ხორხე ლუის ბორხესი - ხმლის ფორმა

სახეს შურისძიებით მიყენებული ჭრილობის ნაიარევი აჩნდა, - ფერფლისფერი, თითქმის უზადო რკალი, რომელიც სახეს ერთი ნახევრის საფეთქლიდან მეორე ნახევრის ლოყამდე სერავდა. მის ნამდვილ სახელს მნიშვნელობა არ აქვს, ტაკუარემბოში ყველა უწოდებდა „ინგლისელს ლა კოლორადაში“.

მიწის მფლობელს, კარდოსოს, არ სურდა ამ მიწის გაყიდვა. გავიგე, ინგლისელმა ისეთი არგუმენტით შეუტია, ვერავინ რომ ვერ განჭვრეტდა წინდაწინ: თავისი ნაიარევის ისტორია უამბო. იგი საზღვრიდან - რიო გრანდე დო სულიდან - მოვიდა. ვიღაც- ვიღაცები ამბობდნენ, ბრაზილიაში კონტრაბანდისტულ საქმიანობას ეწეოდაო. ველები ბალახით დაიფარა, წყალი წამწარდა. ამ ყველაფრის გამოსასწორებლად და ფეხზე დასაყენებლად ინგლისელი მხარდამხარ შრომობდა თავის მუშებთან ერთად. ხალხის თქმით, სისასტიკემდე უკმეხი იყო მათთან ურთიერთობაში, თუმცა სკრუპულოზურად სამართლიანიც. იმასაც ამბობენ, თავისი სასმელი ჰქონდა და იმის წრუპვა უყვარდაო.

წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ ჩაიკეტებოდა თავის ოთახში, ბელვედერში, და ორი-სამი დღის შემდეგ ისეთი გამოდიოდა იქიდან, როგორც ომიდან ან თავბრუსხვევის ჯადოდან დაბრუნებული: ფერმკრთალი, მოტორტმანე, გაბრუებული და მაინც ისეთივე ავტორიტეტული, როგორიც ყოველთვის. ვიხსენებ მის ყინულოვან თვალებს, დაქვეითებულ ენერგიას, ნაცრისფერ ულვაშს. თავშეკავებული იყო, სიტყვაძვირი. ფაქტია, რომ ბრაზილიური აქცენტით დაფერილი მისი ესპანური ელემენტარულ დონეს არ გასცდენოდა. საქმიანი წერილის ან პამფლეტის გარდა, ფოსტას არ იღებდა. როცა უკანასკნელად ვიმოგზაურე ჩრდილოეთის პროვინციებში, კარაგუატას ადიდებულმა წყალმა მაიძულა ღამე ლა კოლორადაში გამეტარებინა. რამდენიმე წუთში ვიფიქრე, ჩემი გამოჩენა ასეთ ფორმაში შეუსაბამო იქნება-მეთქი. ვცადე, თავი მომეწონებინა ინგლისელისთვის და ამისთვის პატრიოტიზმს „მივაწექი“, ვნებათაგან ყველაზე ნაკლებად შორსმჭვრეტელს. აღვნიშნე:

ქვეყანა, რომელსაც ინგლისური სული აქვს, უძლეველია-მეთქი. ჩემმა თანამოსაუბრემ თავი დააქნია, თუმცა ღიმილით დაამატა, ირლანდიელი ვარ დანგარვანიდან, არა ინგლისელიო. ეს თქვა და გაჩუმდა, თითქოს საიდუმლო წამოსცდაო. სადილის შემდეგ გარეთ გავედით ცის შესახედად. ღრუბლები გაფანტულიყო, თუმცა შორს აღმართული მწვერვალების მიღმა ელვებით გასერილ-გაფატრული სამხრეთის ცა ახალი ქარიშხლით იმუქრებოდა. იმავე მუშამ, ვინც სადილი გაგვიწყო, ამჯერად ერთი ბოთლი რომი შემოგვიტანა კედლებჩამოძენძილ სასადილო ოთახში. დიდხანს უსიტყვოდ ვსვამდით. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომელი საათი იყო, როცა მივხვდი, რომ მთვრალი ვარ. არც ის ვიცი, შთაგონებამ, ეიფორიამ თუ მოწყენილობამ მიბიძგა, რომ ჩემი მასპინძლის ნაიარევი ვახსენე. მას სახე გაუცივდა.

რამდენიმე წამით იმასაც ვფიქრობდი, ახლა სახლიდან გამაგდებს-მეთქი. თუმცა შემდეგ ყოვლად ჩვეულებრივი ხმით მომმართა: - ერთი პირობით მოგიყვებით ჩემი ნაიარევის ისტორიას: რომ თავს არ შეიკავებთ არანაირი ზიზღის ან განაჩენისგან; არ მოითხოვთ შერბილებას არანაირი ბოროტებისთვის.დავთანხმდი. აი, ისტორია, რომელიც მან მიამბო. ინგლისურში, შიგადაშიგ, ესპანურს ურევდა ხოლმე, თვით პორტუგალიურსაც კი:

1922 წელს, კონოთის ერთ-ერთ ქალაქში მეც ერთი იმ შეთქმულ ჭაბუკთაგანი ვიყავი, ვინც ირლანდიის დამოუკიდებლობის მოპოვებას ელტვოდა. ჩემი მაშინდელი კომპანიონებიდან ზოგიერთი ჯერაც ცოცხალია და მშვიდობისათვის იღვწის. სხვები, ყოვლად პარადოქსულად, ინგლისის დროშის ქვეშ იბრძვიან ზღვაზე თუ უდაბნოში. ერთი მათგანი ციხის ეზოში მოკლეს განთიადზე ხილვებით სავსე კაცებმა. სხვები (არცთუ ყველაზე უიღბლოები) თავიანთ აღსასრულს სამოქალაქო ომის ანონიმურ, ფაქტობრივად, ფარულ ბრძოლებში შეხვდნენ. ჩვენ რესპუბლიკელები და კათოლიკეები ვიყავით, ვგონებ, რომანტიკოსებიც.

ჩვენთვის ირლანდია მხოლოდ უტოპიური მომავალი და აუტანელი აწმყო კი არ იყო, არამედ მწარე და მაინც მოსიყვარულე მითოლოგია, მრგვალი კოშკები და წითელი ჭაობები, დიდი ეპოსი, რომელიც უმღეროდა ხარების მოპარვას, იმ ხარებისა, რომლებიც ძველ განსხეულებებში გმირები იყვნენ, სხვა განსხეულებებში კი - თევზები და მთები... არასოდეს დამავიწყდება ერთი საღამო, როდესაც ერთ-ერთი ჩვენიანი შემოგვიერთდა მუნსტერიდან, სახელად ჯონ ვინსენტ მუნი. ოცზე მეტის არ იქნებოდა. გამხდარი და კუნთებმომჩვარული იყო, მთლიანობაში უხერხემლოს შთაბეჭდილებას ტოვებდა. მგზნებარედ და პატივმოყვრულად შეესწავლა ერთ-ერთი კომუნისტური სახელმძღვანელო პირველიდან უკანასკნელ გვერდამდე. სასწრაფოდ გამოათრევდა ხოლმე თავის დიალექტიკურ მატერიალიზმს, რათა ნებისმიერი კამათი აღეკვეთა.

უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ კაცს მეორე კაცი უყვარდეს ან სძულდეს. მუნს მსოფლიო ისტორია ერთ საძაგელ ეკონომიკურ კონფლიქტზე დაჰყავდა. გამოაცხადა: წინდაწინ განსაზღვრულია, რომ რევოლუცია გაიმარჯვებსო. ვუპასუხე: ჯენტლმენისთვის ინტერესის საგანს მხოლოდ განწირული საქმეები შეადგენს-მეთქი... დაღამდა. ჩვენს ურთიერთსაპირისპირო ზრახვებს ჯერ გასასვლელში, მერე კიბეზე, მერე დაბინდულ ქუჩებში მივყევით. მუნის მსჯელობებმა გაცილებით ნაკლებად იმოქმედეს ჩემზე, ვიდრე შეუსიტყვებელი და აბსოლუტური ჭეშმარიტების განცდაა, რომლითაც ის თავის მსჯელობებს აფრქვევდა. ახალი ამხანაგი არ დაობდა, არ კამათობდა, არამედ ზიზღითა და, გარკვეულწილად, რისხვით წარმოთქვამდა განაჩენს.

იმ ღამეს, როცა ქალაქის ბოლო სახლებამდე მივედით, ადგილზე გაგვაქვავა თოფების უეცარმა გრიალმა (მანამდე ან შემდეგ, ქარხნის თუ ციხის უფანჯრო კედელთან აღმოვჩნდით). გრუნტიან ქუჩაზე შევუხვიეთ. ცეცხლმოდებული ქოხიდან ჯარისკაცი გამოვარდა - უზარმაზარი ჩანდა ცეცხლის ფონზე. შეჩერდითო, გვიყვირა. მე ნაბიჯს ავუჩქარე, ამხანაგი არ მომყვა. შემოვბრუნდი: ჯონ ვინსენტ მუნი პროჟექტორის შუქში მოხვედრილი კურდღელივით გაშტერებული და თითქოს სამარადისოდ დაზაფრული იდგა. სირბილით დავბრუნდი, ერთი დარტყმით დავაგდე ჯარისკაცი მიწაზე, ვინსენტ მუნი შევანჯღრიე, არც გინება დავაკელი და, წამოდი-მეთქი, ვუბრძანე.

მკლავში ჩავბღუჯე და ასე წავათრიე, რაკი შიშს მთლიანად განეძარცვა ნებელობისგან. მერე კი გავიქეცით, - ხანძარმოდებულ ღამეში გავსხლტით. თოფი ჩვენი მიმართულებით გავარდა. ტყვიამ მუნს მარჯვენა მხარი გაუკაწრა, როცა ფიჭვებში გავრბოდით. მკერდიდან სუსტი ქვითინი აღმოხდა. 1922 წლის შემოდგომაზე მეტ-ნაკლებად იატაკქვეშეთში ჩავედი და გენერალ ბერკლის სოფლის სახლში ვცხოვრობდი. გენერალი (რომელიც მე არასოდეს მინახავს) იმ პერიოდში რაღაც ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დანიშნეს ბენგალიაში. სახლი ას წელზე ნაკლები ხნისა იყო, თუმცა დაძველებული, ამოღამებული, სავსე ჩახლართული დერეფნებით და უაზრო წინკარებით. მუზეუმ-კაბინეტსა და ვეება ბიბლიოთეკას მთელი პირველი სართული დაეკავებინა.

იქ იყო საეჭვო და შეუსაბამო წიგნები, რაღაცნაირად რომ წარმოადგენენ XIX საუკუნეს; იქვე - თურქული ხმლები ნიშაპურიდან, რომელთა მორკალულ და გაყინულ პირებში თითქოს ისევ ცოცხლობდა ბრძოლის ქარი და ძალადობა. სახლში უკანა მხრიდან შევედით (როგორც მახსოვს). „საინტერესო“ ამბები შეგვემთხვაო, ჩაილუღლუღა ვინსენტ მუნმა, მოტორტმანემ და პირგამომშრალმა. ნატყვიარზე რაღაც წავუსვი და შევუხვიე, მერე ფინჯანი ჩაი მოვუტანე. ჭრილობა ზედაპირული იყო. უცებ ამოიბლუკუნა, შეფიქრიანებულმა: - შენ საშინლად გარისკე, როცა დაბრუნდი და ასე გადამარჩინე. არაფერია-მეთქი, ვუთხარი (სამოქალაქო ომის ჩვევამ მაიძულა ამის ჩადენა. გარდა ამისა, ერთი ჩვენგანის დაპატიმრებას შეიძლებოდა საფრთხეში ჩაეგდო საერთო საქმე). მეორე დღეს მუნმა დაიბრუნა თავისი სიმშვიდე.

ჩემგან სიგარეტის შეთავაზება მიიღო და მკაცრად გამომკითხა „ჩვენი რევოლუციური პარტიის ფინანსური რესურსების“ თაობაზე. სრულებით ნათელ კითხვებს მისვამდა. ვუთხარი (გულწრფელად), მძიმე სიტუაცია გვაქვს-მეთქი. სამხრეთის მშვიდობას არტილერიის ცეცხლი ამღვრევდა. ამხანაგები გველოდებიან-მეთქი, ვუთხარი. პალტო და რევოლვერი ზედა სართულზე მქონდა, ჩემს ოთახში. იქიდან დაბრუნებულს, მუნი დივანზე მიწოლილი და თვალდახუჭული დამხვდა. ციებ- ცხელება აქვს-მეთქი, ვიფიქრე.

მტკივნეული სპაზმი მაქვს მხარშიო, მითხრა. სწორედ მაშინ მივხვდი, რა უიმედო მშიშარასთან მქონდა საქმე. „თავს მიხედე“, ვუთხარი უხერხულად და გავედი. დაბნეული ვიყავი ამ ადამიანით და მისი შიშით, მრცხვენოდა, თითქოს მე თვითონ ვიყავი მხდალი და არა ვინსენტ მუნი. რაც უნდა მოიმოქმედოს ერთმა, თითქოს ყველა სჩადის იმ რაღაცას. ამიტომაც მოხდა, რომ ედემის ბაღში ჩადენილი დაუმორჩილებლობის ერთადერთ აქტს მთელი კაცობრიობის მოწამვლა მოჰყვა. ამიტომაც მოხდა, რომ ერთადერთი ებრაელის ჯვარცმამ მთელი კაცობრიობა იხსნა. შოპენჰაუერი, შესაძლოა, მართალი იყო: მე სხვა კაცები ვარ, ნებისმიერი კაცი ვარ ყველა კაცში. შექსპირი რაღაცნაირად უბადრუკი ჯონ ვინსენტ მუნია. ცხრა დღე გავატარეთ გენერლის დიდ სახლში.

არაფერს ვიტყვი ბნელი ომის აგონიებსა და სინათლის სხივებზე. ჩემი მიზანია მოვყვე ამბავს ამ ნაიარევის, ასე რომ მამცირებს. ჩემს მეხსიერებაში ის ცხრა დღე ერთადერთ დღეს ქმნის, ბოლოსწინა დღის გამოკლებით, როდესაც ჩვენებმა შეუტიეს ბარაკებს და სათითაოდ იძიეს შური ელპინთან ტყვიამფრქვევებით ჩახოცილ ჩვენს თექვსმეტ ამხანაგზე. თენებისას, პირველი სინათლის ბინდში, სახლიდან გავდიოდი, უკან კი შეღამებისას ვბრუნდებოდი. ჩემი ამხანაგი ზემოთ მელოდებოდა, ჭრილობა არ ანებებდა ქვემოთ ჩამოსვლას. როცა უკან ვიყურები, ვხედავ ვინსენტ მუნს სტრატეგიის რომელიღაც წიგნით ხელში - ფ. ნ. მოდით თუ კლაუსვიცით. „ჩემი რჩეული იარაღი არტილერიაა“, გამანდო ერთ ღამეს. მეკითხებოდა ჩვენს გეგმებზე, მოსწონდა მათი გაკრიტიკება ან გადასინჯვა გონებაში. გარდა ამისა, ბევრს ჩიოდა „ჩვენს სავალალო ფინანსურ მდგომარეობაზე“.

დოგმატურად და პირქუშად წინასწარმეტყველებდა კატასტროფულ დასასრულს. „C’est une affaire flambйe“, ბუტბუტებდა თავისთვის. ვრცლად წარმოაჩენდა გონებრივ სიზვიადეს, ვინძლო ეჩვენებინა, ჩემი ფიზიკური სიმხდალე ბევრს არაფერს ნიშნავსო. ასე კარგად თუ არც ისე კარგად ჩაიარა იმ ცხრა დღემ. მეათე დღეს ქალაქი ერთხელ და სამუდამოდ ჩაუვარდათ ხელში დამსჯელ რაზმებს.

ჩუმი მხედრები აკონტროლებდნენ თავ-თავიანთ რაიონს. ჰაერში ფერფლი და კვამლი ტრიალებდა. ერთი ქუჩის კუთხეში მკვდარი სხეული ვნახე გაშხლართული. თუმცა ეს სურათი ნაკლებად ცოცხლად შემომენახა ხსოვნაში, ვიდრე ტიკინა, ჯარისკაცებს ქალაქის შუა სკვერში რომ დაედგათ და დაუსრულებლად ახდენდნენ სროლის ხელოვნების დემონსტრირებას... სახლიდან გარიჟრაჟის პირველ სხივებზე გავედი და შუადღის დადგომამდე დავბრუნდი. მუნი ბიბლიოთეკაში იყო და ვიღაცას ესაუბრებოდა. მისი ტონით მივხვდი, რომ ტელეფონში ლაპარაკობდა.

მერე გავიგონე ჩემი სახელი, ისიც, რომ შვიდისთვის დავბრუნდებოდი და რომ გაზონის გადმოჭრისას დამაპატიმრებდნენ. ჩემი რაციონალური მეგობარი რაციონალურად მყიდდა. ისიც გავიგონე, როგორ ითხოვდა თავისი უსაფრთხოების გარანტიებს. აქ ჩემი ამბავი რამდენადმე უფრო მწირდება. ვიცი, რომ ჩემს ჩამშვებ მაბეზღარას კოშმარის შავ დერეფნებში და თავბრუსხვევის ციცაბო კიბეებზე მივდევდი.

მუნი კარგად იცნობდა სახლს, ჩემსავით კარგად. ერთხელ თუ ორჯერ მხედველობიდან დავკარგე, მაგრამ მოვახერხე და ვუყელე, სანამ ჯარისკაცები დამიჭერდნენ. გენერლის საჭურვლიდან ერთ-ერთი მოღუნული ხმალი ამოვაძვრე და ფოლადის ამ ნახევარმთვარით სამარადისოდ ამოვუტვიფრე სახეზე სისხლის ნახევარმთვარე. მხოლოდ თქვენ, ბორხეს, თქვენ, რომელიც უცხოელი ხართ, გაგანდეთ ეს. თქვენი ზიზღი, ალბათ, არც ისე მტკივნეულია. აქ მთხრობელი შეჩერდა. დავინახე, როგორ უკანკალებდა ხელები. - მუნს? - ვკითხე მე, - რა დაემართა მუნს? - მას გადაუხადეს თავისი ოცდაათი ვერცხლი, რის შემდეგაც ბრაზილიაში გაიქცა. იმ საღამოს ქალაქის სკვერში ვნახე, როგორ ცხრილავდა ტიკინას მთვრალი ჯარისკაცების ჯგრო. ამაოდ ველოდი დარჩენილი ამბის გაგონებას. ბოლოს ვთხოვე, განაგრძეთ-მეთქი. ისე ამოიგმინა, მთელ სხეულში გააცახცახა.

ოდნავ და მსუბუქად მიმითითა რკალად მოხაზულ თავის მოთეთრო ნაიარევზე: - არ გჯერათ ჩემი? ვერ ხედავთ ამ სახეზე ჩემი ბოროტების ნიშანს? ისე გიამბეთ ეს ისტორია, რომ შეგძლებოდათ მოსმენა. ეს მე ვუღალატე კაცს, რომელმაც გადამარჩინა და თავშესაფარი მომცა. მე ვარ ვინსენტ მუნი. ახლა შემიზიზღეთ.