პერსონაჟი შაქრო კარმელი დაგნი იუელის შესახებ (მელია ტულეფია:Fox Trot)

შაქრო გულზე ხელის დადებით ღებულობს სიმპათიური ფრანგი არისტოკრატი ქალბატონის ხუმრობას, მაგრამ იმასაც გაიფიქრებს, რომ „ეს ქალი ამერიკულმა პრაგმატიზმმა ერთობ დაამიწა“, რომ ახლა მისი - შაქროს ამოცანაა „ამ ქალის დახსნა მდაბიური პრაგმატიზმის დემონებისაგან“...

- ოცდახუთი წლის წინათ, ამ სასტუმროში (გრანდ-ოტელი), შესაძლოა, აი ამ ნომერშიც კი, სწორედ აქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით მერიონ, ერთი დიდებული ქალი მოკლა მასზე უზომოდ შეყვარებულმა, ჭკუიდან შეშლილმა მამაკაცმა...

- საინტერესოა, რამდენადაა გავრცელებული ქართველ მამაკაცებში ქალებზე ძალადობა? – „მდაბიურად“ დაინტერესდა ფემინისტ-ჟურნალისტი.

- ო, არც ქალი იყო ქართველი და არც მამაკაცი. ის ქალი ნორვეგიელი იყო, არისტოკრატული წარმომავლობისა, თქვენსავით... მისი ბიძა შვედეთის პრემიერ-მინისტრი გახლდათ, მამა - შვედეთის მეფის პირადი ექიმი. თუმცა მისი შინაგანი არისტოკრატიზმი ხელოვნების სფეროში უფრო ფართოდ გამოვლინდა - იგი იყო ბერლინის არტისტული ბოჰემის დედოფალი, სკანდინავიური ლიტერატურის, მუსიკის და მხატვრობის უზენაესი ქალ-ღვთაება. მას ერქვა დაგნი იუელ - ულამაზესი ქალი, ანგელოზისებრი ვამპირი... დიახ, დიახ. ნუ იცინით მერიონ - სწორედ ამგვარ ორსახა არსებად ხატავდა მას ედვარდ მუნკი, დიდი ნორვეგიელი ფერმწერი და დაგნის პირველი სიყვარული! მამაკაცის სისხლისმსმელი ანგელოზი, სიკვდილის მშობელი მადონა! მუნკის ცნობილი ტილოა, ნანახი გექნებათ...

მერიონი წამოდგება და გრამოფონისაკენ მიდის:

- ბესი სმითს დავუდებ ფონად მაგ თქვენი „დემონური ანგელოზის“ ამბავს... მუნკის რეპროდუქციები ნანახი მაქვს და ეგ „მადონაც“ მათ შორის; არ ვიცოდი თუ მისი პროტოტიპი აქ, ამ ოთახში მოუკლავთ... მუნკი არ არის ჩემი სტილის მხატვარი - ძველმოდურია და რაღაცაგვარად სენტიმენტალურიც კი... მე აბსტრაქტულ ფერწერას ვამჯობინებ - იქ მეტი თავისუფლებაა... თუმცა, განაგრძეთ, შაქრო, თქვენ ისეთი შთაგონებით იხსენებთ მაგ ქალს...

გრამოფონიდან შავი სისხლის ძახილი წამოვიდა, „Black water blues”... ბესი სმითის მთვრალი მონოლოგი, ჰარლემური ფორტეპიანოს თანხლებით...

- დაგნი იუელი ისეთ ხალხს შთააგონებდა, რომ მე მათთან სრული არარა ვარ... თვით დიდებული ავგუსტ სტრინდბერგი იყო მისი სიყვარულით მოშხამული და თავის დრამების ფატალური ქალებიც დაგნისაგან გადმოხატა...

- სტრინდბერგი, კიდევ ერთი ქალთმოძულე ფსიქოპათი!

- სტანისლავ პშიბიშევსკი! გსმენიათ ასეთი პოლონელი ავტორის შესახებ?

- არა, არა მსმენია, ვაღიარებ, რომ აღმოსავლეთ-ევროპულ მწერლობას ცუდად ვიცნობ...

- არა თუ მხოლოდ პოლონეთის, პშიბიშევსკი მთელი რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ცეცხლოვანი ავტორი იყო, სატანისტური გენია, შეიძლება ითქვას...

- ვამპირები, სატანისტები, დემონები... თავი გოთიკურ რომანში მგონია, შაქრო! თქვენშიც ხომ არ იმალება რაიმე დემონიური არსება, ჰაა? განაგრძეთ, გისმენთ...

- დაგნი ცოლად გაჰყვა პშიბიშევსკის და ორი შვილიც ეყოლა მისგან, მაგრამ ქმარმა იგი მიატოვა და ასე და ამგვარად - ბერლინული ბოჰემის დედოფალი თბილისში გადმოიხვეწა - ერთმა პოლონელმა ბიზნესმენმა ჩამოიყვანა, ვლად ემერიკი ერქვა - სუსტი, ავადმყოფური ფსიქიკის პატრონი ახალგაზრდა კაცი იყო... დაგნი იყო მისი სიყვარულის და სიხელის საგანი და სწორედ ამ სიყვარულმა და სიხელემ ჩაადენინა მას ის, რაც ამ სასტუმროში მოხდა ოცდახუთი წლის წინათ: ორმაგი თვითმკვლელობა - ჯერ დაგნი მოკლა, შემდეგ კი თავადვე დაიხალა ტყვია...

- ხედავთ, შაქრო, მამაკაცური ძალადობის წინაშე „დემონიური ანგელოზებიც“ უძლურნი არიან... ხოლო ამ ძალადობას კიდევ ინფანტილური ფანტაზიები კვებავს, ეს არის და ეს, ძვირფასო შაქრო. ავადმყოფური ფანტაზიის მქონე ბიჭებმა თოჯინასავით - ჯერ ითამაშეს, გაერთნენ და მერე დაამტვრიეს ეგ ქალი, დაგნი იუელ...

შაქრო ლიმონათს მოსვამს და იტყვის:

- დაგნი იუელის თბილისურ ამბავში სხვა, როგორც თქვენ ეძახით, „ბიჭებიც“ ფიგურირებენ... ირკვევა, რომ ემერიკმა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა ის მკვლელობა და არა რაღაც აგრესიული ფანტაზიების ძალით. დაგნის თბილისში ხანმოკლე სასიყვარულო ინტრიგა ჰქონდა ერთ მეტად უცნაურ კაცთან, მერიონ, - ოდესმე თუ გსმენიათ გიორგი გურჯიევის შესახებ?

- არა, ვერ ვიხსენებ, ეგეც ხელოვანია?

- გარკვეულწილად ხელოვანიცაა - ქორეოგრაფი და მუსიკოსი, ასევე - მკურნალიცაა, მაგრამ მთავარი ის მისტიურ ეზოტერიული მოძღვრებაა, რომელიც მან შექმნა აღმოსავლეთის რელიგიებზე დაყრდნობით. სხვათა შორის, გიორგი გურჯიევი აქ, თბილისში იზრდებოდა, მამით ბერძენი, დედით სომეხი, ახლა კი პარიზში ცხოვრობს და, როგორც ამბობენ, მრავალი მიმდევარი ჰყავს... არ გსმენიათ?

- შაქრო, ჩემნაირ, საუნივერსიტეტო განათლებით ხელიდან წასულ ქალებს მისტიკოსები არ ხიბლავენ, არამედ - პრაგმატიკოსი ჯონ დიუი, ფსიქოანალიტიკოსი ზიგმუნდ ფროიდი, ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი, სოციოლოგები და ა.შ. მისტიკა მამიდაჩემის საყვარელი სფეროა და პაპაჩემსაც იტაცებდა თურმე... ხოლო მე, რა ვქნა, საამისოდ წარმოსახვის უნარი არ მყოფნის - მეცნიერება მესმის, ხოლო მისტიკა - ვაი, რომ არა...


ამავე თემაზე: