ტომას ელიოტი - ულისე, მითი და წესრიგი
მისტერ ჯოისის ეს წიგნი იმდენი ხანია გამოქვეყნდა, რომ გუნდრუკის კმევა თუ მოშურნეთა გადარწმუნება აღარც კი ღირს; თუმცა ეს ხანი სულაც არ არის საკმარისი მისი ღირსებისა და ადგილის ზუსტად გასაზღვრისათვის.
დღესდღეობით ყველაზე სასარგებლო ის იქნება, და ეს უმნიშვნელოდ არავის მოეჩვენოს, როცა ასეთ წიგნთან გვაქვს საქმე, რომ ნათელი მოვფინოთ მის ყველა მხარეს, მრავალ გაურკვეველ მხარეს, რაც აქამდე ვერავინ იდო თავს. ამ წიგნს მე ვთვლი საუკუნის ხატად, რისი ბადალიც ძნელად თუ მოიძებნება; ეს ის წიგნია, რომლის წინაშე ყველა ვალში ვართ და რომელსაც ვერსად გავექცევით, წინასწარ მხოლოდ ამის თქმა მეწადა, რადგან არავითარი სურვილი არ მაქვს თავი შევაწყინო მკითხველს გაჭიანურებული ქება-დიდებით. ამ წიგნმა გამაოცა, ძლიერ მასიამოვნა და შემაშფოთა, მომცა იმდენი, რამდენის აღებაც შევიძელი, და მეტი რაღა მოეთხოვებოდა.
ვერც ერთ კრიტიკულ წერილში, რაც კი ამ წიგნზე დაიწერა, ვერსად წავაწყდი - თუ არ ჩავთვლით მუსიე ვალერი ლარბოს ღირსეულ ნაშრომს, რაც წინასიტყვაობა უფროა, ვიდრე კრიტიკული წერილი - იმის ცდასაც კი, რომ ჩაწვდომოდნენ მნიშვნელობას მ-რ ჯოისის მეთოდისა - პარალელს „ოდისეასთან“ და თითოეულ ნაწილში შესაბამისი სტილისა და სიმბოლიკის გამოყენებას. გასათვალისწინებელია, რომ ამ მეთოდს ზოგი შესაძლოა თანამედროვე ლიტერატურის უპირველეს თავისებურებად მიიჩნევს, მაგრამ, საერთოდ, თავშესაქცევ ხერხად თვლის, ან იმ საყრდენად, რაზეც ავტორმა რეალისტური ამბავი დააფუძნა. მთლიანად ჩონჩხი არავის აღელვებს. მისტერ ოლდინგტონის ამ რამდენიმე წლის წინანდელი კრიტიკული წერილი „ულისეს“ წინააღმდეგ მარცხი მგონია, მაგრამ რადგანაც ეს წერილი მანამ დაიბეჭდა, სანამ „ულისე“ მთლიანად გამოქვეყნდებოდა, ეს მისატევებელი მარცხია იმათ წერილებთან შედარებით, ვისაც ხელთ მთელი წიგნი ჰქონდათ. მ-რ ოლდინგტონი მ-რ ჯოისს ქაოსის წინამორბედს უწოდებს და აშინებს დადაისტური წარღვნა, რასაც წინასწარ ხედავს, ჯადოსნის შოლტის ტკაცუნზე რომ ამოხეთქავს.
ჩემი აზრით, ძნელი სათქმელია რა გავლენა ენქება მ-რ ჯოისის წიგნს. უდიდესმა წიგნმა შესაძლოა მართლაც ცუდი გავლენა იქონიოს და საშუალო ღირსების წიგნი კი ზოგჯერ ძალზე სასარგებლო გამოდგეს. მომავალი თაობა თავის სულზეა პასუხისმგებელი; გენიოსი კი პასუხს აგებს მხოლოდ თავისნაირ გენიოსებთან და არა სალონების უვიც და გაუთლელ ვაჟბატონებთან. და მაინც, მ-რ ოლდინგტონის გულისამაჩუყებელ ზრუნვას ჭკუასუსტებზე, რომელთაც თითქოს ეს წიგნი დააბნევს, მე ვერ დავეთანხმები; და ეს მნიშვნელოვანი საკითხია. იგი ამ წიგნს, თუ სწორად გავიგე, ქაოსისაკენ მიბრუნებად, ცალმხრივი, გარყვნილი გრძნობების გამოხატულებად და რეალობის დამახინჯებად მიიჩნევს. მაგრამ ჯობს თვითონ მ-რ ოლდინგტონს მოვუსმინოთ: „ამას გარდა, ჩემი აზრით, - წერს იგი, - როცა მ-რ ჯოისი თავის ბრწყინვალე ნიჭიერებას იმისთვის იყენებს, რომ კაცობრიობა შეგვაძულოს, ამით კაცობრიობას ცილსა სწამებს“. რაღაც ამის მსგავსი დიდბუნებოვან თეკერეის სვიფტზე აქვს ნათქვამი - „ვფიქრობ, ზნეობრივად ეს საშინელია, თავისმომჭრელი, არაადამიანური, მკრეხელური; მაგრამ იმავდროულად გოლიათური და უზარმაზარი, როგორც თვითონ ეს წინამძღვარი. და ეს უნდა ვუკიჟინოთ ავტორს“ (ასე აღიქვამს ჰუიჰნჰნმებთან მოგზაურობის ეპიზოდს. სწორედ იმ ეპიზოდს, მე რომ მიმაჩნია უდიდეს გამარჯვებად, რასაც ადამიანის სული ზიარებია). თუმცა მოგვიანებით თეკერეი სვიფტს დამსახურებისამებრ მიაგებს ისეთ ქებას, სხვას რომ არავის ღირსებია: „სვიფტი ჩემს თვალში იმდენად პატივსაცემი კაცია, რომ მასზე ფიქრი იმპერიის დაცემაზე ფიქრს უტოლდება“. თავის მხრივ, მ-რ ოლდინგტონიც თითქმის ასევე უხვია.
შეიძლება თუ არ შეიძლება, რომ კაცობრიობას ცილი დასწამო (განსხვავებით ჩვეულებრივი ცილისწამებისაგან, პიროვნებას ან რამდენიმე პიროვნებას რომ სწამებენ ხოლმე მთელი კაცობრიობისგან მოწყვეტით) ფილოსოფოსთა დავის საგანია; მაგრამ „ულისე“ რომ ცილისწამება ყოფილიყო, მაშინ მხოლოდ ყალბი დოკუმენტი იქნებოდა, უნიათო მონაჩმახი, რაც მ-რ ოლდინგტონის ყურადღებას წუთითაც ვერ მიიპყრობდა. ამ საკითხზე დაყოვნება არცა ღირს; საგულისხმოა, რომ მ-რ ოლდინგტონი თითქოს ბოდიშს იხდის, როცა მ-რ ჯოისის „დიდ, დაუოკებელ ტალანტზე“ ლაპარაკობს.
ვფიქრობ, მე და მ-რ ოლდინგტონი ასე თუ ისე ვთანხმდებით ძირითადად რა გვინდა და ამას კლასიციზმს ვუწოდებთ. ამ თანხმობის გამოა, რომ მოკამათედ სწორედ მ-რ ოლდინგტონი ავირჩიე ამ სადავო საკითხში. ჩვენ შევთანხმდით, თუ რა გვსურს, მაგრამ არ შევთანხმებულვართ, თუ როგორ გვსურდა, ან სხვა რომელი თანამროვე თხზულება ემგვანება ჯოისისას. იმედი მაქვს, შევთანხმდებით, რომ კლასიციზმი სულაც არ გამორიცხავს რომანტიზმს იმგვარად, როგორც პოლიტიკური პარტიები, კონსერვატული და ლიბერალური, რესპუბლიკური და დემოკრატიული, ერთმანეთს რომ ვერ იტანენ. ეს არის მიზანი, საითაც ისწრაფვის ჭეშმარიტი ლიტერატურა, თუ მართლა ჭეშმარიტია, შესაძლებლობის, ადგილისა და დროის მიხედვით. კაცს შეუძლია კლასიკოსი გახდეს, თუ უარს იტყვის მასალის ცხრა მეათედზე, ხელთ რომ აქვს, და მხოლოდ მიმიადქცეულ ნაგავს აგროვებს მუზეუმებში - მსგავსად ზოგიერთი თანამედროვე მწერლისა, ვისზეც, ახი იქნებოდა, საკადრისად მიმეზღო, თუმცა აქ არ ღირს (მ-რ ოლდინგტონს მათ შორის არ ვთვლი). ან სხვას შეუძლია გახდეს კლასიკოსი, თუ სრულად გამოავლენს თავის უნარს იმ მასალით, ხელთ რომ აქვს. უხერხულობა იქმნება, როცა ერთ ტერმინში აქცევენ ლიტერატურას და საზოგადოებრივი წყობის, მისწრაფებათა და ქცევის ერთიანობას, რის ნაწილსაც ლიტერატურა წარმოადგენს. ორივე შემთხვევაში ტერმინს განსხვავებული მიმართება აქვს. ბევრად იოლია კლასიკოსობა სალიტერატურო კრიტიკაში, ვიდრე ხელოვნებაში, რადგანაც კრიტიკისას მხოლოდ შენს სურვილთან ხარ პასუხისმგებელი, შემოქმედებისას კი პასუხს აგებ იმაზე, თუ რისი უნარი შეგწევს აღებული მასალით. მასალაში ვგულისხმობ პირადად მწერლის ემოციებსა და გრძნობებს, ეს არის მწერლისთვის ის მასალა, რითიც უნდა ისარგებლოს - და არა ღირსებებს, რაც უნდა განმტკიცდეს, ან მანკიერებებს, რაც უნდა დაკნინდეს. ამიტომ მ-რ ჯოისზე ამგვარად უნდა ითქვას: ცხოვრებისეული მასალა რამდენად შეიწოვა და რანაირად გვიბოძა მერე; გვიბოძა არა როგორცკანონმდებელმა ან მცველმა, არამედ - ხელოვანმა.
აი, რატომ აქვს მ-რ ჯოისის მიერ „ოდისეასთან“ პარალელის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა, მნიშვნელობა, რაც სამეცნიერო აღმოჩენის ტოლფასია. მ-რ ჯოისამდე რომანი ასეთ საძირკველზე არავის აუგია, არ ყოფილა საჭიროება და იმიტომ. მე არ დავიჟინებ, რომ „ულისეს“ რომანი დავარქვა, და თუ თქვენ ეპოსს უწოდებთ, ამით არა დაშავდება რა. თუ რომანს არ ვარქმევ, მხოლოდ იმიტომ, რომ რომანი ის ფორმაა, რაც უკვე აღარ გვჭირდება; და რომ რომანი, ნაცვლად იმისა, ყოფილიყო ფორმა, იყო მხოლოდ და მხოლოდ გამოხატულება საუკუნისა და სახე იმდენად არ დაუკარგავს, რომ რაიმე უფრო მკვეთრის საჭიროება იგრძნობოდეს. მ-რ ჯოისმა ერთადაერთი რომანი დაწერა - „პორტრეტი“, მ-რ უინდჰემ ლუისმაც ერთი - „თარი“. არა მგონია, ამ ორთაგან რომელიმემ ოდესმე კიდევ დაწეროს რომანი, რადგან რომანი ფლობერთან და ჯეიმზთან დასრულდა. ვფიქრობ, ამიტომაცაა, მ-რ ჯოისმა და მ-რ ლუისმა თავიანთ დროს რომ გაუსწრეს, უკეთ შეიმეცნეს ის, ან ალბათ, ქვეცნობიერად, ფორმამაც აღარ დააკმაყოფილათ, ამიტომ არის მათი რომანები უფორმო, რაც ვერ გაიგეს დუჟინობით იმ ნიჭიერმა მწერლებმა, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ რომანის მოძველებაზე.
მითოსის გამოყენებით, თანამედროვეობისა და ანტიკურობის შორეული პარალელის მონაცვლეობით, მ-რ ჯოისი იკვლევს მეთოდს, რასაც მის შემდგომ სხვები გაჰყვებიან. ისინი იმ მეცნიერზე უფრო მიმბაძველები არ იქნებიან, ვინც აინშტაინის აღმოჩენებს თავისი ორიგინალური დაკვირვებებისას გამოიყენებს. ეს არის უბრალოდ შემოწმების, წესრიგის, ფორმისა და მნიშვნელობის დადგენის გზა ამაოებისა და ანარქიის იმ უზარმაზარ პანორამაში, თანამედროვეობა რომ ჰქვია. ეს ის მეთოდია, მისტერ იეიტსმა რომ მოიმარჯვა და, დარწმუნებული ვარ, მისი საჭიროებაც თანამედროვეთაგან პირველად სწორედ მანვე შეიცნო. ეს ის მეთოდია, რასაც ჰოროსკოპი კეთილს უწინასწარმეტყველებს, ფსიქოლოგია (იმისდა მიუხედავად, დამცინავად განვეწყობით მისდამი თუ სერიოზულად), ეთნოლოგია და „ოქროს რტოს“ შეთანხმდნენ, შესაძლებელი გახადონ ის, რაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შეუძლებლად ითვლებოდა. თხრობის მეთოდის ნაცვლად შეგვიძლია მითოსური მეთოდით ვისარგებლოთ.
მტკიცედ მჯერა, ეს ნაბიჯია იქითკენ, რომ თანამედროვე მსოფლიო ვაზიაროთ ხელოვნებას, იმ წესრიგსა და ფორმას, რაც მ-რ ოლდინგტონს ასე გულით სურს და მხოლოდ მათ, ვინც თვითონვე, საიდუმლოდ, სხვის დაუხმარებლად შექმნეს წესრიგი ამქვეყნად, როცა ძნელად თუ რამე შემოგეშველოს, შეუძლიათ დახმარება შემდგომი წინსვლისათვის.