ჯეიმს ჯოისი - ირლანდიის სული
არისტოტელეს შეხედულებით, განსჯის საწყისი განცვიფრებაა, გრძნობა, რომელიც ადამიანს სიყმაწვილისას ახასიათებს; და თუ განსჯის უნარს მოწიფულობისას იძენს კაცი, ცხოვრების მიმწუხრზე განსჯის ნაყოფი, სიბრძნე, უნდა მოიწიოს.
დღესდღეობით ადამიანებმა ერთმანეთში არივ-დარიეს სიყმაწვილე, მოწიფულობა და სიბერე ვინც ცივილიზაციის ჯიბრზე სიბერეს მიაღწიეს, ბრძენკაცებს ნაკლებად მოგვაგონებენ, ბავშვები კი, ფეხს აიდგამენ და ლაპარაკს ისწავლიან თუ არა, მაშინვე საქმეს რომ აჩეჩებენ ხელში, სულ უფრო შეგნებულები ხდებიან, მალე ალბათ ის დროც დადგება, როცა გრძელწვერიანი ბიჭუკელები ტაშითა და ყიჟინით გაამხნევებენ ეზოში მობურთავე მოკლეშარვლიან ბერიკაცებს.
ეს შესაძლოა ირლანდიაშიც მოხდეს, თუ ლედი გრეგორი გულწრფელად ანიჭებს უპირატესობას ბერიკაცებს. მას ახალ წიგნში (რეცენზია ლედი გრეგორის წიგნზე, „პოეტები და მეოცნებენი“, გამოქვეყნდა „დეილი ექსპრესში“ (დუბლინი, 1903 წლის 26 მარტი) არც უხსენებია ლეგენდები ჭაბუკებსა და მათ საგმირო საქმეებზე, არამედ გამოჩხრიკა თითქმის მითიური ქვეყანა, სევდიანი და დაჩაჩანაკებული. წიგნის ნახევარი ირლანდიის დასავლეთში მცხოვრები მერიკაცებისა და დედაბრების ნაამბობის მიხედვითაა შეთხზული. ამ მოხუცებმა უამრავი ზღაპარი იციან გოლიათებსა და ჯადოქრებზე, ძაღლებსა და შავტარიან დანებზე, ყვებიან ერთიმეორის მიყოლებით, დაწვრილებით და შავტარიან დანებზე, ყვებიან ერთიმეორის მიყოლებით, დაწვრილებით და გაჭიანურებულად, ყვებიან ცეცხლისპირას ან სახელოსნოს წინ ჩამომსხდარნი, ძნელია მკაფიოდ შეიცნო მათი ხიბლისა და სამკურნალო ბალახების ძალა, ამას მხოლოდ ის მოახერხებს, ვისაც ღრმად შეუსწავლია მათი ყოფა და ერთმანეთისათვის შეუდარებია სოფლური ტრადიციები. რა თქმა უნდა უმჯობესია არ იცოდე ეს ჯადოსნური მეცნიერებანი, რადგან თუ მინდვრად გვირილებს კრეფ და ქარი შებრუნდა, ჭკუაზე შეცდები.
მაგრამ შესაძლოა ზღაპრებს იოლადაც შევხედოთ. ზღაპრები აღგვიძრავენ გრძნობებს, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო განსჯის საწყისთან - განცვიფრებასთან. ზღაპრების მთხრობელნი მოხუცები არიან, მათი წარმოსახვა ბალღური წარმოსახვა არ გახლავთ. მეზღაპრეებმა შემოგვინახეს უცნაური და ჯადოსნური ქვეყანა, მაგრამ გონება მთვლემარე და სუსტი აქვთ, ერთ ზღაპარს დაიწყებენ და მეორეზე გადახტებიან, ბოლომდე ვერც ერთს ვერ ამთავრებენ, არც ერთი ჰგავს სერ ჯონ დოს ლექსს, რომელიც ბოლოში გაუმჯობესდება ხოლმე. ეს ლედი გრეგორიმაც იცის, რადგან ხშირად ერევა თხრობაში და ცდილობს შეკითხვებით უკან დააბრუნოს მთხრობელი; თუ ამბავი ძლიერ დაიხლართება, უნდა, რომ ნაკლებ დახლართული ნაწილით აღადგინოს მთლიანი სახე; ხანდახან „თან ყურადღებით თან გაღიზიანებული“ უგდებს ყურს. დაბოლოს, თუნდაც ეს წიგნი ხალხს ეხებოდეს, მათ წარმოგვიდგინეს გონებრივად დაჩაჩანაკებულებს, რასაც მისტერ იეტსმაც შეასხა ხოტბა თავაზიანი სკეპტიციზმით თავის საუკეთესო წიგნში „კელტური მწუხრი“.
რაც არ უნდა იყოს, პოეტ რაფთერის რაღაც ჯანსაღი და ბუნებრივი სცხია. მისი მწარე ენის პატრონს მხოლოდ სატირული, თანაც არცთუ მშვენიერი ლექსები უნდა შეეთხზა, მაგრამ შეეძლო სასიყვარულო (თუმცა ლედი გრეგორი ერთგვარ სიყალბეს ამჩნევს დასავლურ სატრფიალო ლირიკას) და მომნანიებელი ლექსების გოდებაც. რაფთერის, უკანასკნელი ბარდთაგანიც რომ იყოს, მეტად შემოუნახავს ბარდული ტრადიციები იგი ერთხელ წვიმაში მოყოლილა და ბუჩქისთვის შეუფარებია თავი: ვიდრე ბუჩქს წვიმის წყალი შეუკავებია, რაფთერის სახოტბო ლექსებით შეუმკია ის, მაგრამ ბუჩქში წვიმამ გაატანა თუ არა, არც სალანძღავ ლექსებს მორიდებია.
ლედი გრეგორი თარგმნის მის ზოგიერთ ლექსს, თარგმნის რამდენიმე დასავლეთ ირლანდიურ ბალადას და დოქტორ დუგლას ჰაიდის ლექსებსაც. წიგნი მთავრდება დ-რ დუგლას ჰაიდის ოთხი ერთმოქმედებიანი პიესით; სამი პიესის მთავარი გმირია ლეგენდარული პიროვნება, პოეტი და მაწანწალა, თქვენ წარმოიდგინეთ, ხან წმინდანიც კი, მეოთხე პიესას საშობაო ჰქვია. მცირე დრამა, თუ შეიძლება ეს გამოთქმა ვიხმაროთ, ხელოვნების მცდარი და ნაკლებ შთამბეჭდავი ფორმაა, მაგრამ იოლი მისახვედრია, თუ რატომ მოსწონთ ჩვენს ეპოქაში, როცა მხატვრობაში „6ოქტიურნი“ ბატონობს, ლიტერატურაში კი - მალარმე, „შეჯამების“ შემთხზველი და მათი მსგავსი მწერლები. მცირე დრამა შესაძლოა განვიხილოთ, როგორც გასართობი და, უეჭველია, დ-რ დუგლას ჰაიდი ჯამბაზობით ერთობა; ლედი გრეგორის მთარგმნელობითი ნიჭი აქ ყველაზე მკაფიოდ გამოიკვეთა, რასაც ეს ოთხი სტრიქონიც ადასტურებს:
„მე გავიგონე არფის თკბილმოსასმენი ხმა, რომელსაც ქორკის ქუჩებში უკრავდნენ, და გამახსენდა ბევრად ტკბილი და საამო შენი ხმა, შენს ბაგეს რომ ამოსცდება ხოლმე“.
ეს წიგნი, მსგავსად ჩვენი დროის სხვა მრავალი წიგნისა, ნაწილობრივ მომხიბლავია, ნაწილობრივ კი, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, გამოძახილია ირლანდიელთა უმთავრესი რწმენისა. იმ სულიერი და მატერიალური ბრძოლების შემდეგ, რომლებიც ასე მძიმე გახლდათ ირლანდიისათვის, ის მაინც აღსდგა, რადგანაც გაიხსენა ძველი რწმენანი და სჯეროდა იმ ძალების სიმდაბლეც, რომელთაც დაამარცხეს ის, - და ლედი გრეგორის, რომელიც დედაბრები და ბერიკაცები თითქოს საკუთარი თავის მსაჯულები არიან, როცა იმ საკვირველ ამბებს მოგვითხრობენ, შეეძლო უიტმენის ერთი ლექსიდან მოტანა ნაწყვეტი, უიტმენის ორაზროვანი მიმართვა დამარცხებულისადმი, რაც ლედი გრეგორის ირლანდიისათვის თავდადებასაც გამოხატავს: ბრძოლას წავაგებთ იმავ ღირსებით, რა ღირსებითაც გავიმარჯვებდით.
ჯ.ჯ. 1903წ.
თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა
თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა