ჯეიმს ჯოისი - კაცი იგი
ჯოისმა მოსამზადებელი კურსი 1899 წლის ივნისში დაასრულა და დუბლინის უნივერსიტეტის კოლეჯის სტუდენტად ჩაირიცხა იმავე წლის სექტემბერში. ესეი „კაცი იგი“ იმავე თვეში დაიწერა - „ძალის“ დაწერიდან ერთი წლის მერე. ამ წერილის ინტონაცია სრულიად განსხვავდება მანამდე დაწერილი ინტონაციისაგან; ჯოისი შთაბეჭდილების მოხდენასა თუ დარწმუნებას კი არ ცდილობს, უფრო საკუთარი პოზიციის გამოკვეთა სურს. ამას ჯოისი მეტი სიზუსტითა და არგუმენტებით ასაბუთებს.
მანკექზის ნახატი, რომელმაც ევროპის უმთავრესი ქალაქები მოიარა, ახლა ირლანდიის სამეფო აკადემიაშია გამოფენილი. აქვეა ორი სხვა ნახატიც - „ქრისტე პილატეს წინაშე“ და „ქრისტე გოლგოთაზე“. - ამგვარად იქმნება ტრილოგია ვნების ბოლო ნაწილისა.
ალბათ ყველაზე თვალშისაცემი და მნიშვნელოვანი ამ ნახატში არის ცხოვრებისეულობა, რეალისტური ილუზია. იოლი შესამჩნევია, რომ ეს სისხლსავსე კაცები და ქალები მდუმარე ექსტაზში ჩაუგდია ჯადოსნის ხელს. ამიტომაც ნახატი, უპირველეს ყოვლისა, დრამატულია და არა უნაკლო ფორმების ხორცშესხმა ან ფსიქოლოგიური სურათის გადმოცემა. დრამის მეშვეობით ვიგებთ ვნებათა ჭიდილს. დრამა არის ბრძოლა, ევოლუცია, მოძრაობა, როგორც არ უნდა გაიხსნას დრამა. დრამა არსებობს, როგორც დამოუკიდებელი რამ, განპირობებული თავისივე მოქმედებით. მაგრამ არა მართული თავისივე სცენის მიერ. თივის ზვინებით შემკული გარემოს იდილიური პორტრეტი პასტორალურ დრამას ვერ ააგებს, ვერც „შენობითი კილოს“ მონოტონური ხმარება შექმნის ტრაგედიას, თუ პირველი მხოლოდ უმოქმედობას გამოხატავს და მეორე - ვულგარულობას, როგორც საერთოდ გვხვდება ხოლმე. ამის გამო, არც ერთსა და არც მეორეში წუთითაც კი არ გაიელვებს ჭეშმარიტი დრამის ნიშანი. რაც არ უნდა დაქვემდებარებული იყოს ვნებათა ინტონაცია, რაც არ უნდა მოწესრიგებული იყოს მოქმედება და სტილი თანაბარი, თუ პიესა, ან მუსიკალური ნაწარმოები თუ სურათი, უკავშირდება კაცობრიობის მარადიულ იმედებს, სურვილებსა და სიძულვილს ან სიმბოლური გამოხატვით ეხმაურება ჩვენს ნათესაობას მოწყურებულ ბუნებას, ან ამ ბუნების ერთ რომელიმე ასპექტს, მაშინ ეს იქნება დრამა. მეტერლინკის გმირები, იქნებ - თუკი საპატიო, ჯანსაღი აზრის ჩირაღდნის შუქზე განვიხილავთ - უაზრო, ინერტულ და ბედს მინდობილ ქმნილებებად წარმოგვიდგეს ან როგორც ჩვენი ცივილიზაცია ნათლავს მათ, არაადამიანებად, მაგრამ როგორი ჯუჯები და მარიონეტთა მსგავსნიც არ უნდა იყვნენ, მათი ვნებანი ადამიანურია და ამ ვენბათა წარმოჩენის საშუალება კი დრამაა, ყოველივე ეს აშკარაა, თუკი თეატრს ვიქონიებთ მხედველობაში, მაგრამ თუ სიტყვა - დრამას - ასეთნაირად ვიხმართ მანკექზისთან დაკავშირებით, ამ სიტყვას ალბათ დამატებითი ახსნა-განმარტება დასჭირდება.
ქანდაკების ხელოვნებაში დრამისაკენ პირველი გადაიდგა იმით, რომ ქანდაკების ფეხები ერთმანეთს დააცილეს. მანამდე ქანდაკება სხეულის ასლი იყო. მაგრამ მაშინ მხოლოდ ისახებოდა და ერთფეროვანიც ამიტომ იყო. ცხოვრებასთან მსგავსებამ ერთბაშად შთაბერა სული ხელოვნის ნამუშევარს, გამოაცოცხლა მისი ფორმები და თემას ნათელი მოჰფინა. ეს ბუნებრივად გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ მოქანდაკე ადამიანის ბრინჯაოსა თუ ქვის მოდელის კეთებისას მიზნად ისახავს, რომ იმპულსმა მას წამიერი ვნება გამოახატვინოს. ამიტომ თუმცა მას, როგორც მხატვარს, უპირატესობა აქვს პირველი შეხედვისას მოატყუოს მნახველის თვალი, დრამატული უნარი ნაკლებ ფართოა, ვიდრე მხატვრული. მისი გამომსახველობითი ძალა შესაძლოა გაწონასწორდეს მხატვრული უნარითა და ჩრდილო ოსტატური განლაგებიტ, და როცა ამ პროცესში ნატურა ფართო ტილოზე გადადის, ფერები, რომელნიც ნაწარმოებს ახალ სიცოცხლეს მატებენ, ეხმარებიან და გამოსახვის დიდ სისრულესა და სიცოცხლეს ანიწებენ მის თემას. უფრო მეტიც - და ეს სწორედ ამ შემთხვევას შეეხება - ნათელია, რომ როცა თემა ამაღლებული და მრავლისმომცველია ის უფრო მოითხოვს დიდი სურათისათვის შესაფერის დამუშავებას, ვიდრე უწესრიგოდ დახვავებული, უფერული,
კოხტად გამოყვანილი ფიგურები აჭრელებულ სურათზე. სწორედ ამ განსხვავების მაგალითს წარმოადგენს „კაცი იგი“. აქ ერთ ტილოზე დაახლოებით სამოცდაათი ფიგურაა გამოხატული. შეცდომა იქნება, თუკი დრამას მხოლოდ სცენით შევზღუდავთ; დრამა ისევე შეიძლება დაიხატოს, როგორც იმღერებოდეს ან სცენაზე ითამაშებოდეს და „კაცი იგი“ დრამაა.
გარდა ამისა, ის დრამატული კრიტიკოსის განხილვას უფრო იმსახურებს, ვიდრე ათასი ჯურის თეატრალური კრიტიკოსისა, რადგან ეს ნახატი ბევრად აღემატება მცირე თეატრალურ დადგმებს. ამგვარი ხელოვნების ქმნილების ტექნიკურ მხარეზე საუბარი, ჩემი აზრით, უსარგებლოა. უეჭველია, რომ მორთულობა, მაღლა აღმართული ხელები, ფართოდ გაშლილი ფიგურები ტექნიკასა და ოსტატობას კრიტიკის დაუხმარებლადაც ავლენენ. ვიწრო ეზოში მოჩანს აქ მოგროვილი ფიგურები, ყოველი მათგანი ოსტატის სიმართლით გახლავთ დახატული. ერთადერთი ნაკლი ხელისუფლის მარცხენა ხელის უცნაური, არაბუნებრივი მდგომარეობაა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ხელი მოტეხილი, დამახინჯებული იყოს და მოსასხამი ფარავდეს. ფონი ღია დერეფანია, აქ ჩარიგებულ სვეტებს ეყრდნობა აივანი, რომელზეც აღმოსავლური მცენარეები მოჩანს და ფირუზისფერ ზეცასთან კონტრასტს ქმნის. სურათს რომ შეხედავთ, მარჯვნივ, სურათის კიდეზე გამოსახულია ორნაწილიანი კიბე და მის, ვთქვათ, ოციოდე საფეხურს მივყავართ მოედნამდე, რომელიც სვეტებთან სწორ კუთხეს ქმნის. ბრდღვიალა შუქი პირდაპირ ამ მოედანს ეცემა და ხალხის დანარჩენ ნაწილს ერთგვარად ჩრდილში ტოვებს. კედლები მორთულია, დერეფნის უკანა მხარეს არის ვიწრო გასასვლელი, რომაელ ჯარისკაცებს რომ ამოუვსიათ. ბრბოს ერთი ნახევარი, ვინც მოედნის ქვეშ დგას, სვეტებსა და წინა პლანზე შემორკალულ ჯაჭვს შორის მოქცეულა, ეს ჯაჭვი მათ გასწვრივაა. გაძვალტყავებული მაწანწალა ძაღლი, ერთადერთი ცხოველი სურათზე, იქვე ახლოს ატუზულა. მოედანზე, ჯარისკაცების წინ, ორი ფიგურა დგას. ერთს ხელები აქვს შეკრული, დგას და ბრბოს მისჩერებია, მისი თითები ბალუსტრადს ეხება, წითელი მოსასხამი ისე აქვს მხრებზე მოგდებული, რომ ზურგს უფარავს და ცოტათი მკლავებსა და მხრებსაც წვდება. ამგვარად, ფიგურის მთლი წინა ნაწილი წელამდე მოჩანს. უჩვეულო მოყვითალო ეკლების გვირგვინი თავზე ახურავს და საფეთქლებს შემორტყმია, მსუბუქი, გრძელი ლერწმის ჯოხი უჭირავს შეკრულ ხელებში. ეს ქრისტეა. მეორე ფიგურა უფრო ახლოა ხალხთან და ბალუსტრადის იქით ოდნავ გადაწეულა მათკენ. ფიგურა ქრისტეზე მიუთითებს, მარჯვენა ხელი ბუნებრივი მოძრაობით გაუშვერია და მარცხენა იმ უცნაური მოუხეშავი მოძრაობით წამოუწევია, როგორც უკვე აღვნიშნე. ეს პილატეა. ამ ორი მთავარი ფიგურის ქვევით დგას ებრაელთა აღელვებული ბრბო. ათასგვარი სახეების, ჟესტების, ხელებისა და გაღებული პირების გამოსახულება ბრწყინვალეა.
აქ არის სახემოქცეული, ბინძური მაწანწალას სხეული; მისი ცხოველური სახე საცოდავად იღმიჭება. აქ არის ფართო ბიჭები, გარუჯული მკლავი და მტკიცედ შეკრული მუშტი, მაგრამ სახე ამ დაკუნთული „პროტესტანტისა“ დაფარულია. მის ფეხებთან, სადაც კიბის კუთხე უხვევს, ქალი დაჩოქილა, სახე ავადმყოფურად გაფითრებია, მაგრამ აღფრთოვანებული ცახცახებს. მისი მშვენიერი, მრგვალი მკლავები სირცხვილსა და შებრალებას გამოხატავს და ბრბოს სიმხეცეს უპირისპირდება, ხშირი თმის უწესრიგოდ გაშლილი კულულები მკლავზე აყრია და მცენარის რქასავით შემოხვევია. ქალს შთაგონებული გამომეტყველება აქვს, თვალები ცრემლით ავსებია. იგი მონანიების სიმბოლოს წარმოადგენს, მისი მგლოვიარე ფიგურა ახალია და გავრცელებულ მკაცრ სტილს უპირისპირდება. იგი იმათთაგანია, სევდას რომ მოუცავს, ვინც ტირიან და გლოვობენ, მაგრამ შეენდობათ და განისვენებენ. მისი განყენებული პოზის მიხედვით უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი მაგდალინელია. მის ახლოს მაწანწალა ძაღლია და ძაღლის ახლოს - მაწანწალა ბიჭი; ბიჭის სხეული შებრუნებულია, მაგრამ ორივე ხელი მაღლა აღუმართავს ყმაწვილური აღტაცებით, თითები მოუხეშავად გაუფარჩხავს განზე.
ბრბოს შუაგულში კაცის ფიგურა მოჩანს, განრისხებულია, რადგან კარგად ჩაცმულ ებრაელს მიუჭეჭყავს. თვალები მრისხანედ უკვესავს, ტუჩებზე წყევლა აწერია. მისი გაჯავრების მიზეზი მდიდარი კაცია, ისეთი საზარელი სახისა, ასე რომ ახასიათებს ებრაელ სისხლისმწოველებს. ვგულისხმობ სახეს, რომლის ხაზი ფართო შუბლიდან ცხვირის კეხამდე ჩამოსდევს და შემდეგ უხვევს ნიკაპის კუთხესთან, ნიკაპისა, რასაც ამ შემთხვევაში ფარავს წაწვეტილი ბუჩქა წვერი. ზედა ტუჩი აწეულია და ჩანს ორი გრძელი, თეთრი კბილი, მაშინ, როცა მთელი ქვედა ტუჩი მოკუმულია. იგრძნობა ამ ქმნილების გაუგონარი გაბოროტება, ხელი დამცინავად გამოუწევია წინ, მშვენიერი, თოვლივით ქათქათა ტილო უკან გადაუკეცია მკლავზე, ზედ მის უკან მოჩანს უზარმაზარი სახე, ნაკვთები დაღმეჭია, ყბები მთლიანად გახევია ველური ყვირილით, შემდეგ არის ნახევარი პროფილი და მოზეიმე ფანატიკოსის ფიგურა. გრძელი ქურთუკი შიშველ ფეხებამდე სწვდება, თავი აუწევია, ხელები ერთმანეთის გასწვრივ ზემოთ აღუმართავს, გამარჯვებას ზეიმობს. სულ ბოლოში მოჩანს შეშლილი მათხოვრის ბუნდოვანი სახე. ყველგან ახალი სახეები ჩანს. მუქი კაპიუშონებით, წვეტიანი ქუდებით; აქეთ მტრობა ჩაუგუბებიათ, იქით პირი გახლეჩამდე დაუღიათ, თავი უკან გადაუწევიათ; აქეთ დედაბერი გარბის თავზარდაცემული, იქით მომხიბლავი ქალია, მაგრამ ეტყობა ღარიბი, აქვს მშვენიერი მოწყენილი თვალები, სავსე ნაკვთები და სხეული, მაგრამ დამახინჯებული უსიამოვნო სიბრიყვითა და სიხარულით; თუმცა მხეცურად არ ზეიმობს, ერთი შვილი მუხლებზე ეჭიდება, ზუძუთა ბავშვი მხრებზე აზის. ესენიც კი საყოველთაო ზიზღს მოუცავს, მათი პაწაწინა თვალები განკიცხვის ნაპერწკლებს ისვრიან, ანუ მწარე სიბრიყვეს თავისი ერისა. იქვე ახლოს ორი ფიგურაა იოანესი და მარიამისა. მარიამს გონება დაუკარგავს. მის სახეს ნაცრისფერი დასდებია, უმზეო გათენებას დამსგავსებია, ნაკვთები მოჰქანცვია, მაგრამ არ დამახინჯებია, თმა გიშრისფერი აქვს, თავზე თეთრი კაპიუშონი ახურავს. იგი თითქმის მკვდარია, მაგრამ სევდის სიმძაფრე სიცოცხლეს უნარჩუნებს. იოანეს მკლავი შემოუხვევია მისთვის, იმაგრებს, იოანეს სახე ნახევრად ქალურია, ისეა დახატული, მაგრამ სიმტკიცეს გამოხატავს. ჟანგისფერი თმა მხრებზე აყრია, ნაკვთებში მზრუნველობა და შეცოდება მოუჩანს. კიბეზე დგას რაბინი, აღფრთოვანებული და განცვიფრებული, უნდოა, მაგრამ მაინც დაუტყვევებია ცენტრალური ფიგურის არაჩვეულებრიობას, გარშემო ჯარისკაცები დგანან. მათ გამომეტყველებაში გულგრილი ზიზღი იხატება. ქრისტე მათთვის გამოფენაზე წარმოდგენილი ნიმუშია, ხოლო ბრბო კი ბუნაგიდან გამოყრილი ცხოველები. პილატე თანამდებობის ღირსებას გადაურჩენია, თორემ გარეგნობა, რაც მის არარომაელობაზე მეტყველებს, საკმარისია ჯარისკაცებში ზიზღის აღსაძვრელად, პილატეს მრგვალი სახე აქვს, ვიწრო თავის ქალა და მოკლედ შეკრეჭილი თმა. იგი ყოყმანით ირხევა, არ იცის შემდეგ რა მოძრაობა გააკეთოს, თვალები ფართოდ გაუღია გონებრივი დაძაბულობის გამო. აცვია თეთრ-წითელი რომაული ტოგა.
ნათელია, რომ ეს ყოველივე მშვენიერ სურათს ქმნის. მძაფრად მდუმარედ დრამატულს, მხოლოდ ჯადოსნური ჯოხის შეხებას რომ ელის, რათა რეალობას, სიცოცხლედა და ბრძოლად გადაიქცეს. თუმცა დიდ ქება-დიდებასაც ვერ შევასხამთ, რადგან ეს შემაშფოთებელი რეალური სურათია ორივე სქესის, ყველა თაობის ადამიანთა უმდაბლესი ვნებებისა, დემონურ კარნავალში რომ აღმოცენებულა და გაცოფებულა. ამიტომაც ძნელია შექება, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ცხადია, რომ მხატვრის პოზიცია ჰუმანურია, მძაფრად, მძლავრად ჰუმანური. ამგვარი ბრბოს დასახატად ადამიანის სხეულის სკრუპულოზური გამოკვლევაც კი ვერ დაგვეხმარება. პილატე თავკერძაა, მარიამი დედობრივი გრძნობით სავსე, მტირალი ქალი ინანიებს, იოანე ძლიერი კაცია, გულში დიდი მწუხარება უტრიალებს, ჯარისკაცებს დამპყრობლის სიჯიუტე ახატიათ სახეზე, მათი სიამაყე უკომპრომისოა, რადგან განა ისინი ძლევამოსილნი არ არიან? ცხადია, ადვილი იქნებოდა მარიამის ღვთისმშობლად გამოყვანა, ხოლო იოანესი - მახარობლად, მაგრამ მხატვარმა არჩია, მარიამი დედა ყოფილიყო და იოანე კი კაცი. მჯერა, რომ ამგვარი დამოკიდებულება უფრო მშვენიერი და დახვეწილიცაა.
გადმოცემა, როცა პილატე ეუბნება ებრაელებს, აჰა კაცი იგიო, სხვას გვეუბნება და ნახატში შეცდომა უნდა იყოს რელიგიური თვალსაზრისით, მაგრამ უეჭველი შეცდომა იქნებოდა მარიამის წარმოდგენა ჩვენს ეკლესიებში გამოფენილი ღვთითშთაგონებული მადონების წინაპრად. ამ ორი ფიგურის ასეთნაირად დახატვა წმინდა სურათზე, ამაღლებული სულის მანიშნებელია, თუკი რაიმე უნდა იყოს სურათზე ზეადამიანური, ადამიანის გულის მიღმური, ქრისტე უნდა იყოს. მაგრამ როგორც არ უნდა განვიხილოთ ქრისტეს სახე, ასეთი რამის კვალიც არ მოჩანს მის გარეგნობაში. მის გამოხედვაში არაფერია ღვთაებრივი, არაფერია ზეადამიანური, ეს მხატვრის ხელის ნაკლი არ არის, მისი ნიჭიერება ყველაფერს შეასრულებდა. ეს მისი ნებით არჩეული პოზიციაა.
ვან რუითმა რამდენიმე წლის წინ დახატა ქრისტესა და ვაჭრების ეპიზოდი ტაძარში. მას განზრახული ჰქონდა ეჩვენებინა ამაღლებული მსჯავრი და ღვთაებრივი სასჯელი. აქ მას ხელმა უმტყუნა და შედეგად მიიღო სუსტი გაწკეპვლა, სიკეთის სიყვარული და სიმშვიდე, რაც სრულებით არ შეეფერება ამ სურათს. მანკექზი პირიქით, მარტო ფუნჯის იმედად არასოდეს იქნება, რადგან მისი პოზიცია ადამიანურია. აქედან გამომდინარე, მისი ნაწარმოები დრამაა. მას რომ ქრისტე ღვთის ხორცშესხმულ ვაჟიშვილად დაეხატა, ადამიანთა ცოდვა რომ უნდა გამოისყიდოს შეურაცხყოფისა და სიძულვილის გადატანით, მაშინ ეს დრამა არ იქნებოდა, ეს იქნებოდა ღვთაებრივი კანონი, რადგან დრამაში ადამიანები მონაწილეობენ, და მხატვრის კონცეფციით, ეს არის ძლიერი დრამა, დრამა ათასჯერ მოთხრობილი ამბისა, ხალხი რომ აუჯანყდა თავის დიად მოძღვარს.
ქრისტეს სახე ბრწყინვალე მოძღვრებაა მოთმინებისა, ვნებისა, მე ამ სიტყვას მისი ზუსტი მნიშვნელობით ვხმარობ, და შეუდრეკელი ნებისყოფისა. აშკარაა, რომ ბრბოს ფიქრები მის გონებას ვერ ეკარება. ჩანს, რომ მას არაფერი აქვს საერთო ბრბოსთან, გარდა ნაკვთებისა, ერთ რასაზე რომ მიუთითებენ. პირს წაბლისფერი ულვაში უფარავს, ნიკაპი და სახე ყურებამდე დაფარული აქვს ამავე ფერის დაუვარცხნელი, მაგრამ მაინც ზომიერი სიგრძის წვერით, შუბლი დაბალი აქვს და წაბებთან გამოწეული. ცხვირი ოდნავ წააგავს ებრაულს, მაგრამ კეხიანია, ნესტოები თხელი და მგრძნობიარე, თვალები ღია ცისფერი აქვს და, რადგანაც სახე შუქისკენ მიუბრუნებია, ოდნავ აუწევია და წაბებქვევიდან გამოიცქირება, ეს ერთადერთი სწორი პოზიციაა ძლიერი აგონიის დასახატად. ქრისტეს გამჭრიახი თვალები აქვს, მაგრამ არცთუ დიდი, და მზერით თითქოს ჰაერს ჰკვეთს ნაწილობრივ შთაგონებით და ნაწილობრივ ტანჯვის გამო. სახე მთლიანად ასკეტური აქვს, შთაგონებული, წრფელი, ესაა საოცრად ძლიერი ვნებების კაცი. ესაა ქრისტე. კაცი - ტანჯული, წითელტანსაცმლიანი, თითქოს საწნახელიდან ამოსულაო, ეს არის მართლაც აჰა, კაცი იგი.
ასეთნაირად არის დამუშავებული თემა, რამაც მიბიძგა შემეფასებინა ნახატი, როგორც დრამა. ესაა დიდებული, კეთილშობილი, ტრაგიკული ნაწარმოები, მაგრამ ქრისტიანობის დამაარსებელს წარმოგვიდგენს მხოლოდ სოციალურ და რელიგიურ რეფორმატორად. ბრწყინვალე და მძლავრ პიროვნებად, მსოფლიო დრამის პროტაგონისტად. ამგვარი მიდგომას საზოგადოება არ გაკიცხავს, რადგან ის (საზოგადოება), ამგვარ საკითხებს მხატვრის პოზიციიდან განიხილავს, ოღონდ ნაკლებ დიდი და საგულისხმო მხატვრისა.
მანკექზის კონცეფცია უფრო დიადია, ვიდრე საზოგადოებისა, ისევე, როგორც საშუალო მხატვარი უფრო დიდია ვიდრე საშუალო მემწვანილე, მაგრამ ისეთივა: ეს არის ვაგნერის აზრს თუ დავამახინჯებთ, ქალაქის პოზიცია; ქრისტეს ღვთაებრიობის რწმენა მსოფლიო ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი ნიშანი არ არის. თუმცა გოლგოთას დრამის მაგალითად ნაჩვენები იშვიათი თანაგრძნობა, სწორისა და მცდარის, ჭეშმარიტისა და სიცრუის მარადიული კონფლიქტის გამო, ამის მტკიცებას არ ცილდება.
ჯ.ა.ჯ, ირლანდიის სამეფო აკადემია, სექტემბერი 1899
თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა
თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა