მაკა ჯოხაძე - მეფე ჩიგიდის ქვეყანაში
„უცნობი“ მწერლის სილუეტი
ლევან ბოლქვაძე - ეს სახელი და გვარი დღევანდელი მკითხველისათვის თითქმის არაფრის მთქმელია. უფრო მეტიც, თვით მისი თაობის ხალხიც კი არ იცნობდა მას როგორც მწერალს. სამაგიეროდ, იცნობდნენ როგორც ენციკლოპედიური განათლების მქონე დიდ ერუდიტს (სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს ენციკლოპედიაში მუშაობდა, სადაც დღეს მისი სახელობის კაბინეტია გახსნილი და ენციკლოპედიის ბიბლიოთეკაც მისი სახელობისაა). მრავალმხრივი ადამიანი იყო, არაჩვეულებრივი იუმორის მქონე, იშვიათი ხმის ტემბრი ჰქონდა და ამ ტენორმა ზეპირად იცოდა თითქმის მთელი საოპერო კლასიკა.
„ეს ბიჭი არც ძალ-ღონით გამოირჩეოდა თავის ტოლებში და ვერც იმას ვიტყვით, მისმა გულმა შიში არ იცოდა რა იყოო, მაგრამ რა საქმეებიც მან ზღაპრის ფათერაკიან გზებზე გადაიხადა, რა სიკეთეც იქ დათესა, რომელ უშიშარ გმირსაც გინდა ეყოფოდა სახელად“.
კარგა მოზრდილი სადიდო ზღაპარი სულმოუთქმელად წავიკითხე და უჩვეულო მწერალი აღმოვაჩინე.
იმხანად ანზორ აბულაშვილს ნათხოვნი ჰქონდა, რაიმე დამეწერა მისი რედაქტორობით გამომავალ ალმანახ „ჯეჯილისათვის“. თხოვნა შევუსრულე და ამ წიგნზე ჩემი გამოხმაურება მივუტანე. კრიტიკა დუმდა...
მალე ლევან ბოლქვაძე გავიცანი. როგორც აღმოჩნდა, ჩემი რძლის, საქართველოს ენციკლოპედიის თანამშრომლის, ტოტო ჩარკვიანის წყალობით უკვე წაკითხული ჰქონდა წერილი. გაცნობისთანავე მადლიერების გრძნობა იშვიათი სიფაქიზითა და ტაქტით გამოხატა. უჩვეულოდ ლბილს, თავმდაბალს მტკიცე ნაკვთებიანი არისტოკრატული გარეგნობა ჰქონდა, რომაულ მონეტებზე ამოტვიფრულ იმპერატორთა პროფილს მოგაგონებდათ. საუბრობდა უაღრესად სადად, ხმადაბლა. როცა გავიგე, რომ ეს მისი ერთადერთი წიგნი იყო, გაოგნებულმა ვკითხე - კი, მაგრამ როგორ მოითმინეთ, როგორ არ დაწერეთ ბევრი, ბევრი წიგნი?! „ბევრი, ბევრი წიგნი“... - ღიმილით გაიმეორა და რაღაცნაირი სევდიანი იუმორით მიპასუხა: „რემონტი რომ არ მქონოდა ბინაში გასაკეთებელი, ალბათ, არც ეგ წიგნი დაიწერებოდაო“... და ეს იყო აბსოლუტურად გულწრფელი პასუხი პიროვნებისა, ვინც ზედმიწევნით ღრმად იცოდა დიდი ლიტერატურის ფასი და არასოდეს (ან ვერასოდეს) მისცემდა თავს უფლებას, მწერალი დარქმეოდა.
წიგნი სასწრაფოდ წავაკითხე ქართული ლიტერატურის ცნობილ მთარგმნელს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგეს, პროფესორ აიდა აბუაშვილს. მისი მხრიდან დიდი იყო მცდელობა წიგნი რუსულად გამოსულიყო. გამომცემლობა „მოლოდაია გვარდიის“ ექსპერტ-რედაქტორები გაოცებულნი აღმოჩნდნენ. უთქვამთ, ბრწყინვალე წიგნია, მაგრამ ამ პოლიტიკური პამფლეტის რუსეთში გამოცემაზე ოცნებაც წარმოუდგენელიაო, ისიც გვიკვირს, ან თქვენთან როგორ გაბედესო. ეს რისკი გამომცემლობა „ნაკადულის“ მაშინდელი დირექტორის, არჩილ სულაკაურის სახელთანაცაა დაკავშირებული.
ადამიანებისა არ იყოს, წიგნებსაც თავიანთი ბედი აქვთ. ზოგს სიჩუმით კლავენ, ზოგს ხმაურით... ლევან ბოლქვაძე რომ როგორც პოლიტპატიმარი, გულაგში იხდიდა ხანგრძლივ სასჯელს, ეს მოგვიანებით გავიგე, მისი გარდაცვალების შემდეგ, როცა ჭადრაკის ძველ სასახლეში ის-ისაა დაარსებულმა საზოგადოება „თბილისელმა“ ბინა დაიდო და მისი თავკაცის, დავით (ციცკა) ციციშვილის თაოსნობით ლევან ბოლქვაძის მოსაგონარი საღამო გამართა. ამ საღამოზე მე მწერლის მეუღლემ, რუსული ლიტერატურის შესანიშნავმა მცოდნემ, ქალბატონმა გულიკო ბოლქვაძემ მიმიწვია.
მეგობრები, ახლობლები, კოლეგები დიდი სიყვარულით იგონებდნენ ლევანს. მახსოვს კოტე ჩოლოყაშვილის მეტად შთამბეჭდავი გამოსვლა. იქვე აღმოვაჩინე, რომ ბიოგრაფიაც ნამდვილი მწერლის შესატყვისი ჰქონდა. ეტაპით მგზავრობისას ლევანით მოხიბლულ ერთ ჭკვიან, წინდახედულ ექიმს უთქვამს: „და მაინც ჰუმანიტარი ხარ... რაიმე ნამდვილი პროფესია თუ არ გიჭირავს ხელში, იქ ვერ გაძლებ, დაიჩაგრები“. ლევანმა ეტყობა ეს რჩევად მიიღო და მატარებელში დაემოწაფა ექიმს. ლათინურად არსებული მთელი ფარმაკოლოგიური სამყარო ეტაპით მგზავრობისას აითვისა და ზონაში ჩასულს უკვე თავისუფლად შეეძლო თავი, როგორც „ფერშალი“, ისე წარმოედგინა. ასეც მოხდა, გადასახლებაში იგი სწორედ ამ პროფილით მუშაობდა. შეუმცდარ დიაგნოზებს სვამდა და შესატყვის წამლებსაც (მიქსტურებსაც) წერდა.
წლების განმავლობაში სოლჟენიცინთან ერთად იჯდა საკანში, სხვათა შორის, ლევან ბოლქვაძემ სიკვდილს გადაარჩინა მძიმედ დაავადებული მწერალი. აღარ მახსოვს რომელ რომანში, მე მგონი, „კიბოს კორპუსში“ უაღრესად სიმპათიური, კეთილშობილი და უშიშარი ჩეჩენის პროტოტიპი ლევან ბოლქვაძეა. სოლჟენიცინი ქართველებს რატომღაც ნაკლებად სწყალობდა... ერთხელ ლევანისთვის როგორღაც უთქვამს: - თქვენს ხალხს მომავალი არა აქვსო და ამაზე საკმაოდ მკაცრი, მაგრამ ზედმიწევნით არგუმენტირებული ხანგრძლივი პასუხიც მიუღია რუს მწერალს... ვინ იცის, იქნებ ეს ინციდენტიც იყო მიზეზი იმისა, რომ რომანში ქართველი ფერშალი ჩეჩნად მონათლა. თუმცა რას წარმოიდგენდა რუსეთის სინდისად აღიარებული სოლჟენიცინი მაშინ, რომ მოგვიანებით მისი „დემოკრატიული“ სამშობლო ჩეჩენ ხალხს ნამდვილ გენოციდს მოუწყობდა.
როგორც ადამიანს, ისე წიგნსაც, თავისი ბედი აქვს... მახსოვს ლევან ბოლქვაძის ზღაპრით მოგვრილი სიხარული, რომელიც ზეიმურობასთან იყო წილნაყარი. ეს ზეიმი დაახლოებით იმას ჰგავდა, „კავკასიურმა ცარცის წრემ“ რომ შემოიტანა მაშინდელ თბილისში. ვინ იცის, მერე რამდენი ბრწყინვალე დადგმა განხორციელდა ქართულ სცენაზე, მაგრამ „კავკასიური“ მაინც სხვა იყო. რაღაცით ვეება ბენგალურ ჩირაღდანს მოგაგონებდათ, მთელი სპექტაკლის განმავლობაში სიხარულის სევდიან ნაპერწკლებს შუშხუნით რომ ყრიდა დარბაზში. ეს იყო მძაფრი ზეიმი, როცა სამართალი თავანკარა თუ ამღვრეულ ინსტინქტთა ზვირთებში ეხეთქებოდა და აწყდებოდა კლდესავით უმკაცრეს სპექტაკლს - ცხოვრებას. ცხოვრების ჭუჭყი და ქაფი კი დიდ შემოქმედს მაღალი ხელოვნების რანგში აჰყავდა.
„ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ - წიგნი-სპექტაკლი, წიგნი-მუსიკა, წიგნი-ნახატი, წიგნი-ზეიმი. ფანტაზიით შენიღბული რეალობის ფოიერვერკი, რომელმაც ასე მშვიდად, ღირსეულად გაუძლო დროს, უფრო მეტიც, განსაცვიფრებლად აქტუალური აღმოჩნდა დღევანდელი საქართველოსათვის.
ამ შემთხვევაშიც დამტკიცდა, რომ ლიტერატურული პროცესებისა და მოვლენების ყველაზე პირუთვნელ, ობიექტურ შემფასებლად მაინც დრო რჩება. დროისავე მეშვეობით გაცილებით მუქად და რელიეფურად იკვეთებიან სახეები, გმირები, პერსონაჟები. დრომ თითქოს კი არ გააფერმკრთალა, პირიქით, გაამძაფრა ფერები და ახლა თავიდან წარმოაჩინა ლევან ბოლქვაძის მიერ დახატული ფსიქოლოგიური პორტრეტები. იქნება ეს სენიორ ჩიგიდის ბუნება, საკუთარი კარიერის გადასარჩენად ერთ წამში მზაკვრულად რომ გაიმეტა უერთგულესი მსახური და მეგობარი; ანდა მუმიად ქცეული მოხუცი სენ-სენ-ვეის ენციკლოპედიური და გამოუსადეგარი ცოდნა, რომლის უნიკალურ ბიბლიოთეკაშიც ათასი სიბრძნეა გადამალული და მაინც მის ბუნაგში „უსარგებლო წიგნი მიცვალებულივით ესვენა მაგიდაზე“.
ქალაქში ჩვეულებრივად მიმავალი დროის დატყვევება გადაწყვიტეს, ხელ-ფეხი გაუკრეს და უნიჭიერესი ოსტატის პაპა პიეტროს მიერ შექმნილ საათში დაამწყვდიეს.
ასე იქცა დატყვევებული დრო „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის“ მთავარ პერსონაჟად. ზღაპრის ყველა დადებითი პერსონაჟი სწორედ დროის, იმავე მდინარის, ანუ სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება და ეწირება, ლევან ბოლქვაძის წიგნში ეს მარადიული დრამა თუ ტრაგედია იშვიათი სიმსუბუქითა და სიფაქიზითაა გადმოცემული.
უგუნურების „დღესასწაული“
მეფე ჩიგიდმა უკვდავება მოინდომა და ამ უკვდავების მოსაპოვებლად ისეთი უხიფათო, უშრომელი, უმოკლესი გზა მოძებნა, როგორიცაა დროის დატუსაღება. დრო მან საკუთარი არსებობის, საკუთარი შესაძლებლობების ყველაზე დიდ მტრად მიიღო (იმიტომ, რომ მწირი იყო ეს შესაძლებლობები).
თუკი ცალმხრივად შევხედავთ, დრო, ალბათ, მართლაც შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანური არსებობის, მისი თვითდამკვიდრების მცდელობის ყველაზე დიდ მეტოქედ. ამ მომენტს მწერალმა უაღრესად ღრმა, ფილოსოფიური გააზრება მისცა. დრო იმდენად არსებობს, რამდენადაც შესაძლებელი ხდება მისი აღნუსხვა. ადამიანმა საათის სახით ეს აღმნუსხველი გამოიგონა. ამ საათის შემხედვარეს, რომლის დიდ-პატარა ისრები წამდაუწუმ შეგვახსენებენ, რომ დრო მიდის, დრო გარბის, გიჩნდება წარმავლობის განცდა. ეს განცდა კი თავის მხრივ ბადებს ყველაზე დიდ და ნათელ სურვილს, - რაც შეიძლება მეტი სითბო და თავისუფლება უწილადო ადამიანებს.
ამიტომაა, რომ ლევან ბოლქვაძის ზღაპარში ულამაზეს ჰანგად იღვრება მესაათე ბაზილის სურვილი: „დროზე დიდი დღესასწაული ამქვეყნად არ არსებობს. მეორე სასწაული კი ის არის, რომ ადამიანმა დროის აწყვა ისწავლა. მე დროის საწყაოს ვაკეთებ და თუ დრო სასწაულია, მისი საწყაო ისეთი უნდა იყოს, რომ ღამეს უხაროდეს გათენება, დილა კი მხიარულად მიბაკუნობდეს საღამოსაკენ“.
მაგრამ უხაროდა ღამეს გათენება მეფე ჩიგიდის სახელმწიფოში? სიხარული ყველაზე დიდი კონტრაბანდა იყო ამ ქალაქში, საშიში ვირუსი, რომლის ფეთქებადი სხეული მოულოდნელად, უდროო დროს ისროდა ხოლმე იმედის ნაპერწკლებს.
როგორც მთხრობელი, ლევან ბოლქვაძე თითქოს აბსოლუტურად თავისუფალია იმ პირობითობისაგან, რომელსაც ზღაპრის სამყარო გულისხმობს. შემთხვევითი არაა სიტყვების - „ზღაპრულისა“ და „ჯადოსნურის“ იდენტურობა.
შემოქმედის ფანტაზია იმდენადაა მდიდარი, რამდენადაც დიდი, მასშტაბური და ორიგინალურია მისი წარმოსახვის ძალა და უნარი. ამ წიგნში უფრო ამგვარი წარმოსახვა ჭარბობს, ვიდრე ფანტაზია იმ ლოკალური გაგებით, რომელიც გულისხმობს თავისთავად არარსებულის არსებობას (ვთქვათ, ნატვრის ხის, ანდა - ნატვრის თვალისა). მსგავსი სიტუაციები და საგნები შემოქმედის ფანტაზიის გამო სწორედ იმდენადაა მოხმობილი, რამდენადაც ისინი ადამიანს, მისი ცხოვრების მდინარებას უპირისპირდებიან. ისინი განყენებულად, მეტაფიზიკურად არსებობენ და მათ მოსაპოვებლად, ვინ იცის, რა ბრძოლების, სისხლისღვრის გადატანაა საჭირო. ამ საგნებისა და მოვლენების საგანგებო გამოხმობა, საგანგებო გამოძალვა ხდება ადამიანის მიერ. გამოძალვა, რადგან იმავე ნივთებს ყოველთვის ტრადიციული მცველი ჰყავს მიჩნეული. ამიტომ, როცა, ვთქვათ, ზღაპარში რაინდი უკვდავების წყაროს საძებრად გაეშურება, ჩვენს წარმოსახვაში ერთბაშად გაკრთება ტრადიციული ეკლიანი გზაჯვარედინი, რომლის ცენტრში, როგორც საფლავის ქვაზე ეპიტაფია, ისე უნუგეშოდაა ამოკაწრული იმედის გადამწურავი გაფრთხილება თუ „რჩევა“: „მარჯვნივ წახვალ - დაიღუპები, მარცხნივ წახვალ - დაიღუპები...“ ესაა უსასოობა, უნუგეშობა. ადამიანს კი მაინც სჭირდება ამ არჩევანის გაკეთება, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ეს არჩევანი ზღაპარში არასოდეს ითხოვს გონების დაძაბვას, ფიქრს. გმირი ამ არჩევანის დროს უფრო ბედისწერას ენდობა. მის ნებელობას და ქმედებას ამიერიდან ფატუმი უფრო წარმართავს, ვიდრე განსჯა, ცნობიერება.
ლევან ბოლქვაძის ზღაპარში კი, თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, ადამიანთა ქმედება ასე ბრმად არ მორჩილდება ბედისწერას. თავად მოვლენების მსვლელობა ვითარდება და მთავრდება ხოლმე იმ ბუნებრივი შედეგებით, რასაც დიალექტიკური კანონზომიერებანი გულისხმობენ. გარდა ამისა, ამ ზღაპარში საგნებს, მოვლენებსა და ადამიანებს შორის განმსაზღვრელი ყოველთვის ადამიანია, პრიორიტეტი ყოველთვის მის შინაგან, სულიერ სამყაროს ეკუთვნის, ვიდრე მის გარეგნულ, ვიზუალურ მონაცემებს. ამის მშვენიერი, პოეტური დადასტურებაა ჭაბუკას გამოჩენა საშაქარლამოში და ცუკერმაისტერის აღფრთოვანებული შეძახილი: „ვაშაა, ბისკვიტი ამოვიდა!“ (სასახლის კარზე უკვე მერამდენე წელია ბისკვიტი თითქოს ბოიკოტს აცხადებდა და აღარ ცხვებოდა ტორტი). შემდგომ ასევე ემართებათ მოწყენილ, სიკვდილის პირამდე მისულ დამჭკნარ ყვავილებსაც. საკმარისია ჭაბუკას ხელის შეხება და ისინი წამსვე ცოცხლდებიან, ფერზე მოდიან. ამ დეტალებით მწერლის მიერ შესანიშნავადაა გახსნილი სიკეთის მაცოცხლებელი ძალა, რომელსაც თითქმის ისეთივე ძლიერი და მაგიური ზემოქმედების უნარი გააჩნია, როგორც ქრისტეს, ხელის შეხებით დაკარგული თვალისჩინი რომ დაუბრუნა ბრმას. ჭაბუკას შეურყვნელი, აუმღვრეველი და სიკეთით სავსე არსება მსგავს სასწაულებს ყოველი ფეხის ნაბიჯზე სჩადის და ავტორიც ამით იმას გვეუბნება, რომ ისეთ მშვენიერებასა და სილამაზეს, როგორცაა ყვავილი, მხოლოდ და მხოლოდ მსგავსსავე მშვენიერ, უანგარო და მართალ ატმოსფეროში შეუძლია გახარება.
„ლამაზ ქალაქელთა“ ურთიერთობებში კი განმსაზღვრელი და უმთავრესია სიცრუე, რომელიც იმდენად ორგანული, შესისხლხორცებული გამხდარა ქალაქისათვის, ცოტა ძნელიც კია დღესდღეობით ჩვეულებრივი სახელი - ნიღაბი ვუწოდო მას.
როგორც ანდერსენმა თავის ზღაპარში გაამასხარავა ის ე. წ. არისტოკრატული სამყარო, ელიტა, რომლის თითოეული წევრი, პრივილეგიების დაკარგვის შიშით, კურიოზულ მდგომარეობაში რომ იგდებდა თავს, შიშველ მეფეს ტანსაცმელს უქებდა და ზოგი მათგანი განსაკუთრებული მონდომებითაც კი საუბრობდა არარსებული სამოსის ძვირფას ხარისხზე, ასევე ლევან ბოლქვაძემ იგივე სარკაზმი მოიშველია, როცა იმავე საზოგადოებას, იმავე „ელიტას“ დასცინა:
`- მისმა უდიდებულესობამ ბრძანა, მიხაკს ნივრის სუნი აქვსო.
- რა თავისებური შეგრძნებაა!
- რა დიდებული შედარებაა.
- მისი უდიდებულესობა მიიჩნევს, რომ ტერცია დისონანსია.
- რა თავისებური სმენაა!
- რა დახვეწილი გემოვნებაა!“
ქართველმა მწერალმა უფრო გააყოფითა, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო დააქუცმაცა, გააპროზაულა ეს დამოკიდებულებები და გვითხრა, რომ ჩიგიდის ქვეყანაში (რომ არაფერი ვთქვათ ე. წ. მეექვსე გრძნობაზე) განადგურებული და დამახინჯებულია ის ელემენტარული ხუთი გრძნობაც კი, რომელიც ცხოველებშიც ასე მძაფრადაა განვითარებული და რომელიც ნებისმიერი ასაკისა და სოციალური წარმოშობის ადამიანებს ასე აერთიანებს და აახლოებს.
რა არის ამ სიმახინჯისა და მორჩილების უმთავრესი მიზეზი? მხოლოდ და მხოლოდ სხეულზე ფიქრი, ისევ და ისევ ამქვეყნიური სიამით რაც შეიძლება მეტხანს ტკბობა და ყოველივე ამის დაკარგვის შიში.
უაღრესად არაორდინალურია ლევან ბოლქვაძისეული ხედვა. მასთან არა მხოლოდ სიტუაციები, მოვლენები, ფაქტები და პერსონაჟებია ალეგორიული, არამედ თავად მხატვრული წარმოსახვის უნარი, აზროვნების სტილი. ასე მაგალითად: ადამიანური ღირსებების, კეთილშობილების ჩაკვლას იგი მხოლოდ ფიზიკური ძალადობით კი არ წარმოაჩენს, არამედ ისეთი ჰიპერბოლური გააზრებით, როგორიცაა მეფის ნება-სურვილზე დამოკიდებული ამინდი.
საკუთარი მონოპოლიის განსამტკიცებლად მეფე ჩიგიდის მცდელობათა ზღვარმა უგუნურების იმ ზენიტს მიაღწია, რომლითაც თვით ბუნების დათრგუნვა და ხელყოფა მოიწადინა. უძლეველობის სურვილი იმდენად ავადმყოფურად გაუმძაფრდა მეფეს, რომ მან წლის ოთხი დროის, ოთხი ციკლის მონაცვლეობა საკუთარ განწყობილებებს შეუფარდა და შუა ზაფხულში თოვლიანი ამინდები გამოაცხადა. ეს კურიოზი დატყვევებული დროის, დამსხვრეული საათების შედეგია. ამგვარი ძალდატანებით დამონებულმა ხალხმა მეფეს სრული ილუზია შეუქმნა იმისა, რომ ყოველივე მას მორჩილდება და იგი არა მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის განმგებელია, არამედ თვით ბუნებისაც კი. საკმარისია მისი განკარგულება და:
„ნახევარი საათის შემდეგ ბუხარში ცეცხლი დაანთეს, გაზაფხულის ჩახჩახა მზით განათებულ ქუჩებში თბილად, ქურქებში გამოწყობილი ხალხი გამოჩნდა, გოგო-ბიჭები სიცილ-კისკისით მოედვნენ ქუჩებს, ციგურებით „სრიალებდნენ“, „გუნდაობდნენ“.
ღრმა მხატვრული სიმართლითაა დახატული იმ რიგითი ხალხის წრიდან გამოსული ადამიანების ფსიქოლოგიური სახეები, რომლებიც შიშმა ისე დააბეჩავა, რომ სიცრუის ექსტაზში შესულნი იმუდარებიან: „ერთგან ქვრივი ქალი ჭიშკარზე მიმდგარიყო და გამვლელ-გამომვლელს ეხვეწებოდა: მიშველეთ, სახლი გადმომითოვლეთ, თავზე დამენგრევა და ობლები მომესპობიანო“.
წიგნში, მართალია, აღარაა მოთხრობილი, თუ რა დაემართა იმავე ხალხს შუა ზამთარში, როცა ყინვების დროს მეფე ალბათ გამოაცხადებდა - ცხელა და ხალვათად ჩაიცვითო, მაგრამ შედეგი იგულისხმება. იგულისხმება, რომ დაპობილი შეშის სანაცვლოდ მეფის ნაბრძანებმა „ზაფხულმა“ ათასობით მოხუცისა და ბავშვის გათოშილი სხეული შეიწირა.
შიში
რომანში „აღდგომა“ პატიმრებისა და მათი ჭირისუფლების შეხვედრისას (რომელიც გარკვეული მანძილით ერთმანეთისაგან დაცილებული რკინის გისოსებიდან წარმოებს) ტოლსტოი აღწერს იმ სასოწარმკვეთ ხმაურს, იმ საშინელ ყაყანსა და გნიასს, რითაც დედა - შვილს, ცოლი - ქმარს, და - ძმას ვერაფერს აგებინებს... და როდესაც ნეხლიუდოვი დარწმუნდა, რომ მისი აფორიაქებული, დაჭიმული და გაფაქიზებული მგრძნობელობა ვერ მოახერხებდა ასე ველურად, ღრიალით გადმოეცა საკუთარი სულიერი მდგომარეობა, შენდობა ეთხოვა და დახმარება შეეთავაზებინა იმ ქალისათვის, ვისი უბედურების მიზეზიც თავად გამხდარიყო, იგი გაოგნებული რჩება: „მას უკვირდა, რომ ასეთი საშინელი მდგომარეობა, ადამიანური გრძნობების ამგვარი დაწიხვლა არავის შეურაცხყოფდა. ჯარისკაციც, ზედამხედველიც, პატიმრებიც და მათი მნახველებიც ისე იქცეოდნენ, თითქოს ყოველივე ეს ასეც უნდა ყოფილიყო“.
ამ აბზაცში შესანიშნავადაა ნათქვამი, როგორი ინერციით ცხოვრობს ხშირად ადამიანი, როგორი თავწახრილი და უმოქმედოა იგი იმ ძალადობისა და შეურაცხყოფის წინაშე, რომელსაც არ იმსახურებს. და სწორედ ამ უმოქმედობის, პასივობის გამო როგორ კარგავს ღირსეულად ცხოვრების ძვირფას დღეებსა და წლებს.
ლევან ბოლქვაძის, როგორც მწერლის (მეზღაპრის) სასახელოდ ისიც შეიძლება ითქვას, რომ ხალხის მძიმე მდგომარეობის ახსნისას, მისი მიზეზების წარმოჩენისას, არასოდეს არაა ტენდენციური, ცალმხრივი, ბანალური და გულუბრყვილო. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმპათიები, უბრალო წრიდან გამოსული ადამიანებისადმი აშკარაა, იგი მაინც ფხიზლად ადევნებს თვალს მათი ცხოვრების წესს, მათ ყოფას, მათ ხასიათებს და ხშირად გამოაქვს მართალი და მკაცრი დასკვნები. ცუდი პირობების გამო, მათი ტანჯვისა და განსაცდელის გამო მწერალი არა მხოლოდ მეფე ჩიგიდის მოხელეებს ადანაშაულებს, არა მხოლოდ პოლიციელებს, ე. წ. ძალოვან სტრუქტურებს, ჯალათებსა და მინისტრებს, არამედ თვით ხალხსაც. ხალხი ხშირად ისევე უფრთხილდება საკუთარ ტყავს, როგორც რომელიმე მინისტრი ან გენერალი თავის ჩინ-მედლებს და უპირატესობებს, მაგრამ ავიწყდება, რომ ასეთ მონობაში სიცოცხლეს ისევე არა აქვს ფასი, როგორც რომელიმე გენერლის ბრწყინვალე ეპოლეტებს, რომელთა აგლეჯვა-დაკერებაც ათასგვარ ინტრიგაზე, სიბინძურესა და ზოგჯერ რომელიმე დიდგვაროვანი მანდილოსნის ხუშტურზეც კია დამოკიდებული. სწორედ ამ ინერტულობაში, მონობაშია ხალხის ყველაზე დიდი დანაშაული და მისი ფარისევლობაცა და ბრმა მორჩილებაც ზოგჯერ უფრო ზიზღისმომგვრელი და შემაძრწუნებელია, ვიდრე ჩიგიდის სახელმწიფოს პოლიციელისა, ვინის უდანაშაულო მამა ციხეში რომ ამოალპო. ამის შესანიშნავი მაგალითია ლევან ბოლქვაძის მიერ დახატული მეეტლე: „ერთმა შარახვეტია მეეტლემ, მთელი ღამე რომ მისი ღრიალისაგან ქალაქს მოსვენება არ ჰქონდა, ყველას აჯობა, როგორღაც მოახერხა და ცალი ხელი მოიყინა. უბნის პოლიციამ და ექიმბაშმა ფაქტი დაადასტურეს და მეეტლე სათანადო ცნობით სასახლეში მიიყვანეს. აქ მას მეორე ხარისხის სანიმუშო მოქალაქის ორდენი მისცეს და კარგადაც აქეიფეს. ბედნიერებისაგან გაოგნებულმა იმდენი სვა, რომ ბოლოს ყველაფერი დაფქვა სასახლის მსახურებთან: განგებ მდუღარე დავისხი ხელზეო. მეფეს მოახსენეს, ყალთაბანდი ყოფილა ის მეეტლეო, მაგრამ ხელმწიფემ ყველას აუკრძალა ამ ამბის გარეთ გატანა. მოლაყბე მეეტლეს მაგრად სცემეს... და დილით ორდენიან-საჩუქრებიანად გაისტუმრეს, თან დაემუქრნენ, როგორც კი ვინმესთან კრინტს დაძრავ მდუღარეზე, მაშინვე ოქროს გალიაში გიკრავთ თავსო“.
ამ ერთადერთი, კონკრეტული მაგალითის ჩვენებითაც შესანიშნავად იხატება მეფე ჩიგიდის სახელმწიფოს სულისკვეთება, მისი პოზიციის, მასში არსებული მორალურ-ფსიქოლოგიური ატმოსფეროს სრული პარალიზება.
მხატვრულად იმდენად ძლიერად და ხელშესახებადაა შიშის ატმოსფერო დახატული, რომ გრძნობ - რეალური, ცხოვრების წიაღში აღმოცენებული და ცხოვრების გზაზევე შეხვედრილი მტკივნეული, ამაზრზენი მოვლენები არასოდეს დარჩება მისი მნახველისათვის მხოლოდ შთაბეჭდილებებად. ავტორი ეგზოტიკის მოყვარული მოგზაურივით კი არ იხედება ბრწყინვალე დარბაზებსა თუ ჯურღმულებში, არამედ თავად ცხოვრობს მათ გვერდით, თავადაა ადამიანთა ჭირის მონაწილე და მოზიარე. ცხოვრებასთან, ყოველდღიურობასთან შეხების ყოველი მომენტი თუ წამი მძაფრ შემოქმედებით ტკივილად იქცევა, და ეს ტკივილი ერთ-ერთ იმპულსურ ბიძგად კი არ რჩება, მძლავრ შემოქმედებით ტალღად შთაინთქმება მხატვრული სინამდვილის ოკეანეში.
ხელმოყინული და ნაცემი მეეტლე შეცოდებაზე მეტად რისხვას იმსახურებს ისევე, როგორც ნაცარა ჩიტი ჩიორა, რომელმაც ხელეჩოსა და წალდუნას შიშით, ან თუნდაც იმის შიშით, მელა ყველა ბარტყს შემიჭამსო, პირველი შვილი გაიმეტა გადასაგდებად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზღაპარი აშკარად ქადაგებს მელიის ბოროტებას, მის ქვეტექსტში ალბათ არც ჩიორას ქმედებაა მისაღები და გამართლებული. დედის ინსტინქტს ყოველგვარი შიში უნდა დაეთრგუნა მასში, თუნდაც ეს ყველასა და ყველაფრის დაღუპვის ფასად დამჯდარიყო.
სალვადორ დალის ცნობილ სურათზე „დროის სიჯიუტე“ („ჯიუტი დრო“) მკვდარი, გაცრეცილი ნახევარუდაბნოა წარმოდგენილი, როგორც გაცამტვერებული ქვეყნიერების სიმბოლო. ტილოს კუთხეში რაღაც ნაცრისფერი საგანი თუ მასაა, რომლის ფორმაც უძველესი ხანის (ჩვენს ერამდე არსებული) რომელიღაც ცხოველის ჩონჩხს მოგვაგონებს.
სურათის წინა პლანზე რამდენიმე დეფორმირებული უზარმაზარი ჯიბის საათია დახატული. თითოეულის ციფერბლატი სხვადასხვა დროს გვიჩვენებს, რაც თავისთავად იმის მაუწყებელია, რომ ყველაფერი მკვდარია, სიცოცხლე შეწყვეტილია.
მნახველის ნაწილი ამ სურათის სიუჟეტს სწორედ ამგვარად აღიქვამს და მიაჩნია, რომ თვით ეს ჯიუტი ნარჩენები კაცობრიობის ცივილიზაციისა, მსხვრევის, განადგურების, გაცამტვერების პროცესში იმყოფებიან. საათი, როგორც რაღაც მყარი ლითონის მასა არსებობს, მაგრამ დრო გაჩერებულია, დრო აღარ არის! დროს ვეღარ აღიქვამენ!..
პირადად ჩემთვის კი, ეს სურათი რეალობასთან შეხვედრის იმ მწარე სევდას ტოვებს, რომლის სუსხიანი ბურუსი თანდათან იფანტება, იწმინდება და სრულიად პირდაპირ წარმოჩნდება დრო, როგორც მარადიული განზომილება. დრო ძველებურად მიედინება და იგი იმდენად არის შეჩერებული და გაწყვეტილი, რამდენადაც ჩვენი არსებობის, ჩვენი სიცოცხლის ოდენობას ვუფრთხილდებით, მაგრამ გვავიწყდება, რომ იგივე დრო უაღრესად გულგრილია ჩვენი მიწიერი ვნებებისა და ინტერესებისადმი. მისთვის არ არსებობს ამგვარი ფასეულობები და ხშირად დროისათვის არსებული რეალობა ისეთივე ნაცრისფერი და უმნიშვნელო ფონია, როგორც ამ საათებისათვის სურათზე წარმოჩენილი სამყარო. დრო კი არა, თვით ადამიანი არ უფრთხილდება დროს, ე. ი. თავის თავს. მას ისეთ შორეულ, მიუწვდომელ და აბსტრაქტულ ფენომენად წარმოუდგენია იგი, რომ გულდაჯერებულია, არავითარი საერთო არა მაქვსო მასთან. მხატვრის ტილოზე სხვადასხვა დროს გაჩერებული საათის ისრები კი სხვადასხვა ადამიანის არსებობის, ამოწურული რეგლამენტის ჯიუტი დადასტურება უფროა, ვიდრე იმისა, რომ დრო აღარ არსებობს.
ლევან ბოლქვაძის ზღაპრის ნებისმიერმა პერსონაჟმა კარგად იცის ამ დროის ფასი. თავის მხრივ, დროც კარგად იცნობს თითოეულ მათგანს.
ადამიანთა იმ ნაწილმა, რომელიც დროის დატყვევების გასაიდუმლოებულ ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა, გამოიანგარიშა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ამ მწირი, უღიმღამო შესაძლებლობებისა და ვიწრო ჰორიზონტის გამო ალბათ აღარც ისაა გასაკვირი, რომ დროის გაჩერება, დატუსაღება, ე. ი. თავიდან მოშორება გადაწყვიტა. საათის ისრების ჩუმი მონაცვლეობა მათი არსებობის უაზრობას მერამდენედ უსვამს ხაზს და რაგინდ მოხდენილიც არ უნდა ყოფილიყო ადამიანი, რაგინდ ფერადოვანი, ჭრელი და მსუყე არ უნდა ყოფილიყო მისი მენიუს და გარდერობის შემადგენლობა, ბოლოს და ბოლოს, მაინც ერთფეროვნების ჭაობში იხრჩობოდა. ამ ლპობის ყოველწამიერი აღმნუსხველი სწორედ საათის ისრები იყო. ისრები, რომელთაც, რა ხანია, აღარ ეკისრებოდა ამურის ისრების საამო ფუნქცია, პაემანზე მომლოდინე სატრფოს სულს რომ აუფორიაქებდა და ჟრჟოლვას მოჰგვრიდა. ლევან ბოლქვაძის ზღაპარში ადამიანთა უმეტესობამ აღარ იცის არც ლოდინის ფასი, არც სიხარული, არც სევდა და კაეშანი და, რაც მთავარია, ყველას და ყველაფრის გადამრჩენი ოცნება.
„სირცხვილ-ნამუსის რესტავრაცია“
პროფესორი კომპოტინი სასახლის მსახურთათვის სიკეთის შემსწავლელ კურსებს ხსნის, რომლის აბრაზე ხშირია ამგვარი წარწერა: „სირცხვილ-ნამუსის რესტავრაცია“. იგი ათასგვარი რაციონალიზატორული წინადადებით გამოდის ამ მყიფე, გრძნობადაშრეტილი ხალხის წინაშე და მეცადინეობაზე მათ მიტყუებას ამგვარი დაპირებებით ცდილობს: „გარდა ამისა, მოვისმენთ ბუნებრივი ტყის შრიალს და ნამდვილი ჩიტების ჭიკჭიკს პროფესორ კომპოტინის მეთოდით“. მსგავსი ორიგინალური დაპირებებით მწერლის ფანტაზია მკითხველის თვალწინ ერთბაშად წარმოაჩენს გაზულუქებული ადამიანების მძიმე სხეულებს, რომლებიც ვეღარ ერევიან საკუთარ კიდურებს და იმდენად გაზანტებულა მათი ტვინის თითოეული უჯრედი, რომ ბუნების წიაღში გასვლას პროფესორის სულისშემხუთველ ოთახებში ჩაჯდომასა და გრამოფონზე ჩაწერილი ჭიკჭიკის მოსმენას ამჯობინებენ.
კეთილი კომპოტინის ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ ისაა, რომ სიკეთის მეთოდური სწავლება გადაწყვიტა და იგი ადამიანური ყოფის ერთ-ერთ შემადგენელ ატრიბუტად წარმოიდგინა. მას დაავიწყდა, რომ თუ სიკეთე თანდაყოლილი, ორგანული არაა კაცის ბუნებისათვის, ასაკში მისი შეძენა შეუძლებელია. ამიტომ ირონიული ელფერი დაჰკრავს ჩიგიდის ქალაქში გაყიდული ნამცხვრების სახელწოდებებს: „სიკეთე“, „მეგობრობა“, ცხელი ღვეზელი - „კეთილი გული“, კარგი ლუდი - „დედის ალერსი“, ღვინო - „ძმა ძმისთვისაო“, „ნამუსის ელექსირი“, უფრო მეტიც, ამ ქალაქში კუბოებსაც კი ასეთი სახელები ჰქვიათ: „კეთილი მგზავრობა“, „მშვენიერი სიბერე“ და ა. შ.
ამის შემხედვარე ბუნებრივად ჩნდება პარალელი ჩვენს დღევანდელ რეალობაში ეგზომ თავდადებით რეკლამირებულ მიწიერ სიკეთეებთან. სატელევიზიო რგოლები თუ კლიპები ტონუსაწეული პათოსით წარმოაჩენენ ე. წ. პროდუქციის ღირსებებს, თუმცა მათ მიღმა უმეტესწილად შემკვეთ-მწარმოებლის სარკასტული აფიორა იჭყიტება.
იმთავითვე განწირულია პროფესორ კომპოტინის თეორიული ცოდნა, რომლის უმარტივეს, პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც უხალისოდ ასრულებენ „დიდგვაროვანი“ გვამები. მწერალი ირონიულად წარმოაჩენს მათ გაოფლილ, დამფრთხალ სახეებს ღარიბისათვის ფულის ჩუქების სწავლების დროს. თავისუფლად ეს „მოსწავლეები“ მხოლოდ მაშინ ამოისუნთქავენ, როცა ვარჯიშის ბოლოს, ხელიდან ხელში გადასული ოქროს მონეტა ისევ მისი პატრონის ჯიბეს უბრუნდება. ლევან ბოლქვაძის სარკაზმი ხშირად რაბლესეული სითამამითა და სილაღით დაჰქრის; სიკეთის შეძენის სურვილით გამოთაყვანებულ სასახლის მსახურებს „სრულსიკეთიანი“, სამსახურიდან გადამდგარი ჯარისკაცი საკუთარ გამოცდილებას უზიარებს: „ეს იმიტომ არის, რომ მე ყოველ დილით შვრიის ფაფას ვჭამ და კვირაში ერთხელ კუჭს ვიწმენდ“-ო.
„ოქროს გალია“ - ეს სიტყვები არაერთგზის მეორდება ზღაპარში და ის, რასაც ლამაზი, ზღაპრული სახელი ჰქვია, სინამდვილეში ჩვეულებრივი ციხეა. ამ გალიას, ე. ი. ციხეს წესით ქურდები, ხულიგნები, სადისტები, მოღალატეები, რეციდივისტები უნდა აფარებდნენ თავს. მშვიდობიანი მოსახლეობისაგან ამ დროებით იზოლირებული ადამიანებისათვის ცხოვრება ბოროტი ვნებების ასპარეზია, ხოლო ციხე - თავშესაფარი. მაგრამ აბა შევიხედოთ ამ ჯურღმულებში, გავეცნოთ მათ მკვიდრთ და გავიგოთ, რატომ დაიმსახურეს ზეცის მაგიერ ვიწრო სარკმლიდან ძლივს დასანახი ცის ნაგლეჯი და გამხმარი პური...
„მალე მოვა გაზაფხული, აივსება შვებით გული, სხვა რა მინდა, სხვა რა მინდა, გვერდით მეჯდე, სხვა რა მინდა...“ საკმარისია ყოვლად უწყინარი, შექეიფიანებული კაცის თითქმის დარდიმანდული წაღიღინება და „ოქროს გალიას“ კიდევ ერთი მსხვერპლი მიემატება. მართალია, ადამიანის დასატუსაღებლად საჭირო არგუმენტებს მაინცდამაინც დიდ პატივს არ სცემენ ჩიგიდის ქვეყანაში, მაგრამ ვინიცობაა საქმემ მოითხოვა, ეს არგუმენტებიც თავზე საყრელია: ჯერ ერთი, შენ, ვიღაც მოკვდავმა, უსუსურმა ვიგინდარამ, რა იცი, მალე მოვა თუ გვიან გაზაფხული (კალენდარი ხომ მეფის ნება-სურვილს ემორჩილება!), მეორე კიდევ - ეს რა ვიწრო კუთხური, ასე ვთქვათ, სენტიმენტალური სურვილები გაგჩენია - გვერდით მეჯდე, სხვა რა მინდაო. განა ამ უმნიშვნელო, სულელური სურვილების გამო ცოცხლობ ქვეყნად? უძლეველი ჩიგიდის სახელმწიფოში ვინ გაიხადე ნატვრის საგნად. იმის მაგივრად დღედაღამე მეფის სახელი გეკეროს პირზე, დღედაღამ მის დღეგრძელობას ნატრობდე და მის სიბრძნეს ასხამდე ხოტბას, ვიღაც ტურტლიან დედაკაცს უმიჯნურდები. ესაა სახელმწიფო ინტერესების სრული იგნორირება. ესაა ქვეყნის ღალატი და, რაც მთავარია, ამ ღალატს ასე ურცხვად, აშკარად აცხადებ ქუჩაში...
აი, ასე კლავენ ინტიმს ქვეყანაში. ადვილი წარმოსადგენია, რამდენი გულუბრყვილო „მოღალატე“ დაიკავებდა ოქროს გალიას. რადგან ადამიანური ყოფა, რაგინდ მძიმე და აუტანელიც არ უნდა ეთქმოდეს, რაგინდ ფხიზელი და მიზეზიანი ცენზორიც არ უნდა დარაჯობდეს მის სუნთქვასა და მაჯისცემას, წარმოუდგენელია თუნდაც წამიერი არითმიის - სულისმოთქმის გარეშე. ვაკუუმში, რომელშიც „დაჩაგრულთა წალკოტის“ მკვიდრნი ცხოვრობენ, ამგვარი სულისმოთქმაა ღიღინი, სიმღერა, რომელიც შეურაცხყოფილი, მაგრამ პოტენციურად არსებული თავისუფლების სიმბოლოა. ამ გრძნობააკაფულ ხვატში ხანდახან წყალივით ამოხეთქავს სისხლისფერყვავილიანი ბალბა (ქოთნის ყვავილებს პროკლამაციებივით მალავენ „ბედნიერი ქალაქის“ დიასახლისები).
„ოქროს გალია“ კი დღითი დღე ივსება ვინებით, ლასებით, დონებით, ტოპებით, ზენებით, თანებით... რა მხიარული სახელებია, რა სააღლუმო ფერები! - იქნება შეცდეს კიდეც პატარა მკითხველი. დიახ, მხიარული და უცნაური სახელებია, მაგრამ ის უფრო უცნაურია, ამ სახელებს ნიღბის აქნილი ჭუჭრუტანა რომ არ გააჩნია. რა ორიგინალურად ანაწევრებს მათ ფუნქციას მწერალი, თუნდაც ასე: ვინი - ხაზს ზემოთ, ლასი - ხაზს ქვემოთ. აკი უხსნის პატარა ინი ჭაბუკას: „ჩვენს ქალაქში ასეთი წესი შემოიღეს - ღარიბებსა და უგვაროებს ასოების სახელები ჰქვიათ... ან, ბან, განები ბედნიერი ხალხია, საკუთარი სახელიცა აქვთ და გაძღომაც შეუძლიათ ყოველდღე. დონ, ენ, ვინ, ზენები დღეგამოშვებით ძღებიან. თან, ინ, კანები სანახევროდ მშივრები ვყრივართ. ჩვენზე უარეს დღეში ლას, მან, ნარები არიან. ყარ, ჩირ, წილებზე ლაპარაკიც არა ღირს. ჰაები ბუზებივით იხოცებოდნენ და ეს ასო სულ ამოიღეს ანბანიდან“.
იდილიური საკენკი
მწერლის ლამაზი ირონია ამჯერად იმ ყასბური პატივმოყვარეობისკენაა მიმართული, რომელმაც ასე ასო-ასო აქნა ადამიანური ღირსებები. მაგრამ ჩიგიდის ვერაგულად ჭკვიანი და ანგარიშიანი გონება ზოგჯერ მიზანსაც აღწევს. სასოწარკვეთის უკანასკნელ წამებში თვალთმაქც ჭორს საკენკივით მიმოაფანტვინებს ქუჩებში: „მთელს ქალაქში ათასნაირი ხმები დადიოდა: ღარიბებისათვის უფასო საჭმელი იქნებაო, თითო ხელი ტანსაცმელი დაურიგდებათ ყველას, ავადმყოფებს - უფასო წამალი, ბალღებს - ტკბილეული, პატარძლებს - ჭრელი ჩითი და დარაია, ვაჟკაცებს - თითო წყვილი ჩექმა, დედაბრებს - თავშალი და თბილი წინდა, ბერიკაცებს - ცხვრის ქურქი და ბურნუთიო“.
როგორ მეორდება ყველაფერი. ჰუმანიტარული დახმარების კონვეიერივით, როგორ მოცოცავს გრაფიკით გათვლილი სიკეთე და მის ანაბარა დარჩენილი ჩუმი იმედი. სიკეთის რა ნოსტალგიური ნდომითა და სევდიანი ოპტიმიზმითაა დაწერილი ეს სტრიქონები, ასე ზუსტად რომ უხმობს ასაკისეულ მიჯნებს, ყოფით საზღვრებს, რომლის წინაშეც ადამიანი ზოგჯერ დიდი ხნის ნალოლიავებ იდეალზეც კი უარს ამბობს, უანგარიშოდ თმობს ყველა ოცნებას, ყველა მირაჟს, რადგან ავადმყოფს ზოგჯერ მართლაც არჩენს წამალი და მოხუცის შეციებულ სახსარს - თბილი სამოსი. რა გამაბრუებელი, თავზარდამცემი ნეტარებაა ჩიგიდის თვალთმაქცობაში. რა ზუსტი მისამართი აქვს ამ იდილიურ საკენკს - საწამლავს! მაგრამ მხოლოდ თვალშისაცემი ფაქტების დანახვა ისეთივე უსისხლო ზერელობაა, როგორც უცხოელის მარტივი მზერა, რომლისთვისაც ისევე უწყინრად და ჰარმონიულად ჟღერს შენი ქალაქის ცხოვრება, როგორც ეროვნულ მუზეუმში დაუნჯებული მუსიკალური სკივრი. რეგლამენტირებული ჰანგების მიღმა კი ცხოვრება ბოღმიანობს. ეს ბოღმის ტალღა არაჩვეულებრივი სიძლიერით აზვირთდება ზღაპრის ფინალში. ქართულ ზღაპარს იშვიათად ახსოვს ერთად შეყრილი ხალხის ამგვარი დენადობა, თითქოს კაშხალს გზა მისცეს და ერთბაშად ჩამოიქცა ჯებირები.
კიდევ ერთხელ გაგვაოცა ლევან ბოლქვაძის ტალანტმა, როცა ამ ზვირთებში ტინიტოს - ნამდვილი ეშმაკის სახე საბოლოოდ ამოატივტივა. ეშმაკისა, რომელსაც ტრადიციისამებრ ამ ზღაპარშიც რქები ედგა გვირგვინად და ბანჯგვლიან სხეულს კუდი უმშვენებდა. ვინ იფიქრებდა, ეს კუდიანი ტინიტო, ნამდვილ ტაბაკეროს ჩიბუხით რომ აბოლებდა და სიძველის გამო წამდაუწუმ იზმორებოდა, ზღაპრის დასასრულს თავისი ეშმაკური გამჭრიახი ჭკუით კიდევ ერთხელ მოძებნიდა გამოსავალს. მაგრამ ამ მიგნებას განხორციელება არ ეწერა, თუკი გონება გულსაც არ აუძგერებდა. ისევ ორიგინალური, ისევ მოულოდნელი ილეთი ოსტატის მიერ შემოთავაზებული: ქართულ ზღაპარში ეშმაკი სიკეთეს უპირებს გადარჩენას! საუკუნის პარადოქსი! სასახლის ტალანებში დატყვევებულ საათს დაუწყებს ძებნას. მერე დიდ-პატარა ისრებს დაეკიდება, შებორკილ დროს აუშვებს და სიკეთისათვის აძგერებულ გულს დაუფიქრებლად მიუშვერს ტყვიას. ამჯერად სასიკეთოდ ახდა ტყვიის სიბრმავე. სასახლის მსახურებს (მცველებს) რომ ეგონათ, კაცი მოვკალითო, სწორედ იმ წამში ტინიტოს ეშმაკისეულ გარსში საბოლოოდ დაიბადა ნამდვილი ადამიანი. ასე მოაქცია სიკეთემ ყველაზე რთული „მოწაფე“.
როცა „ეშმაკიც“ შენკენაა, გულხელდაკრეფილი რაღა გაგაჩერებს. ამიტომ გარბის მეფის ასულის აივნიდან ლამაზი გლიცინეა მოედნისაკენ, სადაც კოცონზე საჯაროდ აპირებენ ექვსი მეამბოხის დაწვას. თავადაც ამ კოცონში უნდა გარევა, რათა მისი სიამაყე - სურნელება, ცეცხლის ძალით კიდევ უფრო მძაფრად მოედოს ქალაქს. ამიტომ გაბაწრავს ნამდვილი ტუსაღივით თეთრ გლიცინეას პრინცესა და თან გულში უკვირს - მე ამისკენა ვარ და ეს სად ეშმაკისკენ გარბისო. მაგრამ რა იცის მეფის ასულმა, რომ ტინიტო უკვე მართლა ჩვენკენაა და ქალაქშიც თავისუფლად რეკავენ ბაზილის კურანტები.
* * *
...და ყოველივე ეს მაინც ზღაპრის დასასრულია, იმედის კოცონის გამჩაღებელი ფინალი, ამერიკული „ჰეფი ენდი“.
ცხოვრება კი საზოგადოდ, „დუღს და გადმოდუღს“, ჩვენი ქვეყანა კი იხრჩობა, ნელ-ნელა იგუდება უჟანგბადობით. თავისუფლება წაქცეული ხარივით ისევ ბღავის, ისევ ფართხალებს. მის გარშემო მამაცი ტორეადორებივით ისევ დაიჯგიმებიან ადგილობრივი კონკისტადორები. დაჭრილს, დაკოდილს გამალებით ათვალიერებენ. ჩქარობენ, ყელის არეში მოწამლულ ისრებს ასობენ, იქნებ როგორმე მოახვედრონ საძილე არტერიას, იქნებ როგორმე ყური მოჰკრან გადახსნილი აორტიდან წვეთ-წვეთად გამომავალი სიცოცხლის ხროტინს.
ოლე! ოლე! ოლეე! აფრიალებენ სისხლისფერ აფრებს, აბაკუნებენ ფეხებს, ცოდვით დაბინდული თვალებით ისევ გაჰყურებენ სივრცეს!.. ოლე! ოლე! ოლე! ისევ მოითხოვენ ოვაციებს, მაგრამ ვისგან, ცარიელი ტრიბუნისაგან?!.. სადღაა ხალისიანი ოცნებით გადაჭედილი ჰიპოდრომები, მოედნები, სტადიონები. დამონებული ჰაერის ჩქამი არ ისმის არსად. სადაც ღირსებას კლავენ, იქ კვდება იმედიც, რამპის ჩირაღდნებივით ქრება ოვაციაც. რა სიბნელეა! სრული წყვდიადი!
ოლე! ოლე! ოლეე! ისევ დაძრწიან წრეში, აფრიალებენ აფრებს... ძლივსღა წამოიწევს ყელგამოღადრული ხარი, გადააბრიალებს საცრისხელა თვალებს, რომლის გუგებშიც წუთისოფლის ტკბილ-მწარე კვამლივით მიიზლაზნება სიცოცხლის წყურვილის მანიშნებელი უკანასკნელი სხივი...
„ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ - სასოწარკვეთილთა „ზეიმი“, თანამედროვე საქართველოსათვის უაღრესად აქტუალური წიგნი და მაინც საბედისწეროდ მარადიული...
ოლე! ოლე! ოლეე!
„ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“... იჩქარეთ, იჩქარეთ წიგნის არარსებული ინდუსტრიის ახალო გამომცემლებო, თუკი ჯერ ისევ შეგრჩენიათ ყველაზე რთული მოწაფის მოქცევის იმედი...
ოლე! ოლე! ოლეეე!
მეფე ჩიგიდის ქვეყანაში ჯერაც მოითხოვენ ოვაციებს...