ანა პოლიტკოვსკაია - პუტინის რუსეთი

ეს წიგნი ვლადიმერ პუტინზეა, მაგრამ არა ისეთ პუტინზე, როგორსაც ჩვეულებრივ იცნობენ დასავლეთში, არა ვარდისფერი სათვალით დანახულ ვლადიმერ პუტინზე.

რატომ არის ასეთი რთული, ვარდისფერ ფერებში დაინახო მოვლენები, როდესაც რუსული რეალობის წინაშე აღმოჩნდები? იმიტომ, რომ პუტინმა, ქვეყნის ყველაზე შავბნელი ინტელიგენციის პროდუქტმა, ვერ შეძლო გადაებიჯებინა თავისი შემქმნელებისთვის და აღარ ემოქმედა სუკის აგენტივით. იგი კვლავაც დაკავებულია თავისუფლების მოყვარე თანამოქალაქეების დახარისხებით; ისევ ისეთივე მონდომებით მიილტვის თავისუფლების დასამარებისკენ, როგორც ამას კარიერის დასაწყისში აკეთებდა.


ეს წიგნი იმის შესახებაცაა, რომ რუსეთში, საბედნიეროდ, ყველა არ არის მზად, პუტინის მმართველობის ტიპს შეეგუოს. ჩვენ აღარ გვინდა, ვინმეს გავლენის ქვეშ ვიყოთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ყველაზე მეტად დასავლეთს აწყობს. ჩვენ გვაქვს თავისუფლების უფლება.


თუმცა ეს წიგნი პუტინის პოლიტიკის გამოცდა არ არის. მე პოლიტიკური ანალიტიკოსი კი არა, ერთი უბრალო ადამიანი ვარ უამრავთა შორის, ერთი სახე – ადამიანთა დიდ ნაკადში. ასეთებს მრავლად შეხვდებით მოსკოვში, ჩეჩნეთში, სანკტპეტერბურგსა და სხვა ადგილებში. ამ წიგნში თავმოყრილია რუსეთის პერიფერიებში ჩაწერილი ჩემი იმწუთიერი განცდები, რეალური ისტორიები. მიუკერძოებელი ანალიზისთვის უკანაც უნდა გავიხედოთ ხოლმე. მე აწმყოში ვცხოვრობ და ვინიშნავ ყველაფერს, რასაც ვხედავ და რაც მესმის.


რუსეთის ჯარი - ეს სრულიად დახურული ზონაა. იგივე ციხე. უფრო ზუსტად კი, სწორედაც ციხეა, უბრალოდ სხვა სახელი ჰქვია. ვერც ციხეში და ვერც ჯარში კაცი ვერ შედგამს ფეხს, თუ ამას ციხის (ჯარის) ხელმძღვანელობა არ „მოისურვებს“. აქედან მოდის ტრადიცია, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება ჯარში მონობის ტოლფასია.

რუსეთში არ არსებობს სამოქალაქო ხელისუფლების მხრიდან სამხედროებზე რაიმე სახის კონტროლი. ჯარისკაცი, როგორც ჯარის სტრუქტურის უმდაბლესი კასტა, არარაობაა, ნულია. საჯარისო დანაყოფების ბეტონის კედლების მიღმა ნებისმიერ ოფიცერს შეუძლია ისე მოექცეს ჯარისკაცს, როგორც მოუნდება და რაც იმ წუთას თავში აზრად მოუვა. ამავე პრინციპით უფროს ოფიცერს შეუძლია, თავის უმცროს კოლეგას დამართოს ნებისმიერი რამ, რაც მოეპრიანება.

მას შედმეგ, რაც ჩვენი ლიდერები (პრეზიდენტები) კრემლში ადგილს დაიკავებენ, მიისწრაფვიან არა იმისკენ, რომ როგორმე ბოლო მოუღონ ამაზრზენ ტრადიციებს და ხელი შეუწყონ ისეთი კანონების მიღებას, რომელიც აღკვეთს განუკითხაობას ჯარში, არამედ პირიქით, ზრუნავენ, რომ ჯარში ხელმძღვანელებს დაქვემდებარებულ ადამიანებზე რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება მისცენ. ჯარი დაუჭერს თუ არა მხარს ლიდერს, სწორედ ამ ძალაუფლების გადაცემის ხარისხზეა დამოკიდებულები.

რას იფიქრებდით ჯარზე, სადაც მხოლოდ ერთ წელიწადში, 2002 წელს სრული ბატალიონი, ხუთას კაცზე მეტი, დაიხოცა არა მტრის ხელით, არამედ ცემით? სადაც ოფიცრები იპარავენ ყველაფერს, დაწყებული ათრუბლიანებით, რომელსაც რიგითებს მშობლები უგზავნიან, დამთავრებული სახელმწიფოს კუთვნილი ტანკებით? სადაც უფროს ოფიცრებს ეჯავრებათ უმცროსი ოფიცრები და სცემენ მათ განუკითხავად, როგორც და როცა მოესურვებათ. უმცროსი ოფიცრები კი ამ დაგროვილ ბოღმას რიგით ჯარისკაცებზე ანთხევენ? სადაც ოფიცრებს ეჯავრებათ რიგითი ჯარისკაცების დედები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ყველა დაშინებულია, ზოგ შემთხვევაში მაინც, როდესაც სიკვდილის გარემოება აღმაშფოთებელია, პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ მათი შვილები დახოცეს და დამნაშავის დამსახურებულ სასჯელს ითხოვენ.

რუსეთში 58-ე არმია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გახრწნის სიმბოლოდ მიიჩნევა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ დაწყებული პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან, არამედ გაცილებით ადრე. თუმცა პუტინს მხრებზე აწევს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, ოფიცერთა სრული ანარქიის გამო, რომელიც ნებადართულია ჯარში და მეორე მხრივ იმიტომაც, რომ ოფიცრებს, ფაქტობრივად, მიაკერა „სახელმწიფოებრივი ხელშეუხებლობის“ სტატუსი. მათ პრაქტიკულად სასამართლოში საქმე არ აქვთ. როგორი ხარისხის დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი, დაუსჯელები რჩებიან.

58-ე არმიის სამხედრო ქვედანაყოფები, რომლის შტაბი ვლადიკავკაზშია (ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის დედაქალაქში) განთავსებული, იბრძოდნენ ჩეჩნეთის პირველ ომშიც და იბრძვიან ახლაც. 58-ე არმიის ოფიცრებმა, თავიანთი გენერლების მსგავსად, თავი გამოიჩინეს განსაკუთრებული სისასტიკით როგორც ჩეჩენი ხალხის, ისე საკუთარი ჯარისკაცებისა და უმცროსი ოფიცრების მიმართ.

პაველ ლევურდა ჯერ ბრძოლის ველზე მიატოვეს, შემდეგ კი ისიც დაავიწყდათ, რომ მისი სხეული კვლავაც იქ ასვენია და არსებობს ოჯახი, რომელიც ელოდება ამ ცხედარს.

აუცილებელია განვმარტოთ: ის, რაც პაველ ლევურდას სიკვდილის შემდეგ გადახდა, ჩვენი ჯარისთვის ტიპური შემთხვევაა. ამ სამარცხვინო ეპიზოდში კარგად ჩანს ჩვენი დამოკიდებულება. ჯარში ადამიანი არარაობაა.

პუტინის ჯარში სამხედრო „მარჯვენამ“ არასდროს იცის, რითაა დაკავებული სამხედრო „მარცხენა“.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის პირველივე შემხვედრი კაბინეტის კარი შევაღე და ექსპერტიზის მაგიდაზე დავინახე თავი. სხეულისგან განცალკევებული თავი. უფრო სწორად, თავის ქალა. მიუხედავად იმისა, რომ გვერდზე სხვა თავის ქალებიც ეწყო, მე მაშინვე მივხვდი, რომ ეს პაშას თავის ქალა იყო. განა შესაძლებელია, რამენაირად შეფასდეს ან ანაზღაურდეს ის მორალური ზიანი, რომელიც დედას მიადგა?

და მაინც... ჩვენ დღითიდღე ვყალიბდებით ერად - მიზნების გარეშე.

სერგეი ივანოვის ხმა ძალიან ჰგავს გებელსის ხმას მეორე მსოფლიო ომისდროინდელ კინოფირზე. იგი გვეუბნება, რომ „ვერავინ გვაიძულებს მუხლებზე დავეცეთ ტერორისტების წინაშე“, რომ აპირებს გააგრძელოს ომი ჩეჩნეთში ვიდრე რომელიღაც „გამარჯვებამდე“... მაგრამ ვერასდროს ვერ გაიგებთ ვერც ერთ სიტყვას მინისტრ ივანოვისგან იმ ადამიანების ბედზე, ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე, რომლებიც რეალურად უზრუნველყოფენ იმას, რომ ის და პრეზიდენტი „არ იყვნენ დაჩოქილნი ტერორისტების წინაშე“. ამჟამინდელი ხელისუფლების განვითარების ვექტორი აბსოლუტურად ნეოსაბჭოურია: არ არსებობენ ადამიანები, მაგრამ არსებობენ ხრახნები, რომლებიც ვალდებული არიან, პოლიტიკურ ავანტურებში უპირობოდ ჩართონ ის ადამიანები, ვინც ძალაუფლება მიითვისა. ამ ხრახნებს კი, არანაირი უფლებები არ გააჩნიათ ღირსეული სიკვდილის ჩათვლით.

არ იყო უგულო ადამიანი, უფრო რთული საქმეა.



- პუტინი ყველაფერზე ვერ აგებს პასუხს! - ყვირიან ჩვენთან ისინი, ვისაც უყვარს პრეზიდენტი.

რუსეთიდან ემიგრაციაში მაშინ გარბიან, როდესაც სამშობლოში დარჩენა სიკვდილის საშიშროებას ქმნის ან სახელმწიფო შენს ღირსებასა და პატიოსნებას მასშტაბური შებღალვით ემუქრება. 2002 წლის 8 სექტემბერს სწორედ ეს მოხდა რუსეთის არმიაში - 54 ჯარისკაცი ემიგრაციაში წავიდა.

ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ოფიცერი, რომელსაც ჯარისკაცის გამო დასჯიან.

„ბაბუები“ ლოთობას არიან მიცემული. „ბაბუები“ - ჯარისკაცები, რომელთა დემობილიზება რეზერვში სადაცაა უნდა განხორციელდეს, ყველაზე საშიში, სისხლიანი ძალაა ჩვენს ჯარში.

სამხედრო დანაშაულებების საქმეებს ერთი საერთო თვისება აქვთ - თითოეული მათგანი იდეოლოგიურია. ომის დროს კანონი დუმს. მათ, ვინც დამნაშავედ სცნეს, განაჩენი კანონზე დაფუძნებული იურიდიული პროცედურების საფუძველზე კი არ გამოუტანეს, არამედ იმ იდეოლოგიური ნიავის შესაბამისად, რომელიც იმ პერიოდში კრემლიდან დაუბერავდა ხოლმე.

რა ემართება ადამიანს, რომელიც თანამედროვე ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელში ხვდება? არც 1937 წლის ცნობილი ჩეკას, არც სოლჟენიცინის გულაგის ცეკას, არამედ თანამედროვე, ჩვენი დროის ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელში, რომლის კეთილდღეობა გადასახადების გადამხდელების ხარჯზეა უზრუნველყოფილი. დღეს რუსეთში ამის შესახებ ბევრი საუბარი და შიშია. არავინ არაფერი იცის, მაგრამ ყველას ყველაფრის ეშინია, სწორედ ისე, როგორც ეს ადრე იყო. და ძველებურად, როგორც ეს საბჭოთა რეჟიმის დროს ხდებოდა, იშვიათად, რომ რამე სააშკარაოზე გამოვიდეს.

ვინც მდგარა დახვრეტის საფრთხის წინაშე, იცის, რა რთულია წინააღმდეგობის გაწევა. ვინც არ მდგარა - მან აჯობებს დოსტოევსკი წაიკითხოს.

ჩვენი საზოგადოება სულ უფრო მეტად ხდება მიდრეკილი რასიზმისკენ. ის ოდნავადაც არ ენდობა კავკასიიდან და მით უმეტეს ჩეჩნეთიდან გამოსულებს.

ჩვენს ქვეყანაში ტრადიციად იქცა ის, რომ რუსულ სასამართლო ექსპერტიზაში კვლავინდებურად მთავარია არა ფაქტები, არამედ ის, თუ ვინ მოარგო ეს ფაქტები ერთმანეთს.

ჩვენ კი გვჯეროდა, რომ თავისუფლები გავხდით, რომ საშინელი წარსულის აჩრდილები მეტად აღარ შეგვაწუხებდნენ. მაგრამ, არა! კომუნიზმის აჩრდილები, საჭირო დროს და საჭირო ადგილას კვლავაც ჩვენ გვერდით არიან.

1968 წლის 25 აგვისტოს მოსკოვის წითელ მოედანზე ცნობილი „მდუმარე დემონსტრაცია“ გაიმართა. შვიდი ადამიანი სწრაფად შევიდა მოედანზე და პლაკატები გაშალა: „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის!“ „სირცხვილი ოკუპანტებს!“ ... ამგვარად, ქვეყანაში, სადაც დიდი ხანია არავინ არაფერს აპროტესტებდა და ყველა თანხმდებოდა, შეგუებოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ ფრთას, გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც შეძლეს, გაეპროტესტებინათ ჩეხოსლოვაკიაში რუსული სამხედრო ძალების შეჭრა. შვიდი კაცის დემონსტრაციამ მხოლოდ რამდენიმე წუთს გასტანა, რადგან შვიდივე დაუყოვნებლივ დააკავეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა, რომლებიც სისტემურად პატრულირებდნენ წითელი მოედნის ტერიტორიაზე. საბოლოოდ სასამართლომ მათგან ორს ბანაკი მიუსაჯა, ერთს - ფსიქიატრიული, სამი - გადასახლებაში მოჰყვა. გორბანევსკაია კი თავდაპირველად გაათავისუფლეს, რადგან ახალშობილი ბავშვი ჰყავდა. დააპატიმრეს მოგვიანებით, 1969 წლის 24 დეკემბერს, რადგან ნატალიამ არ შეწყვიტა თავისი მოღვაწეობა ადამიანების უფლებათა დასაცავად.

მოვიდა რუსეთში „კაგებეში“ მუშაობის ოცი წლის სტაჟის მქონე ადამიანის დრო - პუტინის ეპოქა - და მის კვალდაკვალ თუ სადმე რამე მმართველობითი ორგანო იყო, ყველაფერი „კაგებე“ გამოვლილი ხალხით გაავსეს.

ისტორია ქრონიკული დაავადებასავითაა, პერიოდულად თავს იჩენს ხოლმე. რადიკალური წამალი კი ერთადერთია - დროული ქიმიოთერაპია იმ უჯრედებისა, რომლებიც სიკვდილს იწვევენ. მაგრამ ჩვენ ეს წამალი არ მიგვიღია, საბჭოთა კავშირიდან „ახალ რუსეთში“ საბჭოთა ბაღლინჯოებთან ერთად გადავედით. აქედან მივიღეთ შედეგიც: ყველგან სახელმწიფო უშიშროებაა.

გაიხსენეთ 2000 წელი. პრეზიდენტის არჩევნების წინა პერიოდი. მაშინ ბევრი ამბობდა: „როგორც აღწერენ, ასეთი საშიშიც არ არის. მერე რა მოხდა, თუ საბჭოთა პერიოდის „კაგებედანაა“ გამოსული!“ მაგრამ მალე უკვე ძალიან გვიანი იყო. პუტინს ჯერ მცირე ჯგუფი გამოჰყვა, ათამდე ადამიანი, მისი ყველაზე ახლობლები და ერთგულები, ვისთან ერთადაც უშუალოდ მუშაობდა და ვისაც ენდობოდა. შემდეგ კი, მათ ასობით ადამიანი შემოემატა, ისინი უკვე პუტინის მეგობრების მეგობრები იყვნენ, რომელთაც არა პუტინი, არამედ ეს მეგობრები ენდობოდნენ და მათთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ. ახლა კი, ისინი მმართველობის ყველა რგოლში უკვე ათასობით არიან.

თუ „სწორი საქმისთვის“ იძიებ შურს, ესე იგი მართალი ხარ და სახელმწიფო ბრალმდებელმა (პროკურორი) ფაქტობრივად მოითხოვა შურისძიების დაკანონება. ლინჩის წესის წამახალისებელი თავად კრემლი აღმოჩნდა - თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ. ანუ ჩვენ ტიპურ შუასაუკუნეებში დავბრუნდით და ჩვენთვის კიდევ უფრო ახლობელი ბოლშევიზმი.

ყველაფერზე, რაც გერმანიიდან მოდის, ცნობილია, რომ პუტინი ბევრად უფრო აქტიურად რეაგირებს, ვიდრე რუსი პარლამენტარების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მით უმეტეს, მოქალაქეების მიმართვაზე.

ნუ გაგიკვირდებათ, ჩვენს ქვეყანაში, მისი ბიზანტიური მონური ტრადიციებით, წვრილმანები სავსებით საკმარისია, რომ შეიცვალოს ისტორიის მსვლელობა და აიძულოს სასამართლო, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც პუტინი თავს უხერხულად არ იგრძნობს შეხვედრების დროს, იქ, სადაც მხოლოდ კომფორტული გარემო სჭირდება.

თუმცა, ცალკეულ გამონაკლის ადამიანებს თუ არ ჩავთვლით, ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო და პროკურატურა არ არსებობს. მათ ადგილას კი გვაქვს პოლიტიკურ დაკვეთებზე მომუშავე სასამართლო, რომელიც იმ მომენტში არსებულ პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული.

საბჭოთა კავშირის დაცემისა და ბორის ელცინის მმართველობის წლებში, როდესაც ერთ წამში ყველაფერი გაქრა: იდეოლოგია, იაფფასიანი სოსისი მაღაზიაში, ფული და რწმენა, რომ სადღაც კრემლში ზის „დიდი მამა“, რომელიც შეიძლება დესპოტიცაა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისაა ჩვენზე პასუხისმგებელი.

„მიღება“ ნიშნავს, გამოიმუშაო ჩინოვნიკებისგან უფლება, საკუთარი ფულით იყიდო მაღაზია. ამას რუსული კაპიტალიზმი ჰქვია.

მართლმადიდებლური ბიუროკრატია ზუსტად სახელმწიფო ბიუროკრატიის მსგავსი გვაქვს - გულგრილობა ყველაფრის მიმართ, რაც მათ პირად ინტერესებში არ არის.

ეს ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას: როგორც ჯარისკაცი ოცნებობს გენერლობაზე, ისე ნებისმიერი ბანდიტი რუსეთში მიილტვის ლეგალური მსხვილი ბიზნესისკენ.

დღეს ასე ხდება რუსეთში: მოკალი, ე.ი. პატივისცემა დაიმსახურე.

როდესაც მოგება მილიონობით დოლარია, სიცოცხლის, სიტყვისა და ღირსების ფასი ნულს უტოლდება.

თითქმის ყველა რუს გუბერნატორს, ჰყავს ისეთი ადამიანი, როგორიც ელცინისთვის პუტინი იყო. მემკვიდრე - ერთგული და ჭკვიანი. მემკვიდრედ სახელდებული შექმნილი სიტუაციის პირობებში, როდესაც ის ერთგული და ჭკვიანი ადამიანი უნდა იქცეს პირველი პირის ფინანსური სტაბილურობისა და პირადი უსაფრთხოების გარანტი იმ დროისთვის, როდესაც ოლიგარქი პოლიტიკურ არენას დატოვებს.

კანონზე ძლიერი უკანონობაა. როგორ სამართლებრივ მომსახურებას მიიღებს ადამიანი, იმაზეა დამოკიდებული, რომელ სოციალურ კლასს მიეკუთვნება. უმაღლესი, ე.წ. VIP დონე მაფიოზებსა და ოლიგარქებს უჭირავთ. ვინც VIP საზოგადოებას არ მიეკუთვნება, მათთვის არც სამართალი არსებობს.

პუტინმა გადაწყვიტა, თავისი ძალაუფლება ოლიგარქებზე დაეფუძნებინა, მილიარდელებზე, რომლებიც რუსულ გაზსა და ნავთბს ფლობენ. პუტინი ოლიგარქების ნაწილთან მეგობრობს, ნაწილს კი ეომება. სწორედ ამას უწოდებენ ჩვენთან უმაღლეს სახელმწიფო მმართველობას. ჩვეულებრივ ადამიანებს კი ამ სქემაში ადგილი არ აქვთ.

დრო გადის. კომუნისტური პარტიის დაცემის პერიოდს მრავალი წელი გვაშორებს. ზოგიერთი წარსულის ჩვეულება კი კვლავაც ხელუხლებელი რჩება. ერთ-ერთი უმთავრესი მათ შორის ხალხის პათოლოგიური უპატივცემულობაა. პირველ ყოვლისა კი, უპატივცემულობა მათ მიმართ, ვინც, ყველაფრის მიუხედავად, თავგანწირვითა და ბეჯითად შრომობს. მათ მიმართ, ვისაც გულწრფელად უყვარს ის საქმე, რომელსაც ემსახურბა. ხელისუფლებამ კვლავაც ვერ ისწავლა მადლობის თქმა ქვეყნის ერთგული ადამიანებისთვის. მუშაობ? იმუშავე, სანამ სული არ ამოგხდება ან მოთმინების ძალა შეგრჩება. ყოველივე ამის ფონზე კი, ერთადერთი, რასაც ხელისუფლება აკეთებს, დღითიდღე თავხედდება. არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ კომუნიზმი ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად წამგებიანი ლატარია იყო. მაგრამ, ის, რაც დღეს ხდება, კიდევ უფრო უარესია.

მუშტი - ამჟამინდელი რუსული ხელისუფლების ფუძეა. მისი საყრდენი ოლიგარქები არიან. დანარჩენები - ფეხქვეშ დაყრილი მტვერი.

ჩვენთან ხელისუფლებისგან სიმართლეს არავინ ელის - ხელისუფლება, საუკეთესო შემთხვევაში, უსიამოვნების წყაროა და ეს ასეა, მიუხედავად ჩვენი მთავრობის მაღალი რეიტინგებისა.

მხოლოდ გიჟს თუ შეშურდება იმ ჩეჩნების, რომლებიც ახლა ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ. დალხენილები არც აქამდე ყოფილან, მაგრამ ბოლო ხანებში, ტერაქტის შემდეგ, რასიზმზე დაფუძნებული შურისგების იდეოლოგიური მანქანა მთელი ძალით დაიქოქა. მილიციის მიერ ორგანიზებული რასობრივი დარბევა-წმენდა პერმანენტული გახდა. ადამიანთა ცხოვრება ერთ წამში ინგრევა, კარგავენ საცხოვრებელს, სამსახურს, სოციალურ მხარდაჭერას, მიზეზი კი ერთადერთია: ჩეჩნური წარმომავლობა.

დეპრესია მთავარი მახასიათებელია ყველა ჩეჩენისა, ჩვენ გვერდით რომ ცხოვრობენ. არ არსებობს არც ერთი ოპტიმისტი ჩეჩენ ახალგაზრდებსა და ასაკოვნებში. მე არ შემხვედრია. ყველანი აპათიურები არიან და ცხოვრებისგან მხოლოდ ცუდს ელიან. ოცნებობენ საზღვარგარეთ ცხოვრებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ჭრელ, კოსმოპოლიტურ ხალხში ჩაკარგვისა და მთავარი საიდუმლოს - ეროვნების დამალვის შანსი არსებობს. ისე ღრმად დამალვის, რომ ხელი ვერავინ წაავლოს...

აი, ეს ვართ ჩვენ... რუსი ხალხის უმრავლესობა ეგუება სახელმწიფო ქსენოფობიასა და ანტირასისტულ აქციებს და ასეთ „ანტიტერორიზმს“ არ აპროტესტებს. რატომ? ოფიციალური პროპაგანდა ძალიან ეფექტურად მუშაობს და საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს პუტინის მტკიცებას ერის კოლექტიური პასუხისმგებლობის შესახებ იმ დანაშაულებებისთვის, რომელიც ამ საზოგადოების ცალკეულმა წარმომადგენლებმა ჩაიდინეს. ასეთი პრიმიტიული თეორიების გავრცელება კი ძალიან ადვილია. სწორედ ამ ხერხით, რუსეთში, მიუხედავად რამდენიმეწლიანი ომისა, ტერაქტების, კატასტროფებისა და დევნილთა ახალ-ახალი ნაკადებისა, დღემდე აბსოლუტურად გაურკვეველია, სინამდვილეში რა უნდა ჩვენს მთავრობას ჩეჩნებისგან? უნდათ, რომ ისინი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ცხოვრობდნენ თუ არა?

კაგებე მხოლოდ ძლიერებს სცემს პატივს, სუსტებს კი ანადგურებს. ეს ყველამ უნდა ვიცოდეტ. შიში საბჭოთა ჩეკისტისთვის თაფლია. მათთვის არ არსებობს უკეთესი საჩუქარი, ვიდრე იმის შეგრძნება, როგორ ცახცახებს ხალხის მასა, რომელიც საკუთარ ნებას უნდა დაუმორჩილონ.

პუტინს არაერთხელ საჯაროდ გამოუხატავს, რომ მას არ ესმის, რას ნიშნავს დისკუსია. მით უმეტეს - პოლიტიკური. პუტინის აზრით, რანგიტ ქვემდგომი არ შეიძლება ზემდგომს ეკამათებოდეს. და თუკი ქვემდგომი საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევს, ესე იგი, ის მტერია. პუტინს ასეთი შეხედულება იმიტომ კი არ აქვს, რომ დაბადებით ტირანი და დესპოტია, უბრალოდ ის ასე აღზარდეს. ეს ყოველივე მას კაგებემ ჩაუნერგა, რომლის სისტემა პუტინს იდეალურად მიაჩნია, რაც ასევე არაერთხელ საჯაროდ განუცხადებია. ამიტომ, როგორც კი ვინმე არ ეთანხმება, პუტინი კატეგორიულად მოითხოვს, „შეწყდეს ისტერიკა“.

მედვედევი პირჯვრის გადასახვისას ხელით ჯერ შუბლს ეხებოდა, შემდეგ კი გენიტალიებს. სასაცილო იყო. შემდეგ პუტინის კვალდაკვალ პატრიარქს საკუთარი ძმაკაცივით ჩამოართვა ხელი, ნაცვლად იმისა, რომ ხელზე მთხვეოდა, როგორც ეს საეკლესიო რიტუალის წესია. ამ დარღვევას პატრიარქი არ იმჩნევდა. კრემლში, პიარის განყოფილებაში, მართალია, ეფექტურად მუშაობენ, მაგრამ საეკლესიო საქმეებში გაუნათლებლები არიან, ამიტომ მოქცევის წესიც ვერ ასწავლეს.

რატომ არ მიყვარს პუტინი? იმიტომ რომ წლები გადის - ამ ზაფხულს უკვე ხუთი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინი პრეზიდენტი გამხდარიყო და როგორც ჩანს, ამას ბოლო არ ექნება. ... რატომ არ მიყვარს პუტინი? აი, ამ ყველაფრის გამო. უბრალოების გამო, რომელიც ქურდობაზე უარესია. ცინიზმის, დაუსრულებელი ომის, სიცრუის, „ნორდ-ოსტში“ გაშვებული გაზისა და უდანაშაულო ადამიანების გვამების გამო, რაც მუდამ თან ახლდა პუტინის პრეზიდენტობის პირველ ვადას. გვამების, რომელიც შეიძლებოდა, არც ყოფილიყო. ... მე არ მიყვარს ის იმიტომ, რომ მას ხალხი არ უყვარს. აბუჩად გვიგდებს, ვეზიზღებით. მხოლოდ საშუალებად აღგვიქვამს. საშუალებად მისი პირადი სახელისუფლებო მიზნების განხორციელებისთვის. ამდენად, ფიქრობს, რომ ისე მოგვექცა, როგორც მოუნდება, თუ მოისურვებს, დაგვხოცავს კიდეც. რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. ის კი, შეიძლება სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ზემოთ, მაგრამ ახალ მეფე და ღმერთია, რომელსაც ქედი უნდა მოვუდრიკოთ და გვეშინოდეს.

თუ კრემლის იმ სოციოლოგიური სამსახურების ოფიციალური რეიტინგების მიხედვით ვიმსჯელებთ, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე მუშაობენ და ამ ხელშეკრულებების დაკარგვა არ სურთ, პუტინს არაჩვეულებრივი რეიტინგი და რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს. ყველა ენდობა და იწონებს მის პოლიტიკას.

ხელისუფლებას სძულდა საკუთარი ხალხი და ეს სიძულვილი მათთვის თვალებში ჩახედვის პანიკურ შიშზე იყო დაფუძნებული. ხალხმა დაინახა, რომ საკუთარი მთავრობის მწუხარებაც კი ამაზრზენია, რომ მას არ სურს, წარსული მოგონებებით იცხოვროს და მრავალრიცხოვანი ტერაქტებისა და მსხვერპლთა წინაშე, რომელთა პრობლემის გადაჭრის არანაირი სტრატეგია არ გააჩნია, უბრალოდ თავზე ნაცარს იყრის.

ინგლისურიდან თარგმნა - გვანცა ჯობავამ
გამომცემლობა „არტანუჯი“, 2014წ.