გიორგი მაისურაძე - ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები

დღესასწაული, რომელიც მუდამ ჩვენთანაა

ოცწლიანი მთლიანობა

მე იმ თაობას მივეკუთვნები, რომელიც ოცი წლის წინ - 1988 წლის პირველ სექტემბერს სტუდენტი გახდა. ჩვენი ორდინალური სტუდენტობა მხოლოდ სამი კვირა გაგრძელდა: 21 სექტემბერს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში პირველი დიდი მიტინგი ჩატარდა და, აქედან მოყოლებული, ჩემი სტუდენტობის ხუთივე წელი პერმანენტული მიტინგების პირობებში მიმდინარეობდა; ასე რომ, სტუდენტობა ჩემს მეხსიერებაში მიტინგებთან და მანიფესტაციებთანაა გაიგივებული.

თუკი ჩემი თაობის რაიმე ნიშნით კლასიფიკაციას შევეცდები, შემიძლია ვთქვა, რომ მე მიტინგების თაობას მივეკუთვნები. ჩვენ მიტინგებზე დავიბადეთ და გავფორმდით როგორც თაობა, როგორც „პოლიტიკური ცხოველების“ („ძოონ პოლიტიკონ“) გარკვეული ჯიში თუ სახეობა, რომლის არტიკულაციის, საკუთარი აზრისა თუ პოლიტიკური ნებისა და ვნებების გამოხატვის ფორმა მიტინგია. მახსოვს, ხშირად გვითქვამს ირონიითა და ზოგჯერ შიშითაც, რომ ჩვენ მიტინგიტითა ვართ დაავადებულნი. ეს კი უკვე იმას ნიშნავდა, რომ ჩვენმა აზროვნებამ, ურთიერთობისა თუ ქცევის ფორმებმა, ლაპარაკის მანერამაც კი მიტინგური სახე მიიღო.

მალე ამ „ავადმყოფობის“ სიმპტომები მთელ საქართველოს მოედო და თვითგამორკვევის პროცესში მყოფი ხალხის ეროვნული იდენტობის მთავარ ნიშნად იქცა. ქართველი ერის ფორმირება და მისი თვითცნობიერების ჩამოყალიბება მიტინგებზე დაიწყო. აქ წარმოიშვა და დამკვიდრდა თანამედროვე ქართული პოლიტიკური რიტორიკა და მეტაფორიკა, ეროვნული ცნობიერების მთელი სიმბოლური სამყარო თავისი მტრის და მოყვასის, მოღალატისა და ეროვნული გმირის ხატებით და ამ ხატების შექმნის კრიტერიუმებით. შეიძლება ითქვას, რომ „წარმოსახვითი ერთობა“, რომელსაც თანამედროვე ქართველი ერი ეწოდება, მიტინგზე გაფორმდა და დაკანონდა.

ახლა, დღევანდელი პერსპექტივიდან და პოლიტიკური რეალობიდან რომ ვუყურებ, ის დღე - 1988 წლის 21 სექტემბერი - საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღი ყოფილა: ამ დღეს საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, რომელსაც ტოტალური მიტინგის ხანა შეიძლება ეწოდოს, რომელშიც საქართველო კვლავაც წარმატებით იმყოფება და, ამდენად, ჯერჯერობით დასასრული არ უჩანს. მიმდინარე წლის 12 აგვისტოს და პირველი სექტემბრის გრანდიოზული მიტინგების ყურებისას უკანასკნელი ოცწლეულის მონოლითური მთლიანობა ვიგრძენი: ისეთი განცდა მქონდა, თითქოს საქართველოში დრო გაჩერდა და დღესაც 1988 წლის სექტემბერია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მიტინგების თაობა დღეს ტრიბუნაზეა და აქედან დირიჟორობს საქართველოს 20 წლის წინ დაწყებულ და ვეღარდამთავრებულ მიტინგს - ამ დღესასწაულს, რომელიც მუდამ ჩვენთანაა მიტინგების ხანის საქართველოში.


მიტინგური აზროვნების სტრუქტურა

მიტინგური აზროვნება, რომელიც უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საქართველოში დომინირებს და საზოგადოებრივი და პოლიტიკური ურთიერთობების წარმმართველია, ორი ძირითათადი აფექტით - „ჯოს!“ და „ძირს!“ შეძახილებით გამოიხატება. ამ შეძახილებს ერთგვარი ლიტურგიული ფუნქცია აქვს, რომელთა მეშვეობითაც მთელი მიტინგური სააზროვნო მოდელის შეჯამება და მისი მრწამსად გარდაქმნა ხორციელდება.

სააზროვნო მოდელი კი ამ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო წერტილზე დგას: პირველი, ანუ „ჯოს“ აფექტით გამოთქმული, მომიტინგეთა ერთობისა და კოლექტიური იდენტურობის მთავარი ფაქტორია, რომლის გამარჯვების სურვილიც შეკრებილ საზოგადოებას აერთიანებს და რაზმავს იმის წინააღმდეგ, რაც ამ ერთობისათვის უცხო და მტრულია და რისგანაც საფრთხე მომდინარეობს. მარტივად რომ ვთქვათ, პირველი „ჩვენიანია“, მეორე კი უცხო და მტრული, რომელიც „ჩვენის“, „კეთილის“, „მართლის“ წინსვლასა და კეთილდღეობას აფერხებს და ხელს უშლის. ამიტომაც იმისათვის, რომ, მაგალითად, „საქართველოს გაუმარ-ჯოს“, საჭიროა მტრულის, „ძირს!“ - დამარცხება; ამასთანავე საჭიროა მტრის სახელდება, მისი სიმბოლური გავიზუალურება.

„კრემლი“ მტრის ასეთი განხილვადების სიმბოლოა. ეს მთავარი ნეგატიური სიმბოლო კიდევ უფრო მეტად გამითოლოგიურებით ბოროტების უნივერსალურ სიმბოლოებს გადაებმება. ასეთი ბმულებია, მაგალითად, „კრემლის ტოტალიტარული ურჩხული“, ან გველეშაპი, რომელსაც ერთი მოჭრილი თავის ადგილას ორი ახალი თავი ამოსდის. ამ ტიპის ხატების შემოტანა აძლიერებს მომიტინგეთა რწმენას, რომ ჭეშმარიტება მათ მხარესაა, და იწვევს ისეთ ხატოვან ასოციაციას, როგორიცაა, მაგალითად, წმინდა გიორგის მიერ ურჩხულის განადგურება, რომელიც „ძირს!“ შეძახილით მიტინგზე სიმბოლურად ხორციელდება.

ამგვარად, მომიტინგეები დიდი მისტერიის თანამონაწილენი ხდებიან. ამ რიტუალურ ქმედებას კი ყოველთვის ურყევი და უეჭველი რწმენა ამაგრებს, რომ „ჩვენთან არს ღმერთი!“, რაც საკუთარი სიმართლის, ჭეშმარიტების ერთადერთი საბუთია, თუმცა კი ამ საბუთის ლოგიკური დამტკიცებაც შეიძლება. 1991 წელს ერთ მიტინგზე, რომელიც უკვე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იყო მიმართული, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა თავისი სიტყვა „ჩვენთან არს ღმერთით“ დაასრულა, შემდეგ შეყოვნდა და ხანმოკლე პაუზის შემდეგ თავისი ბოლო ნათქვამის ლოგიკური არგუმენტიც მოიტანა: „აბა, ღმერთი ზვიად გამსახურდიასთან ხომ არ იქნება?!“ ეს გამონათქვამი, ჩემი აზრით, მიტინგური ლოგიკის ყველაზე ცხადი მაგალითია, რომელსაც საკმაოდ პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს: ღმერთი, რომელიც ჩვენ მხარესაა, არა მხოლოდ ჩვენს სიმართლეს განასახიერებს, არამედ ის იმათ დამარცხებაშიც გვეხმარება, რომლებიც ჩვენს მხარეს არ არიან.

„ღმერთმა გაანადგუროს ჩვენი მტრები!“ - ხშირად შეულოცავდა ხოლმე ამ ფრაზით ზვიად გამსახურდია, რასაც მომიტინგეთა ეიფორიული ოვაციები მოჰყვებოდა. ღმერთის თანამონაწილეობა სიკეთის, ანუ „ჩვენი“ გამარჯვების კიდევ ერთი გარანტია. ლიდერის თუ პრეზიდენტის გამოჩენა და მისი სიტყვა მიტინგური ლიტურგიის კულმინაციაა, რომელსაც ხალხი მოუთმენლად ელის საბოლოო ჭეშმარიტების გამოსაცხადებლად, რაც მიტინგური აზროვნების ერთ აუცილებელ ასპექტს გვიჩვენებს: საჭიროა არსებობდეს ვინმე, უმაღლესი ავტორიტეტის მქონე ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას, რომელიც ყველა მომიტინგისა თუ მიტინგურად მოაზროვნისათვის ისედაც წინასწარ ცნობილია, თავისი გახმოვანებით ლეგიტიმურს გახდის.

ეს მარტივი სააზროვნო სტრუქტურა ბოლო 20 წელია ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებას განსაზღვრავს და მთელი რიგი საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების წარმმართველია. ასეთ ვითარებაში კი ნაკლებად მნიშვნელოვანია თუ ვინ არის ცალკეული პოლიტიკური როლის შემსრულებელი. თავად ამ ტიპის აზროვნება წარმოშობს პერმანენტული ზეიმისა თუ მასკარადის მდგომარეობას, რომელში მყოფი საზოგადოება უძლურიც კია დაინახოს ის რეალობა, რომელიც ამ დღესასწაულის გარეთაა. იგი სულ უფრო ღრმად ეფლობა მიტინგზე შექმნილ ირეალურ, გამოგონილ სამყაროში და სულ უფრო ადვილად სამართავი და მანიპულირებადი ხდება. ამასთანავე მიტინგი, როგორც ლიტურგიული აქტი, რეალური ქმედების ილუზიას ქმნის: „ძირს“ და „ჯოს“ შეძახილებს თვითკმარი მნიშვნელობა აქვს, ანუ ისინი ჩადენილი ან შესრულებული საქმის განცდას სძენს მომიტინგეებს. თუ ვიძახი „ჯოს“, ვაფრიალებ დროშას, მკერდზე მუშტმიბჯენილი ვმღერი საქართველოს ჰიმნს, ეს უკვე იმის თვითკმარ ილუზიას მანიჭებს, რომ თანამონაწილე და თანაავტორი ვარ რაღაც დიდი საქმისა, რომელიც მიტინგის ვირტუალურ სამყაროში ხორციელდება. ახლა შეგვიძლია დავაკვირდეთ, თუ რა სახე მიიღო და როგორი განვითარება ჰპოვა მიტინგური აზროვნების ცალკეულმა კომპონენტებმა უკანასკნელი ოცი წლის საქართველოში.

„ჩვენ“

სხვადასხვა ეპოქაში ადამიანთა კოლექტიური იდენტობა და ერთობა განსხვავებულ ფორმებს ეფუძნება. ყველაზე არქაული და მარტივი ფორმა სისხლით ნათესაობაა, რომელიც საერთო წინაპრების ნიშნით რამდენიმე საგვარეულოს ერთ ტომად აერთიანებს. ანტიკურ სამყაროში მოქალაქეობის პრინციპი ჩნდება, შუა საუკუნეებში მონარქისადმი ლოიალურობა; საფრანგეთის რევოლუციას კი სამშობლოს და მისი „შვილებისგან“ შემდგარი ნაციის, ანუ ერის, ცნება შემოაქვს, რაც ნაციონალური სახელმწიფოებისა და ნაციონალიზმის გაჩენის საფუძველი ხდება.

ნაციონალიზმი „სისხლისა და მიწის“ ერთობის პრინციპს ეფუძნება, ანუ სამშობლო ესაა ერთი მონათესავე ხალხის ტერიტორია, მისი საკუთრება. ეს უფლება მას მემკვიდრეობითა აქვს საკუთარი წინაპრებისგან მიღებული. ამდენად, სამშობლო ისტორიული სამშობლოცაა, სადაც შეიძლება ამჟამად სხვა წარმომავლობის, არამონათესავე ხალხი ცხოვრობდეს, მაგრამ საკუთარი თავის ისტორიულ მთლიანობაში განცდა ნაციონალისტს სამშობლოსაც „ისტორიულ საზღვრებში“ წარმოადგენინებს. თუმცა კი ასეთი ისტორიზმი სულაც არ გულისხმობს ისტორიის ცოდნას ან გაგებას.

ნაციონალიზმის აუცილებელი პირობაა გარკვეული ეროვნული მითოლოგიის შეთხზვა, წარსულის მაგიურ ფიგურებად გაცოცხლება. ამის მიზანი ხალხში ეროვნული სიამაყის და ამ ნიშნით საკუთარი გამოჩეულობისა თუ განსაკუთრებულობის გრძნობის გაჩენაა. ასეთი გრძნობა კი ადვილად გადაიზრდება სხვების მიმართ საკუთარი აღმატებულობის მტკიცებაში, რაც იმის გამო, რომ იმ სხვასაც ასეთივე წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ამ ორს შორის უკვე კონფლიქტურ სიტუაციებს ბადებს…

ამგვარმა დინამიკამ კაცობრიობა I და II მსოფლიო ომებამდე მიიყვანა და დასავლეთის სახელმწიფოებს უარი ათქმევინა ეთნოცენტრულ პრინციპზე დამყარებულ ნაციონალიზმზე. ამან შესაძლებელი გახადა ის, რომ, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემიგრანტის შვილი იყოს და უნგრულ გვარს ატარებდეს, მაგრამ არც ერთ ფრანგს არ ეეჭვებოდეს მისი ფრანგობა. ქართველი ერის ახალ ნაციად ჩამოყალიბება XIX საუკუნეში დაიწყო, საბჭოთა პერიოდში თეორიულად გაფორმდა, მიტინგების ეპოქაში კი ასპარეზზე გამოვიდა. მისი ეროვნული იდენტობა XIX საუკუნის ნაციონალიზმისა და ერის სტალინური განსაზღვრების („ერი - ესაა ისტორიულად ჩამოყალიბებული ენის, ტერიტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და ფსიქოლოგიური წყობის მყარი ერთობა“) ნაზავზე აღმოცენდა, ხოლო მიტინგურ აზროვნებაში გადატანამ ერთგვარი ვირტუალური რეალობა შექმნა, სადაც პოლიტიკური აზროვნების წარმმართველნი მითოლოგიური და ლიტერატურული პერსონაჟები აღმოჩდნენ. მომავალი საქართველოს პროექტი, რომელიც 20 წლის წინ თბილისის მიტინგებზე გამოჩნდა, იყო საბჭოთა პერიოდის ქართული ლიტერატურისა და ჰუმანიტარული კულტურის მიერ შეთხზული ე.წ. კონტრაპრეზენტული მითი - გამითოლოგიურებული წარსულით შექმნილი იდეალური საქართველო, უძველესი კულტურის, წმინდა გიორგისავით ურჩხულებთან მებრძოლი, ღვთისმშობლის წილხვედრი, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული, მუდამ მართალი და სიკეთისათვის მებრძოლი.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ეს ყველაფერი განზოგადდა და გაფორმდა ქართულ მესიანიზმად, რომელსაც ეროვნულმა მოძრაობამ პოლიტიკური დოქტრინის სახე მისცა და მიტინგებით შეუდგა მის განხორციელებას. პირველ რიგში საჭირო იყო ეროვნული იდენტურობის კრიტერიუმების დადგენა. ეროვნულმა მოძრაობამ ეთნოცენტრიზმი აირჩია (თუმცა არჩევანი მას არ ჰქონია სწორედ ალტერნატიული მოდელების არცოდნის და ვერმოფიქრების გამო), რომელშიც ეროვნულობა არა სახელმწიფოებრივ ხარისხში, არამედ სისხლით მონათესავეთა ეთნიკურ ერთობად გაიაზრება. აქედან გამომდინარე, ქართველი საქართველოს არა ყველა მკვიდრია, არამედ მხოლოდ ეთნიკურად ქართველი, რაც უკვე საქართველოს მოსახლეობის 30%-ზე უარის თქმას, მათგან გამიჯვნას, მათ უცხოებად, საეჭვო და მტრულ ელემენტებად გამოცხადებას ნიშნავს. გარეშე მტრის, რუსეთის გვერდით უკვე შიდა მტრის - საქართველოში მცხოვრები არაქართველის ხატიც იძენს დიდ მნიშვნელობას. ამით ქართულმა საზოგადოებამ თავად შეამზადა ეთნიკური კონფლიქტების ის სცენარი, რომელშიც საქართველო სრულიად ლოგიკურად აღმოჩნდა.



მტრის სამი ხატი და ჩვენიანთა ერთობა

1988 წელს დაწყებული პერმანენტული მიტინგების ერთ- ერთი უმთავრესი ფუნქცია საქართველოს შიდა თუ გარე მტრების მხილება და დაგმობა იყო. მიტინგებს თან ახლდა მთელი სერია პუბლიკაციებისა, რომლებშიც ქართველი მწერლები, ისტორიკოსები თუ ფილოლოგები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საქართველოს წინააღმდეგ ახალ-ახალი შეთქმულებების მხილებაში, დაწყებული იქიდან, რომ რომელიღაც ჰოლივუდურ “ბოევიკში” ერთ-ერთი კრიმინალის გვარი რუსთაველია, რაც ქართველი ერის შეურაცხყოფად უნდა გავიგოთ, და დამთავრებული პანისლამური შეთქმულებებით ქართველი ერის წინააღმდეგ.
მალე საქართველოს მტრების სიაში აღმოჩნდნენ: „ქემალისტური თურქეთი“, „თურქი მესხები“, „აფსუა სეპარატისტები“, „ოსი ექსტრემისტები“, მასონები, იეზუიტები და ა.შ. თუკი ვეცდებით საქართველოს მტერთა კლასიფიკაციას, რომელიც მიტინგების ეპოქის საქართველოში გაჩნდა, სამი ძირითადი ხატის გამოყოფა შეიძლება, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ერთ მთლიანობას ქმნის, ანუ სამივე ერთი დიდი და საერთო მტრის ჰიპოსტაზია.

ყველაზე დიდი მტრის ხატი მიტინგების ეპოქის საქართველოში არის კრემლი, აბსოლუტური ბოროტების სიმბოლო - გველეშაპი, რომელსაც წმინდა გიორგი-საქართველო ეჭიდება. ეს გაიგივება საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიტინგურ რიტორიკაში სიკეთისა და ბოროტების ესქატოლოგიური ბრძოლის კონტექსტშია წარმოდგენილი (საილუსტრაციოდ შეგვიძლია გავიხსენოთ გამსახურდიას ლექსი „წმინდა გიორგის“ ციკლიდან „კოსმიური წირვა“: „შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია, იხსენი სამკვიდრო შენი გეორგია!“ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ გაიგივებას მთლიანად საქართველოს ანტიიმპერიულ აფექტად გარდასახავს: წმინდა გიორგი-საქართველო ებრძვის და ამარცხებს იმპერატორ დიოკლიტიანეს. წმინდა გიორგის ეს იკონოგრაფია ქართულ ცნობიერებაში ანტიიმპერიულ აფექტად X-XI საუკუნეებში ბიზანტიასთან დაპირისპირებისას გაჩნდა, რუსული და საბჭოთა კოლონიალიზმის პირობებში აღორძინდა და მიტინგების ხანაში პოლიტიკური აზროვნების არქეტიპის მნიშვნელობა შეიძინა. შედეგად, ქართველი პოლიტიკოსი საკუთარ თავს ურჩხულთან მებრძოლად წარმოიდგენს და მიტინგური ქმედებით მას ამარცხებს.

როგორც გამსახურდია ირწმუნებოდა, რომ საბჭოთა კავშირი მისმა მიტინგებმა დაანგრია, ასევე სააკაშვილის მიტინგური ლოგიკით, „მტრის ჯინაზე“ ომი მოვიგეთ, „მთელმა მსოფლიომ გაგვიცნო“ და ეს გამარჯვება იმპერიული რუსეთის განადგურების საწინდარი იქნება, რაც აუცილებლად საქართველოს გაბრწყინებამდე მიგვიყვანს. „საქართველოს გაბრწყინება“ - ამ ყოველგვარი აზრისგან დაცლილი მაგიური გამონათქვამის აღსრულება მის მთავარ მტერზე - რუსეთის იმპერიაზე გამარჯვებაა. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეროვნული თვითშეგნება 20 წლის წინ ამოძრავებულ საქართველოში ანტიიმპერიულ აფექტთან გამომჟღავნდა: საქართველო არის იმპერიულ ურჩხულთან მებრძოლი წმინდა გიორგი - ეს მისი ეროვნული თვითმყოფადობის არქეტიპად და იდეაფიქსად იქცა. აქედან გამომდინარე, საქართველო პერმანენტულ საგანგებო თუ საომარ მდგომარეობაში იმყოფება და იძულებულია, თავი დაიცვას შიდა თუ გარე მტრებისაგან. საგანგებო მდგომარეობის ცნობიერება ხელისუფლების ადეკვატურ ფორმებს წარმოშობს, რომლისთვისაც პრიორიტეტი სამშობლოს ხსნა, საქართველოს გაბრწყინებაა და არა ისეთი მეორეხარისხოვანი პრობლემები, როგორებიცაა: დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სოციალური სამართლიანობა. ამათი დრო ახლა არ არის, რადგან ეს „ახლა“, მთელი აწმყო, საგანგებო მდგომარეობასთანაა გაიგივებული.

გარდა ამისა, ხელისუფლება იძულებულიც კია, მმართველობა მტრების ძებნის პარანოიაზე ააგოს, რათა პერმანენტული საომარი ვითარების ლოგიკიდან არ ამოვარდეს, რაც უკვე ეროვნული იდენტობის მთავარი სიმბოლოს - იმპერიულ ურჩხულთან ბრძოლის სიუჟეტშია ჩადებული. ამავე ლოგიკით საჭიროა მტრის პერიოდული გამოაშკარავება, რომელიც არა მხოლოდ შორეულ კრემლშია, არამედ საქართველო უპყრია თავისი „მეხუთე კოლონებისა“ და „აგენტების“ მეშვეობით. ამდენად, მათთან ბრძოლა კრემლთან ბრძოლას ნიშნავს.

მიტინგების ეპოქის გარიჟრაჟზევე ამოძრავებული ქართველი საზოგადოება თვითგამორკვევას მტრების ძებნით და აღმოჩენით იწყებს. პირველი საეჭვო სუბიექტი საქართველოში მცხოვრები არაქართველები ხდებიან, რომლებმაც ქართული არ იციან და იმპერიულ ენაზე - რუსულად ესაუბრებიან საქართველოს ერთადერთ ავტოქთონ და, ამდენად, ლეგიტიმურ მოსახლეობას - ეთნიკურ ქართველებს.

უკვე 1988 წელს საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფის განგაში ატყდა: „არაქართველები ქართველებზე სწრაფად მრავლდებიან და მათ ქართველებზე მეტი პრივილეგიები აქვთ!“, „არ მივცეთ ოსებს ორ შვილზე მეტის გაჩენის უფლება!“, „საქართველო ქართველებისათვის!“, „სტუმრებს (საქართველოში მცხოვრებ არაქართველებს - გ.მ.) არ დაავიწყდეთ, რომ საქართველოში სტუმრად არიან!“. ასეთი ეთნოცენტრისტული ისტერიით იქმნება მეორე მტრის ხატი: ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც კრემლის “მეხუთე კოლონად” ცხადდება.

ის ფაქტი, რომ აფხაზები და ოსები სახალხო ფრონტებს - „აიდგილარას“ და „ადამონ ნიხასს“ აარსებენ და საკუთარ ეროვნულ იდენტურობასა და სიამაყეზე ფიქრს იწყებენ, ქართველი ნაციონალისტებისთვის საქართველოს წინააღმდეგ ომის გაჩაღებას ნიშნავს. აფხაზებისა და ოსების მოთხოვნების არალეგიტიმურობის დასასაბუთებლად ქართველი საზოგადოება ისტორიულ არგუმენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ საქართველოს ერთადერთი ავტოქთონური და, ამდენად, კანონიერი მოსახლება ეთნიკურად ქართველია, ხოლო „გვიან ჩამოსახლებულსა“ და „გადამთიელ“ აფხაზებსა და ოსებს საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი თვითგამორკვევის უფლება არა აქვთ. ამით ქართველი საზოგადოება თავად თხზავს ეთნიკური კონფლიქტების სცენარს, რომელიც მერე მუდამ კრემლის შემოგდებული პროვოკაცია ჰგონია.

1989 წლის შემოდგომაზე მომხდარი ფაქტი, როცა რამდენიმე ათასი ქართველი ნაციონალისტი, ზვიად გამსახურდიასა და ნოდარ ნათაძის ხელმძღვანელობით, ცხინვალს მიადგა „მშვიდობიანი მიტინგის“ ჩასატარებლად და „ოსი ექსტრემისტების“ დასაგმობად, ხოლო ცხინვალის მოსახლეობამ ისინი ქალაქში არ შეუშვა, ქართველი საზოგადოებისათვის ოსების მხრიდან საქართველოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა. ამის ლოგიკური გაგრძელება იყო გამსახურდიას ხელისუფლების პირველი პოლიტიკური ნაბიჯი: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება და მის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების შეყვანა.

ასევე მიტინგებით და მიტინგური აზროვნებით გაღვივდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. დღეს შეიძლება ბევრს უკვე აღარც კი ახსოვდეს, რომ 1989 წლის აპრილის მიტინგების სერია, რომელიც 9 აპრილის დარბევით დასრულდა, თავდაპირველად „აფსუა სეპარატისტების“ წინააღმდეგ იყო მიმართული. მიტინგური აზროვნების ლოგიკამ საშუალება არ მისცა ქართულ საზოგადოებას საერთო ენა გამოენახა აფხაზებთან და ოსებთან; ამ ლოგიკით, ისინი უკვე გამიჯნულნი და გაუცხოებულნი იყვნენ ეთნიკური ქართველებისაგან და აღიქმებოდნენ არა როგორც საკუთარი ინტერესებისა და პრობლემების მქონე თუნდაც ეთნიკურ სუბიექტებად, არამედ კრემლის მეხუთე კოლონად და საქართველოს მტრებად.

ტენდენცია, რომლის უშუალო ავტორიც ზვიად გამსახურდია იყო, აფხაზეთს, ისევე, როგორც ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს, ეთნიკურად ქართულ ტერიტორიებად განიხილავდა, რომელსაც აფხაზები და ოსები სტუმრობენ, ხოლო „თუ მათ საკუთარი სახელმწიფოების შექმნა სურთ, საამისოდ ტერიტორია ჩრდილო კავკასიაში უნდა მოძებნონ“.

მიტინგური აზროვნება არა მხოლოდ ეთნიკურად არაქართველს აუცხოებს საქართველოსგან, არამედ ქართველსაც, რომელსაც განსხვავებული, კრიტიკული, არამიტინგური აზრი და პოზიცია შეიძლება აღმოაჩნდეს.

მიტინგური აზროვნება ვერ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ვინმე, მით უმეტეს, ეთნიკურად ქართველი არ იზიარებდეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, ან მისთვის მიუღებელი იყოს ის, რაც უმეტესობას უეჭველ ჭეშმარიტებად მიაჩნია. ასეთი პიროვნება ვერ იქნება „ქართველი“: ის ან შემოპარული უცხოა ან მტრის (კრემლის, სუკის, ქემალისტური თურქეთის) აგენტი, რამდენადაც „ქართველობა“ უკვე იდეოლოგიური პოზიციაცაა, რომელზედაც მიტინგურ აზროვნებას მონოპოლია აქვს დამყარებული.

ასე ჩნდება მტრის მესამე ხატი - აგენტი. ეს ცნება განსხვავებული აზრის გამორიცხვას ნიშნავს. აგენტი ჩვენიანთა ერთსულოვან ერთობაში შემოგზავნილია და სხვის, მტრის აზრებს იმეორებს, მის დავალებებს ასრულებს. ასეთი ლოგიკა კი პერმანენტულ საგანგებო მდგომარეობას, მუდმივი განგაშის კოლექტიურ პარანოიას წარმოშობს, რაც უკვე შიდა თუ გარე კონფლიქტებისა და შეიარაღებული დაპირისპირებების წინაპირობაა.

მიტინგიდან მიტინგამდე

ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მიტინგებით მოვიდა და მიტინგებიდან ამოზრდილი სამოქალაქო ომით დაემხო. მან შექმნა სახელმწიფოს მიტინგებით მართვის უნიკალური პრეცენდენტი, რის შედეგიც პოლიტიკური რეალიზმის სრული დაკარგვა, ეთნიკური კონფლიქტები და აგრესიული ნაციონალიზმი იყო.

მმართველობის ეს ფორმა ერთგვარ კრიზისში მოექცა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს - მიტინგები ძველმა საბჭოურმა იუბილეებმა და პარტიულმა ყრილობებმა შეცვალა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ორი ღირშესანიშნავი მიტინგი ჩატარდა: პირველს (1993 წლის 14 სექტემბერს) საკუთარი ნებით გადამდგარი შევარდნაძის თანამდებობაზე დაბრუნება მოჰყვა, მეორეს კი (2003 წლის ნოემბერში) მისი თანამდებობიდან იძულებით გადაყენება. შევარდნაძემ, როგორც პრემიტინგული ხანის პოლიტიკოსმა, უარი თქვა მმართველობის მიტინგურ სტილზე, რადგან ეს მისთვის სრულიად ბუნებრივად უცხო იყო, და მიტინგური აზროვნების რესაკრალიზაცია სცადა, რაც სახელმწიფოში ეკლესიის როლის გაზრდით და ამგვარად იდეოლოგიური ვაკუუმის შევსებით გამოიხატა.

სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გასახელმწიფოებრიობა; ეკლესიამ იდეოლოგიური სამსახურის ფუნქცია შეიძინა და ფაქტობრივად სეკულარულ დაწესებულებად იქცა. ნაციონალისტური მითოლოგიის თხზვა, მისგან მომავალი საქართველოს პროექტის შექმნა სწორედ ეკლესიის პრეროგატივა გახდა და საქართველო XXI საუკუნეში შუა საუკუნეების ცნობიერებით გადაიყვანა.

მიტინგური აზროვნების რენესანსი, მისი ხელახალი დაბადება უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც ხელისუფლების სათავეში მიტინგებით მოვიდა. ხელისუფლების მიერ „ვარდების რევოლუციის“, როგორც ამ ხელისუფლების შესაქმის აქტის რანგში აყვანა, საერთო ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება და საკუთარი მიტინგების საკულტო ობიექტად („ვარდების რევოლუციის“ მოედანი) ქცევა, მიტინგური აზროვნების ახალ ტრიუმფს მოასწავებდა. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური იყო ზვიად გამსახურდიას რეაბილიტაცია და მისი გმირისა და მოწამის შარავანდედით შემკობა.

თუკი გამსახურდიას მიტინგურობა საკმაოდ პრიმიტიულ ფორმებს (კარვები, „მდედრიონი“, რუსეთისათვის „ეკონომიკური ბლოკადის“ მოწყობა სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვით) არ გასცდენია, სააკაშვილმა მთელი შემოქმედებითი ენერგია სრულიად წარმატებულად მიტინგური ინსცენირების, ახალი ქართული ეროვნული მითოლოგიის შექმნას და მის სრულიად ახალ, „მოდერნიზირებულ“ რანგში აყვანას მოანდომა.

მიტინგი ჰაი-ტექ სანახაობად გადაიქცა, რომლის ინსცენირებისათვის გამსახურდიას და შევარდნაძეს არც ფანტაზია და ენთუზიაზმი და არც ფინანსური საშუალებები არ ეყოფოდათ. წმინდა გიორგი, პრომეთე, „მზია და ზეზვა“, პატრიოტთა ბანაკები, „ქართველების უძველესი ევროპელობა“ ახალი მიტინგური იდეოლოგიის ძირითადი პოსტულატებია, რომელთა უმთავრესი ფუნქციაც პარალელური რეალობის, ერთგვარი ვირტუალური საქართველოს შექმნაა, რომელიც რეალობას დაგვაშორებს და ტკბილ სიზმარში გვამყოფებს.

ამასთანავე, სააკაშვილმა მიტინგებზე სრული მონოპოლია გამოაცხადა. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ თავს ერთ გრანდიოზულ მიტინგთან აიგივებს, მას რევოლუციად რაცხავს და შემდგომ რევკომულ მთავრობას აყალიბებს, რაღა თქმა უნდა, ვერ შეეგუება სხვის მიტინგს, რაც მისთვის მიტინგებზე საავტორო უფლების წართმევას და კონტრრევოლუციას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია 2007 წლის 7 ნოემბრის ოპოზიციური მიტინგის დარბევა.

სააკაშვილის ხელისუფლება, გამსახურდიასგან განსხვავებით, ეთნოცენტრიზმს ემიჯნება, მაგრამ ანტიიმპერიული აფექტის ერთგული რჩება და უფრო მეტად აიგივებს თავს საკუთარი ეროვნული იდენტობის არქეტიპულ სიმბოლოსთან - მეომარ წმინდანთან, რომელიც იმპერატორს მახვილით ამარცხებს.
ასეთი თვითიდენტიფიცირების პოლიტიკური გამოვლინებაა სააკაშვილის სამხედრო-პატრიოტული იდეოლოგია, რომელიც ყველა საშუალებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ორ საარჩევნო პერიოდში გულისხმობდა, რაც რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციას უკვე გარდაუალს ხდიდა.
რეალობის გრძნობის დაკარგვისა და არაადეკვატურობის ხარისხმა თავის ზენიტს 2008 წლის 12 აგვისტოს და პირველი სექტემბრის მიტინგებზე მიაღწია, როდესაც დაბომბილი და ნაწილობრივ ოკუპირებული საქართველო დიდგორობას და მტერზე გამარჯვებას ზეიმობდა.

პირველ სექტემბერს წარმოთქმული სააკაშვილის სიტყვა ერთგვარი ნაზავი იყო XIX საუკუნის ნაციონალიზმისა და შუა საუკუნეების მესიანიზმისა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში „რუსული იმპერიალიზმი დასამარდება“ და „მთელი მსოფლიოს თავისუფლების ბედი აქ წყდება, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის წინამძღოლობით“, ხოლო ჩვენ ვართ „ოქროს საწმისის, არგონავტების, უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა“, რომელსაც ვერავინ დაამარცხებს. როდესაც სააკაშვილის ამ სიტყვებს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის ოვაციები და „მიშა“, „მიშა“-ს და „ჯოს!“ შეძახილები მოჰყვა, ერთადერთი დასკვნის გამოტანაღა შეიძლებოდა, რომ საქართველო საკუთარ შეთხზულ მითოსურ სამყაროში იმდენად ღრმადაა ინტეგრირებული, რომ მისთვის სხვა რეალობა წარმოუდგენელიცაა; რომ მთელი ქვეყანა ამ ზღაპრის სიუჟეტის ლოგიკას ემორჩილება - ამ დღესასწაულს, რომელიც უკვე 20 წელია, ჩვენთანაა და რომელსაც დასასრული არ უჩანს.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“