კამილო ხოსე სელა - პასკუალე დუარტეს ხელნაწერის ამბავი

ამ გამოცემას ვუძღვნი ჩემს მტრებს - გადამწერის შენიშვნა

ჩემი აზრით, სწორედ რომ შესაფერისი დროა პასკუალე დუარტეს მოგონებები გამოვცე. უფრო ადრე ეს ნამდვილად ზედმეტ აჩქარებად ჩამეთვლებოდა, არ მინდოდა დამეჩქარებინა საბეჭდად მისი მომზადება, რადგან ყოველი საქმე, ხელნაწერში ორთოგრაფიული შეცდომების გასწორებაც კი, დროს მოითხოვს; ეგეც არ იყოს, აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია, მაგრამ დაგვიანებით გამოცემაც ჩემგან ყოველმხრივ გაუმართლებელი იქნებოდა: რაკი შრომა დამთავრებულია, უნდა გამოქვეყნდეს კიდეც.

1939 წლის შუახანებში ალმენდრალეხოს ერთ-ერთ აფთიაქში, ღმერთმა უწყის, ვისი უჩინარი ხელით დატოვებული ქვემოთ მოყვანილი ჩანაწერები ვიპოვე. მას შემდეგ, დროს მოვიხელთებდი თუ არა, გამუდმებით ვარჩევდი და ვაწესრიგებდი ამ ჩანაწერებს, რადგან ნაწილობრივ ცუდი ნაწერის გამო, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ნაპოვნი ფურცლების ნაგლეჯები დანომრილი არ იყო და არც თუ იდეალური თანმიმდევრობით ეწყო, ხელნაწერები ძლივს იკითხებოდა.

დასაწყისშივე მინდა გასაგებად განვაცხადო: იმ ნაწარმოების შექმნაში, ახლა ცნობისმოყვარე მკითხველს რომ ვთავაზობთ, მე მხოლოდ გადამწერის როლი შევასრულე. ჩემი მხრივ, არაფერი ჩამისწორებია და არც ერთი ასო არ ჩამიმატებია, რადგან მსურდა თხრობის სტილიც კი შემენარჩუნებინა. მეტისმეტად უხეში ადგილები საერთოდ ამოვიღე, მაკრატელი მოვიმარჯვე და ქირურგიული ოპერაცია ჩავატარე. მართალია, მკითხველი ვეღარ გაეცნობა ზოგიერთ წვრილმანს (თუმცა ამით მას დიდად არაფერი დააკლდება), მაგრამ, სამაგიეროდ, ამ ოპერაცას ის უპირატესობა აქვს, რომ მკითხველს თავიდან ააშორებს არასასურველ ინტიმურ აღსარებათა მოსმენას, რის შელამაზებასაც, ვიმეორებ, ამოჭრა ვამჯობინე.

ახლა სიტყვა მივცეთ პასკუალე დუარტეს - იგი ხომ ბევრი საინტერესო ამბის მოყოლას გვპირდება.


გამომცემლობა „ინტელექტი“, 2007წ.