უილიამ სომერსეტ მოემი - დედა
ორსა თუ სამ მობინადრეს ეზოდან ჩხუბის ხმა მოესმათ და გარეთ გამოვიდნენ ამბის გასაგებად. - ახალი მდგმურია, - თქვა ერთმა, - მუშას ეჩხუბება.
სახლი ორსართულიანი იყო, სევილიის ერთ გარიყულ უბანში, ლა მაკარენას მიყრუებულ ქუჩაზე იდგა, შუაში ეზო ჰქონდა. ოთახები ეჭირათ მუშებს და წვრილ მოხელეებს - წერილის დამტარებლებს, პოლიციელებსა და ტრამვაის კონდუქტორებს, რომლებიც ასე მოსჭარბებია ესპანეთს. უბანში უამრავი ბავშვი იყო. ამ სახლში ოცი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი კინკლაობდნენ და ისევ რიგდებოდნენ, ერთმანეთს ჭორავდნენ და, როცა საჭირო იყო, ხელს უმართავდნენ, რადგან ანდალუზიელები ბუნებით კეთილნი არიან. ერთი ოთახი რამდენიმე ხანს გაუქმებული იყო, ამ დილით ვიღაც ქალმა იქირავა და ერთი საათის შემდეგ თავისი ბარგი-ბარხანაც მოიტანა.
რაღასაც მორეოდა, თავისი ზურგით მოეტანა, რასაც ვერა, მუშისთვის აეკიდნა.
ჩხუბი თანდათან მწვავდებოდა და მეორე სართულზე მდგარი ორი ქალი, ემანდ არაფერი გამოგვეპაროსო, აივანს გადმოეყრდნო.
მათ, ახალი გაასპიტებული მდგმურის ლანძღვა-გინება და მუშის გაბრაზებული ყვირილი მოესმათ.
- ვიდრე არ გადამიხდი, ფეხს არ მოვიცვლი.
- ხომ მოგეცი. კი მითხარი, სამ რეალად წამოგიღებო.
- როდის, შენ ოთხი დამპირდი.
ისინი ორ პენს ნახევარზე ვაჭრობდნენ.
- ოთხი რეალი ამის წამოღებაში?
ქალმა მუშის გაგდება სცადა.
- სანამ არ გადამიხდი, ფეხს არ მოვიცვლი, -არ იშლიდა თავისას მუშა.
- ერთ პენსსაც დაგიმატებ.
- არ მინდა.
ორივე უფრო და უფრო უწევდა ხმას. ქალი უყვიროდა და წყევლიდა მუშას, ცხვირწინ მუშტს უქნევდა. ბოლოს მუშამ მოთმინება დაჰკარგა:
- კარგი, ერთი პენსიც მომეცი და წავალ. არა ღირს შენისთანა ბინძურთან დროის დაკარგვა.
ალმა ფული მისცა. მუშამ ლეიბი ძირს დააგდო და წავიდა. ქალმა გინება მიაყოლა.
მერე ოთახიდან გამოვიდა ბარგეს შესატანად და აივანზე მდგარმა ქალებმა მის სახეს მოჰკრეს თვალი.
- ცარაყ, ალქაჯის სახე არ აქვს? კაცისმკვლელსა ჰგავს. ამ დროს ერთი გოგო ამოვიდა კიბეზე და დედამისმა აივნიდან გადმოსძახა:
- როზალია, სახე დაუნახე?
- მუშას ვკითხე, საიდან მოვიდა მეთქი და მითხრა, ბარგი ტრიანიდან წამოვუღეო. ოთხი რეალი შეჰპირებია და მერე პირი შეუშლია.
- სახელი არ გითხრა?
- არ იცის, მაგრამ ტრიანაში ლა კაჰირას ეძახიან.
კაპასი ისევ გამოჩნდა. დარჩენილი ფუთის შესატანად გამოვიდა. ახედა აივანზე მდგარ ქალებს, გურგრილად რომ გადმოჰყურებდნენ, მაგრამ არაფერი უთქვამს. როზალია შეკრთა:
- ამ ქალისა მეშინია.
ლაკაჰირა ორმოცი წლისა იყო, ნატანჯი და ჩამომჭკნარი გაძვალტყავებული ხელები ჰქონდა და თითები ორბის კლანჭებს მიუგავდა, ლოყები ჩაცვენოდა, კანი დანაოჭებოდა და მოყვითალო ფერი ჩასდებოდა. პირს რომ აღებდა ფერმკრთალ სქელ ტუჩებს შუა მტაცებელი ცხოველის ბასრი კბილები მოუჩანდა.
შავი სქელი თმა უშნოდ დაემაგრებინა და იტყოდით, საცსა ბეჭებზე ჩამოეშლებაო. ყურებთან თმა სწორ ბღუჯებად ეშლებოდა. ბუდეებში ღრმად ჩამჯდარი დიდი შავი თვალები მძვინვარედ უელავდა. ისეთი ავი გამომეტყველება ჰქონდა, ახლო მისვლას და გამოლაპარაკებას ვერავინ უბედავდა. გულჩათხრობით, განმარტოებით ცხოვრობდა. მეზობლებს ცნობისმოყვარეობა აღეძრათ. ხედავდნენ, რომ ღალატი იყო, რადგან ძალზე ღარიბულ ტანსაცმელს იცვავდა.
ყოველ დილით ექვს საათზე გადიოდა შინიდან და დაღამებამდე არ ბრუნდებოდა; მეზობლებმა ისიც კი ვერ გაიგეს, თავს რითი ირჩენდა. მერე იმავე სახლში მცხოვრებ პოლიციელს თხოვეს, მისი ვინაობა გაეგო.
- სანამ არაფერი დაუშავებია, მე მაგასთან არაფერი მესაქმება,- განაცხადა პოლიციელმა.
მაგრამ სევილიაში ჭორი ელვისებურად ვრცელდება და ამ სახლში მცხოვრებმა ერთმა მასონმა ამბავი მოიტანა, ჩემს მეგობარს სცოდნია ამ ქალის თავგადასავალიო. ლა კაჰირა სულ ერთი თვის წინ გამოსულიყო ციხიდან, სადაც შვიდი წელი მჯდარიყო მკვლელობისთვის. მერე ტრიანაში უცხოვრია, მაგრამ როცა ბავშვებს შეუტყვიათ მისი ამბავი, თურმე ქვებს ესროდნენ და ვინ იცის, რას არ უძახდნენ. არც ლა კაჰირა რჩებოდა ვალში და ისეთი აყალმაყალი იყო ხოლმე, რომ სახლის პატრონს აღარ დაუყენებია. ლა კაჰირას დაუწყევლია სახლის პატრონიც და ყველა, ვისაც ის გაუსახლებია, და ერთ დილით სადღაც გამქრალა.
- ვინ მოუკლავს? - ჰკითხა როზალიამ მასონს.
- ამბობენ, საყვარელიო.
- მაგას ვინ შეიყვარებდა, - თქვა როზალიამ და გესლიანად გაიცინა.
- წმინდაო მარიამ! - აღმოხდა პილარს როზალიას დედას, - ჩვენ კი არ დაგვხოცოს-და. აკი ვთქვი, კაცისმკვლელსა ჰგავს-მეთქი.
ღოზალიას გააჟრჟოლა და პირჯვარი გადაიწერა.
ამ დროს ლა კაჰირა დაბრუნდა სამუშაოდან. ოსაუბრეებს ელდა ეცათ. ერთად შეჯგუფდნენ და აღელვებულებმა დაუწყეს ცქერა ამ ველურივით თვალებბრიალა ქალს. მან, ატყობა, რაღაც სიავე დაინახა მათ მდუმარებაში და სწრაფად, ეჭვით შეავლო თვალი. პოლიციელმა, რომ გამოსაუბრებოდა, საღამო მშვიდობისაო, უთხრა.
- საღამო მშვიდობისა, - მიუგო მან დაბღვერით, სწრაფად შევიდა ოთახში და კარი მოიჯახუნა. მერე კარის ჩაკეტვის ხმა გაიგონეს. მისმა ავმა პირქუშმა მზერამ ყველას გუნება გაუფუჭა და ისე ჩურჩულით განაგრძეს საუბარი, თითქოს რაღაც ბოროტმა ძალამ ჯადო უყოო.
- სულში ალქაჯი უზის, - თქვა რაზალიამ.
- მანუელ, კიდევ კარგი, რომ აქ ცხოვრობ და დაგვიცავ, - უთხრა პოლიციელს პირალმა.
მაგრამ ლა კაჰირა მშვიდობიანად იყო.
იგი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა - ქედმოუხრელი, ერთ ზედმეტ სიტყვას არავის ეუბნებოდა და მასთან დაახლოების ყოველგვარ წადილს ძირშივე ჰკვეთდა. გრძნობდა, რომ მზობლებმა გაუგეს საიდუმლო - მკვლელი იყო და კარგა ხანს ციხეში იჯდაო. სახის ნაოჭები უფრო გაუპირქუშდა და ღრმად ჩამჯდარი თვალები უფრო აუბრიალდა. მაგრამ მის მიერ გამოწვეული მღელვარება თანდათან შენელდა. ყბედი პილარიც კი აღარ აქცევდა ყურადღებას ამ გაძვალტყავებულ ქალს, როცა იგი ხანდახან ჩაუვლიდა ხოლმე ეზოში თავმოყროლ ქალებს.
- ციხემ თუ გააგიჟა. ამბობენ ციხე ხშირად აგიჟებს ადამიანსო.
მაგრამ ერთ დღეს მომხდარმა ამბავმა ჭორი ისევ განაახლა. ვიღაც ყმაწვილი მოადგა რკინის ჭიშკარს და ანტონია სანჩესი იკითხა, პილარმა, რომელიც ეზოში ჩიხორას აკეთებდა, თავის ქალიშვილს ახედა და მხრები აიჩეჩა:
- ამ გვარისა აქ არავინ ცხოვრობს.
- როგორ არა, - მიუგო მან, და ცოტა ხნის შემდეგ დაუმატა: - მას ლა კაჰირასაც ეძახიან.
- ოჰ, - როზალიამ ჭიშკარი გაუღო და ოთახი უჩვენა, - ოთახშია.
- გმადლობთ.
ვაჟმა როზალიას გაუღიმა.
როზალია ლამაზი გოგო იყო, ღაჟღაჟა, თამამი გამოხედვა ჰქონდა. წითელი მიხაკი უფრო თვალში საცემსა ხდიდა მის შავად მბზინავ თმას. მკერდსავსე იყო და ძუძსთავები კაბიდან გამოზნექოდა.
- დაილოცის შენი მშობელი, - ეს გაცვეთილი შიტყვები უთხრა ვაჟმა.
- ღვთის გულისათვის, თქვენი გზა ნახეთ, - უთხრა პილარმა.
ვაჟმა კარზე დააკაკუნა. დედა-შვილმა ცნობისმოყვარეობით გააყოლა მას თვალი.
- ვინ უნდა იყოს? - ლა კაჰირასთან ჯერ არავინ მოსულა.
კაკუნზე პასუხი არავინ გასცა და ყმაწვილმა ისევ დააკაკუნა. მერე ლა კაჰირას ღრენა მოისმა - ვინ არისო.
- დედა, - დაუძახა ვაჟმა, - დედა.
კივილი გაისმა და კარი ფართოდ გაიღო:
- კურიტო!
ლა კაჰირა კისერზე შემოეხვია ყმაწვილს და თავდავიწყებით დაუწყო კოცნა. ეალერსებოდა და სიყვარულით უსვამდა სახეზე ორივე ხელს. როზალია და დედამისი განცვიფრებით მისჩერებოდნენ, მისგან ასეთ სინაზეს არ მოელოდნენ მერე სიხარულით აქვითინებულმა ლა კაჰირამ შვილი ოთახში შეიყვანა.
- შვილია, - თქვა გაიცებულმა როზალიამ, - ვინ იფიქრებდა. მერე რა კარგია ბიჭია.
კურიტო პირხმელი იყო. თეთრი, ჩაწიკწიკებული კბილები ჰქონდა და მოკლედ შეკრეჭილი თმა, ჭეშმარიტად ანდალუზურად მოხდენილი იყო. ნაადრევად ამოსულ წვერს მისი ტუხა კანის ქვეშ მოლურჟო ფერი დაჰკრავდა; რა თქმა უნდა, იგი დენდი გახლდათ. როგორც ყველა ესპანელს, მასაც კოხტად ჩაცმა უყვარდა - შემოტმასნული შარვალი, მოკლე ქურთუკი და ნაქარგი ხალათი ეცვა და განიერფარფლებიანი შლაპა ეხუვა.
ბოლოს ოთახის კარი გაიღო და ლა კაჰირა გამოჩნდა, შვილისათვის მკლავი გაეყარა.
- კვირას ხომ მოხვალ?
- თუ ხელი არაფერმა შემიშალა.
კურიტომ როზალიას შეხედა, დედას ღამე მშვიდობისა უსურვა და როზალიასაც თავი დაუკრა. როზალიამ გაუღიმა და შავი თვალები შენათა. ლა კაჰირას არ გამოპარვია ეს მზერა, ბრაზმა გაუქარწყლა განუზომელი სიხარული, სახე ავდრის ღრუბელივით მოეღუშა და ლამაზ გოგოს შეუბღვირა.
- თქვენი ვაჟია?- ჰკითხა ლა კაჰირას პირალმა, როცა კურიტო წავიდა.
- ჰო, ჩემია, - მიახალა ლა კაჰირამ და ოთახში შევიდა. რაფერს შეეძლო მისი მოლბობა; მაშინაც კი, როცა გული აღსავსე ჰქონდა განუზომელი სიხარულით, ეკმეხად იშორებდა მასთან დაახლოების ყოველ მოსურნეს.
- ლამაზი ბიჭია, - თქვა როზალიამ და რამდენიმე დღე სულ მასზე ფიქრობდა.
ლა კაჰირას საშინელი სიყვარულით უყვარდა თავისი ვაჟი.
ამქვეყნად მის მეტი არავინ გააჩნდა და ისეთი მწველი, ეჭვიანი სიყვარულით ეთაყვანებოდა, რაც საზღაურად შეუძლებელ თაყვანისცემას მოითხოვდა. მას სურდა ისინი ერთ არსებად გადაქცეულიყვნენ. კურიტოს სამსახურის გამო ერთად ცხოვრება არ შეეძლოთ და ლა კაჰირას მუდამ სტანჯავდა იმის ფიქრი, ნეტავი ჩემგან მოშორებით რას სჩადისო. იგი ვერ იტავდა, მის ვაჟს რომ ვინმე ქალისათვის შეეხედა და კრუნჩხვა დაუვლიდა ხოლმე, როცა გაიფიქრებდა, ვაი თუ კურიტოს ვინმე გოგო ეტრფისო.
სევილიაში ჩვეულებრივი ამბავია ხანრძლივი ტრფობა, როცა ქალწული რკინისბადიან ფანჯარასთან ზის შუაღამემდე ან ჭიშკართან დგას და მიჯნური მის მოსურნე ყურს სატრფიალო სიტყვებს ეჩურჩულება. ლა კაჰირამ ჰკითხა კურიტოს, შეყვარებული თუ გყავსო - რადგან იცოდა, ასეთი მომხიბლავი ყმაწვილი გულგრილი არ იქნებოდა ქალთა ღიმილისათვის და მიუხვდა, რომ მან იცრუა, როცა დაიფიცა, საღამოობით ვმუშაობო. მაგრამ კურიტოს სიტყვებმა მაინც ველური სიამოვნება მოჰგვარა.
როცა როზალიას გამომწვევი მზერა და კურიტოს საპასუხო ღიმილი შენიშნა, ყელში ბოღმა მოაწვა. ას ისედაც ეჯავრებოდა თავისი მეზობლები, რადგან ისინი ბედნიერები იყვნენ, თვითონ კი უბედური; რადგან მათ იცოდნენ მისი საშინელი საიდუმლო.
მაგრამ ახლა უფრო მეტად შესძულდა ისინი, რადგან ეგონა, თითქმის გაგიჟებულს, შეთქმულებას მიწყობენ, შვილი რომ წამართვანო. მეორე კვირას, ნაშუადღევს, ლა კაჰირა ოთახიდან გამოვიდა, ეზო გაიარა და ჭიშკართან გაჩერდა. ეს ისეთი უჩვეულო ამბავი იყო, რომ მეზობლებში მითქმა-მოთქმა ატყდა.
- ვერ მიხვდით, ჭიშკართან რად დგას? - თქვა როზალიამ და სიცილისაგან ლამის გაიგუდა - ძვირფასი შვილი მოდის და არ უნდა დაგვანახოს.
- ხომ არა ჰგონია, შევუჭამთ?
კურიტო მოვიდა და ლა კაჰირამ ის მაშინვე ოთახში შეიყვანა.
როზალიამ დახურულ კარს შეხედა, ისევ გადაიხარხარა და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა. გაიფიქრა, კარგი ოინი იქნება, კურიტოს რომ გამოველაპარაკოო. თეთრმა კბილებმა გაუელვა, როცა მოაგონდა ლა კაჰირას განრისხება. ჭიშკართან ისე დადგა, რომ დედა-შვილს მისთვის გვერდი ვერ აევლოთ, მაგრამ როცა როზალიას მოჰკრა თვალი, ლა კაჰირა მეორე მხრიდან ამოუდგა შვილს ისე, რომ მათ ერთმანეთისათვის ვერ შეეხედათ, როზალიამ მხრები აიჩეჩა.
,,ასე ადვილად ვერ მაჯობებ”- გაივლო გუნებაში.
შემდეგ კვირას, როცა ლა კაჰირა ისევ ჭიშკართან დადგა როზალია ქუჩაში გავიდა და იმ გზას გაუყვა, რომლითაც, მისი ვარაუდით, კურიტო უნდა მოსულიყო. მალე კურიტოც გამოჩნდა და როზალიამ ისე ჩაუარა, თითქოს ვერ შეამჩნია.
- გამარჯობათ, - უთხრა ვაჟმა და შედგა.
- ოჰ, თქვენა ხართ? მე მეგონა, ჩემთან ლაპარაკისა გეშინოდათ.
- მე არაფრისა არ მეშინია, - ტრაბახით მიუგო ვაჟმა.
- გარდა დედათქვენისა.
როზალიამ გზა განაგრძო, თითქოს წასვლა უნდოდა, მაგრამ კურიტო არ მოეშვა.
- სად მიდიხართ?- ჰკითხა მან.
- რა თქვენი საქმეა? დედასთან წადი, ჩემო ბიჭუნა, თორემ გცემს.
დედასთან როცა ხართ, შემოხედვასაც კი ვერა ბედავთ.
- სისულელეა.
- კმარა, მე საქმეზე მივდივარ.
კურიტო დარცხვენილი წავიდა და როზალიამ თავისთვის ჩაიცინა. როზალია დედა-შვილს ეზოში დაელოდა. შერცხვენილი კურიტო ახლა თამამად გაჩერდა და როზალიას ღამე მშვიდობისა უსურვა. ლა კაჰირას რისხვის ალმურმა გადაჰკრა.
- წამოდი, კურიტო, - მკვახედ შეუძახა მან, - რას უცდი?
კურიტო წავიდა და კაჰირა წამით როზალიას წინ აეტუზა, თითქოს მასთან ლაპარაკს აპირებსო, მაგრამ აშკარად შეეტყო, თავი შეიკავა და თავის ბნელ, გამოყრუებულ ოთახში შევიდა.
რამდენიმე დღის შემდეგ სევილიის მფარველი წმიდანის, წმიდა ისიდორეს დღესასწაულს ზეიმობდნენ. მასონმა და რამდენიმე მობინადრემ ეზო ჩინური ნათურებით მორთეს. ზაფხულის ცამოწმენდილ ღამით ნათურები თვალწარმტაცად ციმციმებდნენ. მოკაშკაშე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა თვალს ატყვევებდა.
შუა ეზოში თავმოყრილი მცხოვრებლები სკამზე ისხდნენ. ქალები ზოგნი ბავშვებატატებულნი, ქაღალდის პატარა მარაონებით იგრილებდნენ პირისახეს და გაუთავებელ ლაპარაკს მხოლოდ მაშინ ანებებდნენ თავს, როცა თავგასულ ბავშვებს უჯავრდებოდნენ, პაპანაქება სიცხის შემდეგ სასიამოვნო იყო გრილი ჰაერი ისინი, ვისაც ბედნიერება ხვდათ წილად და ხარებთან ბრძოლას დაესწრნენ, დანარჩენებს მოუთხრობდნენ ნანახს. დაწვრილებით აღწერდნენ სახელგანთქმული მატადორის, ბელმონტეს მამაცობას, მათი ნათელი წარმოსახვის წყალობით ყოველი წვრილმანი ისეთ ნაირფერ იერს ღებულობდა, გეგონებოდათ, სევილიის არსებობის მანძილზე ასეთი ბრწყინვალე ცორრიდა ჯერ არ ყოფილაო. ყველა აქ იყო ლა კაჰირას გარდა, მისი ოთახიდან სანთელი ბჟუტავდა.
- შვილი სადღაა?
- ოთახშია, - მიუგო პილარმა, - დავინახე, ერთი საათის წინ რომ მოვიდა.
- ალბათ ერთობა, - თქვა როზალიამ სიცილით.
- რა დროს ლა კაჰირაა- წამოიძახა ვიღაცამ, - როზალია, აბა, იცეკვე.
- ჰო, ჰო, - შესძახა ყველამ, - იცეკვე, როზალია.
ესპანეთში ცეკვაც უყვართ და ცეკვის ყურებაც. კარგა ხნის წინ უთქვამთ - ჯერ არ ყოფილა ესპანელი ქალი, მოცეკვავედ რომ არ დაბადებულიყოო. სკამები ხელად წრედ დაალაგეს, მასონმა და ტრამვაის კონდუქტორმა გიტარები გამოიტანეს, როზალიამ ჩაღანები აიღო, მეორე გოგოსთან ერთად წინ წადგა და ცეკვა დაიწყო.
კურიტომ მუსიკის გაგონებაზე ყური სცქვიტა.
- ცეკვავენ, - თქვა მან და მოუთმენელმა სურვილმა მოიცვა.
მან ფარდიდან გაიხედა და ჩინური ნათურების მოკიაფე შუქზე შეგროვილი ხალხი დაინახა, ორი გოგო ცეკვავდა, როზალიას საგარეო ტანსაცმელი ეცვა და ჩვეულებისამებრ ბევრი ფერ-უმარილი წაესვა. თმაში მშვენიერი მიხაკი უბზინავდა, კურიტოს გული აუძგერდა, ესპანელს სიყვარულის ალი ელვისებურად ედება ხოლმე და როზალიასთან პირველი შეხვედრის შემდეგ კურიტოც ხშირად ფიქრობდა მასზე იგი კარისაკენ წავიდა.
- სად მიდიხარ? - ჰკითხა ლა კაჰირამ.
- ცეკვას მინდა ვუყურო, შენ მუდამ მიშლი გართობას.
- როზალიას ნახვა გინდა?
კურიტომ ხელით მოიშორა დედა, რომელმაც მისი შეჩერება სცადა და ცეკვის მაცქერალთა ჯგუფს შეუერთდა, ლა კაჰირა ორ ნაბიჯზე გაჰყვა, მაგრამ მერე გაჩერდა სიბნელეში ნახევრად დამალული, ბრაზი უღრღნიდა გულს.
როზალიამ თვალი მოჰკრა კურიტოს.
- არ გეშინია ჩემი შეხედვა? - ჩაუჩურჩულა ვაჟს, როცა ცეკვით ჩაუარა.
როზალიას ცეკვამ თავი დაავიწყა და ლა კაჰირასი აღარ ეშინოდა, როცა ტაქტი დამთავრდა და მისი მეწყვილე სკამზე დაეშვა, როზალია კურიტოსთან მივიდა და წინ დაუდგა - თავმოღერებულს მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა.
- რა თქმა უნდა, ცეკვა არ გეცოდინება, - უთხრა მან კურიტოს.
- ვიცი.
- მაშ, გადმოდი.
როზალიამ გამომწვევად გაუღიმა, მაგრამ კურიტო შეყოყმანდა, მან უკან გაიხედა, დედისაკენ, დანახვით ვერ დაინახა, მაგრამ იგრძნო, რომ იგი სიბნელეში იდგა.
როზალიამ მისი მზერა შეამჩნია და მიზეზსაც მიუხვდა.
- გეშინია?
- რისი? - ჰკითხა კურიტომ და მხრები აიჩეჩა.
კურიტო წრეში შევიდა.
გიტარის დამკვრელებმა სიმებს ჩამოჰკრეს და მაყურებლები ტაშის ცემას და ოლე-ს შეძახილს მოჰყვნენ. ერთმა გოგომ კურიტოს ჩაღანები მისცა და წყვილმა ცეკვა დაიწყო. სიბნელიდან მათ თითქოს გველის სისინი მოესმათ და როზალია, რომელსაც აღარაფრისა ეშინოდა, ღიმილით უცქერდა სიბნელიდან მოელვარე მკვდრისფერ სახეს.
ლა კაჰირა გაქვავებული იდგა. იგი უცქერდა ცეკვას, მოცეკვავეთა ტანის რხევას, რთულ მოძრაობას. ხედავდა, რა მოხდენილად იხრებოდა როზალია კურიტოსაკენ და უღიმოდა, როცა კურიტო მის გარშემო იკლაკნებოდა და ჩაღანებს აჩხაკუნებდა. ლა კაჰირას თვალები ნაღვერდალივით ანათებდნენ და მან იგრძნო, რომ თვალის ბუდეები ეწვოდა, მაგრამ არავის შეუმჩნევია იგი და ლა კაჰირამ გაშმაგებით დაიყმუვლა.
ცეკვა გათავდა და ტაშისცემით ნასიამოვნებმა როზალიამ ღიმილით უთხრა კურიტოს, არ მეგონა, თუ ასე კარგად ცეკვავდიო.
ლა კაჰირა ოთახში შევარდა და კარი ჩაიკეტა. მან ხმა არ გასცა კურიტოს, როცა ის მივიდა და დაუძახა, კარი გამიღეო.
- მაშ მე წავალ, - შეუძახა კურიტომ.
ლა კაჰირას გული ეკრუნჩხებოდა სიმწრისაგან, მაგრამ მაინც ხმას არ სცემდა. კურიტოს გარდა მას არავინ ჰყავდა, კურიტოს გარდა მას არავინ უყვარდა და მაინც სძულდა ის ღამე თეთრად გაათენა, იწვა და ფიქრობდა, შვილს მტაცებენო. დილით სამუშაოზე არ წასულა, როზალიას ელოდებოდა, როგორც იქნა როზალია გამოჩნდა, იგი შეკრთა როცა წინ ლა კაჰირა გადაუდგა.
- რა გინდა ჩემი ვაჟისაგან?
- რაო? - ჰკითხა როზალიამ ისე, თითქოს გაიკვირვაო. ლა კაჰირა სიმწრისაგან აცახცახდა და ხელზე იკბინა რომ თავი შეეკავებინა.
- ვითომ არ იცი? შენ მე შვილს მართმევ.
- რად მინდა შენი შვილი? მომაშორე, მე რა ვქნა, თუ კუდში დამდევს.
- სტყუი.
- მას ჰკითხე, - და ახლა ისეთი ზიზღი იყო ჩაქსოვილი როზალიას ხმაში, რომ ლაკაჰირამ თავი ძლივს შეიკავა.
- საათობით მელოდება ქუჩაში, რატომ შენ არ მოუვლი?
- სტყუი, სტყუი, შენ თვითონ დასდევ.
- ბიჭი რომ მინდოდეს, დაუკითხავად გავიჩენ, მკვლელის შვილი რად მინდა.
ლა კაჰირა აირია, სისხლი აუვარდა თავში და თვალთ დაუბნელდა. როზალიას ეცა და თმაში სწვდა.
როზალიამ შეჰკივლა და შეებრძოლა, მაგრამ ამ დროს ვიღაც გამვლელმა გააშველა.
- კურიტოს თავი გაანებე, თორემ ჩაგაძაღლებ.
- ვითომ შემაშინე? ჩამომაშორე, თუ ქალი ხარ! შე სულელო, ვერა ხედავ, რომ თვალისჩინს ვურჩევნივარ?
- წადი, თავი გაანებე, - უთხრა როზალიას გამვლელმა.
ლა კამირამ ისე დაიღრიალა, როგორც ნადირმა, რომელმაც მსხვერპლი გაუშვა ხელიდან, და ქუჩაში გავიდა.
ცეკვის შემდეგ კურიტოს თავდავიწყებით შეუყვარდა როზალია და მთელი მეორე დღე მისი ლალისფერი ტუჩები ედგა თვალწინ. როზალიას თვალთა შუქი დამატყვევებლად ენთო მის გულში. კურიტო ვნებით ილტვოდა მისკენ, ღამე მაკარენაში წავიდა და როზალიას სახლთან გაჩნდა. კარიბჭის ქვეშ სიბნელეში იდგა, ვიდრე როზალიას არ მოჰკრა თვალი.
- როზალია, - დაუძახა ხმადაბლა.
როზალია მობრუნდა და გაკვირვებულმა შეჰკივლა.
- აქ რა გინდა? - ჩუმად ჰკითხა და მისკენ წავიდა.
- უშენოდ ვერ ვძლებ.
- რატომ? - გაიცინა როზალიამ.
- იმიტომ, რომ მიყვარხარ.
- დედაშენმა ამ დილას კინაღამ მომკლა.
და მომხდარი ამბავი ისე შეალამაზა, როგორც ანდალუზიელთ სჩვევიათ ხოლმე.
ის კი აღარ უთქვამს, ბოლოს რომ გესლიანად უკბინა და ლა კაჰირას ამან აღუვსო მოთმინების ფიალა.
- ქაჯის ხასიათი აქვს, - უთხრა კურიტომ და მერე დაუმატა - მე ვეტყვი, რომ ჩემი ხარ.
- გულზე მალამოდ დაედება,- მიუგო როზალიამ დაცინვით.
- ხვალ შემხვდები?
- ალბათ, - ჩასჩურჩულა როზალიამ.
კურიტომ ჩაიღიმა, რადგან ნათქვამზე მიუხვდა, რომ შეხვდებოდა.
კურიტო ჩვეულებრივზე უფრო თავმომწინე დაბრუნდა შინ.
მეორე დღეს რომ მივიდა, როზალია დაუხვდა და როგორც ეს შეყვარებულებს სჩვევიათ სევილიაში, სულმოუთქმელად დიდხანს ისაუბრეს და კურიტოს აზრადაც არ მოსვლია, რომ მათ შუა აღმართული რკინის ჭიშკარი ზედმეტ დაბრკოლებას წარმოადგენდა, როცა როზალიას ჰკითხა, გიყვარვარ თუ არაო, როზალიამ ვნებით ამოიოხრა, მათ სურდათ ერთმანეთის თვალებში მწველი ვნება დაენახათ. კურიტო ყოველ ღამე მოდიოდა, მეორე კვირას იგი დედასთან არ მისულა იმის შიშით, ვაითუ იცის, ჩვენ რომ ერთმანეთს ვხვდებითო. უბედური ლა კაჰირა გულმოკლული ელოდა კურიტოს, მზად იყო მუხლმოდრეკილს პატიება ეთხოვა მისთვის, მაგრამ როცა არ მოვიდა, სიძულვილით აღივსო - ნეტავი ჩემს ფერხთით მკვდარი იწვესო, გული შეეკუმშა, როცა გაიფიქრა, მთელმა კვირამ უნდა გაიაროს, ვიდრ მისი ნახვის იმედი მომეცემაო.
კურიტო არც შემდეგ კვირას მოსულა, ეს კი აუტანელი იყო, გულის მომკვლელი, ვერც ერთი სატრფო ვერ შეიყვარებდა კურიტოს ლა კარისავით.
ეს როზალიას ბრალი არისო, უთხრა თავის თავს და მის გახსენებაზე გული რისხვით აღევსო, როგორც იქნა, კურიტომ მხნეობა მოიკრიბა და დედის სანახავად მოვიდა, მაგრამ უკვე გვიან იყო, დედა დიდხანს ელოდა და ახლა მისდამი სიყვარული თითქოს ჩამკვდარიყო, როცა კურიტომ კოცნა დაუპირა, ლა კაჰირამ ხელი ჰკრა.
- რატომ არ მოდიოდი?
- შენ კარი ჩამიკეტე, მეგონა არ გინდოდი.
- მარტო ამიტომ? სხვა არაფერი?
- არ მეცალა, - უთხრა შვილმა და მხრები აიჩეჩა.
- არ გეცალა? შენისთანა უქნარას? რა საქმე გქონდა? როზალიასთვის ხომ გეცალა?
- რად გაარტყი?
- შენ რა იცი? ნახე? - ლა კაჰირამ შვილისაკენ გაიწია, მისი თვალები ელვას აკვესებდა: - მითხრა, მკვლელი ხარო.
- მერე რა?
- მერე რა? - შეჰკივლა ლა კაჰირამ ისე, რომ ეზოში გაიგონეს, - მე თუ მკვლელი ვარ, შენი გულისათვის. ჰო, მე მოვკალი პეპე სანტი იმიტომ რომ შენ გცემდა ხოლმე. შენი გულისათვის ვიჯექი ციხეში შვიდი წელი. ჰო, შე სულელო, შენა გგონია, როზალიას ძალიან ენაღვლები, და ყოველ ღამე საათობითა ხარ ატუზული ჭიშკართან.
- ეგ ვიცი, - ღიმილით უთხრა კურიტომ.
ლა კაჰირა აენთო, მან გაკვირვებით შეხედა შვილს და მერე მიუხვდა. ტკივილისა და ბრაზისაგან სუნთქვა შეეკრა, გულზე მიიდო ხელი, თითქოს სულთმობრძავიაო.
- ყოველ ღამე აქ დაეთრევი და ერთხელაც არ მოსულხარ ჩემთან. მე ყველაფერი გავაკეთე შენთვის, ხო მარ გგონა, რომ პეპე სანტი მიყვარდა? იმის მუშტებს იმიტომ ვითმენდი, რომ შენთვის პური მეჭმია; და როცა გცემა, მოვკალი, ღმერთია მოწმე, მე მხოლოდ შენთვის ვარსებობდი, ნეტავი მომკვდარიყავი და შვიდი წელი ციხეში არ გავწამებულიყავი.
- კარგი, დედა, დაფიქრდი, მე ოცი წლისა ვარ. რა გინდა ჩემგან? როზალია თუ არა, სხვა იქნებოდა.
- აი, შე ნადირო, უჰ, როგორ მეზიზღები, აქედან გაეთრიე.
მან კურიტოს ხელი გკრა და კართან მიაგდო, კურიტომ მხრები აიჩეჩა:
- გულში არ გაივლო, რომ აქ დარჩენა მინდოდეს.
მან მხიარულად გაიარა ეზო და რკინის ჭიშკარი გაიჯახუნა.
ლა კაჰირა ოთახში დაბორიალობდა, დრო ნელა გადიოდა. მერე დიდხანს იდგა ფანჯარასთან, მტაცებელი ნადირივით გადასახტომად შემართული. გაქვავებული იყო და გულისმღრღნელს მოუთმენლად იხშობდა. ჭიშკართან ხელი ხელს შემოჰკრეს, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ვიღაც იყო გარეთ. ლა კაჰირა წინ გადიზნიქა და თვალები ლაბის გადმოუცვივდა. მასონი შემოვიდა ეზოში. კარგა ხნის შემდეგ პილარი მოვიდა და ნელა ავიდა თავის ოთახში.
ლა კაჰირამ ყელში წაივლო ხელი, რომ აუტანელი, გამგუდავი სუნთქვა შეემსუბუქებინა, იგი ისევ მოლოდინს მიეცა. დროდადრო რაღაც განსაკუთრებული ჟრუანტელი უვლიდა ტანში.
როგორც იქნა! ჭიშკართან ხელი ხელს შემოჰკრეს ნაზად და ვიღაცამ ზემოდან დაიძახა:
- ვინ არის?
- შინაური.
ლა კაჰირამ როზალიას ხმა იცნო, მან გამარჯვების ნიშნად შეჰკივლა, ზემოდან ჭიშკარი გააღეს. როზალია შემოვიდა და ეზო მკვრიცხლად, მსუბუქი ნაბიჯით გაიარა, მის ყოველ მიხრა-მოხრაში სიციცხლის სიხარული გამოკრთოდა, ის იყო ფეხი უნდა შეედგა კიბეზე, რომ ლა კაჰირა გადმოუხტა წინ და გააჩერა, ხელი სტაცა მკლავში, როზალიამ ვერ გააშვებინა.
- რა გინდა? - ჰკითხა როზალიამ, - გამატარე.
- ჩემ შვილთან რას აკეთებდი?
- გამატარე, თორემ ვიყვირებ.
- მართალია, რომ ყოველ ღამე ჭიშკართან ხვდები?
- დედა, მიშველე! ანტონიო! - დაიყვირა როზალიამ.
- მითხარი.
- მართალი თუ გინდა, გეტყვი, ჩემი შერთვა უნდა, ვუყვარვარ და მეც მიყვარს.
მან თავის განთავისუფლება სცადა.
- ხომ არა გგონია რომ დაგვიშლი? ხომ არა გგონია, რომ შენი ეშინია? ეჯავრები, თვითონ მითხრა, ნეტავ ციხეში ჩამპალიყოო.
- ეს გითხრა?
ლა კაჰირამ უკან მიიხედა და ამით როზალიამ ისარგებლა, - ჰო, ესეც მითხრა და უფრო მეტიც, რომ პეპე სანტი მოჰკალი, რომ შვიდი წელი ციხეში იჯექი, ნეტავი იქ მომკდარიყოო.
როზალია გესლიანად უსისინებდა ამ სიტყვებს, გადაიკისკისა, როცა ამ უბედურმა ქალმა შეჰკივლა ისე, თითქოს მაგრად დაარტყესო.
- უნდა იამაყო, რომ შენისთანა კაცისმკვლელის შვილს გაყოლაზე უარს არ ვეუბნები.
მერე ლა კაჰირას ხელი ჰკრა და კიბეზე ახტა, ამან გამოაფხიზლა საშინელი გათახსირებისაგან გაოგნებული ლა კაჰირა, გააფთრებული ნადირივით დაიღმუვლა, წინ გადახტა, როზალიას მხრებში სწვდა და ძირს ჩამოათრია, როზალია მიუბრუნდა და სახეში სთხლიშა. ლა კაჰირამ უბიდან დანა იძრო და როზალიას კისერში ჩასცა.
- დედა, მომკლა, - დაიკივლა როზალიამ.
კიბის ძირას დაეცა მოკუნტული და დაესვენა მიწაზე ამ სასოწაკვეთილ კივილზე ხალხი გარეთ გამოცვივდა და ლა კაჰირას დაედევნა, იგი ზურგით მიეყრდნო კედელს და ისეთი გაშმაგებული უცქერდა მათ, რომ ვერავინ გაბედა მიჰკარებოდა, ეს ყოყმანი ერთ წამს გაგრძელდა, მაგრამ როცა პილარი აივნიდან წივილ-კივილით ჩამოვარდა, ყველას ყურადღება მან მიიპყრო, ამით ისარგებლა ლა კაჰირამ, ოთახში შევარდა და კარი ჩაიკეტა.
ეზო უცებ ხალხით აივსო, პირალი მოთქმით დაემხო როზალიას და ვერავინ მოაშორა, ვიღაც ექიმთან გაიქცა, ვიღაც კიდევ - პოლიციელის მოსაყვანად, ქუჩიდან ხალხი შემოვიდა და კართან შეჯგუფდა.
ექიმი ჩქარი ნაბიჯით შემოვიდა, ხელში შავი ჩანთა ეჭირა. ათიოდე ადამიანი მღელვარებით ერთდროულად მოუთხრობდა პოლიციელებს მომხდარ ამბავს და ლა კაჰირას ოთახისაკენ მიუთითებდა, ოთახში ჩოჩქოლი ატყდა. მერე პოლიციელებმა ხელებზე ბორკილდადებული ლა კაჰირა გამოიყვანეს, ბრბომ მისკენ გაიწია, მაგრამ პოლიციელები გარს შემოერტყნენ და ხელჯოხებით განდევნეს ხალხი, რომლებიც მუშტს უღერებდნენ და წყევლა-კრულვას უთვლიდნენ ლა კაჰირას, იგი მათ ზიზღით უცქერდა, პასუხის ღირსად არა ხდიდა, თვალები სიხარულით უბრწყინავდა.
- მოკვდა? - იკითხა ლა კაჰირამ, როცა როზალიას გვამს ჩაუარა.
- ჰო, - უთხრა ექიმმა მწუხარებით.
- მადლობა ღმერთს, - წარმოთქვა ლა კაჰირამ.
მთარგმნელი - ჭეიშვილი ა.