ვანო ხოჯაბეგოვი დაიბადა ქ. თბილისში, წყაროსუბანში 1875 წლის 14 იანვარს. დედა - მელანია, შინ საქმიანობდა. მამა - გიორგი კი ხარაზი იყო. ვანოს სწავლა-განათლება ხელმოკლეობის გამო არ მიუღია. ბავშვობა თბილისში მცხოვრები უფროსი ძმის ხილ-ბოსტნეულის დუქანში გაატარა.
ხატვა ვანოს ბავშვობაში დაუწყია, ჯერ კიდევ ძმის დუქანში ყოფნისას. რამდენიმე ხნის შემდეგ ცოლი შეურთავს და მისი დახმარებით ყოფილი ფეოდოსიევის ქუჩაზე გაუხსნია პატარა საწვილმანო დუქანი. მას არც აქ მიუტოვებია თავისი საყვარელი საქმიანობა და როცა კი მოიცლიდა, ხატავდა, ხატავდა მუშტრებს, იმას, რაც აბსოლუტური მეხსიერების წყალობით შემორჩენოდა მის გონებას.
„საფრანგეთში წასვლამდე - იგონებს მხატვარი ლ.გუდიაშვილი, - მე შინ მიმავალს, ხშირად შემივლია ვანოსთან დუქანში. მას აინტერესებდა ძველი თბილისის ყოფა. იცნობდა კლასიკურ მხატრობას. საუბარი უყვარდა რაფაელზე. ისეთი გატაცებით ლაპარაკობდა, რომ ამ დროს შემოსულ მუშტარს არც შეხედავდა, ცალი ხელით მიაწვდიდა საქონელს ისე, რომ ჩემთან ლაპარაკს არ შეწყვეტდა“.
1910 წელს ვანოსათვის ყურადღება მიუქცევია მხატვარ ფოგელს და იგი მხატვარ ნ.ვ. სკლიფასოვსკის კერძო სამხატვრო სასწავლებელში წაუყვანია. მაგრამ ვანოს იქ დიდხანს არ დაუყვია, მხატვრის კლასი და სტილი არ აუმაღლებია. იგი ამ დროს უკვე ჩამოყალიბებული, საკუთარი სტილისა და ფორმის მხატვარი იყო. როგორც მხატვარი ფოგელი იგონებს, ვანო ნატურიდან ისე ვერ ხატავდა, როგორც თავის მეხსიერებაში შემორჩენილ სცენებსო.
ვ. ხოჯაბეგოვი ფართო საზოგადოებას პირველად მოევლინა 1916 წელს, როდესაც მან „დიდების ტაძარში“ (ახლანდელი სამხატვრო გალერეა) მხატვართა გამოფენაზე თავისი ნამუშევრები გამოიტანა. 1917 წელს ვანო მეორედ მონაწილეობს „სომეხ მხატვართა კავშირის“ გამოფენაზე ჯერ თბილისში, შემდეგ საზღვარგარეთ - კონსტანტინოპოლსა და ამერიკაში.
როგორც მხატვარი ჯოტო გრიგორიანი გადმოგვცემს, 1920-21 წლებში ვანო ხოჯაბეგოვი მიიყვანეს სამხატვრო სასწავლებელში. სასწავლებელში ყოფნისას ვანოს ნატურიდან ხატვა მეტად უჭირდა, მაგრამ თუ სთხოვდნენ, ზეპირად დაეხატა რაიმე, იგი დიდი ხალისით აკეთებდა ამას და უცბად, რამდენიმე მონასმით ხატავდა რომელიმე სცენას ძველი თბილისის ყოფიდან. ვანოს ვერ გაუძლია სასწავლებელში არსებული აკადემიური რეჟიმისთვის და ორი თვის შემდეგ სწავლისთვის თავი დაუნებებია.
ვანო სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მუშაობდა „მცირე თეატრში“ (იყო ასეთი თეატრი აბას-აბადის მოედანზე) დარაჯად. აქ იგი გაცივდა და ფილტვების ანთებით გახდა ავად, რისგანაც 1922 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ძველი ვერის სასაფლაოზე.
***
XIX საუკუნის თბილისი ორსახოვან იანუსს წააგავს. ქალაქის ძველი ნაწილი თავისი ვიწრო ქუჩებით, შუკებით, ფოლორცებითა და ბანიანი სახლებიტ ტიპური შუასაუკუნოვანი ფეოდალური ხანის აზიური ქალაქი იყო. ხოლო მისი ახალი ნაწილი ფართო ქუჩებითა და არქიტექტურულად გაფორმებული სახლებით ევროპულ ქალაქს წარმოადგენდა. ამ ორ ნაწილში მოსახლე ხალხიც განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან: წეს-ჩვევით, ჩაცმულობით, სიტყვა-პასუხით და ხელობა-პროფესიით. ქალაქის ძველ ნაწილში ცხოვრობდა ხელოსანი, წვრილი ვაჭარი, მეთულუხჩე, მებადური, მკალავი, სირაჯი და სხვა. ახალში კი - ე.წ. ინტელიგენცია, თბილისში ახალშექმნილი კლასი - ბურჟუაზია.
1897 წლის #94 „ივერია“ წერდა: „...ტფილისი ჩვენი მშობელი ქალაქია, ყველანი ვინც აქა ვშობილვართ, აქა ვცხოვრობთ, აქა ვტრიალებთ, რა მილეთისაც გინდა იყოს კაცი, მისი შვილები ვართ და სამსახური უნდა გაუწიოთ ერთნაირის გულის ცემით, ერთნაირის ნატვრით“.
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ბოშები თბილისში |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - მეტეხის ეზოში |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - სავაჭრო კანტორის ეზოში |
***
თბილისის ქუჩაბანდებში შეგეძლოთ გენახათ ყოჩების ჭიდილი და მამლების კინკლაობა, ყეენობა, ყარაჩოხელთა ქეიფი, ლოყებდაბერილი მედუდუკეები, არღანზე მოქეიფე კინტოები, მექელეხეები, კრივი, ქართული ჭიდაობა.
ვანომ ყოჩების ჭიდილის თემაზე შესანიშნავი ნახატები შექმნა. ეს ნახატები მომენტების მიხედვით შეიძლება დალაგდეს: ჭიდილის დასაწყისი, ჭიდილი, ჭიდილის გახურება, ქეიფი, ქეიფის შემდეგ. ყოჩების ჭიდილი ბაზრის მოედანზე იმართებოდა სადღესასწაულო ცერემონიალის დროს ან მისი დამთავრების შემდეგ. საჭიდაოდ ყარაჩოხელი საგანგებოდ არჩევდა კარგ ერკემალს. ის სახლში ჰყავდა დაბმული და ასუქებდა. ყოჩაობასაც ასწავლიდა. როცა კარგად გაწვრთნიდა, რქებს გადაუხერხავდა, ქერით დაათრობდა, ყელზე ფერად ბაფთას შეაბამდა, შუბლს ენდროთი შეუღებავდა და მოედანზე დასაჭიდებლად წაიყვანდა. მოედნის შუაგულში ყოჩის პატრონი მეზობელი დუქნიდან საასპარეზოდ იწვევდა მეორე ყოჩის პატრონს. ყოჩებს აყენებდნენ ერთმანეთისაგან დაშორებით. ისინი თავდახრილები ათვალირებდნენ ერთმანეთს. მაყურებლები ყიჟინით აქეზებდნენ მათ. ხალხის ღრიანცელზე ყოჩები ელვასავით სწყდებოდნენ ადგისლ და ერთმანეთს შუბლით ეკვეთებოდნენ.
ყოჩების გარდა ძველ თბილისში აქლემებსაც აჭიდებდნენ, აკინკლავებდნენ მამლებს. საკინკლაო მამალს საგანგებოდ არჩევდნენ. მამლების ჩხუბი ეწყობოდა ბაზარში, ქუჩებში, სახლის ბანზე. მამლების პატრონები ნიძლავდებოდნენ, სანაძლეოს სდებდნენ მაყურებლებიც. ქართულ საწესო ჩვევაში მამალი იყო გვალვის საწინააღმდეგო, ოჯახის ბარაქის, მოსავლის, მამრობითი სქესის სიძლიერის, მზის კულტის გამომსახველი ფრინველი. ამდენად, ჩვენს ყოფაში მამლების კინკლაობის შემორჩენა შეიძლება იყოს უძველესი წეს-ჩვევის შემცველი ელემენტი, ანდა მისი ვარიაცია.
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ყოჩების ჭიდილი, დასაწყისი |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ჭიდილი |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ჭიდილი |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ჭიდილი |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ჭიდილი |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ქეიფი ჭიდილის შემდეგ |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - მამლების კინკლაობა |
***
ძველ თბილისში მრავალი საეკლესიო დღესასწაული იმართებოდა: „კვირაცხოვლობა“, „წმიდა გიორგობა“, „ბარბალობა“, „ანჩისხატობა“, „სიონობა“, „სურბ გეორქობა“, „სურბ სარქისობა“, „მამადავითობა“ და სხვა.
ხატობაზე მიდიოდნენ სალოცავად, დროს სატარებლად, სამაჭანკლოდ. ხატობაზე ღამის თევითაც კი მიდიოდნენ ჩარდახგადაფარებული ურმებით. იკვლებოდა საქონელი, ჭიჭყინებდა ზურნა, კვნესოდა დუდუკი, იმპროვიზატორი მესტვირე სტვირს ამღერებდა, არღნის მელოდიაზე ბაღდადით ხელში ცეკვავდა კინტო...
ყველა საეკლესიო დღესასწაული თავის დამახასიათებელი ჩვევით აღინიშნებოდა და გამოირჩეოდა, მაგალითად, ყველიერის დროს ძველი თბილისის მკვიდრნი თამაშობდნენ წრე-ლახტს, ეზოებში ჰკიდებდნენ აყვავებულ ნუშის ტოტებით მორთულ საქანელას და მასზე დიდი თუ პატარა ქანაობდა და თან მღეროდა: ყველიერში ყველი ვჭამე, აღდგომასა კვერცხები, დედაჩემსა გასჩენია, ოქროსთმიანი ვაჟები...
|
ვანო ხოჯაბეგოვი - სააღდგომო ბაზრობა |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ეტლი ვერის ჯვართან |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ქეიფი ხატობაზე |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - აღდგომის მეორე დღეს |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ქეიფი ხატობაზე |
***
ძველი თბილისელები საყველიერო დღესასწაულს იწყებდნენ დიდი საკარნავალო სანახაობით - ყეენობით.
დიდმარხვის პირველი დღეა, ზურნა ჭიჭყინებს, ხალხი გამოჩნდა, აგერ ყეენის ტაკიმასხარა, ესეც ჩალმიანი სახეგამურული ყეენი აქლემზე შემჯდარა... ნახატის მარჯვენა მხარეს გაშიშვლებული ბებუთით ხელში შენიღბული ყეენის ერთ-ერთი მოხელე ძარცვავს ვიღაცას. ნახატის მარცხენა მხარეზე მდგარი პოლიციელი გულდიჯად უყურებს ამ სცენას...
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ყეენობა |
ყეენობის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს, მაგრამ ერთ საკითხში ყველას აზრი თითქმის ერთმანეთს ემთხვევა, კერძოდ, რომ ეს უნდა იყოს ძველი ქართული წარმართული რელიგიიდან შემორჩენილი სანახაობა, რომელსაც ფორმა მეტ-ნაკლებად შემორჩა, ხოლო შინაარსი მთლიანად შეეცვალა. მწერალ გიორგი წერეთლის აზრით „... უფრო დასაჯარებელია, რომ ეს ყეენობა იყოს ძველებური სამხედრო თამაშობიდან პირველ მაჰმადიანთა მხერდარმთავრის მურვან ყრუს შემოსევის დროს... გაჩენილი სანახაობა“.
სერგი მაკალათია ფალოსის კულტთან კავშირში იხილავს ზემო სვანურ ეროტიულ-სექსუალურ რიტუალს „საქმისაის“ და აღნიშნავს: „საქმისაის“ წესების გარკვევა ჩვენთვის იმ მხრივაც საინტერესოა, რომ ის თავისი რიტუალით არამცთუ ენათესავება ქართულ ყეენობას, არამედ, ჩვენი აზრით, მასში დაცული უნდა იყოს ქართული ყეენობის უძველესი წარმართული სახეც“.
ივ. ჯავახიშვილი ეხება რა ზემო სვანეთში საყველიერო დღესასწაულთან, მურყვანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ჩვევას „კვირიაის“, „ადრეკილაის“, „მელია ტულეფიას“, „ფერხელ ჭიშხოშის“ და ოთხ სიმღერას, დაასკვნის, რომ სვანეთში ამ ჩვევებით მეტ-ნაკლებად შეიძლება ყეენობის პირველყოფადობის დადგენა.
„კვირიაის“ დღესასწაულის სახეცვლილებანი ნათლად ჩანს თვით დღესასწაულში მონაწილე ჯგუფთა მეთაურობის სახელთა ცვალებადობაში: კესარი - კეისარი, ყაინი - ყეენი, შაჰი. სახელთა ცვალებადობა საშუალებას იძლევა დადგენილ იქნეს ამ სანახაობის ევოლუციის საფეხურები. ადრინდელია კეისარი, შემდეგ ყეენი და შაჰი.
ალ. ხახანაშვილი ყეენობის საწყისს ხედავდა ძველ ქართულ წარმართულ რელიგიაში. „... წამართული დღესასწაულების მოგონება შემორჩენილია ქართველი ხალხის ყველიერის დროსგატარებაში (დათო-დათვი, ბერიკაობა, ჩალიჩობა), დიდმარხვის ორშაბათს ყეენობის დაწესებით და სხვ. ყეენობა გვაგონებს ბრძოლას ზამთრის და გაზაფხულისას. ბრძოლას, რომელიც თავდება გაზაფხულის გამარჯვებით. თვით სახელწოდება კი ამ დღესასწაულისა გვარწმუნებს, რომ ძველ წარმართულ ნაშთს დაერთო რაღაც ისტორიული მოგონება სპარსეთის გავლენის დროისა...“
თბილისური ყეენობა XIX საუკუნეში უკვე ჩამოყალიბებულ თეატრალურ სანახაობად იქცა. იგი წარმოიქმნა ხალხური შემოქმედების მდიდარ ბაზაზე. ეს იყო დაუწერელი წარმოდგენა, რაც ყეენობაში მონაწილეთ საშუალებას აძლევდა შემოქმედებითად გამოეყენებინათ თავიანთი სამსახიობო ნიჭი.
თითოეულ უბანს თავისი ყეენი ჰყავდა. ყეენს არ შეეძლო თავისი საზღვრის გარღვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ატყდებოდა ხელკეტებით ჩხუბი, ამიტომაც ამ ინციდენტს ყველა ერიდებოდა. საუკუნის დასასრულს რეგლამენტის ეს წესიც მოიშალა. ერთი ყეენი მეორე ყეენის უბანში გადადიოდა და იქ ყეენობდა.
ყეენი ჰყავდათ ავლაბრელებს, კუკიელებს, სოლოლაკელებს, ხარფუხელებს და შუაქალაქელებს. ყეენს ირჩევდნენ ხელოსნები თავიანთი რიგებიდან. ამორჩეული უარს ვერ იტყოდა. რომელი ამქრიდანაც იყო, იმ ამქრის დროშა მიუძღვებოდა მას წინ. პირგამურულ ყეენს ვირზე პირუკუ შესმულს შემოატარებდნენ მთელ უბანს, მერე მტკვარში გადააგდებდნენ ისეთ ადგილას, რომ არ დამხრჩვალიყო, ხოლო შემდეგ შეგროვილი ფულით ქეიფობდნენ და ყეენისაგან დახსნასა და იმის სიკვდილს უქმობდნენ. ხალხური გადმოცემით ეს იყო სპარსელი მოხელის ქალაქიდან განდევნა.
80-იან წლებში ყეენი ტყავგადაბრუნებული ტანისამოსის ნაცვლად იცვამდა კიტელს, რომლითაც ასახიერებდა ლოთ და სამსახურიდან გადამდგარ რუს ოფიცერს, ყეენის მოხელეებიც რუსი ჩინოვნიკების ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი.
ყეენობა პოლიტიკურ სახეს იღებდა და ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ XIX საუკუნის 90-იან წლებში იგი აკრძალა. ყეენობის მაგივრად გაჩნდა „ყეენობის კუდი“, რაც გამოიხატებოდა ქალაქგარეთ ბაღებში გასვლაში, ქეიფსა და დროსტარებაში. ყეენობა, ხალხის მოთხოვნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 1914 წელს დაუშვა. ამიერიდან ყეენობა იმართებოდა არა ყველიერის ორშაბათ დღეს, არამედ შაბათს.
***
ძველი თბილისის ყოფაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მაჭანკლობას. ქალ-ვაჟთა გაბედნიერებაში დიდ როლს თამაშობდა მაჭანკალი... საპატარძლოს გასინჯვა ეწყობოდა ხატობაზე ან აბანოში. იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდებს ერთმანეთი მოეწონებოდათ, მათი მშობლები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ქორწილისა და მზითვის შესახებ.
|
ვანო ხოჯაბეგოვი - მზადება ქორწილისათვის |
მზითვი იგზავნებოდა ქორწილის წინა დღეს. ახალგაზრდები ჯვარს ეკლესიაში იწერდნენ. შინ დაბრუნებულებს, ახალჯვარდაწერილებს, ვაჟის დედა ხვდებოდა კარებში და ვერცხლის თასიდან ასმევდა შარბათს, იმ სურვილით, რომ ახალდაქორწინებულნი ამ სასმელივით ტკბილად შებერებოდნენ ერთმანეთს. ეს იყო ე.წ. სიმბოლური რიტუალი. წყლის მოტივი საქორწილო რიტუალში „ცხოვრების მინიჭების“ აქტის სიმბოლურ ნიშანს უნდა წარმოადგენდეს. საქორწილო წეს-ჩვევებში წყლის მინიჭება ნაყოფიერების ღვთის კულტთან დაკავშირებული წესის სახით შემორჩა. მეჯვარე-ხელისმომკიდე ჯვარდაწერილებს გაშიშვლებული ხმლის ქვეშ ატარებდა. ხმლის ქვეშ გატარებით ახალჯვარდაწერილები და მათი ახალშექმნილი ოჯახი უნდა დაეცვათ ბოროტი, ავი სულებისა და მავნე თვალისაგან. ახალჯვარდაწერილებს ფეხქვეშ გასატეხად თეფშს უდებდნენ. ეს იყო კერპთაყვანიმსცემლობის დროინდელი რელიგიური რიტუალი, რომელიც დღესაც არის შემორჩენილი.
საქორწილო ცერემონიალში შედიოდა ერთი მეტად თავისებური ჩვევა. თუ ახაჯვარდაწერილ ნეფეს მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა, ქორწილის შემდეგ იგი თავის მაყართან ერთად მიდიოდა მათ საფლავზე და იქ ილხენდა. ეს იყო სულის უკვდავებასთან დაკავშირებული რიტუალი. ამით მიცვალებულის სულს არ ივიწყებდნენ. ნახატში „ნეფის ცეკვა მამის საფლავზე“ გვირგვინოსანი ნეფე დუდუკის ჰანგზე ცეკვავს მშობლის საფლავზე.
|
ვანო ხოჯაბეგოვი - მზითვის ჩვენება |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - პირის სანახავი |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - პირის სანახავი |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ჯვრისწერის შემდეგ |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ნეფის ცეკვა მშობლების საფლავზე |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ცეკვა ქართული |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ისინი ხვდებიან საპატიო სტუმარს |
***
შუა საუკუნეებიდან მოყოლებული მახლობელი აღმოსავლეთის დიდ ქალაქთა, მათ შორის თბილისის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს წვრილ ვაჭართა და ხელოსანთა კორპორაციები, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ ერთნაირი ხელობის და პროფესიის მიხედვით.
ამგვარ კორპორაციებს პირველ ხანებში არსებულ ენაზე ანსაფი ეწოდება, შემდეგში იგი შეცვალა სპარსულმა ტერმინმა - ჰამქარმა, რაც ნიშნავდა თანამოსაქმეობას.
ამქარს ჰყავდა მოთავე უსტაბაში, რომელსაც ხელოსნები ირჩევდნენ თავიანთი რიგებიდან. არჩევნები ეწყობოდა დანიშნულ დღეს ეკლესიის ეზოში, ანდა ქალაქგარეთ. უსტაბაშს ეძლეოდა ორი მოადგილე. ახსკალი და მდივანი - იღითბაში. არჩევნების შემდეგ იწერებოდა ე.წ. წესდება უსტაბაშის უფლებებზე. მის უფლებებში შედიოდა ოსტატთა ინტერესებისა და მუშაობის წესების დაცვა და სხვა. არჩევნები მთავრდებოდა მილოცვით. უსტაბაშს ოსტატები მორჩილების ნიშნად ხელზე კოცნიდნენ. ეს ცერემონიალი მთავრდებოდა დინჯი და მადლიანი პურისჭამით.
კორპორაციის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეთმობოდა შეგირდების აღზრდას. მშობელს შვილი უსტაბაშთან მიჰყავდა, რომელიც ბავშვს ოსტატს მიაბარებდა. ოსტატი განსაზღვრული დროის განმავლობაში წვრთნიდა შეგირდს. თუ იგი ხელობას ვერ აითვისებდა, ოსტატი უსტაბაშს მოახსენებდა და ბავშვი მშობელს უბრუნდებოდა. ხელობის შესწავლის შემთხვევაში ეწყობოდა სეგირდის გამოცდა ოსტატობის „წოდების“ მისაღებად. გამოცდა ეწყობოდა მინდორში, ქალაქგარეთ, ან ბინაზე. არსებობდა ჯდომის წესი, ჯერ უსტაბაში ჯდებოდა, შემდეგ მოწვეული მღვდელი, შემდეგ ოსტატები დამსახურების მიხედვით. დამაკმაყოფილებელი გამოცდის შემდეგ მღვდელი ლოცავდა შეგირდს. უსტაბაში შეგირდს სამჯერ ადებდა ამქრის დროშის ჯვარს. ახალარჩეულ ოსტატს წელზე შემოარტყამდნენ ფოჩებიან სარტყელს, რომელიც სამი დღე უნდა ეტარებინა, რათა ყველას ენახა, თუ რა დიდ პატივს ეწია. დალოცვა მთავრდებოდა იმით, რომ უსტაბაში შეგირდს სახეში სამჯერ გაარტყამდა სილას. ეს იყო ატესტატის მიცემა - მონათვლა. შემდეგ გადაკოცნიდნენ ერთმანეთს თანასწორობის ნიშნად და იმართებოდა დიდი ქეიფი. პირველი სადღეგრძელო ოსტატისა იყო, შემდეგ უსტაბაშისა და ამქრის.
...
აღსანიშნავია, რომ 1893 წელს მთავრობამ აკრძალა ეს წესი. ამიერიდან თბილისის ამქარს ეკრძალებოდა საგანგებო ნებართვისა და განკარგულების გარეშე თავისი დროშით ქუჩაში გამოსვლა, სხვადასხვა საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მიღება და სხვა. რუსეთის ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობდა აეკრძალა და კანონგარეშე გამოეცხადებინა თბილისის ხელოსნების მიერ შემონახული ძველი თბილისის ეთნოგრაფიულად და ისტორიულად საინტერესო წეს-ჩვევა.
|
ვანო ხოჯაბეგოვი - კრივი |
***
ძველი თბილისის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა სპორტულ თამაშობებს: ქართულ ჭიდაობას, კრივს, წრე-ლახტს... აღნიშნულ თამაშობათა ხანდაზმულობა ისტორიული პერიოდებით განისაზღვრება და ძველ ადათ-ჩვევებს მიეკუთვნება.
მუშტი-კრივი თბილისელთა ერთ-ერთი საყვარელი სანახაობა იყო. ძველად კრივი იმართებოდა ავლაბარში, სიონის ქუჩაზე, აბას-აბადისა და პურის მოედანზე.
ძველად მუშტი-კრივთან ერთად იბრძოდნენ ქვითაც. მას ეწოდებოდა სარდასტის კრივი. კრივს ჰქონდა თავისი წესები. ბრძოლა იწყებოდა ქვის სროლით, შურდულებითა და ხელით, შემდეგ, მოწინააღმდეგენი გადადიოდნენ ხელჩართულ ბრძოლაზე. ამ დროს ხმარობდნენ ხის ხმლებსა და მუშტს. ხელჩართული ბრძოლის დროს აკრძალული იყო ქვის ხმარება. როგორც ბევრმა წეს-ჩვევამ ძველ თბილისში, კრივმაც იცვალა თავისი წესები.
1851 წლის 2 თებერვალს სიონის ქუჩაზე გამართულ მუშტი-კრივს მოჰყვა ქვებისა და აგურების სროლა, რის შედეგადაც რამდენიმე კაცი დაშავდა, ხოლო ახლომახლო სახლებისა და მაღაზიების მინები ჩაილეწა. ამიტომ მეფის მთავრობამ აკრაძალა კრივი. მეფისნაცვალი მ.ვორონცოვი ამ ინციდენტის გამო პეტერბურგში გზავნის ახსნა-განმარტებით ბარათს, სადაც თხოულობს, რომ თბილისში კრივი არ აკრძალონ. ვორონცოვი თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად შემდეგ არგუმენტს იმოწმებს, რომ ქართველები მებრძოლი ხალხია და ამიტომ კრივი მათი ზნე-ჩვევის განუყოფელი ნაწილია. პირადი გამბედაობა და სიყოჩაღე ქართველებში ყოველთვის იყო საყოველთაოდ პატივსაცემი. მუშტი-კრივის მთლიანად აკრძალვა, - აგრძელებს მეფისნაცვალი, - არა მარტო შიგ ქალაქში, არამედ მის გარეთაც, დააღონებს აქაურ მოსახლეობას, რომელსაც შთამომავლობით მიუღია ეს მათთვის საყვარელი გასართობი. კრივი უკავშირდება ხალხის ხასიათს, მის გმირობას, რაც ესოდენ დამახასიათებელია ქართველთათვის, და მათ ხდის ბრძოლისუნარიანს თავისი საზღვრების დასაცავად. აღნიშნული ახსნა-განმარტებითი ბარათის შემდეგ მთავრობა დაუშვა კრივი, ოღონდ ქალაქგარეთ. ამიერიდან კრივი იმართებოდა კვირაცხოვლის ეკლესიასთან.
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ქართული ჭიდაობა |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ქართული ჭიდაობა |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ბაირამობა |
***
თბილისში, განსაკუთრებით მის ძველ ნაწილში, შეხვდებოდით სხვადასხვა ტიპს: აი, ზორბა ქართველი ჩოხა-ახალუხში, კეფაზე მოგდებული ქუდით; ჩასუქებული სომეხი თავზე „მოსკოვური კარტუზით“, ლეკი შუბლქვეშიდან ეჭვიანი გამოხედვით, თეთრჩალმიანი მოლა, თეთრწვერა სპარსი, ინით შეღებილი ფრჩხილებით, ფეხებზე ჭრელი წინდებითა და ქოშებით, რუსი ჩინოვნიკი სერთუკში, პოლონელი, გერმანელი, თავზე თაბახშემოდგმული ან ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში პატარა „ტაჩკაში“ შებმული ვირით მიმავალი კინტოები.
სომეხი გრიგორიანელები დღესასწაულობდნენ: ფეთხაინობას, სურბ-სარქისობას... მაჰმადიანები - ბაირამობას, შაჰსეი-ვაჰსეის... შიიტები - აშურას, გლოვის დღეს მართავდნენ მუჰარემის თვის 10 რიცხვში.
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ბაირამობა |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - შაჰსეი-ვაჰსეი |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - შაჰსეი-ვაჰსეი |
აშურას დროს არც ერთი შიიტი არ ვაჭრობდა, საკლავს არ კლავდა, ქალები ქუჩაში დადიოდნენ თმაგაწეწილნი, დაგლეჯილი ტანსაცმლით, გლოვის ნიშნად სახეზე ესვათ მური, სახეს იხოკავდნენ და იკაწრავდნენ. სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილენი, თვითგვემის ნიშნად, ტანზე იცემდნენ ხმლებსა და ჯაჭვებს, თვითგვემას ერთვოდა შემზარავი შეძახილები „შაჰსეი - ვაჰსეი“, (შაჰ ჰუსეინ, ვაჰ ჰუსეინ). ვინც აშურას დროს სასიკვდილოდ დაშავდებოდა, წმიდანად ითვლებოდა.
|
ვანო ხოჯაბეგოვი - კინტო სასწორით |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - მეთულუხჩე |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - მენახშირე |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - მენახშირეები ვაჭრობის შემდეგ |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - მეფის ჯარისკაცი და კინტო ომამდე და ომის შემდეგ |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - მექელეხენი |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - მთიელები და ყასბები |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - რაჭველი კურტნიანი მუშები |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - სულელი იაშკა (ბუკინისტი) |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - სულელი იაშკა (ბუკინისტი) |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ტივი მტკვარზე |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ურემი რუმბით |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ფიჩხის გამყიდველი და ზედამხედველი |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ფრონტისათვის |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ქალაქისაკენ |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ქართული გვარდია |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ქართული გვარდიის აღლუმი |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ქეიფი ქალაქგარეთ |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ღარიბის დასაფლავებაზე |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ყარაჩოხელთა ლხინი |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ყარაჩოხელთა ქეიფი დუქან ზალატიე გოსტის ეზოში |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ყარაჩოხელის ცეკვა |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ყასბები |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ხარის დაჭედვა |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ხარის დაჭედვა |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ხარის დაჭედვა |
|
ვანო ხოჯაბეგოვი - ხევსურები და ყასბები |
ავტორი: თეიმურაზ ბერიძე, გამომცემლობა ხელოვნება - 1969წ.