საიმონ სებაგ მონტეფიორე - სტალინი წითელი მეფის კარი
იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი არ დაბადებულა 1879 წლის 21 დეკემბერს, ანუ როგორც ოფიციალურად იყო რეგისტრირებული. სოსო დაიბადა ერთი წლით ადრე, 1878 წლის 6 დეკემბერს, პატარა ქოხში (რომელიც დღემდე არსებობს), ბესარიონის, იგივე ბესოს და ეკატერინეს, იგივე კეკეს (ქალიშვილობაში გელაძე) ოჯახში.
ისინი ცხოვრობდნენ მდინარე მტკვარზე გაშენებულ პატარა ქალაქ გორში, რომანტიკული, მთაგორიანი და სრულიად არარუსული პატარა ქვეყნის - საქართველოს პროვინციაში. ეს ქვეყანა ათასობით მილითაა დაშორებული ცარიზმის სამშობლოს დედაქალაქიდან და ბაღდადთან უფრო ახლოს მდებარეობს, ვიდრე სანკტ-პეტერბურგთან.* დასავლელები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რამდენად თვითმყოფადი იყო ეს დამოუკიდებელი სამეფო ათასწლეულების მანძილზე თავისი უძველესი ენით, ტრადიციებით, სამზარეულოთი და ლიტერატურით, ოღონდ ის რუსეთმა ყლუპებით შთანთქა 1801-1878 წლებში. ეს ქვეყანა, თავისი მზიანი კლიმატით, სისხლის აღების წესით, სიმღერებითა და ვენახებით სიცილიას უფრო ჰგავს, ვიდრე ციმბირს.
სოსოს მამა ერთი მოძალადე, ლოთი, ნახევრად მაწანწალა მეწაღე იყო, რომელიც გამეტებით სცემდა შვილსაც და კეკესაც. როგორც მოგვიანებით სტალინმა განაცხადა, არც დედამისი ჩამორჩებოდა ქმარს და უწყალოდ ულაწუნებდა. სოსომ ერთხელ ხანჯალიც კი ესროლა მამამისს. სტალინი იხსენებს, როგორ მიჰყოფდნენ ხოლმე ხელს ღრეობას ბესო და მისი მოძღვარი, ჩარკვიანი, რასაც გააფრთებამდე მიჰყავდა კეკე: “მამაო, ნუ გამილოთებ ქმარს, ოჯახი დამენგრევა”, - ეუბნებოდა მღვდელს. ბოლოს კეკემ ვეღარ გაუძლო და ბესო სახლიდან გააგდო. სტალინი ამაყობდა დედამისის “ძლიერი ნებისყოფით”. მოგვიანებით, როცა ბესომ ძალით წაიყვანა სოსო თბილისში და მეწაღის შეგირდად ამუშავებდა, კეკეს მღვდლები დაეხმარნენ, რომ შვილი უკან დაებრუნებინა.
სტალინის დედა სარეცხს ურეცხავდა ადგილობრივ ვაჭრებს. იგი ღვთისმოშიში იყო, რის გამოც დაუახლოვდა მღვდლებს და მათი მხარდაჭერითაც სარგებლობდა, თუმცა, ამავდროულად, ის ერთობ მიწიერი და ენერგიით სავსე ქალი იყო, რის გამოც, შესაძლოა, დაეშვა გარკვეული კომპრომისები, რაც ზოგადად მაცდუნებელია ღარიბ-ღატაკი მარტოხელა დედისთვის, და თავისი დამქირავებლების სატრფიალო შემოთავაზებებით ესარგებლა. სწორედ ამან ჩაუყარა საფუძველი იმ ჭორებს, რასაც უმამოდ გაზრდილ ცნობილ ადამიანებს მოუგონებენ ხოლმე. შესაბამისად, შესაძლებელია, სტალინის მამა ყოფილიყო მისი ნათლია, სასტუმროს მდიდარი მეპატრონე, ოფიცერი და მოყვარული მოჭიდავე, კობა ეგნატაშვილი. სტალინი მფარველობდა ეგნატაშვილის ორ ვაჟს, რომლებიც მის მეგობრებად დარჩნენ სიცოცხლის ბოლომდე და სიბერეში ხშირად იხსენებდნენ თავიანთი მამის, ეგნატაშვილის საჭიდაო ხელოვნებას. ყველაფრის მიუხედავად, ზოგჯერ უნდა დაუშვა ის აზრი, რომ დიდი ადამიანები საკუთარი მამების შვილები არიან. სტალინი ტრაბახობდა ხოლმე, რომ წერა-კითხვას ხუთი წლის ასაკში დაეუფლა მღვდელ ჩარკვიანის მოსმენით, როცა ის მოსწავლეებს ანბანს ასწავლიდა. ეს ხუთი წლის ბავშვი თურმე მოძღვრის ცამეტი წლის გოგოს კითხვაში ეხმარებოდა.
1888 წელს ის გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, ხოლო 1894 წელს წარმატებით მოიპოვა “ხუთმანეთიანი სტიპენდია” თბილისის - საქართველოს დედაქალაქის - სასულიერო სემინარიაში. სტალინმა მოგვიანებით გაუმხილა თავის ერთ მესაიდუმლეს: “მამაჩემმა შეიტყო, რომ სტიპენდიასთან ერთად, საეკლესიო გუნდში სიმღერითაც ვშოულობდი ფულს (თვეში ხუთ მანეთს) და ერთხელ გარეთ დამხვდა”.
“ვაჟბატონო, - მითხრა ბესომ, - დაგავიწყდა, მამა რომ გყავს? სამი მანეთი მაინც მომეცი, დედაშენივით ძუნწი ნუ ხარ”.
“ნუ ყვირი, - უპასუხა სოსომ, - ახლავე თუ არ წახვალ, ზედამხედველს დავუძახებ!”
ბესო გაიძურწა. სავარაუდოდ, ის ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა 1909 წელს.
სტალინი ზოგჯერ ფინანსური დახმარების მიზნით დედამისს ფულს უგზავნიდა, და თან გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებდა კეკესთან, რომლის ცივი გონება და მკაცრი დისციპლინა ძალიან ჰგავდა მისას. ბევრი მცდარი ფაქტი არსებობს სტალინის ბავშვობის შესახებ, თუმცა ერთი რამ ცხადია: ღარიბ, მღვდლის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ გაზრდილი ბავშვის სული დამახინჯებული იყო ძალადობით, დაუცველობის გრძნობითა და ეჭვიანობით, მაგრამ, ამასთან ერთად, შთაგონებული იყო ადგილობრივი ტრადიციებით, რელიგიური დოგმატიზმით, შურისძიებითა და რომანტიკულ-თავზეხელაღებული თავგადასავლებით. “სტალინს არ სიამოვნებდა თავის ბავშვობასა და მშობლებზე საუბარი”. პრინციპში, აზრი არცა აქვს მისი ფსიქოლოგიის ზედმეტ გაანალიზებას. უემოციოსა და თანაგრძნობის უნარმოკლებულს ზემგრძნობიარე “საცეცები” ჰქონდა. არანორმალური რომ იყო, სტალინი თვითონვე ხვდებოდა, რადგან პოლიტიკოსები იშვიათად არიან ნორმალურნი. “ისტორია სავსეა არანორმალური ადამიანებით”, - წერდა ის მოგვიანებით.
***
მხოლოდ ლენინი ხვდებოდა, რომ მის ყველაზე უფრო სავარაუდო შემცვლელად სტალინი გამოიკვეთა, ამიტომ მან დაიწყო საიდუმლო კარნახი ანდერძისა, რომელშიც პარტიიდან მის გაშვებას მოითხოვდა. 1924 წ. 21 იანვარს ლენინს მეორედ დაეცა დამბლა და გარდაიცვალა. პროლეტარიატის ბელადისა და მისი ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ, სტალინი სათავეში ჩაუდგა ლენინის გაფეტიშებას და მისი ბალზამირებული გვამი წმინდანივით დაასვენებინა წითელი მოედნის მავზოლეუმში. სტალინმა მიისაკუთრა საყოველთაო გმირად აღიარებული ბელადი, რომ მის საფუძველზე საკუთარი ძალაუფლება აღემართა.
ერთადერთი კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა ჩამორთმეული ლენინისთვის, ჰიტლერისთვის, ჰიმლერისთვის, გერინგისთვის, რუზველტისთვის და ჩერჩილისთვის, იყო მოლოტოვი - სტალინის უახლოესი მოკავშირე. მეტსახელი “ქვის უკანალი” დაუცხრომელი ნაყოფიერი მუშაობის გამო დაერქვა. მოლოტოვს მოსწონდა, როცა ხალხს უხეშად აძლევდა შენიშვნას და შეახსენებდა მათ, რომ ფაქტობრივად, თვითონ ლენინმა შეარქვა მეტსახელი “რკინის უკანალი”. პატარა, ჩასკვნილი, გამობერილი შუბლით, ჟრუანტელისმომგვრელ მოთაფლისფრო თვალებს ახამხამებდა სათვალის მრგვალჩარჩოიან შუშებს მიღმა. გაბრაზებისას ენა ებმოდა (იგივე მოსდიოდა სტალინთან საუბრისას).
სტალინი ნადიას უჯერებდა. ქალმა გაიცნო ერთი დიდყურა, ჩასუქებული ახალგაზრდა, მოუქნელი ყმაწვილი, დონეცკის მაღაროს ხელოსანი, ხრუშჩოვი. ის მას აკადემიაში შეხვდა, სადაც ეს უკანასკნელი ენერგიულად ებრძოდა ოპოზიციას. ნადიამ მას რეკომენდაცია გაუწია სტალინთან, რომელმაც გზა გაუკაფა კარიერისკენ. ეს ახალგაზრდა ჩინოვნიკი რეგულარულად იმყოფებოდა სადილზე ბელადთან და ნადიასთან ერთად. სტალინს ყოველთვის მოსწონდა ხრუშჩოვი, ნაწილობრივ, ნადიას რეკომენდაციის გამო. ხრუშჩოვი იხსენებს: “როგორ შემოვრჩი იქაურობას? - ჩემი ლატარიის ბილეთით”. ის უბრალოდ ვერ იჯერებდა, რომ “სტალინი, ეს ნახევრადღმერთი, რომელსაც ის ეთაყვანებოდა და რომელიც “იცინოდა და ოხუნჯობდა”, ასე თავმდაბლურად ექცეოდა
როგორც მოგვიანებით ბერიამ, საიდუმლო პოლიციის დაწინაურებულმა ქართველმა აგენტმა, თქვა: “როცა ჩვენ, ბოლშევიკებს რაიმეს გაკეთება გვინდა, ყველაფერზე ვხუჭავთ თვალებს”
“მე თვითონ მივიღე მონაწილეობა სოფლების ჩხრეკაში დამალული ხორბლის ამოსაღებად, - წერდა ერთი ახალგაზრდა აქტივისტი, ლევ კოპელევი, - დავუცარიელე მოხუცებს განჯინები, ყურად არ ვიღე არც ბავშვების ტირილი და არც ქალების მოთქმა-ვედრება... მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ვახორციელებდი სოფლის აუცილებელ და დიდებულ ტრანსფორმაციას”
“მას არ ენდობოდნენ, მაგრამ ის იყო კაცი, რომელსაც თავისი პარტია ენდობოდა, - აცხადებდა ბუხარინი, - ის ერთგვარი სიმბოლოა პარტიისა, მას დაბალი ფენა ენდობა”. ყველასგან გამოირჩეოდა საიდუმლო პოლიციის მომავალი შეფი, ბერია, “უაღრესად ინტელიგენტური”, პოლიტიკური “გენიოსი”. არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, უხეში ადამიანი იყო ის, თუ მომხიბლავი, “თავისი ინტელექტის წყალობით მას დიდი გავლენა ჰქონდა გარშემო მყოფებზე”. ბერია მხოლოდ მაღალჩინოსნებთან ურთიერთობით არ შემოიფარგლებოდა, იგი ახალგაზრდა ჩინოვნიკებსაც მფარველობდა, რომელთა შორისაც მუდმივად ეძიებდა უფრო გამძლე, უფრო ერთგულ და მოუღალავ ლეიტენანტებს. მისი ნახვა ყოველთვის შესაძლებელი იყო: “მე ბედნიერი ვიქნები, მიგიღოთ და დაგეხმაროთ”, - ხშირად პასუხობდა ის თხოვნებს. ოფიციალური პირები მისი მეშვეობით პირდაპირ სტალინთან ხვდებოდნენ. ქვემდგომი პირები მას ზურგს უკან “хозяйн”-ს ეძახდნენ, რაც ითარგმნება, როგორც უფროსი, მაგრამ ამ სიტყვას გაცილებით მეტი დატვირთვა აქვს, ის ნიშნავს “პატრონსა და მფლობელს”. ნიკოლოზ მეორე საკუთარ თავს სწორედ რუსული მიწების “хозяйн”-ს ეძახდა. როცა სტალინმა ვიღაცისგან შემთხვევით მოისმინა ეს სიტყვა, ის “შესამჩნევად გაღიზიანდა” მისი ფეოდალური მნიშვნელობის გამო: “ეს სიტყვა ისე ჟღერს, როგორც შუა აზიის მიწათმფლობელი. სულელურია!”
“ამხანაგებო, თქვენ არ უნდა გქონდეთ ეჭვი, რომ მზად ვარ, მუშათა კლასს შევწირო მთელი ჩემი ძლიერება, მთელი ჩემი შესაძლებლობები და თუკი საჭირო გახდება - ჩემი საკუთარი სისხლიც უკანასკნელ წვეთამდე, - სწერდა ის პარტიას ლიდერად მისი ერთხმად არჩევის სამადლობელად, - თქვენს მოლოცვებს მე მივაწერ იმ დიდ პარტიას... რომელმაც მე წარმომშვა და აღმზარდა თავის ხატად და მსგავსად”. აი, ასეთს ხედავდა იგი საკუთარ თავს
ერთხელ, როცა კარის მომღერალი, ტენორი კოზლოვსკი კრემლში გამოდიოდა, პოლიტბიურომ მისგან რაღაც კონკრეტული სიმღერის შესრულება მოითხოვა. “რატომ ახდენთ ზეწოლას ამხანაგ კოზლოვსკიზე? - ჩაერია სტალინი მშვიდად, - აცადეთ, იმღეროს, რაც უნდა, - და პაუზის შემდეგ განაგრძო: - მე მგონი, ლენსკის არიის შესრულება უნდა “ონეგინიდან”. ყველას გაეცინა და კოზლოვსკიც იძულებული გახდა, მორჩილად შეესრულებინა ის არია
როცა ლიდერები ბრიუხანოვს აკრიტიკებდნენ, სტალინმა მისწერა ვალერი მეჟლაუკს, რომელსაც მიმართა “გოსპლანის” - ეკონომიკის დაგეგმარების სააგენტოს სახელით: “ყველა ახალი, ჩადენილი და მომავალი ცოდვისთვის ჩამოკიდებულ იქნას კვერცხებით. თუ მაგარი კვერცხები ექნება და გაუძლებს, ეპატიოს და უდანაშაულოდ ჩაითვალოს, მაგრამ თუ ვერ გაუძლებს, გადაგდებულ იქნას მდინარეში”. მეჟლაუკი გაწაფული კარიკატუ რისტი იყო და უმალ დახატა კონკრეტული წამების სურათი სათესლე ჯირკვლებითა და ა. შ. ყველა ხარხარებდა, მაგრამ ბრიუხანოვი ჯერ გარიცხეს და შემდეგ გაანადგურეს.
“იოსებ ბესარიონოვიჩს უყვარდა ბუნებაში გასვლა, - წერდა ვოროშილოვა თავის დღიურებში, - ის მანქანით ამოდიოდა და ჩვენ მოვკალათდებოდით ხოლმე რომელიმე პატარა მდინარის ნაპირზე, ვანთებდით ცეცხლს, ვწვავდით მწვადებს, ვმღეროდით და ვხუმრობდით”.
ოცდათორმეტი წლის ბერია 1918 წლის ლიდერთა განსახიერება იყო, თუმცა უფრო მეტი განათლება ჰქონდა მიღებული, ვიდრე მასზე უფროს, პირველი თაობის ბოლშევიკ ხელმძღვანელებს, როგორებიც, მაგალითად, ორმოცდაათ წელს გადაცილებული სტალინი და კალინინი, ანდა მეორე თაობის - ორმოც წელს მიღწეული მიქოიანი და კაგანოვიჩი იყვნენ. ამ უკანასკნელის მსგავსად, ბერიაც პაექრობის ჟინით იყო შეპყრობილი - ეს დაუცხრომელი სპორტსმენი ქართულ საფეხბურთო გუნდში მარცხენა ფლანგზე თამაშობდა და პარალელურად, ჯიუჯიცუში ვარჯიშობდა.
ადგილობრივი ხელმძღვანელობა აშკარად ეწინააღმდეგებოდა ბერიას დაწინაურებას, მათ მოახერხეს ამ კაცის გადაყვანა ღრმა პროვინციაში, მაგრამ იგი სტალინმა იხსნა და მანვე განმარტა ბერიას კარიერის არსი: “ის მანამდე წყვეტს საკითხებს, სანამ “ბიურო” ქაღალდებში იქექება”.
***
1932 წლის 26 ოქტომბერს საგანგებოდ შერჩეული ორმოცდაათი ელიტარული მწერალი საიდუმლოდ დაპატიჟეს არტ-დეკოს სტილში აგებულ კერძო სახლში, რომელიც იმდროინდელ ცოცხალ კლასიკოს მწერალს, მაქსიმ გორკის ეკუთვნოდა. მაღალი, დაძაბუნებული, ჭაღარაულვაშებიანი გორკი, მაშინ უკვე სამოცდაოთხი წლის, სტუმრებს კიბესთან შეხვდა. სასადილო ოთახში თეთრსუფრაგადაფარებული მაგიდები იდგა. ყველა იქ მყოფი გულათრთოლებული ელოდა ბელადს. სტალინი მოლოტოვთან, ვოროშილოვსა და კაგანოვიჩთან ერთად მივიდა. პარტია ისეთი სერიოზულობით ეკიდებოდა ლიტერატურას, რომ მაღალჩინოსნები პირადად უწევდნენ რედაქტირებას ცნობილი მწერლების ნაწარმოებებს. მცირე მოკითხვის შემდეგ სტალინი და მისი ამხანაგები ბოლო მაგიდასთან დასხდნენ, გორკისთან ერთად. ბელადს ღიმილი ჩამოერეცხა და საუბარი ახალი ლიტერატურის შექმნის თაობაზე წამოიწყო....ისეთი დიდი მწერლებიდან, როგორებიც იყვნენ ახმატოვა, მანდელშტამი, პასტერნაკი, ბულგაკოვი და ბაბელი, არც ერთი იქ არ მიუპატიჟებიათ. მხოლოდ შოლოხოვი დაპატიჟეს. სტალინი აფასებდა მის “დიდებულ მხატვრულ ოსტატობას”....
“ყრილობის პერიოდში მუშაობით ვიყავი დაკავებული, - წერდა სტალინი გორკის 1930-ში მეგობრული, გულახდილი ტონით, - ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და წერა შემიძლია. ეს, რა თქმა უნდა, კარგი საქციელი არაა, მაგრამ უკვე გვაქვს შესაძლებლობა, გამოვასწოროთ დანაშაული. “არ არის დანაშაული, არ იქნება მონანიება, არ იქნება მონანიება, არ იქნება ხსნა”. ამბობენ, პიესას წერ ავაზაკებზე და ახალი მასალა გჭირდება. მე გიგროვებ ამ მასალას და გამოგიგზავნი... როდის ჩამოხვალ საბჭოთა კავშირში?” სტალინი გორკის ისე ექცეოდა, თითქოს ის საბჭოთა მთავრობის წარმომადგენელი ყოფილიყო. მოლოტოვის დასაწინაურებლად კონსულტაცია მასთან გაიარა. პასუხის დაგვიანების შემთხვევაში სტალინი ებოდიშებოდა გორკის თავისი “ღორული” საქციელის გამო.
...
სტალინს მოსწონდა გორკი. “გორკი აქ იყო, - სწერდა იგი ვოროშილოვს დაუთარიღებელ წერილში, - ათას რამეზე ვისაუბრეთ. კარგი, ჭკვიანი, მეგობრული პიროვნებაა. მას მოსწონს ჩვენი პოლიტიკა. ყველაფერი ესმის... პოლიტიკაში ის ჩვენს მხარესაა მემარჯვენეების წინააღმდეგ”. სტალინი მშვენივრად ხვდებოდა, რომ გორკის მოსყიდვა სავსებით შესაძლებელი იყო. 1932 წელს ბელადმა ბრძანება გასცა, გორკის ლიტერატურული მოღვაწეობის ორმოცდაათი წლისთავი აღენიშნათ. მის მშობლიურ ქალაქს - ნიჟნი-ნოვგო როდს სახელი გადაარქვეს და გორკი უწოდეს. იგივე მოხდა მოსკოვის ერთ-ერთ მთავარ ქუჩასთან - ტვერსკაიასთან დაკავშირებითაც. როცა სტალინმა მოსკოვის ხელოვნების თეატრსაც მწერლის სახელი უწოდა, ლიტერატურულმა ბიუროკრატმა, ივან გრონსკიმ გააპროტესტა: “კი, მაგრამ, ამხანაგო სტალინ, მოსკოვის ხელოვნების თეატრი ჩეხოვთან უფრო ასოცირდება”. “ამას მნიშვნელობა არა აქვს. გორკი თავმომწონე კაცია. ჩვენ ის ბაგირებით უნდა დავაკავოთ პარტიაში”, - უპასუხა სტალინმა. ბელადის მცდელობამ გაამართლა: კულაკების ლიკვიდაციის პერიოდში გორკიმ გამოამჟღავნა თავისი სიძულვილი გლეხებისადმი გაზეთ “პრავდაში”. “თუ მტერი არ გემორჩილება, ის უნდა მოსპო”. მწერალი ეწვია საკონცენტრაციო ბანაკებსაც და დიდად მოიწონა მათი “გამოსასწორებელი” დანიშნულება. იგი ასევე მხარს უჭერდა მო ნური შრომის პროექტებს, როგორიც, მაგალითად, იყო ბელომორის არხის მშენებლობა. ეს ადგილი მან იაგოდასთან ერთად მოინახულა და მიულოცა კიდეც მას: “თქვენი ტლანქი მუშები ვერ აცნობიერებენ, რა დიდებულ საქმეს აკეთებთ”.
...
თავიდან სტალინი ავბედითად ათამაშებდა ხელში მარგალიტით მოოჭვილ ჯაყვას, უცებ “კუშტი” სახე მიიღო და “ფოლადშერეული” ხმით განაცხადა: “ხელოვანმა უნდა ასახოს ცხოვრების სინამდვილე და თუკი ასახავს ამ სინამდვილეს, მას არ გაუჭირდება იმის ჩვენება, რომ ცხოვრება სოციალიზმისაკენ მიემართება. ეს არის და იქნება სოციალისტური რეალიზმი”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მწერლები ვალდებულნი იყვნენ, ეწერათ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ცხოვრება, - ეს, რა თქმა უნდა, იქნებოდა პანეგირიკი უტოპიურ მომავალზე და არა ის, რაც სინამდვილეში ხდებოდა. გარდა ამისა, ეს იქნებოდა გარკვეულწილად ფარსიც, რაც, ჩვეულებისამებრ, ვოროშილოვის მიერ ყოვლად გაუცნობიერებლად იყო შემოთავაზებული.- თქვენ ქმნით იმ საქონელს, რაც ჩვენ გვჭირდება, - თქვა სტალინმა, - ეს უფრო მეტადაა საჭირო, ვიდრე მანქანები, ტანკები, თვითმფრინავები. ჩვენ ადამიანთა სულები გვესაჭიროება
***
“ის უსაზღვროდ ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე”, - ამბობდა მოლოტოვი. სტალინის ბიბლიოთეკა 20000 კარგად დამუშავებული ტომისგან შედგებოდა. “თუ გინდა, კარგად იცნობდე შენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, გამოარკვიე, რას კითხულობენ ისინი”, - ამბობდა სტალინი. სვეტლანა ამ ბიბლიოთეკაში გაეცნო წიგნებს, იესოს ცხოვრებიდან მოყოლებული, გოლზუორთის, უაილდის, მოპასანის, შემდგომში - სტეინბეკისა და ჰემინგუეის რომანების ჩათვლით. სტალინის შვილიშვილს ხშირად უნახავს, თუ როგორ კითხულობდა ბელადი გოგოლს, ჩეხოვს, ჰიუგოს, თეკერეისა და ბალზაკს. ხანში შესული, ის ხელახლა მიუბრუნდა გოეთეს. იგი “თაყვანს სცემდა” ზოლას.ის სერიოზულად კითხულობდა წიგნებს, აკეთებდა შენიშვნებს, სწავლობდა ციტატებს, მონდომებული სტუდენტივით ტოვებდა მინაწერს ნებისმიერი წიგნის ფურცლების კიდეებზე - ანატოლ ფრანსიდან დაწყებული, “ანტიკური საბერძნეთის ისტორიის” ჩათვლით. როგორც მოლოტოვი იხსენებს, მან “კარგად იცოდა ანტიკური ისტორია, მითოლოგია”. მას შეეძლო, ციტირება მოეხდინა ბიბლიიდან, ჩეხოვის ნაწარმოებებიდან, “ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკიდან”, ასევე, ნაპოლეონის, ბისმარკისა და ტალეირანის გამონათქვამებიდან. სტალინმა იმდენად კარგად იცოდა ქართული ლიტერატურა, რომ რთულად გასაგები პოეზიის შესახებ შეეძლო ეკამათა თვით ფილოსოფოს შალვა ნუცუბიძესთან, რომელმაც დიდი ხნის შემდეგ, როცა სტალინი უკვე აღარ იყო “ღმერთი”, თქვა, რომ მის რედაქტორულ კომენტარებს ბადალი არ მოეპოვებოდაო. ბელადი თავის ახლობლებს ხმამაღლა უკითხავდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს - ხშირად უბრუნდებოდა სალტიკოვშჩედრინს ანდა შუა საუკუნეების ქართველი პოეტის - რუსთაველის ეპიკური პოემის, “ვეფხისტყაოსნის” ახალ გამოცემას. ის აღფრთოვანებული იყო რომანით “უკანასკნელი მოჰიკანი” და ერთხელ გააოცა კიდეც ახალგაზრდა მთარგმნელი, როცა წითელკანიანი ინდიელივით მიესალმა: “დიდი ბელადი გესალმება, მკრთალსახიანო!”
იგი მოხიბლული იყო “დიდი ფსიქოლოგი” დოსტოევსკით, მაგრამ აკრძალა მისი ნაწარმოებები “ახალგაზრდებზე ცუდი გავლენის” გამო. მას იმდენად მოსწონდა ლენინგრადელი სატირიკოსის, მიხეილ ზოშჩენკოს მოთხრობები, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მათში გაქილიკებული იყო საბჭოთა ბიუროკრატია, თავის ბიჭებს, ვასილისა და არტიომს მაინც უკითხავდა ნაწყვეტებს ამ მწერლის ნაწარმოებებიდან და ერთად იცინოდნენ: “აი, ამ ადგილას ამხანაგ ზოშჩენკოს გაახსენდა ГПУ და ფინალიც შეცვალა”, - ასეთი ხუმრობა სასტიკი ცინიზმისა და შავი იუმორის ნაჯვარს წარმოადგენდა. სტალინი აღიარებდა, რომ მანდელშტამი, პასტერნაკი და ბულგაკოვი გენიოსები იყვნენ, მაგრამ მათი ნაწარმოებები აკრძალა. ბულგაკოვი და პასტერნაკი არ დაუპატიმრებია, რადგან მიაჩნდა, რომ ისინი თავისებურები იყვნენ და მათი ატანა შესაძლებელი იყო. მაგრამ ვაი მას, გენიოსი იქნებოდა იგი თუ უნიჭო, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებდა სტალინის პიროვნებას ან პოლიტიკას, რადგან ეს ორი რამ მისთვის განუყოფელი იყო. ბრწყინვალე იყო სტალინის კომენტარები ისეთი ოსტატის შემოქმედებაზე, როგორიცაა ბულგაკოვი. სამოქალაქო ომზე შექმნილი პიესა “ტურბინების დღეები”, რომელიც ეფუძნებოდა მისივე რომანს - “თეთრი გვარდია”, სტალინის საყვარელი პიესა იყო. მან ეს სპექტაკლი თხუთმეტჯერ ნახა. როცა ბულგაკოვის პიესას - “გაფრენა” შეუტიეს, როგორც “ანტისაბჭოთას და მემარჯვენეს”, სტალინმა თეატრის დირექტორს მისწერა: “არ არის კარგი, როცა ლიტერატურას მემარჯვენეს ან მემარცხენეს ეძახით. ეს პარტიული ტერმინებია. ლიტერატურაში შეგიძლიათ იხმაროთ: “კლასობრივი”, “ანტისაბჭოური”, “რევოლუციური” ან “ანტირევოლუციური”, მაგრამ არა მემარჯვენე ან მემარცხენე... თუკი ბულგაკოვი იმ რვა სიზმარს ერთს ან ორს კიდევ დაამატებდა, აღმოაჩენდა სამოქალაქო ომის ინტერნაციონალურ და სოციალურ შინაარსს და მაყურებელიც მიხვდებოდა, რომ პატიოსანი “სერაფიმა” და პროფესორი რუსეთიდან განდევნილნი არიან არა ბოლშევიკების კაპრიზის გამო, არამედ იმიტომ, რომ ხალხის კისერზე ისხდნენ. ადვილია, გააკრიტიკო “ტურბინების დღეები”, ადვილია, უარი თქვა მასზე, მაგრამ კარგი პიესის დაწერა ძალიან რთული საქმეა. პიესის ფინალით გამოწვეული შთაბეჭდილება სასარგებლოა ბოლშევიზმისთვის”. როცა ბულგაკოვს წერა აუკრძალეს, მან დასახმარებლად მიმართა სტალინს, რომელმაც, თავის მხრივ, დაურეკა მწერალს და უთხრა: “ვეცდები, რამე მოგიხერხო”.
“ის საკმაოდ ჭკვიანი იყო საიმისოდ, რომ სცოდნოდა - ადამიანები ყოველთვის ვიღაცის დასასჯელად იკლავენ თავს...” - წერდა მისი ქალიშვილი, სვეტლანა
სტალინი და კიროვი “ღვიძლი ძმებივით იყვნენ. ერთმანეთს ამასხარავებდნენ, უხამს ანეკდოტებს ჰყვებოდნენ და გულიანად იცინოდნენ, - იხსენებს არტიომი, - დიდი მეგობრები იყვნენ, ნამდვილი ძმები და მათ ერთმანეთი სჭირდებოდათ”.
სტალინი სერგოს ისე ექცეოდა, როგორც უმცროს, ურჩ ძმას: “შენ ამ კვირაში პრობლემები შექმენი, - ამ სტილში სწერდა ხოლმე სტალინი მას, - და წარმატებასაც მიაღწიე. უნდა მოგილოცო თუ არა?” ზოგჯერ ასე სწერდა: “ხვალ შეხვედრაა ბანკის რეფორმასთან დაკავშირებით. მომზადებული ხარ? მზად უნდა იყო”. როცა სტალინი მას ტუქსავდა, თან დაუმატებდა ხოლმე: “არ გამიწყრე უხეშობისთვის... თუმცა, გამიწყერი რამდენიც გინდა”. ხელს ყოველთვის აწერდა სახელით “კობა”. სერგო თავის ბარათებში თითქმის ყოველთვის წინააღმდეგობას უწევს ბელადის გადაწყვეტილებებს. “ძვირფასო სოსო, - ებუზღუნება ის ერთ წერილში, - ნუთუ ახალი რუსეთი ამერიკელების მიერ შენდება?” ის თავს უფლებას აძლევდა, სტალინისთვის ინსტრუქციებიც კი მიეცა: “სოსო, მათ უნდათ კაგანოვიჩის სამოქალაქო ავიაციაში გაშვება... მისწერე მოლოტოვს და კაგანოვიჩს, არ გააკეთონ ეს!”
პოეტ ანა ახმატოვას გამონათქვამი რომ მოვიშველიოთ, “ვეგეტარიანული წლები” მთავრდებოდა და “ხორცისმჭამელთა” წლები იწყებოდა. 30 ივნისს გერმანიის ახლად არჩეულმა კანცლერმა, ადოლფ ჰიტლერმა, თავისი ნაცისტური პარტიის შიგნით მყოფი მტრები ამოხოცა. “გრძელი დანების ღამედ” წოდებულმა ამ “გმირულმა ქმედებამ” ძალიან მოხიბლა სტალინი. “გაიგე, რა მოხდა გერმანიაში? - ჰკითხა მიქოიანს, - ის ვიღაც ჰიტლერი! ბრწყინვალეა! ესეც გარკვეულწილად გმირობაა!”
უცებ სტალინმა თავის უახლოეს მეგობარს მიმართა: “აი, მე და შენ ერთად ვართ აქ. ეს მამრეს მუხის ხეა”, - და თან ხეზე მიუთითა. ჟდანოვმა ბიბლიიდან იცოდა, რომ სწორედ მამრეს მუხის ქვეშ შეკრიბა მაცხოვარმა მოციქულები.
როცა მწერალმა მიხეილ შოლოხოვმა გააკრიტიკა ლიდერის ქება-დიდება, სტალინმა ცბიერი ღიმილით უპასუხა: “რა ჩემი ბრალია. ხალხს ღმერთი სჭირდება”.
ცნობილი ბოლშევიკების სიკვდილის შემდეგ მათი ტვინის შესწავლა რაციონალური სამეცნიერო რიტუალის ნაწილი გახდა. ლენინს ტვინი ამოუღეს და დაიწყეს მისი შესწავლა ტვინის სამეცნიერო ინსტიტუტში. გორკის გარდაცვალების შემდეგ მისი ტვინიც იქ წაიღეს. ეს ფაქტი აშკარად წარმოადგენს მეცნიერული მარქსიზმის მიერ, მირაბოსა და პოტიომკინთან დაკავშირებული ტრადიციის დამახინჯებას, როცა მათი გულები ცალკე დამარხეს. მაგრამ გულების დრო უკვე დასრულებულიყო.
როცა პარფიუმერიული მრეწვე ლობის უფროსმა, პოლინა მოლოტოვამ სტალინს უთხრა, რომ მას ახალი სუნამო, “წითელი მოსკოვი” ესხა, სტალინმა შეისუნთქა არომატი და მიუგო:- ამიტომაც აგდის კარგი სუნი.- რას ამბობ, იოსებ, - ჩაერია ჟენია, - მას ხომ საერთოდ “შანელ 5”-ის სურნელი ასდის ხოლმე”.
ვასილიმ, სხვა ლიდერების შვილების მსგავსად, რომელთა შორისაც სტეფანე მიქოიანიც იყო, საარტილერიო სასწავლებელში ჩააბარა. იქაურმა მასწავლებელმაც მისწერა სტალინს წერილი, რომელშიც ჩიოდა, რომ მისი შვილი თვითმკვლელობით იმუქრებოდა. “მივიღე თქვენი წერილი ვასილის ოინების შესახებ, - მისწერა სტალინმა ვ. ვ. მარტიშინს, - გწერთ ძალიან გვიან, რადგანაც დაკავებული ვარ. ვასილი განებივრებულია, საშუალო ნიჭის, გაველურებული ბიჭია (სკვითივით ველური). ის ყოველთვის არ არის გულწრფელი, ხშირად რაღაც “წესებით” აშანტაჟებს და უტიფრად ექცევა მასზე სუსტებს... ის გააფუჭეს მომვლელებმა, რომლებიც ფეხის ყოველ ნაბიჯზე ახსენებდნენ, რომ იგი “სტალინის შვილია”. მე ვხედავ და მიხარია, რომ თქვენ კარგი მასწავლებელი ხართ, ისევე ექცევით ვასილის, როგორც სხვა ბავშვებს, და მოითხოვთ მისგან, სკოლის რეჟიმს დაემორჩილოს... თუკი ვასილის ჯერ არ დაუღუპავს თავი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან მასწავლებლები, რომლებიც არ მიდიან დათმობაზე ამა ქვეყნის ძლიერთა ჟინიან შვილებთან. ჩემი რჩევაა: უფრო მკაცრად მოექეცით ვასილის და “თვითმკვლელობის” შესახებ მისი შანტაჟიანი მუქარის არ შეგეშინდეთ. მე მხარს დაგიჭერთ...”
მართალია, სტალინი უყურადღებო შვილი იყო, მაგრამ მოვალეობის გამო მაინც სწერდა დედამისს ბარათებს: “ძვირფასო დედა, გთხოვ, წელიწადში 10000 იმყოფინე. გკოცნი. სოსო”. ის ზოგჯერ ებოდიშებოდა კიდეც: “ვიცი, იმედგაცრუებული ხარ ჩემით, მაგრამ რა ვქნა? ძალიან დაკავებული ვარ და ხშირად ვერ გწერ”. დედა ტკბილეულს უგზავნიდა, სოსო კი - ფულს, და თანაც, როგორც ვაჟი, რომელმაც მამის ადგილი დაიჭირა და ოჯახისთავი გახდა, ყოველთვის გმირის როლს თამაშობდა, რითაც თავის ცხოვრებისეული ოცნებებისა და მამაკაცურობის რეალიზაციას ახდენდა: “გამარჯობა, ჩემო დედა, ბავშვები მადლობას გიხდიან ტკბილეულისთვის. მე ჯანმრთელად ვარ, ჩემზე არ იჯავრო... მე გავუმკლავდები ჩემს ბედისწერას! მეტი ფული გინდა? გიგზავნი 500 რუბლს და ჩემი და ბავშვების ფოტოებს. ნადიას სიკვდილის შემდეგ ცხოვრება გამირთულდა, მაგრამ ძლიერი მამაკაცი მხნედ უნდა იყოს”.
სტალინმა, რომელიც მის წინ მოღიმარი სახით იჯდა, კითხვა შეუბრუნა დედამისს: “შენ რატომ მცემდი ხოლმე ასე გამეტებით?” “იმიტომაც გამოხვედი ასეთი კარგი, - უპასუხა კეკემ და მერე ჰკითხა: - იოსებ, ახლა კონკრეტულად რას საქმიანობ?” “ჰოო. მეფე გახსოვს? მეც რაღაც მაგდაგვარი ვარ”. “უკეთესი იქნებოდა, მღვდელი გამოსულიყავი”. ეს კომენტარი დიდად ესიამოვნა სტალინს.
სტალინის რეზიდენციიდან საათში ერთხელ რეკავდნენ ამბების გასა გებად. “როგორ ფიქრობ, კამენევი არ აღიარებს?” - ჰკითხა სტალინმა იაგოდას ერთ-ერთ ჩეკისტს, მირონოვს. “არ ვიცი”, - უპასუხა მირონოვმა. “არ იცი? - გაიკვირვა სტალინმა, - ის თუ იცი, რა წონა აქვს ჩვენს სახელმწიფოს თავისი ფაბრიკა-ქარხნებით, ტექნიკით, არმიით და მთელი მისი აღჭურვილობითა და ფლოტით?” მირონოვს ეგონა, სტალინი მეხუმრებაო, მაგრამ ბელადი არც კი იღიმებოდა: “დაფიქრდი ამაზე და მიპასუხე”, - მიაშტერდა მას სტალინი. “ამის თქმა არავის შეუძლია, იოსებ ბესარიონოვიჩ, ეს ასტრონომიული ციფრების სამყაროა”. “კეთილი, მაგრამ ის თუ არის შესაძლებელი, რომ ერთმა ადამიანმა გაუძლოს მაგ ასტრონომიული სიმძიმის ზეწოლას?” “არა”, - უპასუხა მირონოვმა. “ჰოდა, მაშინ... მანამდე ნუ მოხვალ ჩემთან ანგარიშის ჩასაბარებლად, სანამ მაგ ჩანთაში კამენევის აღიარება არ გექნება”
НКВД-მ საგანგებოდ გორკისთვის დაბეჭდა “პრავდის” ყალბი ეგზემპლარი იმ მიზნით, რომ მისგან დაემალათ მისი მეგობრის - კამენევის დევნის ფაქტი. მალე გორკიმ თვითონვე გააცნობიერა, რომ შინაპატიმრობში იმყოფებოდა: “მე ალყაშემორტყმული ვარ, - ლუღლუღებდა ის, - მახეში ვარ”.
კამენევმა დაასრულა აღიარება, მაგრამ მერე ისევ წამოდგა, აშკარად რაღაცის დამატება სურდა, მან მიმართა საკუთარ შვილებს, რომლებსაც სხვა გზით ვერაფრით დაუკავშირდა, და შეევედრა: “მნიშვნელობა არა აქვს, როგორ მსჯავრს გამომიტანენ, მე წინასწარ მივიჩნევ მას სამართლიანად. უკან ნუ დაიწყებთ ყურებას, წინ წადით... მიჰყევით სტალინს”, - ასე მოუწოდა მან თავის ვაჟებს. მსაჯულებმა უკან წაიღეს წინასწარ შედგენილი ვერდიქტი და აღარ განიხილეს ის. ორის ნახევარზე ყოველ მათგანს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. სწორედ ამ მომენტში ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა დაიყვირა: “გაუმარჯოს მარქსის, ენგელსის, ლენინის და სტალინის საქმეს!”
ზინოვიევმა დაიყვირა, რომ ეს “ფაშისტური შეთქმულება” იყო და ჯალათებს შეევედრა: “გემუდარებით, ამხანაგო, ღვთის გულისათვის, იოსებ ბესარიონოვიჩს დაუძახეთ! იოსებ ბესარიონოვიჩი სიცოცხლის შენარჩუნებას დაგვპირდა!” ზოგიერთი ცნობის თანახმად, ზინოვიევი ჩეკისტის ჩექმებს ეხვეოდა და ლოკავდა კიდეც. როგორც ცნობილია, კამენევმა მას შეუძახა: “ჩვენ ამას სასამართლოზე ჩვენი უღირსი საქციელის გამო ვიმსახურებთ”, - და ზინოვიევს სიმშვიდისა და ღირსეული სიკვდილისკენ მოუწოდა. ეს უკანასკნელი ისე ხმაურობდა, რომ НКВД-ს ლეიტენანტს ახლომდებარე საკანში შეუყვანია და იქვე დაუხვრეტია... ზინოვიევსა და კამენევს თავში, ზურგიდან ესროლეს.
31 ოქტომბერს ბელადი მოსკოვში დაბრუნდა, სადაც ლაკობასთან ერთად ისადილა. ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზე იყო. როცა ლაკობა აფხაზეთში ჩავიდა, ბერიამ ის თბილისში, სადილზე დაპატიჟა. ლაკობა უარზე იყო, სანამ ბერიას დედამ არ დაურეკა და დაჟინებით არ სთხოვა, ჩამოდიო. 27 დეკემბერს მათ ერთად ისადილეს, შემდეგ კი თეატრში წავიდნენ, სადაც ლაკობას გულისრევის შეგრძნება დაეუფლა. სასტუმროში დაბრუნებული, ფანჯარასთან ჩამოჯდა და ოხვრით აღმოხდა: “მომკლა ამ გველმა ბერიამ!” დილის 4 საათსა და 20 წუთზე 43 წლის ლაკობა “გულის შეტევით” გარდაიცვალა.
“ფაშისტებთან ბრძოლაში უდანაშაულო მსხვერპლიც იქნება, - დასძინა ეჟოვმა, - ჩვენ მტერზე ძირეულ იერიშს ვიწყებთ; დაე, ნურავის ეწყინება, თუ ვინმეს ჩვენი მუჯლუგუნი მოხვდება. უმჯობესია, ათი უდანაშაულო ადამიანი დაიტანჯოს, ვიდრე ერთი ჯაშუში გაგვექცეს. როცა შეშას ჩეხ, ნაფოტები აქეთ-იქით ცვივა”.
იაგოდას რეზიდენციების ჩხრეკამ (მას მოსკოვის ცენტრში ორი ბინა და მდიდრული აგარაკი ჰქონდა) მისი ქონება და, შესაბამისად, НКВД-ის ელიტის თავაშვებული ცხოვრების წესი გამოააშკარავა. იაგოდას პორნოგრაფიული კოლექცია 3 ათას 904 ფოტოსა და 11 ადრეული პორნოგრაფიული ფილმისგან შედგებოდა.... ნივთებში შემზარავი ფეტიშიზმის სიმბოლოც ერია: ორი საგანგებოდ დახარისხებული ტყვია, რომლებიც ზინოვიევისა და კამენევის ტვინებიდან იქნა ამოღებული. სულით მახინჯმა ეჟოვმა ეს ტყვიები სამოციქულო მემკვიდრეობის წმინდა რელიკვიებივით გადაიბარა და თავის კაბინეტში საგულდაგულოდ შეინახა.
სტალინმა ყვავილების გვირგვინს ქართულ ენაზე შესრულებული წარწერა მიამაგრა: “ძვირფას და უსაყვარლეს დედას, ვაჟისაგან, იოსებ ჯუღაშვილისგან”.... სტალინის დედის ბინაში სტალინის ბიუსტები და ლენინისა და სტალინის პორტრეტები ინახებოდა. მის საკუთრებაში იყო 505 მანეთის ობლიგაციები, თუმცა ხელზე 42 მანეთი და 20 კაპიკი დარჩენოდა. თავისი მეგობარი ქალებისთვის 4 ათას 533 მანეთი და 3 მანეთის ღირებულების ლატარიის ბილეთები დაეტოვებინა. მის საძინებელში იყო სიგარეტის რამდენიმე კოლოფი და კვლავ სტალინისა და, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია, ბერიას პორტრეტები.
დასახვრეტთა სახელებს არც კი აზუსტებდნენ, მხოლოდ ათასობით ადამიანის სასიკვდილო კვოტებს ადგენდნენ. 1937 წლის 2 ივლისს პოლიტბიურომ ადგილობრივ მდივნებს “ყველაზე მტრულად განწყობილი ანტისაბჭოთა ელემენტების” დაკავება და დახვრეტა უბრძანა. განაჩენი ამ “ელემენტებისთვის” სამკაციან ტრიბუნალებს, ე. წ. “ტროიკებს” გამოჰქონდათ - რომელთაც, როგორც წესი, პარტიის ადგილობრივი კომიტეტის მდივანი, პროკურორი და НКВД-ის უფროსი შეადგენდნენ.
დაიწყო თუ არა ეს ხოცვა-ჟლეტა, სტალინი საჯაროდ თითქმის აღარ გამოდიოდა, მხოლოდ ბავშვებისა და დელეგაციების მისასალმებლად თუ გამოჩნდებოდა ხოლმე. ერთხანს ჭორი გავრცელდა - სტალინმა ეჟოვის ნამოქმედარის შესახებ არაფერი იცისო. სტალინი, რომელსაც თავისი ყველა შვებულება გაეუქმებინა (1945 წლამდე ის სამხრეთში არ წასულა), საჯაროდ 1937 წელს - მხოლოდ ორჯერ, 1938-ში კი ერთხელ გამოვიდა სიტყვით. ორივე წელს 6 ნოემბრის მიმართვით მოლოტოვი წარდგა. მწერალი ილია ერენბურგი პასტერნაკთან ქუჩაში შეხვედრას იხსენებს: “ნამქერში იდგა და ხელებს იქნევდა: “ნეტავ, ვინმე ეტყოდეს სტალინს ამ ყველაფრის შე სახებ”. “სტალინს უმალავენ”, - უთქვამს ერენბურგისთვის თეატრის რეჟისორს, მეიერჰოლდს. თუმცა მათმა მეგობარმა და ეჟოვის ცოლის საყვარელმა, ისააკ ბაბელმა “ამოცანის გასაღები” იპოვა: “რა თქმა უნდა, ეჟოვი თავის წილს ასრულებს, მაგრამ სათავეში ის არ დგას”
“უდიდესი სიამოვნებაა, - უთხრა სტალინმა კამენევს, - როცა მტერს მოძებნი, ყველაფერს მოამზადებ, ბოლომდე იძიებ შურს და მერე დაიძინებ”.
1937 წლის 14 აპრილს გენერალურმა პროკურორმა, ვიშინსკიმ, პრემიერს მისწერა, რომ მისთვის ურალში, ჩელიაბინსკში კანიბალიზმის მთელ რიგ შემთხვევათა შესახებ ეცნობებინა. ერთერთი ასეთი შემთხვევა გახლდათ ერთი ქალის ამბავი, რომელმაც ოთხი თვის ბავშვი შეჭამა; მეორემ - ცამეტი და რვა წლის ბავშვები, ხოლო კიდევ ერთმა ქალმა სამი თვის შვილი შეჭამა.
“ვის ეხსომება ეს ნაძირალები ათი ან ოცი წლის შემდეგ? არავის. ვის ახსოვს დღეს იმ ბოიარების სახელები, ივანე მრისხანემ რომ მოიცილა? არავის... ხალხს უნდა სცოდნოდა, რომ ის მტრებს სათითაოდ იცილებდა თავიდან. საბოლოოდ, ყველა მათგანმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა”. “ხალხს ესმის, იოსებ ბესარიონოვიჩ, ესმის და მხარს გიჭერს”, - უპასუხია მოლოტოვს. ბელადს მიქოიანისთვისაც უთქვამს: “ივანემ მეტისმეტად ცოტა ბოიარი დახოცა. ყველა უნდა მოეკლა, რათა ძლიერი სახელმწიფო აეშენებინა”.
გვარების გასწვრივ სტალინი ინსტრუქციებს ხშირად წერდა. 1937 წლის დეკემბერში ერთ გვარს მან ასეთი განკარგულება დაურთო: “ურტყით, ურტყით!”, მეორეს კი მიაწერა: “ნუთუ არ არის დრო, გამოვწუროთ ეს ვაჟბატონი და ვაიძულოთ, თავის პატარა ჭუჭყიან საქმეზე ალაპარაკდეს? სად არის ის - ციხეში თუ სასტუმროში?”
ეჟოვი მწამებლებს ზედამხედველობას უწევდა. ამ უკანასკნელთ თავიანთი სამუშაოსთვის ჟარგონი ჰქონდათ შემოღებული: უდანაშაულო ადამიანის განადგურების პროცესს “ფრანგულ ჭიდაობას” - “Французская Борьба”-ს - უწოდებდნენ. როცა მოგვიანებით ზოგიერთი მათგანი თავად ხვდებოდა დაკითხვაზე, თვითონვე ამხელდნენ, თუ როგორ იყენებდნენ “ჟგუტს” - წნელსა და “დუბინკას” - ხელკეტს, ცხადია, უფრო ტრადიციული მეთოდების პარალელურად, როგორიც იყო ძილის პრევენცია და მუდმივი დაკითხვები, რომლებსაც თავად “კონვეიერის ლენტს” ეძახდნენ. ჩეკას წამების ხანგრძლივი ტრადიცია, მეტიც - ამის კულტი ჰქონდა.
სანამ “ეჟევიკა” - იმხანად უკვე პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატად დაწინაურებული - თავის მსხვერპლთ უმოწყალოდ ჟლეტდა, მისი ცოლი არა მხოლოდ მეგობრობდა არტისტული წრეების ვარსკვლავებთან, არამედ მათ უმრავლესობასთან იწვა კიდეც. ეჟოვას მთავარი “ლომი” მომხიბლავი ისააკ ბაბელი იყო. “როცა ხალხს “ბაბელზე” პატიჟებ, ეჭვგარეშეა, რომ ყველა მოვა”, - წერდა ბაბელის ცოლი, პიროჟკოვა.
ბერიას, რომლის ოცნებას არქიტექტორობაზე განხორციელება არ ეწერა, სტალინი დასცინოდა ხოლმე: “შენს პენსნეს უნომრო მინა აქვს და იმიტომ გიკეთია, რომ ინტელექტუალური ავტორიტეტის შთაბეჭდილება დატოვოო”.
ახლად ჩასულ ბერიებს სტალინი დიდი ხნის დაკარგული ოჯახის წევრებივით ექცეოდა. ბელადს ძალიან უყვარდა ნინა ბერია - კლასიკური სილამაზის ქერა ქალბატონი, და მას მუდამ, “როგორც თავის ქალიშვილს”, ისე ეპყრობოდა. როცა საქართველოს ცეკას ახალი მდივანი, კანდიდ ჩარკვიანი, ბერიასთან სადილად დაპატიჟეს, უეცრად ტელეფონის ზარი გაისმა და სახლშიც უეცრად ფუსფუსი ატყდა. “სტალინი მოდის!” - უთქვამს ნინას და გამალებით დაუწყია ქართული კერძების მომზადება. რამდენიმე წუთის შემდეგ ოთახში სტალინმა შემოაბიჯა. ქართულ სუფრაზე სტალინი და ბერია ერთად მღეროდნენ.
ჩინეთის საზღვართან სტალინმა ებრაელებისათვის “სამშობლო” ბირობიჯანი დააარსა და ასე ტრაბახობდა: “მეფემ არ არგუნა, მაგრამ ჩვენ ებრაელებს მიწა მივეცითო”.
20 აგვისტოთი დათარიღებულ დეპეშაში ფიურერი სტალინს მიმართავდა: “ძვირფასო ბატონო სტალინ”. მოლოტოვსა და ვოროშილოვთან შეთანხმებულ პასუხში, რომელსაც ბელადი აწერდა ხელს, ნათქვამი იყო: “გერმანიის კანცლერს, ა. ჰიტლერს. მადლობა წერილისათვის. ვიმედოვნებ, რომ გერმანიისა და საბჭოთა კავშირის შეთანხმება თავდაუსხმელობის შესახებ გადამწყვეტ როლს შეასრულებს ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების თვალსაზრისით... საბჭოთა მთავრობის თხოვნით, მოგახსენებთ, რომ იგი თანახმაა ბატონი რიბენტროპის ვიზიტზე მოსკოვში. 23 აგვისტო ი. სტალინი
საგამომცემლო სფეროში მუშაობდა კიდევ ერთი ტუსაღი, ცნობილი ქართველი მეცნიერი, შალვა ნუცუბიძეც. ნუცუბიძე ახალგაზრდობაში შეხვედროდა სტალინს. ციხეში ყოფნისას შალვა ნუცუბიძემ ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ეპიკური პოემის, “ვეფხისტყაოსნის” რუსულად თარგმნას მოჰკიდა ხელი. მისი ნამუშევარი ყოველდღე მიჰქონდათ, უკან კი ჩასწორებულს უბრუნებდნენ. შენიშვნების ავტორის ვინაობა უცნობი იყო. ქობულოვი, რომელიც ნუცუბიძეს მანამდე აწამებდა და ფრჩხილებს აძრობდა, უეცრად შეიცვალა.- ცოტა ხნის წინ სტალინმა ბერიას ჰკითხა: “გაგიგია, რომ დატყვევებულ მგოსანს ეგალობოს?” - მეგობრულად გაანდო ქობულოვმა ნუცუბიძეს. ბერიას თავი გაუქნევია. - პოეტებიც ზუსტად ასე არიან - ვერ იმღერებს პოეტი ტყვეობაში. თუ გვინდა, რომ რუსთაველის უნაკლო რუსული თარგმანი გვქონდეს, მგოსანი გაათავისუფლეთ, - დაუსრულებია სიტყვა სტალინს. ნუცუბიძე გაათავისუფლეს. 1940 წლის 20 ოქტომბერს ქავთარაძემ იგი ლიმუზინით წაიყვანა. ორივეს ძალიან გაუღიმა ბედმა. სტალინის კაბინეტთან მისულებმა პოსკრებიშევს რუსთაველის თარგმანის შესახებ მოახსენეს. ოთახში შესულებს სტალინი ღიმილით შეხვდა.- თქვენ ბრძანდებით პროფესორი ნუცუბიძე? ცოტა გაწყენინეთ, მაგრამ მოდი, წარსულს თავი დავანებოთ, - სტალინი რუსულად თარგმნილი რუსთაველით აღფრთოვანებას ვერ მალავდა. მან სტუმრებს დაჯდომა სთხოვა და გაოგნებულ პროფესორს ტყავის ყდაში მოქცეული თარგმანის შავი პირი გადასცა.- ერთი სტროფი ვთარგმნე და თქვენი აზრი მაინტერესებს, - სტალინმა საკუთარი თარგმანი ზეპირად წაიკითხა და დასძინა: - თუ მოგწონთ, ეს სტროფი ჩემი საჩუქარი იყოს. ჩართეთ თარგმანში, მაგრამ ჩემი სახელი არ ახსენოთ. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი თარგმანის რედაქტირება. ამის შემდეგ სტალინმა ქავთარაძე და ნუცუბიძე სუფრასთან მიიწვია. სადილზე საქართველო და ძველი დრო გაიხსენეს. საკმაოდ ბევრი ყანწი შესვეს. ბოლოს ნუცუბიძემ ის პოლიტიკური შეკრება გაიხსენა, რომელზეც სტალინს პირველად შეხვდა. მან პათოსით გაიმეორა ახალგაზრდა სტალინის მიერ ოდესღაც წარმოთქმული სიტყვები.- არ არსებობს განსაკუთრებული ნიჭი განსაკუთრებული მეხსიერების გარეშე! - აღნიშნა აღფრთოვანებულმა ბელადმა, შემდეგ მაგიდას შემოუარა და შალვა ნუცუბიძეს შუბლზე აკოცა.
ისააკ ბაბელს ბრალი დასდეს საფრანგეთისა და ავსტრიის სადაზვერვო სამსახურების აგენტობაში და ხალხის მტრის, ეჟოვის მეუღლესთან კავშირში. 1940 წლის 27 იანვარს, ღამის ორის ნახევარზე ბაბელი დახვრიტეს. მისი ცხედარი დაწვეს.
20 აგვისტოს ბერიას აგენტმა, რამონ მერკადერმა თავის ქალა ყინულის სატეხით გაუტეხა ტროცკის. შესაძლოა, ტროცკი მართლაც ძირს უთხრიდა სტალინის საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: მისი მკვლელობით დიდი ტერორის ეპოქა დასრულდა.
16 ივნისს, ლუფტვაფეში მყოფი აგენტის, “სტარშინას” ინფორმაციაზე დაყრდნობით, მერკულოვმა დაადასტურა ინფორმაცია გერმანელების მიერ დაგეგმილი შეტევის შესახებ. “გადაეცით გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებში მყოფ “წყაროს”, რომ მაგისი დედაც..! წყარო კი არა, დეზინფორმატორია. ი. სტ.”, - ნაჩქარევი ხელით მისწერა სტალინმა მერკულოვს.
14 ივნისს ჰიტლერმა “ბარბაროსას” დაწყებამდე სამხედროებთან უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა. ვინმეს ეჭვი რომ არ აეღო, გენერლები კანცელარიაში დღის განმავლობაში სხვადასხვა დროს მიდიოდნენ. 16 ივნისს ფიურერმა მითითებების მისაცემად დაიბარა გებელსი.
თორმეტ საათსა და ოცდაათ წუთზე ჟუკოვმა ისევ დარეკა. მესამე დეზერტირს, ბერლინელ კომუნისტ მუშას მდინარე პრუტი ცურვით გადმოელახა და იტყობინებოდა, რომ ქვედანაყოფს, რომელშიც თავად ირიცხებოდა, უკვე გამოუცხადეს ბრძანება საბჭოთა კავშირში შეჭრის შესახებ. ამ კაცის სახელი და გვარი იყო ალფრედ ლისკოვი. სტალინმა ჯერ გადაამოწმა, გადასცეს თუ არა სამხედრო ოლქებს ბრძანება საბრძოლო მზადყოფნის შესახებ, შემდეგ კი “დეზინფორმაციისათვის” ლისკოვის დახვრეტის განკარგულება გასცა.
კაბინეტიდან გამოსული სტალინი დანარჩენებს წინ მიუძღოდა. როდესაც მანქანებში სხდებოდნენ, ომის დაწყებიდან პირველად წამოსცდა სტალინს სიმართლე: “ყველაფერი დაკარგულია. მე ვნებდები. ლენინმა დააარსა ჩვენი სახელმწიფო, ჩვენ კი ის ვიხმარეთ”. ვიდრე კუნცევომდე მიაღწევდნენ, სტალინი მთელი გზა იგინებოდა: “ლენინმა უდიდესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, ჩვენ კი, მისმა მემკვიდრეებმა ყველაფერი მოვსვარეთ”. მოლოტოვი იხსენებდა, რომ სტალინი მაშინაც კი იგინებოდა, როდესაც მანქანა სახლს მიუახლოვდა. “ჩვენ ის ვიხმარეთ!” - გაიმეორა სტალინმა. “გასაგები იყო, რომ სიტყვაში “ჩვენ” ყველა ვიგულისხმებოდით”, - წერდა მოლოტოვი. ... აქ მოყვანილი ვერსიები სხვადასხვა ავტორს ეკუთვნის. მოლოტოვი: “ჩვენ ის ვიხმარეთ”; მიქოიანი: “ლენინმა უზარმაზარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, ჩვენ კი, მისმა მემკვიდრეებმა, ყველაფერი მოვსვარეთ”; ბერია (ხრუშჩოვის გადმოცემით, თავად არ იმყოფებოდა მოსკოვში): “ყველაფერი დაკარგულია. ვნებდები. ლენინმა პროლეტარული სახელმწიფო დაგვიტოვა, ჩვენ კი ჩახდილები დაგვიჭირეს და ყველაფერი მოვსვარეთ”; ჩადაევი: “ლენინმა ჩვენი სახელმწიფო დააარსა, ჩვენ კი ის ვიხმარეთ”
საქმე ის არის, რომ მსგავს სიტუაციაში პოლიტიუროს წევრები სტალინს თვითონ უნდა გამოეძახა, ისინი კი თავად ეახლნენ აგარაკზე. “დარწმუნებული ვიყავი: სტალინს ეგონა, რომ მის დასაპატიმრებლად მივედით”, - წერდა მიქოიანი. ბერია ყურადღებით აკვირდებოდა სტალინის სახის ნაკვთებს. “აშკარა იყო, რომ სტალინი არაფერს გამორიცხავდა, თვით ყველაზე უარესსაც კი”, - მოგვიანებით გაენდო ბერია საკუთარ მეუღლეს.
სტალინმა ხრუშჩოვს ჩიბუხიდან ფერფლი პირდაპირ თავზე დააცალა.- რომაული ტრადიციაა, - დააყოლა სტალინმა, - როდესაც რომაელი მეთაურები ბრძოლას აგებდნენ, თავად იყრიდნენ თავზე ფერფლს.
ადოლფ ჰიტლერის ყბის ძვალი და თავის ქალის ნაწილი მოსკოვში ინახებოდა; ცხედრის დანარჩენ ნაწილებს ექსპერტიზა “სმერშის” მესვეურებმა ჩაუტარეს. ისინი წლების განმავლობაში მაგდებურგში არსებული საბჭოთაA სამხედრო ბაზის გარაჟის სიახლოვეს იყო დაკრძალული. 1970 წლის აპრილში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, იური ანდროპოვის ბრძანებით ჰიტლერის ცხედრის ამ ნაწილებს კრემაცია ჩაუტარდა. ფერფლი ჰაერში გაფანტეს.
ბობოლა ჩინოვნიკებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ იოსებ ბესარიონოვიჩისათვის აუცილებლად უნდა მიენიჭებინათ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ასევე გამარჯვების კიდევ ერთი ორდენი და გენერალისიმუსის სამხედრო ჩინი.- ამხანაგ სტალინს ეს არ სჭირდება, - მიუგო სტალინმა კონევს, - ამხანაგ სტალინს ამის გარეშეც აქვს ძალაუფლება. რაღაც ტიტული მოგიგონებიათ! ჩან კაი-ში გენერალისიმუსია. გენერალისიმუსია ფრანკოც. საჩემო ხალხია ნამდვილად!
კაგანოვიჩმა, რომელიც ამაყობდა იმით, რომ ცნება “სტალინიზმი” მან დაამკვიდრა, მოსკოვისთვის სახელის შეცვლის იდეა წამოაყენა. მისი აზრით, ურიგო არ იქნებოდა, თუ საბჭოთა კავშირის დედაქალაქს სტალინოდარს დაარქმევდნენ. ეს იდეა პირველად ეჟოვმა გაახმიანა 1938 წელს. აზრი ლავრენტი ბერიასაც მოეწონა, თუმცა ბელადი, უბრალოდ, “გაცოფებული” იყო: “რაში მჭირდება ეს ყველაფერი?”-კითხულობდა იგი.
ბერიამ ასევე შეაგროვა ურანის მაქსიმალური რაოდენობა ბერლინის ნანგრევებში განხორციელებული სპეციალური ოპერაციის დროს. ლავრენტი პავლოვიჩმა და მალენკოვმა სტალინს შეატყობინეს, რომ კაიზერ ვილჰელმის ინსტიტუტში აღმოაჩინეს “250 კგ მეტალიკური ურანი, 2 ტ ურანის ჟანგი და 20 ლ მძიმე წყალი”. მათ ასევე თავი მოუყარეს წამყვან გერმანელ ფიზიკოსებს და მთელი ეს სიმდიდრე საბჭოთა კავშირში გადაგზავნეს.
“ომი ბარბაროსობაა, - მსჯელობდა სტალინი, - მაგრამ ატომური ბომბის გამოყენება ბარბაროსობაზე მეტია. თანაც მისი გამოყენების არავითარი საჭიროება არ არსებობდა. იაპონია ისედაც განწირული იყო!” გენერალისიმუსს ეჭვიც არ ეპარებოდა იმაში, რომ ჰიროსიმა სწორედ მის წინააღმდეგ ნასროლი ქვა გახლდათ. “ატომური ბომბით სხვების დაშანტაჟება - ეს ამერიკული პოლიტიკაა”, - ამბობდა სტალინი.
საბჭოთა კავშირის წამყვან ორგანიზაციებს საკუთარი საფეხბურთო გუნდები ჰყავდათ. ბერიას დაქვემდებარებაში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს “დინამო” წარმოადენდა, ხოლო პროფკავშირებს - “სპარტაკი”. 1942 წელს გუნდებს შორის დაპირისპირებამ იმდენად სერიოზული ხასიათი მიიღო, რომ ბერიამ დააპატიმრა და გადაასახლა “სპარტაკის” წარმატებული ხელმძღვანელი, ნიკოლაი სტაროსტინი. ნებისმიერი ახალგაზრდა ჩეკისტისათვის სტადიონზე ბერიას ლოჟაში მიპატიჟება ლავრენტი პავლოვიჩის წრეში შებიჯებას ნიშნავდა.
2003 წლის დეკემბერში, ლავრენტი ბერიას გარდაცვალებიდან ორმოცდაათი წლის თავზე ტუნისის ელჩმა მოსკოვში, თავისი საელჩოს სარდაფში ადამიანის გვამის ნარჩენები აღმოაჩინა. საელჩოს შენობაში ოდესღაც ბერია ცხოვრობდა და ნაშთებიც, სავარაუდოდ, მისი რამდენიმე მსხვერპლისა იყო. ვერასოდეს გავიგებთ, ეს ადამიანები ჯერ გააუპატიურეს და მერე დახოცეს, თუ იმიტომ გამოასალმეს სიცოცხლეს, რომ სიკვდილ მისჯილი მტრების სიაში აღმოჩნდნენ. 2004 წლის 17 იანვარს რუსმა პროკურორმა დაადასტურა ორმოცდაშვიდტომიანი საქმის არსებობა ბერიას კრიმინალური საქმიანობის შე სახებ. აღნიშნული მასალები სტალინის გარდაცვალების შემდეგ ბერიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით შეუგროვებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი პავლოვიჩის საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ნიშნით წარიმართა და მას შეთითხნილი ბრალდებები წაუყენეს, საქმის მასალები ადასტურებს, რომ არსებობდა უამრავი ქალი, რომლებიც საბჭოთა მაღალჩინოსანს გაუპატიურებაში სდებდა ბრალს. სახელმწიფო სატელევიზიო არხმა РТР-მა მიიღო მათი სახელებისა და ტელეფონის ნომრების ფირზე აღბეჭდვის უფლება. შემდგომი ოცდახუთი წლის განმავლობაში აღნიშნული მასალები ხელმისაწვდომი აღარ იქნება.
საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, ჩარკვიანი წერდა, რომ სტალინი პირდაპირ არასოდეს იძლეოდა ბრძანებებს. “დასკვნები თავად უნდა გაგეკეთებინათ”. სტალინს შესანიშნავად ესმოდა, რომ არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, აუზის რომელ ნაწილში ჩააგდებდა ქვას, ტალღები ისედაც მთელ აუზში გაიშლებოდა.
თუ სტალინი ცუდ გუნებაზე იყო, ივან ბოლშაკოვმა იცოდა, რომ მისთვის ახალი ფილმის ჩვენება არ ღირდა. საბჭოთა ბელადი საკუთარი ჩვევების ერთგული იყო და ოცდაათიან წლებში გადაღებული ფილმები განსაკუთრებულად უყვარდა, მაგალითად, “ვოლგა-ვოლგა!”. უცხოური ფილმებიდან სტალინს ამოჩემებული ჰქონდა ისეთი ნამუშევრები, როგორიცაა “ძველ ჩიკაგოში”, “მოსკოვური მისია”, კომედია სახელწოდებით “ეს იყო ერთხელ, ღამით” და ჩარლი ჩაპლინის ნებისმიერი ფილმი. ომის შემდეგ სტალინის კინოკოლექციას არაერთი ამერიკული, ინგლისური და გერმანული ფილმი შეემატა. ადრე მათი ფირები გებელ სის საკუთრება იყო. თუ იოსებ ბესარიონოვიჩი უხასიათოდ იყო, გებელსის რომელიმე ფილმი მას გუნებას უსათუოდ გამოუკეთებდა. ბელადს ჩხუბის სცენები მოსწონდა და ამიტომ დეტექტივები, ვესტერნები და განგსტერული ფილმები იტაცებდა, ამასთან, კრძალავდა ეკრანზე თუნდაც მსუბუქი ეროტიკის გამოჩენას. ერთხელ ბოლშაკომა ეკრანზე ცოტა არ იყოს სარისკო სცენა გაუშვა. როდესაც შიშველი გოგონას გამოსახულება ეკრანზე გამოჩნდა, სტალინმა მაგიდას მუშტი დაჰკრა და იკითხა:- აპირებთ, აქ ბორდელი მომიწყოთ, ბოლშაკოვ? ამის შემდეგ იოსებ ბესარიონოვიჩი დარბაზიდან გავიდა. მას ფეხდაფეხ მიჰყვა პოლიტბიუროს შემადგენლობაც, საბრალო ბოლშაკოვი კი კინოთეატრში დარჩა და ელოდა, როდის დააპატიმრებდნენ. ის იყო და ის - ბოლშაკოვი კინოფირებიდან ჭრიდა შიშველი სხეულის უმცირეს გაელვებასაც კი.
ვლასიკი და გორელი მედუქნის ვაჟი, გენერალსიმუსის ნდობით აღწურვილი პირი - გენერალლეიტენენტი საშა ეგნატაშვილი (რომლის მამაც კეკეს მფარველად მიიჩნეოდა), სავარაუდოდ, პასუხს აგებდნენ სტალინის საკვებზე, რომელიც სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ლაბორატორიაში გადიოდა კონტროლს. ლაბორატორიას “ბაზას” უწოდებდნენ. საკვებზე კეთდებოდა აღნიშვნა: “მომწამვლელი ელემენტები არ არის აღმოჩენილი”. ბოლო დროს გამოცემულ ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია, რომ ეგნატაშვილს სტალინის კერძებს ასინჯებდნენ. როგორც ჩანს, ეს მითია, თუმცა საკუთარი გარემოცვის წევრებს სტალინი ხშირად აიძულებდა, მასზე ადრე გაესინჯათ ესა თუ ის კერძი და ღვინო. წვეულებაზე მისულ ბელადს თან მიჰქონდა საკუთარი ღვინო და სიგარეტი. ღვინის ჭურჭელსა და სიგარეტის კოლოფებს იოსებ ბესარიონოვიჩი პირადად ხსნიდა. სტალინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიირთმევდა საჭმელს ან დალევდა რამეს, თუ თვითონ გახსნიდა. იგი ბოლომდე არც საჭმელს მიირთმევდა, არც ღვინოს და არც სიგარეტს ეწეოდა მთლიანად - ვლასიკსაც უყოფდა. ეს დიდი მფლანგველობა გახლდათ. ამგვარ კორუფციაში ხელის გასვრის ცდუნებას ალტერნატივა არ ჰქონდა, თუმცა იგი საფრთხესაც შეიცავდა. შეთავაზებაზე უარის თქმა ვლასიკს არ შეეძლო.
ერთ-ერთ სადილზე ბელადმა ბერიაზე ასე იხუმრა: “სტალინი თავის საყვარელ ჩიბუხს კარგავს. რამდენიმე დღეში ლავრენტი სტალინს ურეკავს: “იპოვეთ ჩიბუხი?” “დიახ, ვიპოვე”, - პასუხობს სტალინი, - სავარძლის ქვეშ ვიპოვე”. “შეუძლებელია!” - შესძახებს ბერია, - სამმა კაცმა უკვე აღიარა ეს დანაშაული!”
ჟდანოვმა დაგმო ახმატოვა, როგორც “ნახევრად მონაზონი, ნახევრად როსკიპი, უფრო ზუსტად, როსკიპი მონაზონი, რომლის ცოდვა და ლოცვა ერთმანეთშია აღრეული”.
29 ნოემბერს სტალინმა გაეროში ხმა მისცა ისრაელის სახელმწიფოს დაარსებას. იგი იყო პირველი, ვინც ეს ქვეყანა აღიარა.
დასასვენებლად მყოფ სტალინს ორი ნამდვილი ფავორიტი ჰყავდა. ისინი ადგილობრივი ხელმძღვანელი პირები, კანდიდ ჩარკვიანი და აკაკი მგელაძე იყვნენ. მათთან ურთიერთობისას იოსებ ბესარიონოვიჩი საკუთარ თავს მოდუნების უფლებას აძლევდა. შესაძლოა, ეს იმით აიხსნებოდა, რომ ჩარკვიანიცა და მგელაძეც ოცდაათს გადაცილებული ახალგაზრდები იყვნენ, თანაც, ქართველები. ორივე აღმერთებდა ბელადს, ხოლო თავად სტალინი მამაშვილური მზრუნველობით ეკიდებოდა თავის რჩეულებს და საკუთარ შვილებზე მეტადაც კი ენდობოდა.
ჩარკვიანი ლიტერატურის შესანიშნავი მცოდნე იყო და ამით დაიმსახურა სტალინის კეთილგანწყობა. რაც შეეხება მგელაძეს, ის სტალინმა პოლიტიკურ ინტრიგებში გაწაფულობის გამო შეიყვარა.
როდესაც უმაღლესმა საბჭომ საბჭოთა ატომური ბომბის შექმნის შესახებ გამოაცხადა, ჩაფიქრებულმა სტალინმა თავის ახალგაზრდა მესაიდუმლეს, მგელაძეს ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ ასეთი რამ უთხრა: “მოულოდნელად ომი რომ დაწყებულიყო, ატომური ბომბის გამოყენება იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, იქნებოდნენ თუ არა ხელისუფლების სათავეში ტრუმენი და ჰიტლერი. ხალხი არ დაუშვებს ასეთი ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნას. ატომური ბომბის გამოყენება, ფაქტობრივად, მსოფლიოს აღსასრულს ნიშნავს”. იოსებ ბესარიონოვიჩი იმდენად გახარებული იყო, რომ “სულიკოც” კი იმღერა.
გენერალისიმუსი ადგილს ვერ პოულობდა. გაგრიდან ახალ ათონში, წყალტუბოდან ბორჯომში მიდიოდა და მერე ისევ უკან ბრუნდებოდა. რიწის ტბაზე, ტყეში, სანაპიროსა და ბილიკზე ფეხის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებოდით მწვანე ფერის მეტალის უცნაურ ყუთებს. ეს ტელეფონები იყო. თუ სეირნობისას სტალინი თავს შეუძლოდ იგრძნობდა, მას ნებისმიერ წუთს შეეძლო დარეკვა.
ხრუშჩოვმა ა. ვ. სნეგოვს უთხრა, რომ ხუთი მამხილებელი წერილი იპოვეს, სავარაუდოდ, სტალინის სამუშაო მაგიდაზე, გაზეთის ქვეშ. ისტორიკოს როი მედვედევთან საუბრისას სნეგოვმა მხოლოდ სამი მათგანი გაიხსენა. ერთი წერილი ლენინის მიერ იყო დაწერილი 1923 წელს. ილიჩი სტალინისაგან თავისი მეუღლის, კრუპსკაიასათვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. მეორე წერილის ავტორი ბუხარინი გახლდათ. ეს განსასჯელის ბოლო სიტყვა იყო. “კობა, რაში გჭირდება ჩემი სიკვდილი?” - ეკითხებოდა ბელადს ბუხარინი. მესამე წერილი სტალინს ტიტოსგან მიეღო. როგორც ამბობენ, ტიტო სწერდა: “შეწყვიტეთ ჩემს მოსაკლავად ტერორისტების გამოგზავნა... ეს თუ არ დამთავრდება, მოსკოვში ერთ კაცს გამოვგზავნი, რაც საკმარისი იქნება”.
“სვეტლანა გაიყვანეთ!” - გასცა განკარგულება ლავრენტი ბერიამ, რომელსაც არ უნდოდა, რომ იგი ასეთი საზარელი სანახაობის მოწმე გამხდარიყო. ადგილიდან არავინ დაძრულა. “სახეზე ფერი დაკარგა, - წერდა სვეტლანა, - ნაკვთებს ვეღარ იცნობდით... ჩვენ ვხედავდით, რომ ის იხრჩობოდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. სასიკვდილო აგონია საშინელი სანახავი იყო... ბოლო წუთს თვალები გაახილა. ეს იყო გაგიჟებული თუ გაბრაზებული ადამიანის საზარელი მზერა, სავსე სიკვდილის შიშით”. უეცრად სუნთქვის რიტმი შეეცვალა. მარცხენა ხელი ჰაერში ასწია. ექთანმა იფიქრა, რომ ეს მოძრაობა მისალმების მსგავს რაღაცას ნიშნავდა. “თითქოს სადღაც მაღლა, რაღაცაზე მიგვანიშნებდა ან გვემუქრებოდა...” - შენიშნავდა სვეტლანა. როგორც ჩანს, მომაკვდავი ჰაერს ებღაუჭებოდა და ცოტაოდენი ჟანგბადის ჩასუნთქვას ცდილობდა. “კიდევ ერთი წუთი და მისმა სულმა ბოლო გაბრძოლების შემდეგ სხეულის ტყვეობას თავი დააღწია”.
***
25 ივნისს ბერია აგარაკზე იმყოფებოდა. ლავრენტი პავლოვიჩი ჰამაკში ნებივრობდა და ქართულ სიმღერებს ღიღინებდა, როდესაც პრეზიდიუმის საგანგებო თათბირზე დაიბარეს. ნინამ წასვლისას მეუღლე გააფრთხილა, ყურადღებით ყოფილიყო. ბერია გულდამშვიდებული წავიდა. მას მოლოტოვის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. 26 ივნისს, დღის პირველ საათზე გამართულ თათბირზე ხრუშჩოვი წამოდგა და ბერიას შეუტია. ნიკიტა სერგეევიჩს ბულგანინიც აჰყვა. ანასტას მიქოიანი გაკვირვებული დარჩა, როდესაც საუბარი ლავრენტი ბერიას დაპატიმრებას შეეხო.- რა ხდება, ნიკიტა? - იკითხა ბერიამ, - რა გინდა ჩემგან? მალენკოვის ჯერიც დადგა. ახლა მას უნდა ეთქვა შეთქმულთა მხარდასაჭერი სიტყვა, მაგრამ “მალანიას” ნებისყოფამ უმტყუნა და გენერლებს, რომლებიც გარეთ იცდიდნენ, საიდუმლო ნიშანი მისცა. მარშალი ჟუკოვი თათბირზე შეიჭრა და ბერია აიყვანა. ასევე დააპატიმრეს ნინა ბერია, მისი ვაჟი, სერგო და რძალი, მართა პეშკოვა. კამერაში გამოკეტილმა ლავრენტი პავლოვიჩმა მალენკოვი მუდარის წერილებით აიკლო. იგი ძველ მეგობარს სთხოვდა, დახმარებოდა და მისი ოჯახის მიმართ გულმოწყალება გამოეჩინა. 22 დეკემბერს ბერიას, მერკულოვს, დეკანოზოვსა და ქობულოვს საიდუმლო პოლიტიკურმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მათ ღალატსა და ტერორიზმში ედებოდათ ბრალი. მთავარი ის არის, რომ ამ ოთხი მკვლელიდან აშკარად არც ერთს მიუძღოდა ბრალი რაიმე მსგავსი დანაშაულის ჩადენაში. საცვლების ამარა დატოვებულ ბერიას ხელებზე ბორკილები დაადეს და კედელზე დამაგრებულ კაუჭზე მიაბეს. ბერია გაშმაგებით იხვეწებოდა, მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. ის ისე ყვიროდა, რომ გასაჩუმებლად პირში პირსახოცი ჩასჩარეს და სახეზე ქსოვილი მოახვიეს. მისი გაფართოებული თვალები თითქოს სახვევშიც კი მოჩანდა. განაჩენი სისრულეში გენერალმა ბატიცკიმ მოიყვანა (ამ დამსახურებისთვის მოგვიანებით მას მარშლის წოდება მიენიჭა). ჯალათმა სიკვდილმისჯილს ტყვია პირდაპირ შუბლში ესროლა. ბერიას ცხედარს კრემაცია გაუკეთეს.1956 წელს ხრუშჩოვმა თავისი ცნობილი “საიდუმლო მოხსენება” წაიკითხა, რომელშიც სტალინი ჩადენილ დანაშაულებში ამხილა. მას ამჯერად მიქოიანი უჭერდა მხარს. ხუთი წლის შემდეგ სტალინის მუმია მავზოლეუმიდან გამოიტანეს, კრემაცია გაუკეთეს და ურნა, რომელშიც მისი ფერფლი ეყარა, კრემლის კედელში მოათავსეს.
ხანშიშესული მოლოტოვისათვის უკითხავთ, ხომ არ ენატრებოდა სტალინი. “ხშირად არა, ზოგჯერ, - უთქვამს ვიაჩესლავ ანდრეევიჩს, - ძალიან უცნაური გარემოა. მე რაღაცით დანგრეულ ქალაქს ვგავარ... გზას ვერ ვპოულობ, რომ აქედან გამოვაღწიო. მე და ის ოდესმე ისევ შევხვდებით...
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“