იუკიო მიშიმა - პატრიოტიზმი
1936 წლის ოცდარვა თებერვალს, ცნობილი მოვლენებიდან მესამე დღეს გვარდიის სატრანსპორტო ბატალიონის პორუჩიკმა სინძი ტაკეიამამ, შეძრულმა ცნობით, რომ მისი უახლოესი მეგობრები შეთქმულთა შორის აღმოჩნდნენ და თვითონ აჯანყების ჩახშობა მოუწევდა, თავისი სახლის ერთ-ერთ ოთახში ხმლით ჰარაკირი გაიკეთა; მისმა მეუღლემ რეიკომ საყვარელი ქმრის მაგალითს მიჰბაძა და მანაც თავი მოიკლა.
პორუჩიკის გამოსამშვიდობებელ ბარათში ერთადერთი ფრაზა ეწერა: „გაუმარჯოს იმპერატორის არმიას!“ ცოლმაც დატოვა წერილი, სადაც მშობლებისგან პატიებას ითხოვდა იმის გამო, რომ მათზე ადრე ეთხოვებოდა სიცოცხლეს, და ამთავრებდა სიტყვებით: „ის დღე დადგა, რომლისთვისაც მზად უნდა იყოს ოფიცრის ცოლი“. მამაცი წყვილის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები ისეთი იყო, რომ ყველაზე ქვის გულსაც კი შეძრავდა. პორუჩიკს ოცდათერთმეტი წელი შეუსრულდა, რეიკოს - ოცდასამი. მათი ქორწილიდან ნახევარი წელიც არ გასულიყო.
ისინი, ვინც მათ ქორწინებას ესწრებოდა ან მათ საქორწინო ფოტოსურათს უყურებდა, აღფრთოვანებულნი რჩებოდნენ ახალგაზრდა წყვილის სილამაზით. მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმარმა თავი მოიკლა, ისინი, ვინც მათ ფოტოსურათს დახედავდა, ღრმად ამოიოხრებდნენ და აღნიშნავდნენ, ერთი შეხედვით იდეალურ კავშირს ყოველთვის უბედურება მოაქვსო. სურათის შემხედვარეს კი გეჩვენებოდა, რომ ახალგაზრდები ნათელი თვალებით საკუთარ სიკვდილს ხედავდნენ.
ახალდაქორწინებულები დასახლდნენ სახლში, რომელსაც პატარა ბაღი ეკრა. ვინაიდან სამშობლოს მძიმე დღეები ედგა, საქორწინო მოგზაურობაზე უარი თქვეს. პირველი ღამეც ახალ სახლში გაატარეს. ვიდრე საწოლში ჩაწვებოდნენ, პორუჩიკმა მუხლებზე გაშიშვლებული ხმალი დაიდო და რეიკოს წინაშე მოკლე სიტყვა წარმოთქვა. ოფიცრის ცოლი, უთხრა მან, ყოველთვის მზად უნდა იყოს, ქმარი დამეღუპებაო. შეიძლება ეს ზეგ მოხდეს. „ხომ არ შედრკები, როცა საბედისწერო დღე დადგება?“ ჰკითხა. რეიკო წამოდგა, გამოაღო კარადის უჯრა, საიდანაც თავისი მზითვიდან ყველაზე ძვირფასი ნივთი, ხანჯალი ამოიღო, რომელიც დედამ აჩუქა. როგორც ქმარმა, რეიკომაც მდუმარედ დაიდო გაშიშვლებული ხანჯალი მუხლებზე. ცოლ-ქმარს შორის უსიტყვო ხელშეკრულება დაიდო.
ქორწინებიდან რამდენიმე თვეში რეიკოს სილამაზე უფრო გაბრწყინდა. ორივე ახალგაზრდა გახლდათ და მათი ვნება არა ცხრებოდა. არამარტო ღამით ტკბებოდნენ სიყვარულით - ხშირად, სამსახურიდან დაბრუნებული პორუჩიკი დამტვერილი მუნდირის გახდასაც ვერ ასწრებდა, ისე უნდოდა ახალგაზრდა ცოლს ჩახუტებოდა. რეიკოც არანაკლები ვნებით პასუხობდა. ქორწინების პირველსავე თვეს შეიგრძნო განუსაზღვრელი ნეტარება და, ეს რომ იცოდა, პორუჩიკის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
რეიკოს მშვენიერი, თეთრი სხეული, მისი მკვრივი, ხელშეუხებელი მკერდი, სიყვარულს ერთხელ მინდობილი, გრძნობის ცეცხლით აინთო. ახალგაზრდები ერთმანეთს საშიში სერიოზულობით ეფერებოდნენ, რომელიც ნეტარების უმაღლეს მწვერვალზეც არა ტოვებდათ.
საქმით გადატვირთული, დასვენების მოკლე წუთების დროს, პორუჩიკი ცოლზე ფიქრობდა; შინ მარტო დარჩენილ რეიკოს თვალწინ საყვარელი ადამიანის სახე ედგა. რეიკო უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ მისი ბედნიერება სიზმარი არ იყო. არც ის ეჩვენებოდა უცნაურად, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ უცხო მამაკაცი ის მზე გახდა, რომელმაც მისი სამყარო გაანათა.
ცოლ-ქმრის ურთიერთობა ღრმა, ზნეობრივ საფუძველს ეყრდნობოდა - იმპერატორის დაწესებული კანონით „ქმარი და ცოლი სრულ ჰარმონიაში უნდა ცხოვრობდნენ“. მცირე უთანხმოებაც არასოდეს მოსვლიათ.
პორუჩიკის სახლი ბეჭდის მცველი-მინისტრის საიტოს სოფლის მახლობლად იდგა, მაგრამ 26 თებერვლის დილას ცოლ-ქმარს სროლის ხმა არ გაუგიათ. ტრაგიკული ეპიზოდი სულ რაღაც ათი წუთი გაგრძელდა და პორუჩიკი სროლამ კი არა, განგაშის ხმამ გააღვიძა. ოფიცერი სასწრაფოდ წამოხტა საწოლიდან, მდუმარედ ჩაიცვა ფორმა, ხელი დასტაცა ხმალს, რომელიც ცოლმა მიაწოდა და ჩაბნელებულ ქუჩაში გავარდა. 28 რიცხვის საღამომდე რეიკოს ის აღარ უნახავს. მხოლოდ რადიოდან შეიტყო მომხდარის შესახებ, ორი დღე სრულ მარტოობაში გაატარა.
ქმრის სახეზე სიკვდილის გადაწყვეტილება ამოიკითხა. თუ იგი ცოცხალი არ დაბრუნდებოდა, რეიკო მზად იყო გაჰყოლოდა. მან აუჩქარებლად დაიწყო თავისი ნივთების მოწესრიგება. გამოსასვლელი კიმონოები თავისი სკოლის მეგობრებისთვის გადადო საჩუქრად, გაახვია და თითოეულს სახელი და მისამართიც დააწერა. ქმარი ასწავლიდა, ხვალინდელ დღეზე არ იფიქროო, და ამიტომ დღიურს არ წერდა და ამით ის სიამოვნება მოაკლდა, უკანასკნელი თვეების ბედნიერი მოგონებები გადაეკითხა და ფურცელ-ფურცელ დაეწვა. რადიომიმღების გვერდით რეიკოს პატარა კოლექცია ეწყო: ფაიფურის ძაღლი, კურდღელი, თხუნელა, დათვი, მელა და ლარნაკი. ახალგაზრდა ქალმა გაიფიქრა, რომ ეს ნივთები სამახსოვრო სუვენირებად არ გამოდგებოდა. იმის თხოვნაც უხერხული იქნებოდა, კუბოში ჩაეტანებინათ. რეიკოს მოეჩვენა, ფაიფურის ცხოველების სახეები საბრალოდ იმანჭებიანო.
თხუნელა აიღო, მაგრამ ფიქრით თავისი ბავშვური გატაცებიდან შორს იყო; მზერით დიადი არსის თვალისმომჭრელ ნათებას ხედავდა, რომლის განსახიერებაც მისი ქმარი იყო. მზად გახლდათ სიკვდილის შესახვედრად, მაგრამ ჯერ კიდევ ჰქონდა რამდენიმე საათი, იგი ივსებოდა მწველი ვნებით, ბედნიერების მოუთმენელი შეგრძნებით… სიკვდილი, რომელიც სულ აქვე დაფრინავდა, რეიკოს არ აშინებდა. მას მტკიცედ სწამდა: ყველაფერი ის, რასაც ფიქრობს და გრძნობს, აახლოებს იმ ნეტარებასთან, რომელსაც „სიკვდილი“ ჰქვია.
ახალი ამბებიდან რეიკომ შეიტყო, რომ შეთქმულთა შორის მისი ქმრის საუკეთესო მეგობრებიც ერივნენ. ამ ცნობამ უკანასკნელი ეჭვიც გააქარწყლა. რეიკო მოუთმენლად ელოდა იმპერატორის რესკრიპტს, რადგან ხედავდა, რომ ამბოხს, რომელსაც ადრე „ნაციონალური აღორძინების მოძრაობას“ უწოდებდნენ, ნელ-ნელა სამარცხვინო დაღი „აჯანყება“ მიეწება. ქალაქი ყოველ წუთს სამხედრო მოქმედებას ელოდა.
ოცდარვა თებერვლის საღამოს შეშინებულ რეიკოს კარზე კაკუნი მოესმა. აკანკალებული ხელებით გახსნა კლიტე. შინელითა და ტალახიანი ჩექმებით შემოაბიჯა ქმარმა შინ და კარი გასაღებით ჩაკეტა. რეიკომ ამ ჟესტის მნიშვნელობა თავიდან ვერც გაიგო.
წვერმოშვებული ქმრის სახე რეიკოს უცხოდ მოეჩვენა. ლოყები ჩავარდნილი და გაშავებული ჰქონდა. ჩვეულებრივ, სამსახურიდან კარგ გუნებაზე დაბრუნებული, ჯერ ფორმას გამოიცვლიდა და დაუყოვნებლივ ვახშამს ითხოვდა. დღეს პორუჩიკი მაგიდას ფორმით მიუჯდა და თავი ჩაქინდრა.
ცოტა ხანს ჩუმად იჯდა, შემდეგ კი წარმოთქვა:
- არაფერი არ ვიცოდი. მათ არ მითხრეს. ალბათ იმიტომ, რომ ახლახანს დავქორწინდი. იქ კანო, ხომა და იამაგუტი არიან…
რეიკომ ცხადად დაინახა ახალგაზრდა ოფიცრების, მისი ქმრის მეგობართა სახეები, რომლებიც მათ სახლში ასე ხშირად იმყოფებოდნენ.
- ხვალ უმაღლეს რესკრიპტს გამოაცხადებენ. მათ აჯანყებულებად ცნობენ. ვალდებული ვიქნები მათთან საბრძოლველად ჩემი ჯარისკაცები გამოვიყვანო… ამის ჩადენა არ შემიძლია, არ შემიძლია… დაცვიდან მომხსნეს, - განაგრძო პაუზის შემდეგ, - და ნება დამრთეს დღევანდელი დღე შინ გამეტარებინა. ხვალ დილით, ალბათ, შეტევა მომიწევს. რეიკო, ეს ჩემს ძალებს აღემატება.
რეიკო მოპირდაპირე მხარეს იჯდა და თვალები არ აუწევია. შესანიშნავად ესმოდა, რომ ქმარი სიკვდილის გადაწყვეტილებას ამცნობდა. გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. ხმას საოცარი ძალა ჰქონდა, იმიტომ, რომ ყოველი სიტყვის შემდეგ სიკვდილი იდგა.
მისაღებ ოთახში ჩამომდგარი სიჩუმე სუფთა და გამჭვირვალე იყო, როგორც მთის ნაკადული. ორდღიანი წამების შემდეგ ახალგაზრდა და მშვენიერი ცოლის წინ მჯდარმა პორუჩიკმა იგრძნო, რომ სულიერად დამშვიდდა. იცოდა, რომ არაფრის ახსნა საჭირო აღარ იყო, რეიკოს ყველაფერი ესმოდა.
- აი… - პორუჩიკმა თავი ასწია. რეიკოს თვალებში შეხედა - ღამე ჰარაკირის გავიკეთებ.
რეიკოს თვალებში ისეთი დაძაბულობა ჩაგუბებულიყო, გეგონებოდა, ეს გამოხედვა ზარებს დარეკავსო.
- მე მზად ვარ, - უცებ არ უპასუხა, - ნება მომეცი გამოგყვე.
პორუჩიკმა იგრძნო, რომ ამ გამოხედვის ძალა თითქმის თრგუნავდა. სიტყვები თავისით მოსწყდა ბაგეს:
- კარგი. გამოდის, ერთად. მაგრამ მინდა, რომ ნახო, როგორ მოვკვდები. თანახმა ხარ?
თვითონაც ვერ გაიგო, ასე მარტივად, ასე ზერელედ როგორ დართო ნება ამ საშინელ ნაბიჯზე. მაგრამ როცა სათქმელი ითქვა, ორივეს გული ბედნიერების მხურვალე ტალღამ დაფარა. რეიკოს გული აუჩუყა ქმრის უპირობო ნდობამ. იცოდა, თუ რა მნიშვნელოვანი იყო პორუჩიკისათვის სიკვდილის რიტუალის უზადობა. ჰარაკირის აუცილებლად უნდა ჰყავდეს მოწმე და ის, რომ ამ როლისათვის იგი აარჩია, უაღრეს პატივისცემას მეტყველებდა. და უფრო დიდი ნდობის გამოხატვა იყო ის, რომ პორუჩიკი არ აიძულებდა პირველი მომკვდარიყო, და ამით ისპობდა იმის შესაძლებლობას, შეემოწმებინა შეასრულა ცოლმა პირობა თუ არა. ჩვეულებრივი ეჭვიანი ქმარი რომ ყოფილიყო, რეიკო მასზე ადრე მოკვდებოდა. ასე ხდება ორმაგი თვითმკვლელობებისას.
პორუჩიკის აზრით, რეიკოს გადაწყვეტილება, ქორწინების პირველ ღამეს დადებული ფიცის დამამტკიცებელი, მისი აღზრდის შედეგი იყო. ეს აზრი მას სიამაყით ავსებდა, მაგრამ ეს თავშიც არ მოსდიოდა, რომ სიკვდილის გადაწყვეტილება ცოლმა მისადმი სიყვარულის გამო მიიღო.
სიხარული, რომელმაც ორივე მოიცვა, იმდენად დიდი გახლდათ, რომ ცოლ-ქმრის სახე ღიმილმა გაანათა. რეიკოს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს კიდევ ერთი საქორწინო ღამე ელოდა წინ. არც ტკივილი და არც სიკვდილი არ იყო - მხოლოდ თავისუფალი და უსაზღვრო სივრცე.
პორუჩიკი საბანაოდ გაემზადა. რეიკომ გამოაღო კარადა და ქმარს სთხოვა, შიგ შეიხედეო. პორუჩიკი მიუახლოვდა და მდუმარედ წაიკითხა შეფუთულ კიმონოებზე წარწერილი რეიკოს მეგობართა მისამართები. რეიკოს გადაწყვეტილების კიდევ ერთმა დამამტკიცებელმა ფაქტმა გული სინანულის ნაცვლად უფრო მეტი სინაზით აუვსო. პორუჩიკმა ცოლს აკოცა. ამ შეხებაში იყო ცხოვრების მთელი შეგრძნება. კოცნა საოცრად სუფთა გახლდათ - მალე ხომ ყველაფერი დამთავრდებოდა. წამები ძალას იკრეფდნენ, სხეულის ყოველი უჯრედი იღვიძებდა.
- ჯერ აბაზანა, მერე საკე, მერე კი… საწოლი, - ყურში ჩასჩურჩულა პორუჩიკმა. რეიკომ თავი დაუქნია.
ყველაფერი ისე იყო, როგორც ჩვეულებრივ დღეს. და მაინც, პორუჩიკი დროდადრო მკერდში ღრმად უცნაურ თრთოლვას გრძნობდა. ეს წამიერი იყო და უცებ ქრებოდა. მიუხედავად სიკვდილის მოლოდინისა, მთელი მისი არსება სასიხარულო მოლოდინით ავსებულიყო. პორუჩიკს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ის სიხარული, რომლითაც სიკვდილის გადაწყვეტილება მიიღეს, ალალი გახლდათ. იმ წამში, თუმცა ისინი ამის შესახებ არც ფიქრობდნენ, მათი ყველასაგან დაფარული ბედნიერება უმაღლესი სამართლიანობის, ღვთიური ნებისა და შეუვალი ზნეობის საიმედო საფარველქვეშ იმყოფებოდა. ერთმანეთის თვალებში ორმაგი თვითმკვლელობის გადაწყვეტილება რომ წაიკითხეს, ორივემ შეიგრძნო ჭეშმარიტების და სილამაზის ძლიერი ჯავშანი.
აბაზანიდან გამოსულმა პორუჩიკმა საკე დალია და სასმისი რეიკოსაც გაუვსო. რეიკოს აქამდე საკე არ გაესინჯა და ფრთხილად მოსვა.
- მოდი ჩემთან, - დაუძახა პორუჩიკმა.
რეიკო მიუახლოვდა ქმარს და მაგრად ჩაეხუტა. მის მკერდში სიხარული და დარდი აირია, ადუღდა. პორუჩიკმა თვალებში ჩახედა. ქალის უკანასკნელი სახე, ადამიანის უკანასკნელი სახე, რომლის ნახვაც უწერია. უცებ შენიშნა, რომ ცოლის დახუჭული თვალებიდან ცრემლები გადმოედინება.
„წამოდი საწოლ ოთახში“, - შესთავაზა პორუჩიკმა. რას ელის იგი - სიკვდილს თუ გიჟურ ტკბობას? ერთი მოლოდინი მეორეს ერწყმოდა და ისე ჩანდა, თითქოს მისი ყველაზე დიდი სურვილი სიკვდილი იყო. რაც უნდა ყოფილიყო, პორუჩიკს არასოდეს უგრძვნია ასეთი ყოვლისმომცველი თავისუფლება. სახლის კედლები ქუჩიდან შემოსულ ხმებს ირეკლავდა. სახლის მიღმა იყო უზარმაზარი ქვეყანა, რომელსაც პორუჩიკმა გული უძღვნა. მისთვის სიცოცხლეც გაიღო. მაგრამ შეამჩნევს სამშობლო იმ ადამიანის დაღუპვას, რომელმაც იდეას შესწირა თავი? დაე ნუ შეამჩნევს! პორუჩიკის საომარი ველი დიდებით არ შეიმოსება, ის ბრძოლაში ვერ ისახელებს თავს, მაგრამ მისი სულის ფრონტის ხაზი სწორედ აქ გადის.
რეიკოს შეხედა. მას უნდოდა ყოველი წამით დამტკბარიყო. და წამები ცისარტყელას ფერებით აკიაფდა.თვითონაც ვერ გაიგეს, როგორ აღმოჩნდნენ შიშვლები.
მათი სულები, სხეულები და აზრები იმით ავსებულიყო, რომ ეს უკანასკნელადაა. მათ კანზე თითქოს უხილავმა ფუნჯმა დაწერა „უკანასკნელად“.
ჯერ კიდევ უცნობმა სასიკვდილო ტანჯვამ გრძნობა გაუმძაფრათ, შეხება წვავდათ. მომავალი აგონია ტკბობას დღემდე გამოუცნობ დახვეწილობასა და სისუფთავეს ანიჭებდა.
- მაჩვენე შენი სხეული. უკანასკნელად მინდა დავტკბე, - ჩაიჩურჩულა პორუჩიკმა.
რეიკოს თვალები დაეხუჭა და გაუნძრევლად იწვა. პორუჩიკმა ეგოისტური თვითკმაყოფილებით გაიფიქრა, რადგან პირველი მოვკვდები, ამ სილამაზის დაღუპვას ვერ ვიხილავო.
აუჩქარებლად იბეჭდავდა მეხსიერებაში ულამაზეს სურათს.
რეიკომ აკანკალებული ხმით წამოიძახა:
- მეც მინდა… უკანასკნელად…
ქმარს პირველად მიმართავდა აშკარა თხოვნით; თითქოს აქამდე დაფარულმა გარეთ ამოხეთქა. პორუჩიკი ზურგზე გადაწვა. გაწითლებული სახით ნაზად მიიხუტა მკერდზე ქმრის თავი. ჩააშტერდა ამ მამაც სახეს, მის მკვრივ, დაკუნთულ სხეულს. რეიკომ წარმოიდგინა, მალე ეს სხეული როგორ დაისერებოდა და ცრემლიანი თვალებით ქმრის მუცლის კოცნა დაიწყო.
მუცელზე ცრემლების წვეთა რომ იგრძნო, პორუჩიკს ახალი ძალით შეემატა სიმამაცე და ახლა ეჭვი აღარ ეპარებოდა, ნებისმიერ ტანჯვას გავუძლებო.
ზედმეტია იმის თქმა, თუ რა ნეტარებას განიცდიდნენ ამგვარი დამშვიდობებით. ვნების ერთი ტალღა მეორეს ცვლიდა, დაღლას ვერ გრძნობდნენ და ახალ-ახალი მწვერვალებისაკენ მიისწრაფოდნენ.
როდესაც პორუჩიკი რეიკოს სხეულს მოსწყდა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ვნება დაუცხრა. იგი შეაჩერა შიშმა, რომ ჰარაკირისათვის საჭირო ძალებს დახარჯავდა. და კიდევ არ უნდოდა, მათი სიცოცხლის უკანასკნელი შესანიშნავი წამები მოყირჭებით გაფერმკრთალებულიყო.
ცოლ-ქმარი გაუნძრევლად იწვა და ტკბებოდნენ ყოველი გადატანილი წამით, ყოველი გადატანილი კოცნით, სხეულის შეხებით, ბედნიერების გრძნობით. მაგრამ ჭერიდან სიკვდილის სახე უმზერდათ. ტკბობა დამთავრდა და მათთან აღარასოდეს დაბრუნდება. ორივემ გაიფიქრა: ხანგრძლივადაც რომ გვეცოცხლა, ასეთ ექსტაზს ვერასოდეს ვიგრძნობდითო.
სიკვდილის მოახლოება ყოველ წამს იგრძნობოდა. დროც აღარ რჩებოდა. უნდა მოეკრიბათ მთელი სიმამაცე და სიკვდილისაკენ თვითონ გადაედგათ ნაბიჯი.
- აბა, დროა მოვემზადოთ, - დაარღვია სიჩუმე პორუჩიკმა. სიტყვები გადამჭრელი იყო, მაგრამ რეიკოს არასოდეს გაუგია მის სიტყვებში ასეთი სინაზე და სირბილე.
ადგნენ. წინ ბევრი რამ იყო მოსაგვარებელი.
სახლი ისე დალაგებულიყო, თითქოს ოჯახი საპატიო სტუმარს ელოდა.
- აქ რამდენჯერ დაგვილევია, - ამოიოხრა პორუჩიკმა, - კანოსთან, ხომასთან, ნოგუტისთან ერთად…
- ჰო, უყვარდათ ქეიფი.
- არა უშავს, მალე შევხვდებით. წარმოგიდგენია, როგორ დამცინებენ შენს დანახვაზე.
ვიდრე პირველ სართულზე ჩავიდოდნენ, პორუჩიკმა ნათელ ოთახს თვალი მოავლო. თვალწინ დაუდგა ახალგაზრდა ოფიცრების სახეები, შექეიფიანებულთა ხმაურიანი ლაპარაკი, გულუბრყვილო ტრაბახი. იმ მხიარული წვეულებებისას ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მუცელს გაიფატრავდნენ.
რეიკომ მაგიდაზე ფურცლები დააწყო სიკვდილის წინ წერილის დასაწერად.
უკვე იცოდა, რასაც დაწერდა. რეიკომ დაინახა, როგორ შემოვიდა პორუჩიკი, მუნდირი შიშველ სხეულზე შემოეცვა. ჩუმად დაჯდა და აიღო ფუნჯი, თან სუფთა ფურცელს გახედა. რეიკო გავიდა თეთრი კიმონოს ჩასაცმელად. როდესაც დაბრუნდა, პორუჩიკის გამოსამშვიდობებებელი წერილი უკვე დაწერილი იყო.
„გაუმარჯოს იმპერატორის არმიას! პორუჩიკი სინძი ტაკეიამა!“
რეიკომაც დაიწყო წერა. პორუჩიკი თვალს ადევნებდა, როგორ გამოჰყავდა იეროგლიფები ქალს. შემდეგ ხმალი შემოირტყა, რეიკომ ქამარში ხანჯალი გაირჭო და ხელებში სიკვდილისწინა წერილებით ჩუმი ლოცვა დაიწყეს.
პირველ სართულზე სინათლე ჩააქრეს და მეორე სართულისაკენ გაემართნენ. შუა კიბეზე პორუჩიკი მობრუნდა და რეიკოს სილამაზემ კიდევ ერთხელ გააოცა.
წერილები ერთმანეთს მიუწყეს გვერდით. პორუჩიკს უნდოდა კედლიდან კაკეძიკუს (ქაღალდის ან აბრეშუმის გრძელ ზოლზე გაკეთებული კალიგრაფიული წარწერა) ჩამოეხსნა, მაგრამ გადაიფიქრა: მასზე გამოსახული იყო დიდებული სიტყვა „ერთგულება“.
პორუჩიკი იატაკზე დაჯდა, ზურგით კედლისაკენ, და მუხლებზე ხმალი დაიდო. რეიკო მეზობელ ტატამზე მოთავსდა; ცოლ-ქმარი ერთმანეთს თვალებში უმზერდნენ. ქმრის მუხლებზე მოთავსებულ ხმალს რომ შეხედა, რეიკომ პირველი ღამე გაიხსენა და აუტანელი სევდა იგრძნო. პორუჩიკმა მოგუდული ხმით უთხრა:
- სეკუნდანტი არა მყავს, ამიტომ ღრმა ჭრილობას მივიყენებ. ალბათ, სასიამოვნო სანახაობა არ იქნება, მაგრამ არ შეგეშინდეს. გვერდიდან ნებისმიერი სიკვდილი საშინელი სანახავია. ამან გამბედაობა არ დაგაკარგინოს. კარგი?
- კარგი, - დაბლა დახარა თავი რეიკომ.
ცოლის მშვენიერი სხეულის დანახვაზე, რომელიც თეთრ სამოსში გამოწყობილიყო, პორუჩიკმა იგრძნო, რომ უცნაურმა აგზნებამ მოიცვა. ახლა ის ქმარს ახლად დაინახავს, სამხედრო ვალის შესრულების დროს. ვინაიდან ასეთი სიკვდილი არანაკლებ საპატიოა, ვიდრე ბრძოლის ველზე. იგი უჩვენებს ცოლს, როგორ იმოქმედებდა ბრძოლის დროს. აი, ნამდვილი ბედნიერება. ცოლის წინ სიკვდილი იგივეა, რაც სუფთა ბრიზის სურნელის შესუნთქვა. ბედი სწყალობს, ისეთი უპირატესობა აქვს, როგორიც არავის ღირსებია. თეთრი, პატარძლის მსგავსი უძრავი ფიგურა პორუჩიკისთვის ყოველივე იმის განსახიერება გახლდათ, რისთვისაც ცხოვრობდა: იმპერატორისათვის, სამშობლოსათვის, საბრძოლო დროშისათვის. ყველა ეს წმინდა სიმბოლო ცოლის ნათელი გამოხედვიდან უმზერდა.
რეიკო, ვინც ქმრის სიკვდილისთვის მზადებას ადევნებდა თვალს, ფიქრობდა, მსოფლიოში ამაზე მშვენიერი სანახაობა არ არსებობსო.
- მორჩა, დროა, - წამოიძახა პორუჩიკმა.
რეიკომ მდაბლად დაუკრა თავი. სადღაც გაქრა მთელი ძალები - ვერაფრისდიდებით შეძლო გამართვა. ტირილი არ შეიძლება, სახეზე კოსმეტიკა აქვს. მაგრამ ცრემლები თავისით მოედინებოდნენ.
როდესაც გასწორდა, დაინახა, რომ ქმარი ხმალს თეთრ ნაჭერს ახვევდა და შიშვლად ოც სანტიმეტრამდე რკინას ტოვებდა. საქმეს რომ მორჩა, ხმალი იატაკზე დადო და მუნდირი გაიხსნა. ცოლს აღარ უყურებდა. პორუჩიკი დააშტერდა თავის შიშველ მუცელს. შემდეგ ცოლს შეხედა ქორისებური გამოხედვით. ხმლის წვერი მუცლისაკენ მიიშვირა. იმის მიხედვით, თუ როგორ დაეჭიმა კუნთები, მიხვდებოდი, რომ მთელი ძალა მოიკრიბა. უნდოდა ხმალი მუცლის მარცხენა მხარეს, რაც შეიძლება ღრმად შეესო. ყვირილმა გააპო ოთახში გამეფებული სიჩუმე.
თუმცა პორუჩიკმა თვითონ მიიყენა ჭრილობა, მოეჩვენა, რომ ვიღაც სხვამ გაუპო სხეული სქელი რკინის ნაჭრით. თვალთ დაუბნელდა და რამდენიმე წუთით დაავიწყდა კიდეც, თუ რა ხდებოდა. რკინა პორუჩიკის მუცელში ქსოვილამდე შევიდა, მუშტი კი, რომელიც ხმალს შუაში იჭერდა, მუცელს მიებჯინა.
ცნობიერება დაუბრუნდა. მუცელი გაიფატრა, ეს ნამდვილად ასეა. სუნთქვა უჭირდა, სადღაც შორს - შეუძლებელია ეს მისი სხეული იყოს - საშინელი ტკივილი გაჩნდა. საშინელი სიჩქარით უახლოვდებოდა ტკივილი. პორუჩიკმა ყვირილი ტუჩის მოკვნეტით ჩაახშო.
„აი, როგორია ჰარაკირი, - გაიფიქრა მან, - თითქოს თავზე ცის თაღი დაგემხო, თითქოს მთელი სამყარო შეზანზარდა და ამოტრიალდა“. საკუთარი ნება და სიმამაცე, რომელიც სხეულში ხმლის შესვლამდე ურყევი ეჩვენებოდა, წვრილ, რკინის ძაფად გაიჭიმა, და იმ აზრმა, რომ ამ ძაფზე უნდა მოჭიდებულიყო, სული ნაღველით აუვსო. „საოცარია, ამ ტანჯვის მიუხედავად ნათლად ვხედავ, რომ სამყარო ისევ არსებობს,“ - გაიფიქრა მან.
იმ წუთიდან, რაც პორუჩიკმა მუცელი გაიფატრა და სახე გაიფერმკრთალა, რეიკო ებრძოდა სურვილს ქმართან მისულიყო. ეს არ შეიძლება. უნდა იჯდეს და უყუროს. იგი - მოწმეა, ასე უბრძანა ქმარმა. რეიკომ არ იცოდა, საყვარელ ადამიანს რით დახმარებოდა.
ტკივილი უფრო მატულობდა, ძალას იკრებდა. პორუჩიკი სხვა სამყაროს არსებად იქცა, მისი ყოფის მთელი არსი ტანჯვაში შენივთდა და რეიკოს მოეჩვენა, რომ ქმარი ტკივილის გალიაში გამოკეტილ ტყვედ იქცა და ხელით უკვე ვეღარ შეეხებოდა. თვითონ ხომ ტკივილს ვერ გრძნობდა. მისი დარდი ხომ ფიზიკური ტანჯვა არაა. რეიკოს ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს მასა და ქმარს შორის ვიღაცამ მინის კედელი აღმართა.
ქორწილის დღიდან რეიკოს ცხოვრების არსი ქმარი გახლდათ, ყოველი მისი ამოსუნთქვა რეიკოს ამოსუნთქვა იყო, ახლა კი ის ცალკე არსებობდა, თავისი ტანჯვის ტყვეობაში და რეიკოს, დარდით შეპყრობილს, ფეხქვეშ ნიადაგი გამოეცალა.
პორუჩიკი შეეცადა მუცელი განივად გადაეჭრა, მაგრამ ხმალი შიგნეულობას წამოედო, რომლებიც რბილი სიჯიუტით არ აძლევდნენ მოძრაობის საშუალებას. მიხვდა, რომ ხმალი ორივე ხელით უნდა ჩაებღუჯა და ისე შეესო ორგანიზმში უფრო ღრმად. ასეც მოიქცა. ხმლის პირი უფრო მძიმედ შედიოდა, ვიდრე მოელოდა, მოუხდა მარჯვენა ხელის მტევნისათვის უფრო მეტი ძალა დაეტანებინა. ხმალი ათი სანტიმეტრით გადაადგილდა.
ტკივილი ნიაღვარივით დაატყდა, უფრო და უფრო გაფართოვდა; ეჩვენებოდა, რომ მუცელი უზარმაზარი ზარივით გუგუნებდა, არა, ათასი ზარივით, რომელიც პორუჩიკის არსებას პულსის ყოველ დარტყმაზე, ყოველ ამოსუნთქვაზე ხლეჩდა. კვნესის შეჩერება შეუძლებელი იყო. მაგრამ პორუჩიკმა უცებ დაინახა, რომ ხმალი შუამდე შესულიყო მუცელში და სიმამაცის ახალი ტალღა იგრძნო.
სისხლი ღვარად მოდიოდა. იატაკი გაწითლდა. პორუჩიკმა გულისრევა იგრძნო. სპაზმებისგან ტკივილი უფრო გაუსაძლისი გახდა. ჭრილობის კიდეები გაიშალა და იქიდან შიგნეული გადმოცვივდა, თითქოს მუცელსაც გული ერევაო. ნაწლავებს თავიანთი პატრონის ტანჯვა არ ადარდებდათ, ჯანმრთელები, ბრწყინვალენი, მხიარულად გადმოსრიალდნენ. პორუჩიკს თავი ჩამოუვარდა, თვალები დახუჭა.
გარშემო ყველაფერი სისხლიანი იყო. პორუჩიკი წითელ გუბეში იწვა; სხეული მოემჩვარა, იატაკს ხელით ეყრდნობოდა. ხმალი, შიგნეულობასთან ერთად მუცლიდან გამოსული, უსიცოცხლო ხელში გაქვავებულიყო.
უცებ ოფიცერი გაიმართა. ნების ეს წარმოუდგენელი დაძაბვა რას უნდა შევადაროთ? მკვეთრი მოძრაობის გამო თავი კედელს მიენარცხა. რეიკომ, ვინც გაშეშებული უყურებდა მისი ფეხებისაკენ წამოსულ სისხლის ნაკადს, თავი ასწია.
მის მიერ დანახული ნიღაბი ცოცხალი ადამიანის სახეს არა ჰგავდა. პორუჩიკის მარჯვენა ხელმა ძლივს ასწია მძიმე ხმალი. მოძრაობა შენელებული იყო, ისეთი, როგორიც დასაქოქ თოჯინას აქვს. პორუჩიკი ცდილობდა ბასრი რკინის წვერი ყელისაკენ მიემართა. რეიკო დაძაბული უყურებდა ქმრის უკანასკნელ, ყველაზე რთულად შესასრულებელ საქციელს. ერთმანეთის მიყოლებით ყელში დამიზნებული სლიპინა რკინა მიზანს ვერ აღწევდა. პორუჩიკი ძალას კარგავდა.
რეიკოს მეტის ატანა აღარ შეეძლო. უნდოდა ქმარს დახმარებოდა, მაგრამ ძალა გამოცლოდა. სისხლიან გუბეში ოთხით გახოხდა. თეთრი კიმონო ალისფრად შეეღება. ქმრის ზურგს მიეყრდნო და მუნდირი გადაუღეღა ყელთან. მარტო ამით შეეძლო დახმარებოდა. როგორც იქნა აკანკალებული ხმლის წვერი გაშიშვლებულ ყელში შევიდა. რეიკოს მოეჩვენა, ქმარს მე ვუბიძგეო, მაგრამ არა - პორუჩიკი უკანასკნელი ღონის მოკრებით დაეცა ხმლის წვერს, რომელმაც გაკვეთა ყელი და კეფასთან გამოვიდა. სისხლის შადრევანმა იფეთქა და პორუჩიკი გაქვავდა.
რეიკო ნელა დაეშვა კიბეზე. მეორე სართულზე სამარისებრი სიჩუმე გამეფდა.
რეიკომ სინათლე აანთო. პატარა ოთახში სარკის წინ გაჩერდა. კიმონო სისხლით მოსვროდა. დიდხანს იდებდა კოსმეტიკას. გრიმი საყვარელი ადამიანისათვის კი არ იყო განსაზღვრული, არამედ სამყაროსათვის, რომელსაც მალე დატოვებდა. ფუნჯის მოძრაობაში რაღაც იყო დიდებული. როდესაც რეიკო ადგა, სარკის წინ ტატამზე სისხლიანი ნაკვალევი დარჩა, მაგრამ რეიკოს არც შეუხედავს.
შემდეგ ახალგაზრდა ქალი შემოსასვლელში გაჩერდა. საღამოს პორუჩიკმა შემოსასვლელი კარი გასაღებით ჩაკეტა. ცოტა ხანი რეიკო დილემამ ჩააფიქრა. გააღოს თუ დატოვოს დაკეტილი? თუ სახლი ჩაკეტილი იქნება, მეზობლები ახალგაზრდა წყვილის სიკვდილს მალე ვერ გაიგებენ. არ უნდოდა მათი გახრწნილი სხეულები აღმოეჩინათ. ალბათ სჯობს გააღოს… რეიკომ გასაღები გადაატრიალა და კარი ოდნავ შეაღო. შემოსასვლელში ცივი ქარი შემოიჭრა. ღამის ქუჩა უკაცრიელი იყო, ხის კენწეროებზე, რომლითაც შემორტყმული იყო სახლი, ვარსკვლავები ციმციმებდნენ.
რეიკო ისევ ზევით ავიდა. კიბე ნახევრამდეც არ აევლო, მკვეთრი სუნი იგრძნო. პორუჩიკი სისხლის გუბეში იწვა. რეიკომ მშვიდად გადაჭრა სისხლით მორწყული ოთახი. მკვდარ ქმარს გვერდით დაუჯდა, დაიხარა და სახეში ჩახედა. პორუჩიკის ფართოდ გახელილი თვალები ერთ წერტილს მიშტერებოდა. რეიკომ უსიცოცხლო თავი წამოწია, სახელოთი გასისხლიანებული სახე გაუწმინდა და ქმრის ტუჩებს გამოსამშვიდობებელი კოცნით დაეკონა. შემდეგ ქამრიდან ხანჯალი ამოიღო, ენით შეეხო ხანჯლის პირს. რკინას ოდნავ ტკბილი გემო ჰქონდა.
ახალგაზრდა ქალი წამითაც არ შეყოვნებულა. მან გაიფიქრა, რომ ტანჯვა, რომელიც მის ქმარს აშორებდა, მალე მისი გახდებოდა, რომ საყვარელ ადამიანთან შეერთების წამი ახლოსაა და მისი გული სიხარულით იყო სავსე. პორუჩიკის ტანჯვით შეცვლილ სახეში ის ხედავდა რაღაც ამოუცნობელს და იდუმალს. ახლა ამ გამოცანას ამოხსნის. რეიკოს მოეჩვენა, რომ მხოლოდ ახლა შეიგრძნო დიადი არსის ტკბილი სიმწარე, რომლისაც ასე სჯეროდა მის ქმარს. თუ მანამდე ამ იდუმალი ცოდნის გემო მხოლოდ პორუჩიკისაგან იცოდა, ახლა თვითონაც შეიცნობს.
რეიკომ ხანჯალი ყელზე მიიბჯინა და დააწვა. ჭრილობა პატარა იყო. ხელები აუკანკალდა. მკვეთრად გასწია ხანჯალი გვერდზე. პირში შიგნიდან რაღაც ცხელმა იფეთქა, თვალწინ ყველაფერი წითლად შეიღება - ჭრილობიდან სისხლის შადრევანმა გადმოხეთქა. რეიკომ მთელი ძალა მოიკრიბა და ხანჯალი ყელში ტარამდე ჩაისო.
თარგმნა ნუცა თოფჩიშვილმა
ჟურნალი "ჩვენი მწერლობა"