ლავრენტი ბერიას ვაჟი მოგვითხრობს...
„მაშინაც კი, როცა ჩვენ ბევრი რამ გავიგეთ ბერიას სასამართლოს შემდეგ, პარტიასა და ხალხს არასწორი ახსნა მივეცით და ყველაფერი ბერიას გადავაბრალეთ. ჩვენ იგი გვესახებოდა ხელსაყრელ ფიგურად, და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სტალინის გამოსასარჩლებლად“, - ნიკიტა ხრუშჩოვი, „ოგონიოკი“, 9, გვ.16. 1990.
პასპორტის მიხედვით იგი სერგო ალექსის ძე გეგეჭკორია. ასე მოუნათლავთ სუკის ხელისუფალთ „ხალხის მტრის“ ვაჟი ათწლიანი გადასახლებიდან განთავისუფლებისას. აქაოდა, საყოველთაო რისხვისგან გიცავთო! სერგო ჯიუტობდა თურმე, არ სურდა თუნდაც დედის გვარზე გადასვლა, მაგრამ მას არწმუნებდნენ: სადაც არ უნდა წახვიდე, სადაც არ უნდა წახვიდე, სადაც არ უნდა იმუშაო, სულ ერთია, მაინც ამ პასპორტს მოგეცემენ, ამიტომ გიჯობს, მიეჩვიოო.
სკოლაში ჩვენ გვქონდა ოქტომბრელ უღმერთოთა წრე. მე როგორც ამ წრის წევრმა, პირველი „აქცია“ ასე ჩავატარე: გავაფუჭე ძველი ხატი, რომელსაც ბებია კარადაში ინახავდა. სამსახურიდან დაბრუნებულმა მამამ შენიშნა, რომ ბებია ნაწყენი იყო და მიზეზი ჰკითხა. ბებიამ გაჩუმება არჩია, მე კი სიამაყით მოვუყევი თუ როგორ ავუგე წესი ბებიას რელიგიური თაყვანისცემის საგანს. მამა გაფუჭებული ხატი მომატანინა, ხოლო დედაჩემს პოზირება სთხოვა. იგი ორი საათი ხატავდა. მერე თავისი ნამუშევარი ჩარჩოში ჩასვა და ბებიას გადასცა ამ სიტყვებით: „ბავშვს, აბა, რა უნდა მოსთხოვო? იგი ჩვენი დროის აღზრდილია“.
ლავრენტი ბერია ძალიან კარგად ხატავდა და ამ გატაცებაში აქსოვდა მთელ თავის შთაგონებას. მუშაობდა ზეთით, აკვარელით, ნახშირით.
- ამჟამად ბევრს წერენ და ლაპარაკობენ ბერიას როლზე საქართველოში 1924 წლის კონტრრევოლუციური ამბოხების ჩახშობაში...
- მამამ (მაშინ მას საქართველოს ჩეკას ოპერატიული ნაწილის უფროსისა და ჩეკას თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა) იცოდა მენშევიკების მზადების შესახებ. ჩეკა იმდენად იყო ინფორმირებული მომავალ აქციაზე, რომ მას იმთავითვე დამარცხება ეწერა.
- ასე უნიათოდ მოქმედებდნენ მენშევიკები თუ პირიქით, ყოჩაღად მუშაობდა ჩეკა?
- მე ვიტყოდი, რომ უნიათოდ მოქმედებდნენ მენშევიკები. მათ შორის, რა თქმა უნდა, პროფესიონალებიც ერია, მაგრამ შეცდომა ის გახლდათ, რომ მენშევიკებმა კონსპირაციულ საქმიანობაში ბევრი ხალხი ჩააბეს, რომლებიც მერე ვერ გააკონტროლეს. მათ რამდენადმე იჩქარეს და თამაშის წესი დაარღვიეს. სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად (ორჯონიკიძის თანხმობით) მამამ შეგნებულად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეკასთვის ცნობილია ყველაფერი: გამოსვლის თარიღიც, არსენალის ადგილსამყოფელიც, იარაღირს შემოზიდვის მარშრუტიც და ა.შ. მენშევიკების ხელმძღვანელთა უმრავლესობამ ეს არ დაიჯერა და საქართველოში გამოგზავნა ვალიკო ჯუღელი, ეროვნული გვარდიის მეთაური, ჭკვიანი პიროვნება და ნამდვილი რაინდი. მისი გამოჩენა მამა მაშინვე გაიგო და სანდო პირის მეშვეობით ერთხელ კიდევ გააფრთხილა იგი ამბოხების უაზრობაზე. მამა სთავაზობდა ვალიკო ჯუღელს თანამზღახველნი გარდუვალ მარცხში დაერწმუნებინა და სასწრაფოდ დაეტოვებინა საქართველო. ჯუღელმა გაფრთხილება ყურად არ იღო. პირიქით, თბილისის ცენტრში, პლეხანოვის პროსპექტზე, გასეირნება გადაწყვიტა. იქ იგი რომელიღაც ქალმა იცნო და ჩეკას შეაყტობინა. მისი აშკარად გამოქომაგება მამას არ შეეძლო. უკვე ციხიდან ჯუღელმა თავისიანებს გაფრთხილება შეუთვალა, მაგრამ იგი სიყალბედ ჩათვალეს. ამბოხება დამარცხდა, ხოლო საქართველოს სასტიკი რეპრესიების ტალღამ გადაუარა. მოგეხსენებათ, რესპუბლიკას მაშინ მართავდა არა ლავრენტი ბერია...
მამამ დამოუკიდებლად შეისწავლა ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები. ამ ენებზე მას ნებისმიერი ლიტერატურის წაკითხვა შეეზლო. რუსულად იგი ქართული აქცენტით ლაპარაკობდა, მაგრამ უშეცდომოდ წერდა. დილით ორი-სამი საათი აუცილებლად მუშაობდა, კითხულობდა სხვადასხვა მასალებს. საკდესისა და დაზვერვის მასალების ჩათვლით დღეში 300-400 გვერდი გამოსდიოდა. კითხულობდა ჩვეულებისამებრ ფანქრითა და ბლოკნოტით ხელში.
საიდუმლოს არ წარმოადგენდა სტალინის უკმაყოფილება ბუდუ მდივნისა და ფილიპე მახარაძის საქციელით, რომლებიც ცდილობდნენ შეელამაზებინათ თავიანთი რევოლუციამდელი დამსახურებანი და დაეჩრდილათ ახალგაზრდა ჯუღაშვილი, ვისაც ოქტომბრამდე პარტიაში არ ჰქონია ისეთი ავტორიტეტი, შემდეგომ რომ შეიძინა.
სწორედ მამის წყალობით გადარჩა ზოგიერთი მწერალი და მეცნიერი. ვთქვათ, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა ნუცუბიძე...
- ნუცუბიძე ხომ იჯდა ციხეში?
- იგი „იჯდა“ მოსკოვში და მამაჩემის რჩევით რუსულად თარგმნიდა „ვეფხისტყაოსანს“.
- დავუბრუნდეთ კვლავ ლავრენტი ბერიას როლს ქართული ინტელიგენციის ტრაგედიაში...
- ჩემთვის ჯოჯოხეთურად ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. 1937 წელს მამა რესპუბლიკის ხელმძღვანელი იყო და ნებისმიერ შემთხვევაში პასუხს აგებს მაშინ იქ დატრიალებულ ცოდვებზე, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ იგი ბევრ რამეში ნამდვილად არაა დამნაშავე. ავიღოთ თუნდაც სანდრო ახმეტელის ტრაგედია. მას, როგორც უნიჭიერეს ხელოვანს, მამა დიდი პატივისცემით ეპყრობოდა. მაგრამ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი სანდრო ახმეტელი იყო, როგორც ბევრ სხვა თეატრში, შინაგანი უთანხმოება არსებობდა. გამოჩენილი მსახიობები აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე მას ებრძოდნენ, თუმცა ეს ბრძოლა უფრო პირადული იყო, ვიდრე პოლიტიკური. თუ იმ წლების დოკუმენტებს მივმართავთ, რომლებიც სანდრო ახმეტელის დახვრეტის საბაბად იქცა, ვეჭვობ, რომ მთავარი დამნაშავე ლავრენტი ბერია აღმოჩნდეს...
- ვთქვათ და ახმეტელი კოლეგებმა „ჩაუშვეს“, მაგრამ რა ვუყოთ მიხეილ ჯავახიშვილს? მე წამიკითხავს მისი ქალიშვილის მოგონებანი, სადაც წერია, მამაჩემის „საქმეს“ სულ რაღაც ნახევარი გვერდი უჭირავს და გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის მკრეხელურ ბრალდებას შეიცავსო.
- დედაჩემისგან ვიცი, რომ მ. ჯავახიშვილის „საქმეში“ პირადად სტალინის ხელი ერია, რომელიც განუწყვეტლივ ადევნებდა თვალს ქართულ ლიტერატურას და საკუთარი აზრი გააჩნდა მის მოღვაწეეებზე. საკუთარი აზრი ჯავახიშვილის შესახებ მას გამოუთქვამს როგორც ქართველი, ასევე საკავშირო ხელმძღვანელებისთვის.
- თქვენ გინდათ თქვათ, რომ მიხეილ ჯავახიშვილი თვით სტალინმა დაახვრეტინა?
- დიახ! მისი ბედი მოსკოვში გადაწყდა და არა თბილისში. მე ვერ აგიხსნით თუ რამ მიაღებინა სტალინს ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ სიტყვას გაძლევთ, ეს არ ყოფილა ერთდაერთი შემთხვევა. შესაძლოა, სხვა მოღვაწენიც გახდნენ მისი ეჭვიანობის მსხვერპლნი. ამით მე სრულებითაც არ ვამართლებ მამაჩემს: ბოლოს და ბოლოს, თუკი სტალინს არ ეთანხმებოდა, შეეძლო თანამდებობაზე უარი ეთქვა და გადამდგარიყო. ის კი არ გადადგა. თუმცა ცნობილია, რასაც ნიშნავდა სტალინის დროს პროტესტის ნიშნად გადადგომა.
- 1937 წლის 15 მაისს საქართველოს კპ (ბ) X ყრილობაზე ლავრენტი ბერიამ თავის მოხსენებაში მიწასთან გაასწორა „ცისფერყანწელები“ პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი, ნ. მიწიშვილი, გ. ლეონიძე და სხვები. მეტი რომ არ ვთქვათ, უკადრებელი აკადრა მათ. როგორ არ უნდა დაგწყდეს გული გამოჩენილი პოეტებისა და მხურვალე პატრიოტების შესახებ უმსგავსობათა წაკითხვაზე!
- მენდეთ, რომ მეც მწყდება გული. ეს მოხსენება მართლაც წაუკითხავს მამაჩემს, ოღონდ ანგარიში არა მარტო მას, არამედ მთელ ცენტრალურ კომიტეტს ეკუთვნოდა. ჩვენ უკვე აღნიშნეთ, რომ საანგარიშო მოხსენება კოლექტიურ ნაშრომს წარმოადგენდა. ამასთანავე მე შემიძლია დავასახელო ცნობილი და გავლენიანი ქართველი კრიტიკოსების მიერ იმ წლებში გამოქვეყნებული სტატიების მთელი ასხმა, სადაც ზემოთხსენებული ავტორებია გაცამტვერებული. მათი და ქართული კულტურის ბევრი გამოჩენილი მოღვაწის დაღუპვა ამ მაბეზღართა სინდისზეცაა.
- ამბობენ, კავკასიის ფრონტზე რადიოკავშირისთვის ბერია მეგრულ ენას იყენებდაო. ეს მართალია?
- ყოფილა ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ იშვიათად.
თეირანის კონფერენციაში მეც ვმონაწილეობდი. უხილავად, რა თქმა უნდა. პირველი დავალების შესრულების შემდეგ სტალინი ხშირად ინტერესდებოდა ჩემით, მიბარებდა და სხვადასხვა საკითხებზე მესაუბრებოდა. ვგრძნობდი, რომ რაღაცისთვის ვჭირდებოდი. პარალელურად იგი „ამუშავებდა“ კიდევ რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებსაც მასთან თითქოს შემთხვევით ვხვდებოდი. ერთხელ აკადემიიდან გამომიძახეს და იმ „შემთხვევით“ ნაცნობებთან ერთად თეირანში გამგზავნეს. ჩვენ იქ ჩერჩილისა და რუზველტის აპარტამენტებში მისაყურადებელი აპარატურის დაყენება მოგვიხდა, რომლითაც გამუდმებით ვიწერდით მათ ყველა საუბარს. ცხადია, ინგლისურის ჩემზე უკეთ მცოდნეებიც მოიძებნებოდა, მაგრამ, ჩანს, სტალინს სურდა, რომ აქ სანდო კაცი ჰყოლოდა. ყოველ დილით, მოლაპარაკების ახალი რაუნდის დაწყებამდე, მას მაგიდაზე ედო გაქნილ მოკავშირეთა ფარული საუბრების ტექსტი. მისი სამაგნიტოფონო ჩანაწერთან შეჯერებისას სტალინი მეტყოდა ხოლმე: აბა, აქ ყურადღება მიაქციე ინტონაციას, როგორ ატყობ, ხომ არ გადაუხვევს თავის აზრს ჩერჩილი (ან რუზველტი), ხომ არ წავა დათმობაზე?..“ მას აინტერესებდა არა მარტო პირდაპირი ტექსტი, არამედ მაშინდელი „მეგობრების“ იდუმალ ზრახვათა კონტექსტიც...
სტალინი მაინც დამნაშავეა; იგი თავდაცვისთვის კი არა თავდასხმისთვის ემზადებოდა! დროულად ვერ შენიშნა ჰიტლერის მზადება - დანაშაულია! შენიშნა და მოემზადა - ესეც დანაშაულია! ხომ არ გეჩვენებათ, რომ მსგავსი უკიდურესობანი მხოლოდ გვაშორებს ჭეშმარიტებას? ჭეშმარიტება კი, ჩემი აზრით, ასეთია: სტალინი მშვენივრად იცნობდა არა მარტო საბჭოთა კავსირის, არამედ მთელი მსოფლიოს დაპყრობის ჰიტლერისეულ გეგმას და ყველანაირად ცდილობდა მისთვის ხელი შეეშალა. მე ცოტა რამ ვიცი „სტალინის ხაზის“ მშენებლობაზე, მაგრამ ლოგიკა გვიკარნახებს: აქ იმოქმედა საბჭოთა დოქტრინამ ომის სხვის ტერიტორიაზე ჩატარების შესახებ.
მამა სტალინის ძმაკაცი არ ყოფილა. ქუჩური ჭორი, რომ თითქოს ისინი პოლიტბიუროს სხდომაზე ერთმანეთს ქართულად ელაპარაკებოდნენ და ამით დამსწრეებს აშინებდნენ, უსაფუძვლოა. სტალინი პატივს სცემდა მამას, როგორც ახალგაზრდა, უნარიან ხელმძღვანელს, მაგრამ იგი არავის, თვით მოლოტოვსაც კი, არ აძლევდა ძმაბიჭურად მოპყრობის ნებას.
- მამა ტროცკის პირადად იცნობდა?
- დიახ! როცა 20-იან წლებში ლევ ტროცკი საქართველოში დასასვენებლად ჩამოდიოდა, მამა სამსახურეობრივად ვალდებული იყო იგი დაეცვა.
- ჯერ დაეცვა, მერე კი მოესპო!..
- რა გაეწყობა, ასე ინება ბედმა. ოღონდ იცოდეთ, ტროცკი დაქირავებული მკვლელის ხელით არ მოუშორებიათ. ასეთ უკიდურეს ნაბიჯს მაშინ ადამიანები უფრო იდეური მოტივით დგამდნენ. გავიხსენოთ თუნდაც საქვეყნოდ ცნობილი მექსიკელი მხატვარი დავიდ ალფარო სიკეიროსი, რომელმაც 1940 წლის 24 მაისს ტროცკიზე თავდასხმა მოაწყო. ... ლევ ტროცკის მკვლელის სახელი და გვარია ხაიმე რამონ მერკადერ დელ რიო, თუმცა თვით მსხვერპლი მას იცნობდა, როგორც ახალგაზრდა ფრანგ პუბლიცისტ ჟაკ მორნარს. ისინი შეხედულებათა ერთობამ დააახლოვა - მორნარი თავს მგზნებარე ტროცკისტად ასაღებდა. სინამდვილეში იგი მოქმედებდა დედის - კარიდარ მერკადერის ჩაგონებით, რომელსაც ინტიმური კავშირი ჰქონდა შინსახკომის გენერალ ლეონიდ კოტოვთან (ნაუმ ეტინგერთან). ტროცკის მოკვლის შემდეგ მორნარი შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს. ოცწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ იგი მოსკოვში ჩამოვიდა, სადაც მას ხრუშჩოვმა საბჭოთ კავშირის გმირის წოდება მიანიჭა.
- აკი წერენ, ლუბიანკის, ლეფორტოვოს, ბუტირკის საპყრობილეებში ლავრენტი ბერიას კაბინეტები ჰქონდაო!
- ეს ცილისწამებაა. საბჭოთ კავშირში ბრალდებულზე ფიზიკური ზემოქმედება ოფიციალურად იყო დაკანონებული, მაგრამ მამაჩემი პირადად ამას, ცხადია, არ აკეთებდა. პირიქით, 1939 წელს მან პარტიის ცენტრალურ კომიტეტს მსგავსი მეთოდის აკრძალვის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.
ჯერ კიდევ 1941 წლის დამდეგს კრემლში იდო ჰიტლერის აგრესიის გეგმა „ბარბაროსა“ (ერთადერთი შესწორება, რაც მასში ფაშისტებმა შეიტანეს, იყო ის, რომ საბჭოთა კავშირზე თავდასხმის თარიღი ერთი თვით გადასწიეს). სტალინს უყურადღებოდ არ დაუტოვებია არც ერთი სადაზვერვო დოკუმენტი, არც ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
იცით თუ არა, რომ ლენინი საქართველოს ათათურქს აძლევდა? ჩვენი პატარა ქვეყანა დღე და მოსწრება თავის გადასარჩენად იბრძოდა, რევოლუციის ბელადი კი მზად იყო კალმის ერთი მოსმით იგი თურქეთისთვის ეჩუქებინა, ამ უკანასკნელის სოციალისტური ორიენტაციის სანაცვლოდ. და აჩუქებდა კიდეც, სტალინი რომ არა!
სწორედ 1939 წლის მიწურულს შესთავაზა მამამ მთავრობას ატომურ ბომბზე მუშაობის დაწყება. სადაზვერვო მონაცემები ცხადჰყოფდნენ, რომ გერმანელები, ინგლისელები და ამერიკელები მსგავს პროექტს უკვე ამუშავებდნენ. იმხანად ჩვენს სახლში ორი ახალგაზრდა ამერიკელი სტუმრობდა, რომლებიც მზად იყვნენ შესაბამისი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის შემთხვევაში ატომური ბომბის პროექტი შეექმნათ.
- ორმოცდაათიანი წლების დამდეგს აშშ-ში გაასამართლეს ცოლ-ქმარი ლილიან და ეტელ როზენბერგები, რომლებსაც ბრალად ედებოდათ საბჭოთა სპეცსამსახურებისთვის ატომური ბომბის საიდუმლოთა გაცემა. ისინი ინსინუაციის მსხვერპლნი გახდნენ თუ...
- ნიკიტა ხრუშცოვმა ამერიკაში ყოფნისას დაადასტურა, რომ როზენბერგები ჩვენი აგენტები იყვნენ და ამით დაარღვია დიპლომატიური თამაშის დაუწერელი კანონი: არ უნდა გასცე ის მზვერავი, რომელმაც ვაჟკაცობა გამოიჩინა და საკუთარი თავი თვითონ არ გასცა.
ლენინგრადის კავშირგაბმულობის აკადემიაში, სადაც მაშინ ვსწავლობდი, მოულოდნელად გენერალი ვლასიკი გამოჩნდა და მეუბნება, მოსკოვში უნდა წამომყვე, „ხაზეინი“ გიბარებსო. ჩვენ რომ მივედით, სტალინი საუზმობდა. მან, როგორც ყოველთვის, მიგვიპატიჟა, დაგვაპურა, მერე კი სწავლისა და ცხოვრების ამბები გამომკითხა. ვზივარ და ვერ გამიგია, რისთვის დავჭირდი. ცოტაოდენი დუმილის შემდეგ მომმართავს: „შენ აჩუქე სვეტლანას პისტოლეტი?“ - დიახ, მე. სტალინმა გამჭოლავი მზერა მსეროლა: „ბიჭო, შენ თავში ჭკუა არა გაქვს, რომ გოგონას ასეთ „სათამაშოს“ ჩუქნი? განა არ იცი, დედამისმა რა ჩაიდინა?“ მე მაშინ მართლა არ ვიცოდი, რომ სვეტლანას დედამ - ნადეჟდა ალილუევამ - თავი მოიკლა. სტალინს დიდხანს ვერ დაეჯერებინა, რომ პირველად მესმოდა ეს საშინელი ამბავი. როცა დარწმუნდა, ნამდვილად ასეაო, თქვა: სვეტლანა უკვე გავჯოხე და, ალბათ, შენთვისაც ყური უნდა ამეწია, მაგრამ ამჯერად მიპატიებია. დაბრუნდი აკადემიაში და ასე წინდაუხედავ ნაბიჯს მეტად ნუ გადადგამ!
ჩემი უარით გაბრაზებულმა სტალინმა კბილებში გამოსცრა: „თქვენი ოჯახი დიდ-პატარიანად ჯიუტია, მაგრამ მე გადავაჩვევ მას ამ სიჯიუტეს!“ მან დაუყოვნებლივ გამოიძახა მამაჩემი და ეგრევე ჯიქურ მიახალა: „კაცო, ეს რა შვილი გაგიზრდია! ოქსფორდში წასვლაზე უარს მეუბნება იმ მოტივით, რომ ასაკით მასზე უფროს ამხანაგებს ვერ უხელმძღვანელებს. აქაოდა, განათლება ჯერ სამშობლოში უნდა მივიღო და საზღვარგარეთ მერე ვისწავლოო“. როცა მამამ შენიშნა, რომ არც თუ ურიგოდ მიპასუხია, სტალინი მთლად გადაირია: „რაშია საქმე, შეთქმულებას მიწყობთ? მე თქვენთვის სიკეთე მინდოდა, თქვენ კი ეშმაკისკენ იყურებით!..“
მე შემიძლაი ხსოვნაში აღვადგინო მშობლების საუბარი სტალინის გარდაცვალების დღეს. „ლაუ, - უთხრა დედაჩემმა მამას, - როგორც არ უნდა ინუგეშო თავი, შენი დრო დამთავრდა. აქამდე სტალინის წყალობით გითმენდნენ, ახლა კი მორჩა. სანამ გვიან არაა, დაწერე განცხადება და გადადექი, ან ავადმყოფობა მოიმიზეზე ან სხვა რამ საბაბი გამოძებნე!..“ მამა არ იყო გულუბრყვილო ვინმე და მიუმცდარად გრძნობდა შექმნილი პოლიტიკური ვითარების მთელ სირთულეს. დედის ვედრებას მან ასე უპასუხა: „განა ჩემი განცხადება უშველის საქმეს? ისინი, თუკი მოინდომეს, მაინც მიაღწევენ საწადელს.
ეჭვი არ იყო, ამ ბაქკანალიას სწორედ ხრუშჩოვი ხელმძღვანელობდა. მამაჩემის ოთახის კედელი მხვილყალიბიანი ტყვიამფრქვევებით დაეცხრილათ, ფანჯრები ჩაელეწათ, კარები შეემტვრიათ. სანამ ამ სანახაობას შეძრწუნებული შევყურებდი, სახლის ერთ-ერთმა მცველმა მოირბინა და მიჩურჩულა: „სერგო, ეს-ესაა შენობიდან ბრეზენტგადაფარებული საკაცით ვიღაცა გამოიტანეს“. მცველს სასწრაფოდ დაუძახეს და მე ვერ მოვასწარი მეკითხა, სროლის დროს მამა შინ იყო თუ არა.
- როდის შედგა თქვენი სასამართლო?
- სასამართლო არ შემდგარა. შედგა უარესი რამ: დახვრეტის სცენა. ციხის ეზოში ერთ-ერთი გასეირნების დროს ჩვეულებრივი დაცვის ნაცვლად მეავტომატეთა ოცეული გამოჩნდა. ჯარისკაცებმა უცებ ხელი მტაცეს და კედელთან მიმაყენეს, მეთაურმა კი სხაპასხუპით წაიკითხა სასიკვდილო განაჩენი. მე იგი სიტყვა-სიტყვით არ მახსოვს, მაგრამ შინაარსი ასეთი იყო: „ესა და ეს ნომერი დამნაშავე, რომელიც ჩვენებებს არ იძლევა, დაიხვრიტოს!“ გაიჩხაკუნეს ავტომატების საკეტებმა, როგორც იქნა, მოეღო ბოლო უზარმაზარ წამებას... მოულოდნელად ვიღაც შემოვარდა და ჯარისკაცებს იარაღის ძირს დაშვება და ჩემი საკანში დაბრუნება უბრძანა. ამას ახლა გიყვებით ასე მოკლედ, თორე მაშინ მომეჩვენა, რომ მარადისობამ ჩაიარა... მერე მიამბეს, თურმე ჯარისკაცებისთვის მიყვირია, იცოდეთ, არამზადებო, რომ თქვენც თითო-თითოდ დაგხვრეტენ, რათა მოწმეებად არ დარჩეთ-მეთქი. ყველაზე ამაზრზენი აქ ის იყო, რომ ამ ულმობელი სცენისთვის დედაჩემს აყურებინეს თურმე. მიუყვანიათ იგი გისოსებთან და უთქვამთ: „ჩვენ ახლა თქვენს ვაჟს დავხვრეტთ, მაგრამ თუ მისი გადარჩენა გსურთ, აგერ საბუთები, მოაწერეთ ხელი და შვილი ცოცხალი გეყოლებათ“. დედას უპასუხნია: „თქვენ, სულ ერთია, დაპირებას მაინც არ შეასრულებტ, ამიტომ ერთად დაგხვრიტავთ, სჯობს პატიოსან ადამიანებად მოვკვდეთო“. მაგრამ როცა ავტომატები მომიშვირეს, გული წასვლია და წაქცეულა.
- ცნობილ რუს ფეხბურთელს ნიკოლაი სტაროსტინს ოციანი წლების დასაწყისში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უთამაშია. მას დასდევდა თურმე, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ზორზოხი ტანის, არც თუ ტექნიკური, უხეში მარცხენა მცველი. ეს იყო ბერია“. სტაროსტინი წერს, რომ მცველი მოატყუა და მასპინძელთა კარში გოლი გაიტანა. ლავრენტი ბერიას დაუმახსოვრებია ეს მატჩი, რადგან ეამაყებოდა, რომ სახელოვან ფეხბურთელთან იყო ნათამაშევი. და კიდევ იქნებ იმიტომაც, რომ „ეს იყო იშვიათი შემთხვევა მის ცხოვრებაში, როცა დანარჩენებივით წესის თანახმად იქცეოდა. შემდეგ, მრავალი წლის მანძილზე იგი მოხლოდ ცალ კარში თამაშობდა“ („ბერია: კარიერის დასასრული“, გვ. 225)
- გაზეთმა „ლელომ“ (#41, 1996) გამოქვეყნა საინტერესო ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეუწყო ხელი ლავრენტი ბერიამ მოსკოვის „ტორპედოზე“ თბილისელების მოგებას. ერთით ნულით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ ქართველების გასახდელში შემოსულა გენერლებით გარშემორტყმული ვიღაც მარშალი და ფეხბურთელები უხეირო თამაშისთვის მკაცრად დაუტუქსავს. მას იქვე გაუფრთხილებია „დინამოს“ მწვრთნელი მიხეილ იაკუშინი, რომ თამაშს თვალს ადევნებდა თვითონ ბერია. მეორე ტაიმი დინამოელთა განუწყვეტელი იერიშებით დაწყებულა, რომლებსაც სამი უპასუხო გოლი მოჰყოლია. მოსკოველთა კაპიტან აუგუსტინ გომესს უკითხავს ავთანდილ ღოღობერიძისთვის: რაშია საქმე, დოპინგი ხომ არ მიგიღიათო! ღოღობერიძეს მთავრობის ლოჟაზე მიუთითებია და უთქვამს: აი, ჩვენი დოპინგი, შეხედე, იქ ვინ ზისო! იქ კი მარტოდმარტო მჯდარა თეთრ კიტელში გამოწყობილი ლავრენტი ბერია. მატჩის შემდეგ გასახდელში კვლავ გამოჩენილა გენერლებით გარშემორტყმული მარშალი, ბიჭებისთვის მადლობა გადაუხდია და თითოეული მათგანისთვის გადაუცია კონვერტი, რომელშიც მათი ერთი თვის ხელფასი დებულა. დამშვიდობებისას მარშალს უთქვამს: „კარგი თამაშით რომ არ გადაგერჩინეთ, დღესვე კაპიტნობა არ ამცდებოდა, როგორც... თქვენს ღოღობერიძესო.
- არ ვკამათობ, ასეთი რამ მართლაც შეიძლებოდა მომხდარიყო!
სტალინი უცხოთა თანდასწრებით მამაჩემს ქართულად არასოდეს ელაპარაკებოდა.
სტალინის დაკრძალვის დროს წითელ მოედანზე წარმოთქმულ სიტყვაში ლავრენტი ბერია ხაზს უსვამდა: „ვინც ბრმა არაა, ის ხედავს, რომ ჩვენი პარტია მისთვის მძიმე დღეებში კიდევუფრო მჭიდროდ ჰკრავს თავის რიგებს, რომ იგი ერთიანია და შეურყეველი...“
რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ნ. მუსხელიშვილი თანამშრომელთა კრებაზე აცხადებს: „ჯაშუშ და მკვლელ ბერიას და მის ხროვას სურდათ შეერყიათ ჩვენი ქვეყნის ხალხთა უსაზღვრო ნდობა და უღრმესი სიყვარული უფროსი ძმისა და საიმედო მეგობრის - დიდი რუსი ხალხის მიმართ“.
ნ.ს. ხრუშჩოვის მოგონებიდან: „თავიდან ბერიას დაპატიმრება ხუთ გენერალთან ერთად დავავალეთ ამხანაგ მოსკალენკოს. ის და მისი შეიარაღებული ამხანაგები კრემლში ბულგანინს უნდა მოეყვანა. იმხანად სამხედროები ვალდებული იყვნენ იარაღი კრემლის კომენდანტურაში ჩაებარებინათ. სხდომის დაწყების წინ მოსკალენკოს ჯგუფს შეუერთდა მარშალი ჟუკოვი და კიდევ რამდენიმე კაცი. ერთი სიტყვით, კაბინეტში ხუთის ნაცვლად ათზე მეტი კაცი შემოვიდა. მალენკოვი რბილად მიმართავს ჟუკოვს: „მე, როგორც სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, წინადადებას გაძლევთ დააკავოთ ბერია“. ჟუკოვმა უბრძანა ბერიას: „ხელები მაღლა!“ მოსკალენკომ და სხვებმა იარაღიც კი იშიშვლეს, იქნებ ბერია რაიმე პროვოკაციაზე წავიდესო. ბერია პორტფელისკენ გაქანდა, რომელიც ზურგსკუნა, ფანჯრის რაფაზე ედო. მე ბერიას ხელზე ვეცი, რათა იარაღით არ ესარგებლა, თუკი იგი პორტფელში მართლა ჰქონდა. მერე შევამოწმეთ, მაგრამ არავითარი იარაღი მას არ ჰქონია არც პორტფელში, არც ჯიბეებში. მან უბრალოდ გააკეთა ასეთი რეფლექტური მოძრაობა. ბერია მაშინვე დააპატიმრეს და მოათავსეს მინისტრთა საბჭოს შენობაში მალენკობის კაბინეტის გვერდით“, („ოგონიოკი“, 6, 1990. გვ. 30)
საბჭოთა კავშირის მარშალ გ.კ.ჟუკოვის მოგონებიდან: „შევდივართ დარბაზში. ბერია მაგიდის ცენტრში ზის. ჩემი გენერლები გვერდს უვლიან მაგიდას, თითქოს კედელთან დაჯდომას აპირებენო. მე ბერიას უკნიდან ვუახლოვდები და ვუბრძანებ: „ადექით, თქვენ დაპატიმრებული ხართ!“ სანამ ბერია ადგომას მოასწრებდა, მე უკნიდან ხელები გადავუგრიხე, ზეავწიე და შევანჯღრიე. ვხედვა, მკვდარივით გაფითრებულა, ენა ჩავარდნია. დასასვენებელი ოთახის გავლით იგი გაგვყავს მეორე ოთახში, რომელსაც სათადარიგო გასასვლელი აქვს. იქ მას გენერალური ჩხრეკა მოვუწყვეთ. ჰო, დამავიწყდა. მაშინ, როცა ბერიას ხელები გადავუგრიხე, გვერდებზეც მოვუფათურე, პისტოლეტი ხომ არა აქვს-მეთქი. ჩვენ ყველას ერთი პისტოლეტი გვქონდა. მეორე უკვე აღარ მახსოვს, ვის გამოვართვით. ჩვენთვის ხომ არ უთქვამთ, კრემლში რისთვის გამოგვიძახეს. ამიტომაც უაიარაღონი მივედით. მაგრამ არც ბერიას წამოუღია თურმე პისტოლეტი. წამომდგარ ბერიას ქაღალდებით გატენილი პორტფელი დავაგდებინე, რომელცი გრძელ პრიალა მაგიდაზე გაცურდა“. (წიგნში: „ბერია: კარიერის დასასრული“. პოლიტიზდატი, მოსკოვი, 1991. გვ. 282-283)
რაულ ჩილაჩავა
გამომცემლობა „არტანუჯი“, 2012წ.