ნიკოლო კაპონი - წინასიტყვაობა წიგნისა მაკიაველი

ფლორენციაში მატარებლით ჩასული კაცი ალბათ ტაქსის არ აიყვანს და ფეხით ამჯობინებს გასეირნებას. ჯერ ვია პანცანის გაუყვება და სანტა-მარია-ნოველას გოტიკური სტილის დომინიკელთა მონასტერს ჩაუვლის, შემდეგ კი, ვია ჩერეტანის გავლით, სანტა-მარია-დელ-ფიორეს საკათედრო ტაძრამდე მივა. თუ ჩვენი წარმოსახვითი სტუმარი შემდეგ ჩრდილოეთისკენ შეუხვევს, მედიჩების ძველ სასახლეს წააწყდება ვია ლარგაზე (ამჟამად - ვია კავორი) და ალბათ შიგნითაც შეიხედავს, რათა დატკბეს ბენოცო გოცოლის ფრესკებზე აღბეჭდილი ოდესღაც ძლევამოსილი გვარის დიდებით.

თუმცა, ჩვეულებრივ, სტუმრები გზას აგრძელებენ ხალხმრავალი ვია კალცაიოლით, რომელიც სულ ერთიანად XIX საუკუნეშია ჩაძირული; ფლორენციის ისტორიული ცენტრი კი „პიემონტელი მწყემსების პატარა ტაძრებს“ გაუვსია: მათთან შედარებით ძველი დროის ბარბაროსებს ბევრად დახვეწილი და კეთილშობილი მხატვრული და ისტორიული გემოვნება ჰქონდათ. ზემოხსენებული ქუჩის ბოლოს მდებარე სინიორიის მოედანიც კი ვერ ასცდა მსგავს ობივატელურ დამოკიდებულებას: აქ XV საუკუნის არქიტექტურული ნაგებობების მიბაძვით აგებული ვეებერთელა შენობები ჩრდილავენ შუა საუკუნეებისა და აღორძინების ხანის მშვენიერ ძეგლებს.

უფრო მძიმე სურათია ვია პორ სანტა-მარიაზე, სადაც მეორე მსოფლიო ომის გამანადგურებელი შედეგები კიდევ უფრო დაამძიმა ომისშემდგომმა რეკონსტრუქციამ. მხოლოდ რამდენიმე ძველი კოშკი თუ მოგვაგონებს გარდასული ეპოქების ატმოსფეროს. ქუჩის ბოლოს პონტე ვეკიოს ხიდია. ის დღემდე მხოლოდ ვერმახტის ჯარისკაცების „წყალობით“ შემორჩა: მათ მდინარეზე გადასასვლელის ბლოკირებისთვის - უნაკლო, თუმცა დამახინჯებული გეგმის მიხედვით - ხიდის ნაცვლად სახლები ააფეთქეს მდინარის ნაპირზე. და მაინც, როგორი ტრაგედიაც არ უნდა ყოფილიყო პონტეს განადგურება, მისი აღდგენა მაინც მაინც შესაძლებელი იქნებოდა, ისევე როგორც სხვა ხიდებისა მდინარე არნოზე, თუმცა ამ ნაგებობის გადარჩენას ბევრად უფრო ძვირფასი არქიტექტურული მარგალიტები შეეწირა. „ფლორენცია მოკოხტავდა იმ ქალის მსგავსად, რომელსაც ჩაის სმის დროს ბომბმა მოუსწრო“, - წერდა პოეტესა კრისტინა კამპო. თუმცა ქალური გულგრილობა მაინც ვერ მალავს შრაპნელისგან დატოვებულ იარებს.

მდინარის მეორე ნაპირზე, უკვე ვია გვიჩარდინიზე, გვერდით ჩაუვლით სანტა-ფელიჩიტას ყოფილ მონასტერს, სადაც ინახება ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი შედევრი - მხატვარ იაკოპო პონტორმოს ფუნჯით შესრულებული „გარდამოხსნა“; ტილომ დღემდე შეინარჩუნა პირველქმნილი სახე. რამდენიმე მეტრში დავინახავთ მემორიალურ დაფას, რომელიც იშვიათად იქცევს გამვლელთა ყურადღებას: წარწერა გვამცნობს, რომ ამ სახლში ოდესღაც ცხოვრობდა იტალიის გაერთიანების ერთ-ერთი მაცნე, პირველი, ვინც თეორიულად დაასაბუთა სამხედრო ვალდებულების აუცილებლობა სახელმწიფოს თავისუფლებისათვის. გასაკვირი არ არის, რომ დაფაზე აღნიშნულია 1869 წელი: ამ წელს მთელ დასავლეთ სამყაროში ერთგვარ მოდად დამკვიდრდა გარკვეული დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ. არავინ იცის, იზიარებდა თუ არა თვითონ მსგავს სენტიმენტალურ რიტორიკას, მაგრამ ალბათ ვერაფრით იცნობდა ამ კედლებს, რადგან მისი ნამდვილი სახლი, ისევე როგორც ბევრი სხვა შენობა ვია გვიჩარდინიზე, გერმანულმა ჭურვებმა გაანადგურა 1944 წლის 4 აგვისტოს.

ისევე როგორც თავად ფლორენცია, ოდესღაც აქ მცხოვრები ნიკოლო მაკიაველიც გაანადგურეს, მერე აღადგინეს, შეასწორეს და რეტუში გაუკეთეს; ადამიანთა დაუდევრობამ და დროის დამანგრეველმა ძალამ არაერთი განსაცდელი დაატეხა თავს. თითქოს მშობლიური ქალაქის ბედს იმეორებსო - მისი ნეშტიც კი ძნელად ამოსაცნობი შეიქნა.

წიგნში - „სამხედრო რევოლუცია: სამხედრო სიახლეები და დასავლეთის სიდიადე“ - ცნობილი ისტორიკოსი ჯეფრი პარკერი იმოწმებს ინჟინერს, რომელმაც 1722 წელს დაწერა ტრაქტატი, სადაც გააკრიტიკა სამოცდაათი ავტორის მიერ შემოთავაზებული დაახლოებით 118 თავდაცვითი ნაგებობა და საკუთარი ვარიანტი წარმოადგინა (რიგით 119-ე). როგორც ჩანს, ასეთივე ბედი ეწია მაკიაველის. ყველა იმ ავტორმა, ვინც მისი ცხოვრების აღწერა სცადა, თავისებური ახსნა მოუძებნა ნიკოლოს ცხოვრებასა და შემოქმედებას, და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იგი არაერთმნიშვნელოვანი განმარტებების ობიექტი იყო. მაკიაველი თავიდანვე კრიტიკოსების საყვარელ სამიზნედ იქცა: იგი მიაჩნდათ პირველ პოლიტოლოგად, ახალი დროის პირველ ფილოსოფოსად, პიროვნებად, რომელმაც დრო და სივრცე დაძლია. ამავე კრიტერიუმებით, მას თავისუფლად შეეძლო პირველი თანამედროვე დრამატურგის ტიტულიც მოეპოვებინა, რადგან მართლაც პირველი იყო, ვინც საკუთარ მაგალითზე დაამტკიცა განსხვავება თეორიასა და პრაქტიკას შორის და ვინც პირველმა გააბრიყვა განმმარტებელთა არაერთი თაობა.

„ჭეშმარიტი“ მაკიაველის ძიებაში ბევრი ავტორი ცდილობდა მის პიროვნებასა და შრომებში გარკვეულიყო... და საბოლოოდ ნიკოლო სრულიად ამორფულ ფიგურად იქცა: იმპერიალისტი, პროტოლიბერტარიანელი, ათეისტი, ახალი წარმართი, მტკიცე ქრისტიანი, თავისუფლების მოყვარული რესპუბლიკელი, დესპოტების მოძღვარი, სამხედრო ხელოვნების გენიოსი, კაბინეტის სტრატეგი, რეალისტი, იდეალისტი და თანამედროვე პოლიტოლოგიის იდუმალი დამფუძნებელი. საინტერესოა იმის აღმოჩენა, რომ მაკიაველის ბევრი თანამედროვე მის იდეებში ვერანაირ პრაქტიკულ სარგებელს ვერ ხედავდა და თავად მას ახირებულ და ფანტაზიას აყოლილ ადამიანად მიიჩნევდა.

ნიკოლო მართლაც არ ყოფილა ერთმნიშვნელოვანი ფიგურა და მისი პიროვნების ზუსტი შეფასების მცდელობა რაღაცით ჰოთ-დოგის ჭამას მოგვაგონებს: ერთი მხრიდან კბეჩ და შიგთავსი მეორე მხარეს გარბის. უფრო მეტიც: ყველამ, ვინც მის აზრებსა და ქცევებში რაიმეკავშირების მოძებნას შეეცდება, უნდა გაითვალისწინოს, რომ მაკიაველის შეხედულებები, ისევე როგორც ბევრი ჩვენგანისა, იცვლებოდა და გარემოებებს ეწყობოდა. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ნიკოლოს იმ დროის (და თანამედროვე) ტიპური ფლორენციელის ყველა თვისება ჰქონდა: უყვარდა სიტყვის შებრუნება, პროვოცირება და თავის გამოჩენა, და მიასტვის ჩვეულ სხარტ იუმორს იყენებდა.

რასაკვირველია, ყველა ჩამოთვლილ თვისებას იგი ჩინებულად ფლობდა და ამ ახირებებმა არაერთხელ გაუჩინა საზრუნავი. მხოლოდ სიბერეში, მრავალი უსიამოვნების გადატანის შემდეგ მიხვდა მაკიაველი, რას ნიშნავს „კორექტულად“ მოქცევა. თუმცა, ერთგვარი ირონიაა იმაში, რომ ფართო საზოგადოებაში ნიკოლომ სახელი გაითქვა სწორედ „მთავარით“ - თხზულებით, რომელიც გარკვეულ დროს გარკვეული განზრახვით დაიწერა: ავტორის მიზანი ფლორენციის მმართველების, მედიჩების კეთილგანწყობის მოპოვება იყო. უარყოფითი შენიშვნების შიშით მაკიაველი ყველაფერს მოიმიზეზებდა, ოღონდ თავისი ნამდვილი განზრახვა დაემალა.

ამის გამო გარკვეულ სიმპათიას ვგრძნობ მაკიაველის მიმართ და იმდენად მისი აზროვნების სიღრმე არ მხიბლავს, რამდენადაც მისი პიროვნული თვისებები. ჩემთან ახლოსაა მისი იუმორი, რაოდენ შოკისმომგვრელადაც არ უნდა ეჩვენებოდეს ის ადამიანს, ვინც დაბადებიდან არ იზრდებოდა ფლორენციაში. ეს ქალაქი ჩემი წიგნის ერთ-ერთ პერსონაჟად გადაიქცა - არა იმდენად მისი ხელოვნება და კულტურა, რამდენადაც განსაკუთრებული სული და მსოფლმხედველობა, რომელიც მთლიანად მოიცავდა და დღემდე მოიცავს ამ ადგილს; ამის გაგება და შეფასება ცოტას თუ შეუძლია. გარდა იმისა, რომ ცხოვრებაში არაერთ მაკიაველის, ფრანჩესკო გვიჩარდინის, ფრანჩესკო ვეტორის და ამ წიგნის ბევრ სხვა პერსონაჟს შევხვედრივარ, არაერთხელ მინახავს იმისი მსგავსი სამოქალაქო ქცევის, ან უმოქმედობის მაგალითებიც, ნიკოლო და მისი თანამედროვენი რომ აღწერდნენ.

ეს წიგნი განმარტოებაში იქმნებოდა; ისთავად მიაკიველის სულისკვეთებით იყო გამსჭვალული და ბებერი ნიკი (სიტყვების თამაში. ინგლისურ ენაში Old Nick – „ძველი ნიკი“ წარმოადგენს სიტყვა „ეშმაკის“ ევფემიზმს) ეშმაკური ღიმილით იხედებოდა ჩემს ხელნაწერებში. როცა სიმარტოვეში ნიკოლოს მიერ დაწერილ ან ნაკარნახევ დოკუმენტებზე ვფიქრობდი, მისი აზრების წყობას ჩავწვდი (რა თქმა უნდა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ზემოთქმულის გათვალისწინებით). რაც შეეხება მეორეულ წყაროებს, ნიკოლოსადმი მიძღვნილი ამ თვალუწვდენელი ლიტერატურის უმეტესი ნაწილის გაცნობით არა მხოლოდ სიამოვნება განვიცადე, ბევრი რამ ამოვკრიფე კიდეც იქიდან, თუმცა ზოგიერთი ნაშრომი, დამაჯერებლობის მიუხედავად, უსარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის. მათი მიდგომა არსებითად გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ისტორიული დოკუმენტი, თუნდაც ანონიმური, მისი მნიშვნელობის მიუხედავად, მოკლე შენიშვნამდე დაიყვანონ, მაშინ როცა მაკიაველის ხელით დაწერილ ნებისმიერ უთარიღო და გამოუქვეყნებელ ჩანაწერს, რომელიც ზოგჯერ მხოლოდ „მისალმებას და კოცნას“ მოიცავს, მთელი სამეცნიერო სტატია ეძღვნება.

ეს ყოველთვის ცუდი როდია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ დოკუმენტების უმეტესობა ნიკოლოს სიცოცხლეშივე დაიკარგა. დროდადრო მეცნიერები აწყდებიან მანამდე უცნობ მტკიცებულებებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, უკეთ გავიგოთ მაკიაველისთან დაკავშირებული მოვლენების, აზრებისა და ჩანაწერების მნიშვნელობა. ზოგჯერ კი ახალი აღმოჩენების წყურვილი ფიასკოთი მთავრდება. რამდენიმე წლის წინათ ერთმა ავტორიტეტულმა მეცნიერმა გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც სკრუპულოზური საარქივო კვლევების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ 1480-იანი წლების ბოლოს, ასევე მომდევნო ათწლეულში, ნიკოლო მაკიაველი საბანკო საქმით იყო დაკავებული რომში. წიგნს რამდენიმე კარგი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ შემდეგ სხვა ავტორიტეტულმა მეცნიერმა, რომელიც კრიტიკული გონებითა და ფლორენციელისათვის დამახასიათებელი ურჩობით გამოირჩეოდა, დაწერა სტატია, სადაც დაამტკიცა, რომ ხსენებული მაკიაველი ის ცნობილი ნიკოლო კი არა, მხოლოდ მისი კუზენი და სეხნია იყო.

მართალია მუშაობის დროს მხოლოდ ჩემი თავის იმედად ვარ, მაგრამ მაინც მინდა დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო რამდენიმე ადამიანს: პროფესორი უილიამ კონელი მეტად საინტერესო და საისამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა ჩემთვის; პროფესორმა ჰამფრი ბატერსმა პირველად გამაფრთხილა იმ მახეების შესახები, რომლებიც აუცილებლად დამხვდებოდა გზაზე; დოქტორი ბრუკ ეტლი მუდმივად მახსენებდა, რომ დამენახა ტყე და არა ხეები; განსვენებული და დაუვიწყარი პროფესორი ჯოაკინო გარგალო დი კასტელ ლენტინი ჭეშმარიტ სიყვარულს ავლენდა ისტორიის მიმართ; დოქტორი მერი დევიდსონი ყოველთვის ამოუწურავი ცოდნის წყარო იყო ჩემთვის...

უდიდესი მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ჩემი ოჯახი, ქალიშვილები - ფრანჩესკა და ლუდოვიკა, და განსაკუთრებით ჩემი მეუღლე მარია, მისი სიყვარულისა და XV საუკუნის იტალიის ისტორიის ცოდნისთვის. დაბოლოს, მინდა მოვიგონო ჩემი პაპის პაპის... პაპა, ნიკოლო მაკიაველი და მადლობა ვუთხრა არა მხოლოდ უხილავი თანადგომისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ მისი წყალობით (დაწვრილებით აღარ მოვყვები) ჩემს ოჯახს უფლება აქვს, მესა აღასრულოს, როცა მოისურვებს და როგორც მოისურვებს. დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს ახლა, ამ ამბის გაგონებაზე ბებერი ნიკი სიცილით ალბათ იატაკზე გორავს.

ფლორენცია, 2010 წლის 28 მარტი