გელა ჩარკვიანი - წინასიტყვაობა წიგნისა ინტერვიუ მამასთან
ოთხმოციანი წლები ილეოდა. ქვეყანაში ტექტონური ძვრები დაიწყო. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გასაიდუმლოებული, ჰერმეტულად დახშული სახელმწიფო - საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა. ამ დროისათვის უკვე ოთხმოც წელს გადაცილებული მამაჩემი, კანდიდ ჩარკვიანი, იყო ერთადერთი შემორჩენილი, ან იქნებ უმჯობესია ითქვას, სასწაულებრივად გადარჩენილი ქართველი, რომელიც ფლობდა უშუალო ინფომრაციას სტალინის კრემლისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
თოთხმეტი წლის მანძილზე, 1938-დან 1952 წლამდე, იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს. კარგად მესმოდა, რომ მასსავით კომპეტენტური წყარო იმ დროისთვის არ არსებობდა, რადგან, როგორც საბჭოთა საქართველოს პირველი პირი, კანდიდ ჩაკრვიანი ფლობდა ისეთი ხასიათის ინფორმაციას, რომელიც არ შეიძლება ხელმისაწვდომი გამხდარიყო კრემლს მიღმა მყოფი სხვა ქართველისათვის. კრემლში მოღვაწე ქართველს, ლავრენტი ბერიას, როგორც ვიცით, არ დასცალდა რაიმე საჯაროდ განეცხადებინა. 20-იან და 30-იან წლებში საპასუხისმგებლო პოსტებზე მომუშავე ქართველი ბოლშევიკების დიდი უმრავლესობა რეპრესირებული იყო, ან თავისით გარდაიცვალა და ვერ მოესწრო 1937 წლის შემდგომ სტალინურ ეპოქას. ამიტომაც, მოგონებები, რაც დაიწერა და დღესაც იწერება საქართველოში ჩვენი ერის ისტორიის ამ ძალზე საინტერესო მონაკვეთის შესახებ, უმეტესად ეფუძნება ისეთი პიროვნებების გამოცდილებას, ვინც ან საერთოდ არ შეხვედრია სტალინს, ან ეპიზოდურად ხვდებოდა მას ძველი ნაცნობობისა თუ მეგობრობის გამო.
გამონაკლისს წარმოადგენს აკაკი მგელაძე, ვისი მოგონებების წიგნი რეალურ გამოციდლებას ემყარება, თუმცა გასათვალისიწნებელია ის გარემოება, რომ მგელაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს 1952 წლის აპრილიდან 1953 წლის აპრილამდე, ანუ ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელბოდა. მისგან გასნხვავებით, კანდიდ ჩარკვიანი მრავალი წლის მანძილზე საქართველოს პირველი პირის რანგში რეგულარულად ხვდებოდა სტალინს, როგორც ოფიციალურ, საქმიან, ისე საკმაოდ არაფორმალურ ვითარებაში, კერძოდ, სუფრასთან. ვიცოდი, რომ მამაჩემის მეხსიერებაში შემორჩენილი ყოველი ფაქტი, დეტალი თუ ნიუანსი მომავალში სულ უფრო მეტ ღირებულებას შეიძენდა და აუცილებელი იყო მისი მონაყოლის დროულად ჩაწერა და, თუმცა იმ დროისათვის იგი თავადაც მუშაობდა მემუარების („განცდილი და ნააზრევი“) მეორე ტომის ტექსტზე, მჯეროდა, რომ ჩემს შეკიტხვებზე მისი სპონტანური რეაგირება, მის მიერ გაცემული ზეპირი პასუხები არაერთ საინტერესო უცნობ „წვრილმანს“ წარმოაჩენდა, ისეთს, რომელშიც მისივე შინაგანი ცენზურის გამო ზემოთ ხსნებულ ძალზე საფუძვლიან, სოლიდურ მემუარულ ნაშრომში ადგილს ვერ დაიკავებდა.
რთულ პირობებში, უხარისხმო აპარატურით, ჯერ მეოთხე სამმართველოს ვაკის საავადმყოფოში, მერე კი ჩემი მშობლების ბინაში კამოს ქუჩაზე 1989-1992 წლებში მოვახერხე მამაჩემის ცხრასაათიანი ინტერვიუს აუდიო და ვიდეოფირებზე დაფიქსირება. ნაწყვეტები ამ ინტერვიუდან გამოყენებული იყო „რუსთავი 2“-ის 2004 წლის სატელევიზიო ფილმში სახელწოდებით „ქართველები კრემლში და მის გარეთ“. მამაჩემთან საუბრების შეჯერებულ ვარაინტს დღეს უკვე სრული სახით წიგნად გთავაზობთ.
კანდიდ ჩარკვიანის, როგორც ისტორიული წყაროს, სასარგებლოდ ისიც უნდა ითქვას, რომ მას სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ჰქონდა კარგი მეხსიერება, იყო განათლებული ადამიანი, საფუძვლიანად ფლობდა გერმანულ ენას, ერთნაირად კარგად წერდა ქართულად და რუსულად, 30-იან წლებში მუშაობდა ჟურნალისტად - „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორად. მამაჩემი არ ყოფილა რეპრესირებული. შესაძლოა, სწორედ ამის გამო, მიუხედავად იმ სასტიკ, მარად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მიმდინარე პოლიტიკურ კონკურენციაში მონაწილეობისა, იგი ნაკლებად ავლენს მიკერძოებას. მისი შეფასებები მთლიანობაში მოკლებულია გესლსა და ქილიკს.
მან 1994 წლამდე იცოცხლა. მოესწრო საბჭოთა კავსირის დაშლას და საქართველოს დამოუკიდებლობას. ოთხმოციან წლებსი განვითარებულ პოლიტიკური სეისმიკის მოვლენებს თვალს ინტერესით ადევნებდა, თუმცა ნერვიულობა ეტყობოდა, რადგან არ იცოდა, რა გველოდა ჩვენ, მის შვილებს, ახალ სინამდვილეში.
მისი სიცოცხლის ბოლო წლებში კვლავინდებურად გერმანულიდან თარგმნიდა საყვარელ პოეტს ჰაინრიხ ჰაინეს, სრულჰყოფდა მემუარების მეორე წიგნს და დღენიადაგ მწარედ განიცდიდა მეუღლის, თამარ ჯაოშვილის დაკარგვას.
და მაინც, კანდიდ ჩარკვიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები გასული საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნება, იმ ეპოქას, როცა უზარმაზარ საბჭოთა იმეპერიას, და ფაქტობრივად, მთელს ეგრეთ წოდებულ სოციალისტურ ბანაკს ორი ქართველი მართავდა - ბელადი იოსებ სტალინი და მისი ზრახვებისა და გადაწყვეტილებების უზადო შემსრულებელი ლავრენტი ბერია. დამეთანხმებით, სიტუაცია უნიკალურია და ალბათ აღარასდროს გამეორდება.
ჩემი ბავშვობა ამ ფონზე წარიმართა. ცამეტი წლის ვიყავი, როცა 1952 წლის მარტში მამაჩემი თავისი მაღალი პოსტიდან გაათავისუფლეს. ასეთი იყო ფორმულირება, ანუ არ მოუხსნიათ, გაათავისუფლეს. მაშინ ამგვარი ნიუანსები ეგზისტენციურ საფრთხეებს შეიცავდა. მოხსნას, უმეტეს შემთხვევაში, პარტიიდან გარიცხვა და, არც თუ იშვიათად, დაპატიმრება მოყვებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, სტალინი ჩარკვიანის მიმართ ინარჩუნებდა ძველი კეთილგანწყობის მცირეოდენ ნაწილს მაინც - გათავისუფლების შემდეგ იგი არამარტო მუშაობდა შუა აზიის რესპუბლიკების ინსპექტორად საკავშირო ცენტრალურ კომიტეტში მოსკოვში, არამედ ქართულ პრესაში მისი, სტალინის მიერვე სანქციონირებული, გამუდმებული ლანძღვის მიუხედავად, პარტიის მე-19 ყრილობამდე, ე.ი. 1952 წლის ოქტომბრამდე რჩებოდა კომპარტიის საკავშირო ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატად. დღევანდელი ადამიანების უმეტესობისათვის ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს. მაშინ კი ამ ტიტულებს ახლდა პატივისცემა და მატერიალური პრივილეგიები.
მახსოვს, ბავშვობაში მამაჩემის სამუშაო ოთახი ჩვენს ბინაში, სულხან-საბას ქუჩაზე, ჩემი ცხოველი ინტერესის საგანს წარმოადგენდა - იქ იდგა კაშკაშა წითელი ტელეფონი, რომელზეც რეკავდა სტალინი. საწერ მაგიდაზე წიგნები იცვლებოდა, მაგრამ ერთი ლურჯი ფოლიანტი არასდროს იცვლიდა ადგილს. ეს იყო მარქსის „კაპიტალის“ გერმანულენოვანი გამოცემა. თუმცა კანდიდ ჩარკვიანი ბოლშევიკების პირველ თაობას არ მიეკუთვნებოდა, უიდეო, ცინიკურ-ოპორტუნისტური საბჭოთა ბიუროკრატების უმეტესბისაგან განსხვავებით, იგი სრულად ფლობდა მარქსიზმის თეორიას და ბოლომდე ამ იდეოლოგიის ერთგული რჩებოდა. ჩემი მცდელობები, კეთილად განმეწყო დასავლური ლიბერალიზმის მიმართ, ყოველთვის უშედეგოდ მთავრდებოდა. ზოგჯერ ცხარედ ვკამათობდით და შემდეგ არაერთხელ მინანია, რომ გული ვატკინე.
თუმცა იყო ერთი ასპექტი, რომელშიც კანდიდ ჩარკვიანი იჩენდა ჯეროვან ორთოდოქსულობას. ეს გახლდათ ეროვნული განსაკუთრებულობის თემა, რომელიც წითელ ხაზად მიჰყვებოდა მის აღმზრდელობით რიტორიკას. მისი თქმით, ყოველივე ქართული, იქნებოდა ეს ენა, მუსიკა, ცეკვა, ღვინო, ტრადიციები თუ ბუნება - საუკეთესო და უნიკალური, განუმეორებელი იყო. შედეგად, მთელი ბავშვობის მანძილზე დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოზე ლამაზი ქვეყანა არ არსებობოს, რომ რუსთაველი ყველა პოეტზე, მათ შორის დანტეზე, მაღლა დგას, რომ „აბესალომ და ეთერი“ მსოფლიო საოპერო ხელოვნების მწვერვალია და რომ ბორჯომის ხეობას მსოფლიოში ვერცერთი ხეობა, გორულ ვაშლს კი ვერც ერთი ვაშლი შეედრება. ჩვენს ოჯახში ამ აქსიომებში მცირედი ეჭვის შეტანაც კი მკრეხელობად მიიჩნეოდა.
ამ თვალსაზრისით ბოლომდე თანმიმდევრული არც სტალინი იყო. შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებულ ბანკეტზე წარმოთქმულ სიტყვაში სტალინმა ქათინაურებით შეამკო რუსი ხალხი და მას განსაკუთრებული თვისებების მქონე ერი უწოდა. ჯორჯ ორუელის გონებამახვილური გამონათქვამის პერიფრაზს თუ გამოვიყენებტ, ინტერნაციონალისტმა ბელადმა განაცხადა, რომ ყველა ერი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ერი „სხვებზე კიდევ უფრო თანასწორია“. ფაშიზმზე გამარჯვებით გამოწვეული ეიფორიის ფონზე ამგვარი გადაჭარბებული შეფასება იქნებ დიდად საკვირველი არც იყოს - რუსმა ხალხმა ხომ მართლაც მისცა იოსებ ჯუღაშვილს თავისი ნიჭის, უნარის და ზოგიერთი არცთუ უწყინარი თვისების აქტუალიზაციის სრული საშუალება.
თებერვლის რევოლუციისა და მონარქიის დამხობის შემდეგ არეულ, გაპარტახებულ და შინაგანად დაპირისპირებულ რუსეთს, ვაიმარის გერმანიის მსგავსად, მარად ფხიზელი ჰომეოსტატიკური ინსტინქტი თითქოს უბიძგებდა ამ ეტაპზე ზანტი, არაფოკუსირებული დემოკრატიის ნაცვლად, შეექმნა სისტემა უსაზღვრო მობილიზაციური შესაძლებლობებით, ძალაუფლების ერთი პირამიდით, რომლის სათავეში მდგომი ბელადი ქვეყანაში ტოტალურ კონტროლს განახორციელებდა. იმას, თუ რა იქნებოდა ამ სისტემსი იდოლოგიური შემავსებელი, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. რუსეთში ძალაუფლება კომუნისტებმა მოიპოვეს. ამიტომაც მათ მიერ დაფუძნებული ტოტალიტარული სისტემის იდეოლოგიად, ბუნებრივია, გამოცხადდა კომუნიზმი - პრაქტიკულად განუხორციელებადი რომანტიკული დოქტრინა.
თავისი მტკიცე ნებით და გამჭრიახი გონებით სტალინმა დაამარცხა და ფიზიკურად გაანადგურა მასზე არანაკლებ ამბიციური მეტოქეები, გამოიყენა რა მათ წინააღმდეგ მეთოდების ფართო სპექტრი, დაწყებული აპარატული თამაშეიბთ და საჯარო პოლემიკით და დამთავრებული აშკარა ტერორით. ამ არნახულ სისასტიკეთა უწყვეტი სერიის მიუხედავად, ან სულაც მის გამო, მან მოიგო რუსი ხალხის დიდი მასების გული, რომელსაც ბატონის განდიდებისა და პირმოთნეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ჰქონდა. და, თუ არ მიწყენთ პარადოქსს, ვიტყოდი, აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი წინამძღოლის, ანუ დიქტატორის მდგომარეობა.
„ძალაუფლება რყვნის. აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“ და თუმცა ავტოკრატის ინდივიდუალური თვისებებისა და მას დამორჩილებული საზოგადოების ტრადიციული კულტურის შესაბამისად გადაგვარების პროცესი და ფორმები შეიძლება განსხვავებული იყოს, ლორდ ექტონის ეს მაქსიმა მაინც უნივერსალურია.
რეპრესიების მთავარი ტალღა თითქოს ოცდაათიან წლებში დარჩა. მეორე მსოფლიო ომში მოპოვებულმა გამარჯვებამ დაადასტურა ხალხის ერთგულება ბელადისა და სახელმწიფოსადმი. რეჟიმის სიმტკიცეში ეჭვს ვეღარავინ შეიტანდა. შეიქმნა დიდი სოციალისტური ბანაკი - მაშინ ჯერ კიდევ სრულად ცენტრალიზებული გაერთიანება, რომელიც საბჭოთა კავშირისა და ევროპასა და აზიაში მისი სატელისტებისაგან შედგებოდა.
ამ გარეგნულად ჯანსაღ ფონზე შიგადაშიგ კვლავ გაისმოდა პარანოიდული ნოტები - გენეტიკის და კიბერნეტიკის ცრუმეცნიერებებად გამოცხადება. დღს სწორედ ეს დისციპლინები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს კაცობრიობის პროგესს. ცნობილი ხელოვანების დაგმობა ეგრეთ წოდებული ფორმალიზმის გამო. ამ დაგმობას ახლდა ყველა ქარხანასა და დაწესებულებაში დაგმობილი მოღვაწეების კრიტიკა, რომელიც ძალიან წააგავდა ორუელისეულ „სიძულვილის ხუთ წუთს“.
არც საქართველო იყო გამონაკლისი: ეჭვიანობა, დასმენა, შპიონომანია ომისშემდგომ წლებში აქ თანდათან მატულობდა და დაძაბულობამ პიკს 1951 წლის შემოდგომაზე მიაღწია, როცა დაიწყო ეგრეთ წოდებული „მეგრელთა საქმე“, რომელმაც გაუსაძლისი ტკივილი მიაყენა ათეულობით სრულიად უდანაშაულო ადამიანს და კვალი დაატყო ქართველი ერის სულიერ სიჯანსაღეს. ამ საქმის მიზნები სცილდებოდა ადგილობრივ ქართულ პოლიტიკას. მისი საბოლოო განზრახვის ვექტორი მიმართული იყო მოსკოვისკენ, სადაც სტალინი აპირებდა სიტუაციის რადიკალურ განახლებას.
იმ ეპოქის შესახებ ერთიანი აზრი ჯერაც არ ჩამოყალიბებულა. ამას აშკარად ხელს უშლის მთავარი მოქმედი პირის, სტალინის ფიგურა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიაში ცოტა მოიძებნება ისეთი მოღვაწე, ვისაც თავისი თანამედროვეები ასე განსხვავებულად აფასებდნენ. ისეთ საკითხებშიც კი, სადაც ობიექტური აზრის ჩამოყალიბებას ხელს თითქოს არაფერი უნდა უშლიდეს, ვთქვათ, პიროვნული თვისებების თაობაზე, ორ საწინააღმდეგო აზრს წააწყდებით. სხვადასხვა მემუარულ ნაშრომში წაიკითხავთ, რომ სტალინი გამუდმებით სვამდა და სხვებსაც ძალით ათრობდა, ან პირიქით, იყო ასკეტი და ადამიანურ არფერი სჩვეოდა. რომ იგი იყო უწიგნური, რომელიც რუკაშიც კი ვერ ერკვეოდა, ან პირიქით, იყო დიდად განსწავლული ერუდიტი, ჰქონდა აბსოლუტური სმენა და თავს, უმეტესწილად, საოპერო მუსიკის მოსმენით ირთობდა. დღესაც, ზოგისთვის სტალინი ეჭვებით შეპყრობილი სისხლიანი ურჩხულია. ზოგისთვის კი მარად კაცობრიობის ბედზე მზრუნველი გენიოსი.
ერთიანი აზრი არც ლავრენტი ბერიაზე არსებობს, თუმცა ყველა ერთხმად აღიარებს მის ორგანიზატორულ ნიჭს და განუზომლად დიდ როლს საბჭოთა კავშირის მიერ ბირთვული ტექნოლოგიების საიდუმლოებათა მოპოვებაში. ბევრი ავტორი მიიჩნევს მას დაუნდობელ ჯალათად, სტალინის ნების მორჩილ შემსრულებლად. სხვები კი ხედავენ მასში რეფორმატოს, რომელიც, თუკი დასცალდებოდა, წაიყვანდა საბჭოთა კავშირს დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის გზით. თუ რას იზამდა ბერია, მხოლოდ ვარაუდია. სინამდვილე კი ისაა, რომ ბერიამ სტალინის გარეშე სულ სამი თვე გაძლო, რაც ნათლად მიუთითებს შექმნილ გარემოებათა მის მიერ არაადეკვატურ აღქმასა და შეფასებაზე. ამის მიზეზი ალბათ სტალინის ფრთის ქვეშ მისი არსებობისას დამოუკიდებელი პოლიტიკოსისათვის აუცილებელი თვითშენარჩუნების ინსტინქტის ატროფია გახდა.
ცკ-ს პირველ მდივნად მუშაობის მანძილზე შესრულებული საქმეებიდან მამაჩემი განსაკუთრებით ამაყობდა სამი დიდი პროექტით, რომლებსაც აუარება დრო, გამომგონებლობა, ენერგია და კრემლთან დიპლომატიური ძალისხმევა შეალია. ესენია - რუსთავი, ქალაქი და მეტალურგიული კომბინატი, სამგორის ანუ თბილისის ზღვა და თბილისის მეტროპოლიტენის აშენების თაობაზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფა. მას ხელი სტალინმა მოაწერა. იყო სხვებიც - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და მასთან დაკავშირებული სამეცნიერი-კვლევითი ინსტიტუტების დაარსება, ჰიდროელექტროსადგურები, ქართული ენის რვატომიან განმარტებით ლექსიკონზე მუშაობის დაწყება, ქალაქის მოსაზღვრე ვაკეებსა და მთის კალთებზე უამრავი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის დარგვა და ვაკის პარკის გაშენება. ეს უკანასკნელი შეიძლება კანდიდ ჩარკვიანის ახირებად ჩაითვალოს, იმდენად დიდი იყო მისი ენთუზიაზმი ამ პროექტის მიმართ. რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველ კვირადღეს დავყავდით ბავშვები იმის სანსახავად, თუ არაფრიდან როგორ იძენდა ფორმას ვაკის პარკი. პირველი პირების უპირატესობა ისაა, რომ მათი ახირებაც კი მეტწლიად ხორცს ისხამს. ამაში ცუდი არაფერია, თუკი „ახირებას“ შეუძლია ხალხს სარგებელი მოუტანოს.
იმ დროის მოგონებებიდან ყველაზე უფრო ცოცხლად მეხსიერებაში 1951 წლის 4 ნოემბერს თბილისის ზღვის გახსნის ზეიმი შემომრჩა. შემოდგომის მზიანი დღე იყო. გამომშრალი, მოწყურებული სამგორის მიწა თითქოს დაეწაფა ნანატრ ივრის წყალს. იმ ეპოქაში ხშირად ფორმალური, ძალით მოწყობილი დღსასწაულებისაგან განსხვავებით, ეს იყო ნამდვილი სახალხო სიხარულის მანიფესტაცია.
ერთადერთი ადამიანი, ვისაც უჭირდა ბოლომდე ჩართულიყო საყოველთაო მხიარულებაში და ლაღად გაეზიარებინა თანამოქალაქეთა ხალასი ემოციები, იყო ამ ზეიმის მთავარი სტუმარი და შემოქმედი კანდიდ ჩარკვიანი. მას ალბათ გამუდმებით ჩაესმოდა ყურში წინა დღეს სტალინის მიერ რუსულად ნათქვამი ფრაზა: „ხუდო ბუდეტ, ტოვარიშ ჩარკვიანი!“ და დაძაბულად მოელოდა, რა იქნებოდა მის მიმართ გადადგმული შემდეგი ნაბიჯი.
ბავშვებს მშობლები არაფერს გებუნებოდნენ იმაზე, თუ რა ტრიალებდა მათ გულებში, თუმცა რაღაცას მაინც ვხვდებოდით მათი შეცვლილი ქცევის გამო. კვირაობით და უქმე დღეებში მამას ქალაქგარეთ დავყავდით ხოლმე. ვნადირობდით, ვთევზაობდით ან უბრალოდ ვაკვირდებოდით ბუნებას და მამა გვასწავლიდა ყოველი ხის, ბალახისა თუ ფრინველის დასახელებას. 7 და 8 ნოემბერს უქმე დღეები იყო, ოქტომბრის რევოლუციის დღესასწაული. მახსოვს, 8-ში შავი „შევროლე“ და ყველგანმავალი „დოდჯი“ უკვე იდგა წყნეთის აგარაკის ეზოში. დაცვის ხალხი გარშემო ტრიალებდა. მაგრამ მოულოდნელად მამაჩემმა გადაწყვეტილება შეცვალა. ქალაქგარეთ აღარ წავედით. წყნეთში დავრჩით. ის დღე საოცრად გაიჭიმა. დრო თითქოს გაჩერდა.
იმ დღიდან დაწყებული მარტის ბოლომდე ჩვენ, ძმებმა, სერიოზული ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღეთ. გავიარეთ, ასე ვთქვათ, ადამიანური სისუსტეების სრული კურსი. ვხედავდით, როგორ იცვლებოდა ჩვენდამი დამოკიდებულება კანდიდ ჩარკვიანის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობის მატების კვალდაკვალ. ვამჩნევდით ყოველ ახალ ნიუანსს დაცვის ოფიცრების, მომსახურე პერსონალს და, რაც განსაკუთრებით დასანანი იყო, ზოგიერთი მეგობრის და თანაკლასელის ქცევაში. იყო ღალატი, მაგრამ, მადლობა ღმერთს, იყო ერთგულების მაგალითებიც და როცა თბილისიდან გაძევებული ჩვენი ოჯახი 1952 წლის ივნისში მოსკოვში მიემგზავრებოდა, მე და ჩემს ძმებს რკინიგზის სადგურში მხოლოდ ისინი გვაცილებდნენ, ვისაც - ამჯერად ორუელზე უფრო მარქსი გამოგვადგება - „თავიანთი ჯაჭვების მეტი დასაკარგი არაფერი ჰქონდათ“.
მოსკოვში მოჟაისკის შოსეზე, დღევანდელ კუტუზოვის პროსპექტზე ვცხოვრობდით ცკ-ს თნამშრომლების საცხოვრებელ კორპუსში. მამას უკვე რუსი მძღოლები ემსახურებოდნენ. „პობედით“ დავდიოდით. უფრო მაღალი თანამდებობის მოხელეების, ცკ-ს განყოფილების გამგეების შვილები ზემოდან გვიყურებდნენ - მათ „ზიმები“ აკითხავდათ. სტატუსის იერარქიული სიმბოლოები საბჭოთა პოლიტიკური კლასის ყოველდღიურ ცხოვრებაში მკაცრად იყო დიფერენცირებული.
მამა ძლიერ განიცდიდა მის გამუდმებულ ლანძღვას ქართულ პრესაში და ალბათ არ ასვენებდა აზრი იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები მისთვის და მისი ოჯახისთვის მას შემდეგ, რაც დასრულდებოდა „მეგრელთა საქმე“ და მის უდანაშაულო ფიგურანტებს სასამართლო, როგორც ყოველთვის, უმკაცრეს განაჩენს გამოუტანდა. მას ხომ ყველაზე კარგად ესმოდა ამ წამოწყების ბოროტგანზრახული უაზრობა. ჩვენ, ბავშვები, დაკავებული ვიყავით ახალ, დიდად განსხვავებულ რეალობაზე მორგებისათვის აუცილებელი სიძნელეების გადალახვით, ნამდვილ რუსულ ენასთან ჭიდილით და კვლავ არაფერი ვიცოდით იმაზე, თუ მომავლის როგორ ავბედით სურათებს ხატავდა ჩვენი მშობლების წარმოსახვა. და მაშინ, როცა „მეგრელთა საქმის“ წინასწარ განსაზღვრული საზარელი სვლა ფინალს უახლოვდებოდა, სტალინი მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი 1953 წლის 9 მარტს მავზოლეუმში დაასვენეს ლენინის გვერდით. სახალხო გლოვამ ისტორიაში არნახულ მასშტაბსა და სიმძაფრეს მიაღწია.
მამაჩემმა დიდი ხნის უნახავი ბერია უმალ მოინახულა და ამ შეხვედრიდან შინ გაოგნებული და გაწბილებული დაბრუნდა. გაარკვია, რომ მისი მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და განუჭვრეტელი გამხდარიყო. აგრეთვე, მაშინ პირველად შეიტყო, რომ იგეგმებოდა სტალინის პიროვნების კულტის მხილება. ეს იდეა, შესაძლოა სტალინის სიცოცხლეშივე გაჩნდა მისი გარემოცვის წიაღში. თუმცა ამ წამოწყების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, ლავრენტი ბერია ვერ მოესწრო პიროვნების კულტის საჯარო დაგმობას საბჭოთ კავშირის კუმუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე. იგი მამაჩემთან საუბრიდან სამი თვის თავზე დააპატიმრეს. წლის ბოლოსათვის კი სიკვდილი მიუსაჯეს, როგორც „საერთაშორისო იმპერიალიზმის“ აგენტს,რომელმაც, რაგინდ ირონიული არ უნდა იყოს ეს, საერთაშორისო იმპერიალიზმს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ხელიდან გამოსტაცა მთავარი ბერკეტი საბჭოთა კავსირთან დაპირისპირებაში - მონოპოლია ატომურ იარაღზე. ჯორჯ ორუელი გულიანად გაიცინებდა, რადგან სწორედ მას ეკუთვნის სიტყვები: „ის, ვინც აკონტროლებს წარსულს, აკონტროლებს მომავალს, ის კი, ვინც აკონტროლებს აწმყოს, აკონტროლებს წარსულს“. საბჭოთა ეპოქაში ისტორიული ფიგურების როლისა და მნიშვნელობის გაყალბება და გადაფასება ჩვეულებრივი ამბავი იყო. საშუალო სკოლაში ორჯერ გვასწავლეს შამილი, პირველად როგორც კავკასიელი ხალხების გმირი-პატრიოტი და მეორედ, როგორც ინგლისის აგენტი.
თავისებურად, თუმცა უფრო შეზღუდული საშუალებებით, წარსულის მათთვის ხელსაყრელ გააზრებას და წარმოჩენას დემოკრატიული მთავრობებიც ცდილობენ, მაგრამ ერთიანი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში მათ ხელს უშლის ჭეშმარიტი დემოკრატიის აუცილებელი თანმდევი ატრიბუტი - პლურალიზმი, პოლიტიკური ჯგუფებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომი წყაროების სიმრავლე და იდეური მრავალფეროვნება.
თუ ისტორია იყო და არის მუდმივი მანიპულირების საგანი, რამდენად შეეფერება სიმართლეს ის, რაც ჩვენ ვიცით წარსულის შესახებ. როგორ უნდა მივაგნოთ ჭეშმარიტებას იქ, სადაც ყველა საინფორმაციო საშუალება ცენტრიდან მოსული დირექტივების თანახმად, ერთსა და იმავეს ამბობდა. ან იქ, სადაც ყველა აზრი ერტმანეთისგან განსხვავებულია ისევე, როგორც ამ აზრების გამომთქმელთა პოლიტიკური, ან იქნებ კომერციული ინტერესები. ამ გამოწვევებთან გამკლავება სჯობს, მომავლის ისტორიკოსებს მივანდოთ.
მიკერძოების, ირაციონალური სიძულვილის თუ ნოსტალგიური ილუზიის მოშლას ზოგჯერ საუკუნეები ესაჭიროება. დღეს კი გვიანდელი სტალინური ეპოქის დასასრულიდან სულ რაღაც 60 წელია გასული. ჯერ კიდევ ბევრი ვართ ისეთები, ვინც იმ დროში იცხოვრა. ყოველ ჩვენგანს თავისებურად ახსოვს ის წლები და, შესაძლოა, კანდიდ ჩარკვიანის პასუხებმა ყველა არ დააკმაყოფილოს, ზოგი კი გააღიაზიანოს. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ერთი ადამიანის მონაყოლია, თუნდაც ამ საკითხებში ყველაზე უფრო ღრმად ჩახედულის.
ინტერვიუში გამოთქმულ აზრებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, აღნიშვნის ღირსია კიდევ ერთი გარემოება. ძველ დროში, ხალხების გეოგრაფიულ კუთვნილებას, სხვისი ტერიტორიების დასაკუთრების სურვილს და საზღვრების ურღვევობის თემას, რბილად რომ ვთქვათ, უფრო მსუბუქად უყურებდნენ.
ამიტომაც ის, რასაც ამ საკითხების თაობაზე ამბობს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი, დღევანდელი ამავე რანგის პოლიტიკოსის მიერ გახმოვანებული, შეიძლება, დიპლომატიური ნოტებისა და დემარშების მიზეზი გამხდარიყო. ბოლო ათწლეულში რელიგიად ქცეული „პოლიტიკური კორექტულობის“ აუცილებლობასაც ასე მძაფრად ძველად არავინ განიცდიდა.
დღეს საქართველოს ურთიერთობებში მოძმე აზერბაიჯანთან და თურქეთთან არ არსებობს რაიმე ხინჯი და მათ კეთილმეზობლობას არაფერი ემუქრება. მაგრამ წარსული საუკუნის ორმოციან წლებში შესაძლო ტერიტორიული ცვლილებების საკითხი საბჭოთა კავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ეშელონებში განიხილებოდა და იმაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუ ჩვენი საზოგადოება ამ აქტუალობადაკარგული ისტორიული ფაქტების შესახებ ინფორმირებული იქნება.
მამასთან საუბრებში, მთავარი მოქმედი პირების გარდა, არაერთი სხვა პერსონაჟიც გამოჩნდა. ზოგმა გაიელვა. ზოგი ბოლომდე გამოყვა სიუჟეტის ხაზს. ზოგმა დადებითი, ზოგმა უარყოფითი ელფერი შეიძინა. ზოგმა ერთიც და მეორეც. ადამიანები გარემოებებზე რეაგირებენ. იმ სასტიკი დროის სინამდვილე აიძულებდა მათ, შიშის ან ცდუნების ძალით, ხელისუფლების ბიზანტიურ დერეფნებში ერთმანეთი დაესმინათ ზოგჯერ თავის გადასარჩენად, ზოგჯერ დაწინაურების იმედით. ბევრი მათგანი, სხვა დროში რომ ეცხოვრა, სხვა თვისებებს გამოავლენდა, სხვაგვარად მოიქცეოდა.
არსებობდა შვილების პრობლემაც. მამების დაპირისპირება, რომელიც დღევანდელისაგან განსხვავებით, არცთუ იშვიათად ერთ-ერთის მორალური ან ფიზიკურ განადგურებით მთავრდებოდა, სამთავრობო აგარაკებსა თუ შავი ზღვის პლაჟებზე დამეგობრებულ შვილებს ურთულესი დილემის წინაშე გვაყენებდა.
პოლიტიკური მამებისა და ბიძების სახიფათო კონფლიქტები, საბედნიეროდ, სტალინურ ეპოქაში დარცა, სიმძაფრე დაკარგა ან სულაც დავიწყებას მიეცა. პოსტსტალინურ, ნაკლებად საშიშ საბჭოეთში, მიუხედავად მამებს შორის ადრე არსებული დაპირისპირებისა, კეთილი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა სტურუებთან, ბაქრაძეებთან, რუხაძეებთან, მგელაძეებთან, რაფავებთან, კარანაძეებთან და ბევრ სხვასთან. ზოგიერთ მათგანთან დღესაც ვმეგობრობ. მაგრამ ამ ეგობრობას არ შეეძლო რაიმე გავლენა მოეხდინა იმაზე, თუ როგორ წარმოვაჩენდი კანდიდ ჩარკვიანის პასუხებს ჩემს შეკითხვებზე. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, ის მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროა და ჩვენი ერისათვის საბედისწერო მოვლენათა ერთ-ერთი იშვიათი თვითმხილველი.
პოლიტიკური მოღვაწეების შვილები თავიანთ ნაწერებსა თუ ზეპირ გამოსვლებში, უმეტესწილად, ცდილობენ, მამები განადიდოდან ან მათი ქმედებები გაამართლონ. მე ამგვარ მიზანს არ ვისახავ და არც რაიმე ილუზიები მაქვს. რაკი წარმოვიდგენ 30-იანი წლების საბჭოთა კავსირის პოლიტიკურ რეალობას და ამ კონტექსტში მამაჩემის წარმატებული პარტიული კარიერის ელვისებურად აღმავალ ტრაექტორიას, ეჭვი არ მეპარება, რომ მაშინაც და შემდეგაც მას არაერთ მორალურ კომპრომისზე მოუხდებოდა წასვლა. და მაინც, ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: კანდიდ ჩარკვიანის შვილობას ჩემთვის პრობლემა არასდროს შეუქმნია. პირიქით, ცხოვრებას მხოლოდ მიადვილებდა. ორიოდ გამონაკლისის გარდა, მასზე აუგი არავის უთქვამს, ქება კი მრავლად მომისმენია და ახლაც მესმის, ალბათ იმის გამო, რომ, იმ პრაქტიკულად უალტერნატივო სიტუაციებში, თუკი მიეცემოდა არჩევანის მინიმალური საშუალებაც კი, იგი ნიადაგ ისეთ გადაწყვეტილებას იღებდა, რომელსაც ზოგადსაკაცობრიო ეთიკის თვალსაზრისით უფრო გამართლებულად მიიჩნევდა. ეს კი იმიტომ ხდებოდა, რომ კანდიდ ჩარკვიანი ბუნებით ჰუმანური, კეთილი ადამიანი იყო.
ბოლო ინტერვიუ მამაჩემისაგან 1992 წლის მარტში ავიღე. იგი უკვე 86 წლის იყო. მეგონა, მთავარი თემები ამოვწურე. მას შემდეგ მრავალი ახალი შეკითხვა გამიჩნდა, რომლებსაც პასუხი აღარასოდეს გაეცემა. მაგრამ ის, რისი მიღებაც მისგან შევძელი, უთუოდ დაგვეხმარება წარსულის უკეთ გააზრებაში. ეს კი, დამეთანხმებით, საჭირო საქმეა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც ისტორიული ფაქტებით მანიპულირება ლამის ყოველდღიურ რუტინად იყო ქცეული და, რეციდივების სახით, დღესაც გვახსენებს თავს.
გამომცმელობა „არტანუჯი“, 2013წ.