ვაჟა ფშაველა - წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას
თხოვნა

პატივი მაქვს ვაცნობო ზემოხენებული საზოგადოების მმართველობას, რომ ჩემდამი რწმუნებული სკოლა, რომელშიაც იმყოფება ოცდაათამდე ყმაწვილი და ათამდე ქალი, ექვემდებარება კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგინებელ საზოგადოებას. რადგანაც იგი საზოგადოება გულგრილად უცქერის დედაენაზე სწავლის მსვლელობას, ამიტომ არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას და არცა გზავნის სახელმძღვანელო წიგნებს სამშობლო ენაზე. ამისთვისა ვსთხოვ საზოგადოების მმართველობას უმორჩილესად, დააკმაყოფილოს ეს ჩემი თხოვნა და გამომიგზავნოს ხუთი ეკზემპლიარი „ბუნების-კარი“ და ხუთმეტი „დედა-ენა“.
1882წ. 9 ოქტომბრამდე.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას
თხოვნა

უმორჩილესად ვსთხოვ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, უკეთუ დამინახოს ღირსად თვის გამგეობის ქვეშ სამსახურისა, ჩამაბაროს დიდ-თონეთის სკოლა, რადგან ამ სკოლის მასწავლებლის ადგილი დღეს დაცლილია, ამასთანავე, თუ ჩემი თხოვნა შეწყნარებულ იქნას, მაუწყოს...
1886წ. მკათათვის 27.

მოხსენება

მაქვს პატივი ვაცნობო მმართველობას, რომ დანიშნულს ადგილას გამოვცხადდი 16 ამ თვისას, 17-ს შევუდექი სწავლას. სწავლა ისევ ძველს შენობაში მიმდინარეობს. ჯერჯერობით ოცამდე მოსწავლეა, მათ შორის, ორი სულ ახლები არიან. როგორც საზოგადოება და მამასახლისი იმედს მაძლევენ, მოსწავლეთა რიცხვმა ერთი-ორად უნდა იმატოს. სკოლისათვის საჭიროა „ბუნების-კარი“ არა ნაკლებ 5 ეკზემპლიარისა, „დედა-ენა“ 10 ეკზემ., დაფები, გრიფელები, კარანდაშები, საწერლები, კალმები, რვეულები. ახალი სკოლის შენობა ჯერ არ დაუსრულებიათ. ამასთანავე, ვსთხოვ უმორჩილესად ერთი ეკზ. პროგრამაც გამომიგზავნოს მმართველობამ, რომლითაც მოვალე ვარ ვიხელმძღვანელო.
1886წ. 17 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე

ქართველთა შორის წიგნის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას
მოხსენება

მაქვს პატივი ვაცნობო პატივცემულ მმართველობას, რომ დავალება, ორ კომპლექტად შეგირდების განაწილებისა მოუხერხებელი გამოდგა, თუმცა ამაზედ ეს ორი კვირაა რაც სჯა და საუბარი მაქვს საზოგადოებასთან. საქმე თავისთავადაც არა ჰხერხდება: შეგირდების რიცხვი წელ-წლობით 50-ზე ზევით არ ავა.

ამასთანავე უმორჩილესად ვსთხოვ მმართველობას სკოლისათვის გამოგზავნოს: ნახევარი ოზმა ქაღალდი, რვეულები სახმარებელი გოგებაშვილის „დედანთან“ 40 # 1-2, 15 დაფა, 50 ყარანდაში, 20 კალმისტარი, 20 რეზინი, 20 ეკ. „დედა-ენა“, 4 „ბუნების კარი“, კალმები და გრიფელები თითო კოლოფი, „ვეფხის ტყაოსანი“ 1 წიგნი, „ნაკვესები“ 1 წიგნი, სკოლის წიგნთსაცავისათვის, საწერლები 8, მშრალი მელანი.
1887წ. 12 ოქტომბერი.