თეოდორ დოსტოევსკი - იდიოტი

ვთქვათ, კაცს აწამებენ; ამ დროს ტანჯვა, ჭრილობები, ხორციელი ტკივილი აწუხებს, ეს ყველაფერი კი სულიერ ტანჯვას ავიწყებს, ასე რომ სულის ამოხდამდე მხოლოდ ჭრილობები ტანჯავს, მაგრამ ყველაზე დიდი, ყველაზე გაუსაძლისი ტკივილი იქნებ ჭრილობა არც იყოს, იქნებ ის არის, რომ დანამდვილებით იცი, აგერ ერთი საათის, მერე ათი წუთის, მერე ნახევარი წუთის, მერე, აი, ამ წუთს სიცოცხლეს გამოესალმები, ადამიანი აღარ იქნები და ეს უეჭველია. სწორედ ესაა მთავარი, რომ უეჭველია. აი, თავს რომ დადებ დანის ქვეშ, გესმის, როგორ დაცურდება ის შენს თავზე, სწორედ ეს მეოთხედი წამია ყველაზე საშინელი.

ძალიან ხშირად მხოლოდ გვეჩვენება, საერთო თითქოს არაფერი გვაქვს, სინამდვილეში კი დიახაც არის... ადამიანებს ეს სიზარმაცით მოსდით, ერთმანეთს რომ ერთი შემთხვევით ახარისხებენ და ვერაფერს პოულობენ საერთოს...

ვნებით თავბრუდახვეული კაცი, ისიც ხანში შესული, პირწმინდად ბრმავდება და საიმედო რომც არაფერი ჰქონდეს, იმედს მაინც არ ეშვება. კიდევ მეტი, გონებას ჰკარგავს და რა ჭკუის კოლოფიც არ უნდა იყოს, ბრიყვი ბალღივით იქცევა.

მაშასადამე, მართლაც არ შეიძლება „წუთების ანგარიშით“ ცხოვრება.

ბავშვებს ყველაფერი შეგიძლია უამბო. სულ მიკვირდა, მოზრდილები რა ცუდად სცნობენ-მეთქი ბავშვებს. არც დედ-მამამ იცის თავისი შვილების ამბავი. ბავშვებს კაცმა არაფერი არ უნდა დაუმალოს, ვითომც პატარები არიან და მათთვის ადრეა ყველაფრის ცოდნაო. რა უბადრუკი მოსაზრებაა!

სწორედ იმითაა ფული ყველაზე მეტად საზიზღარი და საძულველი, რომ ის ნიჭსაც აძლევს ადამიანს და მისცემს კიდეც, ვიდრე ეს ქვეყანა იარსებებს.

მე კი მგონია, მაგალითად, რომ ამქვეყნად ქურდი უფრო მეტია, ვიდრე არაქურდი.

...თუ იურიდიული უფლება არ გაგვაჩნია, ადამიანური, ბუნებრივი უფლება ხომ არსებობს, საღი განსჯის უფლება და სინდისის ხმა, და თუ ჩვენი უფლება არც ერთ დამპალ ადამიანურ კოდექსში არ წერია, კეთილშობილი და პატიოსანი, ანუ იგივე საღად მოაზროვნე კაცი, მოვალეა კეთილშობილება და პატიოსნება გამოიჩინოს იმ პუნქტებშიც, რომელიც არც ერთ კოდექსში არაა მოხსენიებული.

ხომ იცით, მკვდარს ასაკი არა აქვს.

ორიგინალობის უქონლობა დედამიწის ზურგზე ადამჟამობიდან მოყოლებული ყველგან ითვლებოდა თავიანი, საქმიანი და პრაქტიკოსი ადამიანის საუკეთესო რეკომენდაციად, ყოველ შემთხვევაში, ადამიანთა ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი (ამდენი მაინც) მუდამ ასე ფიქრობდა და მხოლოდ ადამიანთა ერთი პროცენტი მსჯელობდა და მსჯელობს ახლაც სხვანაირად.

აბა მითხარით, რომელ მოსიყვარულე დედას არ გაუსკდება შიშით გული, თუ მისი ვაჟი ან ქალი გაკაფულ გზას გადაუხვევს. „არა, შენი ჭირიმე, ორიგინალობას რა თავში ვიხლი ოღონდ ბედნიერად და უზრუნველად იცხოვროსო“, - ფიქრობს ყოველი დედა, როცა თავის შვილს ურწევს აკვანს. გადიებიც კი ათადან ბაბადან ამას დასტუტუნებენ და დამღერიან აკვანს: „ოქროებში ჩაჯდებიო, გენერალი გახდებიო!“ მაშასადამე, გენერლობა ჩვენი გადიებისთვისაც უდიდეს ბედნიერებას წარმოადგენდა და როგორც ჩანს, არხეინი, ნეტარი ცხოვრების ყველაზე გავრცელებული ნაციონალური იდეალი გახლდათ. განა არა: გამოცდის ავად თუ კარგად ჩაბარებისა და ოცდათხუთმეტი წლის სამსახურის შემდეგ ვინ არ მიაღწევდა ჩვენში გენერლობას და ლომბარდში გარკვეულ თანხას არ დააგროვებდა?

ყველაზე მოურჯულებელმა, მოუნანიებელმა მკვლელმაც კი იცის, რომ ის დამნაშავეა, ანუ გულში თვლის, რომ ცუდად მოიქცა, თუმცა არ ნანობს ამას, ვინც არ უნდა იყოს, ყველა ასე გრძნობს.

ყოველი სინამდვილე თითქმის მუდამ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, თუმცა თავისი გარდაუვალი კანონები კი გააჩნია და რაც უფრო ნამდვილია, ზოგჯერ მით უფრო დაუჯერებელიც.


რაკი ცოცხალია, მაშასადამე, ყველაფერი მის ხელთაა!

რაც არ უნდა გენიალური, ახალი, ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში, მაინც რჩება მუდამ ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით ვერ გადასცემ, თუნდაც მთელი ტომები დაწერო და ოცდათხუთმეტი წელი იქადაგო; მუდამ არის რაღაც ისეთი, რაც არაფრის დიდებით არ დათანხმდება შენი ტვინიდან გამოსვლას და მუდამ შენთან დარჩება, ისეც წახვალ ამ ქვეყნიდან, რომ შენს უმთავრეს იდეას ვერავის გადასცემ.

არ შეიძლება იცოცხლოს კაცმა, როცა ცხოვრება ესოდენ უცნაურ, ესოდენ შეურაცხმყოფელ ფორმებს იღებს.

არარაობისა და უძლურების შეგნების სიმწარესაც აქვს თავისი ზღვარი, რასაც ადამიანი ვერ გადააბიჯებს და რაშიც ბოლოს უდიდეს ნეტარებას პოულობს...

პროტესტი ზოგჯერ პატარა საქმე როდია...

ჭკვიანმა „ჩვეულებრივმა“ ადამიანმა თუნდაც წუთით (გინდ მთელი სიცოცხლე) თავი გენიოსად და ორიგინალურზე ორიგინალურად წარმოიდგინოს, გულის სიღრმეში ეჭვის პატარა ჭია მაინც უფუთფუთებს, და ამ ჭიას ხანდახან ჭკვიანი კაცი სრულ სასოწარკვეთამდე მიჰყავს. ხოლო თუ ბედს დამორჩილდა, გულში ჩამარხული პატივმოყვარეობა ერთიანად წამლავს და შხამავს.

დაანახეთ რუს კაცს რუსული „ქვეყანა“, მიეცით საშუალება აღმოაჩინოს ეს ოქრო, ეს განძი მისგან მიწაში ჩაფლული! აჩვენეთ მას მომავალში მთელი კაცობრიობის განახლება და მკვდრეთით აღდგომა ვინძლო მხოლოდ ერთი რუსული აზრის, რუსული ღმრთისა და ქრისტეს მეოხებით და ნახავთ, რა გოლიათი ბუმბერაზი, ალალი, ბრძენი და სათნო აღიმართება განცვიფრებული მსოფლიოს წინაშე, განცვიფრებულისა და შეშინებულის, ვინაიდან ჩვენგან ისინი მხოლოდ მახვილს, მახვილსა და ძალმომრეობას გამოელიან, ვინაიდან საკუთარი თავის მაგალითით, ჩვენც ბარბაროსებად გვსახავენ. ასეა დღემდე, რაცხანი მიდის, უფრო მეტად!