დათო ტურაშვილი - დიეგო მარადონას ავტობიოგრაფიული წიგნი
ეს ამბავი ზუსტად ისე დაიწყო, როგორც ეს თვითონ დიეგო მარადონას მოვუყევი, როცა ყველა დროის ყველაზე დიდი ფეხბურთელი საქართველოს ეწვია.
ბობ დილანის მერე, მგონი ამხელა ადამიანი თბილისში მართლა არჩამოსულა და რა გასაკვირია რომ დიდი დიეგოს სტუმრობის იმედი, არც არავის გვქონდა. ამიტომაც ქართველმა გამომცემელმა მამუკა ხანთაძემ, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, მოკრძალებული წერილი მისწერა არგენტინელებს მარადონას ავტობიოგრაფიული წიგნის ქართულად თარგმნისა და მისი გამოცემის უფლების მისაღებად. თუმცა ეპისტოლარული დიალოგი იმდენად გაიწელა ოფიციალური ნებართვის მოლოდინში, რომ სანამ საბოლოო პასუხს მიიღებდა, ხანთაძემ მანამდეც შემომაპარა ძალიან მაცდური წინადადება - წიგნის თარგმნა ნებართვის გარეშე დამეწყო.
ეს წიგნი უკვე წაკითხული მქონდა (თანაც უდიდესი სიამოვნებით) და ერთი სულიც მქონდა როდის დავიწყებდი მარადონას ავტობიოგრაფიის თარგმნას, მაგრამ მაინც თავი შევიკავე და მგონი პირველად ჩემს ცხოვრებაში, რატომღაც არ ავჩქარდი. მგონი სწორედ ეს იშვიათი მოთმინება დამიფასდა კიდეც და მალე ღმერთმა პირადად შემახვედრა ჩვენი სამყაროსა და ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ გენიოსთან. ესეც პირდაპირ, დაუფარავად ვუთხარი დიეგო მარადონას, რადგან როცა ველაპარაკებოდი, მაშინაც კი არ მჯეროდა რომ ჩემს წინ იდგა ჩვენი ბავშვობის ყველაზე დიდი ლეგენდა, რომელსაც მამუკა ხანთაძის წვალების ამბავიც იქვე მოვუყევი და მისი წიგნის თარგმნის უფლებაც იქვე ვთხოვე.
იქვე ისიც ვუთხარი რომ ჩვენს ქვეყანაში სიტყვას ისეთი ფასი აქვს (ოდესღაც ხომ მართლა ჰქონდა), რომ ზეპირად თუ მომცემ ნებართვას, ამას კამერები დააფიქსირებენ და შენი წერილობითი თანხმობა აღარც დამჭირდება, შენს წიგნს ქართულად ვთარგმნი და მერე მსდიოს ინტერპოლმა-მეთქი.
არგენტინელები (ძველი ქართველებივით), ღმერთსაც შენობით მიმართავენ და ამ ხუმრობის შემდეგ კი მითუმეტეს გაგვიშინაურდა დიეგო მარადონა, რომელმაც მაშინვე სიცილით მომცა ექსკლუზიური ნებართვა და მადლობაც, რასაკვირველია მაშინვე ხმამაღლა და გულწრფელად მოვახსენე. თუმცა მაინც ვიფიქრე რომ მხოლოდ უბრალო მადლობა საკმარისი არ იყო და როცა მეორედ ვნახე დიდი არგენტინელი, ისიც ავუხსენი რომ მისი გვარის ფუძე ქართულ ენაზე მარადიულობას ნიშნავს და ის იქნება მართლა მარადიული მოვლენა მანამ, სანამ ამ სამყაროში ფეხბურთი იარსებებს.
მაშინ ოდნავაც არ გადამიჭარბებია და მართლა გულწრფელად ვუთხარი ის, რასაც ვფიქრობდი და მისი ავტობიოგრაფიული წიგნიც ისეთი გულახდილი აღსარებაა, რომელსაც მხოლოდ რჩეული ადამიანები ამბობენ...