ზურაბ ქარუმიძე - მელია ტულეფია: Fox Trot

„ეპოქის სტილი სენსუალობაშია და სენსუალობა სიტიტვლეში“, - დასძინა შაქრომ, თითქოს ვინმე ახლანდელ, ყავახანის ინტელექტუალს, ვინმე მოლაყბე „ესტეტს“ მიუგდო ეს აზრი უგულისყუროდ...

შაქრო კარმელი ბუნებით ხელოვანია, მეტიც - იგი პერსონაჟია, არამედ პერსონაჟი; ხოლო სულით იგი არისტოკრატია და სოციალისტი იმავდროულად, თვითმგვემი ნარცისისტი და ნეტარი მაზოხისტი, რასსისტი - კაცთმოყვარე, წარმართი მართლმადიდებელი და უკუღმართი მოწამე, დაღლილი დენდი და ლუმპენ-პროლეტარი, უპოვარი ფაშა-ეფენდი - ეფექტების მოყვარული: ჰაფიზის ვარდი პრიუდომის უკანალში! არწივი დაჭრილი და ფრთოსანი გველი, ლომი და რწყილი, ნიჭი და ყიყვი, რაღაცა შეკოწიწებული და გადაყრილი, მიბნეულ-მობნეული... შაქრო კარმელი კაცი კი არა, დეკადანსია - დეკადანსი დროთა ნაღრძობი კავშირის წყვეტისას, როცა ლანდები თავიანთ საგნებს კარგავენ! [...] თუმცა, არის ყველაფერ ამაში რაღაცა ზედაპირული: შაქრო კარმელი კაცი კი არა, სხვათა ყოფიერების კიდეზე გამოყვანილი ორნამენტია, ერთი რამ დეკორატიული პარაზიტი, ინდივიდუალური ბიო-სოციალური არშია. მისი ენერგია გარშემო მყოფთაგან მოდის, როგორც ენერგია ჭიისა, როცა მას ფეხს აჭერენ.

მშვენიერება მზისა და მიწის იდუმალი კავშირიდან იშვის - ამ კავშირს, ამ შერწყმას ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანი ეთაყვანებოდა. ვაზი პირველადი განსხეულებაა ამ კავშირისა, ღვინო - პირველადი სუბსტანციაა მისი.

სვანეთში პირწმინდა სილამაზის საიდუმლო ინახება - მზე და მიწა, ხურუში და თესლი, ნათელი და ბნელი, ხედვა და გზნება, აპოლონი და დიონისო, დაფარულის დაუფარაობა, სხეულყოფილი შთაგონება!

ბოლშევიკები შემოვიდნენ და გურჯიევიც გაიქცა; ამბობენ, ახლა პარიზში მოღვაწეობს და უამრავი მიმდევარი ჰყავსო... სხვათა შორის, გურჯიევმა ისიც თქვა, რომ მალე აქ დიდი სისხლი დაიღვრება, რომ მალე ჩვენს თავებს წიხლებს ჩასცემენ და თიხას მოზილავენ, რომ იმ თიხიდან ახალი ადამიანი გამოძერწონ...

ბიზნესის ციებ-ცხელება, ტექნოლოგიური ბუმი, სამეცნიერო გარღვევები - ამათ დაიპყრეს ხალხის გონება და გულები და იქიდან ხელოვნება, რელიგია და პოეზია განდევნეს.
ტოტალიტარული რეჟიმები, რაც უნდა ეკონომიკურ შეჭირვებაში იყვნენ, თავიანთ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ პრიორიტეტებს არ ღალატობენ.

რუსეთში მოგზაურობისას დავრწმუნდი, რომ რუსული ხასიათის, რუსული სულის საიდუმლო რუსუ ქალის მკერდში სცემს და არა რუსი მამაკაცისა, რომელიც ალკოჰოლისადმი ავადმყოფურმა მიდრეკილებამ ერთობ დააკნინა.

შემთხვევები: მტკვარში გადავარდნა. 18 ივნისს ვერის ხიდიდან მტკვარში გადავარდა და დაიხრჩო კატო ქოროღლიშვილი, მიზეზი - რომანტიულია.

მოდი, ეს იმ ჰაზრიან კაცს გაუმარჯოს, ვინაც რომა თბილისის ჩასასახად ამ დალოცვილ მიწას ბარი დაჰკრა!

მოკლედ, დეისტური სურათი დახატა ბატონმა ფიცჯერალდმა: ღმერთი ქმნის სამყაროს და მერე ივიწყებს საკუთარი ქმნილების არსებობას, ან - ცარიელი თვალებით მისჩერებია და ჭკუასუსტის ღიმილი ადევს პირზე, რომელიც არ ჩანს... ხატება, რომელიც ახალ დროებას თვითგააზრებაში ეხმარება.

რევოლუციებს მუდამ თან სდევს პოლიტიზაციის ხანგრძლივი პროცესი, დამეთანხმა გურჯიევი. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ პოლიტიზაცია ხალხის მასებიდან უარყოფითი ენერგიის გენერირებას ახდენს, რაც არათუ ბიზნესსა და ეკონომიკაზე, არამედ ბუნებაზეც კი დამანგრევლად მოქმედებს და, მეტიც, კოსმიურ პროცესთა ნორმალურ დინებას არღვევს. ამ ვითრებით კი მომავალი დიქტატორები სარგებლობენ.

მთავარია ცხოვრების ხარისხი და არა რაოდენობა, რაღაცა დროში დათვლადი და დაანგარიშებადი რაოდენობა.

ოცნებების ახდენა-არახდენაზე ზრუნვა ბავშვების საქმეა. ჩვენი ამოცანა - ფიზიკური გადარჩენაა!

ამავე თემაზე:

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში