ტრუმენ კაპოტე - ალმასის გიტარა
საპატიმრო ბანაკიდან უახლოეს ქალაქამდე ოციოდ მილი იქნება. ბანაკსა და ქალაქს შორის ბაძგის ხის უამრავი ტყე აღმართულა და პატიმრები ამ ტყეებში მუშაობენ, სკიპიდრის მასალას აგროვებენ.
ციხეც ტყეშია. მას ბორბლებით გაკვალული წითელი გზის ბოლოს წააწყდებით, ეკლიანი მავთული უსურვაზივით დახლართულა მის კედლებზე. ას ცხრა თეთრკანიანი, ოცდაჩვიდმეტი ზანგი და ერთი ჩინელი კუპრწასმული მუყაოთი გადახურულ ორ მოზრდილ მწვანე ფიცრულში ცხოვრობს. თეთრკანიანებს ერთი მათგანი უკავიათ, ზანგებსა და ჩინელს - მეორე. ყოველ ფიცრულში თითო ვეება ღუმელია, რადგან აქ ცივი ზამთარი იცის და ღამღამობით, როცა ბაძგები ყინვისგან ჭახჭახებს და მთვარე დაჭირხლულ შუქს ჩამოაფრქვევს, კაცები მღვიძარედ გაშოტილან რკინის საწოლებზე და თვალებში ღუმლის ცეცხლის ფერები უთამაშებთ.
ღუმლის სიახლოვეს მნიშვნელოვან ხალხად მიჩნეულ პატიმართა საწოლები დგას - ვისაც პატივს სცემენ ან ეშინიათ. მისტერ შეფერი ერთი იმათგანია.
მისტერ შეფერი, როგორც მას განსაკუთრებული მოწიწების ნიშნად მიმართავენ, აყლაყუდა, ეული კაცია. ცარიელი ძვალი და ტყავია. მას ჟღალი, ჭაღარაშერეული თმა და ბერივით ხმელი სახე აქვს, თვალები კი - დაბინდული, გაურკვეველი ფერისა. მან წერა-კითხვა იცის და ქვეშმიწერით შეკრებაც შეუძლია. როცა ვინმე წერილს მიიღებს, მისტერ შეფერს მიუტანს ხოლმე. ამ წერილთა უმეტესობა სევდიანი და ჩივილნარევია. მისტერ შეფერი ძალიან ხშირად ბევრად ხალისიან უსტარს თხზავს და არც კითხულობს ფურცელზე დაწერილს.
ფიცრულში ბარე ორმა კაცმა კიდევ იცის წერა-კითხვა, თუმცა ერთ მათგანსაც მისტერ შეფერთან მიაქვს თავისი წერილები, - სიმართლის არცოდნით თუ იხიბლება. თავად მისტერ შეფერს არასოდეს მიუღია წერილი, საშობაოდაც კი. ჩანს, ციხის კედლებს მიღმა მეგობრები არ ჰყავს და, კაცმა რომ თქვას, არც აქ მეგობრობს ვინმესთან გამორჩეულად. თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა.
რამდენიმე ზამთრის წინ, ზამთრისავე ერთ კვირადღეს, მისტერ შეფერი ფიცრულის კიბეზე ჩამომჯდარიყო და ხისგან თოჯინას ჩორკნიდა. ამ საქმეში მეტად გაწაფულია. მისი თოჯინები ნაწილ-ნაწილ არის გამოთლილი, შემდეგ - ზამბარისებრი მავთულით აწყობილი. ხელ-ფეხი მოძრაობს, თავი ტრიალებს.
როცა თორმეტიოდე ასეთ თოჯინას გამოთლის, ბანაკის კაპიტანი მათ ქალაქში წაიღებს და იქ შერეული საქონლის მაღაზიაში იყიდება. ამ გზით შოულობს მისტერ შეფერი ფულს ტკბილეულისა და თამბაქოსათვის.
იმ კვირადღეს, როცა ასე ჩამომჯდარი თითებს უთლიდა პატარა ხელს, ციხის ეზოში სატვირთო მანქანა შემოღოღდა. საბარგულიდან ბანაკის კაპიტანთან ხელბორკილით გადაბმული ახალგაზრდა ბიჭი ჩამოხტა, თან ზამთრის მიმქრალ მზეზე იჭუტებოდა. მისტერ შეფერმა მისთვის მხოლოდ თვალის შევლება მოასწრო. იმხანად იგი ორმოცდაათიოდე წლის გახლდათ და მათგან ჩვიდმეტი ბანაკში ჰქონდა გატარებული. ამიტომ ახალი პატიმრის გამოჩენა ვერ ააღელვებდა. ბანაკში კვირა უქმე დღეა და ეზოში მოხეტიალე ხალხი გარს შემოეხვია საბარგულს.
მოგვიანებით პიქ ექსი და გუბერი შეჩერდნენ მისტერ შეფერთან სალაპარაკოდ.
- უცხოელია ის ახალმოსული, - თქვა პიქ ექსმა, - კუბელია, თუმცა თმა ყვითელი აქვს.
- დანით მოჩხუბარი ყოფილა, კეპმა თქვა, - დაამატა გუბერმა, რომელიც თვითონაც დანით მოჩხუბარი ბრძანდებოდა, - მეზღვაური დაუჭრია მობილში.
- ორი მეზღვაური, - შენიშნა პიქ ექსმა, - უბრალოდ, კაფეში შელაპარაკებულან. ის ბიჭები არც კი დაუზიანებია.
- კაცს რომ ყური წაათალო, დაზიანება არ არის? ორი წელი მიუციათ, კეპმა თქვა.
- გიტარა ჩამოიტანა, - თქვა პიქ ექსმა, - მთლად ალმასებითაა დაფარული.
მუშაობისთვის უკვე მეტისმეტად ჩამობნელდა. მისტერ შეფერმა ერთმანეთს მიამაგრა თოჯინის ნაწილები, პატარა ხელებში ჩაეჭიდა და მუხლზე ჩამოისკუპა. შემდეგ სიგარეტი გაახვია. ჩამავალი მზის შუქზე ბაძგები ლურჯად მოჩანდა და სიგარეტის კვამლი ნელა იფანტებოდა ცივსა და ბნელ ჰაერში. მან დაინახა ეზოს გადმოკვეთაზე მომავალი კაპიტანი. ახალი პატიმარი, ახალგაზრდა ქერა ბიჭი, ნაბიჯით უკან მოსდევდა.
ხელში ვარსკვლავებივით მოკიაფე ყალბი ალმასებით მოჭედილი გიტარა ეკავა, ტუსაღის ფორმა კი ზომაზე ბევრად დიდი მოსვლოდა და ბერიკაობისთვის გამოწყობილს უფრო ჰგავდა.
- ვიღაც მოგიყვანეთ, შეფერ, - მიმართა ფიცრულის კიბეზე შეყოვნებულმა კაპიტანმა. კაპიტანი მკაცრი კაცი არ ყოფილა. დროდადრო მისტერ შეფერს თავის კაბინეტში იწვევდა გაზეთში წაკითხულ ამბებზე სასაუბროდ.
- ტიქო ფეო, - ისე თქვა მან, თითქოს ჩიტის ან სიმღერის სახელწოდებას წარმოთქვამსო, - ეს მისტერ შეფერია, კარგს იზამ, თუკი გეყვარება.
მისტერ შეფერმა ერთი ახედა ბიჭს და გაიღიმა. იმაზე მეტხანს გაუღიმა, ვიდრე აპირებდა, რადგან ბიჭს ცის ზოლებივით თვალები ჰქონდა - ლურჯი, როგორც ზამთრის საღამო და თმა კი - ოქროსი, კაპიტნის კბილებივით. მისი ონავარი, ცოცხალი და გონიერი სახის შემყურე მისტერ შეფერს არდადეგები და მხიარული დროსტარება მოაგონდა.
- ჰგავს ჩემი პატარა დაიკო, - თქვა ტიქო ფეომ და მისტერ შეფერის თოჯინას შეავლო ხელი. კუბელის კილო ბანანივით მშრალი და ტკბილი იყო, - ის აგრეთვე იჯდეს ჩემს მუხლზე.
მისტერ შეფერი ერთბაშად შეჩქვიფდა.
თავი დაუკრა კაპიტანს და ეზოს ჩრდილებს შეერია. იქ დარჩენილი ჩურჩულით წარმოთქვამდა სახელებს საღამოს ვარსკვლავებისა, მის თავზე რომ იწყებდნენ აყვავებას. ვარსკვლავები მისი გატაცება იყო, მაგრამ იმ ღამეს სიამოვნება ვერ მიანიჭეს, ვეღარ აფიქრებინეს, რომ ყველაფერი, რაც ამქვეყნად ჩვენს თავს ხდება, მარადისობის უკიდეგანო ნათებაშია ჩაკარგული. ვარსკვლავებს მისჩერებოდა და თვლებით მოოჭვილ გიტარასა და მის ამქვეყნიურ ბრწყინვალებაზე კი ფიქრობდა.
მისტერ შეფერზე დანამდვილებით ითქმის, რომ ცხოვრებაში ერთადერთი ცუდი რამ აქვს ჩადენილი. ადამიანი ჰყავს მოკლული. ამ მკვლელობის გარემოებები ყურადღების ღირსი არაა, ერთს კი ვიტყვით, რომ ის კაცი სიკვდილს იმსახურებდა და რომ ამისთვის მისტერ შეფერს ოთხმოცდაცხრამეტი წელი და ერთი დღე მიუსაჯეს. მართლაც დიდხანს, მრავალი წლის მანძილზე, მას არ უფიქრია იმაზე, რაც ბანაკში მოსვლამდე გადახდენოდა.
იმ დროთა ხსოვნა სახლს ჰგავდა, სადაც უკვე არავინ ცხოვრობს და ავეჯიც მთლად გაჩანაგდა, მაგრამ იმ საღამოს თითქოს ჭაღები გაეჩახჩახებინათ ყოველ მის პირქუშ, ჩამკვდარ ოთახში. ეს იმ წამს დაიწყო, როცა ტიქო ფეო დაინახა, თავისი აელვარებული გიტარით სიბნელეში მომავალი. ამ წუთამდე თავი მარტოდ არ უგრძნია. ახლა კი, თავის მარტოსულობას როცა ჩახვდა, გრძნობდა, როგორ ცოცხლდებოდა. მას არ სურდა გაცოცხლება. გაცოცხლება ნიშნავდა, გახსენებოდა ყავისფერი მდინარეები, სადაც თევზი ხტის და მზის ათინათი ქალის თმაზე.
მისტერ შეფერმა თავი ჩაქინდრა.
ვარსკვლავთა ციმციმმა ცრემლი მოადინა თვალზე.
საძინებელი ფიცრული, ჩვეულებრივ, პირქუში ადგილია, მამაკაცთა ოხშივრით ჩახუთული და და ორიოდ შიშველი ელექტრონათურის შუქზე გაშეშებული, მაგრამ ტიქო ფეოს გამოჩენამ ცივ ოთახზე ტროპიკული ნაკადის შემოჭრასავით იმოქმედა და ვარსკვლავებზე დაკვირვებიდან დაბრუნებული მისტერ შეფერი გამაოგნებელ და საზეიმო სანახაობას გადააწყდა.
საწოლზე ფეხმოკეცილი ტიქო ფეო გრძელი მოქნილი თითების ჩამოკვრით აჟღერებდა თავის გიტარას და ფულის წკრიალივით ხალისიან სიმღერას მღეროდა. თუმცა სიმღერა ესპანური იყო, ზოგიერთი ცდილობდა აჰყოლოდა. პიქ ექსი და გუბერი ერთად ცეკვავდნენ. ჩარლი და უინკიც ცეკვავდნენ, მაგრამ - ცალ-ცალკე. სასიამოვნო იყო ხალხის სიცილის გაგონება და როცა ტიქო ფეომ გიტარა განზე გადადო, მისტერ შეფერმა სხვებთან ერთად ხმამაღლა გამოხატა აღტაცება.
- მართლაც იმსახურებ ასეთ მშვენიერ გიტარას, - უთხრა მან.
- ეს ალმასის გიტარა, - თქვა ტიქო ფეომ და ხელი გადაუსვა მის ჭყეტელა სამშვენისებს, - ერთხელ მე ქონდა ლალებიანი, მაგრამ ის იყო მოპარული. ჰავანაში ჩემი და მუშაობს აი იქ, რა ქვია, სადაც გიტარებს აკეთებს. ეს ასე ვიშოვე.
მისტერ შეფერმა ჰკითხა, ალბათ, ბევრი და გეყოლებაო, და ტიქო ფეომ გაბადრულმა აღმართა ოთხი თითი. მერე თავისი ლურჯი თვალები ნდომით მოწკურა და თქვა:
- გეთაყვა, ბატონო, მომცე შენ მე თოჯინა ჩემი ორი პატარა დისთვის?
მეორე საღამოს მისტერ შეფერმა თოჯინები მოუტანა. ამიერიდან ისინი განუყრელნი გახდნენ და მუდამ მხარში ედგნენ ერთმანეთს.
ტიქო ფეო თვრამეტისა იყო და ორი წელი საბარგო გემზე ემუშავა კარიბის ზღვაში. ბავშვობაში სამონასტრო სკოლაში დადიოდა და ახლა ოქროს ჯვარცმა ეკიდა ყელზე. კრიალოსანიც ჰქონდა, რომელიც აბრეშუმის ყელსახვევში გამოეკრა სამ სხვა საუნჯეს - ოდეკოლონ “პარიზის საღამოს”, ჯიბის სარკესა და რენდ მაკ ნელისეულ მსოფლიო რუკასთან ერთად. ესა და გიტარა იყო მთელი მისი ავლადიდება და ზედ ხელსაც არავის აკარებინებდა.
თუმცა, ეტყობა, ყველაზე მეტად მაინც რუკას აფასებდა. საღამო ჟამს, სანამ შუქს გამორთავდნენ, გაშლიდა მას და მისტერ შეფერს იმ მხარეებს უჩვენებდა, რომელთა შემოვლა მოესწრო: გალვესტონი, მაიამი, ნიუ-ორლეანი, მობილი, კუბა, ჰაიტი, იამაიკა, პუერტო-რიკო, ვირჯინიის კუნძულები და - იმ ადგილებსაც, სადაც მოხვედრას ნატრობდა. ყველაზე მეტად და განსაკუთრებით იგი მადრიდში მიიწევდა და უფრო მეტად - ჩრდილოეთ პოლუსზე. ეს ერთდროულად კიდეც ხიბლავდა და თან აფრთხობდა მისტერ შეფერს, - ელდას ჰგვრიდა ტიქო ფეოს ზღვასა და შორეულ მხარეებში წარმოდგენა. ზოგჯერ მზრუნველად შეხედავდა თავის მეგობარს და გულში ეტყოდა, შენ მხოლოდ ერთი ზარმაცი მეოცნებე ხარო.
ტიქო ფეო მართლაც ზარმაცი ყმაწვილი გახლდათ. იმ პირველი საღამოს შემდეგ გიტარაზე დაკვრაც კი სახვეწარი გახადა. ალიონზე, როცა ზედამხედველი მოვიდოდა ხალხის გასაღვიძებლად და ამ მიზნით ჩაქუჩს დასცხებდა ღუმელს, ტიქო ფეო ბავშვივით იწყებდა სლუკუნს.
ზოგჯერ თავს მოიავადმყოფებდა, კვნესოდა და მუცელს ისრესდა, თუმცა ხრიკი არ გაუდიოდა და კაპიტანი დანარჩენებთან ერთად გზავნიდა სამუშაოდ. ის და მისტერ შეფერი ერთად გადაიყვანეს გზატკეცილის მშენებელთა ჯგუფში. ეს მძიმე სამუშაო იყო, გაყინულ თიხას თხრიდნენ და ქვა-ღორღით სავსე ტომრებს ეზიდებოდნენ. ზედამხედველი იძულებული იყო, გამუდმებით ეყვირა ტიქო ფეოსთვის, რადგან იგი მეტ დროს სადმე მიყუდების მცდელობაში ფლანგავდა.
ყოველ შუადღეს, სადილის ჯამებს რომ ჩამოარიგებდნენ, ორი მეგობარი ერთად ჯდებოდა. მისტერ შეფერის ჯამში ნუგბარ რამეებს მოიძევდით, რადგან შეეძლო თავისათვის უფლება მიეცა, ვაშლი და ტკბილეული გამოეწერა ქალაქიდან. მოსწონდა ყოველივე ამით თავისი მეგობრის გამასპინძლება, რადგან მის მეგობარს ეს ისე ახარებდა, რომ მისტერ შეფერი გაიფიქრებდა ხოლმე: “შენ იზრდები, კარგა ხანი გავა, სანამ მოწიფული კაცი დადგებოდე”.
ყველას როდი ეხატებოდა გულზე ტიქო ფეო. შურისა თუ უფრო მზაკვრული მოსაზრებების გამო, ზოგი მათგანი ამაზრზენ ამბებს ყვებოდა მის შესახებ.
თავად ტიქო ფეო თითქოს ვერც კი ამჩნევდა ამას. როცა ხალხი ირგვლივ იკრიბებოდა მისი გიტარისა და სიმღერების მოსასმენდა, დაინახავდი, რომ გრძნობდა მათ სიყვარულს. უმეტესობას მართლაც უყვარდა იგი, ისინი მოელოდნენ და სულდგმულობდნენ საათით ვაშხამსა და შუქის ჩაქრობას შორის. ტიქო, ერთი დაუკარი მაგ შენს ყუთზეო, ეტყოდნენ, და ვერ ამჩნევდნენ, რომ შემდგომ ბევრად უფრო ღრმა ნაღველი ისადგურებდა, ვიდრე ოდესმე. ძილი დამფრთხალი კურდღელივით გაურბოდათ და თვალები ფიქრიანად უშტერდებოდათ ღუმლის ცხაურს მიღმა მოჭრიალე ცეცხლის ალზე. მისტერ შეფერი ერთადერთი მიმხვდარიყო მათ მშფოთვარე გრძნობებს, რადგან თავადაც იმავეს განიცდიდა. მისმა მეგობარმა გააცოცხლა ყავისფერი მდინარეები, სადაც თევზი ხტის და ქალები, თმაში მზის ათინათით.
მალე ტიქო ფეოს პატივი ერგო საწოლი ღუმელთან, მისტერ შეფერის გვერდით ჰქონოდა.
მისტერ შეფერმა ყოველთვის იცოდა, რომ მისი მეგობარი საშინელი ცრუპენტელა ბრძანდებოდა. მას არასოდეს სჯეროდა ტიქო ფეოს არაკებისა მისი თავგადასავლების, გამარჯვებებისა და ცნობილ ხალხთან შეხვედრების შესახებ. ის მათ სახალისო მოთხრობებად უფრო მიიჩნევდა, რომლებიც სიამოვნებით შეიძლება წაიკითხო ჟურნალში და გულს უთბობდა სიბნელეში მოჩურჩულე თავისი მეგობრის ტროპიკული ხმა.
გარდა სხეულთა შეერთებისა, ანდა ამაზე ფიქრისაც კი, თუმცა მსგავსი რამ ბანაკში არვის გააკვირვებდა, ისინი შეყვარებულებივით იყვნენ. წელიწადის დროთაგან გაზაფხული ყველაზე დამანგრეველია: ყლორტები ზამთარში გაქვავებულ მიწის ქერქს ამოამტვრევს, ხასხასა ფოთლები გამოტეხს ჩამკვდარ ტოტებზე, ახალშობილი სიმწვანიდან კი რულისმომგვრელი ნიავქარი დაედინება. ჰოდა, მისტერ შეფერსაც იგივე სჭირდა, გახევებული კუნთები ემსხვრეოდა და უნედლდებოდა.
იანვარი იწურებოდა. მეგობრები ფიცრულის კიბეზე ისხდნენ და ეწეოდნენ. მათ თავზე ლიმონის ჩამონათალის ქერქივით ვიწრო და ყვითელი მთვარე მომშვილდულიყო და მოლიპული ჭირხლის ძარღვები მის შუქზე ლოკოკინას ნაკვალევივით ვერცხლისფრად ბზინავდა.
უკვე მერამდენე დღე იყო, რაც ტიქო ფეო თავის თავში ჩაიკეტა, გაყუჩებულიყო ჩრდილში ჩასაფრებული მძარცველივით. ვეღარ ეტყოდი, ტიქო, დაუკარი მაგ შენს ყუთზეო, ერთს თუ შემოგხედავდა მშვიდი, გაფანტული მზერით.
- მიამბე რამე, - უთხრა მისტერ შეფერმა, რომელიც დაძაბული და სასოწარკვეთილი იყო, როცა არ შეეძლო თავის მეგობარს მისწვდომოდა, - მიამბე, როგორ წახვედი დოღზე მაიამიში.
- მე არასოდეს წასულა არც ერთ დოღზე, - თქვა ტიქო ფეომ და ამით თავის ყველაზე მაგარ ტყუილში გამოტყდა, თითქოს ასობით დოლარი მოეგოს და ბინგ ქროსბის შეხვედროდეს, მაგრამ ეს, ჩანდა, არც აწუხებდა.
სავარცხელი ამოაძრო და გამეტებით ჩამოისვა თმაზე. რამდენიმე დღის წინ ეს სავარცხელი გაცხარებული ჩხუბის მიზეზად იქცა. ერთმა კაცმა, უინკმა, განაცხადა, ტიქო ფეომ სავარცხელი მომპარაო, რაზეც ბრალდებულმა სახეში შეფურთხებით გასცა პასუხი. ისინი ერთმანეთს დაეძგერნენ და მისტერ შეფერმა და სხვა კაცებმა გააშველეს.
- ჩემი სავარცხელი, უთხარი მას, - შესთხოვა ტიქო ფეომ მისტერ შეფერს, მაგრამ მისტერ შეფერმა გადაჭრით უთხრა უარი, რადგან ეს მისი მეგობრის სავარცხელი არ ყოფილა. ასეთმა პასუხმა, ეტყობა, მთლად გააფუჭა საქმე.
- ვაჰ, - თქვა უინკმა, - თუ ეგრე ძალიან უნდა, ღვთის გულისათვის, ჰქონდეს მაგ ძაღლიშვილს.
ჰოდა, მოგვიანებით უთხრა ტიქო ფეომ დაბზარული, ცივი ხმით: “მე ჩემი მეგობარი მეგონე”.
“ვარ კიდეც”, - გაიფიქრა მისტერ შეფერმა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
- მე არასოდეს წასულა არც ერთ დოღზე და რაც ქვრივ ქალზე თქვა, არც ის მართალი, - მან ისეთი გააფთრებით მოქაჩა სიგარეტი, სულ ვარვარი დააწყებინა და დაფიქრებით შეაჩერდა მისტერ შეფერს, - თქვი, აქვს შენ ფული, ბატონო?
- მექნება ოციოდ დოლარი, - მიუგო მისტერ შეფერმა ყოყმანით, რადგან ვერ გაეგო, რა შედეგი მოჰყვებოდა ამას.
- არც ისე კარგი, ოცი დოლარი, - თქვა ტიქომ, თუმცა დანანების გარეშე, - არა უშავს, ჩვენ გზაში იმუშაონ. მობილში მე ჩემი მეგობარი ფრედერიკო ყავს. მან ჩვენ გემზე დასვას. იქ კი საშიში აღარაა. - ისე ამბობდა, თითქოს მოსალოდნელ აგრილებაზე ლაპარაკობსო.
მისტერ შეფერს გული მოეწურა, კრინტიც ვეღარ დაძრა.
- აქ ვერავინ შეძლოს ტიქო დაეწიოს. ის ყველაზე სწრაფად დარბის.
- ტყვიები უფრო სწრაფად დარბის, - წარმოთქვა მისტერ შეფერმა ძლივს გასაგონად, - მე ძალზე ბებერი ვარ, - დაამატა მან და ცხოვრებისეული გამოცდილება გულისრევასავით აუქაფდა შიგნით.
- და მერე სამყარო, სამყარო, ელ მუნდო, ჩემო მეგობარო, - ფეხზე მდგომი ტიქო ფეო ყურს არ უგდებდა და კვიცივით ცმუკავდა. და ყველაფერი მის შეთქმულს ჰგავდა, - მთვარეც, ბუკნაჭოტების გადაძახილიც.
- იქნებ ჩვენ მადრიდში წავიდნენ? იქნებ ხარებთან ბრძოლა მასწავლოს ვინმემ? როგორ გგონია, ბატონო?
არც მისტერ შეფერს ესმოდა რამე.
- მე ბებერი ვარ, - ამბობდა, - ჯანდაბას, რა ბებერი ვარ!
მომდევნო რამდენიმე კვირა ტიქო ფეო სულ კუდში დასდევდა, - “სამყარო, ელ მუნდო, ჩემო მეგობარო”; მისტერ შეფერს დამალვა სურდა.
იგი ტუალეტში იკეტებოდა და თავს ხელებში რგავდა. თუმცა მაინც იმედაშლილი, ატაცებული იყო: რა იქნება, მართლაც მოხდეს და ტიქო ფეოს მხარდამხარ გაეშუროს ტყის გადაღმა, ზღვის ნაპირისკენ? და თავს გემზე წარმოიდგენდა, იგი, ვისაც ზღვა თვალითაც არ ენახა, ვის ცხოვრებასაც მთლიანად ხმელეთზე ჩაევლო. ამასობაში ერთი პატიმარი გარდაიცვალა და ეზოში ჩაქუჩის კაკუნი გაისმოდა - კუბოს კრავდნენ. ყოველი ლურსმნის ჩაჭედებაზე მისტერ შეფერი გაიფიქრებდა: “ის ჩემთვისაა, ჩემია”.
თავად ტიქო ფეო არასოდეს ყოფილა უკეთეს გუნებაზე. მოცეკვავესავით მსუბუქად და ჟიგოლოსავით მოხდენილად მიმოდიოდა და ირგვლივ ყველას ეხუმრებოდა. ფიცრულში ნავახშმევს მისი თითები შუშხუნებივით დასტრიალებდნენ გიტარას. მან კაცებს “ოლე”-ს შეძახება ასწავლა და ზოგმა მათგანმა ქუდიც შეტყორცნა ჭერში.
როცა საგზაო სამუშაო დასრულდა, მისტერ შეფერი და ტიქო ფეო ტყეებში დააბრუნეს.
ვალენტინობა დღეს სამხარს მიირთმევდნენ ბაძგის ხის ქვეშ. მისტერ შეფერს თორმეტიოდე ფორთოხალი ჩამოსვლოდა ქალაქიდან და ახლა აუჩქარებლად თლიდა, ქერქი სპირალებად ეხვეოდა. ყველაზე წვნიან ნაჭრებს თავის მეგობარს აწოდებდა, რომელიც ამაყი იყო იმით, რომ ასე შორს - ბარე ათ ნაბიჯზე შეეძლო კურკების გადაფურთხება.
ცივი მშვენიერი დღე იდგა. მზის შუქის ლაქები პეპლებივით დაფარფატებდა მათ ირგვლივ და მისტერ შეფერი, რომელსაც ხეებთან მუშაობა მონატრებოდა, მოდუნებული და ბედნიერი იყო. აი, მაშინ თქვა ტიქო ფეომ: “აი ის, ბუზს არ ააფრენს”. ის არმსტრონგს გულისხმობდა, ღორივით სახენასუქ კაცს, რომელიც თოფს დაყრდნობილი იჯდა. იგი ყველაზე ახალგაზრდა იყო ზედამხედველთა შორის და ბანაკშიც ახლახან მოსულიყო.
- რა ვიცი, - თქვა მისტერ შეფერმა.
მან არმსტრონგი შეათვალიერა და შენიშნა, რომ ახალი ზედამხედველი, ერთდროულად მძიმეწონიან და ქედმაღალ ადამიანთა უმეტესობის მსგავსად, მსუბუქად და მოქნილად მოძრაობდა, - ეგ შეძლებს შენს გაბრიყვებას.
- ის მე გავაბრიყვებ, იქნებ, - თქვა ტიქო ფეომ და ფორთოხლის კურკა არმსტრონგისკენ გააფურთხა. ზედამხედველმა შეუბღვირა და სასტვენს ჩაჰბერა. ეს მუშაობის დაწყების ნიშანი იყო.
ნაშუადღევს მეგობრები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ამჯერად სათლებს ალურსმავდნენ გვერდიგვერდ მდგომ ხეებზე. მათ შორიახლოს, დაღმა, თავთხელი ნაკადული მირაკრაკებდა ხეებს შორის.
- წყალში არა სუნი, - თქვა ტიქო ფეომ დანაწევრებით, თითქოს ოდესღაც გაგონილს იხსენებსო, - ჩვენ წყალში გაიქცევა; დაბნელებამდე ჩვენ ხეზე ავლენ. დიახ, ბატონო?
მისტერ შეფერი ჩაჭედებას განაგრძობდა, მაგრამ ხელი აუკანკალდა და ჩაქუჩი ცერზე დაიკრა. გაოცებულმა შემოხედა თავის მეგობარს, თუმცა სახეზე ტკივილის ნიშანწყალი არ ეწერა და არც ხელი გაუქანებია პირისკენ, როგორც ჩვეულებრივ ამ დროს სჩადის ადამიანი.
ტიქო ფეოს ლურჯი თვალები ბუშტებივით დაბურცვოდა და ბაძგის კენწეროებში მოშრიალე ნიავზე ჩუმად რომ წაიჩურჩულა: “ხვალ”, ეს თვალებიღა იყო, რის დანახვაც კიდევ შეეძლო მისტერ შეფერს.
- ხვალ, ბატონო?
- ხვალ, - თქვა მისტერ შეფერმა.
დილის პირველმა სხივებმა შეაფერადა ფიცრულის კედლები და მისტერ შეფერმა, რომელსაც რული არ გაჰკარებია, იცოდა, ტიქო ფეოც ფხიზლობდა.
ნიანგივით მილულული თვალებით აკვირდებოდა იგი მეგობრის საქმიანობას გვერდით საწოლზე. ტიქო ფეომ თავისი განძთსამალავი ყელსახვევის ნასკვი გამოხსნა. ჯერ ჯიბის სარკე ამოიღო. მისი მქრქალი ათინათი სახეზე აუტოკდა. ერთხანს თავისი თავის ცქერით ტკბებოდა სერიოზული აღტაცებით, თან თმას ივარცხნიდა და ისე იტკეპნიდა, თითქოს წვეულებაზე საცეკვაოდ ემზადებაო. შემდეგ კრიალოსანი ჩამოიკიდა გულზე. არც ოდეკოლონი გაუხსნია და აღარც რუკა.
უკანასკნელი, რაც გააკეთა, გიტარის აწყობა იყო. სანამ სხვა კაცები ტანთ იცვამდნენ, იგი თავისი საწოლის კიდეზე მჯდომი სიმებს მართავდა. საკვირველი იყო, ხომ უნდა სცოდნოდა, რომ მასზე აღარასოდეს დაუკრავდა.
ჩიტების ჟღურტული მიაცილებდა დილის დანისლულ ტყეებში მიმავალ კაცებს. სათითაოდ გამწკრივებულნი მიაბიჯებდნენ, ორმოცდაათნი თითოეულ ჯგუფში. ყოველ მწკრივს ზედამხედველი მისდევდა უკან. მისტერ შეფერს ისე ასხამდა ოფლი, როგორც პაპანაქება სიცხეში.
ამაოდ ცდილობდა ნაბიჯი აეწყო თავისი მეგობრისათვის, რომელიც წინ მიაბიჯებდა და თითების ტკაცუნითა და სტვენით ეხმიანებოდა ჩიტებს.
ნიშანი დათქმული ჰქონდათ.
ტიქო ფეოს უნდა დაეძახა: “შესვენება” და ხის უკან გასვლა მოეთხოვა, მაგრამ როდის, მისტერ შეფერმა არ იცოდა.
ზედამხედველმა არმსტრონგმა სასტვენს ჩაჰბერა, ხალხის მწკრივი დაიშალა და თავ-თავის ადგილებზე დანაწილდა. მისტერ შეფერი, რამდენადაც შეეძლო, აკეთებდა მის საქმეს, მაგრამ თან ცდილობდა ტიქო ფეოზეც და ზედამხედველზეც თვალი სჭეროდა. არმსტრონგი კუნძზე იჯდა, სახემოღრეცილი ღეჭავდა თამბაქოს. მისი თოფის ლულა მზეს უმიზნებდა. დანამდვილებით ვერ მიხვდებოდი, საით იყურებოდა მისი ბანქოს შულერივით თაღლითური თვალები.
ერთხელაც სხვა კაცმა ითხოვა შესვენება. მისტერ შეფერმა მაშინვე კი იცნო, რომ ხმა მისი მეგობრისა არ იყო, მაგრამ პანიკამ მაინც წაუჭირა ყელში. გაწელილი დილის საათები დაფდაფივით ფეთქავდა მის ყურებში და შიშობდა, რომ ნიშანს ვეღარ გაიგონებდა.
მზემ ცის შუაგულს მიატანა.
“ის ერთი ზარმაცი მეოცნებეა. ეს არასოდეს მოხდება”, - გაუელვა მისტერ შეფერს და ამ აზრს მოეჭიდა.
- ჩვენ ჯერ უნდა ჭამონ, - საქმიანად გამოაცხადა ტიქო ფეომ, როცა თავიანთ ჯამებს მიუსხდნენ ნაკადულის პირას. უსიტყვოდ ილუკმებოდნენ, თითქოს დამდურებულები ყოფილიყვნენ, მაგრამ ბოლოს მისტერ შეფერმა ხელზე თავისი მეგობრის გულთბილი შეხება იგრძნო.
- მისტერ არმსტრონგ, შესვენება.
ნაკადულის სიახლოვეს მისტერ შეფერმა ტკბილი გუმფისის ხე შენიშნა და ახლა ფიქრობდა, მალე გაზაფხულდება და ტკბილი კევი დასაღეჭად ივარგებსო. სრიალა ნაპირიდან წყალში ჩაშვებისას ბასრმა ქვამ გადაუსერა ხელისგული. წამოდგა და გაიქცა; ფეხები გრძელი ჰქონდა და ტიქო ფეოს არ ჩამორჩენია. მათ ირგვლივ ყინულის გეიზერები იფრქვეოდა. წინ და უკან, ხეებს შორის ისე გუგუნებდა კაცების შეძახილები, როგორც გამოქვაბულში.
სამჯერ გაისროლეს, სამჯერვე ჰაერში, თითქოს ზედამხვედველი ბატების გუნდს ცხრილავდა.
მისტერ შეფერმა ვერ შენიშნა ნაკადულზე გადებული მორი. ეგონა, ისევ გავრბივარო და ფეხების ქნევას განაგრძობდა. გულაღმა ამობრუნებულ კუს მიაგავდა.
ასე მბორგავს მისკენ დახრილი მეგობრის სახე, ასეთი შორეული და გამკიცხავი, ზამთრის ცის ნაწილად მოეჩვენა. ის ერთხანს კოლიბრივით ეკიდა მის თავზე და მისტერ შეფერი ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა, რომ ტიქო ფეოს სინამდვილეში არ უნდოდა მისი აყოლიება, არც კი ეგონა, თუ გაქცევას დასთანხმდებოდა. და მისტერ შეფერმა უწინდებურად გაიფიქრა, რომ ბევრ დროს უნდა გაევლო, ვიდრე მისი მეგობარი მოწიფული კაცი დადგებოდა. როცა იპოვეს, იგი კვლავ წყალში იყო გაწოლილი, თითქოს ზაფხულის შუადღეს მოცალედ მისცემია დინებასო.
მას შემდეგ სამი ზამთარი გავიდა და ყოველ მათგანს უცივესი და უგრძესი ეთქმის. გასული ორი თვის გადაუღებელმა წვიმამ ისე აატალახა ბანაკში მიმავალი თიხატკეპნილი გზა, რომ იქ ჩაღწევაც და გამგზავრებაც უწინდელზე მეტად გაძნელდა.
კედლებზე წყვილი პროჟექტორი მიამაგრეს და ღამღამობით გოლიათი ჭოტის თვალებივით ანათებს იქ. სხვა მხრივ კი ბევრი არაფერი შეცვლილა. მისტერ შეფერიც თითქმის ადრინდელივით გამოიყურება, თუ არ ჩავთვლით, რომ თმაში ჭაღარა შეემატა და გატეხილი წვივის გამო კოჭლობით დადის. თვით კაპიტანმა თქვა, რომ მისტერ შეფერმა წვივი ტიქო ფეოს დაჭერის მცდელობისას დაიზიანა. მისტერ შეფერის ფოტოც დაბეჭდეს გაზეთში წარწერით “ცდილობდა გაქცევა აღეკვეთა”. ამით იგი ღრმად შეურაცხყოფილი დარჩა, არა იმიტომ, რომ იცოდა, სხვა კაცები მასხრად იგდებდნენ, არამედ შიშობდა, ვაითუ, ტიქო ფეომაც ნახა ესაო. თუმცა მაინც ამოჭრა გაზეთიდან და კონვერტში ინახავს რამდენიმე სხვა ამონარიდთან ერთად, მის მეგობარს რომ უკავშირდება: ერთმა შინაბერამ განუცხადა ხელისუფლებას, იგი სახლში შემომეჭრა და მაკოცაო; ორჯერ იტყობინებოდნენ, რომ მობილის შემოგარენში ენახათ, ბოლოს კი ირწმუნებოდნენ, ქვეყანა დატოვაო.
არავის შეუტანია ეჭვი იმაში, რომ გიტარა მისტერ შეფერის კუთვნილება იყო.
რამდენიმე თვის წინ ახალი პატიმარი მოვიდა ბანაკში. იგი კარგ დამკვრელობას იჩემებდა და მისტერ შეფერი დაითანხმეს, გიტარა ეთხოვებინა მისთვის, მაგრამ იმ კაცს ყოველი ჰანგი ისეთი მჟავე გამოსდიოდა, იფიქრებდი, იმ დილით, გიტარას რომ აწყობდა, ტიქო ფეომ მას ნამდვილად შეულოცაო. ახლა გიტარა მისტერ შეფერის საწოლქვეშ განისვენებს და მის ყალბ ალმასებს სიყვითლე ეპარება. ზოგჯერ, ღამღამობით, მისი ხელი მიაგნებს სიმებს და თითები ნელა ჩამოჰკრავს: "და-მე-რე-სამ-ყარო"...