კამილო ხოსე სელა - პასკუალე დუარტეს ოჯახი

ბოროტი კაცი არ გახლავართ, თუმცა მიზეზი კი მქონდა გავბოროტებულიყავი. ყველა მოკვდავი ერთ ტყავში ვიბადებით, მაგრამ სანამ გავიზრდებოდეთ, ბედისწერა თავისდა გასართობად ისეთნაირად და იმდენნაირად გვცვლის, თითქოს ცვილისა ვიყოთ და მერე სხვადასხვა გზით გვაგზავნის ერთი დასასრულისაკენ - სიკვდილისაკენ: ზოგს უბრძანებს, ია-ვარდით მოფენილ გზაზე იარეო, ზოგსაც ეკალბარდებში უკრავს თავს - გზა შენით გაიკაფეო. პირველნი უზრუნველად იყურებიან და ჩვილი ბავშვებივით შეჰღიმიან თავიანთ ბედნიერებას, მეორენი კი ტრიალ მინდორში მცხუნვარე მზეზე იტანჯებიან და ოდნავ ხელის მიკარებაზეც კი კურდღელივით ფრთხებიან. განა ერთი და იგივეა, სხეულს სუნამოთი და ფერუმარილით დაიზელ თუ მოუშორებელი სვირინგებით აიჭრელებ!

სამრეკლოს კოშკიც საათის კოშკის სიმაღლისა იყო, მაგრამ ყარყატებს არ ეშლებოდათ, რომელზე გაატარეს გასული ზაფხული. კოჭლი ყარყატი, ორი ზამთარი ჩვენთან რომ გაატარა, ეკლესიის თავზე ბუდობდა, იგი ბატყობისას ქორს შეუშნებია და ბუდიდან გადმოვარდნილა.

ქალაქელებს სინამდვილისა არაფერი გაეგებათ. აბა, რა იციან მათ, რომ იქვე, ქალაქიდან ორიოდ ლიგაზე, ტრიალ მინდორში, სოფლელმა კაცმა ანკესი აკრიფა, გველთევზებით სავსე კალათა ხელში მოიმარჯვა და ახლა მათზე ფიქრით ირთობს თავს.

ცხადია, მთლად ხელიდან წასულსაც კი გულის სიღრმეში რაღაც კარგი რჩება ხოლმე, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია.

... მაჯობა ერთადერთ ბრძოლაში, სადაც დავმარცხდი მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც მჩვეოდა, ისე არ მოვიქეცი.

ყველაფერს ვერ ირწმუნებ, რასაც ხალხი ლაპარაკობს, ხოლო თუ თქვა - ვინ იცის, რას გულისხმობდა! შესაზლოა სულაც არ გულისხმობდა იმას, რაც მე ვიგულისხმე!

თუ ბედი ვინმეს დევნის, არაფრით მოეშვება, მიწაშიც რომ ჩაძვრეს, იქაც მიაგნებს.

არ არსებობს უფრო ბოროტი სიძულვილი, ვიდრე საკუთარი სისხლის სიძულვილია, - ისე მტრად, რომელზეც გადმოვანთხიე მთელი ბოღმა, რამეთუ ყველაზე მეტად გძულს ის, ვისაც ჰგავხარ და ეს მსგავსება ყელში გაქვს ამოსული.

აჯობებს წყნარად ვიყო და მოხდეს, რაც მოსახდენია. ალბათ, სასაკლაოზე გადენილი ცხვრებიც ასე მსჯელობენ.

პატიმრის დანახვაზე ბავშვები ბოროტი სიმკაცრე იღვიძებს. ისე უყურებენ, როგორც იშვიათ ცხოველს, თვალები აენთებათ და ტუჩებზე უზნეო ღიმილი დასთამაშებთ ხოლმე, ასე უყურებენ ცხვარს, რომელსაც სასაკლაოზე კლავენ - მის ცხელ-ცხელ სისხლში ალპარგატს ასველებენ, ან ურმით გასრესილ ძაღლს - ჯოხითაც უჩიჩხინებენ, კიდევ ცოცხალია თუ არაო, - ან კიდევ ახალშობილ კნუტებს, ჭაში რომ იხრჩობიან და თან ქვებსაც ესვრიან, ან არადა, იმდენად შეუბრალებელნი არიან, ამოათრევენ წყლიდან სათამაშოდ, რათა სიცოცხლე გაუგრძელონ და ამით მათი წამებაც გაახანგრძლივონ.

ხშირად ხდება ხოლმე, აშკარად გესხმიან თავს - ყოველ შემთხვევაში, შენ გგონია ასე - მაშინ არ არსებობს არავითარი საშუალება თავი ისე დაიჭირო, ვითომ ეს ამბავი შენ არ გეხება, წაიყრუო და არ აფეთქდე.

ღმერთის მეხსიერებაში მტკიცედ ჩაჭედილიყო, რომ უბედურება ჩემი ერთადერთი ხვედრი იყო, ჩემი ნაღვლიანი სიცოცხლის ერთადერთი გზა!

დამიჯერეთ, არ შეიძლება უიღბლობას შეეჩვიოს კაცი: ყოველთვის თავს ვინუგეშებთ, მორჩა, მეტი უბედურება აღარ დაგვატყდებაო თავს, მაგრამ მერე, ჩვენდა საუბედუროდ, ვხვდებით, ჯერ სადა ხარ, უარესი თურმე წინ გველის...

ფუჭო ოცნებებო, დღითიდღე რად მაშორებთ იმათ ბედნიერ ხვედრს, ვინც იოლ გზებზე სანავარდოდ დაიბადა; რად დაგრთოთ ნება უფალმა ჩემს წარმოსახვაში დაგედოთ ბინა!

როცა ადამიანს კლავ, იმ წუთში არაფერზე ფიქრობ, საკუთარი გამოცდილებით კარგად ვიცი, ხშირად არც გინდა მოკლა, უბრალოდ, გძულს, გძულს მთელი სულით, უსაზღვროდ, გახსნი დანას და ფეხშიშველა მიდიხარ იმ საწოლთან, რაზეც შენი მტერი წევს. გარეთ ღამე ჩამოწოლილა, მაგრამ ფანჯარაში მთვარე ანათებს და ყველაფერი კარგად ჩანს. საწოლზე მიცვალებული წევს, ის, ვინც საცაა მიცვალებული გახდება, უყურებ, გესმის მისი სუნთქვა. იგი არ იძვრის, მშვიდად წევს, თითქოს საფრთხე არც ემუქრებოდეს. საწოლი ძველია, ჭრიჭინით გაკრთობს, ვაითუ გაიღვიძოს და დააჩქაროს სისხლიანი აღსასრული. მტერი გვერდს იცვლის, საბანი ოდნავ ჩამოცურდება. არა, არ გაუღვიძია. საბანში გახვეული მისი სხეული გატყუებს, უფრო დიდი გეცვენება, შეშფოთებული იხრები, ფრთხილად შეახებ ხელს, სძინავს, ღრმა ძილშია. მოფიქრებასაც ვერ მოასწრებ და... მაგრამ ასე არ შეიძლება კაცი მოკლა, უსინდისობაა. ახლავე შევტრიალდები და წავალო, ფიქრობ. არა, ვერ წახვალ, კარგა ხანია ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვს... ერთი წუთი, ერთი მოკლე წუთი და მერე... უკან დახევა არაფრით არ შეიძლება, გათენდება და დღის სინათლეზე შეგძრავს, გაგაქვავებს მისი მზერა.

თავი მოვხსენი ოცნებების გუდას - ეს იყო ერთადერთი რამ, რაც აკრძალული არა მქონდა.

დალაგებული ცხოვრება რომ მქონოდა, იქნებ, - თუ ხდება ასე საერთოდ - ნაკლებად დამეფასებინა.

ცხოვრებაში ყველაფერი ისე როდი ხდება, როგორც ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია. ამიტომ არის, როდესაც რაღაც საქმეს ხელს მოვკიდებთ, რაიმეზე მუშაობას დავიწყებთ, ისეთი გასაოცარი და სრულებიტ უცნობი მხარეები წარმოჩნდება ხოლმე, რომ ჩვენი პირველი წარმოდგენისაგან კვალიც არ დარჩება. ასე მოგვდის, როდესაც წინდაწინ წარმოვიდგენთ ადამიანთა სახეებს ან ქალაქებს, სადაც მივემგზავრებით, ხოლო, როგორც კი სინამდვილეში ვნახავთ, მაშინვე გვავიწყდება ჩვენი წარმოდგენილი.

არის დარდი, სხვას რომ არ ააღელვებს, ის მარტომ უნდა ატარო მოწამებრივი ჯვარივით, ხოლო სხვებთან ხმა არ ამოიღო. ყველაფერს, რასაც შენ განიცდი, სხვას ვერ გაუმხელ, უმეტესწილად ვერც გაგიგებენ.

მახსენდებოდა ციხე, რომელიც სადგურიდან კარგად მოჩანდა. შორიდან ცარიელი გეგონებოდათ, სინამდვილეში კი უიღბლო, საცოდავი ადამიანებით იყო სავსე. მათ ცხოვრების აღწერას არავითარი ქაღალდი არ ეყოფოდა.

ცხოვრებაში ადრე იქნება თუ გვიან, ყველაფერი მოდის, გარდა დამცირებულთა პატიებისა, რაც ხშირად, თითქოს განგებ, იგვიანებს.

არაფერი ისე მძაფრად არ ყარს, როგორც უკეთური წარსულის კეთრით შეჭმული სინდისი, როგორც სინანულის წყლული, რომ დროზე არ გავეცალეთ ბოროტებას და ახლა ვლპებით დაღუპულ, ჯერაც გაუფურჩქვნელ იმედთა სანაგვეზე, რადაც კარგა ხანია იქცა ჩვენი საცოდავი ცხოვრება.

მკვლელობაზე ფიქრი, როგორც ყველა უსაზიზღრესი ცდუნება, ნელ-ნელა გეპარება, მგლისუხმო ნაბიჯებით, გველის სრიალით. აზრები, ჩვენს ცხოვრებას რომ თავის ნებაზე ატრიალებენ, უცბად არ გვეწვევა ხოლმე. უცაბედი აზრი მხოლოდ ცალკეულ წუთებს გვიღუპავს, მაგრამ ჩაივლის და დიდი ხნის სიცოცხლეს გვიტოვებს. განზრახვა სიგიჟეთა შორის ყველაზე უარესი დაუოკებელი სიგიჟით, სევდის სიგიჟით გვიპყრობს და თანდათან, შეუმჩნევლად გვეპარება, როგორც მინდორზე ნისლი და ფილტვებში ჭლექი. გვიახლოვდება გარდაუვლად, ჯიუტად, მაგრამ ნელა, გულის ფეთქვასავით, აუჩქარებლად და დინჯად. დღეს ვერც ვამჩნევთ მის მოახლოებას. შესაძლოა, ვერც ხვალ შევნიშნოთ, ვერ ზეგ და ვერც მთელი თვე, მაგრამ გამოხდება ხანი და ვგრძნობთ, რომ მოგონებები გულს გვიკლავს, სენი აღმოგვაჩნდა. გადის დღეები და ღამეები. გულჩათხრობილი, მიუკარებელი ვხდებით. გონებაში ისეთი აზრები გვიტრიალებს, რომელთა გამოც წაგვაცლიან თავს, სადაც ეს აზრები მომწიფდა. ვინ იცის, იქნებ, იმისთვისაც წაგვაცალონ, რათა მისი საშინელი აზროვნება შესწყვიტონ. ხდება ხოლმე, მთელი კვირაობით არაფერი შეიცვლება და გარშემო მყოფნი ჩვენს უხასიათობას მიეჩვევიან, აღარ უკვირთ ჩვენი უცნაური ქცევა. მაგრამ ბოროტება უცებ ხესავით იზრდება, იფურჩქნება და ჩვენ უკვე აღარ ვესალმებით ადამიანებს, ისინი კი, ისევ უცნაურ ან შეყვარებულ ხალხად გვთვლიან. სიგამხდრე გვეძალება, აპრეხილი წვერი დუნედ ჩამოგვეძენძება. სიძულვილისგან გული გვეკუმშება, უცხო მზერას ვერიდებით, სინდისი გვქენჯნის, მაგრამ არა უშავს, გვქენჯნოს, ანთებული თვალები შხამიანი ცრემლით გვევსება, როცა დაჟინებით ვაკვირდებით რაიმეს. მტერი ხვდება, რომ სიძულვილი ბუდობს ჩვენში, ხვდება, მაგრამ თავდაჯერებულია კიდეც, ალღო არ მოგვატყუებსო. უბედურება ხალისიანი სიხარულით ვრთავთ ნებას იხოხოს ჩვენი სულის უზარმაზარ, შუშის ნამსხვრევებით მოფენილ უდაბნოში. შველივით უბრალოდ გაფაჩუნების რომ გეშინია და დაყურადებული სმენა ძილს გვიფრთხობს. მაშასადამე, ბოროტებამ მთლად მოიცვა ჩვენი არსება, საშველი არ არის, განკურნება შეუძლებელია. და ჩვენ ვეცემით, ვეცემით თავშეუკავებლად და ისეთი სისწრაფით, რომ ფეხზე ვეღარასოდეს წამოვდგეთ. მხოლოდ სულ უკანასკნელ წუთს წამოვიწევით, სანამ ჯოჯოხეთში შევყოფდეთ თავს... საშინელი სენია.


გამომცემლობა „ინტელექტი“, 2007წ.