ჯონ სტეინბეკი - გველი
თითქმის ბნელოდა, როცა ახალგაზრდა დოქტორმა ფილიპსმა ტომარა მხარზე მოიგდო და მიქცევის შემდეგ დაღცენილ გუბეს მოშორდა, ლოდებზე აძვრა და რეზინის ჩექმების ჭყაპაჭყუპით გაუყვა ხალხით სავსე ქუჩას.
მონტერეის კონსერვის ქარხნების ქუჩაზე თავის პატარა, კომერციულ ლაბორატორიამდე მისული არ იყო, რომ ლამპიონები აინთო. ლაბორატორია ვიწრო, პატარა შენობაში მდებარეობდა, ნაწილი - ყურეში ჩასმულ ხიმინჯებზე იდგა, ნაწილიც - ხმელეთზე. აქეთ-იქიდან დიდი, გოფრირებული რკინის საკონსერვო ქარხნები აწვებოდა.
დოქტორმა ფილიპსმა ხის კიბე აიარა და კარი გააღო. გალიების ბადეებზე ფხაჭაფხუჭით არბოდ-ჩარბოდნენ თეთრი ვირთაგვები, ქუჩაში დაჭერილი კატები საკნებში გამოკეტილები კნაოდნენ, რძეს ითხოვდნენ. დოქტორმა ფილიპსმა საპრეპარაციო მაგიდის თავზე ბრდღვიალა ნათურა აანთო და გაწებილი ტომარა იატაკზე დააგდო, მერე ფანჯარასთან მდგარ მინის გალიებთან მივიდა, სადაც ჩხრიალა გველები იყვნენ ჩამწყვდეული, წაიხარა და დააკვირდა.
გველები დაგორგლილიყვნენ და გალიის კუთხეებში ისვენებდნენ, თუმცა ძილით არც ერთს არ ეძინა. მიბნედილი თვალებით თითქოს არაფერს უყურებდნენ, მაგრამ როგორც კი ახალგაზრდა კაცი გალიების თავზე დაიხარა, ორკაპა ენა, ბოლოებში შავი და სიღრმეში ვარდისფერი, გარეთ გამოასავსავა და ნელა, ტალღისებურად შეარხიეს. მერე უცებ იცნეს კაცი და დაწყნარდნენ.
დოქტორმა ფილიპსმა ტყავის პალტო გაიძრო და თეთრი თუნუქის ღუმელში ცეცხლი გააჩაღა, ღუმელზე წყლიანი ქვაბი დადგა და შიგ ლობიოს კონსერვის თუნუქის ქილა ჩააგდო. მერე იატაკზე დაგდებულ ტომარას დააცქერდა. ტანწვრილი ახალგაზრდა კაცი იყო, წყნარი, ფიქრიანი თვალები ჰქონდა, იმ ხალხის მსგავსად, ვისაც დიდი ხნით უწევს მიკროსკოპში ყურება. მოკლე, ქერა წვერი მოეშვა.
საკვამური აგუგუნდა და ღუმლიდან სითბო გამოვარდა. შენობის ქვეშ პატარა ტალღები წყნარად ლოკავდა ხიმინჯებს. ოთახში თაროებზე, რიგებად ეწყო ქილები, შიგ ზღვის ბინადართა ნიმუშებით, რომლებზეც ლაბორატორია მუშაობდა.
დოქტორმა ფილიპსმა გვერდითა კარი შეაღო და საძინებელში შევიდა - წიგნების სავსე საკანში, სადაც გასაშლელი საწოლი, ღამის ლამპა და ხის მოუხერხებელი სკამი ედგა. რეზინის ჩექმები წაიძრო და ცხვრის ტყავგამოკრული ჩუსტები ჩაიცვა. როცა ისევ მისაღებ ოთახში შემობრუნდა, ქვაბში წყალი უკვე თუხთუხებდა.
იატაკიდან ტომარა ასწია და თეთრი შუქით განათებულ მაგიდაზე ოციოდე ჩვეულებრივი ზღვისვარსკვლავა წამოაპირქვავა. მერე ოცივე მწკრივად დაალაგა და ფიქრიანი თვალით გახედა მავთულის გალიებში მოფუთფუთე ვირთხებს. ქაღალდის პაკეტიდან ხორბალი ამოიღო და საკვების ღიობებში ჩაყარა. ვირთხები ბადიდან ფხაჭაფხუჭით ჩაცვივდნენ და ხორბალს დაესივნენ. მინის თაროზე, პატარა რვაფეხასა და მედუზას შორის, რძის ბოთლი იდგა. დოქტორმა ფილიპსმა ბოთლი ჩამოიღო და კატების გალიისკენ წავიდა, მაგრამ სანამ ლამბაქებს აავსებდა, გალიაში ხელი შეყო და ერთი დიდი, ძუ კატა გამოიყვანა. კატას ხელი გადაუსვა, მიეფერა, მერე მომცრო, შავად შეღებილ ყუთში ჩააგდო, სახურავი დაახურა, ჩაკეტა და ონკანი მოუშვა, რომ გაზის კამერაში გაზი შესულიყო. სანამ შავი ყუთიდან დოქტორის ხელისკენ გადმოიხარა, მანაც გაუღიმა და კისერზე მიეფერა.
ყუთში სიჩუმე ჩამოვარდა. დოქტორმა ფილიპსმა ონკანი ჩაკეტა, ჰაერგაუმტარი ყუთი უკვე გაზით იყო სავსე.
ღუმელზე მოთუხთუხე წყალში ლობიოს კონსერვის ქილა რახრახებდა. დოქტორმა ფილიპსმა ქილა მაშით ამოიღო, გახსნა და ლობიო მინის თეფშზე გადმოცალა. ჭამდა და თან მაგიდაზე ჩამწკრივებულ ზღვისვარსკვლავებს დასცქეროდა. ლობიოს ჭამას რომ მორჩა, თეფში ნიჟარაში ჩადგა და აპარატურის კარადისკენ წავიდა. იქიდან მიკროსკოპითა და მინის პატარა ლამბაქებიტ ხელში დაბრუნდა. ლამბაქები ონკანს შეუშვირა, რიგრიგობით აავსო ზღვის წყლით და ზღვისვარსკვლავებს გვერდით შემოუწყო. მერე ჯიბის საათი ამოიღო და მაგიდაზე, თეთრი, ბრდღვიალა შუქის ქვეშ დადო. იატაკქვეშ ჩუმად ელამუნებოდა ხიმინჯებს. უჯრიდან პიპეტი ამოიღო და ზღვისვარსკვლავისკენ წაიხარა.
ამ დროს ხის კიბეზე სწრაფი, მსუბუქი ნაბიჯების ხმა გაისმა და ვიღაცამ კარზე ღონივრად დააკაკუნა. ახალგაზრდა კაცმა შუბლი გაღიზიანებით შეჭმუხნა და გასაღებად წავიდა. ზღურბლზე მაღალი, თხელი ქალი იდგა. შავი პიჯაკი ეცვა. ბრტყელი, ვიწრო შუბლი ჰქონდა. სწორი შავი თმა ისე ასწეწოდა, თითქოს ქარში ევლო. კაშკაშა შუქში შავი თვალები უელავდა.
ქალმა წყნარი, ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა:
- შეიძლება? სალაპარაკო მაქვს.
- რომ არ მცალია?! - უგულოდ მიუგო კაცმა, - ხანდახან საქმე მაქვს ხოლმე, - მაგრამ მაინც მოშორდა კარს. მაღალი ქალი ოთახში სესრიალდა.
- ჩუმად დაგელოდებით, სანამ მოიცლით.
კაცმა კარი მიხურა და საძინებლიდან ის მოუხერხებელი სკამი გამოიტანა:
- იცით, პროცესი დაიწყო და უნდა მივხედო, - მოუბოდიშა. ათასი ვინმე სემოეხეტებოდა ხოლმე და შეკითხვებით ავსებდა. უბრალო შეკითხვებისთვის მოკლე, სტანდარტული განმარტებები ჰქონდა გამზადებული, ფიქრიც არ სჭირდებოდა პასუხის გასაცემად, - დაბრძანდით, - სკამზე მიუთითა ქალს, - რამდენიმე წუთი მჭირდება და მერე მოგისმენთ.
მაღალი ქალი მაგიდისკენ დაიხარა. კაცი ზღვისვარსკვლავების სხივებშუა პიპეტით აგროვებდა სითხეს და წყლიან თასში აწვეთებდა, მერე ამ სითხეს ცოტა რძისებრი სითხე დაამატა და პიპეტითვე ნელა მოურია, თან სწრაფად მოჰყვა განმარტებას:
- სქესობრივად მომწიფებული ზღვისვარსკვლავა მიქცევისას სპერმასა და კვერცხუჯრედებს გამოყოფს. მე ზრდასრულ ნიმუშებს ვირჩევ, წყლიდან ამომყავს და მიქცევის პირობებს ვუქმნი. აი, სპერმა და კვერცხუჯრედი შევურიე. ახლა ნარევს ამ ლამბაქებზე დავაწვეთებ. შეხედეთ, პირველ ლამბაქზე დაწვეთებულ ნარევს ათ წუთში მოვკლავ, მერე, ოც წუთში - მეორე ჯგუფს და ყოველ ოც წუთში - მეორე ჯგუფს და ყოველ ოც წუთში - ახალ-ახალ ჯგუფს. ამის შემდეგ პროცესი ეტაპობრივად მექნება შეწყვეტილი და ბიოლოგიური შესწავლისთვის მიკროსკოპის სასაგნე მინაზე დავალაგებ, - შეჩერდა, - გნებავთ, პირველ ჯგუფს მიკროსკოპით შეხედოთ?
- არა, გმადლობთ.
კაცი სწრაფად შებრუნდა ქალისკენ. როგორც წესი, მიკროსკოპში ჩახედვა ყველას უნდოდა. ეს ქალი კი რატომღაც უარს აცხადებდა და მაგიდის ნაცვლად კაცს უყურებდა. შავი თვალები კი გაეშტერებინა, მაგრამ თითქოს ვერაფერს ხედავდა და კაცი მიხვდა, რატომაც: გარსიც ისევე შავი ჰქონდა, როგორც გუგა, მათ შუა ფერადი ხაზი არ არსებობდა. დოქტორ ფილიპსი გააღიზიანა პასუხმა. მართალია, კითხვებზე პასუხის გაცემა დიდად არ ეხალისებოდა, მაგრამ რასაც აკეთებდა, იმისადმი უინტერესობაც ეწყინა და ქალის გამოცოცხლება მოინდომა:
- სანამ პირველი ათი წუთი გავა, რაღაც საქმე მაქვს. ზოგს არ უყვარს ამის ყურება. იქნებ იმ ოთახში გაბრძანდეთ, სანამ მოვრჩები?
- არა, - მიუგო ქალმა ჩუმი, უმეტყველო ტონით, - რაც გნებავთ, ის აკეთეთ. დავიცდი, სანამ სალაპარაკოდ მოიცლით, - ხელები კალთაში ჩაეწყო და სრულიად მშვიდად იჯდა. თვალები უკამკამებდა, სხვაფრივ კი თითქოს გაშეშებულ ანიმაციას წააგავდა. კაცმა გაიფიქრა: „დაბალი მეტაბოლიზმი უნდა ჰქონდეს, თითქმის ისეთივე დაბალი, როგორიც ბაყაყს“, - და ისევ მოუარა ქალის აპათიიდან გამოყვანის, შენჯღრევის სურვილმა.
მაგიდაზე ხის პატარა საკიდელა დადგა, სკალპელები ამოალაგა და დიდი, ღრუ ნემსი დამწნევ მილაკს მოარგო. მერე გაზის კამერიდან მკვდარი, მომჩვარული კატა ამოიყვანა, საკიდელაში ჩააწვინა და ფეხები აქეთ-იქით, კაუჭებზე მიუბა. თან ქალისკენ ჩუმად გააპარა თვალი. ქალი არც განძრეულა. ისევ ისე მშვიდად იჯდა.
კატა შუქს უკრეჭდა კბილებს, წვეტიან კბილებშუა ვარდისფერი ენა გადმოჰკიდებოდა. დოქტორმა ფილიპსმა ოსტატურად გაუსერა ყელზე კანი, სკალპელი ჩაუყო და არტერია უპოვა. მერე უზადო ოსტატობით შეუყვანა ნემსი სისხლძარღვში და კეტგუშით შეუკრა.
- დაბალზამების შენაერთი, - განმარტა, - ამ ყვითელ მასას ვენურ სისტემაში შევუყვან, წითელს - არტერიულში. ამით სისხლსი მიმოქცევა უნდა შევისწავლო. ბილოგიის გაკვეთილია.
ისევ მიხედა. ქალს შავი თვალები თითქოს დამტვერვოდა. უმეტყველოდ უყურებდა კატის გადახსნილ ყელს. ჭრილობიდან წვეთი სისხლი არ გადმოღვრილა. გაკვეთა სუფთად გაკეთდა. დოქტორმა ფილიპსმა საათს დახედა:
- პირველი ჯგუფის დროა, - გამოაცხადა და პირველ ლამბაქზე მენთოლის რამდენიმე კრისტალი დააგდო.
ქალის ასეთი ურეაქციობა ანერვიულებდა. ვირთხები ისევ ავიდნენ გალიის ბადეზე და აწრიპინდნენ. შენობის ქვეშ ტალღები ნელა მიეხალა ხიმინჯებს.
ახალგაზრდა კაცს შეაძაგძაგა. ღუმელში ქვანახშირის ნატეხები შეყარა და დაჯდა.
- ახლა კი, - თქვა, - ოცი წუთი საქმე არაფერი მაქვს.
შეამჩნია, სტუმარს ძალიან მოკლე ნიკაპი ჰქონდა. ქალი თითქოს ნელა იღვიძებდა, ღრმა ფიქრებიდან გამოდიოდა. თავი ასწია, მუქი, დაბინდული თვალები ოთახს მოავლო და მერე ისევ კაცს მიაშტერდა.
- გელოდებოდით, - უთხრა. ხელები ისევ მიტყუპებული ელაგა კალთაში, - გველები გყავთ?
- დიახ, მყავს, - ხმამაღლა მოუვიდა კაცს, - ოცამდე ჩხრიალა გველი. შხამს ვაცლი და შრატს დასამზადებლად ვუგზავნი ლაბორატორიებს.
ქალი იევ კაცს უყურებდა, მაგრამ რაღაც უცნაურად შესცქეროდა, თითქოს მთლიანად ხვევდა მზერაში და კაცის გარშემო დიდ წრესაც ხედავდა.
- მამალი თუ გყავთ, მამალი ჩხრიალა გველი?
- იცით... შემთხვევით გავიგე, რომ მყავს. ერთ დილას მოვედი და დავინახე, დიდი გველი მომცროს... უჯვარდებოდა. ტყვეობაში ეს ძალზე იშვიათად ხდება... ერთი სიტყვით, ნამდვილად ვიცი, რომ მამალი გველი მყავს.
- სად არის?
- აი, იმ მინის ყუთში, ფანჯარასთან.
ქალმა ნელა მიატრიალა თავი, მაგრამ ხელები არ გაუნძრევია. მერე ისევ კაცს მოუბრუნდა:
- შეიძლება ვნახო?
კაცი ადგა და ფანჯარასთან მდგარ ყუთთან მივიდა. ქვიშიან ფსკერზე ერთმანეთს გადახლართული გველები დაგორგლილიყვნენ. კაცის დანახვისთანავე ენა გამოყვეს და აასავსავეს, ნელა შეარხიეს, რომ ჰაერის თრთოლა შეეგრძნოთ. დოქტორმა ფილიპსმა ნერვულად მიაბრუნა თავი. ქალი გვერდით ედგა. არადა, არ გაუგონია, სკამიდან როგორ წამოდგა. მხოლოდ ხიმინჯებზე წყლის ტყლაშუნი ესმოდა და მავთულის ბადეზე ვირთხების ფხოჭნა.
ქალმა ნაზად ჰკითხა:
- რომელია ის მამალი გველი, თქვენ რომ ახსენეთ?
კაცმა სქელ, ქვიშისფერ-რუხ გველზე მიუთითა, რომელცი თავისთვის იწვა გალიის ერთ კუთხეში:
- აი, ეს. მეტრ-ნახევარი იქნება. ტეხასურია. ჩვენებური, წყნარი ოკეანის სანაპიროს გველები უფრო მომცრონი არიან. ვირთხებსაც სულ ეგ ჭამდა. როცა დანარჩენების გამოკვება მინდა, ეგ გამომყავს ხოლმე.
ქალი ბლაგვ, მშრალ თავს დააშტერდა. ორკაპა ენა გამოსხლტა და ერთი გრძელი წამის განმავლობაში სავსავებდა.
- ზუსტად იცით, რომ მამალია, ხომ?
- ყველა ჩხრიალა გველი თავისებურია, - სერიოზულად უთხრა კაცმა, - განზოგადება თითქმის არასოდეს ხერხდება. ჩხრიალა გველებზე გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ... ეგ... დიახ... გარწმუნებთ, მამალია.
ქალს ბრტყელი თავისთვის თვალი არ მოუშორებია:
- მომყიდით?
- მოგყიდით? - გაოცდა კაცი, - როგორ თუ მოგყიდით?
- ნიმუშებს ხომ ყიდით?
- კი, დიახ, როგორ არა. ვყიდი ხოლმე...
- რამდენი უნდა? ხუთი დოლარი? ათი?
- უჰ! ხუთი, მეტი არა. მაგრამ... იცნობთ კი ჩხრიალა გველებს? ვაითუ გიკბინოთ.
ქალმა წამიერად შეხედა:
- არ მიმყავს. აქ დავტოვებ. მთავარია ვიცოდე, რომ ჩემია. მინდა, მოვიდე ხოლმე, დავხედო, ვაჭამო... - პატარა საფულე გახსნა და ხუთდოლარიანი ამოიღო, - აი, ახლა ჩემია.
დოქტორი ფილიპსი დაფრთხა:
- ისედაც მოდით ხოლმე და ნახეთ, ყიდვა რა საჭიროა.
- ჩემი მინდა იყოს.
- ღმერთო! - წამოიძახა კაცმა, - დრო დამავიწყდა! - მაგიდასტან მიირბინა, - სამი წუთი გადასცდა. არა უშავს, - და მეორე ლამბაქზეც დაყარა მენთოლის კრისტალები. მერე ისევ ყუთისკენ გაუწია გულმა. ყუთთან ქალი ისევ გაუნძრევლად იდგა და გველს დაშტერებოდა.
- რას ჭამს? - ჰკითხა ქალმა კაცს.
- თეთრ ვირთხებს ვაჭმევ, აი, იმ გალიაშია რომ ვირთხებია, იმათ.
- მეორე გალიაში გადასვით რა. მინდა, ვაჭამო.
- რომ არ სჭირდება? ამ კვირაში უკვე შეჭამა ერთი. ზოგჯერ სამი, ოთხი თვეობით არ ჭამენ. ერთი მყავდა, წელიწადზე მეტხანს არ უჭამია.
ქალმა დაბალი, მონოტონური ხმით უთხრა:
- ვირთხას მომყიდით?
კაცმა მხრები აიჩეჩა:
- მესმის. გინდათ, უყუროთ, როგორ ჭამს ჩხრიალა გველი. კი, ბატონო. გაჩვენებთ. ვირთხა ოცდახუთი ცენტი ეღირება. ერთი მხრივ, კორიდაზე უკეთესი საყურებელია, მეორე მხრივ კი - გველი სადილობს, სხვა არაფერი, - ხმაში გესლი შეერია. ვერ იტანდა ისეთ ხალხს, ვისთვისაც ბუნებრივი პროცესები გართობის სახეობა იყო. თვითონ ბიოლოგი იყო და ცოდნისთვის ათასობით ცხოველს დახოცავდა, სიამოვნებისთვის კი - ერთ მწერსაც არა. ამაზე არაერთხელ უფიქრია.
ქალმა ნელა მოატრიალა თავი და ტუჩებზე თითქოს ღიმილი გამოესახა.
- ჩემს გველს მინდა ვაჭამო, - უთხრა, - მე თვითონ გადავსვამ იმ ყუთში, - და სანამ კაცი რამეს მოისაზრებდა, ყუთს სახურავი ახადა და ხელი ჩაყო. კაცმა ისკუპა, ქალს ეცა და უკან გამოქაჩა. სახურავი ბრახუნით დაიხურა.
- ჭკუა არა გაქვთ? - ჰკითხა გაცეცხლებულმა, - მოკვლით იქნებ არ მოგკლათ, მაგრამ ყოფას კი გიტირებთ, იმის მიუხედავად, მე რას გიწამლებთ.
- მაშ, თქვენ გადასვით, - წყნარად უთხრა ქალმა.
დოქტორი ფილიპსი გაოგნდა, მიხვდა, რომ გაურბოდა იმ შავ თვალებს, რომლებიც თითქოს არაფერს უყურებდა. გრძნობდა, ვირთხის ჩასმა ყუთში ყოვლად მცდარი, ცოდვილი საქციელი იყო; ოღონდ ვერ ხვდებოდა, რატომ. ვირთხები ხშირად ჩაუსვამს გველების ყუთში, როცა ვინმეს ამის ნახვა მოსდომებია, მაგრამ ამ ქალის სურვილმა რატომღაც გული აურია. შეეცადა, აეხსნა:
- კარგი სანახავია, - უთხრა ქალს, - ნახავთ, როგორ მუშაობს გველი. ეს ჩხრიალა გველის პატივისცემას აღგიძრავთ. რამდენს ესიზმრება კოშმარები, ვითომ გველი კლავს. მე მგონი, იმიტომ, რომ ვირთაგვა სუბიექტურია. ადამიანია ვირთაგვა. როცა თქვენი თვალით უყურებთ, ყველაფერი ობიექტური ხდება. ვირთაგვა ვირთაგვაა და შიშიც გადის.
კედლიდან გრძელი, ტყავისყულფიანი ჯოხი ჩამოხსნა. ყუთი გააღო, ყულფი დიდ გველს თავზე გადააცვა და თასმას მოუჭირა. ოთახი გამგმირავმა, მშრალმა ჩხრიალმა აავსო. სანამ ყუთიდან ამოჰყავდა, სქელი სხეული იკლაკნებოდა და ჯოხის ტარს ეხეთქებოდა. კაცმა გველი საკვებ ყუთში ჩააგდო. ისიც ერთხანს დარტყმისთვის გამზადებული წამომართულიყო, მაგრამ მერე ჩხრიალი თანდათან მიწყნარდა. გველი კუთხეში დაეხვა, სხეულით დიდი რვიანი მოხაზა და აღარ განძრეულა.
- ხომ ხედავთ, - აუხსნა ახალგაზრდა კაცმა, - ეს გველები მოთვინიერებულები არიან. დიდი ხანია, რაც მყავს. რომ მოვინდომო, ალბათ გავწვრთნი კიდეც, მაგრამ ვინც გველებს წვრთნის, ადრე თუ გვიან კბენას ელის. არ მინდა, გავრისკო, - ქალს გახედა. არა და არ უნდოდა ვირთხის ჩაგდება ყუთში.
ქალმა საკვებ ყუთთან გადაინაცვლა, შავი თვალები ისევ გველის უძრავ თავს მიაშტერა.
- ჩაუგდეთ, - უთხრა.
კაცი უხალისოდ მივიდა ვირთხების გალიასთან. რატომღაც ეცოდებოდა ვირთხა, არადა აქამდე ასეთი არაფერი უგრძნია. თვალი გადაავლო მოფუთფუთე თეთრი სხეულების გროვას, ბადეზე რომ მიცოცავდნენ. „რომელი?“ გაიფიქრა, „რომელი ერთი?“
და უცებ ბრაზით მოუბრუნდა ქალს:
- არ გირჩევნიათ, კატა ჩავუსვათ? ნამდვილ ბრძოლას ნახავთ. კატამ შეიძლება აჯობოს კიდეც. ოღონდ თუ აჯობა, შეიძლება გველი მოკლას. თუ გნებავთ, კატას მოგყიდით.
ქალმა არც კი შეხედა.
- ვირთხა ჩაუსვით, - უთხრა, - მინდა ვნახო, როგორ შეჭამს.
კაცმა გალია გააღო და ხელი შეყო. ერთ კუდს წაავლო თითები და ჩასუქებული, თვალწითელა ვირთაგვა ამოსწია. ვირთაგვამ გაიბრძოლა და სცადა, თითებზე ეკბინა, მაგრამ ვერ მოახერხა და კუდზე უძრავად დაეკიდა. კაცმა სწრაფად გადაჭრა ოთახი, გააღო საკვები ყუთი და ვირთხა ქვიშიან იატაკზე დასვა.
- აჰა, უყურეთ, - იყვირა რატომღაც.
ქალმა ხმა არ გასცა. თვალები უძრავად მწოლი გველისთვის მიებჯინა. გველი ენას ასავსავებდა და გალიაში ჰაერს სინჯავდა.
ვირთხა ფეხებზე დაეშვა, შებრუნდა, ვარდისფერი კუდი დაიყნოსა და გულგრილად გაცუნცულდა ქვიშაზე, თან გზადაგზა ქვიშას ყნოსავდა. ოთახში სიჩუმე იდგა. დოქტორი ფილიპსი ვერ მიხვდა, წყალი მიეხალა ხიმინჯებს თუ ქალმა ამოიოხრა. თვალის კუთხით შენიშნა, რომ ქალი წაიხარა და სხეული გაუქვავდა.
გველი ნარნარად, ნელა გასრიალდა. ენას ასავსავებდა. ისე ნება-ნება მოძრაობდა, ისე მდორედ, რომ მოძრაობასაც ვერ დაარქმევდით. გალიის მეორე ბოლოში ვირთხა გამოცოცხლდა, უკანა ფეხებზე დაჯდა და მკერდზე ნაზი, თეთრი ბეწვის ლოკვას მოჰყვა. გველი წინ მიიწევდა, მიიკლაკნებოდა.
ახალგაზრდა კაცი სიჩუმემ შეაწუხა. იგრძნო, როგორ აუჩქეფდა სისხლი და ხმამაღლა თქვა:
- უყურეთ! თავდასასხმელად გაზნექილი მიდის. ჩხრიალა გველი ფრთხილი, ლამის მფრთხალი ცხოველია, ძალზე ფაქიზი რამაა. ქირურგისებური ოსტატური მოქმედებით უნდა მოიპოვოს სადილი, ხელსაწყოების მოხმარება არ უნდა შეეშალოს.
გველი უკვე გალიის შუაგულამდე მისრიალდა. ვირთხამ აიხედა, გველი დაინახა და უზრუნველად განაგრძო მკერდის ლოკვა.
- აი, ამქვეყნად ყველაზე მშვენიერი რამ, - თქვა ახალგაზრდა კაცმა. ვენები უფეთქავდა, - და ყველაზე საშინელიც.
გველი უკვე ახლოს იყო. თავი რამდენიმე დუიმით ასწია ქვიშიდან, წინ და უკან შეარხია, დაუმიზნა, მანძილი გაზომა, კიდევ დაუმიზნა. დოქტორმა ფილიპსმა ისევ გადახედა ქალს და ცუდად გახდა: ქალიც ირხეოდა, ოღონდ ოდნავ შესამჩნევად.
ვირთაგვამ აიხედა და გველი დაინახა. ოთხზე დადგა, ისევ ორზე და მერე... დარტყმა! თვალს ვერ შეასწრებდი, გაელვებასავით იყო. ვირთხა აცახცახდა. გველმა სწრაფად დაიხია უკან და კუთხეში დაწვა, ენას განუწყვეტლივ ასავსავებდა.
- მშვენიერია! - წამოიყვირა დოქტორმა ფილიპსმა, - ზუსტად ბეჭებშუა! კბილებმა ალბათ გულამდე უწია.
ვირთხა გაუნძრევლად იდგა და პატარა, თეთრი საბერველივით სუნთქავდა. უცებ ჰაერში შეხტა და გვერდულად დაეცა. მერე წამით კრუნჩხვამ მოუარა და მოკვდა.
ქალი მოეშვა, მოდუნდა.
- აბა, - უთხრა ახალგაზრდა კაცმა, - იყო გრძნობათა მორევი?
ქალმა დაბინდული თვალებით შეხედა:
- ახლა შეჭამს? - ჰკითხა.
- მაშ, რას იზამს?! გასართობად ხომ არ მოუკლავს. იმიტომ მოკლა, რომ შიოდა.
ქალს შეუმჩნევლად გაეღიმა. მერე გველს დახედა:
- მინდა ვნახო, როგორ შეჭამს.
გველი ისევ გამოსრიალდა კუთხიდან. კისერი თავდასასხმელად აღარ ჰქონდა აღერილი, მაგრამ ვირთხას მაინც სიფრთხილით უახლოვდებოდა. მზად იყო, უკან ესკუპა, თუკი ის შეუტევდა. მსხვერპლს სხეულზე ნელა წაჰკრა ბლაგვი ცხვირი და დააკვირდა. რაკი დარწმუნდა, რომ მკვდარი იყო, ნიკაპით მთელ სხეულს შეეხო, თავიდან კუდამდე. თითქოს გაზომა და დაკოცნაო. ბოლოს პირი დააღო და კუთხეებში ყბები გაწელა.
დოქტორა ფილიპსმა თავს ძალა დაატანა, რომ როგორმე ქალისკენ არ შებრუნებულიყო და გაიფიქრა: „თუ თვითონაც პირს აღებს, გული გამისკდება!“ მოახერხა და არ გაუხედავს.
გველმა ყბებში მოიქცია ვირთხის თავი და ნელი რხევებით შეუდგა ჩაყლაპვას. ყბები მოუჭირა, მთელი ყელი აუთახთახდა და ისევ მოუჭირა ყბები.
დოქტორი ფილიპსი შებრუნდა და სამუშაო მაგიდასთან მივიდა.
- ერთი სერია გამომატოვებინეთ, - მწარედ თქვა, სრული კომპლექტი არ გამოვა.
ერთი ლამბაქი სუსტი მიკროსკოპის ქვეშ დადო და ჩახედა, მერე ნიჟარაში ბრაზით ჩააპირქვავა ყველა ლამბაქი. ტალღები ისე მინელდა, რომ იატაკიდან ჩურჩულის ხმასავიღა ისმოდა. ახალგაზრდა კაცმა ფეხებთან ლუკი ახადა და ზღვისვარსკვლავები შავ წყალში მოისროლა. მერე კატასთან გაჩერდა, ჯვარცმულივით რომ იწვა და კომიკურად უცინოდა ნათურას. სხეული საბალზამო სითხით გაბერვოდა. ჩაკეტა დამწევი მილაკი, ამოაძრო ნემსი და ვენა შეუხვია.
- ყავას ხომ არ ინებებთ? - ჰკითხა ქალს.
- არა, გმადლობთ, ცოტაც და წავალ.
კაცი ქალს მიუახლოვდა. გველს ვირთხა ჩაეყლაპა, პირიდან ერთი დიუმი ვარდისფერი კუდიღა მოუჩანდა, თითქოს დამცინავად გამოუყვია ენაო. ყბები ტკაცუნით დაუბრუნდა ბუდეებს და გველი მძიმედ გახოხდა კუთხეში, დიდი რვიანივით მოირკალა და თავი ქვიშაზე დადო.
- დაეძინა, - თქვა ქალმა, - მეც წავალ. მაგრამ შემოვივლი ხოლმე და ჩემს გველს დავაპურებ. ვირთხების ფასს გადაგიხდით. მინდა, ჩემს გველს ბევრი ჰყავდეს. ხანდახან წავიყვან კიდეც, - თვალებიდან წამით გადაეყარა ოცნების ბინდი, - გახსოვდეთ, ჩემია. შხამი არ ამოაცალოთ, ჰქონდეს. კარგად ბრძანდებოდეთ, - სწრაფად წავიდა კარისკენ და გავიდა.
კაცს ესმოდა, როგორ ჩადიოდა კიბეზე, მაგრამ ტროტუარზე როგორ გაიარა, აღარ გაუგონია.
დოქტორმა ფილიპსმა სკამი შეატრიალა და გველის გალიის წინ დაჯდა. შეეცადა, მიძინებული გველის ცქერაში ფიქრები დაელაგებინა. „მეტისმეტი მომივიდა ამ ფსიქოლოგიურ-სექსუალური სიმბოლოების ამბების კითხვა“, გაიფიქრა, „მაგით რას ახსნი? იქნებ მთლად მარტოსული ვარ და ამის ბრალია. ხომ არ მოვკლა ეს გველი? რომ მაცოდინა... არა, მე ვერავის ვერაფერს შევეხვეწები...“
რამდენიმე კვირას ელოდა ქალის მოსვლას. „როცა მოვა, გავალ და მარტო დავტოვებ“, გადაწყვიტა, „ამ ოხრობას მეორედ რა მაყურებინებს!“
ქალი აღარ მოსულა. რამდენიმე თვის განმავლობაში, როცა კაცი ქალაქში გადიოდა ხოლმე, დაეძებდა. რამდენჯერმე ქუჩაში მაღალ ქალს აედევნა კიდეც, იქნებ ის იყოსო, მაგრამ აღარ უნახავს - აღარასოდეს.
"ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა"
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის მიერ