რეზო გაბრიაძე - უცხო ჩიტი
აქ მოთხრობილი ამბავი ნამდვილია მეთქი, რომ დავიჟინო, მკითხველი მაინც არ დამიჯერებს. ოღონდ ერთში უნდა მენდოთ, პირადად ჩემთვის ნამდვილზე უნამდვილესი რომ არის ეს ამბავი, რადგან ბავშვობისას მაქვს მოსმენილი ბუხრის პირას - არ ვიცი ქუთაისში, გუმბრინში, საქარაში თუ საკუთრივ ძუყნურში. მაშინ დავიჯერე მიზანასა და არისტოს, ერთაოზისა და მარგალიტას, ქრისტეფორესა და თამუნიას ამბავი და მერე კაციშვილმა ვერ გადამათქმევინა. კინოს ხალხმაც ირწმუნა მისი სინამდვილე, გადაიღეს "შერეკილები".
მე კი გულმა ვერ მომითმინა და ის ბუხრის პირას გაგონილი ამბავი ახლა უფრო წვრილად აღვადგინე მეხსიერებაში. თანაც ბევრი წაკითხული დავუმატე, ბევრიც ჭკვიანი ხალხიდან განაგონი, ბევრიც მეცნიერული, ბევრიც ქუჩაში ან სუფრაზე მოსმენილი და ეგებ შენი ნათქვამიც, საყვარელო მკითხველო!
მე კი გულმა ვერ მომითმინა და ის ბუხრის პირას გაგონილი ამბავი ახლა უფრო წვრილად აღვადგინე მეხსიერებაში. თანაც ბევრი წაკითხული დავუმატე, ბევრიც ჭკვიანი ხალხიდან განაგონი, ბევრიც მეცნიერული, ბევრიც ქუჩაში ან სუფრაზე მოსმენილი და ეგებ შენი ნათქვამიც, საყვარელო მკითხველო!
ძუყნური, მიზანას დედულეთი, ზეციერს ცოტა მაღლა აუტანია. თესლს კი ჩაიტევს სადმე ქვებში, მაგრამ მერე უზრდელობას დამართებს, კოჭს არ ააცილებს.
დაბადების წელი მიზანას არც თავისი ახსოვდა და არც ერთაოზისა აინტერესებდა მაინცდამაინც.
მიზანა მსხლის ძირში ჩამოჯდა. ხის ტანზე ორ რიგად, ზევიდან ქვევით და პირიქით, ჭიანჭველების რიგი მოძრაობდა. "რა დროს მუშაობაა ამ წვიმაში", - გული მოუვიდა მიზანას და სველი თითით გზა გადაუჭრა მშრომელებს. დაბრკოლების წინ ჭიანჭველებმა თათბირი გამართეს. ერთი შეასახელეს, რაღაცა უთხრეს, გადარიეს და თავზე ხელაღებულმა მიზანას თითს შეუტია. - ვინ დაგიფასებს მერე, ჩემი არ იყოს, ვაჟკაცობას! - უთხრა მიზანამ და თავდადებული ჭიანჭველა უგზო-უკვლოდ გადაკარგა წკიპურტით.
ერთაოზი ხეს მიეყუდა, ცარიელმა კუჭმა ყურყურს უმატა, მიზანას კუჭმაც თანაუგრძნო.
ამოიოხრა მიზანამ და ცალი თვალით შვილს გადახედა, სიტყვა თუ ჭრის ამ დამშეულზეო.
მიზანა შეჭირდა. ერთხანს გაჩუმებული იჯდა და თითს შუბლზე ატარებდა, თითქოს ხვრელს ეძებსო აზრის გამოსატანად.
ასე სიმღერაში მიიცვალა მიზანა ბერგვაძე ერთ გაღლეტილ შემოდგომას, აუშვა ცაში ხმა და ვეღარ დაიბრუნა, ამოისუნთქა და ვეღარ ჩაისუნთქა, ისესხა სამი ჩაფი ღვინო და ვეღარ ჩაასესხა, დაფლეთილი ყავარი ამოიღლიავა და სასულეთში გადაინაცვლა მამაზეციერთან, ვარდის ყანაში, ბუმბულის ბალიშებზე, მურაბის ტაშტებს სალოკავად.
მიზანა მთლიანი ყავრით გაზომეს, სასახლეში ჩაასვენეს, სარტყელში ხაჭაპური ამოუდვეს სამგზავროდ, ვენახს სამჯერ შემოატარეს, წაიყვანეს და შუაგულ ეკლესიაში დაისვენეს, წირვა მოასმენინეს, ტირილი გაუმართეს და მიწას მიაბარეს. - კაცის სული პეპელას მიაქვსო... - ითქვა უკანობისას.
დათიკია მღვდელი ამ ქვეყნის კაცს აღარ ჰგავდა, სიბერისგან ძალზე დაცოტავებულიყო, მჭლეხორციანი, ფოთოლივით კრთოდა, ნაჩუქარ წლებს ხარჯავდა მოწიწებით და ღმერთს მადლობას სწირავდა ყოველ გამთენიისას. წებოს სვამს ღამღამობითო, ხმა დაირხა მრევლში, სული რომ ჩეიმაგროს სტომაქში და არ გაეპაროს, იმიტომო...
- ზრდილობამ ამოგვწყვიტა იმერლები, თვარა თათარზე მეტი ვყოფილვართ ჩვენ!
ერთაოზი ნალიაში აძვრა ღამის გასათევად. დიდხანს ვერ მოეწყო, რადგან მისი სიგრზე ადამიანი უნაშთოდ ნალიაში ვერ ჩაეტეოდა. მიხვდა ამას და ფეხები გარეთ დაუტოვა ღამეს. მეჩხერ კედლებში შემოსულმა მთვარის სხივებმა ზოლებად დაყვეს ერთაოზი.
- ქალაქში ვინც წავიდა, ყველა შავი დედალით გაკეთდა! მიდი, შვილო, მიდი! - ალერსიანად უბიძგებდა ქალაქისკენ ისიდორე ერთაოზს, მარა ფაიტონებს ერიდე, იცოდე, ღმერთი არაფერ შუაშია მაგენის გაჩენაში!
***
ქალაქი, რომლისკენაც ერთაოზი დაიძრა, დღესაც არ აღინიშნება ყველა რუკაზე და ცვენს დროშიაც "სხვადასხვა დასახლებულ პუნქტად" ასახელებენ. ამ ქალაქს შუაში პატარა მდინარე ჩაუდიოდა, რომლისთვისაც უფრო სწორი იქნებოდა, მოსიარულე წყალი გვეწოდებინა. ეკლარის ქვით ნაშენი სახლებიდან მუდამჟამს გიტარის სევდის მომგვრელი კვნესა ისმოდა. ღორები ქუჩაში სამყურას გლეჯდნენ. ვენახებით დატყვევებულ ქალაქში ნახევარი მოსახლეობა მთვრალი იყო, მეორე ნახევარი კი უფრო მთვრალი, ანდა პირიქით. გუბერნატორს ჭუშკარს პარავდნენ და ნალებს ჭედავდნენ. ღამღამობით მგლები ტყიდან ტყეში ქალაქის ქუჩებით გადადიოდნენ მოკლეზე. სახელგანთქმულ ტრაგიკოსს, უბადლო ჰამლეტს დუქნებიდან წამოყოლილი ღვინის მწერები დასდევდნენ სცენაზე, ტაშის დროს კი ჭერიდან კეტეტილები ცვიოდნენ. ცხენოსნები ტროტუარზე დასეირნობდნენ. უყვარდათ სიტყვები: "გენიოზი", "გრადუზი", "ბალზაკი". სწამდათ სიზმრების, ჭიამაიების, მარჩიელების, ჭინკების, სწამდათ, რომ ხოჯავა მეთულუხჩეს ორი გული აქვს და სრიალა კუდი წინიდან. ოქროთი სავსე თასით მთელ ქალაქს მოივლიდა კაცი შუა ღამით უშიშრად, ლობიო მესამე წყალში იხარშებოდა. მოქალაქეთა ფიქრები და აზროვნება დაბურული იყო, დამოკიდებულებანი კი ტკბილი, როგორც გაჩენის პირველ დღეს. ვაჭრობდნენ მტკნარად, ღიმილით.
ოცდასამი თერძი, ოცდაორი მეთოფე, სამასი გიტარა, ბერუჩევის ბაღი, ქინაქინა, ბანოჯის წურბელები, საპონი იარმურკის, თევზი რებეცი, ჩაი კონტონის, სახლი ღვთისშვილის, სახლი საჯდომად - ორას სამი, სახლი გირაოთი - ორმოცდათორმეტი. დროშის მტვირთველი - ერთი.
უბედურ შემთხვევათა რიცხვი: მეხდაცემულობა - 3 კაცი, 0 ქალი. მკრეხელობა - 7 კაცი, 29 ქალი. გაყინვა - 1 კაცი, 0 ქალი. ჩინოვნიკთა უპატივცემულობა - 0 კაცი, 0 ქალი. ქამასოკოთი მოწამვლა - 78 კაცი, 78 ქალი. კბილების დაგდებინება - 25 კაცი, 0 ქალი. კბილების ჩაგდებინება - 57 კაცი, 0 ქალი. გარეული ცხოველებისგან დაკბენა - 2 კაცი, 1 ქალი.
ქუჩებში ისეთი სიჩუმე იდგა, რომ პეპელას ფრთების ფრთქიალს გაიგონებდით და ყველა დღე უქმეს მოგაგონებდათ.
ასეთი იყო ქალაქი, როდესაც ერთაოზი პირველად გამოჩნდა მის ქუჩებში.
***
მარგალიტა მეორე ცოლი იყო ტრიფონისა. პირველი - ჩიტოლია ვერ გამოადგა ტრიფონს, სხვანაირი ქალი იყო, საჯარო, ნაზად მჭამელი, ლოტოს თამაშობდა, დაჯდომისას კაბინიდან ფეხი გამოუჩნდებოდა, მოდას აყოლილი "სუხარებსაც" ახრამუნებდა, ქვიშანს ნემსით მიირთმევდა და მარაოს სუნამოთი ნამავდა. ერთხელ ტრიფონმა რეისიდან ორი ნესვი ჩამოიტანა, დუთმა, ისპაჰანიდან. ჩიტოლია სახლში არ დახვდა. ტრიფონმა ერთხანს უცადა, უცადა, შემდეგ ჯიბიდან ჯაყვა ამოიღო, გახსნა, მტვერი გამობერა ტარიდან და ნესვი გაჭრა. ჩიტოლიას ლოდინში ტრიფონს ჩასძინებოდა. რომ გაეღვიძა, მზე უკვე გადასულიყო, ცოლი მაინც არსად ჩანდა. მაშინ ტრიფონს მოწყენილობა რომ გაეფანტა, თავში ერთი აზრი მოუვიდა: მოდი, ამ მეორე ნესვსაც გავჭრი, ჩავიხედავ შიგნით, როგორიაო. ტრიფონმა ნესვისკენ რომ წაიღო ხელი, ნესვი აღიღინდა და ქალად იქცა. ეს გახლდათ მარგალიტა.
დაღლილ დაქანცული ერთაოზი მოუნათლავ კატასავით დაეხეტებოდა ქუჩა-ქუჩა.
საყასბოს წინ გახუნებული ძარლი ხორცის საჩეხ ჯირკს ღრღნიდა. ერთაოზმა სულგრძელად გადაუგდო ნაზუქი, ძაღლმა ჯირკი უარყო და ნაზუქს ეცა.
***
მარგალიტამ ღილები აიწყვიტა მკერდზე და ერთაოზს ორ თეთრ გორაკს შორის ჩამოკიდებული მინანქრიანი წმინდა გიორგის ხატი თითით უჩვენა, - რაც უნდა მოხდეს, ხმა-კრინტი არ დაგცდება ჩემზე, შემომფიცე!
ამ სულისწამღებმა სანახაობამ ერთაოზი ააცახცახა.
[...]
- ვფიცავ! - ღრმად ჩაისუნთქა ერთაოზმა და ანთებული ბაგეებით კიდევ ერთხელ ეამბორო ხატს, მაგრამ ამჯერად ტუჩები ასცდა წმინდა გიორგის და მის ძებნაში დიდი დრო დაიკარგა.
[...]
მარგალიტამ გულ-მკერდი გადაუსალა და ერთხელ კიდევ გაასესხა წმინდა გიორგი. გულუხვმა მლოცველმა კი ერთხელ კიდევ მოიარა ხევ-ხუვები მხურვალე ლოცვით.
- რას შობი, ბიჭო?!
- წმინდა გიორგის ვეძებ... - წაიკვნესა ერთაოზმა.
- რა უნდა მერე მაქ წმინდა გიორგის?! - თეძოებიდან ძლივს აიგლიჯა რელიგიურ ექსტაზში გადავარდნილი ერთაოზას ხელები მარგალიტამ.
***
ერთაოზი ჩააკვირდა და სიბნელეში რაღაც მოარული ძონძები ამოიკითხა, რომლებსაც გრძელთმიანი, გაბურძგნალწვერიანი კაცის თავი ამშვენებდა. ეს გახლდათ ქრისტეფორე მგალობლიშვილი, სამოცდაათ წელს გადაცილებული ნასტუდენტარი ქართლელი კაცი. უცნაირი, მუდამ მოღუშული, თავის ფიქრებში წასული ტუსაღი, რომლის ამ სატუსაღოში მოყვანა აღარავის ახსოვდა. რას არ ამბობდნენ მასზე ჭურებში, თითქოს ოდესღაც გორში თუ კასპში შუშის ქარხანა აეშენებინოს, შემდეგ კი მიეტოვებინოს. თითქოს 500 კვერცხის უკრუხოდ გამოჩეკა სცოდნოდეს, იმასაც ამბობდნენ - მეხის დაჭერა შეეძლოო. მაგრამ რატომ მოხვდა აქ, ეს კაციშვილმა არ იცოდა.
- ეჰ, - სინანულით გადააქნია თავი მოხუცმა - აი, ეს ვართ ქართველები, ამ საპყრობილეში მიჯნურები და რასტრატჩიკები ვსხედვართ მხოლოდ. არც ერთი მოაზროვნე, არც ერტი პოეტი... ანარქისტი მაინც იყვეს ვინმე...
***
- ოხ... - სამარისებურ სიჩუმეში დაიწყო ქრისტეფორემ და ერთაოზიც სმენად იქცა. - მე არასოდეს დამავიწყდება გაზაფხულის ის მშვენიერი დილა. ჟენევიდან ახლად დაბრუნებული მარტოდმარტო მივდიოდი ქუჩაში. ანაზდად დაჰქროლა ქარმან სასტიკმან. დავინახე, რომ ჩემსკენ მოგრინავს ჩალის ნაცრისფერბაფთიანი ქუდი მანდილოსნისა. დავიჭირე. გადავხედე არემარეს, რათა პატრონ შემენიშნა, ოხ... - ამოიოხრა მოხუცმა.
- მერე?
- ჩემს წინ ბუნების უმშვენიერესი ქმნილება იდგა. მე მივხვდი, რომ ეს ის არის და ის მიხვდა, რომ მე მე ვარ... ანდამატისებრ მიმიზიდა, მიმზადა მსწრაფლად ცნობანი მშვენიერებამ. ის დღე და ის ღამე, მთვარის შუქზე შემდგარმა, მე თამუნია ყიფიანის სარკმელთან გავატარე. გამტენიისას ვიწრო სარკმელში ბროლის ხელი გამოჩნდა, რომელმაც ტუბეროზა გადმომიგდო... ჩვენ გადავწყვიტეთ ჯვარი დაგვეწერა. ასპიროზის მამა განრისხდა და საცოდავი გოგონა მონასტერში დაამწყვდია. ვეახელი მას და ვთხოვე თამუნიას ხელი, "როგორ! - მიყვირა გენერალმა, - ჩემი ერთადერთი გოგონა ვიღაც სუხარებით გამოტენილ ფიზიკოსს გავაყოლო?! როგორ გამიბედე ეს, შე ნაძირალავ!" რარიგ დიდი არ იყო ჩემი სიყვარული, მაინც ვერ მოვითმინე შეურაცხყოფა და სილა ვსტიკცე გენერალს!
ამის შემდეგ შეყვარებული ფიზიკოსი გაუსამართლებიათ, მოსამართლეს, თავად ფალავანდოვს, მისთვის სამი წელი მიუსჯია. "აჰ, შე ნაძირალავ!" - შეჰყვირა მაშინ სტუდენტმა, სტაცა ხელი თურმე ფალავანდობს. კვლავ გაასამართლეს, ამჯერად მოსამართლის შეურაცხყოფისათვის, მოსამართლე ციციანოვმა იმ სამ წელს ხუთი წელი დაუმატა და, რადგანაც სტუდენტს სასამართლოზე ხელფეხდაბორკილს, მეტი ვერაფერი მოუხერხებია, თავი უთავაზებია მოსამართლისათვის სახეში. ისევ გაასამართლეს. კიდევ ხუთი წელი მიუმატეს ციციანოვის შეურაცხყოფისათვის. "აჰ, შე იშკილბაზო!" ისევ გაისმა შეყვარებულის ხმა.
- ერთის ლექსით, თვრამეტი წელი დავაგროვე. ფარ-ხმალი მაინც არ დამიყრია. გადავწყვიტე საფრენი აპარატი გამომეგონებინა თამუნიას მოსატაცებლად, როცა ორივენი ჰაერში ავფრინდებოდით, მაშინ რაღა დაუდგებოდა წინ ჩვენს სიყვარულს! დღედაღამ ვმუშაობდი გამოთვლებზე. ოხ, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა! თამუნიას სიყვარულის ნიადაგზე ტუბერკულოზი განუვითარდა. კონსილიუმი კონსილიუმს მოსდევდა, სურამი, ნიცა, კუმისი! ყველაფერმა ამაოდ ჩაიარა, მისი უკანასკნელი თხოვნა ჩემი ხილვა იყო, აბა, ამას ვინ დაუდგებოდა წინ. წამიყვანეს ბორკილიანი, ცოცხალს ვერ მივუსწარი... სევდიანი ღიმილი ამშვენებდა მის ნაწამებ სახეს... მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონები! უკანასკნელი სიტყვები ქცევამზიანის, სხივცემულისა ყოფილა: "შენ, მხოლოდ შენ"...
ერთაოზი გაოცებით ისმენდა ამ ამბავს. თურმე ნუ იტყვით, მოხუცი ყოველ 5 წელში ერთხელ ახერხებს აქედან გაპარვას სატრფოს საფლავსი სანახავად და უბედურს ყოველთვის სასაფლაოზე იჭერდნენ. მოჰყავთ საპყრობილეში და მოსახდელ წლებს უმატებენ. ის კი ისევ გარბის, კაციშვილი მისი დამკავებელი არ არის თურმე!
***
ვორი, შე უპატრონო, ვორი, - ჭურის თავში ხუტა ოდიშარიას სახე იგო გაჩხერილი, - არ მომშალა კაცი? ხუთი დღეა ამას რავა მოვუმდომებ!
ერთაოზმა ხუტას ჯინაზე დაწერა სამიანი, მაგრამ ჭურში შემოსულმა სარზე წამოცმულმა სარეცხელმა ჭეშმარიტება წაშალა.
- აქედან ვერ წაშლი, - მტკიცედ უთხრა ციხის უფროსს ახალგაზრდა მეცნიერმა და შუბლზე დაირტყა ხელი.
***
- ქალბატონი მარგალიტა იტანჯება, მოგეხსენებათ: ნემსის ნუგეში ძაფია...
***
ქრისტეფორემ მონახა სწორი ადგილი და გადაზომა ათი ნაბიჯი.
- სიგრძე უდრის სიყვარულს, - თქვა მან და განის გაზომვა დაიწყო.
- ჩაიწერე, - უბრძანა სანიტარ შვანგირაძეს ნოშრევანმა.
- სიგანე - რწმენას! - თქვა ქრისტეფორემ.
შემდეგ ქრისტეფორემ ცაში აიხედა, თავზევით ხელი ასწია და თქვა:
- სიმაღლე - იმედს!
***
ელვა. აკადემიკოს შარკოს, ძვირფასო მასწავლებელო და კოლეგავ! ფრენოლოგებმა განაცხადეს, რომ ხვალ გაფრინდებიან. იდეაფიქსის აუცილებელი მარცხი გამოიწვევს შოკს. მზადყოფნაშია ბროწეულის წვენის ოყნები, საშხაპო აპარატურა, აცნობეთ ლომბროზოს, მუდამ თქვენი იდეების ერთგული ნოშრევან ქეთევან მომენტი დომენტი კუჭუხიძე - კავკასიელი.
- დედალი?! - გაახსენდა ერთაოზს და მიწას ჩახედა, - შავ დედალს შავი მამალი ღობის ძირში ტკეპნიდა. - სიყვარული ვერტიკალურია! - აგრძელებდა სიტყვას ქრისტეფორე, მეტის გაგონება ვერავინ მოახერხა.
***
ტრიფონმა ეზო გადაირბინა და ის იყო კიბის საფეხურზე შედგა ფეხი, რომ უცებ მარგალიტამ დამცრობა და დამჩატება იწყო. ტრიფონმა კარს ფეხი ჰკრა, ოთახში შეიჭრა, მაგრამ ხელში მარგალიტას მაგიერ პატარა შაქრის თოჯინა შერჩა.
- ვაი... - წაიჩურჩულა ტრიფონმა და თოჯინა ხელიდან გაუვარდა.
შაქრის თოჯინა წყლით სავსე ვედროში ჩავარდა. ტრიფონი დაიხარა. მაგრამ უკვე გვიანი იყო, თოჯინა თითქმის დამდნარიყო. ტრიფონს მუხლები მოეკეცა, ვედროსთან ჩაჯდა, წყალში ჩაიხედა - თოჯინა სრულიად დადნა. ო, ტანჯვის შავმა, ბანჯგვლიანმა ხელმა მოუჭირა ტრიფონს გულზე, ცრემლით აევსო ობერს თვალები, ვედროში თითი ჩაჰყო, ერთხანს ნაზად ატარა წყალში, შემდეგ ენაზე გასინჯა. ო, რა ტკბილი და მწარე იყო ეს წყალი!
- ვაი, ჩემო კუკლიკი, თურმე რაფრა მყვარებიხარ... - თქვა ტრიფონმა, გულზე დამბლა დაეცა და მოკვდა.
***
- ეჰა, ჩემო ერთაოზ. აბა გსმენიათ, რომ პირველი სიყვარული ბედნიერი ყოფილიყოს? პირველი სიყვარული თუ აგაფრენს ცაში, თორე მეტი არაფერი მისგან არ ხდება, - ამ სიტყვებით ქრისტეფორემ მუხრუჭი აუშვა და "თამუნია" სწრაფად მოშორდა "ნემეცის" ქუჩას.
დათიკია მღვდელს სალამი დასუსტებოდა, ისე გაფუღურებულ-დაცოტავებულიყო, რომ ჩრდილი დაჰკარგოდა.
ისევ გამოჩნდა მათ თავზე ლურჯი, უძირო, სულისწამღები ცა - მამაზეციერის წამიერი საჩუქარი, და ყველაფერი გაქრა.
გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", ქუთაისის ფილიალი, 1978წ.