მიშელ უებელი - რუკა და ტერიტორია
„სამყარომ თავი მომაბეზრა, ზუსტად ასევე, მეც მოვაბეზრე სამყაროს თავი“, - შარლ დ’ორლეანელი
თავაზიანი და შეუმჩნეველი ოფიციანტები ისე უხმაუროდ საქმიანობდნენ, თითქოს დამწვრობის ცენტრის მომსახურე პერსონალი ყოფილიყვნენ.
რა უაზრობაა გასტრონომიულ ექსტაზთან შერწყმისკენ სწრაფვა.
მოხუცებს კი შვილიშვილები აინტერესებთ, ეს ცნობილი ამბავია, და ბუნებრივ ციკლთან არის დაკავშირებული ან კიდევ რაღაც ამდაგვართან, ერთი სიტყვით, მათ ბებრულ თავებში რაღაც ახალი გრძნობები ჩნდება, ვაჟიშვილში მამა კვდება, ეს გასაგებია, მაგრამ პაპა შვილიშვილში ხელახლა ცოცხლდება ან მისი წყალობით რევანშს იღებს.
რომანულენოვან ქვეყნებში საშუალო და ხნიერი ასაკის მამაკაცების დიალოგისთვის პოლიტიკა სრულიად საკმარისია; საზოგადოების დაბალ ფენებში ზოგჯერ მას სპორტი ცვლის. აი ანგლო-საქსური ღირებულებების მიმდევრებისთვის პოლიტიკის როლს ეკონომიკა და ფინანსები ასრულებს; ლიტერატურა ზოგჯერ რაღაც დამხმარე თემაა.
გულახდილი აღიარებისას ადამიანები მხოლოდ თავაზიანობის გამო თუ თანაგიგრძნობენ. რაც გინდათ თქვით და, ადამიანთა ურთიერთობები გახვრეტილ გროშადაც არ ღირს.
ეტყობა, სიბრალულის გამო გვგონია, თითქოს ასაკოვან ადამიანებს ჭამისკენ რაღაცნაირი განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ, რადგან გვინდა საკუთარი თავი დავაჯეროთ, რომ კარგია, ეს მაინც რომ შემორჩათ; სინამდვილეში, ეს სიხარული ისევე ულმობლად ქრება, როგორც ყველაფერი დანარჩენი. და საჭმლის მომნელებელი ორგანოების მოშლითა და პროსტატის კიბოთი მთავრდება.
პატარა ბიჭები ულმობელ ურჩხულებს, ნაცისტურ სვასტიკებსა და გამანადგურებელ თვითმფრინავებს ხატავენ (ხოლო უფრო შეღერებულები - ტუტუებსა და ჭუჭუებს), ყვავილებს კი - იშვიათად. ჟედმა არ იცოდა, ცხადია, არც ვანესამ, რომ ყვავილები მხოლოდ და მხოლოდ სასქესო ორგანოებია, ნაირფერი საშოები, სამყაროს ზედაპირს რომ ამშვენებს და ავხორცი მწერების დასაგლეჯად არის განკუთვნილი.
წარსულის დიდი მხატვრები აღიარებდნენ, რომ მხატვრობაში სილამაზე მთავარი არაა. ოღონდ მაშინ, თუ სამყაროს საკუთარ ხედვას, ერთდროულად თანამიმდევრულს და ნოვატორულს, გვთავაზობდნენ; ეს კი ნიშნავს, რომ ისინი მუდამ ერთი და იგივე მანერით ხატავდნენ, ერთი და იგივე მეთოდს, ერთი და იგივე ოპერატიულ ფორმებს იყენებდნენ და სამყაროს ობიექტებს ფერწერის ობიექტებად გარდასახავდნენ, საკუთარ მანერასა და მიდგომებს მკაცრად იცავდნენ, გარდა ამისა, ეს მათი მანერა იყო და წინათ არასოდეს არავის გამოუყენებია.
...შეიცნო პანიკური, არაფრის მხედავი გამოხედვა მამაკაცისა, რომელსაც სხვა არაფერი უნდოდა, გარდა სურვილის დაკმაყოფილებისა;
ტლანქი მამაკაცური სახე, რომელიც კარგად ჟიმაობს, რამდენიმე წელია ისევ პოპულარული გახდა, რაც, სიმართლე ითქვას, უბრალო მოდური ცვლილება კი არა, არამედ ფუნდამენტურ ფასეულობებთან, სექსუალური სწრაფვის ყველაზე პრიმიტიულ და უხეშ ბუნებასთან დაბრუნება გახლდათ, ამავე დროს დამთავრდა კიდეც ანორექსული მანეკენების ერა, ხოლო მეტისმეტად ფუმფულა ფორმის ქალები რამდენიმე აფრიკელსა და კიდევ რამდენიმე გარყვნილს თუღა აღელვებდა; მესამე ათასწლეულის დაწყებისთანავე უმნიშვნელო ამპლიტუდით დროებითი მერყეობის შემდეგ ყველა დარგი საბაზო, საუკუნეებით შემოწმებულ სტანდარტებს დაუბრუნდა: ქალური სილამაზე ისევ აყვავებული იერით იზომება, მამაკაცური კი ფიზიკური ძალით.
- აა, ეს თქვენ ხართ? - როგორც იყო მოიცალა და ჟედს მიმართა ბეგბედერმა, თან მოუსვენარი ჟინით პირდაპირ თვალებში შეხედა - ის მართლაც ჰგავდა რუსული რომანების გმირს, ჟანრიდან „რაზუმიხინი, ყოფილი სტუდენტი“, თუმცა მისი თვალებიდან კოკაინის ბოროტად გამოყენების კვალი უფრო ჩანდა, ვიდრე რელიგიური გულმოდგინება. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? - გაიფიქრა ჟედმა.
ჟედი ახალგაზრდა აღარ იყო, თუმცა, არც არასოდეს ყოფილა ახალგაზრდა; უბრალოდ, გამოცდილება არ ჰქონდა, ეგ იყო და ეგ.
შეიძლება მარტოობაში წლობით იმუშაო, მეტიც, მხოლოდ ასე შეიძლება მუშაობა, მაგრამ, ყოველთვის დგება მომენტი, როცა მოთხოვნილება გიჩნდება, სამყაროს შენი შემოქმედება აჩვენო, არა იმიტომ, რომ მისი აზრი გაიგო, არამედ უფრო იმიტომ, რომ თავი დაიმშვიდო, დარწმუნდე საკუთარი შემოქმედების რეალობაში, თუ გნებავთ, საკუთარ არსებობაშიც, თორემ სოციალურ გარემოში ცალკე პიროვნება სხვა არაფერია, თუ არა ეფემერული ფიქცია.
საქვეყნოდ ცნობილია, რომ უელბეკი, მკვეთრად გამოხატული მიზანთროპული გადახრების ბაიყუშია და თუ ვინმესთან ურთიერთობა აქვს, ეს მხოლოდ მისი ძაღლია და ესეც საეჭვოა.
- ნახატი... - ფიქრიანად თქვა უელბეკმა, - თუმცა, კედლები მის დასაკიდებლად საკმაოდ მაქვს. ეს ერთადერთი ავლადიდებაა ჩემს ცხოვრებაში, რაც ნამდვილად მაქვს: კედლები.
საოცარია, რომ ადამიანები თავიანთ ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფენ, რომლებიც ერთმანეთთან არაფრით არის დაკავშირებული და ერთმანეთზე არავითარ გავლენას არ ახდენს. ყოველთვის მიკვირდა ამას როგორ ახერხებენ.
- ყველაზე ზუსტად რა განსაზღვრავს ადამიანს? რომელია პირველი კითხვა, რომელსაც იმ ადამიანს ვაძლევთ, რომლის საზოგადოებრივი მდგომარეობის გაგებაც გვინდა? ზოგიერთ სოციუმში ჯერ აინტერესებთ დაქორწინებულია თუ არა, შვილები ჰყავს თუ არა; ჩვენს საზოგადოებაში კი პირველ ყოვლისა, პროფესია აინტერესებთ. დასავლელი ადამიანი ხასიათდება მისი ადგილით საწარმო პროცესში და არა საჯიშე მწარმოებლის სტატუსით.
ლიტერატურასა და მუსიკაში მიმართულების შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, ლინჩის წესით ისე დაგსჯიან, როგორც არაფერი. მაგრამ მხატვრობაში, ღმერთმა არ ქნას, გამუდმებით ერთსა და იგივეს აკეთებდე, დაგაბრალებენ, რომ ერთსა და იმავეს იმეორებ, მაგრამ საკმარისია რამე შეცვალო, მაშინვე გისაყვედურებენ, ყველაფერს ერთად ეპოტინებიო.
მისი (უელბეკის) კაბინეტი სწორკუთხოვანი, შიშველკედლებიანი დიდი ოთახი აღმოჩნდა, რომელშიც მხოლოდ ერთი კედლის გასწვრივ ჩამწკრივებული ბაღის სამი პლასტმასის მაგიდა იდგა. ცენტრალურ მაგიდაზე 24 დიუმიანი iMac-ი და ლაზერული პრინტერი Samsung-ი მოჩანდა; დანარჩენი ორი დაბეჭდილი თუ ხელნაწერი ფურცლებით იყო სავსე. ერთადერთ ფუფუნებად ბორბლებიანი, მაღალზურგიანი შავი ტყავის საოფისე სავარძელი გვევლინებოდა.
- ...გამჭოლი მზერა გაქვს. ვნებიანი მზერა. აი, ეს არის, რასაც ქალები პირველ რიგში ეძებენ. თუ მამაკაცის გამოხედვაში ენერგია ამოიკითხეს და ვნება, მაშინ მას მომაჯადოებლად თვლიან.
ღვთის რწმენა მაინც პრაქტიკული რამეა: თუ არ შეგიძლია მოყვასის დახმარება - ეს კი ცხოვრებაში ხშირად ხდება, უფრო სწორად, თითქმის ყოველთვის ასეა, ავიღოთ თუნდაც მამას სიმსივნე - იმის საშუალება მაინც გაქვს, რომ მისთვის ილოცო.
ადამიანებს ხმები არ ეცვლებათ, ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტად არა, ვიდრე თვალების გამომეტყველება. ტოტალური ფიზიკური ნგრევის მორევში, რომლის ბოლოც სიბერეა, მხოლოდ ხმა და გამოხედვა რჩება ხასიათის სიმტკიცის, მისწრაფებების, სურვილებისა და ყველაფერ იმის ავადმყოფურ, მაგრამ უდავო მტკიცებულებად, რისგანაც შედგება ადამიანის პიროვნება.
... ცხოვრება შეიძლება განისაზღვროს როგორც მკვეთრი ჩავარდნებით დაყოფილი საფეხურების გარკვეული თანმიმდევრობა.
ზოგჯერ ადამიანს ბედი შანსს აძლევს, მაგრამ თუ მას ძალა არ შესწევს და ყოყმანობს, ვერ გადაუწყვეტია მისით სარგებლობა, მაშინ ჩამორიგებული კარტი უკანვე მიაქვს; ყველაფერს თავისი დრო აქვს; დრო ნაბიჯის გადადგმისა და ბედნიერების მოპოვებისა მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება, ხან რამდენიმე კვირა, ყველაზე მეტი - რამდენიმე თვე, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ ხდება, ერთადერთხელ, მეორედ, სამწუხაროდ, შეუძლებელია, ძალიანაც რომ გინდოდეს; აღფრთოვანება, იმედი, ნდობა ადგილს მშვიდ მორჩილებას უთმობს, გულის შემკუმშავ სიბრალულსა და უსარგებლო, მაგრამ კანონზომიერ გრძნობას, რომ რაღაც შეიძლებოდა გამოსულიყო, უბრალოდ შემოთავაზებული საჩუქრის ღირსნი არ აღმოვჩნდით.
არაფერია უფრო ადვილი, - ეუბნებოდა უელბეკი, როცა მწერლის ხელობაზე ყვებოდა, - ვიდრე შენიშვნების კეთება, წინადადებების დააწყობა; მაგრამ რომანის წერა რომ დაიწყო, უნდა დაელოდო, სანამ ეს ყველაფერი დალაგდება, სანამ გარდაუვალი არ გახდება, უნდა დაელოდო, სანამ საარსებო აუცილებლობად არ იქცევა. ადამიანი თვითონ არ წყვეტს წიგნის დაწერას, დაუმატა მაშინ; წიგნი, მისი აზრით, ბეტონს ჰგავს, რომელიც მოულოდნელად შესქელებას გადაწყვეტს, მწერლის როლი მოცემულ შემთხვევაში ის არის, რომ იყოს საჭირო ადგილას, საჭირო დროს და უმოქმედობით აფორიაქებული ელოდო პროცესის თავისთავად მოგვარებას.
გაბედო და შეიყვარო ძაღლი, ეს ნიშნავს შეიყვარო არსება, რომელსაც, იცი, რომ აუცილებლად დაკარგავ;
მხოლოდ სხვა ადამიანებთან ურთიერთობით, მათი მეშვეობით შევიგრძნობთ საკუთარ სიბერეს; მარტო როცა ვართ, საკუთარი თავი მუდამ უკვდავი გვგონია.
აქ გამოთქმულ აზრებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ პერსონაჟებს ეკისრებათ; მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მხატვრული ნაწარმოებია.
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
მთარგმნელი - დავით კახაბერი