ვლადიმირ სოროკინი - ოპრიჩნიკის დღე
რუსეთი, 2027 წელი. მონარქია აღდგენილია, მოსკოვის კრემლის აგურები თეთრად შეღებეს, ხოლო რეპრესიულმა სახელმწიფომ ქვეყანა თვითიზოლაციამდე მიიყვანა; ის კავკასიიდან ჩინეთის საზღვრებამდე გადაჭიმულმა „დიდმა რუსულმა კედელმა“ უნდა დაიცვას.
მობილური მაღვიძებს: შოლტის შხუილი - შეყვირება. კიდევ შხუილი - კვნესა. მესამე შხუილი - ხრიალი. ეს პოიაროკმა ჩაიწერა საიდუმლო პრიკაზში, როცა შორეული აღმოსავლეთიდან ჩამოყვანილ ერთ ვოევოდას აწამებდნენ. ასეთი მუსიკა მკვდარსაც გააღვიძებს.
გუშინდელის მერეც კაი ნაყლაპი ვარ, თუმცა კი აღთქმა დავდე, მხოლოდ ჩემიანებთან დამელია და მეყნოსა! - ცარიელი სიტყვები კი არ ყოფილა, მიძინების ტაძარში 99 მეტანია აღვასრულე და წმიდა ბონიფანტეს სახელზეც ვილოცე. ჭირმა წაიღო!
ძალაუფლება მომხიბლავი და მიმზიდველია, როგორც უშვილო მეოქრომკედე ქალის საშო.
მანქანები გზას უთმობენ ოპრიჩნიკის ძაღლისთავიან „მერანს“. პედალს ვაჭერ, სტვენით ვკვეთ მოსკოვისპირა ჰაერს. გზის გუშაგი პატივისცემით მაყოლებს თვალს.
დუმის კანონის თანახმად, თუ კეტ-კომბლებით შეიარაღებული შინაყმა გაუძლებს ნაეზდს, ბრალდებს ხსნიან.
წრეში ვდგებით, შინაყმებს ვუერთდებით. მუშტიკრივის ასპარეზზე ეს ნორმაა. აქ ყველანი თანასწორნი არიან - ყმაც და ტახტის აზნაურიც, ოპრიჩნიკიც და პრიკაზის მოხელეც. მუშტი თავის თავის მბრძანებელია.
წერტილის დასმის დროა. კომბალს მაღლა ვწევ: - დაიჩოქეთ მდაბიორებო! ასეთ დროს ყველაფერი ეგრევე კარგად ჩანს. ჰოი, როგორ კარგად ჩანს რუსი კაცის ბუნება! სახეები, შეშინებული შინაყმების სახეები. უბრალო რუსული სახეები. მიყვარს მათი თვალიერება ასეთ წამს, როცა ჭეშმარიტების მომენტი დგება. ახლა ეს სახეები სარკეებად იქცევა და მათში ჩვენ ვირეკლებით.
ჩვენ ბალღებს არ ვერჩით... არა, თუ ბრძანებაა, რომ შიგანი მივუჭეჭყოთ, ეგ უკვე სხვა საქმეა. მაგრამ თუ ბრძანება არ არის, ზედმეტი სისხლი არ გვჭირდება.
ოპრიჩნიკები ტახტის აზნაურს ფეხებით მიათრევენ სახლის ზღურბლიდან კარიბჭემდე ბოლო გზაზე. ზაბელი და კრეპლო ცოცხებით გვიან კვალს. რათა ხელმწიფის საქმის წინააღმდგომის კვალი არ დარჩეს რუსეთის მიწაზე. კარიბჭეზე უკვე ამძვრალა ნაგული, მარჯვედ აბამს თოკს. პირველად როდი უწევს რუსეთის მტერთა ჩამოხრჩობა. კარიბჭის ქვეშ ვდგებით, ხელში ვიტაცებთ და მაღლა ვწევთ ტახტის აზნაურს: - სიტყვა და საქმე!
პირველი მე ვარ. აწ უკვე განისვენებული ივან ივანიჩის ქვრივი მაგიდაზე სხმარტალებს, ყვირის და ოხრავს. კაბას ვაგლეჯ, ვახევ მაქმანიან მოკაზმულ საცვალს. პოიროკი და სივოლაი თეთრ, პრიალა მოვლილ ფეხებს წამოუწევენ და ასე უჭირავთ მაღლა დაკიდებულად. მიყვარს ქალის ფეხები, განსაკუთრებით ბაყვები და თითები. ივან ივანიჩის ცოლს ბაყვები მკრთალი აქვს, სიგრილეც დაჰკრავს, ფეხის თითები კი ნაზია, ფრჩხილებზეც ვარდისფერი ლაქი უსვია. ცახცახებს ეს უძლური ფეხები ოპრიჩნიკების ძლიერ მკლავებში, თითები შიშისა და დაძაბულობისგან უთრთის. აი ასე აკანკალდა ქალის ტერფი ჩემს პირთან, ტუჩებით ვიჭერ მთრთოლვარე თითებს, საშოში კი ჩემს ქაჩალ თრიას ვუშვებ. ტკბილია!
რა სიტკბოებაა, როცა შენს თესლს სახელმწიფოს მტრის ცოლის საშოში ტოვებ. უფრო ტკბილია, ვიდრე თვით მტერთათვის თავების წაგდებინება.
ზამთრობით რუსეთში სახელმწიფო საქმეები უფრო სწრაფად სრულდება, სწრაფად და მარჯვედ.
ერთმანეთს მიერჩილნენ, შეეზარდნენ ოპრიჩნინის ერთიან საყელურში, გარეთ მიმართეს ბასრი ეკლები. ეს საყელური შემოაკერა ხელმწიფემ სნეულ, დამპალ და დასაშლელად განწირულ ქვეყანას, შემოაკრა როგორც დაჭრილ დათვს, სისხლმდინარეს. და აჰა, ესერა გაუმაგრდა დათვს ძვალი და ხორცი, დაუამდა ჭრილობები, დაუგროვდა ცხიმი, მოეზარდა ბრჭყალები. გამოვუშვით მისი დამპალი, მტერთაგან მოწამლული სისხლი. ახლა უკვე რუსული დათვის ღრენა-ღრიალი მთელ მსოფლიოს ესმის. არა მარტო ჩინეთსა და ევროპაში, არამედ ოკეანის გაღმაც ყურს უგდებენ ჩვენს ღრენას.
ოპრიჩნინაში არ მოდიან. მას არ ირჩევენ. ის თვითონ გირჩევს. ან, უფრო ზუსტად, როგორც თვითონ მამი ამბობს, როცა კარგა ნასვამი და ნაყნოსია: „ოპრიჩნინაში თითქოს ტალღა შემოგაგდებს“. ო, როგორ შემოგაგდებს! ისე შემოგაგდებს, რომ თავბრუ გესხმის, ძარღვებში სისხლი დუღს, თვალებში წითელი ალები ელავს. მაგრამ ამავე ტალღას შენი გარეთ გაგდებაც შეუძლია. ერთბაშად და შეუქცევადად. ეს უკვე სიკვდილზე უარესია. ოპრიჩნინიდან გაძევება ორივე ფეხის დაკარგვასავითაა. მერე მთელი ცხოვრება კი ვერ დადიხარ, დახოხავ.
ხელმწიფე გვიმზერს მეტყველი, ყურადღებიანი, გულწრფელი და გამჭოლი მორუხო-ცისფერი თვალებით. მისი მზერა განუმეორებელია. სხვაში არ შეგეშლება. ამ მზერისთვის უყოყმანოდ გავწირავ სიცოცხლეს.
რუსული კუილით ხომ ევროპული ქალაქების გათბობა შეიძლება!
კარგი იყო ჩვენი ხელმწიფის განსვენებული მამის, ნიკოლაი პლატონოვიჩის იდეა, რომლის მიხედვით გააუქმეს ყველა უცხოური სუპერმარკეტი და შემოიღეს რუსული ჯიხურები. და ისე, რომ ყოველ ჯიხურში სახალხო არჩევანისთვის ორ-ორი საგანი ყოფილიყო. ბრძნული და ღრმა აზრი იყო ეს. რადგან ჩვენი ღმერთშემოსილი ხალხი ორიდან უნდა ირჩევდეს და არა სამიდან ან ორმოცდასამიდან. ორიდან არჩევისას ერი სულიერ სიმშვიდეს პოულობს, ხვალინდელი დღის რწმენით იმუხტება, აქედან გამომდინარე კი კმაყოფილდება. ამგვარად დაკმაყოფილებული ერის დახმარებით კი დიდი საქმეების კეთებაა შესაძლებელი.
ცეცხლს აშტერდება. იქ კი იწვის ფიოდორ მიხეილის ძე დოსტოევსკის წიგნი „იდიოტი“. კიდეებიდან მოედო ცეცხლი, ყდას უკვე კვამლი აუვიდა. ისევ ანიშნებს გულთმისანი მსახურს. ისიც კიდევ ერთ წიგნს ისვრის ცეცხლში: ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი, „ანა კარენინა“. ზედ ნაღვერდლების ნარინჯისფერ მხურვალებას დაეთხლიშება წონადი წიგნი, დევს, დევს, მერე კი ერთბაშად ედება ცეცხლი.
ცეცლხს ვუყურებ. იქ კი „იდიოტი“ და „ანა კარენინა“ იწვის. და ისიც უნდა ვთქვა, რომ კარგად იწვის. და ისიც უნდა ვთქვა, რომ კარგად იწვის. საზოგადოდაც, წიგნები კარგად იწვის. ხელნაწერები კი სულაც დენთივით. ბევრი ასეთი კოცონი მინახავს, წიგნებისა და ხელნაწერებისაგან დანთებული - ჩვენს კარზეც და საიდუმლო პრიკაზშიც. თვით სამწერლობო პალატასაც დაუწვავს წიგნები მანეჟის მოედანზე, როცა საკუთარი მეამბოხეებისაგან იწმინდებოდა და ჩვენ საქმეს გვიადვილებდა. ერთი შემიძლია ვთქვა, წიგნებისგან დანთებულ კოცონებს ყოველთვის განსაკუთრებული სითბო აქვს. თბილი ცეცხლია.
ჯალათებისა და ჯარის ზემდეგებისთვის რუსეთში გინება ნებადართულია. პროფესიის სიმძიმის გამო ხელმწიფემ მათ შეღავათი დაუწესა.
ეს არტამოშაც იხტიბარს არ იტეხს, ცეცხლს ეთამაშება. უკიდურესობამდე მივიდა. იქამდე, რომ მისი ჩაქრობის დრო დადგა. ნაბიჭვარი, როგორ კარგად იწყებდა, როგორც ნამდვილი სახალხო მგოსანი. ჯერ ძველ რუსულ კანონიკურ თქმულებებს მღეროდა ილია მურომეცზე, ბუსლაიზე, სოლოვეი ბუდიმაროვიჩზე. მთელ ახალ რუსეთში გაითქვა სახელი. კარგი ფულიც იშოვა. ორი სახლი აიშენა, უზენაესი მფარველებიც შეიძინა. დაკმაყოფილებულიყო და ეცხოვრა კაცურად, ებანავა ხალხის სიყვარულში. არა, შეუჩნდა პროჭში ბზიკი არტამოშას. ზნეობის მამხილებლად იქცა. თანაც უბრალოდ ზნეობისა კი არა, ჩვენი დედოფლის მამხილებლად. როგორც იტყვიან, უფრო დიდი სიმაღლიდან ვერ დაეცემი. ჩვენი დედოფალი კი... თუმცა ეს ცალკე ამბავია. მწარე.
დედოფალი თაროებს უყურებს: - აი ეს იწვის კარგად და დიდხანს. ბიბლიოთეკარს მიანიშნებს. ისიც თაროდან იღებს ანტონ ჩეხოვის თხზულებათა კრებულს. - ამას პარასკევას გავუგზავნი, - ეუბნება დედოფალი ბიბლიოთკარს. - არის, - პასუხობს ის და წიგნებს მკლავებით იჭერს. - მორჩა! - პირს აბრუნებს დედა ჩვენი, წინსაცავიდან გადის.
ვიდრე ცოცხალია ოპრიჩნინა, ცოცხალია რუსეთიც.
მთარგმნელი: ნოდარ ლადარია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცმელობა, 2014წ.