სემუელ ბეკეტი - გოდოს მოლოდინში

„არ ვიცი რად დავწერე „გოდოს მოლოდინში“, ეს თავისთავად მოხდა“, - ბეკეტი

1957 წლის ნოემბერში სან-ფრანცისკოს ერთ-ერთი თეატრის დასი და მისი რეჟისორი დიდი მღელვარებით ელოდებოდნენ წარმოდგენის დაწყებას. ასაღელვებელი მართლაც რომ ჰქონდათ: მათ უნდა ეთამაშათ სან-კენტენის ციხის 400 ტუსაღის წინაშე. პიესა, რომელიც დასმა ძირითადად იმ მიზეზით შეარჩია, რომ მასში ქალის როლი არ არის, გახლდათ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“.

ფარდა აიხადა, სპექტაკლი დაიწყო. პირველივე ფრაზიდან ტუსაღებისაგან შემდგარი აუდიტორია დაინტერესდა პიესით, რომელმაც თავდაპირველად დააბნია პარიზის, ლონდონისა და ნიუ-იორკის რაფინირებული მაყურებელი...

„რამდენიმე პატიმარს განზრახული ჰქონდა ხმამაღალი სიცილ-ხარხარით ჩაეშალა წარმოდგენა, როგორც კი ქალი გამოჩნდებოდა სცენაზე, მაგრამ მათ თავიდანვე შეცდომა დაუშვეს: მოუსმინეს რამდენიმე ფრაზას და პიესამ ისე შეიტყუა, რომ ფარდის ახდიდან პიესის ბოლო წუთამდე ეს მძიმე საზოგადოება სულმოუთქმელად უყურებდა სამსაათიან წარმოდგენას“.

მოქმედი პირნი:
ესტრაგონი (გოგო)
ვლადიმირი (დიდი)
ლაკი
პოცო
ბიჭი

ვლადმირი: აი, ესეც ადამიანი, მთელი თავისი სიგრძე-სიგანით: ფეხი სტკივა, ჯავრს კი ფეხსაცმელზე იყრის.

ესტრაგონი: ადამიანები ბრიყვები არიან.

ესტრაგონი: ვისაც შეუძლია ბევრი, იმას ცოტაც შეუძლია.

ესტრაგონი: მოდი, ნურაფერსაც ნუ გავაკეთებთ, ეგრე უფრო უდავიდარაბოა.

ვლადიმირი: როგორ მაცინებ, აკრძალული რომ არ მქონდეს, გადავიხარხარებდი.
ესტრაგონი: ნუთუ ყველაფრის უფლება დავკარგეთ?

ვლადიმირი: საკუთარ თავს ვერსად გაექცევი.
ესტრაგონი: რამდენიც გინდა ნერვები დაიწყვიტო, არა?
ვლადიმირი: რაცა ხარ, ისევ ის დარჩები.
ესტრაგონი: ცხრა ტყავიც რომ გაგძვრეს.
ვლადიმირი: შინაგანი ბუნება არ იცვლება.
ესტრაგონი: რას იზამ;

პოცო: ... ადამიანის ცრემლები მუდმივი სიდიდეა. საკმარისია, სადმე ერთი ატირდეს და სხვაგან მეორე დაჩუმდება, სიცილიც ეგრეა; და დროს ნუ დავემდურებით, ავად ნუ მოვიხსენიებთ. ეს დრო წინა სხვა დროებზე უფრო დაღუპული არაა. მაგრამ კარგადაც ნუ მოვიხსენიებთ. ნურც ავად, ნურც კარგად ნუ მოვიხსენიებთ. რაც შეეხება ხალხს, ცხადია, ხალხი მომრავლდა.

პოცო: ... ოდესღაც მასხრები ჰყავდათ, ახლა დებილები ჰყავთ. ოღონდ, რა თქმა უნდა, იმათ, ვისაც ამის შეძლება მოსდევს.

ვლადიმირი: დრო კი გაქვავდა.
პოცო: ეგ არ დაიჯეროთ, ჩემო ბატონო, ეგ არ იფიქროთ, ყველაფერი დაიჯერეთ, ეგ კი არა.

პოცო: ... ჰოპ! - აი ასე! სწორედ იმ წამს, როცა ყველაზე ნაკლებად ელი. აი, როგორ ხდება ყველაფერი ამ თახსირ დედამიწაზე.

ვლადიმირი: აი, როგორც იქნა, დროც გავიდა.
ესტრაგონი: ისედაც გავიდოდა.

ვლადიმირი: ვერ წავალთ.
ესტრაგონი: რატომ?
ვლადიმირი: გოდოს ველოდებით და იმიტომ.

ვლადიმირი: ფეხსაცმელებზე გეკითხები, იქ რად დააწყვე მეთქი.
ესტრაგონი: აქ უნდა დავტოვო. ერთხელაც იქნება, აქ ვინმე ისეთი გამოივლის... ჩემისთანა... ოღონდ ფეხი ცოტა პატარა ექნება... იპოვის... გაიხარებს...
ვლადიმირი: ფეხშიშველი ივლი?
ესტრაგონი: ქრისტე ფეხშიშველი დადიოდა.
ვლადიმირი: მერე, ქრისტე რა შუაშია. თუ ქრისტეს ადარებ თავს?
ესტრაგონი: მე მთელი ჩემი სიცოცხლე ქრისტეს ვადარებ თავს.
ვლადიმირი: ჰო, მაგრამ იქ თბილოდა და საერთოდაც... იქ კარგი იყო.
ესტრაგონი: ჰო, სწრაფად მაინც გაცვამდნენ ჯვარზე.

ვლადიმირი: მღვდელსა ჰყავდა ერთი ძაღლი, შერჩენილი ობლად, ძაღლმა ხორცი მოიპარა და მღვდელმა ძაღლი მოკლა. მერე ორმო გაუთხარა - წესი უნდა აეგო, ზედ წარწერაც გაუკეთა - ყოველ გამვლელს გაეგო, რომ ... მღვდელსა ჰყავდა ერთი ძაღლი, შერჩენილი ...

ვლადიმირი: დაწყებაა ძნელი.
ესტრაგონი: საიდანაც გინდა, იქიდან დაიწყებ.
ვლადიმირი: ჰო, მაგრამ, ხომ უნდა გადაწყვიტო.
ესტრაგონი: მართალია.
ვლადიმირი: მიშველე რამე!
ესტრაგონი: ვცდილობ.
ვლადიმირი: როცა ცდილობ, ბევრ რამეს გაიგონებ.
ესტრაგონი: ჰო.
ვლადიმირი: ეს კი ხელს გიშლის მიაგნო, რასაც ეძებ.
ესტრაგონი: რა თქმა უნდა!
ვლადიმირი: ფიქრშიც გიშლის ხელს.
ესტრაგონი: და მაინც ფიქრობ.
ვლადიმირი: არა, ეს შეუძლებელია.
ესტრაგონი: ჰო, ჰო, მოდი ერთმანეთს ვეკამათოთ.
ვლადიმირი: არ შემიძლია.
ესტრაგონი: ფიქრობ?
ვლადიმირი: არა, ფიქრის საფრთხე სამუდამოდ აცილებული გვაქვს.
ესტრაგონი: მაშ, რაღას ვემდურით ბედს?
ვლადიმირი: ეჰ, ფიქრი არც თუ უსაშველო უბედურებაა.

ვლადიმირი: ... ეს ძახილი „მიშველეთო“, პირადად მე და შენ კი არა, - მთელ კაცობრიობას მოუხმობს, მაგრამ რაკი აქ, ამ ადგილზე, ამ წუთას, კაცობრიობა ჩვენ ვართ, სულ ერთია, მოგწონს თუ არა, უნდა ვისარგებლოთ, სანამ გვიან არ არის და ერთხელ მაინც ღირსეული წარმომადგენლები ვიყოთ იმ ფლიდი და უკეთური მოდგმისა, რომელსაც უკუღმართმა ბედისწერამ მიგვაკუთვნა. რას იტყვი ამაზე? აი, წარმოიდგინე, როცა ჩვენ გულხელდაკრეფილნი ადამიანთა ავ-კარგს ვწონით და განსჯას ვუწოდებთ, მოყვასს მოვეხმაროთ თუ არაო, ამ დროს ჩვენს ბუნებას ვავლენთ და საკუთარ ღირსებას ვიცავთ. ვეფხვი დაუფიქრებლად, თვალის დახამხამებაში გადაეშვება თავისი ამხანაგის საშველად, ან სადმე ტევრში მიიმალება. მაგრამ ამას როდი ვამბობ. აქ რომ ვართ, რას ვაკეთებთ? აი, რა უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს; და ჩვენი ბედი, რომ ვიცით, რა ვუპასუხოთ. ჰო, ამ თავბრუდამხვევ, უზარმაზარ ქაოსში ერთი რამ ნათელია: ველით, როდის მოვა გოდო.

ესტრაგონი: ეჰ, ჩვენ ყველანი შეშლილები ვიბადებით, ზოგს კი სიგიჟე ბოლომდე გასდევს.

ვლადიმირი: რომ გეუბნები, დამიჯერე, პოცო ჰქვია.
ესტრაგონი: ახლავე შევამოწმებთ. აბელ!
პოცო: აქეთ, აქეთ!
ესტრაგონი: ხედავ?
ვლადიმირი: ყელში ამომივიდა ეგ სიმღერა.
ესტრაგონი: მეორეს იქნებ კაინი ჰქვია. კაინ! კაინ!
პოცო: ჩემკენ, აქა ვარ!
ესტრაგონი: აქ ადამიანთა მთელი მოდგმა შეყრილა.

პოცო: ... ბრმებს არა აქვთ დროის შეგრძნება. ვერ აღიქვამენ ვერაფერს, რასაც კავშირი აქვს დროსთან.
პოცო: არ იქნა და აღარ გაათავეთ, სიცოცხლეს მიწამლავთ მაგ თქვენი დროის დაზუსტებით. ეს უაზრობაა! როდის! როდის! ერთ დღეს - თქვენ ეს არ გყოფნით? - ერთ დღეს, რომელიც ათას სხვა დღეს ჰგავს, ის დამუნჯდა. ერთ დღეს დავბრმავდი მე. ერთ დღეს ჩვენ დავყრუვდებით, ერთ დღეს დავიბადეთ, ერთ დღეს მოვკვდებით, იმავე დღეს, იმავე წამს, - არა კმარა ეს განმარტება თქვენთვის? მშობიარობენ სამარეს გართხმულნი, სულ ერთი წამით იელვებს დღე და მერე ისევ გრძელდება ღამე.

ვლადიმირი: ბატონმა გოდომ გამოგგზავნა?
ბიჭი: დიახ, ბატონო.
ვლადიმირი: ამ საღამოს არ მოვა?
ბიჭი: არა, ბატონო.
ვლადიმირი: მაგრამ უეჭველად მოვა, ხვალ, არა?

ესტრაგონი: სულ რომ მოვეშვათ მაგ გოდოს? ვითომ რა მოხდება, რომ მოვეშვათ?
ვლადიმირი: დაგვსჯის. მხოლოდ ხე ცოცხლობს.

ვლადიმირი: მე და შენ ხვალ ჩამოვიხრჩობთ თავს. თუ გოდო არ მოვიდა.

გამომცემლობა „ინტელექტი“, 2013წ.