ინტერვიუ გაბრიელ გარსია მარკესთან - ამჯერად, მითებისა და ლეგენდების გარეშე...

„მე მინდა ვემსახურო ჩემს სამშობლოს და 
არა ჩემის სამშობლოს მთავრობას...“, - გ.გ. მარკესი

იტალიური ყოველკვირეული გამოცემა „პანორამას“ კორესპონდენტმა გაბრიელ გარსია მარკესს სთხოვა თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოეთხრო.

- მამაჩემსაც გაბრიელი ერქვა,  - ამბობს მარკესი, გაბრიელ ელიჰიო გარსია. იგი ტელეგრაფისტად მუშაობდა არაკატკაში. მაშინ კოლუმბიაში ბანანის ბუმი დუღდა და ატლანტიკის სანაპიროსკენ „მწვანე ოქროთი“ დაიმედებული ხალხი დაიძრა. „იუნაიტედ ფრუტმა“ აქ მიწები შეიძინა და არაკატკა უეცრად მდიდარ სოფლად იქცა.

ჯერ სულ პატარა ვიყავი, როცა მშობლებმა პაპისა და ბებიის კმაყოფაზე დამტოვეს.

- იმ დიდ სახლში, რომლისაც თქვენ ასე გეშინოდათ?

- დიახ, მრავალოთახიანი სოფლური სახლი გვედგა. ამ ოთახებში უფრო მეტი მოჩვენება ცხოვრობდა, ვიდრე ცოცხალი ადამიანი. თუმცა ცოცხლებიც საკმაოდ იყვნენ. საღამოობით ბებია მიყვებოდა ზღაპრებს და ჯადოსნურ ისტორიებს, ბანანის ციებ-ცხელების დროინდელ ლეგენდებს. პაპას ხან ცირკში დავყავდი, ხან კინოში, თან დაუღალავად მიმასპინძლდებოდა სამოქალაქო ომის ამბებით.

- ამბობენ, რომ თქვენ ჯერ კიდევ სიყმაწვილეში უწერდით მოთხრობებს თქვენს უმცროს და-ძმებს და თქვენ თვითონვე ხატავდით ილუსტრაციებს ამ მოთხრობებისთვის. გამოდის, რომ ხატვის ნიჭიც გაქვთ.

- არა, უბრალოდ, მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვწერდი და წერაში ნახატებს ვხმარობდი. მოთხრობებს ვხატავდი.

- მაგრამ, თქვენ არ წახვედით ბოგოტაში ჯერ ისევ პატარა ბიჭი, რომ „მწერალი გამხდარიყავით?“

- მე მაშინ 13-14 წლისა ვიყავი და დედაქალაქში იმისათვის წავედი, რომ როგორმე სტიპენდია მიმეღო - სწავლისათვის საჭირო ფული არა მქონდა. მდინარე მაგდალენაზე ჯერ გემით უნდა გემგზავრა. ამ გზას, ჩვეულებრივ, რვა დღე სჭირდებოდა, მაგრამ თუ გემი მეჩეჩზე შეჯდებოდა, ბოგოტაში ჩასვლას 15-16 დღეც კი ჭიანურდებოდა. გზის დასასრულს იდუმალი ქალაქი მელოდა. მართლაც დავინახე მონაცრისფრო, ნაღვლიანი, წვიმით გაჟღენთილი ბოგოტა. მიმოდიოდნენ ცეცხლის ბღუჯა-ბღუაჯად მფრქვეველი ტრამვაები, რომლებზეც მტევნებივით ეკიდნენ მგზავრები. კაცებს შავი კოსტიუმები ეცვათ, შავი ქუდები ეხურათ, ქოლგებიც შავი ეჭირათ. ქალები კი ქუჩებში საერთოდ არ ჩანდნენ. როგორღაც მივაღწიე პანსიონამდე...

გარსია მარკესმა სტიპენდია მიიღო და პატარა ქალაქ სიპაკირას კოლეჯში ჩაირიცხა. აქ იყრიდნენ თავს ჩვენი ყველაზე გაჭირვებული ბავშვები. მარკესმა კოლეჯი 1946 წელს დაამთავრა, მერე კი დედაქალაქის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

- მე მსურდა სხვა რამ მესწავლა - მაგალითად, არქიტექტურა, ანდა მექანიკა, მაგრამ მხოლოდ იურიდიულ ფაკულტეტზე იწყებოდა მეცადინეობა დილით. ასე რომ, დრო მრჩებოდა მემუშავა და ამით თავი მერჩინა.

1947 წელს გარსია მარკესმა პირველი მოთხრობა დაწერა („მესამე მორჩილება“). იმ ხანებში რომანისტმა ედუარდო სალამეა ბორბამ განაცხადა - ახალ თაობას ნიჭი აკლიაო. სწორედ ამ განცხადების პასუხად დაწერა მარკესმა თავისი პირველი მოთხრობა. ბორბამ ცნო თავისი შეცდომა და მწერალს დაეხმარა, რათა მოთხრობა ჟურნალ „ელ ესპექტადორში“ გამოექვეყნებინა. 1952 წლისთვის მარკესი უკვე რამდენიმე ათეული მოთხრობის ავტორი იყო.

კოლუმბიელი ლიბერალების ლიდერისა და რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ხორხე გაიტანას მკვლელობის შემდეგ (1948 წლის 9 აპრილი) კოლუმბიაში სასტიკი რეაქციის ხანა დადგა. უნივერსიტეტი დაიკეტა. მარკესი იძულებული გახდა კარტახენაში წასულიყო თავის მშობლებთან.

1950 წელს იგი დედასთან ერთად არაკატკაში ჩავიდა თავისი წინაპრების სახლის გასაყიდად. მალე ჟურნალისტობა დაიწყო. იგი ერთ ნამცეცა ოთახში ცხოვრობდა, ხუთსართულიანი სახლის სხვენზე. აქ დაიწყო რომანის წერა თავისი ცხოვრების ბედნიერ წლებზე - არაკატკაში გატარებულ ბავშვობაზე.

1955 წელს გარსია მარკესი, როგორც „ელ ესპექტადორის“ კორესპონდენტი, ჟენევაში გაემგზავრა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ იქიდან პარიზში ჩავიდა.

- პარიზში ღამით ჩავედი, დავიქირავე ტაქსი და მეც იმ ქუჩას მივაკითხე, სადაც, ჩვეულებრივ, ლათინური ამერიკიდან ჩამოსულები სახლდებიან.

- 1955 წელს დიდი კუბელი პოეტი ნიკოლას გილიენიც იქ ცხოვრობდა...

- ნიკოლას გილიენი ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, აღებდა თავის ოთახის სარკმელს და მთელ ქუჩას ახალ ამბებს გასძახებდა ხოლმე. ერთხელ გალიენმა დაიძახა: „ის დამხობილია“. იმავე წამს ათობით სარკმელი გაიღო. არგენტინელებმა იფიქრეს, ალბათ პერონი ჩამოაგდესო, პერუელებმა იგივე იფიქრეს ოდრიაზე, კუბელებმა - ბატისტაზე, ვენესუელელებმა - პერეს ხიმენესზე, ჩვენ - კოლუმბიელებმა კი - როხა პანილიაზე.


- თქვენი ცხოვრების ამ ხანას თქვენ „ოქროს სიდუხჭირე“ უწოდეთ.

- დიახ. არასოდეს მიცხოვრია ისეთ სიბეჩავეში, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ისე კარგად. ფორტუნამ გამიღიმა.

პარიზში ახალჩასული, ერთხელ, კაფეში ვიჯექი ჩემს მეგობართან ერთად. მეგობარმა „მონდი“ გადაათვალიერა და მითხრა: „ცუდი ამბებია, გაბო, შენი „ელ ესპექტადორი“ დაუხურავთ“. მაგრამ ამ ცნობამ, წარმოიდგინეთ, რომ გამახარა. როგორც იქნა, ავისრულე მთელი სიცოცხლის ოცნება - მეწერა დაწყნარებით.

- მაშინ რომან „პოლკოვნის არავინ ელოდებას“ წერდით არა?

- დიახ, ამ რომანს ნამდვილი ამბავი დაედო საფუძვლად. პაპაჩემი მრავალ წელს ამაოდ ელოდა სამხედრო პენსიას. პაპის სიკვდილის შემდეგ ბებიამ თქვა: „არა, ამ პენსიას მე არ ავიღებ, დაე, იგი თქვენ, ან თქვენს შვილებს დარჩეთო“. მაგრამ პენსია საერთოდ არ მოსულა, ის მხოლოდ რომანის სიუჟეტად გამომადგა... როცა სადილობს დრო მოაწევდა, ჩემი კარადიდან ერთ-ორ ასიგნაციას ვიღებდი, გავდიოდი დასანაყრებლად, სწრაფად ვჭამდი და ისევ სამუშაოს ვუბრუნდებოდი. ერთხელ უჯრაში ხელი მოვაფათურე და დავრწმუნდი, რომ შიგ აღარაფერი იყო, სხვა გზა არ მქონდა, დახმარებისათვის სასწრაფოდ მეგობრებისთვის უნდა მიმემართა. იმდროინდელი ჩემი ყოფა ძალიან დაემსგავსა პაპაჩემის ცხოვრებას. ყოველ დილით მერვე სართულიდან ძირს ჩავდიოდი საფოსტო ყუთის სანახავად, მაგრამ იგი მუდამ ცარიელი მხვდებოდა. რა მექნა, ისევ ზევით ავდიოდი და კიდევ ერთ სტრიქონს ვუმატებდიჩემს რომანს. თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ მეგობრებიდან ჩემს თხოვნას არავინ გამოეხმაურებოდა.

- მაშ როგორ შესძელით სასტუმროს შენარჩუნება, როგორღა იხდიდით ქირას?

- ოთახების ცვლას მივყავი ხელი, ზევით-ზევით, უფრო იაფ ნომრებში ავდიოდი... ბოლოს სულ ზემოთ, სხვენზე აღმოვჩნდი. ერთხელ დიასახლისმა მადამ ლაკრუამ დამიძახა და მითხრა: „შეგიძლიათ სულ ზევით, სახურავქვეშ რომ ოთახია, იქ გადაბარგდეთ, ვალი მერე გამისტუმრეთ“. სწორედ იქ დავამთავრე რომანი და ერთი წლის ქირაც დამედო ვალად...

- თქვენი მეგობარი, არქიტექტორი ვიეკკო ყვება: გაბო სხვენზე ისეთ ოთახში ვიპოვე, როგორსაც მსახურებს აძლევენ ხოლმე ზამთრობით. გაუთბობელი, გაყინული ოთახი. იგი საბეჭდ მანქანასთან პალტოსა და ხელთათმანებსი გამოწყობილი იჯდა.

- დიახ, დიახ, სწორედ ერნან ვიეკკომ გადამარჩინა. ერთხელაც თავისი მანქანით სახლში მიმაცილა და მითხრა: „შენ ასე მძიმე ცხოვრება გაქვს და მაინც სდუმხარ. მე შემიძლია დაგეხმარო“. – „არა, ვუპასუხე მე, ჩემი დახმარება უკვე აღარავის შეუძლია“. – „მაინც რამდენი გჭირდება?“ – „სამასი დოლარი“. უმალვე ჩეკი ამოიღო, ხელი მოაწერა და გადმომცა: „როცა შეძლებ, მაშინ დამიბრუნე“.

მეორე დღესვე ჩავირბინე და მადამ ლაკრუას ვალი გადავუხადე. თან შევეკითხე: „ამდენ ხანს რატომ დამაცადეთ მეთქი?“ მისმა პასუხმა გამაკვირვა: „ვხედავ, ჩემი მდგმურები ქეიფსა და ღრეობაში ათენ-აღამებენ, თქვენ კი სამ-ოთხ საათამდე უკაკუნებთ საბეჭდ მანქანას, რომ ქირა როგორმე გადამიხადოთ“.

დრო მიდიოდა. გარსია მარკესმა ახალ რომანზე - „ავბედით საათზე“ დაიწყო მუშაობა.

- ამ რომანს „ესსოს“ პრემია მიენიჭა 1961 წელს, არა?

- საინტერესო ამბავია. რომანი უკვე დასრულებული მქონდა, პარიზიდან კარაკასში წასვლა რომ გადავწყვიტე. ლათინურ კვარტალში ბევრი ვენესუელელი მეგობარი მყავდა - მხატვრები, მწერლები, მომღერლები. 1958 წელს ისინი სამშობლოს დაუბრუნდნენ რომ რევოლუციურ საქმიანობაში ჩაბმულიყვნენ. მეც მათ გავყევი. მთელი ჩემი ქონება მხოლოდ ჯინსები, ნეილონის პერანგი და პატარა ჩემოდანი გახლდათ. რომანს ჰალსტუხი ჰქონდა შემოკრული და ჩემოდანში მედო.

ვენესუელიდან ბარანკილიაში ჩავედი და იქ მერსედესზე ვიქორწინე. კარაკასში უკვე ორნი დავბრუნდით. მეუღლე ჩემი ნივთების მილაგებას შეუდგა. ჰალსტუხშემოკრული ხელნაწერი რომ ნახა, იკითხა: „ამას რა ვუყო, გადავაგდო?“ „როგორც გინდა, - ვუპასუხე, - ჩემი რომანია... დიდი არაფერია“. მაგრამ მერსედესმა ხელნაწერი მაინც არ გადააგდო, ჩემოდანში ჩააბრუნა.

ერთხელ რომელიღაც მეგობარმა მკითხა, რატომ არ მონაწილეობ „ესსოს“ პრემიის კონკურსშიო. არაფერი მაქვს მეთქი, გასაგზავნი, ვუპასუხე. „შენ ხომ არ დაგავიწყდა ჰალსტუხშემოხვეული რომანი?“ შემეკითხა მერსედესი. ეს რომანი მართლა დავიწყებული მქონდა. ხელნაწერი მეგობარს გადავეცი და მანაც აღარ დააყოვნა, ბოგოტაში წაიღო. „ესსოს“ პრემია მაშინ სწორედ ამ რომანს მიენიჭა. ფული ზუსტად ჩემი ვაჟიშვილის დაბადების დღეს მივიღე. გადავიხადე კლინიკის საფასური, სადაც მერსედესმა მოილოგინა, ვიყიდე ავტომანქანა და ისევ უფულოდ დავრჩი. სამაგიეროდმე მყავდა ვაჟი და მქონდა ავტომანქანა!

გარსია მარკესი განუწყვეტლივ წერდა მოთხრობებს და ჩემოდანში აწყობდა. 1965 წელს რომანი „მარტოობის ასი წელიწადი“ გამოვიდა.

- ამ რომანს მექსიკაში ვწერდი 1965-1967 წლებში. ძალიან ძნელი დრო იყო. ჩვენ უსახლკაროდ ვიყავით, მაგრამ სამაგიეროდ, ტრაქტორივით ვმუშაობდი. მივხვდი, რომ საქმე კარგად მიდიოდა და მერსედესს ვუთხარი: „ყველა დანარჩენი საქმე შენ უნდა ითავო“. მთელი წელი გარეთ გამოუსვლელად ვიჯექი. უფრო სწორად, ერთხელ დავტოვე ბინა. ეს მაშინ, როცა მერსედესი გამომიტყდა - ჩვენი რესურსები მთლიანად ამოიწურაო. იძულებულმა ავტომანქანა დავაგირავე და შინ ფული რომ მოვიტანე, ვთქვი: „ეს ფული ათ წელიწადს უნდა ვიმყოფინოთ“. ფული გვეყო... მხოლოდ სამ თვეს. ბეჯითად ვმუშაობდი. დაწერილი მქონდა რომანის დაახლოებით ნახევარი, როცა სახლის პატრონმა მერსედესს დაურეკა: „სენიორა, თქვენ სამი თვეა ოთახის ქირა არ გადაგიხდიათ“. მერსედესმა ყურმილს ხელისგული დააფარა და მკითხა: „რამდენ ხანში დაასრულებ რომანს?“ – „ექვს თვეში“. ქალმა სახლის პატრონს მოახსენა: „სენიორ, ჩვენ სამი ტვისას კი არა, ცხრა თვის ქირას გადაგიხდით ერთად“. – „ჰო, მაგრამ იძლევით კია პატიოსან სიტყვას, რომ ნახევარი წლის შემდეგ გამისწორდებით?“ მერსედესმა ისევ დაახშო ყურმილი და მე მომიბრუნდა. – „კი, პატიოსან სიტყვას გაძლევთ“, - ვუთხარი მე.

- სამაგიეროდ, როცა „მარტოობის ასი წელიწადი“ დაამთავრეთ, ერთბაშად გამდიდრდით...

- ერთბაშად, არა, იმ დღეს, როცა რომანი დავასრულე, ფოსტაში წავედით, რათა ხელნაწერი არგენტინაში გადაგვეგზავნა გამომცემლისთვის. ფოსტაში ჩემი პაკეტი აწონეს, სულ შვიდასი გვერდიიყო, და გაგზავნაში 83 პესო გვთხოვეს. „ჩვენ მხოლოდ 45 პესო გვაქვს“. - თქვა მერსედესმა. მაშინ ხელნაწერი ორ ნაწილად გავყავით, პირველი ნაწილი ისევ შევფუთეთ და გავგზავნეთ, ხოლო მეორე ნაწილი, შინ მივაბრუნეთ. მერსედესმა ჩვენი ყველა ფასიანი ნივთი: ლითონის ღუმელი (მე სიცივეში მუშაობა არ შემიძლია), თმის საშრობი და სხვ. ლომბარდში წაიღო. ასე შეაკოწიწა 50 პესო.

ისევ ფოსტაში მივბრუნდი და რომანის მეორე ნაწილიც გავგზავნეთ. მთელი ორი პესო ხურდა დაგვიბრუნეს. მერსედესმა ხურდა ჯიბეში ჩაიყარა და ჩაილაპარაკა: „სეირი მაშინ იკითხე, ამ დაწყევლილმა წიგნმა რომ არ გაამართლოს“.

- რა აზრისა ხართ დიდებაზე?

- მას აქვს თავისი უსიამოვნო მხარეები, მაგრამ აქვს ღირსებებიც. ერთხელ, კავშირგაბმულობის მუშაკების გაფიცვისას, დარეკვა დამჭირდა. შეიტყვეს თუ არა, რომ ლაპარაკი გარსია მარკესს სურდა, ტელეფონისტმა ქალებმა მითხრეს: „სენიორ, ჩვენ გაფიცულები ვართ, მაგრამ გაფიცვა თქვენ არ გეხებათ“. ასეთი რამ, ცხადია, სასიამოვნოა. მაგრამ ცუდია, როცა საქმე შენს პირად ცხოვრებას ეხება. ჩემზე, და რაც მთავარია, ჩემს საქმიანობაზე ყვებიან ათასგვარ ზღაპრებს. სინამდვილეში, ჩემი ერთადერთი მთავარი საქმე სამწერლო შრომაა. ვმუშაობ, ჩვეულებრივ, დილის ცხრა საათიდან დღის ორ საათამდე, დანარჩენ დროს მეგობრებთან და ოჯახურ გარემოში ვატარებ.

- თქვენ მუდამ უხალისოდ ლაპარაკობთ თქვენი გმირების წარმომავლობაზე...

- დიახ, მე ვიცავ ჩემი გმირების პროტოტიპებს ცნობისმოყვარეთაგან. მიმაჩნია, რომ სერიოზული მწერალი არასოდეს არ ლაპარაკობს ვინ ან რა გამოიყენება სახის შესაქმნელ მასალად. მით უმეტეს, რომ პერსონაჟი ერთი პროტოტიპიდან „ნაძერწი“ როდია, იგი უფრო ავტორის ნაცნობ სხვადასხვა ადამიანთა სახეებიდან შექმნილი მონტაჟია. პერსონაჟთა მოქმედებას, ქცევას, ზოგჯერ სრულიად შემთხვევითი დაკვირვება განსაზღვრავს. როცა „მარტოობის ას წელიწადს“ ვწერდი, რემედიოსის ცად ამაღლების სურათის შექმნა დამჭირდა. ვწერდი და ვშლიდი ამ სურათს, მაგრამ ჩემი რემედიოსი ვერა და ვერ ავაფრინე. ერთხელ ეზოში გამოსულმა დავინახე, რომ მრეცხავი ქალი თეთრეულს ფენდა. ძლიერი ქარი ქროდა და ზეწრებს აფრიალებდა. მაშინვე მივხვდი რემედიოსის „ვერამაღლების“ მიზეზს - ვერ მოვისაზრე ქარში მფრინავი თეთრეულის გამოყენება. შინ შევბრუნდი. აღვჭურვე რემედიოსი ზეწრებით და სწორედ ამ ქარში მოტკაცუნე ზეწრების აკომპანიმენტით ზეცას ავაფრინე.

- ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიგელ ასტურიასმა მსოფლიო ლიტერატურაში დიქტატორის საშინელი და, სამწუხაროდ, ლათინური ამერიკისათვის აგრე დამახასიათებელი სახე შემოიყვანა („სენიორ პრეზიდენტი“). უკანაკსნელ ხანებში ეს თემა კვლავ აღელვებთ ლათინური ამერიკის მწერლებს. მე ვგულისხმობ, კარპენტიერს, ბასტოსას და... გაბრიელ გარსია მარკესს, რომელმაც „პატრიარქის შემოდგომით“ დაგვასაჩუქრა...

- დიდი ხანია, რაც ჩემს ცნობიერებაში ჩამოყალიბდა სახე ღრმად მოხუცი კაცისა. იგი დაეხეტება ძველი სასახლის მიტოვებულ დარბაზებში, სადაც ძროხები და ფრინველები შეფარებულან. ამ სურათით იწყება ჩემი თხრობა რეტიან ცხოველზე - ლათინური ამერიკის დიქტატორზე, მაგრამ რომანში შესაღწევად სხვა გასაღებებიცაა. როცა „მარტოობის ას წელიწადს“ ვქმნიდი, გამოვიყენე ჩემი დედ-მამის, პაპა-ბებიისა და საერთოდ იმ ხალხის გამოცდილება, ვისაც ბავშვობიდანვე ვიცნობდი. გამოვიყენე მათგან გაგონილი ამბები, ლეგენდები, გადმოცემები. ხოლო „პატრიარქის შემოდგომა“ მთლიანად ჩემს პირად გამოცდილებაზე აგებული რომანია. შეიძლება ასეც ითქვას - იგი ჩემი მემუარების ნაწილია.

- თქვენი სტილიც შეიცვალა...

- ლიტერატურული ფორმა ჩვენს ჭირვეულებას როდი ემორჩილება: მას მუდამ სიუჟეტი განსაზღვრავს. „მარტოობის ასი წელიწადი“, ასე ვთქვათ, სწორხაზობრივი რომანია, ეპიზოდებში მასში ტრადიციული, ქრონოლოგიური რიგით მისდევს ერთმანეთს. „პატრიარქის შემოდგომაში“ დრო არ არსებობს. ჩემი გენერალი ისე მოხუცია, რომ ისიც კი აღარ ახსოვს, საიდან მოვიდა, ამიტომ სიუჟეტი იქ სპირალურად ვითარდება.

 - ადამიანურ გრძნობათაგან რომელი უფრო აქტიურად მონაწილეობს თქვენს შემოქმედებაში?

- ყნოსვა. მთელი ჩემი ბავშვობა სწორედ სურნელებათა წყალობით შემორჩა ხსოვნას. მე ისინი გაცილებით უკეთ მახსოვს, ვიდრე, მაგალითად, ბგერები. მგონია, რომ ყნოსვა აუცილებელია ლექსების შესაქმნელადაც.

- მუსიკა? „პატრიარქის შემოდგომაში“ ფირფიტებზე ჩაწერილი ბრუკნერის მუსიკა ახშობს წამებული ადამიანების ყვირილს. რას იტყვით ამ კომპოზიტორზე?

- მართალი გითხრათ, მაქვს ერთი საიდუმლო გატაცება- მუსიკა. მე თითქმის ყველა კომპოზიტორის ნაწარმოებთა ჩანაწერებს ვაგროვებ, ბერლიოზისა და ჰაიდნის გარდა. იცით, მეჩვენება, რომ ზოგიერთ კომპოზიტორს ხიფათი მოსდევს. დაცდილი მაქვს, როცა ჩემს სახლში ბერლიოზი აჟღერდება, რაღაც უბედურება უნდა შემემთხვეს. ბერლიოზი პირველად რომ მოვისმინე, თმა ყალყზე დამიდგა. მე ამ მუსიკას გავექეცი - დარწმუნებული, რომ რაღაც უსიამოვნო შემემთხვეოდა. იმის შემდეგ ბერლიოზს აღარ ვისმენ. ასეთსავე იდუმალ შიშსა მგვრის ჰაიდნიც. მართალია, ერთხელ სან-ფრანცისკოში, გრამჩამწერების მაღაზიაში მოვისმინე ნამდვილად ამაღელვებელი, გასაოცარი რამ. ეს იყო ჰაიდნის „სამყაროს შექმნა“. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ადრინდელი დამოკიდებულება ამ კომპოზიტორისადმი სწორი არ იყო...

- მართალია, რომ „პატრიარქის შემოდგომა“ თქვენი უკანასკნელი რომანი იქნება?

- ყველა ჩემი რომანი დიდი ხნის ფიქრის, დიდი ხნის შინაგანი წვის ნაყოფი იყო. „მარტოობის ასი წელიწადისათვის“ შენიშვნებს ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ვწერდი, ხოლო „პატრიარქის შემოდგომა“ თხუთმეტ წელიწადს „მწიფდებოდა“. ერთი სიტყვით, ერთ რომანს რომ ვამთავრებდი, მე უკვე ვიცოდი, როგორი იქნებოდა მომდევნო, რადგან ახალი რომანის ეპიზოდები დიდი ხნიდან მიტრიალებდნენ თავში. ახლა კი ჩემს არსებაში არავითარ რომანს არა ვგრძნობ. მაგრამ მე მაქვს მასალა, რომელიც საკმარისია თუნდაც ასი მოთხრობისა და მემუარების რამდენიმე ტომისათვის. ამასთან მე ვწერ გამოკვლევას კუბის რევოლუციაზე, უფრო სწორად, ბლოკადისდროინდელი კუბის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ციფრებსა და დასკვნებს ისტორიკოსებს ვუტოვებ. მე მინდა ვილაპარაკო, - ამჯერად უკვე მითებისა და ლეგენდების გარეშე, - თუ როგორი იყო კუბელი ხალხის ყოველდღიური ბრძოლა, რა ნებისყოფა დასჭირდა იმ უძნელესი საკითხების გადასაწყვეტად. თავისი საქმის სიმართლის რა ურყევი რწმენა უნდა ჰქონოდა, რათა გადაელახა ბლოკადის სიძნელეები და შეენარჩუნებინა მისთვის ესოდენ დამახასიათებელი ოპტიმიზმი. ზოგიერთებს სურთ, დრომ თან წაიყოლოს წარსულიც, მე კი მინდა, დროს არაფერი გავატანო.