სალამი კი არა, ზედაც არ შემოგვხედეს... ასე მეგონა, უხსოვარ დროთა ნანგრევებში დავხეტიალობ-მეთქი.
ეფრუზ ბეის ნირი წაუხდა. ჩვენ ბედზე ერთი შავტუხა, ნახევრად ტიტლიკანა ბიჭი შემოგვხვდა და ჩვენდა გასაოცრად გაგვიცინა კიდეც...
- შვილო, სადმე ყავახანა ხომ არ არის? - შეეკითხა სერმეთი.
- არის, ბიძაჩემო, როგორ არ არის!
- სად?
- აი, იქით...
- თუ არ გეზარება, მიგვასწავლე...
- მეზარება არა!..
იმ ბავშვის მოთხუპნული სახე ისეთი სიმპათიური გვეჩვენა, რომ სამივემ სიყვარულით გადავხედეთ. როცა ყავახანასთან მივედით, ეფრუზ ბეიმ ჯიბიდან რამდენიმე გროში ამოიღო, უნდოდა ბიჭისთვის მიეცა, მაგრამ იმან იუარა.
ყავახანა პირუტყვისგან მიტოვებულ საჯინიბოს უფრო წააგავდა. სკამებზე, რომლებიც კაცს ნაპირებმომტვრეული, ცარიელი გობები ეგონებოდა, ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელში გამოწყობილი თხუთმეტიოდე კაცი ჩამწკრივებულიყო. არც ერთ მათგანს ჩვენთვის არ შემოუხედავს.
ყავა შევუკვეთეთ. ყავახანის პატრონს სახეზე რაღაც ბოროტმა ელფერმა გადაჰკრა და საქმეს უგულოდ შეუდგა, როცა პურიც მოვითხოვეთ, გულმოსული მოგვიბრუნდა:
- პური რა, აქ სახაშე კი არ არის!..
პასუხი არ გაგვიცია. აქაც იმ ტიტლიკანა ბიჭმა დაგვიხსნა, რომელიც კარებში მდგარიყო.
- ძია, თუ გინდათ, მე გიშოვით!
მაშინვე მივეცით ფული. ყავა ჯერ სანახევროდაც მზად არ იყო, რომ ბიჭმა პური მოგვიტანა. ეფრუზმა კვლავ ჯიბეზე გაიკრა ხელი, ბავშვის დასაჩუქრება უნდოდა, მაგრამ ბიჭმა ფულს ხელი არ ახლო. ეფრუზ ბეიმ ახლა კი გამარჯვებული კაცის იერი მიიღო, მოგვიბრუნდა და სოფლელების ადათ-წესების ქება-დიდებას მოჰყვა:
- აი, ჭეშმარიტი კეთილშობილება იხილეთ! მართალია, პირველად გლეხები ცოტა ცივად შეგვხვდნენ, მაგრამ თუ გეოგრაფიულ გარემოს მივიღებთ მხედველობაში, მაშინ ყველაფერი ადვილი ასახსნელია. ეს სოფელი სტამბოლთან ახლოს მდებარეობს და მისი გავლენის უტყუარი კვალიც ატყვია. მაგრამ ჭეშმარიტი გლეხი, ჭეშმარიტი ბუნების შვილი, აი, ეს ძონძებში გახვეული ბიჭია. ასეთმა ღარიბ-ღატაკმა ნაჩუქარ გროშებს ხელი არ მოჰკიდა და სრულიად უსასყიდლოდ მოგვემსახურა. ეს კი მის გულკეთილობასა და უანგარობაზე მიუთითებს!..
ამ დროს შევნიშნეთ, რომ ყავახანის პატრონმა ზოგიერთ მუშტარს მაწონი მიუტანა და თითო ულუფაში ათი ყურუში (თურქული ლირის მეასედი ნაწილი) გამოართვა.
- ჩვენც მოგვიტანე ერთი ოყა მაწონი, - შეეხმაურა ეფრუზ ბეი მედუქნეს.
ყავის ფინჯნები აქეთ-იქით მივწიეთ და მოზრდილი, სავსე მათლაფა შუაში ჩავიდგით.
- კოვზები მოგვიტანე!
- კოვზები არა, მოვზები! - ქვებივით მოგვაყარა მედუქნემ.
პასუხის გასაცემად ვაჟკაცობა აღარ გვეყო.
- აბა, თურქულად, მამა-პაპურად! - შევძახე მე და პური მაწონში ამოვასველე.
ჭამა ხელით დავიწყეთ.
ყავახანაში რაღაც უსიამოვნო დუმილი ჩამოწვა. ყველა ჩვენ მოგვჩერებოდა. ისე შევწუხდი, ყავაზე უარი ვთქვი და ფეხზე წამოვხტი:
- ახლა კი წავიდეთ!
ეფრუზ ბეი დანახარჯის გადასახდელად გაემართა. გაურკვეველი წლოვანების ქოსა, ჩასუქებულ მედუქნეს თვალი არც კი დაუხამხამებია, ისე მიახალა:
- ოთხმოცი ყურუში!
- რაო?
- რაო და ოთხმოცი ყურუში მერგება!
ეფრუზ ბეიმ ჯერ ჩვენ შემოგვხედა, მერე მდუმარე გლეხებს მიუბრუნდა და იკითხა:
- კაცო, სამი ყავა და ერთი ოყა მაწონი ოთხმოცი ყურუში?
- ყავა ათ-ათი ყურუში...
- მერედა, ერთი ოყა მაწონი რა ღირს?
- ორმოცდაათი ყურუში...
- სხვებს რომ ათ-ათ ყურუშად მიეცი?
- მივეცი!
- მერე, ჩვენ ამდენს რატომ გვართმევ?
- საქონელი ჩემია და როგორც მინდა, ისე გავყიდი!
- ეს ხომ უსინდისობაა!..
- უსინდისოც ხარ და იმაზე მეტიც, შენი... - ქოსა ადგილიდან წამოხტა და წელში გაიმართა.
მე მივხვდი, რომ აქ აყალმაყალი ატყდებოდა და გვარიანადაც მიგვტყეპდნენ...
- მიეცი, ეფრუზ... რასაც გთხოვენ, მიეცი, - ვუთხარი სისხლივით გაწითლებულ ეფრუზ ბეის.
ეფრუზმა ოთხმოცი ყურუში გადაუთვალა, გამოსვლისას თავი ვეღარ შეიკავა, გლეხებს მიუბრუნდა და ახალბედა ორატორივით დაიწყო:
- ბატონებო!.. რაოდენ სამწუხაროა, რომ თქვენ ყველანი ესოდენ უსინდისოები ყოფილხართ... გლეხობა ყოველთვის პატიოსნებითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა და გამოირჩევა. თქვენ კი?.. როცა შემოვედით, არც ერთი თქვენგანი არ მოგვესალმა, ორყურუშიანი ყავა ათ ყურუშად მოგვყიდეთ, ათყურუშიან მაწონში ორმოცდაათი წაგვგლიჯეთ... დიახ, არც ერთი თქვენგანი კაცთმოყვარე არ ყოფილა, არც ერთი თქვენგანი ნამდვილი თურქი გლეხი არ ყოფილა!
- ...
მერე მობრუნდა, კარებში მდგარ შავტუხა ბიჭზე მიუთითა და განაგრძო:
- თქვენ შორის წაუმხდარი მხოლოდ ეს ბიჭი აღმოჩნდა. როცა სოფელში შემოვედით, გზა ამის მეტმა არავინ მოგვასწავლა, ლუკმა არავინ გამოგვიწოდა. მერე? საჩუქრად მიძღვნილ ფულს ხელი არ ახლო!.. აი, ასეთი უნდა იყოს ნამდვილი თურქი გლეხი. გაუმარჯოს ჭეშმარიტად თურქ ბიჭუნას!..
ყავახანაში სიცილმა იფეთქა. აქამდე მიჩუმებული გლეხები ახლა თავშეუკავებლად ხარხარებდნენ. გავოცდით. პატარა ბიჭი კარებში გაძვრა და მიიმალა. ქოსა მედუქნე სიცილით იგუდებოდა.
- რა გაცინებთ? - გულმოსულად იკითხა ეფრუზ ბეიმ.
- ის ბიჭი თურქი არ არის!..
- სტამბოლელია?
- არა.
- მაშ, ვინ არის, სადაურია?
- ბოშაა!..
ეფრუზ ბეის ხმა აღარ ამოუღია. სიცილი მე და სერმეთსაც გადაგვედო.
სოფლიდან გამოვედით და სტამბოლის გზას გავუდექით. ეფრუზ ბეის მარცხმა მის ცოდნაშიც მეტისმეტად დაგვაეჭვა. ახლა ნათელი იყო, თუ რა დიდი სოციოლოგი უნდა ყოფილიყო იბრაჰიმ ფაშა, რომელმაც ექვსი საათის წინ, ვიდრე ნაკუწ-ნაკუწ აკაფავდნენ, ვერ გაიგო რევოლუციის არსი, იმ რევოლუციისა, რომელიც წალეკვით ემუქრებოდა.
სერმეთი და ეფრუზი რაზე ფიქრობდნენ, არ ვიცი, ეს კია, სულ გადაგვავიწყდა, ჩვენი მეგობრის წიგნები მოგვეძებნა, დილას რომ ხიდის ყურესთან დავმალეთ.
თარგმნა - გიორგი შაყულაშვილმა
წყარო - „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“