რიჩარდ უოშბორნ ჩაილდი - წინასიტყვაობა წიგნისა მუსოლინი
მოცემული წიგნის მასალის განვრცობა, ინტერპრეტირება ან რამის დამატება ჩემი მიზანი არ ყოფილა.
წიგნში აღწერილი დრამის მონაწილეთა უმეტესობას კარგად ვიცნობდი - იმ დროს მე ამერიკის ელჩი ვიყავი იტალიაში. ის ექსტრაორდინარული პიროვნებაც, რომლის შესახებაც აქ შეიტყობთ, ჩემთვის გადაშლილი წიგნია, რადგან ძალიან ახლოს ვიცნობდი მას. ამ ადამიანმა, ბოლოს და ბოლოს, პირდაპირ და მარტივად დაწერა თავის თავზე და ამის გამო უდიდეს პატივს ვცემ.
წინამდებარე ავტობიოგრაფიაზე პასუხს მე ვაგებ. მუსოლინის ცხოვრების შესახებ ბევრს დაუწერია, მაგრამ ყველას სხვადასხვა ინტერესი და მიზანი ჰქონდა.
„ვერაფერი დაიკავებს იმ წიგნის ადგილს, რომელსაც შენ დაწერ“, - ვუთხარი მას.
„მე დავწერ?“ - იგი საწერ მაგიდაზე გადმოიხარა და გაოცებულმა გაიმეორა ჩემი ფრაზა.
ის ხომ მსოფლიოში ყველაზე მოუცლელი ადამიანია. იმ წუთას მომეჩვენა, თითქოს გული დაწყდა იმის გამო, რომ მეგობარს არ ესმოდა მისი.
„დიახ“ - ვუპასუხე და გავუწოდე რამდენიმე ფურცელზე ჩამოწერილი სათაურები.
„კეთილი, - თქვა მან ინგლისურად, - მე ამას გავაკეთებ“.
და ეს მას ჰგავდა - გადაწყვეტილებას ყოველთვის უყოყმანოდ იღებდა.
მან დაიწყო. მკარნახობდა. ეს მე ვურჩიე, ვინაიდან, ჩვეულებრივ, როდესაც თვითონ წერს, გაუთავებლად ასწორებს და ასწორებს, რაც ამჯერად მისთვის მეტისმეტი იქნებოდა. ასე რომ, ის მე მკარნახობდა. როდესაც ხელნაწერი ჩემამდე მოვიდა, ძალიან შევწუხდი, რადგან ლიტერატურული დამუშავების დროს, ხშირ შემთხვევაში, იკარგება ავტორის სული.
„რა შეიძლება ჩავასწორო?“ - ვიკითხე მე.
„რაც მოგესურვება, - მიპასუხა დუჩემ, - შენ კარგად იცნობ იტალიას, იცი, რა არის ფაშიზმი და მეც ისე ნათლად მხედავ, როგორც არავინ.“
მაგრამ ბევრი არაფერი იყო გასაკეთებელი. ამბავი დაიწერა იმ სახით, რა სახითაც აქ არის წარმოდგენილი. ეს მთლიანად მისია, მისებურია! მნიშვნელობა არა აქვს, ამართლებთ თუ არა მას - როდესაც ამ წიგნს წაიკითხავთ, შეძლებთ, გაიცნოთ მუსოლინი, ან თუ თქვენი ხედვა დაბინდულია, უკეთ დაინახოთ იგი. შესაძლოა, არ მოგეწონოთ, მაგრამ იცოდეთ, აქ ერთი სტრიქონიც კი არ არის არაგულწრფელი. მე ასეთი ვერ ვიპოვე.
რა თქმა უნდა, არის ბევრი რამ, რასაც კაცი ავტობიოგრაფიის წერის დროს თავის თავზე ვერ, ან არ იტყვის.
საეჭვოა, მუსოლონიმ თავის მნიშვნელობასა და სიდიადეზე ილაპარაკოს.
როდესაც მოწონებას ან დაგმობას, თეორიებს და „იზმებს“, მომხრეობასა და მოწინააღმდეგეობას გვერდით გადადებ, ერთადერთ ჭეშმარიტ განზომილებას ადამიანის სიდიადისა სწორედ ამ კითხვის პასუხში იპოვი:
„რამდენად მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი იყო ამ ადამიანის გავლენა ხალხზე, მათს გულებზე, მათს აზრებზე, მათს მატერიალურ კეთილდღეობაზე?“
შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ჩვენს დროში ვერც ერთი ადამიანი ვერ მიაღწევს ისეთ სიდიადეს, როგორსაც მუსოლინიმ მიაღწია.
რამდენად ეთაყვანები მას, რამდენად ამართლებ მის ფილოსოფიას, რამდენად უშვებ მისი წარმატების შემთხვევითობას, მიგაჩნია თუ არა იგი ზეადამიანად - შენი ნებაა, მაგრამ უდავოა, რომ მან მთელს კაცობრიობაზე გამოსცადა მანამდე უცნობი პროგრამები, გამოსცადა სულიერებაში, ლიდერობაში, დოქტრინებში, იმ პრინციპში, რომ შიგთავსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იარლიყი ბოთლებზე. მან მოახერხა და არა მარტო დაიცვა და შეინარჩუნა თითქმის უნივერსალური პოლიტიკური მიმდინარეობა, არამედ ააგო სრულიად ახალ კონცეფციაზე დაფუძნებული ახალი სახელმწიფო. მან შეძლო შეეცვალა არა მარტო ადამიანების ცხოვრება, არამედ მათი გონება, მათი გულები, მათი სული. ის არა მხოლოდ მართავდა სახელმწიფოს, არამედ შექმნა ახალი.
და ეს გააკეთა არა ქაღალდზე და არა სიტყვით, ამისთვის მან აგური აგურზე დადო და ისე აშენა.
ერთია, მართო სახელმწიფო და ის, ვინც ამას კარგად ახერხებს, არის სახელმწიფო მოღვაწე, მაგრამ სულ სხვაა, შექმნა ახალი. მუსოლინიმ შექმნა სახელმწიფო და ეს უკვე ზეშემოქმედებაა.
მე ვიცნობდი მას მანამდე, ვიდრე მსოფლიო გაიცნობდა. იტალიის საზღვრებს გარეთაც მესმოდა მის შესახებ. ვიცნობდი მანამდეც და იმის შემდეგაც, რაც მან მოირგო უნაგირი და იტალიაში ქაოსის ნარჩენების წმენდას შეუდგა.
მაგრამ სინამდვილეში მუსოლინის არავინ იცნობს.
მიუხედავად სწრაფი და მტკიცე გადაწყვეტილებებისა, მიუხედავად თავგანწირვისა, მიუხედავად კარგად დალაგებული სამოქმედო გეგმისა, რომელიც მორგებული იყო ყველა შემთხვევაზე, მუსოლინი, პირველ ყოვლისა, არის დაუდგრომელი პიროვნება, რომელიც თავის ლიდერობას მუდამ მდინარე სამყაროს არგებს.
შეცვალე ფაქტები, რომელთა საფუძველზეც მუსოლინი მოქმედებდა და იგი შეცვლის თავის ქმედებებს. შეცვალე ჰიპოთეზა და ის შეცვლის დასკვნას.
შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ის დამახასიათებელი ნიშანი სიდიადისა, რომელსაც იშვიათად აღიარებენ. ადამიანთა უმეტესობას სურვილი აქვს, მოაწესრიგოს სამყარო და სრულყოფილი გახადოს იგი. სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებსაც ჰქონდათ იდეა და ამბიცია ამ იდეის განხორციელებისა, იმედს არ კარგავდნენ, რომ ერთ დღესაც შეძლებდნენ ეთქვათ: „ჩვენ ეს გავაკეთეთ, ჩვენ ეს შევძელით!“ და როდესაც „ეს“ გაკეთებულია, ხშირად ხვდები, რომ „ეს“ არაფერია. ხიდები, რომლებიც მათ ააგეს, გამოუსადეგარი გახდა, რადგან მდინარეებმა კალაპოტი შეიცვალეს და კაცობრიობა უკვე ახალ ხიდებს ითხოვს. „ეს არ არის საუკეთესო აზრი, - ამბობს მუსოლინი, - სრულყოფილი სამყარო სულელური ადგილი იქნებოდა, აუტანლად სულელური“.
ჩვეულებრივი სახელმწიფო მოღვაწის წარმოსახვა მოიცავს მხოლოდ სტატიკურ სამყაროს, ჭეშმარიტი სიდიადის წარმოსახავა კი დინამიკურს, მუდამ ცვალებადს. მუსოლინი მხოლოდ დინამიკურ სამყაროს ცნობს. იგი მზად არის, ფეხი აუწყოს მას, მიუხედავად იმისა, რომ ის გზად შენობებს ანგრევს, ძირს უთხრის ნებისმიერ თეორიას, ანადგურებს გუშინდელს და ქმნის მყვირალა განთიადს მომავლისა.
ოპორტუნისტი სალანძღავი ტერმინია, რომლითაც ამკობენ იმ ადამიანს, ვინც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, გარემოს თავის თავს არგებს. მუსოლინი ოპორტუნისტია იმ გაგებით, რომ სჯერა, კაცობრიობა უნდა მოერგოს ცვალებად გარემოს და არა დადგენილ თეორიებს.
მან ათასობით ადამიანთან ერთად მარშით აიარა არაერთი აღმართი. ეს საკვირველი ადამიანი, არაჩვეულებრივი ცხოვრების გზისა და გასაოცარი აზრების პატრონი, ისეთივე ფსიქოპათური ცეცხლით იყო ანთებული, როგორითაც წმინდანები და ბოროტმოქმედები, ცეცხლით, რომელიც ნაპოლენოს, ჟანა დ’არკსა და ტოლსტოის, რელიგიურ წინასწარმეტყველებსა და ინგერსოლს წვავდა. იგი ამბობს: „ღირებულება „იზმისა“ არ არის „იზმში“; მას არ გააჩნია სხვა ღირებულება, გარდა იმისა, რომ იპოვოს თავის თავში ძალა და შექმნას, აკეთოს და რეალურ ცხოვრებაში გაამართლოს. მან შეიძლება გაამართლოს დღეს, მაგრამ ხვალ მარცხი განიცადოს, ან მარცხი იგემოს დღეს და წარმატებული გახდეს ხვალ. პირველ ყოვლისა, მანქანა უნდა მუშაობდეს!“
მე ვიცი ყველა ფიზიკური და მენტალური თავისებურება ამ კაცისა. იგი ხანდახან მეტისმეტად მშვიდია, მაგრამ დაუცხრომელი ხასიათი მაშინაც არ ასვენებს. ამას შეამჩნევ მის თვალებში, მკვირცხ მოძრაობაში ან მის სიტყვებში, ისე, როგორც ქარს ამჩნევ წყლის ზედაპირზე.
მისი სიარულის მანერაში არის რაღაც შემაპარავი, მკრთალი ნართაული კატის მოძრაობისა. მას მოსწონს კატები - მათი დამოუკიდებლობა, მათი სამართლიანობის გრძნობა და შეგრძნება საკუთარი ინდივიდუალობისა. მას ძუ და ხვადი ლომებიც მოსწონს და ეთამაშება. მუსოლინის ყველაზე საყვარელი ცხოველია არისტოკრატიული წარმომავლობის სპარსული კატა, რომელიც არა მარტო წარმომავლობით ამაყობს, არამედ იმით, რომ მუსოლინის კუთვნილებაა. და მაინც, გარდა ამ შემპარავობისა, როდესაც ნახავთ საჯირითო ჩექმებში გამოწყობილს, მოქნილს და აქტიურს, მუდამ მზად მყოფს იმისათვის, რომ გადახტეს, აუცილებლად თვალში გეცემათ, რომ მასში კიდევ რაღაც არის კატისებური. კატისებურია ერთი თვისება - სრული მარტოსულობის შეგრძნება. ნათელია, რომ მას სჭირდება იზოლაცია - როგორც ყმაწვილკაცს, როგორც ახალგაზრდა რადიკალს, თავგადასავლის მაძიებელს, მუშაკს, მოაზროვნეს.
მუსოლინის შემცვლელი არ არსებობს. არ არსებობს კაცი, ქალი ან ბავშვი, რომელიც მისი პიროვნების ორბიტასთან ახლოს იდგება. მე არ მეგულება ასეტი. ერთადერთი გამონაკლისი შესაძლოა იყოს მისი ქალიშვილი, ედა. ყველა ამბავი მისი კავშირებისა, ვალდებულებებისა და მიდრეკილებებისა აშკარა ნონსენსია. მას ისინი უბრალოდ არა აქვს - არავითარი კავშირი, არავითარი ალიანსი, არავითარი ვალდებულება.
ფინანსურად? ცრუ ენები ამბობდნენ, რომ მას ზურგს უმაგრებდნენ და აფინანსებდნენ იტალიელი მრეწველები. ეს სასაცილოა მათთვის, ვინც რეალობა კარგად იცის. მისი ხელფასები თითქმის არაფერია. მისი ოჯახი ღარიბია.
პოლიტიკურად? ვისი ვალი შეიძლება ჰქონდეს? თითოეული მან თავად შექმნა და შეუძლია თავადვე გაანადგუროს. მას სხვა არანაირი პოლიტიკური ვალი არა აქვს. ხშირად უცდია, გადაეხადა წარსულისთვის: მჯერა რომ მისი ცინიზმი ეფუძნება ზოგიერთების წარუმატებლობას.
„თითოეულის პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“, - ამბობს იგი. მისი სიტყვები მტკიცე და ურყევია. პირადულ საუბარში კი მას თვალებსი ამ დროს მწუხარება გამოკრთის.
იგი პასუხისმგებლობას იღებს ყველაფერზე - დისციპლინაზე, ცენზურაზე, ზომებზე, რომლებიც ბევრს რეპრესიული და სასტიკი ეჩვენება. „ჩემია!“ - ამბობს იგი და ამის დასაცავად ბოლომდე იდგება ან დაეცემა. მიმზიდველი სიზარმაცეა.
„ჩემია!“ - ამბობს იგი.
და მიუხედავად იმედების გაცრუებისა, მან შეინარჩუნა სიცილის უნარი - თუმცა ხშირად, არ შეიძლება არ ვთქვა, რომ სიცილი ზიზღიანია; მან შეინარჩუნა რწმენა იმისა, რომ შეუძლია ააგოს ფაშიზმის მანქანა, დამყარებული არა რომელი დადგენილ თეორიაზე, არამედ შექმნილი ერთი მიზნისთვის - იმუშაოს, იფუნქციონიროს, აკეთოს, მიაღწიოს და სხვა „იზმებისგან“ განსხვავებით, ბოთლები ჯერ ღვინით აავსოს და შემდეგ მიაკრას იარლიყი.
მუსოლინის სწამს ბედისწერისა. მას ეს ხშირად უთქვამს. ეს რწმენა პირად კეთილდღეობას არ გულისხმობს. მკვლელის ტყვიამ ერთ დღეს შეიძლება გააქროს იგი და დატოვოს მისი ოჯახი სიღარიბეში. ეს დასასრული იქნება. მაგრამ მას სჯერა ბედისწერისა, რომელიც მისცემს საშუალებას, ბოლომდე მიიყვანოს ახალი სახელმწიფოს მშენებლობა, სრულყოს მანქანა, „რომელიც იმუშავებს და რომელსაც მუდამ ექნება სული“.
კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა. რომზე მარშამდე ცოტა ხნით ადრე იგი ჩემს რეზიდენციაში მოვიდა და მე მას ვკითხე, როგორი იქნებოდა მისი პროგრამა. მან უყოყმანოდ მიპასუხა: „მუშაობა და დისციპლინა“.
იმ დროს ეს ფრაზა, ცოტა არ იყოს, ევანგელისტურად მომეჩვენა, ის ქადაგებას ჰგავდა. მაგრამ წმინდა წყლის დემაგოგი ამას არ იტყოდა. უილსონის სლოგანები უფლებებზე, მშვიდობაზე და თავისუფლებაზე უფრო პოპულარულია, ვიდრე შტერნერისა. გულწრფელი მქადაგებლისთვისაც კი უფრო იოლია, მიმდევრებს თბილი ბუდეები შესთავაზოს; გაცილებით რთულია, გააღვივო ენთუზიაზმი დოქტრინებით. ნებისმიერი ანალიზი ან შეფასება მუსოლინის სიდიადისა უნდა შეიცავდეს იმის აღიარებას, რომ მან მოახერხა და ხალხის მასებში გაავრცელა ინდივიდის ვალდებულების სტანდარტი, რომელიც არა მარტო მოთხოვება, არამედ ნებაყოფლობით უნდა აღიაროს თითოეულმა. და ის მართლაც მიიღეს საოცარი სულიერი აღტყინებით, რომელიც სასწაულებრივად შენარჩუნდა იტალიაში იმ წლებშიც, როდესაც ე.წ. ლიბერალები ქვეყანას სვავებივით დასტრიალებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ თუ უკვე მკვდარი არ იყო, იგი სულ მალე მოკვდებოდა.
ადამიანების წინამძღოლობა ზოგადად რთულია. კიდევ უფრო რთულია, წინ წარუძღვე მათ და შორს იყო შემწყნარებლობისგან. უფრო ძნელია, წარუძღვემათ ისე, რომ გაჩნდეს ახალი თაობა ახალი სულისკვეთებით, ახალი მხნეობით. რთულია მართო სახელმწიფო და მოახერხო ეს სტატიკური პროგრამით სტატიკურ სამყაროში, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია ააშენო ახალი სახელმწიფო და გააკეთო ეს სუფთად და საფუძვლიანად დინამიკური პროგრამით, რომელიც დინამიკურ სამყაროზე იქნება მორგებული.
ამ კაცმა ეს მოახერხა. მსოფლიოს ისტორიაში სულ რამდენიმე ადამიანია, ვინც ეს შეძლო. ფრაზა - „მუშაობა და დისციპლინა“ - ღირსეული სლოგანია, საუკეთესო იარლიყი ცარიელი ბოთლისთვის. ექვს წელიწადში ამ კაცმა, რომელსაც პროფესიონალი ოპოზიცია უყეფდა, როგორც პომერანიული ძაღლი, შექმნა კარგი იარლიყი, შეავსო ბოთლი და კონცეფცია რეალობად გარდაქმნა.
შესაძლოა, მან, ვინც ეწინააღმდეგება ამ კონცეფციას, თქვას, რომ მითი იტალიის ახალი სულის შესახებ მხოლოდ მუსოლინის გონებაში არსებობს და ხალხისგან არ მოდის, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერება.
მუსოლინი, როგორც რუზველტი, ტოვებს შთაბეჭდილებას უზღვავი ენერგიის მქონე კაცისა. ასეთ დროს გახსენდება, როგორ უკრავდა ვიოლინოზე, როგორ ფარიკაობდა, გაგონდება მისი გესლიანი იუმორი, მისი სიმხნევე, მისი ურთიერთობა ცხოველებთან, მისი წარმატება კაციობრიობის ძველ, უღიმღამო ნიადაგთან ბრძოლაში. ბრძოლა იქცევა თამაშად, თამაში ხმაურიანია. აბსურდია ამტკიცო, რომ იტალია კვნესის დისციპლინისგან. იტალია ხარობს მასთან ერთად! ეს გამარჯვებაა!
იგი ნამდვილი სპარტანელია. შესაძლოა დღეს ჩვენ ის გვჭირდება, რათა ხელი შეუწყოს ერის ძლიერებას და ბედნიერებას.
როდესაც მუსოლინი პირველად მოვიდა ხელისუფლებაში, ლორდმა კერზონმა მას „აბსურდული კაცი“ უწოდა.
დრომ აჩვენა, რომ იგი არც ძალმომრეობის მომხრე იყო და არც აბსურდული ადამიანი. დრომ აჩვენა, რომ იგი ბრძენი და ჰუმანური კაცი იყო.
მსოფლიოს დიდი დრო დასჭირდება, რომ შეაფასოს მისი პიროვნება!
მიიღებ მას თუ შეიძულებ, უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხის ფართო მასებზე გავლენის თვალსაზრისით, დუჩე თანამედროვეობის ყველაზე დიადი ფიგურაა.
იგი თავის თავისთვისაც მისტიკოსია.
მე წარმომიდგენია, როგორ იწვდის ხელს, რათა შეეხოს რეალობას საკუთარ თავში და აღმოაჩენს, რომ წინ წასულა, მარტოსული, თავგანწირული, ხელშეუხებელი, მიუწვდომელი - მაგრამ, მაინც წინ!