ო. ჰენრი - აუხდომელი ოცნების ბორანი
ქუჩის კუთხეში ნომელი კაცი იდგა, შეუდრეკელი, როგორც გრანიტის კლდე ადამიანთა ტალღების ცემაში. არქტიკის მზესა და ქარებს ყავისფრად შეეღებათ მისი სახე. თვალებში მყინვარების ლაჟვარდისფერი კრთომა ჩარჩენოდა.
ის იყო მელასავით სწრაფი, ირმის კატლეტივით მაგარი, და ფართო, როგორც ჩრდილოეთის ნათება. იდგა ხმაურის ნიაგარაში - საჰაერო რკინიგზის გრიალით, ვაგონების რახრახით, ბორბლების ჭრიალით და შოფრების უხეში ოხუნჯობით გარემოცული. ჩრდილოეთიდან ჩამოტანილი ოქროს მტვერი ასიათასი დოლარიდან აქცია. ახლა იდგა ამ თანხით ჯიბეში და სული ელეოდა იმ დღის ლოდინით, როცა ისევ ჩელკუტის მიწაზე შედგამდა ფეხს, გაეცლებოდა ამ ხმაურიანი ქუჩებისა და გაცრუებული იმედების სამყაროს.
მეექვსე ავენიუზე შინისკენ მიმავალი აჩქარებული, აჟღურტულებული, თვალებგაბრწყინებული ხალხის ტალღის სიბერ-მესონის ნოქარი ქალი მიჰყვებოდა.
ნომელმა კაცმა შეხედა მას და მისთვის ნათელი გახდა, ჯერ ერთი, რომ ეს ქალი ზებუნებრივად ლამაზი იყო, რასაკვირველია, სილამაზის შესახებ იმ წარმოდგენის შესაბამისად, რომელიც თვითონ გააჩნდა, და, მეორე, რომ ის მოძრაობდა აუჩქარებელი და კოხტა გრაციით, როგორც მოძრაობენ მარხილში შებმული ძაღლები თოვლიან ველზე.
მისი მესამე განცდა იყო უეცარი რწმენა იმისა, რომ ძალიან უნდოდა ეს ქალი მისი ყოფილიყო.
ნომელი ხალხი საერთოდ სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. ახლა კი, მით უმეტეს, მალე უნდა დაბრუნებულიყო ჩრდილოეთში და სწრაფი მოქმედება აუცილებელიც გახდა.
ათასი ქალიშვილი სიბერ-მესონის დიდი უნივერსალური მაღაზიიდან ნელა მოედინებოდა ფილაქანზე და განსაკუთრებულ ხიფათს უქმნიდა ნაოსნობისთვის მეზღვაურებს, რომელთა თვალთახედვა ქალების დარგში ხუთი წლის მანძილზე ჩალკუტის ესკიმოსებით იყო შეზღუდული. მაგრამ ნომელი კაცი მაინც იმისი ერთგული დარჩა, ვინც მისი ამდენხანს მიძინებული გული გამოაცოცხლა მან გაბედულად ჩაყვინთა მშვენიერების მორევში და დინებას გაჰყვა.
ქალიშვილი სწრაფად მისრიალებდა ოცდამეცამეტე ქუჩის გაყოლებით, აქეთ-იქით არ იყურებოდა და იმდანივე ქარაფშუტობას იჩენდა, რამდენსაც პარკში დადგმული ბრინჯაოს დიანა. წაბლისფერი, ლამაზი თმა კოხტად ჰქონდა დავარცხნილი. მისი სადა, შემოტკეცილი კაბა ორ ღირსებას მოწმობდა: გემოვნებასა და მომჭირნეობას. ათი იარდის მანძილზე მოჯადოებული ნომელი კაცი მიჰყვებოდა. მის კლერიბელ კოლბი, სიბერ-მესონის მაღაზიაში მომუშავე ქალიშვილი, იმ უბედურ მეზღვაურთა რიცხვს ეკუთნოდა, რომელნიც ,,ჯერსის კატორღელების’’ სახელწოდებით არიან ცნობილნი.
ის შევიდა სადგურის მოსაცდელ დარბაზში, აირბინა კიბეები და მომხიბლავი პატარა სკუპით გაჩნდა ბორანზე,რომელიც ის-ის იყო უნდა დაძრულიყო. ნომელმა კაცმა სამი ნახტომით დაფარა ათი იარდი, რომელიც მას ქალიშვილისგან აშორებდა და მისთან ერტად შეხტა ბორანზე.
მის კოლბიმ მონახა მყუდრო ადგილი ბორანის მოაჯირთან. საღამო არ იყო ცივი. მას უნდოდა თავი მოერიდებინა მგზავრების მომაბეზრებელი ლაპარაკისა და ცნობისმოყვარე ცქერისათვის. გარდა ამისა, ის დაქანცული იყო და ძალი ერეოდა... წინა ღამეს დაამშვენა ყოველწლიური მეჯლისი, რომელიც ,,თევზეულის საბითუმო მაღაზიათა ნოქრების მეორე დასავლეთის კლუბმა’’ გამერთა. ამის შედეგად მისი ზალის ჩვეულებრივი დრო სამ საათამდე შემცირდა.
ეს დღე კი დამღლელი იყო.
მყიდველებმა სასტიკად გააწვალეს. ერთმა გალანძღა კიდეც იმისთვის, რომ მის განყოფილებაში საქონელი გამოლია. უახლოეასმა მეგობარმა მემი ტუთჰილმაც აწყენინა, ის გოგო რომ შეიამხანაგა საუზმის საჭმელად.
სიბერ-მესონის მაღაზიაში მომუშავე ქალიშვილი იმ სათნო, მინაზებულ განწყობილება განსაკუთრებით ხელსაყრელი კაცებისთვის, რომლებიც მათი გულის მონადირებას ცდილობენ. ქალს უჩნდება მოთხოვნილება მოიკალათოს ვინმეს სახლსა და გულში, ნახოს სითბო და ალერსი, დაეყრდნოს ვინმეს ძლიერ მხარს და დაისვენოს, დაისვენოს...
მაგრამ, გარდა ამისა, მის კლერიბელ კოლბის ძილიც ერეოდა.
მის კოლბის მიუახლოვდა ბრგე, მზემოკიდებული კაცი, დაუდევრად გამოწყობილი საუკეთესო ხარისხის ტანსაცმელში.
- ქალბატონო, - მიმართა მოკრძალებით ნომელმა კაცმა, - მაპატიეთ, რომ გამოგელაპარაკეთ, მაგრამ მე, მე... დაგინახეთ ქუჩაში და... ვერ... ვერ...
- დიდი ამბავი, - რაც შეეძლო ცივად შენიშნა სიბერ მეზონის მაღაზიაში მომუშავე ქალიშვილმა, - ნუთუ არაფრით არ შეიძლება თქვენისთანა მოარშიყეების თავიდან მოშორება? მე უკვე ყველა საშუალება ვცადე - ხახვის ჭამით დაწყებული, ქუდში ქინძისთავების ტარებით გათავებული.
თქვენ გზას გაუდექით, მეგობარო.
- მე ასეთი არა ვარ, ქალბატონო, - თქვა ნომელმა კაცმა, - მართლა არა ვარ. როგორც გითხარით, ქუჩაში გნახეთ და ისე მომინდა თქვენი გაცნობა, რომ იძულებული გავხდი გამოგყოლოდით. მეშინოდა, ახლავე თუ არ გამოველაპარაკე, მერე ვეღარ ვიპოვი-მეთქი ამ დიდ ქალაქში. ამიტომაც მოგმართეთ ასე.
ბორნის ნათურების მკრთალ შუქზე მის კოლბიმ გამომცდელი თვალით შეხედა უცნობს.
არა, ის არ იღიმებოდა ქუჩის ყოყოჩი დონ-ჟუანის ორჭოფული ღიმილით. პოლარული მზით დამწვარ სახეზე გულწრფელობა მოუჩანდა. მის კოლბიმ იფიქრა, რომ არ იქნებოდა ურიგო გაეგო, რა ჰქონდა სათქმელი ამ კაცს.
შეგიძლიათ დაჯდეთ, - თქვა მან ხაზგასმული ზრდილობით და პირზე ხელი მიიდო, რომ მთქნარება დაეფარა, - ოღონდ იცოდეთ, უხეშობა არ დაიწყოთ, თორემ ამ წუთშივე სტიუარდს დავუძახებ.
ნომელი კაცი დაჯდა მის გვერდით. ის სავსებით მოხიბლული იყო ამ ქალით, კიდევ მეტიც, ამ ქალს სწორედ ისეთი გარეგნობა ჰქონდა, როგორსაც ის დიდი ხნის განმავლობაში ამაოდ ეძებდა.
შეიყვარებს ის მას ოდესმე? ეს შემდეგში გამოჩნდება. ჯერჯერობით კი თვითონ შეეცდება და თავის მოთხოვნას წაუყენებს.
- ჩემი გვარია ბლაიდენი, - თქვა მან, - ჰენრი ბლაიდენი.
- ხომ არ გეშლებათ, იქნება ჯონსია? - ეშმაკურად ჩაიღიმა მის კოლბიმ და მომხიბლავი კოხტა მოძრაობით დაიხარა მისკენ.
- ნომიდან ჩამოვედი, - განაგრძო კაცმა, - კარგა ბლომად მტვერი მოვხიკე და თან ჩამოვიტანე.
- რას ლაპარაკობთ... მომჯადოებელი მსუბუქი ირონიით დაიჟღურტულა მის კოლბიმ.
მაშ, ალბათ ,,თეთრ ფრთებში” მსახურობთ... არა? მგონი შემხვედრიხართ კიდეც სადღაც.
- თქვენ ვერ შემნიშნეთ დღეს ქუჩაში, მე რომ დაგინახეთ.
- მე არასოდეს არ ვუყურებ ქუჩაში, მამაკაცებს.
- სამაგიეროდ მე შეგხედეთ და, გამოგიტყდებით, დღემდე ასე ლამაზი არავინ შემხვედრია.
- ხურდა დაგიბრუნოთ, თუ ჩემი იყოს?
- არა, მე მგონი, უნდა დაიტოვოთ.
მე მგონი თქვენი უნდა იყოს ყველაფერი, რაც კი მე გამაჩნია.
მე, ალბათ, უხეშ კაცად გეჩვენებით, მაგრამ ვინც მომწონს, იმასთან შემიძლია ძალიან კეთილი ვიყო. იქ, ჩრდილოეთში ბევრი სიძნელე შემხვდა, მაინც გამარჯვებული გამოვედი - 5.000 უნციამდე მტვერი გავცერი.
- ოჰ, ღმერთო ჩემო, - თავაზიანი თანაგრძნობით წამოიძახა მის კოლბიმ, - არვიცი სად არის, მაგრამ, ალბათ, ძალიან ჭუჭყიანი ადგილია.
და მერე მისი თვალები დაიხუჭა. ნომელი კაცის ხმა, სერიოზულობის მიუხედავად, საკმაოდ მონოტონურად ჟღერდა.
ან კი რა სახსენებელია რაღაც გაცრა, ცოცხები, მტვერი?.. მის კოლბიმ თავი კედელს მიაყრდნო.
- მის, - თქვა ნომელმა კაცმა კიდევ უფრო სერიოზულად და მონოტონური ხმით, - ჩემს სიცოცხლეში თქვენსავით ჯერ არავინ მომწონებია. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ნაადრევია ლაპარაკი თქვენს გრძნობებზე ჩემს მიმართ, მაგრამ იქნება შესაძლებლობა მომცეთ, ბედი ვცადო. ნება მომეცით, გაგიცნოთ და იქნებ მერე თქვენც მოგეწონოთ.
მის კოლბის თავი ჩამოსხლტა და ნაზად დაესვენა მეზობლის მხარეზე.
სიბერ-მესონის მაღაზიაში მომუშავე ქალიშვილი ტკბილმა ძილმა მოიცვა და სიზმრად თევზეულთა მაღაზიების ნოქრების მეჯლისს ხედავდა.
ნომელი ჯენტლმენი არ განძრეულა. მას არ უფიქრია, რომ ამის მიზეზი ძილი იყო, მაგრამ მეტისმეტად ჭკვიანი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს მოძრაობა ტავისი გამარჯვებისათვის მიეწერა. ის ნეტარმა აღელვებამ შეიპყრო, და ბოლოს იმით დაამთავრა, რომ მის მხარეზე მიყრდნობილი თავი იმედის მომცემ ნიშნად ჩათვალა, რომელიც წარმატების მაცნე იყო და რომლის ბოროტად გამოყენება არ შეიძლება. მხოლოდ ერთი წვეთი იაფი ლითონი აფუჭებდა მისი კმაყოფილების ბაჯაღლო ოქროს. გადამეტებული გულახდილობით ხომ არ ელაპარაკა თავისი სიმდიდრის შესახებ? მას უნდოდა ის შეჰყვარებოდა მისი ტავისი და არა სიმდიდრის გულისთვის.
- მე კარგად მიცნობენ კლონდაიკში ჟუნოდან დაწყებული სერკლ სიტიმდე და მთელ იუკონზე. სამი წლის განმავლობაში მონასავით ოფლს ვღვრიდი, რამდენი ღამე ვწოლილვარ თოვლში და სულ იმაზე ვფიქრობდი, ოდესმე თუ შევუყვარდები-მეთქი ვინმეს. მტვერს ჩემი თავისთვის არ ვაგროვებდი.
იმედი მქონდა, რომ ოდესმე შესაფერი ქალი შემხვდებოდა და აი დღეს მართლაც შემხვდა. ფული კარგი საქმეა, მაგრამ კიდევ უკეთესია, როცა უყვარხარ იმას, ვინც ქვეყანას გირჩევნია. ოდესმე გათხოვება თუ დააპირეთ, მის, რა გირჩევნიათ ამ ორიდან?
- გადაიხადეთ ფული!
ეს სიტყვები ხმამაღლა და გარკვევით მოსწყდა მის კოლბის ტუჩებს და ნათელჰყო, რომ ის სიზარმაცეში თავის დახლთან იდგა, სიბერ-მესონის დიდ უნივერსალურ მაღაზიაში.
მის კოლბის თავი უეცრად გვერდზე გადაქანდა. მან გაიღვიძა, გასწორდა და თვალები მოიფშვნიტა. ნომელი კაცი აღარსად ჩანდა.
- ჩამძინებია, -თქვა მის კოლბიმ. -ნეტა რა იქნა ,,თეთრი ფრთები”?
თარგმნა მაია ნათაძემ