ტრუმენ კაპოტე - ყვავილების სახლი
ოტილის შეეძლო პორტ-ო-პრენსის უბედნიერესი გოგო ყოფილიყო. აკი ბეიბიმაც ურჩია, ყველაფერს ანგარიშიანად უნდა უყუროო.
- მაინც რას? - ჩაეკითხა ოტილი, რადგან პატივმოყვარე გახლდათ და ქათინაურები ერჩივნა ლორსა თუ სუნამოს.
- რასა და შენს გარეგნობას, - მიუგო ბეიბიმ, - მშვენიერი ღია ფერის კანი გაქვს, თვალებიც - თითქმის ლურჯი და ასეთი ლამაზი, ეშხიანი სახე. ამ გზაზე სხვა რომელ გოგოს ჰყავს შენსავით ერთგული კლიენტები, მათგან ყოველი მზადაა იმდენი ლუდი გიყიდოს, რამდენის დალევასაც შეძლებ.
ოტილიმ აღიარა, მართალიაო, და ღიმილით მოჰყვა თავისი მონაგების ჩამოთვლას:
- აბრეშუმის ხუთი კაბა მაქვს და მწვანე ატლასის წყვილი ფეხსაცმელი, სამი ოცდაათიათასფრანკიანი ოქროს კბილი და იქნებ მისტერ ჯემისონმა ან ვინმე სხვამ ერთი სამაჯურიც მაჩუქოს.
და ბეიბიმ მხოლოდღა ამოიოხრა, რადგან მეტი ვერაფრით გამოეთქვა თავისი გულისწყრომა.
ბეიბი მისი საუკეთესო მეგობარი იყო. მეორე მეგობარიც ჰყავდა - როზიტა. ბეიბი ბურთს ჰგავდა - მრგვალი, ბზრიალა. უბრალო ლითონის ბეჭდები მწვანე რგოლებს აჩნევდა პუტკუნა თითებზე. კბილები ხეზე ამომწვარი დამღებივით ჩაშავებოდა და რომ გაიცინებდა, მის ხმას ზღვაზეც გაიგონებდით.
ყოველ შემთხვევაში, მეზღვაურები ასე ირწმუნებოდნენ. როზიტა, მეორე მეგობარი, მამაკაცთა უმრავლესობაზე ბევრად მაღალიც იყო და ღონიერიც. ღამით, კლიენტთა სიახლოვეს, იგი კეკლუცად რონინებდა სულელი თოჯინის ხმაზე მოტიტინე, ხოლო დღისით ფართო, მხტუნავი ნაბიჯით დააბოტებდა და მხედრულ ბარიტონს გამოსცემდა. ოტილის ორივე მეგობარი დომინიკელთა რესპუბლიკიდან ჩამოსულიყო და ეს საკმაო მიზეზად მიაჩნდა, რათა ადგილობრივ ბევრად მუქკანიან ჰაიტელებზე მაღლა დაეჭირა თავი. ოტილიც რომ აქაური იყო, არად დაგიდევდნენ.
- შენ ჭკუა გაქვს, - ეტყოდა ბეიბი და მართლაც ჭკუას კარგავდა მახვილ გონებაზე.
ოტილი ხშირად შიშობდა, მის მეგობრებს არ შეემჩნიათ, რომ არც წერა იცოდა და არც კითხვა.
კოშკივით აწოწილი და ვიწრო სახლი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, სურომოდებული მყიფე აივნებით იყო მოჭიქული. თუმცა გარედან აბრა არ ჰქონია, მას შანზ-ელიზეს ეძახდნენ.
ამ სახლის დიასახლისი - შინაბერა, შეზღუდული ხეიბარი, ზედა სართულის ოთახიდან მმართველობდა. იქ შეკეტილი, სარწეველა სავარძელში ქანაობდა და ათ-ოც კოკა-კოლას სვამდა დღეში. სულ თუ მოვთვლით, სამუშაოდ რვა ქალბატონი ჰყავდა აყვანილი. ოტილის გარდა არც ერთი არ ყოფილა ოცდაათზე ნაკლებისა. საღამოობით, როცა ქალბატონები პარმაღზე შეიყრებოდნენ სალაყბოდ და კომიქსებს ინიავებდნენ, გზაარეული ფარვანებივით რომ აპობდა ჰაერს, ოტილი უფროსი, უშნო დებით გარემოცულ თვალწარმტაც ზმანებამორეულ ბავშვს მიაგავდა.
დედამისი გარდაიცვალა. მამა, პლანტატორი, საფრანგეთში დაბრუნდა, ხოლო ოტილი მთაში წაიყვანა გაუთლელი გლეხების ოჯახმა, რომლის ახალგაზრდა ვაჟთაგან ყოველი წოლილა მასთან სადმე ჩრდილოვანსა და მწვანილოვან ალაგას. სამიოდ წლის წინ, თოთხმეტი წლისა, ოტილი პირველად ჩამოვიდა პორტ-ო-პრენსში ბაზრობაზე.
ორი დღე-ღამის სავალ გზაზე იგი ხორბლის ათფუთიანი ტომრით ზურგზე მოაბიჯებდა. შესამსუბუქებლად ტვირთს ჯერ ცოტაოდენი მარცვალი გადმოაკლო, მერე - ოდნავ მეტიც და იმ დროისათვის, როცა ბაზრობას მიაღწია, ტომარაში აღარაფერი დარჩენოდა. ოტილი ატირდა, როცა წარმოიდგინა ოჯახის განრისხება, ნავაჭრ ფულს რომ ვერ ჩაიტანდა შინ, მაგრამ ცრემლს დიდხანს არ უდენია, ერთი სანდომიანი შეზარხოშებული კაცი დაეხმარა მის შეშრობაში. მან ქოქოსის ნაჭერი უყიდა და თავისი ბიძაშვილის მოსანახულებლად წაიყვანა, რომელიც შანზ-ელიზეს დიასახლისი გახლდათ. ოტილის ვერ დაეჯერებინა თავისი იღბლიანობისა - მუსიკალური აპარატის ჰანგები, ატლასის ფეხსაცმელი და ხალისიან მამაკაცთა საზოგადოება ისევე უჩვეულო და მომხიბლავი იყო, როგორც მის ოთახში ელექტრონათურა, რომლის ჩართვა-ამორთვით ვერ ძღებოდა. მალე იგი ყველაზე ცნობილი გოგო გახდა ამ გზაზე, დიასახლისი ორმაგს ითხოვდა მის სანაცვლოდ და ოტილისაც პატივმოყვარეობა მოეძალა, საათობით შეეძლო სარკის წინ ტრიალი. თან გამუდმებით ფიქრობდა მთებზე.
ახლაც, სამი წლის შემდეგ, ბევრი რამ მთებისეული კვლავ თან ახლდა: იქაური ქარები ქროდა მის ირგვლივ, არც მკვრივი მაღალი თეძოები მოსდუნებია და არც ხვლიკის ტყავივით გახეშეშებული ტერფები დარბილებია.
როცა მისმა მეგობრებმა სიყვარულზე ჩამოაგდეს სიტყვა, მამაკაცებზე, ვისზეც გული შევარდნოდათ, ოტილი სევდამ შეიპყრო.
- როგორ უნდა მიხვდე, რომ შეყვარებული ხარ? - იკითხა მან.
- აჰ, - თვალმიბნედით წარმოთქვა როზიტამ, - ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს პილპილი მოგაფრქვიეს გულზე და ძარღვებში წვრილ-წვრილი თევზები გიცურავენ.
ოტილიმ თავი გაიქნია; თუკი როზიტა არ ცრუობდა, მაშ, არასოდეს ჰყვარებია, რადგან არ უგრძვნია ამგვარი რამ ამ სახლში მოსიარულე რომელიმე მამაკაცის მიმართ.
ამან ისე დაადარდიანა ოტილი, რომ ბოლოს და ბოლოს ჰუნგანთან წავიდა, ჯადოსანთან, რომელიც ქალაქის თავზე, მთაში ცხოვრობდა. მის მეგობართაგან განსხვავებით, ოტილი თავისი ოთახის კედლებს ქრისტიანული სურათებით არ რთავდა. მას სწამდა არა ერთი ღმერთის, არამედ საკვების, სინათლის, სიკვდილის, სიღატაკის მრავალი ღვთაებისა.
ჰუნგანი ამ ღვთაებებს იყო მიახლებული; მათ საიდუმლოებებს თავის საკურთხეველზე დარაჯობდა, შეეძლო გოგრის ჩხრიალში გაეგონა მათი ხმები, ხოლო მათი ძალა წამლის ულუფებად დაენაწილებინა. ღმერთებთან გაბაასების შემდგომ ჰუნგანმა ასე ურჩია: გარეული ფუტკარი დაიჭირე და მუჭში გაიჩერე, თუკი ფუტკარმა არ გიკბინა, იცოდე, სიყვარულს მიაგენიო.
შინისაკენ მიმავალი ოტილი მისტერ ჯემისონზე ფიქრობდა. იგი ორმოცდაათს გადაცილებული კაცი იყო, სამშენებლო პროექტის ამერიკელი მონაწილე. ოტილის მაჯებზე მოჟღრიალე ოქროს სამაჯურები მან აჩუქა და ცხრატყავას ტოტებით დახუნძლულ ღობესთან ჩავლისას ოტილის მოუნდა გაეგო, ყოველივე ამის შემდეგ შეყვარებული ხომ არ იყო მისტერ ჯემისონზე.
შავი ფუტკარი ცხრატყავას მოსდებოდა. ოტილიმ გაბედული თავდაჯერებით ჩაბღუჯა ერთი მთვლემარე მათგანი. მისი ჩხვლეტა დარტყმას ჰგავდა, რომელმაც მუხლი მოჰკვეთა და იქვე ჩაჩოქილი ისე მწარედ აატირა, ვერ გაიგებდი, ფუტკარმა ხელი დაუნესტრა თუ თვალები.
***
მარტი იდგა და კარნავალი ახლოვდებოდა. შანზ-ელიზეზე ქალბატონები კოსტიუმებს იკერავდნენ. ოტილი მოცლილი იყო, რადგან გადაეწყვიტა, საკარნავალო კოსტიუმი სულაც არ ჩაეცვა. ხმაურიან სადღესასწაულო უქმეებზე, როცა დოლები მთვარეს შესძახის, იგი თავის სარკმელთან ჩამოჯდა და გონებადაფანტული ადევნებდა თვალს მომღერალთა პატარ-პატარა ჯგუფებს, ცეკვითა და დაფის ცემით რომ მიუყვებოდნენ ქუჩას; იგი სტვენასა და სიცილს აყურადებდა და მათში გარევის სურვილს არ გრძნობდა.
- კაცი იფიქრებს, ასი წლისააო, - თქვა ბეიბიმ და როზიტამაც დაამატა: - ოტილი, რატომ მამლაყინწების ბრძოლაზე არ გამოგვყვები?
იგი მამლაყინწების ჩვეულებრივ შერკინებას არ გულისხმობდა.
ამ დღეს შეჯიბრის მსურველთ კუნძულის ყოველი კუთხიდან ჩამოჰყავდათ თავიანთი უმძვინვარესი ფრინველები.
ოტილიმ წასვლა გადაწყვიტა და ყურებზე წყვილი მარგალიტი მოირგო.
იქ რომ მივიდნენ, სანახაობა ის-ის იყო იწყებოდა. ვეება ჩარდახის ქვეშ შეჯგუფებული ზღვა ხალხი გმინავდა და გაჰყვიროდა, მეორე ჯგუფს კი შიგ შეღწევა ვერ მოეხერხებინა და გარშემო იყო შექუჩებული. შანზ-ელიზეს ქალბატონებისთვის სანახაობაზე შესვლა სიძნელეს არ წარმოადგენდა. მეგობარმა პოლიციელმა გზა გაკაფა მათთვის და რინგის ახლოს დასხა. მათ ირგვლივ მყოფი სოფლელები დაბნეულობამ მოიცვა, როცა ასეთ ელეგანტურ კომპანიაში ამოყვეს თავი. ისინი რიდით შეჰყურებდნენ ბეიბის ლაქწასმულ ფრჩხილებს, ყალბ ბრილიანტებს როზიტას თმის სარჭებზე, ოტილის მარგალიტის საყურეების ციაგს. ამასობაში ბრძოლებიც გაჩაღდა და ქალბატონები უმალ მიივიწყეს.
ამით გულდაწყვეტილი ბეიბი აქეთ-იქით მოჰყვა თვალის ცეცებას მათკენ ნასროლი მზერის ძიებაში. უცებ მან იდაყვი წაჰკრა ოტილის.
- ოტილი, - უთხრა, - თაყვანისმცემელი შეგიძენია. შეხე იმ ბიჭს, აი იქით, ისე მოგშტერებია, თითქოს ცივი სასმელი იყო.
ოტილიმ ჯერ კი იფიქრა, ნაცნობი იქნება ვინმეო, რადგან ბიჭი ისე შესცქეროდა, თითქოს უეჭველად უნდა ეცნოთ, მაგრამ ეს როგორ უნდა მომხდარიყო, როცა ოტილის ასე ლამაზი არასოდეს სცნობია ვინმე. არავინ, ასე გრძელი ფეხებისა და პატარა ყურების მქონე. ოტილი მიხვდა, რომ ბიჭი მთიელი იყო. მისი ჭილის სოფლური ქუდი და სქელი პერანგის გახუნებული სილურჯე ბევრს რასმე ეუბნებოდა. წითურ ბიჭს ლიმონივით ნათელი კანი გუავას ფოთოლივით გადასტკეცოდა და თავი ისეთივე მედიდური ღირსებით ეკავა, როგორც შავ-წითელ მამალს მის ხელში.
ოტილი ნაჩვევი იყო მამაკაცებისათვის დაუმორცხვებულ გაღიმებას, თუმცა ამჯერად უფერული ღიმილი ნამცხვრის ნამცეცებივით მიჰკრობოდა მის ბაგეს.
ჩვეულებისამებრ, შესვენება გამოცხადდა. არენა გაიწმინდა და ყველა, ვინც მოახერხა, იქ შეიყარა საცეკვაოდ და ბოლთის საცემად, ვიდრე დოლებისა და სიმებიანი საკრავების ორკესტრი საკარნავალო მელოდიების შესრულებას განაგრძობდა. აი, მაშინ იყო, ახალგაზრდა ოტილის რომ მიუახლოვდა; მას გაეცინა ბიჭის მხარზე თუთიყუშივით შემოსკუპებული მამლის დანახვაზე.
- შენღა გვაკლდი, - მოუჭრა ბეიბიმ, შეურაცხყოფილმა იმით, რომ სოფლელი ბედავდა ოტილის საცეკვაოდ გაწვევას და როზიტაც როზგივით წამოიმართა ოტილისა და ბიჭს შორის ჩასადგომად. იმან კი მხოლოდ გაიღიმა და თქვა:
- გეთაყვა, მადამ, მე თქვენს ქალიშვილთან საუბარი მინდოდა.
ოტილიმ იგრძნო, რომ წამოდგა, იგრძნო, რომ თავისი თეძოები მისას ააყოლა ცეკვის რიტმში და უშფოთველად დაანება, მოცეკვავეთა ყველაზე მჭიდრო ჯგუფს შერეოდნენ.
- არა, გაიგე? დედამისი ვეგონე, - თქვა როზიტამ და ბეიბიმაც ავად გამოსცრა მის დასამშვიდებლად:
- მეტს რას ელოდი? ისინი ხომ აქაურები არიან, ორივენი. ერთი დაბრუნდეს, ისე დავიჭიროთ თავი, თითქოს არც ვიცნობდეთ.
მაგრამ ისე მოხდა, რომ ოტილი თავის მეგობრებთან აღარ დაბრუნებულა. როიალმა, როგორც ახალგაზრდა კაცს ეძახდნენ, როიალ ბონაპარტემ, უთხრა, რომ ცეკვას არ აპირებდა.
- ჩვენ წყნარ ადგილას გავისეირნებთ, - შესთავაზა მან, - მომე ხელი, წაგიყვან.
მასთან ყოფნისას ოტილის უცხო გრძნობა ეუფლებოდა, თუმცა თავი მასთან უცხოდ სულაც არ უგრძნია, რადგან მთებს ჯერ ისევ არ მიეტოვებინა და ბიჭიც ხომ მთიელი იყო. ხელიხელჩაკიდებულნი, ბიჭის მხარზე მოქანავე ცისარტყელასფერი მამლითურთ, ჩარდახიდან გამოვიდნენ და ნელა დაუყვნენ თეთრ შარაგზას, რომელიც მყუდრო ორღობეებმა შეცვალა, სადაც მზის სხივთა ჩიტები აკაციის სიმწვანეში ფრთხიალებდნენ.
- დაღონებული ვარ, - თქვა ბიჭმა, თუმცა დაღონებისა არა ეტყობოდა რა, - ჩემს სოფელში ჯუნო ჩემპიონია, მაგრამ აქაური ფრინველები უფრო ძლიერები და ავები არიან, მათ რომ შევაბრძოლო, ტყუილად მოვაკვლევინებ ჯუნოს.
ჰოდა, შინ წავიყვან და ვიტყვი, გაიმარჯვა-მეთქი. ოტილი, გინდა ბურნუთს დაყნოსო?
ოტილის გრძნობიერად დააცემინა. ბურნუთმა თავისი ბავშვობა მოაგონა და სიდუხჭირეც, იმ წლებს რომ ახლდა. ნოსტალგია მისწვდა თავისი უგრძესი კვერთხით.
- როიალ, წუთით შეიცადე, - თქვა მან, - ფეხსაცმელს გავიხდი.
თავად როიალს ფეხსაცმელი არ სცმია, ოქროსფერი ტერფები მოხდენილი და ჰაეროვანი ჰქონდა და მოქნილი ცხოველივით ნაკვალევს ტოვებდა.
- როგორ მოხდა, აქ რომ გიპოვე, - უთხრა, - მთელ სამყაროში მხოლოდ აქ, სადაც კარგი არაფერია, სასმელიც - უვარგისი და ხალხიც - მპარავი? რაღა აქ გიპოვე, ოტილი?
- რადგან მე ჩემი სავალი გზა მაქვს, შენ კი - შენი. ჩემი ადგილი აქაა. მე ერთ... ოჰ, სასტუმროსნაირ ადგილას ვმუშაობ.
- ჩვენ ჩვენი საკუთარი ადგილი გვაქვს, - თქვა ბიჭმა, - მთიან მხარეში, ზედ მწვერვალთან, გრილი სახლი მაქვს.
ოტილი, ხომ წამოხვალ იქ საცხოვრებლად?
- გიჟო, - უთხრა ოტილიმ გამომწვევად, - გიჟო, - და ხეებს შორის გაიჭრა. და ისიც დაედევნა, ხელებგაშლილი, თითქოს ბადე უჭირავსო. ჯუნომ ფრთები ააფართქუნა, დაიყივლა და ძირს ჩამოფრინდა.
ჩხვლეტია ფოთლები და ხავსის ბუსუსები ტერფებს უხოკავდა ჩეროებსა და ჩრდილებს შორის მქროლავ ოტილის. უეცრად ქუსლში ეკალშერჭობილი მოწყვეტით დაეცა აფერადებული გვიმრის პირბადეში. შეაჟრჟოლა, როცა როიალმა ეკალი ამოაძრო და ნაიარევზე აკოცა. მერე ტუჩები გოგოს ხელებზე, ყელზე ამოძრავდნენ და მან თითქოს აშრიალებულ ფოთლებში ამოყო თავი. იგი ბიჭის სურნელს ისუნთქავდა, იდუმალ, კრიალა არომატს, რომელიც საგანთა არსს, გიორგელებს, ვეება ხეთა ფესვებს მიაგავდა.
- კარგი ახლა, გვეყოფა, - შეევედრა ოტილი, არცთუ ისე დაჟინებით, მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან გატარებული საათის შემდეგ ამოვარდნაზე ჰქონდა გული.
მერე როიალს, დაწყნარებულს, ხუჭუჭთმიანი თავი ოტილის მკერდზე ედო და გოგომ “ქშშ” უთხრა მის მძინარე თვალებთან მწივან კოღოებს, “შშშ” უთხრა ჯუნოს, რომელიც გაბღენძილი დააბიჯებდა მათ ირგვლივ და ცას შეჰყიოდა.
უცებ ოტილიმ იქვე, შორიახლოს თავისი ძველი მტერი - ფუტკრები შენიშნა. ისინი ჭიანჭველებივით გამწკრივებულიყვნენ და უხმაუროდ შედი-გამოდიოდნენ გახლეჩილ კუნძში. ოტილი როიალის მკლავებს გამოეხსნა და მიწა მიასწორა მის სასთუმლად. ხელი უკანკალებდა, როცა მას ფუტკრის ბილიკზე დებდა, მაგრამ პირველივე გარეთ გამოსული მწერი თვითონ დაეცა ხელისგულზე და როცა თითები მომუჭა, არც კი განძრეულა მის საკბენად. მეტი გულდაჯერებისთვის ათამდე დაითვალა ოტილიმ, მუჭი გახსნა და ფუტკარმა ხალისიანი ზუზუნით შეკრა ჰაერში კამარა.
***
დიასახლისმა ასე ურჩია ბეიბისა და როზიტას: თავი დაანებეთ, წავიდეს, რამდენიმე კვირაში უკან დაბრუნდებაო.თვითონ კი ხავსს ეჭიდებოდა: გადმოსაბირებლად ოტილის სახლის საუკეთესო ოთახიც შესთავაზა, ოქროს ახალი კბილიც, კოდაკიც, ვენტილატორიც, მაგრამ ოტილის არც კი უყოყმანია, თავისი ავლადიდების მუყაოს ყუთში ჩალაგებას განაგრძობდა. ბეიბიმ წახმარება სცადა, მაგრამ ისე ტიროდა, ოტილიმ არ მიუშვა, - პატარძლის მზითევზე დაღვრილი ცრემლი ავად დამებედებაო.
როზიტას კი შეუძახა, მანდ დგომასა და ხელების მტვრევას, გირჩევნია, ჩემ გამო ხარობდეო.
მამლაყინწების ბრძოლიდან ორ დღესაც არ გაევლო, რომ როიალმა მხარზე მოიგდო ოტილის მუყაოს ყუთი და მთების გზას გაუდგნენ წყვდიადში. როცა ხმა დაირხა, ოტილი შანზ-ელიზეზე აღარ არისო, კლიენტების უმრავლესობამ სხვაგან დაიწყო სიარული: დანარჩენები, თუმცა კი არ ღალატობდნენ ძველ ადგილს, მაინც ჩიოდნენ იქ ჩამოწოლილ პირქუშ გარემოზე: იყო საღამოები, როცა ქალბატონებს არავინ პატიჟებდა ლუდზე. თანდათან ცხადი გახდა, რომ ოტილი უკან დამბრუნებელი აღარ იყო. ექვსი თვის თავზე დიასახლისმა თქვა, ალბათ, მოკვდაო.
***
როიალის სახლი ყვავილებისგან ნაკეთს წააგავდა: გლიცინიებს სახურავზე აეღწია, ვაზის ფარდები სარკმლებს ჩრდილავდა, კართან შროშანები აყვავებულიყო. ფანჯრიდან ზღვის შორეულ, მქრქალ ლივლივს მიაწვდენდით თვალს, რადგან სახლი მაღალ გორაკზე იდგა; აქ მზე მწველად აცხუნებდა, ჩრდილში კი ციოდა. შიგნით მუდამ ბნელი და გრილი სახლის კედლებზე ვარდისფრად და მწვანედ შეღებილი გაზეთები გაეკრათ. ერთადერთ ოთახში იყო ღუმელი, სარკე მარმარილოს მორყეული მაგიდის თავზე და თითბრის საწოლი, რომელიც სამ ზორბა კაცსაც კი დაიტევდა.
მაგრამ ოტილი ამ დიდებულ საწოლზე არ იძინებდა.
მასზე ჩამოჯდომის ნებაც კი არ ჰქონდა, რადგან ის როიალის ბებიის, ბებერი ბონაპარტეს კუთვნილებას წარმოადგენდა. დანახშირებულ, დაჩამიჩებულ ქმნილებას, ჯუჯასავით ფეხმოქცეულსა და სვავივით მელოტ ბებერ ბონაპარტეს შემოგარენში კუდიანის სახელი ჰქონდა დავარდნილი. ბევრს მისი ჩრდილის დანახვაც კი გულს უხეთქავდა. როიალიც კი უფრთხოდა და როცა მოახსენა, შინ ცოლი მოვიყვანეო, ენა დაება. დედაბერმა თავისთან მიიხმო ოტილი, აქა-იქ მწარედ დაჩქმიტა და შვილიშვილს გამოუცხადა, შენი საცოლე მეტად გამხდარია და პირველსავე მშობიარობას გადაჰყვებაო.
ყოველღამ, სანამ არ დარწმუნდებოდა ახალგაზრდა წყვილი, ბებერ ბონაპარტეს ჩაეძინაო, სიყვარულს ვერ ეძლეოდა. ზოგჯერ საძილე ჭილოფზე გარინდული ოტილი დარწმუნებული იყო, რომ ბებერ ბონაპარტეს ეღვიძა და მათ მისჩერებოდა. ერთხელაც, ბნელში ვარსკვლავივით მოკაშკაშე გადმოკარკლული თვალი დაინახა.
როიალს ვერ შესჩივლებდი, მას ეს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა - დიდი ამბავი, თუკი ცხოვრებაში ამდენის მნახველ მოხუც ქალს ცოტა მეტის ნახვაც მოუნდაო.
როიალის სიყვარულის გამო ოტილიმ თავიდან ამოიგდო სადარდელი და ცდილობდა, არ გაბრაზებულიყო ბებერ ბონაპარტეზე. ერთხანს იგი ბედნიერი იყო. თავისი მეგობრები და პორტ-ო-პრენსის ცხოვრება არ ენატრებოდა; თუმცა სათუთად ინახავდა იმ დღეთა მოსაგონარ ნივთებს - ბეიბისგან საქორწინო საჩუქრად ხელსაქმის კალათით მირთმეულ თავის დაკემსილ აბრეშუმის კაბებს, აბრეშუმისავე მწვანე წინდებს, რომლებსაც ახლა აღარ იცვამდა, რადგან აქ მათი ჩასაცმელი ადგილი არსად იყო - სოფლის კაფეში და მამლაყინწების ბრძოლაზე მხოლოდ კაცები იკრიბებოდნენ. ქალებს თუ ერთმანეთი მოენატრებოდათ, სარეცხი მიჰქონდათ მდინარეზე, მაგრამ ოტილის იმდენი საქმე ჰქონდა, მოსაწყენად ვერც კი იცლიდა. განთიადზე ევკალიპტის ფოთლებს აგროვებდა ცეცხლის გასაჩაღებლად და საჭმლის მოსამზადებლად, ქათმები უნდა დაეპურებინა, თხა მოეწველა, ბებერი ბონაპარტეც წუწუნით ითხოვდა ყურადღებას. სამ-ოთხჯერ დღეში ოტილი სათლს აავსებდა წყლით და სახლიდან ერთი მილის მოშორებით ჩაჰქონდა - იქ, სადაც როიალი მუშაობდა ლერწმის ყანაში. მას არ სწყინდა, როცა ამ შეხვედრებისას ქმარი ეუხეშებოდა, იცოდა, ასე თავს იწონებდა ყანაში მომუშავე სხვა კაცებთან, რომლებიც გახლეჩილი ნესვებივით ეღრიჭებოდნენ ოტილის.
თუმცა საღამოს, სახლში დაგულებულს, ებუტებოდა და ყურებს უჭიმავდა, ძაღლივით მექცევიო, ვიდრე ეზოს წყვდიადში, სადაც ციცინათელები ციალებდნენ, როიალი არ ჩაიხუტებდა და რაიმეს არ ჩასჩურჩულებდა ღიმმოსაგვრელად.
ხუთიოდ თვის ცოლ-ქმარი იყვნენ, როცა როიალი თავის ქორწინებამდელ ჩვევებს მიუბრუნდა. იგი სხვა კაცებივით დადიოდა კაფეში საღამოობით, მთელ კვირადღეებს კი მამლაყინწების ბრძოლაზე ატარებდა და ვერ მიმხვდარიყო, რად წუხდა ამაზე ოტილი, რად საყვედურობდა, უფლება არ გაქვს ასე მომექცე, არ გიყვარვარ, თორემ დღედაღამ ამ საძაგელ დედაბერთან არ დამტოვებდიო. მიყვარხარ, პასუხობდა იგი, მაგრამ კაცებს თავიანთი თავშესაქცევიც ხომ უნდა ჰქონდეთო. იყო ღამეები, როცა იგი მანამ იქცევდა თავს, სანამ მთვარე ცის შუაგულს არ მიატანდა. ოტილიმ არასოდეს იცოდა, როდის დაუბრუნდებოდა ქმარი და ჭილოფზე გაწოლილს ტანჯავდა ფიქრი, რომ მხოლოდ მის მკლავებში შეეძლო დაძინება.
თუმცა ნამდვილი სატანჯველი მაინც ბებერი ბონაპარტე იყო. იგი ყველანაირად ცდილობდა, ჭკუაზე შეეშალა ოტილი. როცა ოტილი საჭმელს ამზადებდა, საზარელი დედაბერი მივიდოდა და ღუმლის ირგვლივ იწყებდა ფუთფუთს.
თუკი კერძი არ მოეწონებოდა, ჯერ პირს იტენიდა, მერე კი იატაკზე გადმოაპურჭყებდა. ყოველ ღონეს ხმარობდა სახლის ასარევად: ლოგინში ისველებდა, თხის სახლში შემოყვანას იჩემებდა, რაიმეს შეეხებოდა და - ღვრიდა ან ამსხვრევდა; როიალს კი ჩასჩიჩინებდა, ქალი, რომელიც ქმარს სახლში მყუდროებას ვერ უქმნის, ყოვლად უღირსიაო. იგი მთელი დღე ფეხქვეშ ედებოდა ოტილის და ავი წითელი თვალები მუდამ დახუჭული ჰქონდა. თუმცა ყველაზე უარესი, რამაც საბოლოოდ გადააწყვეტინა ოტილის მისი მოკვლა, დედაბრის ჩვევა იყო - არსაიდან დასხმოდა თავს და ისე სასტიკად დაეჩქმიტა, ფრჩხილების ნაკვალევსაც კი დაინახავდით.
- თუ კიდევ ერთხელ ჩაიდენ ამას, უბრალოდ გაბედავ, დანას ავიღებ და გულს ამოგგლეჯ! - ბებერმა ბონაპარტემ იცოდა, ოტილი ამ მუქარის ამსრულებელი იყო და გადაწყვიტა, ხელი აეღო ჩქმეტაზე, მაგრამ ახლა სხვა ხრიკებს მიმართა. ეზოს იმ ნაწილში მოჰყვა სეირნობას, სადაც ოტილიმ პატარა ბაღი გააშენა.
ერთ დღეს ორი უცნაური რამ მოხდა. პატარა ბიჭი ამოვიდა სოფლიდან და წერილი ამოუტანა ოტილის. იგი შანზ-ელიზეშიც იღებდა ხოლმე ღია ბარათებს მეზღვაურების ან სხვა მოგზაური მამაკაცებისგან, ვისაც საამო წუთები გაეტარებინა მასთან, მაგრამ წერილი აქამდე არ მიუღია.
ვინაიდან მისი წაკითხვა არ შეეძლო, ჯერ დახევა დაუპირა - რა საჭირო იყო თვალწინ ჰქონოდა და სულ ამაზე ეფიქრა.
თუმცა, იმედსაც არ კარგავდა, რომ ოდესმე კითხვაც ესწავლა, ამიტომ ხელსაქმის კალათში მის დასამალად გაემართა.
როცა კალათს თავი ახადა, ავისმომასწავებელ ნივთს წააწყდა: იქ ძაფის ამაზრზენი გორგალივით იდო ყვითელი კატის მოკვეთილი თავი. საძაგელი დედაბერი არ იშლიდა თავის ოინებს. ჯადოს გაკეთებას მიპირებსო, გაიფიქრა არცთუ ძლიერ შეშინებულმა ოტილიმ - კატის თავს ფრთხილად წაავლო ხელი ცალ ყურში, ღუმელთან მიიტანა და ადუღებულ ქვაბში ჩაუძახა. ნასადილევს ბებერმა ბონაპარტემ პირი გააწკლაპუნა და აღნიშნა, რომ ოტილის მიერ მომზადებული წვნიანი მოულოდნელად გემრიელი იყო.
მეორე დილით, სწორედ სამხრობამდე, ოტილიმ თავის კალათში პატარა დაკლაკნილ მწვანე გველს მიაგნო, რომელიც ქვიშასავით წვრილად აქნა და მოშუშული ხორცის საწებელს მოაყარა. მისი გამომგონებლობა დღითი დღე უფრო დახვეწილი ხდებოდა: ობობებს ცომში ყრიდა, ხვლიკს ხრაკავდა, სვავის მკერდს ხარშავდა. ბებერი ბონაპარტე ყოველივე ამას რამდენიმე ულუფად გეახლებოდათ.
მისი თვალები გაფაციცებით აკვირდებოდა ოტილის, რათა ჯადოს ამოქმედების ნიშნები არ გამოჰპარვოდა.
- რაღაც ვერ გამოიყურები კარგად, ოტილი, - თქვა მან თავის დაძმარებულ ხმაში ოდნავ ბადაგის შერევით, - ჭიანჭველასავით ჭამ. აი, ახლაც, რად არ მიირთმევ ამ მშვენიერ წვნიანს?
- რადგან, - გულგრილად მიუგო ოტილიმ, - არ მიყვარს სვავის წვნიანი, არც ობობიანი პური, არც გველგარეული ხორცი. ასეთი კერძები მადას მიფუჭებს.
და ბებერი ბონაპარტე მიხვდა. ძარღვებდაძაგრული, ენაწართმეული, დაზაფრული წამოდგა და მერე მაგიდას გადაემხო. მზე ჯერ არ ჩასულიყო, როცა სული განუტევა.
როიალმა მოტირლები დაიბარა. მათ სოფლიდან, გარშემო მთებიდან მოიყარეს თავი და შუაღამეზე აყმუვლებული ძაღლებივით დასცეს ალყა სახლს. დედაბრები კედლებს ახლიდნენ თავს, მოტირალი მამაკაცები მიწას ერთხმოდნენ.
ეს გლოვის ხელოვნება იყო, ხოლო მწუხარების უკეთ განმასახიერებელი მეტ აღტაცებასაც იმსახურებდა. დაკრძალვის შემდეგ ყველანი კეთილი საქმის აღსრულებით კმაყოფილნი გაიკრიფნენ.
ამიერიდან სახლი ოტილის ეკუთვნოდა. ბებერი ბონაპარტეს თვალთვალსა და მისი სიბინძურის ხეხვას გადარჩენილს, დრო თავზე საყრელი ჰქონდა და აღარ იცოდა, რით შეევსო. ხან თითბრის ვეება საწოლზე იშხლართებოდა, ხან სარკის წინ დაბორიალებდა, ერთფეროვნება უზუზუნებდა თავში და ამ ბუზივით აბეზარი ბგერის ჩასახშობად შანზ-ელიზეში მუსიკალური აპარატით მოსმენილ სიმღერებს შემოსძახებდა ხოლმე. შებინდებისას, როიალის ლოდინში იხსენებდა, რომ დღის ამ დროს მისი მეგობრები პარმაღზე მსხდომი საუბრობდნენ და ელოდნენ, როდის გადმოუხვევდა მათკენ მანქანის შუქები, მაგრამ მოჰკრავდა თუ არა თვალს ბილიკზე ამომავალ როიალს, რომელსაც ლერწმის საჭრელი დანა ნამგალა მთვარესავით უელავდა გვერდზე, ამ ფიქრებს ივიწყებდა და გულდაამებული გარბოდა მის შესაგებებლად.
ერთ ღამეს, ნახევრად მთვლემარენი რომ იწვნენ, ოტილიმ უეცრად ვიღაცის ყოფნა იგრძნო ოთახში. მერე იქვე, ისევე როგორც ადრე, საწოლის ფეხთან მოკაშკაშე თვალი დაინახა. აი, მაშინ კი დარწმუნდა იმაში, რასაც მთელი ეს ხანი ეჭვობდა - ბებერი ბონაპარტე მოკვდა, მაგრამ არსად წასულა.
ერთხელ, სახლში მარტო რომ იყო, სიცილი შემოესმა და ერთხელაც, გარეთ, ეზოში დაინახა, როგორ მიშტერებოდა თხა ვიღაც იქ არმყოფს და ყურები ისევე უთრთოდა, როგორც ადრე, დედაბერი ქეჩოს რომ უქექავდა.
- მორჩი საწოლის რყევას, - უთხრა როიალმა და ოტილიმ, თვალისკენ თითგაშვერილმა, ჩურჩულით ჰკითხა, ხედავდა თუ არა რაიმეს. როცა პასუხად მიიღო, სიზმარში ხარო, შეეცადა თვალს შეჰხებოდა და შეჰკივლა, რადგან მხოლოდ ჰაერი შერჩა ხელში.
როიალმა ლამპა აანთო და თმაზე უალერსებდა მის მუხლს მიყრდნობილ ოტილის, რომელიც მოუთხრობდა, რას პოულობდა თავის საქსოვ კალათში და რას სჩადიოდა შემდეგ. ცუდია, რაც ჩაიდინა? როიალმა არ იცოდა, ეს არ იყო მისი განსასჯელი, მაგრამ მიაჩნდა, რომ ოტილის დასჯა იყო საჭირო. რატომ? რადგანაც დედაბერს სურდა ასე, რადგან სხვაგვარად იგი მოსვენებას არ მისცემდა ოტილის, მხოლოდ ეს იყო მოჩვენებებისგან ხსნის გზა.
სწორედ ამიტომ მეორე დილით როიალმა თოკი მოიტანა და ოტილის ხეზე მიბმა დაუპირა. დაბინდებამდე იქ უნდა დარჩენილიყო უსმელ-უჭმელი, რათა ყოველ გამვლელს ენახა მისი დამცირება.
მაგრამ ოტილი საწოლქვეშ შეძვრა და გამოსვლაზე უარი განაცხადა.
- გაგექცევი, - მოთქვამდა იგი, - როიალ, ერთი სცადე და მიმაბი იმ ბებერ ხეზე, ავდგები და გაგექცევი.
- ჰოდა, ჩამოვალ და წამოგიყვან, - უპასუხა როიალმა, - აი, მერე კი ვაი შენი ბრალი!
მან წვივში წაავლო ხელი და აჭყივლებული გამოათრია საწოლის ქვეშიდან. მთელი გზა ეზოსკენ ოტილი რას აღარ მოეჭიდა: კარს, ვაზს, თხის წვერს, მაგრამ ვეღარაფერმა შეაკავა, ვერაფერმა დააბრკოლა როიალი ხეზე მისი მიბმისას.
მან სამჯერ გამონასკვა თოკი და სამუშაოდ გასწია ხელის წუწნით, რომელიც ოტილიმ ატკინა. ვიდრე იგი მთას მიეფარებოდა, ოტილი ყველა სალანძღავ სიტყვას მისძახოდა, რაც კი ოდესმე გაეგონა. თხა, ჯუნო და ქათმები ოტილის შერცხვენის საცქერლად შეიკრიბნენ. ოტილიმ ფეხი დაუბაკუნა მათ და ენა გამოუყო.
ძილ-ბურანში მყოფ ოტილის სიზმარი ეგონა, როცა სოფლელი ბავშვის თანხლებით ბილიკს ბეიბი და როზიტა ამოუყვნენ მაღალ ქუსლებზე რწევითა და ქოლგების ტრიალით, თან მის სახელს გაიძახოდნენ. თუკი სიზმრისეული ხალხი იყო, არ უნდა გაჰკვირვებოდათ, ოტილის ხეზე მიბმულს რომ ნახავდნენ.
- ღმერთო ჩემო, შენ რა, გაგიჟდი? - შესძახა ბეიბიმ და მოშორებით შედგა, თითქოს ეს მართლაც ასეა და მიახლოებას შიშობსო, - ხმა გაგვეცი, ოტილი!
- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გხედავთ, - თქვა თვალებმოჟუჟუნე, მოკისკისე ოტილიმ, - როზიტა, გეთაყვა, თოკი შემხსენი, მინდა ორივეს მოგეხვიოთ.
- ხედავ, რა უქნია იმ მხეცს, - თქვა როზიტამ და თოკს დაეჯაჯგურა, - დამაცადეთ, ერთი კი შემხვდეს! გცემს და ეზოში გაბამს ძაღლივით?
- ო, არა, - თქვა ოტილიმ, - როიალი არასოდეს მცემს, მაგრამ სწორედ დღეს დასჯილი ვარ.
- ჩვენი არ გაიგონე, - უთხრა ბეიბიმ, - და ხომ ხედავ, რაც გამოვიდა. იმ კაცმა ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი, - დაამატა ქოლგის ქნევით.
ოტილი მოეხვია თავის მეგობრებს და გადაკოცნა.
- განა ლამაზი სახლი არაა? - თქვა და იქით წაუძღვა სტუმრებს, - ასე მგონია, მთელი ვაგონი ყვავილები დაკრიფეს და ისე ააგეს-მეთქი. შემობრძანდით, მზეს მოერიდეთ.
შიგნით გრილა და ტკბილი სუნი ტრიალებს.
როზიტამ დაიქსუტუნა იმის ნიშნად, რომ რაც შეიყნოსა, ტკბილად სულაც არ ეჩვენა და თავისი რიხიანი ხმით განაცხადა, დიახ, უკეთესია შევიჩრდილოთ, თორემ, ჩანს, ოტილის მზემ დაჰკრაო.
- კიდევ კარგი, ჩამოვედით, - ამბობდა უზარმაზარ ქისაში ჩაყვინთული ბეიბი, - მისტერ ჯემისონს უმადლოდე.
ქალბატონს მკვდარი ჰგონიხარ. წერილზე რომ არ გვიპასუხე, ჩვენც დავიჯერეთ ეს ამბავი, მაგრამ მისტერ ჯემისონმა, რომელიც ყველაზე სასიამოვნო კაცია იმათგან, ვინც კი ოდესმე გცნობია, მანქანა დაგვიქირავა მე და როზიტას, შენს უძვირფასეს ერთგულ მეგობრებს, აქ ჩამოსასვლელად და იმის გასაგებად, რა დაემართა ჩვენს ოტილის. ოტილი, ქისაში ერთი ბოთლი რომი მაქვს, ჭიქაც მოიტანე და ჩამოვატაროთ.
ქალაქელი ქალბატონების უცხო მანერებმა და თვალისმომჭრელმა მორთულობამ გააოგნა მათი მეგზური პატარა ბიჭი, რომელსაც შავი თვალები დაეჭყიტა ფანჯრიდან. არც ოტილი იყო ნაკლებ შეცბუნებული, რადგან კარგა ხანია, რაც შეღებილი ტუჩები არ ენახა, სუნამოს სურნელი არ ეყნოსა და ვიდრე ბეიბი რომს ჩამოასხამდა, თავისი ატლასის ფეხსაცმელი და მარგალიტის საყურე ამოალაგა.
- ძვირფასო, - უთხრა როზიტამ, როცა ოტილიმ ჩაცმა მოათავა, - არ არსებობს მამაკაცი ცოცხალთა შორის, რომელიც ლუდის მთელ კასრს არ გიყიდდეს; რომ გავიფიქრებ, შენნაირი ნუგბარი ლუკმა როგორ იტანჯება მათგან მოშორებით, ვისაც ის უყვარს...
- მე სულაც არ ვიტანჯები ასე ძალიან, - თქვა ოტილიმ, - მხოლოდ ზოგჯერ.
- კარგი, გაჩუმდი, - უთხრა ბეიბიმ, - არა ხარ მოვალე ამაზე ილაპარაკო, მოევლება როგორმე. აბა, ძვირფასო, ნება მომეცი, ჭიქა შეგივსო. გაუმარჯოს წარსულს და მომავალს! ამაღამ მისტერ ჯემისონი შამპანურის ყიდვას აპირებს ყველასთვის, ქალბატონი ნახევარ ფასში უთმობს.
- ოჰ, - თქვა ოტილიმ, თავისი მეგობრებისა შეშურდა.
მას სურდა გაეგო, რას ამბობდნენ მასზე ხალხში, ნუთუ კიდევ ახსოვდათ?
- ოტილი, ეს რამ გაფიქრებინა! - უთხრა ბეიბიმ, - კაცები თვალდახუჭული მორბიან ჩვენთან და შენ გკითხულობენ, რადგან შენ შესახებ შორს - ჰავანასა და მაიამიში სმენიათ, ხოლო მისტერ ჯემისონი სხვა გოგოებს ზედაც არ გვიყურებს, მოვა, დაჯდება აივანზე და განმარტოებით სვამს.
- ჰო, - თქვა ოტილიმ დანანებით, - იგი ყოველთვის ალერსიანად მეპყრობოდა, მისტერ ჯემისონი.
ამასობაში მზეც გადაიხარა, რომის ბოთლის სამი მეოთხედი დაილია. ქუხილიანმა წვიმამ წამში გალუმპა მწვერვალები, რომლებიც ახლა ნემსიყლაპიას ფრთებივით პრიალებდა ფანჯრებში. ნაწვიმარი ყვავილების ნელსურნელებით გაჟღენთილმა ნიავმა ოთახში იწყო სეირნობა და მწვანე და ვარდისფერი გაზეთები ააშრიალა კედლებზე. ბევრი ამბავი იქნა მოყოლილი, ზოგი - სასაცილო, ცოტაც - სევდანარევი; ეს შანზ-ელიზეში გამართულ უწინდელ ღამეულ საუბრებს ჰგავდა და ოტილი ბედნიერი იყო, რადგან კვლავ მის ნაწილად იქცა.
- უკვე გვიანდება, - თქვა ბეიბიმ, - დავპირდით, რომ შუაღამემდე დავბრუნდებით. ოტილი, შეგეშველოთ ბარგის შეკვრაში?
მიუხედავად იმისა, რომ ოტილის ვერც კი წარმოედგინა, თუ მეგობრები მათთან ერთად მის გამგზავრებას მოელოდნენ, სხეულში ამოძრავებულმა სასმელმა ეს შესაძლებლად მოაჩვენა და ღიმილით გაიფიქრა, რომ სწორედ ამით დაემუქრა როიალს.
- კი მაგრამ, - დაფიქრებით წარმოთქვა მან, - არა მგონია, ერთ კვირაზე მეტხანს მოვასწრო გართობა. როიალი მაშინვე ჩამოვა და წამომიყვანს.
ამის გაგონებაზე მის ორივე მეგობარს სიცილი წასკდა.
- რა სულელი ხარ, - უთხრა ბეიბიმ, - ერთი მანახვა ის შენი როიალი, როცა რომელიმე ჩვენს კაცთან ექნება საქმე.
- მე სულაც არ მინდა, ვინმემ აწყენინოს როიალს, - თქვა ოტილიმ, - თანაც სახლში რომ დავბრუნდებით, კიდევ უფრო გადარეული გახდება.
- კი მაგრამ, ოტილი, - წარმოთქვა ბეიბიმ, - შენ მას აქ აღარ წამოჰყვები.
ოტილიმ ჩაიცინა და ისე მიმოიხედა ოთახში, თითქოს რაღაც სხვებისთვის უხილავს ხედავდა.
- რატომაც არა, დარწმუნებული ვარ, რომ წამოვყვები, - თქვა მან.
ბეიბიმ თვალების ბრიალით ამოაძრო მარაო და სახესთან აიფრიალა.
- ეს ყველაზე გიჟური რამაა, რაც კი ოდესმე მსმენია, - წარმოთქვა ტუჩებმოკუმვით, - ხომ ყველაზე გიჟური რამაა, რაც შენ გსმენია ოდესმე, როზიტა?
- სულ იმის ბრალია, რომ ოტილი გადაიღალა, - თქვა როზიტამ, - ძვირფასო, კარგი იქნებოდა, მიწოლილიყავი, ვიდრე შენს ბარგს შევკრავდეთ.
ოტილი შესცქეროდა, როგორ შეუდგნენ ისინი მისი ქონების რბევას - სავარცხლები და სარჭები დაახვავეს, აბრეშუმის წინდები დაკეცეს. თვითონ თავისი ლამაზი ტანსაცმელი გაიძრო, თითქოს უფრო სადად გამოწყობას აპირებსო, მაგრამ ამის ნაცვლად კვლავ საშინაო კაბა გადაიცვა.
შემდეგ კი დინჯი გულმოდგინებით, ვითომ თავის მეგობრებს ეხმარებოდა, ყველა ნივთს კვლავ თავ-თავისი ადგილი მიუჩინა. ბეიბიმ ამის დანახვაზე მიწას დაჰკრა ფეხი.
- მისმინეთ, - თქვა ოტილიმ, - თუ შენ და როზიტა ჩემი მეგობრები ხართ, გთხოვთ, რასაც გეტყვით, შეასრულოთ. ეზოში დამაბით ზუსტად ისე, როგორც თქვენს მოსვლამდე ვიყავი. ასე ფუტკარი აღარასოდეს მოინდომებს ჩემს კბენას.
- შე ლოთო, შენა! - შეუტია ბეიბიმ, მაგრამ როზიტამ შეაჩერა.
- მე მგონი, - ამოიოხრა მან, - ოტილი შეყვარებულია. თუ როიალმა მოინდომა მისი დაბრუნება, ესეც წამოჰყვება. და ამიტომ სჯობია, შინ წავიდეთ და ქალბატონს მოვახსენოთ, მართალი ყოფილხარ, ოტილი მომკვდარა-თქო.
- დიახ, - თქვა ამგვარი დრამატიზმით მოხიბლულმა ოტილიმ, - უთხარით მათ, რომ მოვკვდი.
ასე რომ, ეზოში გავიდნენ. იქ მკერდაზვირთებულმა ბეიბიმ, რომელსაც თვალები მათ თავზე მცურავი დღის მთვარესავით დამრგვალებოდა, უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო ოტილის ხეზე მიბმაში და როზიტა ამ საქმეში მარტო დარჩა.
განშორებისას სწორედ ოტილი ტიროდა ყველაზე ცხარედ, თუმცა მიმავალი მეგობრების ხილვა სიხარულით ავსებდა, რადგან იცოდა, მათი წასვლისთანავე აღარც კი იფიქრებდა მათზე აღარასოდეს. ისინი, მაღალ ქუსლებზე ტაატით ჩამავალნი ატალახებულ ბილიკზე, ხელის დასაქნევად შემობრუნდნენ, მაგრამ ოტილის არ შეეძლო ხელის დაქნევითვე ეპასუხა და მანამდე დაივიწყა ისინი, სანამ თვალს მიეფარებოდნენ.
ოტილი ევკალიპტის ფოთოლს ღეჭავდა სასმლის სუნის გასაქრობად. ამასობაში იგრძნო, როგორ აათრთოლა ჰაერი ბინდბუნდის სიგრილემ. ყვითელმა გაამკვეთრა დღის მთვარე და ჩიტებმა დასაბუდებლად იწყეს სრიალი ხის სიბნელეში. როცა ოტილიმ როიალის ფეხის ხმას მოჰკრა ყური, უცებ ჩაიკეცა მუხლებში, კისერი ჩაჰკიდა და თვალები ღრმად აატრიალა. შორიდან შემხედვარე იფიქრებდი, ტანჯვა-წამებით ამოხდომია სულიო. იგი უსმენდა, როგორ გადავიდა სირბილში როიალის ნაბიჯები და გახარებული ფიქრობდა, ეს ელდა როიალისთვის კარგი გაკვეთილი გახდებაო.