პასკუალე დუარტეს ხელნაწერის თანმხლები წერილი


სენიორ დონ ხოაკინ ბარერა ლოპესს. მერიდა

ღრმად პატივცემულო სენიორ, მაპატიეთ, რომ ისედაც საკმაოდ ვრცელ წერილთან ერთად ჩემს მოთხრობასაც გიგზავნით, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ ხესუს გონსალეს დე ლა რივას მეგობართაგან (ღმერთი ისევე შეუნდობს მას, როგორც თვითონ შემინდო მე, რაშიც ეჭვი არ მეპარება) თქვენ ერთადერთი ხართ, ვისი მისამართიც დამამახსოვრდა. 

გადავწყვიტე თავიდან მომეშორებინა ეს ნაწერი და თქვენთვის გამომეგზავნა. თორემ მარტო იმის გაფიქრებაზე, ყოველივე ეს მე დავწერე-მეთქი, ჭირის ოფლი მასხამს. გარდა ამისა, ვაითუ სასოწარკვეთილების წუთებში, ასეთი კი, ღვთის ნებით, ახლა მრავლადაა ჩემს ცხოვრებაში, ავიღო და გადავაგდო, მაშინ ხომ ვეღარავინ შეძლებს კარგად დაიმახსოვროს და ჩაიბეჭდოს თავში ის, რაც მე ძალიან გვიან გავიგე.

შევეცდები აგიხსნათ, რა მოხდა. ვინაიდან ჩემთვის საიდუმლო არ გახლავთ, რომ სიკვდილის შემდეგ, ჩემდა საუბედუროდ, ცუდად მომიხსენიებენ და მინდა, რამდენადაც შესაძლებელია, სინდისი დავიმშვიდო საჯარო აღსარებით, ეს კი მონანიების საკმაოდ მძიმე სახეობაა, გადავწყვიტე მომეთხრო ჩემი ცხოვრების ამბები. დიდი მეხსიერებით ვერასოდეს დავიკვეხნიდი და, ადვილი შესაძლებელია, ბევრი რამ, საინტერესოც კი, გადამავიწყდა, მაგრამ მე მაინც დავიწყე თხრობა იმისა, რაც თავიდან არ ამომვარდნია და რისი დაწერაც ხელმა არ იუარა. სხვა ამბებიც შემემთხვა და ვცადე კიდეც ამეწერა, მაგრამ მოგონებებით სული ისე ამემღვრა, რომ ვარჩიე გავჩუმებულიყავი და ეს ამბებიც სამუდამოდ დამევიწყებინა. როცა ჩაწერა დავიწყე, ვიცოდი, ჩემს ცხოვრებაში მოხდებოდა ისეი რამ, რის აღწერასაც ვერაფრით ვერ შევძლებდი - ეს ჩემი სიკვდილი გახლავთ - ღმერთსა ვთხოვ, დააჩქაროს იგი. ამ საკითხზე თავი ბევრი ვიმტვრიე და შემიძლია ის ორიოდე დარჩენილი დღე დავიფიცო - ბევრჯერ შემეშინდა, გრძნობა არ დამეკარგა იმის გამო, რომ გონება ვერ მაძლევდა პასუხს, სად დამესვა წერტილი, რითი დამემთავრებინა.

ვიფიქრე, უმჯობესია დავიწყო, ხოლო კვანძის გახსნა ღმერთს მივანდო, - როცა იგი ხელს გამიჩერებს, დასასრულიც მაშინ იქნება-მეთქი. ასეც მოვიქეცი. და აი, დღეს ვგრძნობ, უკვე შემძაგდა საკუთარი ყბედობით სავსე ქაღალდების ეს გროვა. წერას თავს ვანებებ და თქვენთვის მომინდვია თქვენივე წარმოსახვით დაასრულოთ ჩემი ცხოვრება, - რაც, ვფიქრობ, არ გაგიძნელდებათ - მე ხომ ცოტა ხნის სიცოცხლეღა დამრჩენია და, თანაც, არ მგონია, ამ ოთხ კედელში რაიმე მნიშვნელოვანი გადამხდეს თავს.

როდესაც იმის შედგენას შევუდექი, რასაც ახლა თქვენ გიგზავნით, თავიდანვე მაწვალებდა ფიქრი, თუ დროს არასწორად ვივარაუდებ, ვიღაცას უკვე ეცოდინება, დავამთავრებ თუ არა ჩემს მოთხრობას ან რა ადგილას შევწყვეტ-მეთქი. პირდაპირ ჭკუიდან მშლიდა ის აკვიატებული აზრი, რომ ნებსით თუ უნებლიედ, ყველა ჩემი მოქმედება წინასწარ ცნობილი გზით მიდიოდა. ახლა, სხვა ცხოვრების ზღურბლთან მდგარი, უფრო მშვიდად ვარ. ღმერთსა ვთხოვ, ღირსმყოს პატიებისა.

განცდილის მოყოლამ, ვატყობ, ერთგვარი სიმშვიდე მომგვარა, ის კი არადა, ხანდახან სინდისიც ნაკლებად მტანჯავს.

მწამს, იმასაც მიმიხვდებით, რაზეც ლაპარაკი არ ღირს, უმჯობესია, არც იცოდეთ. ვნანობ, რომ გზას ავცდი, მაგრამ ამქვეყნად შენდობას არ მოვითხოვ. რატომ? იქნებ უკეთესიც კი იყოს აღასრულონ ის, რაც გადამიწყვიტეს, თორემ, მოსალოდნელია ისევ ძველ გზას დავადგე. არ მინდა შეწყალება ვითხოვო: ცხოვრებისგან ძალიან ბევრი ბოროტება შევითვისე და ძალიან სუსტი აღმოვჩნდი, რათა ინსინქტებს წინ აღვდგომოდი. დაე, აღსრულდეს, რაც მიწერია.

სენიორ დონ ხოაკინ, ამანათთან ერთად მიიღეთ ჩემი მობოდიშებაც თქვენი ასეთი შეწუხებისთვის და ნუ უარყოფთ ჩემს ვედრებას - მაპატიოთ. ისე მოგმართავთ, როგორც დონ ხესუსს მიმართავდა თქვენი მორჩილი მსახური.

პასკუალე დუარტე, ბადახოსის ციხე, 1937 წლის 15 თებერვალი

მუხლი ხოაკინ ბარერა ლოპესის ხელით დაწერილი ანდერძისა, რომელიც უმემკვიდრეოდ გადაეგო და თავისი ქონება შინა სამსახურის ორდენის მონაზვნებს დაუტოვა.

4. ვბრძანებ, კანაფით შეკრული კონვერტი, რომელცი ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში დევს და ზედ წითელი ფანქრით აწერია „პასკუალე დუარტე“, წაუკითხავად, დაუყოვნებლივ ცეცხლს მისცეთ, ვითარცა კეთილი ზნეობის საწინააღმდეგო. მაგრამ თუ განგება ინებებს და აღნიშნული კონვერტი რაიმე ბოროტი ზრახვის გარეშე 18 თვის განმავლობაში ჩემი სურვილისამებრ არ დაიწვება, ვუბრძანებ იმას, ვინც იპოვნის, თავის საკუთრებად მიიჩნიოს და თავისი სურვილისამებრ მოექცეს, თუ ეს ჩემს ნებას არ ეწინააღმდეგება.

დაწერილია სიკვდილის წინ მერიდაში (ბადახოსი), 1937 წლის 11 მაისს.


 გამომცემლობა „ინტელექტი“, 2007წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში