ორჰან ფამუქი - წინასიტყვაობა წიგნისა სხვა ფერები
ამ წიგნში ისეთი აზრები, იდეები, ხატებები და ცხოვრებისეული ეპიზოდები შევიტანე, რომლებიც ჩემს რომანებში ჯერ არ ამისახავს. აქ ისინი ერთი გრძელი ამბის სახითაა მოცემული. ზოგჯერ მიკვირს, რომ აქამდე ვერ მოვახერხე იმ აზრების ჩემს რომანებში ჩატევა, რომლებზეც ამდენი მიფიქრია.
მაგალითად, ვერ ავსახე ცხოვრების ზოგიერთი უცნაური მომენტი, ყოველდღიური, ყოფითი სცენები, რომლებზე საუბარიც მსურს, და ვერ ვთქვი სიტყვები, რომლებიც აღფრთოვანებისას აღმომხდება ხოლმე. ზოგიერთი ნაწყვეტი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა; ზოგი მათგანი ძალიან სწრაფად დავწერე, ზოგი რამ უყურადღებობის გამო გამომრჩა. მათაც ისე ვუბრუნდები ხოლმე, როგორც ადამიანი უბრუნდება ძველ ფოტოსურათებს და დროდადრო ათვალიერებს მათ და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იშვიათად ვკითხულობ ჩემს რომანებს თავიდან, ამ ესეების გადაკითხვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ყველაზე მეტად ის მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ ისინი მათი შემკვეთი ჟურნალ-გაზეთების დაწესებულ მოთხოვნებსა და ჩარჩოებს სცილდება; მსიამოვნებს, როდესაც ვხედავ, რომ ისინი ჩემს ინტერესებს, ენთუზიაზმს გამოხატავენ; რომ იმაზე მეტი გამომსვლია, ვიდრე განზრახული მქონდა. მომწონს ისეთი გამოცხადებების, ისეთი საკვირველი მომენტების აღწერა, რომლებიც ცხოვრების ჭეშმარიტ არსს ააშკარავებს; ისეთ მომენტებს ასახავს, რომელთაც ვირჯინია ვულფმა “ყოფიერების მომენტებიც” კი უწოდა.
1996-1999 წლებში პოლიტიკურ-იუმორისტულ ჟურნალ “ოქიუზისათვის” (“ხარი”) ყოველკვირეულ სკეტჩებს ვწერდი. ილუსტრაციებსაც საკუთარი შეხედულებისამებრ ვურთავდი. მოკლე, ლირიკული ესეები იყო და ერთი ამოსუნთქვით ვწერდი. მათში სიამოვნებით ვსაუბრობდი ჩემს გოგონასა და მეგობრებზე, ახალი თვალით ვხედავდი საგნებსა და მოვლენებს, სამყაროს კი სიტყვების საშუალებით აღვიქვამდი. დრო გავიდა და ახლა ჩემთვის ლიტერატურა აღარ არის სამყაროს შესახებ თხრობა, ჩემთვის ლიტერატურა “სიტყვების საშუალებით სამყაროს ხედვაა”. მხატვარი ხატვისას ფერებს იყენებს, მწერალი კი სიტყვების საშუალებით გვიჩვენებს, რაოდენ საოცარია ეს სამყარო. თანდათანობით მწერალი ენას იტეხს და საკუთარ ხმას აგნებს. ამისათვის მას მხოლოდ ფურცელი, კალამი და იმ ახალთვალახელილი ბავშვის ოპტიმიზმი სჭირდება, რომელმაც პირველად დაინახა სამყარო.
ეს ნაწყვეტები სრულიად ახალი წიგნის შესაქმნელად შევკრიბე; წიგნისა, რომელსაც ავტობიოგრაფიული ხასიათი ექნებოდა. მრავალი ნაწყვეტი გადავაგდე, ბევრი შევამოკლე, ჩემი ასობით სტატიიდან მხოლოდ მცირე ამონარიდები შევარჩიე, რამდენიმე ესეც მოთხრობის ქარგის შესაბამისად საკმაოდ უცნაურ ადგილას ჩავსვი. მაგალითად, ჩემი სამი გამოსვლის ტექსტი, რომლებიც თურქულ და მრავალ სხვა ენაზე ცალკე წიგნად გამოიცა, მათ შორის, “მამაჩემის ჩემოდანი” (ნობელის პრემიის მიღებისას წარმოთქმული იმავე სახელწოდების სიტყვა), ასევე ლექცია, სახელწოდებით “ყარსსა და ფრანკფურტში” (რომელიც გერმანიის მშვიდობის ჯილდოს გადმოცემის დროს წავიკითხე) და “იმპლიციტური ავტორი” (სიტყვა, რომლითაც პუტერბოს კონფერენციაზე გამოვედი) ამ წიგნის სხვადასხვა ნაწილებში განვათავსე, რითიც შევეცადე, მისთვის უფრო ავტობიოგრაფიული ხასიათი მიმეცა.
“სხვა ფერების” ეს გამოცემა იმავე ჩონჩხზეა აგებული, რომელზეც სტამბოლში 1999 წელს გამოცემული ამავე სათაურის წიგნი იყო. იმ გამოცემას კრებულის სახე ჰქონდა, წინამდებარე წიგნი კი ავტობიოგრაფიული ხასიათის ფრაგმენტების, ცხოვრებისეული მომენტებისა და მოსაზრებებისაგან შედგება. სტამბოლზე, ჩემს საყვარელ წიგნებზე, მწერლებსა და ნახატებზე მსჯელობისას თავად ცხოვრებაზე ვმსჯელობ. ნიუ-იორკში თავს გადახდენილი ეპიზოდები 1986 წელს, ამ ქალაქში ჩემი პირველი სტუმრობისას მოხდა. შთაბეჭდილებებიც იმისათვის ჩავიწერე, რომ უცხოელის თვალით დანახული ნიუ-იორკი ამეწერა; მათი წერისას თურქ მკითხველზე ვფიქრობდი. წიგნის ბოლოს მოცემული მოთხრობა “მზერა ფანჯრიდან” იმდენად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა, რომ მის გმირს ორჰანიც კი შეიძლება ერქვას. მაგრამ გმირის უფროსი ძმა, ჩემი ყველა სხვა ნაწარმოების გმირი უფროსი ძმის მსგავსად, ბოროტი და ტირანია და საერთო არაფერი აქვს ჩემს უფროს ძმასთან, შევქეთ ფამუქთან, ეკონომიკის ცნობილ ისტორიკოსთან. როდესაც ამ წიგნს ვაწყობდი, თავზარდაცემულმა შევნიშნე, რომ ძალიან მაინტერესებდა და გარკვეული ხალისითაც ვწერდი ბუნებრივი კატასტროფების (მიწისძვრების) და სოციალური კატასტროფების (პოლიტიკის) შესახებ, ამიტომაც არ შევიტანე ამ წიგნში ჩემი ზოგიერთი დამძიმებული პოლიტიკური სტატია. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემში ხარბი და დაუოკებელი გრაფომანი - არსება, რომელიც ვერასდროს კმაყოფილდება იმით, რასაც წერს - ბუდობდა. მის დასაშოშმინებლად და გასაბედნიერებლად განუწყვეტლივ უნდა ვწერო. მაგრამ წინამდებარე წიგნის აწყობისას მივხვდი, რომ ეს გრაფომანი გაცილებით ბედნიერი იქნებოდა და ტკივილითაც ნაკლებ დაიტანჯებოდა, თუ ისეთ რედაქტორთან მოუხდებოდა მუშაობა, რომელიც მის ნაწერებს რაღაც ცენტრს, ბირთვს მოუძებნიდა, ჩარჩოში ჩასვამდა და მეტ მნიშვნელობას შესძენდა. მინდა, რომ საზრიანი და მგრძნობიარე მკითხველი ისეთივე ყურადღებით მოეკიდოს ჩემს რედაქტორობის მცდელობას და ამ საქმისადმი ჩემს შემოქმედებით მიდგომას, როგორც იმ ძალისხმევას, რომელიც ამ სტატიების დასაწერად არ დავიშურე.
გერმანელ მწერალსა და ფილოსოფოსს, ვალტერ ბენიამინს, ჩემ გარდა, მრავალი სხვაც ეთაყვანება. ერთ ჩემს ახლობელსა და მის დიდ თაყვანისმცემელს (რა თქმა უნდა, აკადემიკოსია) გასამწარებლად ხშირად ვეკითხები ხოლმე: “რატომ მიგაჩნია იგი ასეთ დიდ მწერლად? მხოლოდ რამდენიმე წიგნის დაწერა მოახერხა და თუ ცნობილია, იმ წიგნებს კი არ უნდა უმადლოდეს, რომელიც დაასრულა, არამედ იმას, რომელიც ვერც კი დაამთავრა”. ჩემი მეგობარი კი მპასუხობს, რომ მისი ნაშრომები თავად ცხოვრებას ჰგავს, ისეთივე დაუსრულებელია, ისეთივე უსაზღვროა, როგორც თავად ცხოვრება, და ამიტომაცაა ფრაგმენტული; ლიტერატურის მრავალმა კრიტიკოსმა არაერთგზის სცადა, ამ ფრაგმენტებისათვის, ისევე, როგორც თავად სიცოცხლისათვის, რაიმე მნიშვნელობა მიენიჭებინა. მეც ვიღიმი და ვამბობ: “ერთ დღეს მეც დავწერ წიგნს, რომელიც მხოლოდ ფრაგმენტებისაგან იქნება შექმნილი”. სწორედ ეს არის ის წიგნი, მაგრამ გარკვეულ ჩარჩოშია ჩასმული, მასში ცენტრიც, ბირთვიც არის, მაგრამ მის დამალვას ვცდილობ: იმედი მაქვს, მკითხველს სიამოვნებას მოჰგვრის ამ ბირთვის რეალურ ცხოვრებაში წარმოდგენა.
მთარგმნელი ხათუნა ბასილაშვილი