ერნესტ ჰემინგუეი - ინდიელების სოფელი
ტბის ნაპირს მეორე ნავიც მიადგა. ნაპირთან ორი ინდიელი მგზავრებს ელოდა.
ნიკი და მამამისი კიჩოზე მოთავსდნენ, ინდიელებმა ნავს უბიძგეს, მერე ერთ-ერთი ნიჩბებს მიუჯდა. ბიძია ჯორჯი მეორე ნავის კიჩოზე ავიდა. ახალგაზრდა ინდიელმაც უბიძგა ნავს და წყალში შეაცურა. მერე ისიც ნიჩბებთან დაჯდა.
ორი ნავი მიცურავდა სიბნელეში. ნიკი წინა ნავს ვერ ხედავდა. მხოლოდ ნიჩბების ხმა ესმოდა ბურუსში. ინდიელები ნიჩბებს მაგრად უსვამდნენ. ნიკი მამას მიეყრდნო. მამამ მკლავები მოხვია ნიკს. ციოდა. მათი მენიჩბე ინდიელი თავგამეტებით უსვამდა ნიჩბებს, მაგრამ წინა ნავს მაინც ვერ ეწეოდნენ.
- სად მივდივართ, მამიკო? - ჰკითხა ნიკმა მამას.
- ინდიელების სოფელში. ერთი ინდიელი ქალი ძალიან ავადაა.
- ო, ო. - წარმოთქვა ნიკმა.
წინა ნავი უკვე ნაპირს მიუახლოვდა. ბიძია ჯორჯი სიგარას ეწეოდა სიბნელეში. ახალგაზრდა ინდიელმა მათი ნავი ნაპირზე აათრია. ბიძია ჯორჯმა ორივე ინდიელს სიგარები მიაწოდა.
ნაპირიდან ყველანი დაცვარულ მინდორზე გადავიდნენ. წინ ფარნიანი ინდიელი მიუღძოდათ. მერე ტყეში შევიდნენ და ბილიკს დაადგნენ. ბილიკი გზაზე გადიოდა, გზა გორაკებში იკარგებოდა. აქ მეტი სინათლე იყო, რადგან ხეები ორივე მხარეს გაეკაფათ. ახალგაზრდა ინდიელი შეჩერდა და ფარანი ჩააქრო. ყველამ გზა განაგრძო.
მოსახვევში ძაღლი გამოვარდა ყეფით. ქერქისმხდელების ქოხებიდან შუქი გამოდიოდა. ახლა სხვა ძაღლების გამოცვივდნენ. ინდიელებმა ძაღლები გარეკეს. გზისპირა ქოხის ფანჯარაში სინათლე გამოჩნდა. საკებში მოხუცებული ქალი იდგა ფარნით ხელში.
ქაოხში ფიცრის საწოლზე ახალგაზრდა ინდიელი ქალი იწვა. უკვე მესამე დღეა მშობიარობდა. მთელი ბანაკის ხანშიშესული ქალები თავს ეხვეოდნენ. კაცები გზაზე გასულიყვნენ და სიბნელეში თამბაქოს ეწეოდნენ. მოშორებით ისხდნენ, რომ ქალის კივილი არ გაეგონათ. როცა ნიკი და ორი ინდიელი მამას და ბიძია ჯორჯს ქოხში შეჰყვნენ, ქალი მაშინაც კიოდა. იგი ქვედა საწოლზე იწვა და საბანში უზარმაზარი ჩანდა. თავი გვერდზე ჰქონდა გადაგდებული. ზედა საწოლზე მისი ქმარი იწვა. ამ სამი დღის წინ მან ნაჯახი მოიხვედრა ფეხზე და მძიმედ დაიჭრა. იგი ჩიბუხს აბოლებდა. ოთახში მძიმე ჰაერი იდგა.
ნიკის მამამ ცხელი წყალი მოითხოვა. სანამ წყალი ცხელდებოდა, ნიკს ესაუბრებოდა.
- ამ ქალს ბავშვი უნდა ეყოლოს, ნიკ, - თქვა მან.
- ვიცი, - უპასუხა ნიკმა.
- არაფერიც არ იცი, - უთხრა მამამ. - ყური დამიგდე; ამას სამშობიარო შეტევებს ეძახიან. ბავშვს დაბადება უნდა, დედას განთავისუფლება. აი, ამიტომ კივის ეს ქალი.
- მესმის, - თქვა ნიკმა.
ამ დროს ქალმა ისევ დაიყვირა.
- მამიკო, არ შეგიძლია, რამე დაალევინო, რომ დაწყნარდეს?
- დამაწყნარებელი არა მაქვს, - უპასუხა მამამ. - არაფერი არ მოუვა. მე არც კი მესმის მისი კივილი, ვიცი, რომ არაფერი არ დაემართება.
ზედა საწოლზე ქმარი კედლისაკენ გადაბრუნდა.
სამზარულოდან ხანშიშესულმა ქალმა ექიმს ანიშნა, წყალი გაცხელდაო. ნიკის მამა სამზარეულოში გავიდა და თითქმის ნახევარი ქვაბი წყალი ტაშტში ჩაასხა. დარჩენილ წყალში ჩაყარა რაღაც ინსტრუმენტები, რომლებიც ხელსახოცში ჰქონდა გახვეული.
- უნდა გამოიხარშოს. - თქვა მან და ხელების ბანა დაიწყო. სოფლიდან წამოღებულ საპონს ისვამდა ცხელი წყლით სავსე ტაშტში. ნიკი თვალს ადევნებდა, როგორ ისვამდა მამა საპონს ხან ერთსა და ხან მეორე ხელზე. ექიმი გულდასმით იბანდა ხელებს და თან ლაპარაკობდა:
- იცი, ნიკ, როცა ბავშვები იბადებიან, ჯერ თავი გამოჩნდება ხოლმე. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ყველა ძალიან წვალობს. შეიძლება ამ ქალს ოპერაცია დასჭირდეს. ახლავე გამოვარკვევ.
როცა დარწმუნდა, რომ ხელები კარგად ჰქონდა დაბანილი, ქოხში, შებრუნდა და საქმეს შეუდგა.
- თუ შეიძლება, საბანი გადააძრე, ჯორჯ, - სთხოვა ექიმმა ბიძია ჯორჯს. არ მინდა ხელი ვახლო.
მერე, როცა ოპერაცია დაიწყო, ბიძია ჯორჯსა და სამ ინდიელს ქალი ხელით ეჭირათ. ქალმა ბიძია ჯორჯს მკლავზე უკბინა. ახალგაზრდა ინდიელმა, რომელიც ბიძია ჯორჯის ნავში იჯდა, გაიცინა. ნიკმა მამას ტაშტი დაუკავა. ოპერაცია დიდხანს გაგრძელდა.
მამამ ბავშვი აიყვანა; სუნთქვის გამოსაწვევად ხელი მიარტყა უკან და მერე ხანშიშესულ ქალს გადასცა.
- შეხედე, ნიკ, ბიჭია, - თქვა მამამ. - როგორ მოგწონს ასისტენტობა?
ნიკმა უპასუხა: - ძალიან მომწონს. - თან განზე იყურებოდა. არ უნდოდა შეეხედა რას აკეთებდა მამამისი.
- აბა, ყველაფერი დამთავრებულია! - თქვა მამამ და რაღაც ჩადო ტაშტში.
ნიკმა არ შეხედა.
- ახლა უნდა გაიკეროს, - თქვა მამამ. - თუ გინდა, შეხედე. თუ არ გინდა, ნუ შეხედავ, როგორც გინდოდეს, ნიკ. ჭრილობა უნდა ამივკერო.
ნიკი არ უყურებდა. მისი ცნობისმოყვარეობა კარგა ხანია დამცხრალიყო.
მამამ ამოკერვა გაათავა და წამოდგა. ბიძია ჯორჯი და სამი ინდიელიც ადგნენ. ნიკმა ტაშტი სამზარეულოში გაიტანა.
ბიძია ჯორჯმა მკლავზე დაიხედა. ახალგაზრდა ინდიელს კბენა გაახსენდა და გაეცინა.
- ზეჟანგს წაგისვამ, ჯორჯ, - უთხრა ექიმმა ჯორჯს.
მერე ინდიელ ქალს დახედა. ქალი წყნარად იწვა თვალებდახუჭული. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა მოუვბიდა ბავშვს, ან რა ხდებოდა მის გარშემო.
- ხვალ დილას მოვალ, - თქვა ექიმმა და წამოდგა. - წმიდა აგნესას საავადმყოფოდან შუადღისას მომვლელი ქალი მოვა და, რაც საჭიროა, ყველაფერს მოიტანს.
ექიმი აღზნებული იყო და ლაპარაკის გუნებაზე დადგა. ასე ემართებათ ხოლმე ფეხბურთელებს გამარჯვების შემდეგ.
- ეს შემთხვევა სამედიცინო ჟურნალში უნდა აიწეროს, ჯორჯ, - თქვა მან. - დასაკეცი დანით კეისრულის გაკვეთა და ცხრაფუტიანი მზეზე გამოყვანილი ძარღვით ჭრილობის ამოკერა, მართლაც იშვიათი შემთხვევაა.
ბიძია ჯორჯი კედელთან იდგა და დაჰყურებდა.
- ნამდვილად შესანიშნავი ქირურგი ხარ, - თქვა მან.
- ერთი გაბედნიერებულ მამასაც დავხედოთ. ამ უბრალო ამბებს ყველაზე მწვავედ მამები განიცდიან ხოლმე, თქვა ექიმმა. - თუმცა ეს რაღაც ძალიან დამშვიდებული იყო.
ექიმმა ინდიელს საბანი გადახადა. ხელზე სისველე იგრძნო. ქვედა საწოლზე შედგა და კაცს დახედა. ყელგამოღადრული ინდიელი კადლისკენ იყო გადაბრუნებული. საწოლზე სისხლის ტბა იდგა. ინდიელს თავი მარცხენა მკლავზე ედო. გახსნილი სამართებელი პირაღმა ეგდო საბანზე.
- ჯორჯ, ნიკი გაიყვანე, - თქვა ექიმმა.
უკვე გვიან იყო. სამზარეულოს კარებში მდგომმა ნიკმა ისედაც ყველაფერი დაინახა, როდესაც მამამისმა ლამპა მიანათა და ინდიელს თავი გადაუწია.
თენდებოდა, როცა ყველანი გზაზე გამოვიდნენ და ტბისკენ დაეშვნენ.
- ძალიან ვნანობ, რომ წამოგიყვანე, ნიკ, - უთხრა მამამ, რომლის აღზნებული განწყობილება უკვე დამცხრალიყო. - რაღა ახლა მოხდა ეს ამბავი.
- მშობიარობა ყოველთვია ასე ძნელია? - იკითხა ნიკმა.
- არა, ეს იშვიათი გამონაკლისი იყო.
- რატომ მოიკლა თავი კაცმა, მამიკო?
- არ ვიცი, ნიკ. ალბათ ვერ გაუძლო იმ ამბებს.
- ხშირად იკლავენ თავს კაცები, მამიკო?
- არა, ნიკ.
- ქალები?
- თითქმის არასოდეს.
- არასოდეს?
- ზოგჯერ კი.
- მამიკო!
- რა?
- სად წავიდა ბიძია ჯორჯი?
მალე დაბრუნდება.
ძნელია სიკვდილი, მამიკო?
- მე მგონი, ძალიან ადვილია. გააჩნია, როგორ მოკვდები.
ისინი ნავში ჩასხდნენ, ნიკი - კიჩოზე, მამა - ნიჩბებთან. მთებს იქით მზე ამოდიოდა. ტბაში ქორჭილა გატლაშუნდა და წყლის ზედაპირზე რგოლები ათამაშდა. ნიკს ხელი ჰქონდა წყალში ჩაყოფილი. დილის სუსხში თბილი ეჩვენებოდა.
ალიონზე ნავში მამის გვერდით მჯდარი ნიკი დარწმუნებული იყო, არასოდეს მოვკვდებიო.
თარგმნა ნანი წერეთელმა