ველური დასავლეთის მხედრები - გურული მოჯირითეები ამერიკასა და ევროპაში

ავტორი - ირაკლი მახარაძე

გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ამერიკიდან მშობლიურ ლანჩხუთში დაბრუნებული მოჯირითე ლუკა ჩხარტიშვილი ნათესავებსა და მეგობრებს ეუბნებოდა: “მე განთქმული კაცი ვიყავი ამერიკაში. როცა მოვკვდები, ჩემი სახელი იქ ეხსომებათ”.

მისი ნათქვამი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: დღეს ამერიკის საისტორიო წყაროებში უამრავი დოკუმენტია, რომლებიც ე.წ. “რუს კაზაკებს”, იგივე ქართველ მხედრებს და ამერიკულ შოუებსა და ცირკებში მათ მონაწილეობას ეძღვნება. ისტორიას შემორჩა ასევე რამდენიმე მოჯირითის ნამდვილი სახელიც (როგორც წესი, შოუებში მათ უფრო მეტად გამოგონილ-დამახინჯებული სახელები ჰქონდათ): ივანე მახარაძე, ველიკო კვიტაიშვილი, ალექსი გოგოხია-ჯორჯიანი, დიმიტრი მგალობლიშვილი, დათა ქაჯაია, დიმიტრი ცინცაძე და ლუკა ჩხარტიშვილი.



მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ბევრ წყაროში ისინი “კაზაკებად” არიან მიჩნეულნი, ეს შეცდომა ნელ-ნელა სწორდება: რამდენიმე მუზეუმში მივაღწიე იმას, რომ ფოტოების აღმნიშვნელ წარწერებზე რუსების მაგივრად ქართველები დაეწერათ, თანამედროვე ამერიკულ საისტორიო წიგნებში (Louis S. Warren Buffalo Bill’s America William Cody and the Wild West Show, 2006, Tom F. Cunningham Your Fathers the Ghosts Buffalo Bill’s Wild West in Scotland, 2007, Steve Frisen Buffalo Bill Scout, Showman, Visionary, 2010)  უკვე მითითებულია, რომ ის მხედრები კაზაკები კი არა, ქართველი მოჯირითეები იყვნენ საქართველოს დასავლეთ ნაწილიდან, გურიიდან.

პირველად გურული მოჯირითეები საზღვარგარეთ, კერძოდ, ინგლისში გავიდნენ 1892 წელს (ჩვენში მხედრების პირველი გამგზავრების თარიღად მიჩნეული იყო 1887 წელი, რომელიც დოკუმენტებით არ დასტურდება). იმ დროს ლონდონის Earl’s Court-ში მიმდინარეობდა საერთაშორისო მებაღეობის გამოფენა, სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიებებთან ერთად, სახელგანთქმული ბაფალო ბილ ქოუდის “უაილდ უესთ” შოუს წარმოდგენებიც გაიმართა.

პირველი საგაზეთო ცნობა “კაზაკების” (როგორც შესავალში აღვნიშნე, უცხოელები გურულ მოჯირითეებს კაზაკებს უწოდებდნენ. კაზაკი (თურქ.- თავისუფალი, თავზეხელაღებული კაცი) - ადამიანი, რომელმაც კავშირი გაწყვიტა თავის სოციალურ გარემოსთან (XIV-XVII საუკუნეები). XV საუკუნის ბოლოდან კაზაკები ეწოდებოდა რუსეთის სახელმწიფოს განაპირა მხარეების თავისუფალ მოსახლეობას.) შესახებ დაიბეჭდა 1892 წლის 8 მაისის Weekly Dispatch-ში. მას ეხმიანება “ივერია”-ში (19 ივნისი, #127, 1892) გამოქვეყნებული პატარა ცნობა: “ბათუმი: აი სახელი და გვარი იმ ქართველებისა, რომელნიც ამას წინად წაიყვანა აქედამ ერთმა პარიჟის თეატრის აგენტმა ლონდონში ბარნუმის ცირკისათვის: ივანე მახარაძე, დიმიტრი მგალობლიშვილი, ვასო ჭყონია, დათა ჭყონია, ლევანტი ჯორბენაძე, ლუკა ჩხარტიშვილი, მოსე გიგინეიშვილი, ირაკლი ჭყონია, ბესარიონ ცინცაძე და მელიტონ ცინცაძე. სულ ათი კაცი.” ბაფალო ბილის “უაილდ უესთ” შოუს (Buffalo Bill’s Wild West) გენერალურმა მენეჯერმა ნეით სოლსბერიმ გაზეთ The Oracle-ს (28 მაისი, 1892) განუცხადა:

“...დიახ, ისინი ჩამოვიდნენ წუხელ ღამე... ტფილისიდან, რომელიც მდებარეობს კავკასიონის მთებთან... ჩვენ გარანტია მივეცით რუსეთის ხელისუფლებას, რომ ამ ხალხს უკან დავაბრუნებთ, ჩვენი ელჩი სანკტ-პეტერბურგში ამის თავმდებია...”

სერა ჯეი ბლექსთოუნი წიგნში Buckskins, Bullets and Business, A History of Buffalo Bill’s Wild West წერდა: “რუსი კაზაკები პირველად ბაფალო ბილის “უაილდ უესთ” შოუს შეუერთდნენ ლონდონში 1892 წელს. ჯგუფი შედგებოდა 18-დან 25 წლამდე ასაკის 10 კაცისაგან. მათი ლიდერი... იყო პრინცი ივანე მახარაძე... (prince /ინგლ./-თავადი. ასე მოიხსენიებდნენ სხვა გუნდების მეთაურებსაც, მიუხედავად იმისა, თუ რა წარმომავლობა ჰქონდათ, მოჯირითეები კი უმთავრესად გლეხები იყვნენ. ეს, რაღა თქმა უნდა, კეთდებოდა მაყურებელთა ინტერესის გასაღვივებლად - ი.მ.) რუსეთში მათ დაუკავშირდა ქოუდის აგენტი სი. მ. ერკოლი, რომელმაც ყველანაირი საორგანიზაციო საქმე მოაგვარა მათ ლონდონში ჩამოსაყვანად და ისინი წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც კაზაკების პირველი ჯგუფი, რომელმაც რუსეთი დატოვა.”

ლონდონური გაზეთი Pictorial World (28 მაისი, 1892) აღნიშნავდა: “ახალი ატრაქციონი ემატება ისედაც მშვენიერ შოუს ერლ ქორთში. ორშაბათს ჩამოვიდა რამდენიმე დონის კაზაკი და ისინი, როგორც ჩვენ გავიგეთ, მიიღებენ მონაწილეობას წარმოდგენაში.” ბაფალო ბილის შოუს ევროპაში, კერძოდ, ინგლისში კარგად იცნობდნენ. პირველად შოუ 1887 წელს ჩავიდა ლონდონში დედოფალ ვიქტორიას ოქროს იუბილეზე, სადაც უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ქართველი მოჯირითეები პირველად აღნუსხულნი არიან 1893 წელს ადამ ფორეპას (Adam Forepaugh) და იმავე ბაფალო ბილის შოუში. გურულები ჩავიდნენ 29 მარტს გემით “ჩესთერ”. ესენი იყვნენ: პრინცი ერისთავი, ალექსანდრე ცინცაძე, გიორგი მაქსიმენიშვილი, რაფიელ თვალაძე, გასტონ მათითაშვილი, მიხაკო კობალაძე, დიმიტრი და ფრიდა მგალობლიშვილები (ისინი საიმიგრაციო დეკლარაციაში აღნიშნულნი არიან როგორც Prince and Princess Dimitri, ანუ “პრინცი და პრინცესა” დიმიტრი) და კიდევ რამდენიმე პიროვნება, რომელთა გვარის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. 

გრაფაში “პროფესია” გურულების გვარების გასწვრივ წერია Rider /ინგლ./- მხედარი, შემდგომ დეკლარაციებში კი - Artist /ინგლ./- ხელოვანი, მსახიობი. ზუსტად მათ შესახებ გვამცნობდა “ივერია” 1893 წლის 19 თებერვალს: “ბათუმი: ამას წინად წავიდა აქედამ გურიაში ჩიკაგოს გამოფენის გამგებელთა სანდო კაცი, რომელსაც დავალებული ჰქონდა, შეჰკრიბე რამდენიმე ცხენოსანი გურული ვაჟკაცი და ჩიკაგოს გამოჰგზავნეო. ამ კაცს უკვე შეუკრებია ეს დასი, რომელშიაც 10 კარგი ვაჟკაცია, მშვენივრად გამოწყობილი და შეთოფ-იარაღებული. ეს დასი 13 თებერვალს უკვე ჩამოვიდა ბათუმს და ამ მოკლე ხანში გაემგზავრება კიდევაც ამერიკას.”

ამერიკაში გასული გურულების პირველი ჯგუფისა და მათი ლიდერის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. სტატია, რომელიც პარიზულ Petit Joarnal-ში გამოქვეყნდა და შემდეგ გაზეთმა “ივერიამ” (#58, 1893) საკუთარი კომენტარების დართვით გადმობეჭდა, გურულების პირველ ჯგუფს ეხება:

“ჩვენს რედაქციას ამ დღეებში თხუთმეტი კავკასიელი ეწვია. ყველანი საუკეთესო და თამამი მხედარნი არიან. ეს კავკასიელები ჩიკაგოს მიემგზავრებიან ბ-ნ ერკოლის მეთაურობით. ჩიკაგოს გამოფენაზედ სხვათა შორის დოღიც გაიმართება, რომელშიაც მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის კავალერისტები, გერმანელი ულანები, ინგლისელები, ამერიკის ინდიელნი და ეს კავკასიელნიც. კავკასიელ მხედართა მეთაური, ბ-ნი ერკოლი გამოცდილი კაცია და დარწმუნებულია, ჩემი დასი გაიმარჯვებს დოღშიო. ცხენები უკვე გაუგზავნიათ გემით ამერიკაში. დასს მეთაურობს თ. ეკისთავი (ერისთავი თუ იქნება). მეთაური დასისა არაფრით განირჩევა თავის ამხანაგებისაგან: შავი ტყავის ქუდი ჰხურავს, ნაბადი (manteau), წითელი ტანთსაცმელი (costume) აცვია, მასრებით, შეიარაღებულია გრძელ დამბაჩებით და ხმლითა, ხმლის ტარი ჩუქურთმიანი, ქარქაში შავი ტყავისაა.

ყველანი სამეგრელოს და საქართველოს (?) შვილები არიან და ბევრჯერ მიუღიათ მონაწილეობა მტერთან ბრძოლაში და ყველანი რუსეთის ჯარში ყოფილან, თუმცა ამ ერის ენა სრულებით არ იციან, რომელსაც ემსახურებიან.

საკვირველს სურათს წარმოადგენენ ეს მეომარნი: სახე ერთსა და იმავე დროს მკაცრიცა აქვთ და წყნარიც, შავი, ჭკვიანი თვალები და შავი, გრძელი წვერი რაღაც უცნაურ ელფერს სდებს მათ სახეს... სთქვეს თავიანთი სიმღერა, რომელსაც რაღაც უცნაური მელოდია ჰქონია, თუმცა სიმღერა წყნარი იყო, მაგრამ შიგა-და-შიგ საშინლად გაჰკიოდნენ...

ამ სიმღერის გამგონმა საკმარისია თვალები დახუჭოს და იმ წამსვე წარმოუდგება აზიის ხრიოკი ვაკე და მათ შორის ბრბო მეომართა, რომლებიც თავიანთ ღმერთებს ლოცულობენ და სისხლის დასაღვრელად ემზადებიან.” შეთხზა რა აღფრთოვანებული ფანტაზიით ეს საოცარი სურათი, გაზეთი Petit Journal დასძენს: “რა რიგ განსხვავდებიან ჩვენს განათლებულ ერისაგან ეს ბარბაროსები აზიისა, რომლებიც ამპარტავნობენ თავის ახოვანის ტანით, იარაღის სილამაზით და იმავე დროს ბავშვებსავით უხარიათ, როცა შამპანის ღვინით სავსე ბოთლები იხსნება!”

მხედრების მეორე ჯგუფი ამერიკაში, ნიუ-იორკში, ჩავიდა დაახლოებით ორი კვირის შემდეგ (1893 წლის 10 აპრილი) გემით, რომელსაც ერქვა “სპარსეთის მონარქი”, შემდეგი შემადგენლობით: “პრინცი” ივანე მახარაძე, ლუკა ჩხარტიშვილი, ქიშვარდ მახარაძე, ყარამან კალანდარიშვილი, ივანე (პატარა) მეტსახელად “ჩოხაგრძელა” მახარაძე, ს. დგებუაძე, სილიბისტრო მახარაძე, გიორგი კალანდარიშვილი, იოსებ ტალახაძე და პავლე მახარაძე.

არსებობდა სხვადასხვა ვერსია (ასევე თარიღი), თუ როგორ მოხვდნენ გურულები უცხოეთში; ყველაზე სანდო, რომელსაც ისტორიული წყაროებიც უმაგრებენ ზურგს, ასე გამოიყურება:

1891 წლის მიწურულს ან 1892 წლის დასაწყისში ბათუმში მოჯირითეების შესარჩევად ჩამოვიდა ამერიკული ცირკის წარმომადგენელი თომას ოლივერი (1867-1943) (მოჯირითე ველიკო კვიტაიშვილის ცნობით, წარმომადგენელი ქალბატონი იყო, თუმცა ამის დამადასტურებულ ცნობას ვერსად მივაკვლიე). იგი ინგლისის კონსულთან, ჯეიმს ჩემბერსთან, დაბინავდა. კონსულთან იმხანად მოსამსახურედ (ის ასევე მდივნის როლსაც ასრულებდა) იდგა ზემო ჩიბათელი კირილე ჯორბენაძე: იგი გურული ნაყმევის ოჯახში იყო დაბადებული და ბათუმს საარსებო წყაროს გამოსანახად ეწვია (მომდევნო წლებში ჯორბენაძე ფინანსურად ისე მომაგრდა, რომ ბათუმში რესტორანი “ფლორიდა” გახსნა. ის იყო სასტუმრო “ლონდონის” მეწილე, რომელიც გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა ჩამოართვეს). ჯორბენაძემ საქმის ვითარებაში გარკვევის შემდეგ ოლივერს განუცხადა, რომ ცხენოსნების შეგროვებაში დაეხმარებოდა. თანხმობა რომ მიიღო, ჯორბენაძე ოლივერთან და ვიცე-კონსულ ჰარი ბრიგსთან ერთად სოფელ ბახვში, მთელ გურიაში ცხენოსნობაში განთქმულ ივანე (დიდი) როსტომის ძე მახარაძის (1866-1921), მეტსახელად “მათრახას” ოჯახში მივიდა. გადაწყდა, რომ ივანე გუნდს შეკრებდა. აქედან დაიწყო გურული მოჯირითეების მრავალწლიანი საზღვარგარეთული ტურნე. ამას ადასტურებს “ივერიაში” (#124, 1892) დაბეჭდილი სტატია: “ორი თვის წინად ბათუმის ქალაქის ინგლისელ კონსულთან სამზღვარ-გარეთიდან მოვიდა ვიღაც მდიდარი კაცი, რომელსაც ჩვენში “ინგლისის თავადად” უწოდებენ. ამ სტუმარს კონსულთან მყოფი გურული გრძელი ტანისამოსით მორთული “სილაღიანათ” ძლიერ მოეწონა. მდიდარმა სთხოვა ამ ბიჭს, თორმეტი შენისთანა გამოწყობილი გრძელი ტანისამოსით, კარგი ცხენოსნები, მომღერალნი, მოთამაშენი მიშოვნე და თვეში გავუჩენ ყოველის ჩემის ხარჯით 50 მანეთს, და წავიყვან ჩვენს ქვეყანაშიო. ექვსი თვის შემდეგ ისევ ჩემის ხარჯით აქვე მოვიყვანო.”

თვით თომას ოლივერი საკმაოდ საინტერესო პიროვნება გახლდათ. იგი დაიბადა მანჩესთერში (სხვა ცნობით ტორონტოში, კანადაში. ამ შემთხვევაში და ქვემოთაც ხშირად საქმე გვაქვს გაიდეალებულ და შელამაზებულ ისტორიებთან, რომლებსაც შოუს მესვეურები მაყურებელთა გულის მოსაგებად თხზავდნენ), ცირკის მსახიობთა ოჯახში. მშობლებს პატარა ოლივერი ყველგან გასტროლებზე დაჰყვებოდა. ასე მოხვდა ხუთი წლის ასაკში თბილისში, სადაც კარგა ხანს იცხოვრა კიდევაც. არსებობს ოლივერის ბიოგრაფიის სხვა ვერსიაც: ლონდონში დაბადებული, სამი წლის ასაკში იგი მოიტაცეს და რუსეთში წაიყვანეს. იქ ბავშვი იშვილა ფრანგმა ოჯახმა და ამის შემდეგ ცხოვრობდა კავკასიაში, კერძოდ საქართველოში. მომდევნო 18 წლის განმავლობაში თომას ოლივერმა სხვადასხვა ცირკთან ერთად თითქმის მთელი რუსეთის იმპერია შემოიარა. ასე რომ, სავარაუდოდ, იგი ძალზე კარგად იცნობდა ქართველი ცხენოსნების ოსტატობას და საქართველოში შემთხვევით არ ჩამოსულა. პრესა იუწყებოდა, რომ ინგლისში ამდენი წლის არყოფნის შემდეგ იგი მხოლოდ კაზაკებთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში და უშედეგოდ ეძებდა საკუთარ მშობლებს.

1892-96 წლებში თომას ოლივერი გურულებთან თარჯიმნის როლს ასრულებდა (მოჯირთეები მას თომის - Tommy ეძახდნენ). არ გამოვრიცხავ, რომ ოლივერმა რუსულის გარდა, ქართულიც იცოდა.

არსებობს კიდევ ერთი არგუმენტი (ზეპირი გადმოცემა) იმის სასარგებლოდ, თუ რატომ წაიყვანეს მაინცდამაინც გურულები ამერიკაში და არა მეგრელები, ან იმერლები, ან კავკასიელ ხალხთა სხვა წარმომადგენლები: ეს ცხენოსანთა პირველი ლიდერის, ივანე როსტომის ძე მახარაძის ისტორიაა.

ივანე მახარაძე ცხოვრობდა ოზურგეთის მაზრის სოფელ ქვედა ბახვში, ჰყავდა სამი ძმა: სილიბისტრო, პავლე და ალექსანდრე. ერთ დღეს ბავშვობიდან ცხენოსნობაზე შეყვარებული 14 წლის ივანე მამამისმა თავისი საყვარელი ცხენით ბახმაროში გაგზავნა. ივანე ცხენს გაუჩერებლივ მიაჭენებდა. ბახმაროს გზაზე, ბაისურთან, წყლის დასალევად ჩამოხტა, უყურადღებოდ მიტოვებული ცხენი წყაროს ცივ წყალს დაეწაფა და მოკვდა. ივანემ ცხენს უნაგირი მოხსნა და შინ დაბრუნდა. განრისხებულმა როსტომმა - გაოფლიანებულ ცხენს წყალი როგორ დაალევინეო, შვილს სილა გააწნა. ივანემ ეს შეურაცხყოფად მიიღო, შინიდან გაიქცა და ბათუმში ამოყო თავი. ეს იყო დაახლოებით 1880 წელს. მაშინ ბათუმი გამოცხადებული იყო უცხოური საქონლის უბაჟოდ შეტანა-გამოტანის უფლების მქონე ნავსადგურად, ანუ პორტო-ფრანკოდ. პორტში ივანემ გაიცნო ორი რაჭველი მეზღვაური, რომლებიც ცეცხლფარეშებად მუშაობდნენ ერთ-ერთ გემზე. რაჭველებმა 14 წლის ბიჭი გემის კაპიტანთან მიიყვანეს, რომელსაც მოსწონებია ტანმორჩილი, მაგრამ მკვირცხლი ყმაწვილი და ცეცხლფარეშად აუყვანია. მეორე დღეს გემი ნავსადგურიდან გავიდა და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ნიუ-იორკის პორტში შევიდა. მძიმე ფიზიკური შრომით განაწამებმა ივანემ უარი თქვა სამსახურზე და ვიღაც პურისმცხობელ რაჭველთან მოეწყო. ცოტა ხანში, როცა ცოტაოდენი ინგლისური შეისწავლა, ივანე რაჭველს გამოექცა და ნიუ-იორკის ერთ ცირკში დაიწყო მუშაობა დამლაგებლად. იქვე მომუშავე არაბმა მოჯირითემ ყურადღება მიაქცია ცხენების მოტრფიალე ბიჭს და ცხენების მომვლელად აიყვანა. ივანე თავდაუზოგავად მუშაობდა, კაპიკს კაპიკზე ადებდა, შეაგროვა გარკვეული თანხა და ცხენი შეიძინა. არაბმა ქართველ ყმაწვილს თავის ატრაქციონში ერთი ნომერი დაუთმო: ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ივანე მანეჟზე დაყრილ მონეტებს გაჭენებული ცხენიდან იღებდა. მის ნომერს წარმატება ხვდა წილად. მერე მეორე ცხენიც იყიდა, არაბს გამოეყო და დამოუკიდებლად დაიწყო მოღვაწეობა. მოკლე ხანში მოზრდილი თანხა შეაგროვა, მშობლებს წერილი მისწერა და თავისი ადგილსამყოფელი გააგებინა.

1885 წელს ივანე მახარაძე სამშობლოში დაბრუნდა. რამდენიმე წელში თომას ოლივერი ესტუმრა გურიას ცხენოსნების წასაყვანად. როგორც ზევით აღვნიშნე, არ არის გამორიცხული, რომ ოლივერს გაგონილი ჰქონდა “მათრახა” ივანეს ამერიკული ოდისეის ამბავი და ამდენად, მშვენივრად იცოდა, ვისთანაც მიდიოდა (როგორც ზემოთ აღვნიშნე, ივანეს ამერიკული თავგადასავალი მხოლოდ ზეპირ გადმოცემას ეყრდნობა და მისი იქ ყოფნის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა, რამდენადაც ვიცი, არ არსებობს).

ცოტა ხანში რჩეული ახალგაზრდებისაგან შემდგარი ათკაციანი გუნდი, “ივერიას” თქმით: “სოფელ ჩიბათს და ლანჩხუთში მცხოვრებელნი, სხვა-და-სხვა წოდებისა, მომეტებულად აზნაურობა” შეიკრიბა. მათ სათანადო წვრთნა გაიარეს, ქუთაისში შეაკერინეს 6-6 წყვილი სხვადასხვა ფერის ჩოხა-ახალუხი, მოიწესრიგეს იარაღი, ცხენის აღკაზმულობა და ბათუმში გაემგზავრნენ (ჩოხები მყვირალა ფერის: ყვითელი, მწვანე, ვარდისფერი, ნარინჯისფერი და ა. შ. იყო. სავარაუდოდ, ეს შოუს ორგანიზატორთა მოთხოვნა იყო, თორემ, როგორც ვიცით, მსგავსი ფერის ჩოხებს ჩვენში იშვიათად ატარებდნენ). უნდა აღინიშნოს, რომ გურული მხედრების უმრავლესობა მომცრო ტანის, ძარღვიანი ახალგაზრდები იყვნენ. როგორც Wisconsin State Journal (24 ივლისი, 1901) წერდა, “...ისინი უმეტესწილად პატარა ტანის ბიჭები არიან. მათ გვერდს ულამაზო ხმლები უმშვენებთ და ყველა სიგარეტს ეწევა.” ხოლო Monday Morning  (27 ივლისი, 1896) აღნიშნავდა: “...მათი ბელადი დაახლოებით 140 ფუნტს (დაახლოებით 60 კილოგრამს - ი.მ.) იწონიდა”, რაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან იმდაგვარი ტრიუკების შესრულება, როგორსაც ქართველები აკეთებდნენ, დიდი ტანის კაცს გაუძნელდებოდა. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობდა, მაგალითად, კირილე ხოფერია, რომელიც გადმოცემით სიმაღლეში ლამის ორ მეტრს აღწევდა.

გამგზავრებამდე მხედრები ეკლესიაში მშვიდობიანი მგზავრობისა და დაბრუნებისთვის წირვას იხდიდნენ. ამას ადასტურებს “ცნობის ფურცელი” (27 ივნისი, 1897), რომელიც იუწყებოდა, რომ სოფელ მამათის მღვდელი კალისტრატე ხელაძე მადლობას სწირავდა ჯიმშეთ გრიგორის ძე ლომაძეს და ბართლომე ალექსის ძე კილაძეს იმ ნივთებისთვის, რომლებიც მათ შემოსწირეს მამათის წმინდა იაკობ მოციქულის ეკლესიას - ლომაძემ ჩამოსაკიდი დიდი ხომლი და ერთი წყვილი ტრაპეზზე დასადგმელი ვერცხლის ახალი შანდალი (“სულ ღირებული 25 მანეთად”). კილაძემ კი სვეტიცხოვლის ხატი “დიდება საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიისა” (“ღირებული 1 მან. 50 კაპ.”). შემდეგ გაზეთი ხელაძის პირით მოუთხრობს, თუ როგორ მოხდა ეს შემოწირულობა.

“...ჯიმშეთ ლომაძემ ექვსი ამხანაგებით და ლუკა ჩხარტიშვილის თაოსნობით იმოგზაურა ამერიკაში და სხვა უცხო ქვეყნებში წარმოდგენებში სათამაშოთ. წასვლის წინ მთხოვა წირვა და პარაკლისი მშვიდობიანი მოგზაურობისთვის... აღმითქვა, როცა დაბრუნდებოდა ამერიკიდან, შემწეობას აღმოვუჩენ ეკლესიასო და შეასრულა კიდეც. აგრეთვე მადლობა ლუკა ჩხარტიშვილს, რომლის თაოსნობით ყოველი წლობით მოგზაურობენ ამერიკაში შვიდამდე ყმაწვილები, წელსაც ემზადება წასასვლელად და აღმითქვა ამერიკიდან მობრუნებისთანავე მოვაგროვებ ამხანაგებში ას მანეთამდე ფულად, ანუ ნივთიერად შესაწევნელად მამათის ეკლესიისათვისო. ღმერთმა ჰქმნას აღსრულდეს ეს, როგორც ჯიმშეთ ლომაძემ უტყუარად შეასრულა თავისი სიტყვა”.

ბათუმში შეყრილმა ქართველებმა სამხედრო გუბერნატორისაგან საზღვარგარეთული პასპორტები აიღეს (ხანდახან გურულებს პრობლემებიც ექმნებოდათ ხოლმე: ერთხელ ლუკა ჩხარტიშვილმა ვიღაც რუსს ხელი გაარტყა და ნაცემმა მას ყველანაირად შეუშალა ხელი პასპორტის აღებაში, რის გამოც ლუკა ერთ სეზონში შოუში ვერ გამოჩნდა). ამერიკული პრესა წერდა: “სპილოსთვის კბილის ამოღება უფრო ადვილია, ვიდრე კაზაკების გამოგლეჯვა რუსეთის ყბებიდანო” (Collier’s Weekly, 13 აპრილი, 1901) და გემ “მარიათი”, ბოსფორ-დარდანელის გავლით, მარსელს მიადგნენ, აქედან პარიზზე გავლით ჰავრში ჩავიდნენ, საიდანაც “ორთქლის” გემით ამერიკისაკენ გაემგზავრნენ. გურულების პირველი ნაკადის საიმიგრაციო დეკლარაციებში მითითებული არ არის, თუ რა თანხა მიჰქონდა თან თითოეულ მოჯირითეს, მაგრამ 1905 წლის დეკლარაციაში უკვე აღნიშნულია, რომ ყოველ მათგანს ჯიბეში 20 დოლარი ედო. 1912 წლის დეკლარაციაში კი ჯორჯ ჯორჯიანს (მისი ნამდვილი სახელი უცნობია) ხელზე 500, ვასო წულაძეს 200, ხოლო პლატონ მურვანიძეს 215 დოლარი ჰქონდა.

პავლე მახარაძის ქალიშვილები, ფორთო და თამარი იგონებდნენ: “ჩვენი ბიძები და მამა პირველ წასვლაზე სულ ერთ წელიწადს დარჩნენ. რომ ჩამოვიდნენ, მერე უფროსი ძმები ივანე და სილიბისტრო რამდენჯერმე წავიდნენ. პავლე კი დაოჯახდა მადიო ანთაძეზე და დარჩა, არ წავიდა. მეორე წასვლაზე, პავლეს ნაცვლად, ალცანდრე (ალექსანდრე) წავიდა... მესამედ რომ მიდიოდნენ, მამაჩემმა ცოლის ბიძაშვილი ნიკოლა ივლიანეს ძე ანთაძე წაიყვანა. ნიკოლა სამჯერ იყო ამერიკაში, მერე ფეხების დამბლა დაემართა და დაეთხოვა (სხვათა შორის, ფეხების ავადმყოფობა დაემართათ სხვა მოჯირითეებსაც, მათ შორის ლუკა ჩხარტიშვილს და პანტელეიმონ ცინცაძეს - ი.მ.). მამაჩემმა ერთხელ დედაჩემს და სხვა ქალებს ბათომში პარახოთი “მარიაც” დაათვალიერებინა.”

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“