ელინური მითები - ანტიგონე
არგოსელების მხედრობის დამარცხების შემდეგ თებეში გამეფდა ოიდიპოსის ცოლისძმა კრეონტი. თებეს ახალი მბრძანებელი დაუყოვნებლივ შეუდგა დაზარალებულ სახელმწიფოს საქმეების მოგვარებას.
მეფე კრეონტმა, როგორც კი სახელმწიფო საქმეების სათავეში მოექცა, გამოსცა ორი მეტად საყურადღებო ბრძანება.
მეფის პირველი ბრძანება მოითხოვდა, რომ თებელებს შესაფერისი პატივისცემით დაესაფლავებინათ მეფე ეტეოკლე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შეწირა სამშობლოს დაცვის საქმეს.
მეფე კრეონტის მეორე ბრძანება თებელებს სასტიკად უკრძალავდა სამშობლოს მოღალატე პოლინიკეს დასაფლავებას.
„ვინც ამ ჩემ ბრძანებას, - მუქარით ამბობდა მეფე კრეონტი, - წინაღუდგება და ზუსტად არ შეასრულებს, შეუბრალებლად სიკვდილით დავსჯი! დეე, ყველამ იცოდეს, რომ ამ ბრძანების უგულებელყოფას არავის ვაპატიებ!
სამშობლოს მოღალატე პოლინიკე ღირსია ჩემს მიერ დადგენილი სასჯელისა! სამშობლოს ღალატი უდიდესი დანაშაულია! პოლინიკემ სამშობლოს აშკარად უღალატა. ამ გარეწარ ადამიანს განზრახვა ჰქონდა თავისი სამშობლო ქალაქი მტრის ჯარების დახმარებით გაენადგურებინა და ხალხისათვის თავდადებული მებრძოლები სიცოცხლეს გამოესალმებია! ამიტომ პოლინიკე, როგორც სამშობლოს მოღალატე, ღირსი არ არის დასაფლავებისა.
დიახ, ეს არის ჩემი შეურყეველი რწმენა და კიდევაც ამიტომ ყველასაგან მოვითხოვ, ჩემი ბრძანება განუხრელად შესრულებული იქნას. ვინც ამ ჩემს ბრძანებას არ შეასრულებს ან არ მოისურვებს შეასრულოს, ჩემ სასტიკ გულისწყრომას დაიმსახურებს და ყოველ მიზეზს გარეშე სიკვდილით დაისჯება!“
კრეონტის ასეთმა სასტიკმა მბრძანებამ ერთიანად აღაშფოთა ორთა ბრძოლაში დაღუპულ ეტეოკლესა და პოლინიკეს ღვიძლი და ანტიგონე.
საბრალო ანტიგონეს ყოვლად მიუღებლად მიაჩნდა, რომ ადამიანმა მიცვალებული, თუნდაც იგი მტერი იყოს, დაუსაფლავებელი დატოვოს.
მეფე კადმოსის შთამომავალი კეთილშობილი ქალწული ანტიგონე ღრმად დარწმუნებული იყო, რომ მეფე კრეონტის ბრძანება ეწინააღმდეგება ყოვლისშემძლე ღმერთების მიერ საუკუნეობით დადგენილ კანონს, რომელიც ცოცხლად დარჩენილთაგან მოითხოვს მიცვალებულების პატივისცემით და შესაფერისი წესების დაცვით დასაფლავებას.
კეთილშობილებით აღვსილი ანტიგონე ღრმად დარწმუნებული იყო, რომ ყოვლისშემძლე ღმერთების მიერ დადგენილი კანონი უფრო მაღლა დგას, ვიდრე კრეონტის მიერ გამოცემული კანონი.
ამიტომ მართლკანონიერების მომხრე ქალწულმა გადაწყვიტა მეფე კრეონტის ბრძანებას არ დამორჩილებოდა და თავისი ღვიძლი ძმა პოლინიკე შესაფერისი პატივისცემით დაესაფლავებინა.
მართალია, ანტიგონე ასეთი თავისი მოქმედებით სიკვდილს ვერ ასცდებოდა, მაგრამ ეს მას სრულიადაც არ აშინებდა, იგი თავის საკუთარ სიცოცხლეს სიამოვნებით შეწირავდა, ოღონდ კი დაღუპული ძმის წინაშე თავისი მოვალეობა პირნათლად შეესრულებია.
ანტიგონემ, როგორც კი ეს გადწყვეტილება საბოლოოდ მიიღო, დაუყოვნებლივ ინახულა თავისი ღვიძლი და ისმენე და სთხოვა მასაც მონაწილეობა მიეღო ბრძოლის ველზე უპატრონოდ დატოვებულ ღვიძლი ძმის პოლინიკეს დასაფლავებაში.
მართალია, ისმენეს სულითა და გულით უყვარდა თავისი ღვიძლი და ანტიგონე, არანაკლებ უყვარდა ორთა ბრძოლაში დაღუპული ძმები, ეტეოკლე და პოლინიკე, არანაკლებ უყვარდა უმაგალითოდ გაუბედურებული მშობლები, მეფე ოიდიპოსი და დედოფალი იოკასტე, მაგრამ იგი, ბუნებით ნაზი და გაუბედავი ადამიანი, მეტად შეშფოთდა და არ იცოდა, რა გზას დადგომოდა.
დიდი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ ისმენემ ამ სიტყვებით მიმართა თავის ღვიძლ დას: „ჩემო ძვირფასო და საყვარელო ანტიგონე! კრგად ჩაუფიქრდი, აბა როგორ სამარცხვინოდ დაამთავრა ამქვეყნიური სიცოცხლე მამაჩვენმა, ოდესღაც ძლევამოსილმა მეფე ოიდიპოსმა! მოიგონე, ჩემო ძვირფასო დაო, როგორი უბედურება დაატყდა თავს დედაჩვენს, საბრალო იოკასტეს, მეფე ოიდიპოსის ერთსა და იმავე დროს მეუღლესა და დედას! განა ეს უბედურება საკმარისი არ იყო გვარეულობისათვის!
მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთებმა ესეც არ გვაკმარეს და ჩვენს უმაგალითო უბედურებას კიდევ ზედმეტი უბედურება თავს დაგვატეხეს! ჩვენი ორი საყვარელი ძმა, ეტეოკლე და პოლინიკე, სამეფო ტახტი რომ ხელში ჩაეგდოთ, ერთმანეთს გადაემტერნენ და ორთა ბრძოლაში სამუდამოდ გამოესალმნენ სიცოცხლეს!
აბა, დაფიქრდი, ჩვენი გვარეულობიდან ჩვენ ორის გარდა ვინღა დარჩა!
ვფიქრობ, ჩემო საყვარელო დაო, თუ ჩვენ მეფე კრეონტის ბრძანებას არ დავემორჩილებით და წინაღვუდგებით, ორივეს მეტად სამწუხარო ბედი მოგველის!
სად შეგვწევს ჩვენ იმდენი ძალ-ღონე, რომ მამაკაცებს გავუმკლავდეთ! ქალები, საზოგადოდ, სუსტები ვართ და განსაკუთრებით ჩვენ, ამდენი უბედურების შემდეგ.
ჩემის აზრით, ჩემო საყვარელო დაო, მეფე კრეონტის განკარგულებას, სამწუხაროდ, უნდა დავემორჩილოთ! ხომ გაგიგონია ხალხის თქმულება - ძალა აღმართსა ხნავსო გაფიცებ, ძვირფასო ანტიგონე, ყოვლისშემძლე ღმერთებს, ნუ გადადგამ ისეთ საბედისწერო ნაბიჯს, რომელსაც აუცილებლად ცუდი ბოლო მოყვება!
პირადად მე გულმხურვალედ ვთხოვ საიქიოს ღმერთებს, დეე, მაპატიონ ჩემი დანაშაული, თუ რომ წინააღმდეგ მოვიქცევი და მეფე კრეონტის ბრძანებას დავემორჩილები!“
ანტიგონე მეტად აღაშფოთა ისმენეს პასუხმა. საბრალო ანტიგონეს ვერ გამოერკვია, რატომ ამბობდა უარს ისმენე თავისი ღვიძლი ძმის დასაფლავებაში მონაწილეობის მიღებაზე.
ნუთუ მოსალოდნელი სასჯელის შიშის გამო ხელს იღებს ისმენე თავისი სამღვთო მოვალეობის პირნათლად შესრულებაზე?
ანტიგონე დიდის გულისტკივილით მოშორდა ისმენეს და სასწრაფოდ გაემართა იმ ადგილისაკენ, სადაც საყვარელი ძმის პოლინიკეს გვამი უპატრონოდ დაუსაფლავებელი ეგდო ბრძოლის ველზე.
სიმართლის მოყვარულ ქალწულს საბოლოოდ გადაწყვეტილი ჰქონდა უშიშრად, მოურიდებლად მოეყვანა თავისი განზრახვა სისრულეში და თავისი ღვიძლი ძმა დაესაფლავებინა.
კრეონტის მშვენიერი სასახლის ერთ-ერთ დარბაზში მოწვეული არიან თებეს წარჩინებული მოხელეები და მოქალაქენი, რომლებთანაც მეფე სახელმწიფო საქმეების შესახებ თათბირობს. კრეონტმა ერთხელ კიდევ მოაგონა თათბირზე დამსწრეებს, რომ აუცილებლად საჭიროა სისრულეში მოყვანილ იქნას ბრძანება მოღალატე პოლინიკეს დასაფლავების აკრძალვის შესახებ.
„სახელმწიფოს წარჩინებულო მოხელენო და მოქალაქენო, - თქვა მეფე კრეონტმა: - პოლინიკე სამშობლოს მოღალატეა მან წარბშეუხრელად განიზღახა მტრის ჯარების დახმარებით საკუთარი სამშობლოს განადგურება, ყოვლისშემძლე ღმერთების ტაძრების აოხრება და შეურაცხყოფა, კანონიერი მეფის, ღვიძლი ძმის ეტეოკლეს, ტახტიდან ჩამოგდება! აი, კიდევაც ამიტომ არ არის იგი ღირსი დასაფლავაბისა!
სამშობლოს მოღალატის გვამი ქოფაკი ძაღლებისა და ყვავ-ყორნების სათრევად და საძიძგნად უნდა დარჩეს ბრძოლის ველზე! ვინც ამ ჩემ ბრძანებას წინაღუდგება და სავსებით არ დაემორჩილება, სასტიკად დავსჯი, სიცოცხლეს შეუბრალებლად გამოვასალმებ!“
სწორედ იმ დროს, როცა მეფე კრეონტი ასეთ სასტიკ ბრძანებას იმეორებდა, სათათბირო დარბაზში სასწრაფოდ შემოიჭრა სრულიად გაფითრებული პირისახით ის მცველი, რომელიც დარაჯობდა ბრძოლის ველზე დატოვებულ პოლინიკეს გვამს. დარაჯმა საშინელი ამბავი მოიტანა: ვიღაც თავზე ხელაღებულს პოლინიკეს გვამზე მიწა დაუყრია და ამრიგად მეფის ბრძანება დარღვეულია.
ამ ამბის შეტყობამ მეფე დიდად შეაშფოთა. კრეონტს ეჭვი შეეპარა, რომ უეჭველია მტრებმა მოისყიდეს დარაჯი და ასე უხეშად დაარღვიეს მეფის ბრძანებაო.
ბრაზმორეული მეფე სიკვდილით დაემუქრა დარაჯს, თუ იგი დამნაშავეს არ აღმოაჩენდა და თავს არ გაიმართლებდა.
მეფის რისხვამ იმდენად შეაშინა დარაჯი, რომ მან იმწამსვე დატოვა სასახლის დარბაზი და ღმერთებს მადლობა შეწირა, ცოცხალი რომ გადარჩა.
მეფე კრეონტს ჯერ კიდევ თათბირი არ დაემთავრებია, რომ სასახლეში დაბრუნდა გახარებული დარაჯი, რომელსაც უკან მოყვებოდა ოიდიპოს მეფის ასული ანტიგონე.
„დიდებულო მეფეო! - გაბრწყინვებული პირისახით მოახსენა დარაჯმა კრეონტს: -აი დამნაშავე, რომელმაც ასე უხეშად დაარღვია თქვენი ბრძანება! ჩვენ შევიპყარით ეს ქალი სწორედ მაშინ, როცა მიცვალებული ძმის დასაფლავებას აპირებდა.
მოწყალე ხელმწიფეო! მომისმინეთ და ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ.
როცა მე ჩემს ამხანაგებს გადავეცი თქვენი მრისხანე სიტყვები, ყველანი შიშისზარმა მოიცვა. მიცვალებულის გვამს დაუყოვნებლივ ზედ გადაყრილი მიწა ჩამოვაშორეთ და იქვე მახლობლად დავიმალენით, სათვალთვალოდ.
უკვე შუადღემ მოატანა. ანაზდად ამოვარდა საშინელი ქარიშხალი, ქარი არნახული ძლიერებით ჰქროდა და ყველაფერს ამსხვრევდა და ანადგურებდა. მიწიდან აზიდული მტვერი და ქვების ვეებერთელა ნატეხები ცის ტატნობს სწვდებოდა და ქვეყანას წალეკვით ემუქრებოდა. ქარიშხალი უფრო და უფრო ძლიერდებოდა და თვალთა ხედვას გვიბნელებდა.
მაგრამ მალე ეს საშინელი ქარიშხალი დაცხრა. ჩვენც თვალი გავახილეთ და აი რასა ვხედავთ.
პოლინიკეს ტიტველ გვამს თავს დასდგომია აი ეს ქალი და მწარედ ქვითინებს, ცხარე ცრემლს აფრქვევს, გულამოსკვნით ქვითინებს, გოდებს „საბრალო-ძმაოო“, და წყევლა-კრულვით იხსენიებს, ვინც მის საყვარელ ძმის გვამს მიწა ჩამოაშორა.
შემდეგ იგი ცრემლების ფრქვევით აგროვებს ხმელ მიწას, მიწით ფარავს გვამს და ლამაზი სპილენძის ჭურჭლით სანელებელ წყალს ასხურებს საყვარელი ძმის ცხედარს.
როგორც კი ეს შევნიშნეთ, ჩვენ სწრაფად მივიჭერით დამნაშავე ქალთან, შევიპყარით იგი და აი, თქვენ მოგგვარეთ“.
ანტიგონეს თავი ძირს დაეხარა და სრულიად დამშვიდებული ყურს უგდებდა დარაჯის თხრობას.
როცა დარაჯმა დაამთავრა, რაც სათქმელი ჰქონდა, კრეონტი მრისხანედ შეეკითხა ანტიგონეს, სცნობს თუ არა იგი თავის თავს დამნაშავედ, რომ მან მეფის ბრძანება მოღალატე პოლინიკეს დასაფლავების აკრძალვის შესახებ ასე უხეშად დაარღვია.
ანტიგონემ სრულიად დამშვიდებულად და უშიშრად მოახსენა კრეონტს: „მეფეო, თქვენ მიერ გამოცემული ბრძანება მართალია დავარღვიე, მაგრამ ჩემ თავს დამნაშავედ სრულიად არა ვთვლი! და დამნაშავედ არა ვთვლი ჩემ თავს იმიტომ, რომ თქვენი ბრძანება ეწინააღმდეგება ყოვლისშემძლე ღმერთების მიერ დადგენილ კანონებს.
ყოვლისშემძლე ღმერთების მიერ დადგენილი კანონების დარღვევა არ შეგეძლო. აბა, რა დასაჯერებელია, რომ თქვენ მიერ გამოცემულ ბრძანებას უფრო მეტი ძალა და მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე ყოვლისშემძლე ღმერთების მიერ დადგენილ კანონებს! მე ღრმად მწამს, რომ არც ერთ პატიოსან ადამიანს უფლება არა აქვს წინაღუდგეს საუკუნეობით განმტკიცებულ ღვთაებრივ კანონებს და ბოროტად გამოიყენოს ეს კანონები! ღმერთების მიერ შემოღებული კანონების დარღვევა დიდ დანაშაულად მიმაჩნია და კიდევაც ამიტომ უარვყავი თქვენი ბრძანება და ჩემი მოვალეობა პირნათლად შევასრულე. მე წინასწარ ვიცოდი, რომ ჩემი ძმის დასაფლავებისათვის სიკვდილს ვერ ავცდებოდი, მაგრამ ჩემს დღევანდელ უმწეო და უნუგეშო მდგომარეობაში სიკვდილი უფრო სასურველია, ვიდრე სიცოცხლე. ჩემი ღვიძლი ძმა რომ არ დამესაფლავებინა, ეს აუტანელ მძიმე ტვირთად დააწვებოდა ჩემ სინდისს და მთელს ჩემ სიცოცხლეში მოსვენებას არ მომცემდა!“
რაც უფრო დამშვიდებით და გაბედულად ლაპარაკობდა ანტიგონე, მით უფრო ღელავდა და შფოთავდა მეფე კრეონტი. სიბრაზისაგან გაბოროტებული მეფე ანტიგონეს თითოეულ სიტყვაში თავხედობას, ურჩობას ხედავდა და ასეთ კადნიერებას ვერ ითმენდა.
მოთმინებიდან გამოსულმა კრეონტმა მრისხანედ შეჰყვირა:
„ყოვლისშემძლე ღმერთებს ვფიცავ, ამ ქალის მოქმედება ორგვარი თავხედობაა.
ჯერ იყო და ჩემი ბრძანება, რომელიც ზუსტად უნდა შეესრულებინა, ფეხქვეშ გათელა და სრულიად უგულებელჰყო. ახლა კი თავი მოაქვს და საქებრად მიაჩნია, რომ ჩემს მიერ გამოცემული ბრძანება ასე უხეშად დაარღვია, ასე უხეშად უკუაგდო. განა ყოველივე ეს დასაშვები და მოსათმენია! განა ამის შემდეგ შეიძლება რაიმე შეწყალებაზე ფიქრი!
ყველანი ხომ ლაჩრად ჩამთვლიან, რომ ამ თავხედი, ურჩი ქალის დანაშაული დაუსჯელად დავტოვო!
მართალია, ეს ყოვლად ურჩი ქალი და მისი ღვიძლი და ისმენე ჩემი ნათესავები არიან, მაგრამ ამ ნათესაურ კავშირს ყურადღებას არ მივაქცევ და ორივე დას სასტიკად დავსჯი იმ დანაშაულისათვის, რომელიც ამ უღირსმა დებმა ჩაიდინეს ჩემი ბრძანების დარღვევით.
მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ისმენემაც მონაწილეობა მიიღო დასთან ერთად ძმის უკანონო დასაფლავებში.
ახლავე მომგვარეთ ისმენე! მე მსურს პირისპირ ვამხილო, რომ იმანაც მონაწილეობა მიიღო პოლინიკეს დასაფლავებაში და ამრიგად უხეშად დაარღვია ჩემი სატიკი ბრძანება“.
ანტიგონემ ისე მშვიდად და წყნარად უპასუხა უსაზღვროდ განრისხებულ კრეონტს: „მეფეო! თუ ჩემი სიკვდილი გსურთ, რატომ აგვიანებთ? ვფიქრობ, როგორც მე მეზიზღება თქვენი უმართებულო სიტყვები, უეჭველია თქვენაც ისე ჰგმობთ და არ მოგწონთ არც ჩემი სიტყვები და არც ჩემი საქციელი.
ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ღვიძლი ძმის დასაფლავებით დიდი სახელი და პატივისცემა მოვიხვეჭე, მე შევასრულე ჩემი პირდაპირი ზნეობრივი მოვალეობა და ამრიგად სრულიად კანონიერად მოვიქეცი.
აი, მეფეო, სახელმწიფოს ეს წარჩინებული მოქალაქენი, რომელნიც სათათბიროდ მოგიწვევიათ, გულში ქება-დიდებით მიხსენიებენ, ჩემს საქციელს სრულიად მართებულად და კანონიერად თვლიან, მაგრამ თქვენის შიშით თავისი გულისტკივილი საჯაროდ ვერ გაუმჟღავნებიათ!“
„სტყუი! თვალთმაქცობ! - მრისხანედ შეუყვირა მეფემ ანტიგონეს: - ღრმად დარწმუნებული ვარ, არც ერთი ჩემი ქვეშევრდომი არ მოგიწონებს, რომ სამშობლოსათვის თავდადებული ეტეოკლე და სამშობლოს მოღალატე პოლინიკე გაათანასწორე. ნუთუ ჩვენ მტერი მოყვრისაგან ვერ უნდა გავარჩიოთ!
ეტეოკლემ სამშობლოს კეთილდღეობას სიცოცხლე შესწირა და ამიტომ იგი კიდევაც ღირსი იყო შესაფერისი პატივისცემით დაგვესაფლავებინა. ჩვენც, მართლაც, ასე მოვიქეცით.
მაგრამ პოლინიკე, რომელიც მტრის დახმარებით ჩვენ დედაქალაქს გარშემოერტყა, პოლინიკე, რომელიც სულითა და გულით მოწადინებული იყო სამშობლო ქალაქი დაემხო და გაენადგურებინა, ღმერთების სამლოცველო ტაძრები დაენგრია და გაეპარტახებია, თავისი მემამულენი აეწიოკებია და აეოხრებია, ნუთუ სამშობლოს ასეთი მოღალატე ეტეოკლეს მსგავსად ღირსია დასაფლავებისა! განა ეს მოსათმენი და დასაშვებია!“
ანტიგონემ ისევ დამშვიდებულის კილოთი შენიშნა განრისხებულ მეფეს: „სახელმწიფოს უზენაესმა ხელმძღვანელმა კარგად უნდა იცოდეს, რომ სიკვდილი ყველაფერს ათანასწორებს, ყოველგვარ ქიშპობას, უთანხმოებას სპობს, საზღვარს უდებს! ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, რომ მის წინააღმდეგ გალაშქრება გონიერებას მოკლებულ ადამიანს შეუძლია. ადამიანს ცხოვრებაში მიზნად უნდა ჰქონდეს დასახული არა ქიშპობა და უთანხმოება, არამედ ყოვლისშემძლე სიყვერული, რომელიც ყველგან და ყველაფერს აკეთილშობილებს.
მე ასეთი მოსაზრება ღრმად მწამს და კიდევაც ამიტომ მას მივდევ და შეძლებისდაგვარად ვცდილობ შევასრულო.
თუ თქვენ, მეფეო, ეს ჩემი საქციელი დანაშაულად მიგაჩნიათ, ძალაუფლება თქვენს ხელშია და გამომიტანეთ ის მსჯავრი, რომელიც თქვენ სამართლიანად მიგაჩნიათ“.
სწორედ იმ დროს, როცა მეფე და ანტიგონე ასეთი ცხარე კილოთი ლაპარაკობდნენ, სათათბირო დარბაზში შემოიყვანეს ანტიგონეს და ისმენე, რომელიც საცოდავად იცრემლებოდა და ვერ გამოერკვია, თუ რა ხდებოდა.
საბრალო ისმენე, სრულიად ფერმიხდილი, შესჩერებოდა მრისხანე მეფეს და შიშით ვერხვის ფოთოლივით ცახცახებდა.
„სცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ, - მრისხანედ შეეკითხა კრეონტი ისმენეს, - რომ თქვენ ანტიგონესთან ერთად მონაწილეიობა მიიღეთ სამშობლოს მოღალატე პოლინიკეს დასაფლავებაში?“
ისმენემ მცირედი მოფიქრებისა და ყოყმანის შემდეგ მოახსენა მრისხანე მეფეს: „დიახ, მეფეო, მეც დამნაშავე ვარ, რომ ჩემს საყვარელ დასთან ერთად თქვენი სასტიკი ბრძანება დავარღვიე! მზადა ვარ ჩემი დის თანაბარი სასჯელი მოვიხადო! მე არ შემიძლია ერთ წუთსაც ვიცოცხლო, თუ ჩემ საყვარელ ანტიგონეს ჩამომაშორებთ! მეფეო, იცოდეთ, მე ჩემი და ანტიგონე მიყვარს, მიყვარს მთელი ჩემი არსებით და უმისოდ ჩემი სიცოცხლე ყოვლად წარმოუდგენლად მიმაჩნია.“
ანტიგონემ გადაჭრით და სრულიად მოურიდებლად მოახსენა მეფეს, რომ ისმენეს სრულებით არ მიუღია მონაწილეობა პოლინიკეს დაკრძალვაში. „მთელი დანაშაული, თუ მართლაც ეს დანაშაულად ჩამეთვლება საყვარელი ძმის დაკრძალვაში, მე მიმიძღვის, - გულწრფელად განაცხადა ანტიგონემ, - და კიდევაც ამიტომ მთელ პასუხისმგებლობას მე ვკისრულობ.“
ისმენემ საყვარელი დისთვის რომ სასჯელი შეემსუბუქებინა, ახლა სხვა გზას მიმართა.
„დიდებულო მეფეო, - თვალცრემლიანი შეევედრა საბრალო ისმენე განრისხებულ კრეონტს: - მიიღეთ მხედველობაში, რომ ჩემი საყვარელი და ანტიგონე თქვენი შვილის ჰემონის საცოლეა! ახალგაზრდებს ერთმანეთი მოსწონთ, ერთმანეთი უსაზღვროდ უყვართ და აბა ვინ მოგიწონებთ, მოწყალეო მეფეო, რომ ეს ახალგაზრდები ასე სასტიკად დასაჯოთ და გულში შეუბრალებლად ჩაუკლათ ის ნაზი და სათუთი გრძნობები, რომლებითაც ეს ახალგაზრდები ამჟამად ჭარბად გამსჭვალულნი არიან! ამიტომ გევედრები, გემუდარები, მოიღეთ თქვენი მოწყალება და აპატიეთ დანაშაული ჩემ საყვარელ დას და თქვენს მომავალ სარძლოს, კეთილშობილ ანტიგონეს“.
ისმენესთან ერთად ქალაქის წარჩინებულმა მოხელეებმა და მოქალაქეებმაც სთხოვეს მეფე კრეონტს მოწყალება მოეღო და თავისი სარძლო, გულკეთილი და ყოვლად კეთილშობილი ანტიგონე, სასჯელისაგან გაეთავისუფლებინა.
სამწუხაროდ კრეონტმა არ შეისმინა არც ისმენესი და არც ქალაქის წარჩინებულ პირთა გულმხურვალე თხოვნა.
„ჩემი შვილი, - ამტკიცებდა მრისხანე მეფე, - სხვა ქალსაც ადვილად მოსძებნის! ანტიგონე და ისმენე, როგორც დამნაშავენი, სასტიკად უნდა დაისაჯონ! ეს არის ჩემი სურვილი, და სურვილი სრულიად სამართლიანი! ჩემი მეფური ბრძანება უდაოდ უნდა შესრულდეს, და კიდევაც შესრულდება!“
ამ სიტყვებთან ერთად მეფემ მსახურებს უბრძანა ანტიგონე და ისმენე დარბაზიდან გაეყვანათ და ფხიზლად ედევნებინათ თვალყური.
ხალხი, რომელიც მეფე ოიდიპოსის ასულების დაკითხვას დაესწრო, სულითა და გულით იტანჯებოდა, სრულიად თანაუგრძნობდა საცოდავ ანტიგონეს, მაგრამ მრისხანე მეფე კრეონტის შიშით სიტყვას ვერ სძრავდა და მწარე საგონებელს ეძლეოდა.
მეფის ვაჟს ჰემონს გაეგო, რომ კრეონტს განზრახვა აქვს ანტიგონე სიკვდილით დასაჯოს.
ამ ამბით შეშფოთებული ჰემონი დაუყოვნებლივ შეიჭრა სამსჯავრო დარბაზში და მამას მხურვალედ შეევედრა საბრალო ანტიგონე სასჯელისაგან გაეთავისუფლებინა.
კრეონტმა ასე უპასუხა თავის საყვარელ შვილს: „შვილო, შენ ყველაფერში მამის სურვილს უნდა დაემორჩილო! მამაშენის ნება-სურვილი შენთვის კანონი უნდა იყოს! კარგად უნდა გახსოვდეს, რომ მამაშენის მტერი შენი მტერია, ხოლო მამაშენის მეგობარი შენი მეგობარია! ქალის სიყვარულმა ჭკუა და გონება არ უნდა დაგიკარგოს!
ზიზღით მოიშორე თავიდან დამნაშავე ანტიგონე, რომელიც ჩემს სურვილსა და ბრძანებას საჯაროდ ჰგმობს და უარყოფს. შვილო, მე რომ შენი თხოვნა შევიწყნარო, როგორი პასუხი გავცე ხალხის სამართლიან მსჯავრს!
ვფიცავ ყოვლისშემძლე ზევსს, ჩემი განაჩენი ურყევად უნდა დარჩეს, მე ამ განაჩენს ვერავინ შემაცვლევინებს! ანტიგონე და ისმენე დამნაშავენი არიან და კიდევაც ამიტომ სიკვდილით უნდა დაისაჯონ! მე რომ ჩემ საკუთარ ოჯახში, ჩემს მახლობელთა შორის ურჩობა, უსამართლობა დავაკანონო, მაშ გარეშენი როგორღა უნდა დაემორჩილონ, როგორღა უნდა შეასრულონ ჩემი კანონიერი განკარგულება, ჩემი კანონიერი ბრძანება!“
ყველგან და მარადის მამის გამგონი და მორჩილი ჰემონი, როცა მან ასე უსამართლო და თვითნება მშობლის მრისხანე სიტყვები მოისმინა, გაბედულად გამოესარჩლა საბრალო ანტიგონეს და ამტკიცბდა, რომ საბრალო ქალწულის სიკვდილით დასჯა ყოვლად შეუძლებელი და დაუშვებელია.
მოსალოდნელი უბედურებით თავზარდაცემულმა ჰემონმა ამ სიტყვებით მიმართა განრისხებულ კრეონტს: „თებელი ხალხი სწუხს და სასოწარკვეთილებას ეძლევა იმის გამო, რომ ოიდიპოსის კეთილშობილი ასული, საბრალო ანტიგონე, დიდებული საქმისათვის ასე სამარცხვინოდ, ასე უსამართლოდ იღუპება.
საჭიროა გონიერებას ანგარიში გაუწიო. სათაკილო და სამარცხვინო როდია ადამიანმა სხვების რჩევა და აზრი მოისმინოს! მარტოდ მარტო თავის ჭკუასა და გონებაზე დამყარება საქმეს სწორად ყოველთვის როდი სჭრის. ჯიუტობა და ახირება საქმეს ვნებს, კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს, დამღუპველია. ხე, რომელიც წყალდიდობის დროს ფრთხილად ეშვება მდინარის ნაპირას, ტოტებს დამსხვრევისაგან უეჭველად გადაარჩენს.
მეზღვაური, რომელიც ზომაზე გადამეტებულად დაჭიმავს იალქნებს, ხომალდს დაღუპავს, ზღვის უფსკრულში ჩაძირავს.
ჩემო საყვარელო მამავ! გთხოვ კეთილი ინებო და ჩემ რჩევას ანგარიში გაუწიო! გაფრთხილებ, თუ ასე არ მოიქცევი, შენი ჯიუტობა მთელ სამეფო გვარეულობას დაღუპავს!
მართალია, როცა უბედურება თავს დაგატყდება, ბევრსაც ინანებ, მაგრამ უკვე გვიანღა იქნება“.
სიბრაზით აღშფოთებულმა კრეონტმა მრისხანედ შეუყვირა ჰემონს: „როგორ? ჩემი ხნის ადამიანს გუშინდელი ბიჭბუჭები ჭკუას უნდა ასწავლიდნენ? როგორ ბედავ, რომ მამას ეურჩები, მამის ბრძანებას და სურვილს არ ემორჩილები? მერე რისთვის? სამშობლოს დამამცირებლის, სამშობლოს კანონების აბუჩად ამგდებელი ქალისათვის? იცოდე, შვილო, შენ რასაც ფიქრობ, ყოვლად დაუშვებლად და შეუძლებლად მიმაჩნია შეგისრულო. ჩემი კანონების, ჩემი ბრძანებების უხეშად დამრღვევი ანტიგონე სიკვდილით უნდა დაისაჯოს, შენ ცოცხალს აქედან ვერ წაიყვან, ცოლად ვერ შეირთავ!“
„მაშ შენ უკვე გადაწყვეტილი გაქვს სიცოცხლეს გამოასალმო უდანაშაულო ანტიგონე? - შეშინებული შეეკითხა ჰემონი კრეონტს. - თუ ეს ასეა, იცოდე, მამაჩემო, რომ ამ უდანაშაულო ქალწულთან ერთად სხვაც ვინმე სიცოცხლეს სამუდამოდ გამოესალმება!“
„შენ კიდეც მემუქრები! - მრისხანედ შეუყვირა კრეონტმა ჰემონს. - აი, შენ თვალწინ მოვიყვან სისრულეში ჩემ გადაწყვეტილებას! თვითონ შენვე საკუთარი თვალებით დაინახავ შენი საცოლეს სიკვდილით დასჯას! მომგვარეთ ახლავე ურჩი და მოღალატე ქალი!“
„კეთილშობილი ანტიგონეს სიკვდილს, - გაბრაზებით უპასუხა ჰემონმა მამას, - ჩემი თვალები ვერ დაინახავენ. იცოდე, მამავ, შენ ამას ვერ შეძლებ! მე ახლა სამუდამოდ ვტოვებ სამეფო დარბაზს და შენ კი დარჩი ამ ბრწყინვალე სასახლეში შენს მოწამლულ მლიქვნელთა შორის და განაგრძე შენი საბედისწერო ჯიუტობა, რომელიც, ეჭვს გარეშეა, კეთილს არაფერს მოგიტანს!“
ჰემონი გაჯავრებული გამოვიდა დარბაზიდან და სამუდამოდ დატოვა თავისი საგვარეულო სასახლე.
მეფის თვითნებობამ და სიჯიუტემ მეტად შეაწუხა ქალაქის წარჩინებული მოხუცები, რომლებიც ანტიგონესა და ისმენეს დაკითხვას დაესწრნენ, მაგრამ თავის მწუხარებას გულში ღრმად იმარხავდნენ და მის გამომჟღავნებას ჯერ კიდევ ვერ ბედავდნენ.
ბოლოს, როგორც იყო, მოხუცებულებმა გაბედეს და მეფეს მოკრძალებით მოახსენეს: „დიდებულო მეფეო, მოვალეთ ვთვლით ჩვენ თავს გაგაფრთხილოთ, რომ ჰემონი მეტად აღელვებული გავიდა დარბაზიდან და ვშიშობ ცუდი რამ არ ჩაიდინოს!
ჰემონი ჯერ კიდევ ყმაწვილია და თავისი სიყმაწვილით ადვილად შესაძლებელია რაიმე საბედისწერო ნაბიჯი გადადგას! გთხოვთ პატივი დასდოთ ჩვენს მოხუცებულობას და მიიღოთ საჭირო ზომები, რათა ჭაბუკმა ამ აღელვების დროს ცუდი რამ არ აიტეხოს!“
სამწუხაროდ, კრეონტმა ყური არ ათხოვა ამ გაფრთხილებას და ქალაქის წარჩინებულ მოხუცებულებს განუცხადა: „ჩემი შვილი არც ისე ყმაწვილია, რომ ანგარიშს არ უწევდეს თავის უსაფუძვლო, დამღუპველ მოქმედებას! ხოლო, თუ მე ვცდები, და იგი მართლაც რაიმე საბედისწერო ნაბიჯს გადადგამს, დეე ისე მოიქცეს, როგორც სურდეს და როგორც თავისი ჭკუა უჭრიდეს! ჩემმა შვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მეფე კრეონტის სიტყვა უდაო და ურყევია! ჰემონს კარგად უნდა ჰქონდეს შეგნებული, რომ ჩემი კანონების უხეშად დამრღვეველი ქალწული ქალები, ყოველ მიზეზს გარეშე სიკვდილით უნდა დაისაჯონ!“
„მაშ, დიდებულო მეფეო, - გაკვირვებით შეეკითხნენ წარჩინებული მოხუცებულები კრეონტს, - ოიდიპოსის ორივე ასული გსურთ სიკვდილით დასაჯოთ?“
ამ შეკითხვამ დიდად ჩააფიქრა მეფე კრეონტი. მცირედი ყოყმანის შემდეგ მეფემ ანგარიში გაუწია მოხუცებულების სულიერ განწყობილებას და ისმენე, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია პოლინიკეს დაკრძალვაში, სრულიად გაანთავისუფლა სასჯელისაგან.
საბრალო ანტიგონე კი, მეფის ბრძანებით, უნდა დაემწყვდიათ ლაბდაკიდების საგვარეულო აკლდამაში და სიცოცხლე შიმშილით მოესპოთ...
ანტიგონე გამოიყვანეს სასახლიდან და მცველებით გარშემორტყმული მიყავდათ აკლდამისაკენ, სადაც საბრალო ქალწულს შიმშილით სიკვდილი მოელოდა.
ანტიგონეს მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა. მცველებით გარშემორტყმული საბრალო ქალწული გულამოსკვნით ტიროდა, გოდებდა, მაგრამ შველასა და დახმარებას მაინც არავის თხოვდა.
ანტიგონეს ძველებურმა სიმამაცემ და გაბედულებამ უღალატა, იგი ღონემიხდილი უნუგეშოდ შესცქერის თავის მომავალ ხვედრს და ცხარე ცრემლებით იწურება.
სიცოცხლის წყურვილი და სიკვდილის წინაშე შიში მთლიანად იპყრობს კეთილშობილი ანტიგონეს მგრძნობიარე გულს.
საბრალო ქალწული ხმამაღლა ქვითინებს, გოდებს, ცხარე ცრემლებს აფრქვევს და უნუგეშოდ დასტირის თავის თავს, რომ იგი ასე უდროოდ, მეგობრებისა და ნათესავების დაუტირებლად, იძულებულია ჩავიდეს იმ საგვარეულო აკლდამაში, სადაც მიცვალებულთა შორის ყოველ წუთს სიკვდილს უნდა მოელოდეს.
გულქვა, მრისხანე კრეონტი კი, თითქოს აქ არაფერი ხდებაო, საბრალო ქალწულის ტანჯვა-ვაებას ოდნავაც ყურადღებას არ აქცევდა.
ამ დროს სახალხო კრებაზე, სამეფო სახლის წინ, სრულიად მოულოდნელად გამოცხადდა გულთამხილავი, მოხუცი ტირეზია, რომელმაც მწუხარე სახის გამომეტყველებით შემდეგი სიტყვებით მიმართა მეფე კრეონტს: „დიდებულო მეფეო! შენ ამჟამად მიდიხარ იმ გზით, რომელიც სრულიად არ შეშვენის ხალხის კეთილის მსურველ მმართველს და მბრძანებელს. გზა, რომელიც შენ აგირჩევია, სახიფათო და საბედისწეროა, როგორც შენისა და შენი სახლობისათვის, ისე მთელი შენი სახელმწიფოსათვის. მომისმინე - რაცა მსურს მოგახსენო და, თუ შენ უყურადღებოდ არ დატოვებ ჩემ რჩევას, ვფიქრობ საქმეს კიდევ გამოასწორებ და მოსალოდნელ უბედურებას თავიდან აიცდენ.
აბა, მეფეო, ყური დამიგდე და გულდასმით მომისმინე რასაც ახლა მე მოგახსენებ.
მე ვიჯექი იმ გომურში, რომელიც ფრინველების საცხოვრებლად მაქვს მიჩნეული.
ანაზდად გომურში შემომესმა ფრინველების რაღაც უცნაური ჟივილ-ხივილი. ფრინველები, ეტყობოდა, ფრთების ცემითა და კლანჭების გლეჯით ერთმანეთს დაუნდობლად წიწკნიდნენ, კორტნიდნენ და აწიოკებდნენ.
დიდად შემაშფოთა ფრინველების ასე საშინლად ჟივილ-ხივილმა და ერთმანეთის დაუნდობლად აწიოკებამ.
გადავწყვიტე ყოვლისშემძლე ღმერთებისათვის მსხვერპლი შემეწირა და გამეგო, რას ნიშნავდა ფრინველების ასეთი არაჩვეულებრივი ხმაური.
სამსხვერპლოზე მოკრძალებით დავალაგე ზვარაკის მსუქანი ნაჭრები, მაგრამ სამსხვერპლო მსუქნმა ხორცმა ცეცხლი არ მოიკიდა. ტენი, რომელიც სამსხვერპლო ხორცს ჩამოწვეთავდა, ბოლავდა, ქაფთებოდა და ფერფლად ინთქებოდა. ნაღველი იბურთებოდა და სადღაც ჰაერში ჰქრებოდა.
ვფიქრობ, რაც ჩემი თვალით ვნახე და შევამოწმე, მეტად ცუდი ნიშანია, რაც ჩვენ სამშობლო ქალაქს დიდ უბედურებას უქადის. დიახ, დიდებულო მეფეო, შენის უმართებულო და უსამართლო ყოფაქცევით ქალაქის მთელ მოსახლეობას დიდი უბედურება და განსაცდელი მოელის.
წაბილწულია ჩვენი სამსხვერპლო საკურთხევლები. ქოფაკ ძაღლებს და მტაცებელ ფრინველებს დაუსაკუთრებიათ ჩვენი ტაძრების საკურთხევლები და პოლინიკეს გვამის ნახორხალებით ავსებენ. საცოდავ პოლონიკეს, დიდებულო მეფეო, შენ მოუსპე დასაფლავების უფლება და ძაღლებისა და მტაცებელი ფრინველების სათრევად და საძიძგნად დატოვე.
ყოვლისშემძლე ღმერთები შემოგვწყრენ და ჩვენგან შეწირულ მსხვერპლს უკვე აღარ იღებენ.
დიდებულო მეფეო, ჩაუფიქრდი ჩემ სიტყებს! უცოდველი ამ დედამიწის ზურგზე ხორციელი ადამიანი არ მოიპოვება! ცოდვილი ადამიანი, თუ კი მოისურვებს, ცოდვას გულახდილად აღიარებს და გონიერ რჩევას ყურს დაუგდებს, ანგარიშს გაუწევს, საქმეს გამოასწორებს, მოსალოდნელ უბედურებას თავიდან აიცილებს.
სრულიად გულწრფელად გირჩევ, მოწყალეო მეფევ, ტყუილუბრალოდ ნუ მრისხანებ, თავი დაანებე მკვდრებთან ბრძოლას! თუ ჩემს გულწრფელ რჩევას ყურად იღებ, პირადად შენ და შენი სახლობა და მთელი ჩვენი საერთო სამშობლო ქვეყანა დიდ უბედურებას, დიდ განსაცდელს უვნებლად თავს დააღწევს“.
მოხუც ტირეზიას წინასწარმეტყველებამ მეფე კრეონტი მეტად აღაშფოთა და ბრაზობდა, მეფე ეჭვიანობდა და ყველას მოღალატეობას სწამებდა.
მეფე კრეონტი ფიქრობდა, მოხუცი ტირეზიაც მოღალატეა, იგი უეჭველია მტრების მიერ მოსყიდულია და ამიტომ ასე უმართებულო რჩევას იძლევაო.
„ყოვლად დაუშვებელი და შეუწყნარებელია! - მრისხანედ შეჰყვირა გონებადაკარგულმა მეფემ. - ყველა ჩემს წინააღმდეგ ილაშქრებს, ყველას სურს ჩემი სახელმწიფო მიწასთან გაასწოროს, პირადად ჩემს უშიშროებას საფუძველი გამოუთხაროს.
განა ოდესმე აზრად მომივიდოდა, რომ მოხუცი ტირეზია, ყოვლისშემძლე ღმერთების ეს მესაიდუმლე, ჩემს წინააღმდეგ გამოილაშქრებდა! უეჭველია, მოხუცი ტირეზიას მოქმედება რაღაც საიდუმლოებითაა მოცული! ალბათ ეს ცრუ წინასწარმეტყველი ჩემი პირადი მტრებისგანაა მოსყიდული!
დიახ, დიახ, ვიცნობ ამ ცრუ წინასწარმეტყველის გაიძვერობას, მუქთახორობას, მექრთამეობას! ანგარებით გატაცებული ეს ვაჟბატონი სინდისით ვაჭრობს. არავის ინდობს, ოღონდ კი თავის ბოროტ ზრახვებს მიაღწიოს!
მაგრამ, იცოდე ცრუ წინასწარმეტყველო, რომ ამქვეყნად არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც ჩემ გადაწყვეტილებას შესცვლის!
მოღალატე, სამშობლოს გამცემელ პოლინიკეს ჯეროვანი პატივისცემით ვერ დავასაფლავებ! სამშობლოს გამცემლის, სამშობლოს მოღალატის ხვედრი, მწარე ხვედრი - პოლინიკეს სიკვდილის შემდეგაც თანსდევს, მისი განუყრელი თანამგზავრია.
მოხუცო გულთამხილავო ტირეზია, ნუ დაგავიწყდება, რომ ცრუ და ანგარების მოყვარული წინასწარმეტყველები ხშირად იღუპებიან.
ვფიქრობ, ასეთი სამწუხარო ბოლო შენც მოგელის! შენს ბოროტ განზრახვებს შენი მაღალფარდოვანი, მიკიბულ-მოკიბული, აფერადებული სიტყვები ვერ დაფარავს!“
მოხუცი ტირეზია ერთიანად შეაშფოთა კრეონტის უსაფუძვლო და უმართებულო სიტყვებმა. მოხუც გულთამხილავს განსაკუთრებით ის აწუხებდა, რომ მრისხანე მეფე მექრთამეობასაც სწამებდა.
ამ დაუმსახურებელი ბრალდებით აღშფოთებულმა გულთამხილავმა მეფეს მოახსენა ამჟამად ყველაფერი ის, რის მთლიანად თქმასაც წინათ ვერ ბედავდა.
„მეფეო, - აღელვებულის კილოთი მოახსენა ტირეზიამ არანაკლებ აღელვებულ მეფე კრეონტს. - გახსოვდეს, რომ მოხუცი ტირეზია ანგარებით გატაცებული არასოდეს არ წინასწარმეტყველებდა და დღესაც არ წინასწარმეტყველებს! ჩემი სიტყვა ყველგან და მარადის სწორი და საფუძვლიანია. ცრუ და ყალბი სიტყვები ჩემგან არავის სმენია.
მე მხოლოდ იმას წინასწარვმეტყველებ, რასაც ყოვლისშემძლე ღმერთები შთამაგონებენ. ღმერთების სურვილი და აზრი კი, ვფიქრობ, ყველასათვის სავალდებულო უნდა იყოს.
მეფეო, შენ კარგად უნდა იცოდე, რომ ჩემის ბაგენით ყოვლისშემძლე ღმერთები მეტყველებენ.
მაშ, ყური დამიგდე და მოისმინე რასაც ახლა მოგახსენებ!
მეფეო, სულ მოკლე ხანში ღმერთები მოუვლენენ სიკვდილს შენს ერთ ძლიერ მახლობელ ადამიანს. ამ სასჯელს მოგანიჭებენ ყოვლისშემძლე ღმერთები, იმიტომ, რომ შენ სრულიად უდანაშაულო ადამიანი ცოცხლად კუბოში ჩააწვინე! სასტიკი სასჯელი მოგენიჭება შენ კიდევ იმიტომ, რომ შენ დღემდე დაუსაფლავებელი დატოვე ბრძოლის ველზე პოლინიკეს გვამი ქოფაკი ძაღლებისა და მტაცებელი ფრინველების სათრევად და საძიძგნად! მკვდრების წინააღმდეგ შურისძიება ყოვლად დაუშვებელი და შეუწყნარებელი ბოროტმოქმედებაა! გვირგვინოსან მეფეებს არ შეჰფერის მკვდრების წინააღმდეგ ბრძოლის გაჩაღება!
დარწმუნებული უნდა იყო, მეფეო, რომ შურისმაძიებელი ერინიები სასტიკად დაგსჯიან როგორც პირადად შენ, ისე მთელ შენ სამეფო სახლობას. შემ მთელ სამეფო ოჯახს მწუხრის სუდარა გადეფარება. ტირილი, გოდება, ვაება, - აი ხვედრი, რომელიც მოელის შენს სამეფო ოჯახს.
მაგრამ მთელი უბედურება ამით როდი ამოიწურება! შენთან ერთად ძლევამოსილი კადმოსის შთამომავალი თებელებიც დაიტანჯებიან და მათ მწუხარებას საზღვარი არ დაადგება!
აი, ჩემი სწორი და უტყუარი სიტყვა! რამდენად მე ვტყუი და ანგარებით გატაცებული ყალბ ცნობებს გაწვდით, შენ თვითონვე ამას სულ მოკლე ხანში შეამოწმებ. მოხუცი ტირეზიას ბაგენი ყოველთვის სწორად მეტყველებდნენ და დღესაც ასე მეტყველებენ!“
ამ სიტყვებთან ერთად მოხუცმა ტირეზიამ დატოვა თებელთა სახალხო კრება და მეფე კრეონტის ცილისწამებით აღშფოთებული თავის სახლისაკენ გაემართა.
მეფე კრეონტი მეტად ააღელვა მოხუც ტირეზიას წინასწარმეტყველებამ, მაგრამ მრისხანე მეფე უფრო და უფრო რბილდებოდა, თავის ჯიუტობას და ახირებას თანდათანობით ანელებდა განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ქალაქის წარჩინებულმა მოხუცებულებმა გაბედეს და მოახსენეს, რომ მოხუც ტირეზიას წინასწარმეტყველება არასდროს არ გამტყუნებულაო. თებელ მოქალაქეებს სწამდათ მოხუცი ტირეზიასი და კიდევაც ამიტომ დიდ მწუხარებას გამოსთქვამდნენ, რომ მეფემ ასე შეურაცხყოფილი თავიდან მოიშორა ხალხის მიერ საყვარელი, მარადის და ყველგან სწორი, მართალი და თავაზიანი, ყოვლისშემძლე ღმერთების მესაიდუმლე გულთამხილავი.
თებეს მოქალაქეებმა მეფეს მოახსენეს: „დიდებულო მეფეო, გთხოვთ საგვარეულო აკლდამაში უდანაშაულოდ დამწყვდეული ანტიგონე დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ და შესაფერისი პატივისცემით დაკრძალოთ ბრძოლის ველზე უპატრონოდ დატოვებული პოლინიკეს გვამი. ამ ორი საქმის შესრულება სასწრაფო და გადაუდებელია, თუ გსურთ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთებმა რაიმე საშინელი უბედურება არ მოგვივლინონ!“
მოქალაქეების ასეთმა გულწრფელმა თხოვნამ დიდი გავლენა მოახდინა მეფეზე. კრეონტმა ბოლოს გადაწყვიტა პოლინიკე ღირსეულად დაეკრძალა და უდანაშაულოდ სასიკვდილოდ აკლდამაში ჩამწყვდეული საბრალო ანტიგონე გაეთავისუფლებინა.
მეფე და მისი მხლებელნი გაემგზავრნენ იმ გორაკისაკენ, სადაც პოლინიკეს გვამი ძაღლებისა და მტაცებელი ფრინველების სათრევად და საძიძგნად იყო დატოვებული.
კრეონტმა, სანამ პოლინიკეს გვამს დამარხავდა, წინასწარ ვედრება აღავლინა ჰეკატასა და პლუტონის წინაშე, რათა საიქიოს ამ მბრძანებლებს თავისი მრისხანება მოწყალებით შეეცვალათ და პოლინიკეს სული ლმობიერად მიეღოთ საიქიოს სამფლობელოში.
მეფის მხლებლებმა, როგორც კი კრეონტი ლოცვას მორჩა, პოლინიკეს გვამი ნაკურთხი წყლით განბანეს, დაწვეს იგი ახალმოტეხილ ხის ტოტებზე და შესაფერისი პატივისცემით დაკრძალეს. მიცვალებულის საფლავზე მეფის განკარგულებით აღმართეს მშობლიური მიწის ყრილი.
კრეონტი და მისი მხლებლები, როგორც კი პოლინიკე დაკრძალეს, უმალ გაემართნენ კადმოსის საგვარეულო აკლდამისაკენ, სადაც საბრალო ანტიგონე მიცვალებულთა შორის მუდამ წუთს სიკვდილს მოელოდა.
როცა კრეონტი საგვარეულო აკლდამას უახლოვდებოდა, ერთ-ერთ მხლებელს აკლდამიდან ხმამაღალი ტირილი შემოესმა და მეფეს მოახსენა. კრეონტმა აუჩქარა ნაბიჯს.
რაც უფრო უახლოვდებოდა მეფე აკლდამას, მით უფრო გარკვევით და ცხადად მოისმოდა აკლდამიდან ტირილისა და ქვითინის ხმა.
„ვაგლახ მე უბედურს! - საზრლად შეჰყვირა მეფე კრეონტმა. - გული მიწუხს, გული მიშფოთავს, გული რაღაც ცუდს მეუბნება! ნუთუ ის გზა, რომელზეც ახლა მივდივარ, ყველა ჩემ მიერ განვლილ გზაზე უფრო სახიფათო და საბედისწეროა!
ვფიცავ ყოვლისშემძლე ღმერთებს, რომ ეს საშინელი ხმა ჩემი საყვარელი შვილის, ჩემი ჰემონის ტირილის ხმაა!
მიშველეთ, სასწრაფოდ შეიჭერით აკლდამაში და დაუყოვნებლივ მაცნობეთ, ეს ტირილის ხმა მართლაც ჩემი შვილის ჰემონის ხმაა, თუ მე ვტყუვდები და მხოლოდ ასე მეჩვენება!“
მხლებლებმა დაუყოვნებლივ შეასრულეს მეფის ბრძანება. საზარელი სურათი გადაიშალა მეფის მხლებელთა თვალწინ.
აკლდამის თაღიან ჭერზე მარყუჟებით იყო ჩამოკიდებული საცოდავი ანტიგონე, რომელსაც წვრილი თოკივით დაეგრიხა ტანსაცმელი, ყელზე დაეხვია და ამრიგად თავი ჩამოეხრჩო.
საბრალო ჰემონს გულში ჩაუკრავს ანტიგონეს გვამი და გულამოსკვნით ტირის, ქვითინებს, მწარედ თავს დასტირის თავის საცოლეს, თავის საყვარელ ანტიგონეს, რომელსაც ასე უხეშად, ასე უდროოდ მოუსპო ჯერ კიდევ გაუხარებელი ახალგაზრდობა უღირსი მამის, კრეონტის, აღვირახსნილმა თვითნებობამ, უღირსი მამის ჯიუტობამ, წინდაუხედაობამ და გულქვაობამ.
კრეონტი შეშლილივით შეიჭრა აკლდამაში და როცა ეს საზარელი სურათი დაინახა, თვალთაგან მდუღარე ცრემლები წასკდა და თავის საყვარელ შვილს ასე შეევედრა: „შვილო, ეს როგორი გაუნელებელი ცეცხლი გამიჩინე! გევედრები, გემუდარები, შვილო, დატოვე ახლავე ეს საბედისწერო აკლდამა და წამომყე სასახლეში, სადაც საბრალო დედაშენი, დედოფალი ევრიდიკე, ასე მოუთმენლად გელოდება! შვილო, ნუ გააუბედურებ ნურც შენ თავს და ნურც შენ საბრალო მშობლებს!“
უსაზღვრო მწუხარებით თავზარდაცემულმა ჰემონმა მრისხანედ გადახედა მამას, ხმაამოუღებლივ იძრო ხმალი და ის იყო თავისი უღირსი მშობლისათვის მკერდი უნდა განეგმირა, რომ კრეონტი სასწრაფოდ გვერდზე გადაუდგა და ამრიგად სიკვდილს თავი დააღწია.
ჰემონმა აკლდამის ჭერზე ჩამოკიდებული საბრალო ანტიგონე მოკრძალებით ჩამოხსნა, გულში მაგრად ჩაიკონა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ხმლის მძლავრი მოქნევით თავისი მკერდი სასიკვდილოდ განიგმირა.
დასუსტებული, გონებამიხდილი ჰემონი, მაშინაც კი, როცა უკანასკნელად სიკვდილს ებრძოდა, თავისი მოდუნებული ხელებით საბრალო ანტიგონეს გაცივებულ გვამს გულში მხურვალედ იკრავდა და მის ფერმიხდილ ლოყებზე ცხარე ცრემლების მდუღარებას აფრქვევდა.
სულთმობრძავი ჰემონის თვალთაგან მოხეთქილი ცრემლების ნაკადი ციურ ჩანჩქერად ევლინებოდა ანტიგონეს ფერმიხდილ პირისახეს და საბრალოს თითქოს ყურში ჩასჩურჩულებდა: „გულს ნუ გავიტეხთ! თუ ბედმა ამქვეყნად გვიმუხთლა, სამაგიეროდ საიქიოს ხომ ერთმანეთს მაინც შევხვდებით და საქორწილო ზეიმი იქ გავაჩაღოთ!“
მწუხარებით თავზარდაცემულმა კრეონტმა მდუღარე ცრემლების ფრქვევით წამოასვენა თავისი საყვარელი შვილი სასახლეში.
გაუბედურებულ მშობელ მამას, როცა იგი სასახლის ალაყაფის კარებს უახლოვდებოდა, კარისკაცებმა მეორე თავზარდამცემი ამბავი მოახსენეს.
მეფე კრეონტის მეუღლემ, დედოფალმა ევრიდიკემ, როცა საყვარელი შვილის ჰემონის ასე საცოდავად დაღუპვის ამბავი შეიტყო, ვერ აიტანა ეს მწუხარება და თავის მოკვლა გადაწყვიტა.
საბრალო დედოფალი ჩუმად შეიპარა სასახლის ერთ-ერთ დარბაზში, სადაც ღმერთების პატივსაცემად გამართული ჰქონდათ საკურთხეველი, და ბასრი ხმლით სასიკვდილოდ განიგმირა შვილისადმი უსაზღვროდ მოსიყვარულე გული.
ამ საშინელი ამბის გაგებამ კრეონტს თავზარი დასცა. ეს ოდესღაც ძლიერი მეფე, რომლის წინაშე მთელი სახელმწიფო შიშით ცახცახებდა, გონებადაკარგული მიწაზე პირქვე დაემხო და მწუხარედ ლუღლუღებდა: „ჩემმა ჯიუტობამ, ჩემმა ახირებულმა ქედმაღლობამ დაღუპა ჩემი საყვარელი შვილი ჰემონი და ჩემი ძვირფასი მეუღლე, დედოფალი ევრიდიკე. ჩამქოლეთ ყველამ, ვისაც ჯერ კიდევ სამართლიანობის გრძნობა არ დაგიკარგავთ! უღირსი მამა, უღირსი მეუღლე ღირსია სასტიკი სასჯელისა!“
შვიდკარიბჭიანი თებეს მკვიდრნი, როცა მეფის ამ მწარე სიტყვებს ისმენდნენ, მწუხარედ ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „სიბრძნე ამქვეყნიური ბედნიერების საწინდარია!“