გელა ჩარკვიანი - ნაგერალა
ვცდილობ გონებაში აღვიდგინო სსრკ-ს დროინდელი ფასები: პური (ქარხნის) - 30 კაპიკი, ძეხვი - 2 მანეთი, ძეხვი მოყვარულთათვის - 3 მანეთი და 20 კაპიკი, ზეთი (საზარელი) - 70 კაპიკი, პამიდორი (ზამთარში) - 12 მანეთი, რძე - ?, მაწონი - ?, Печенье - ?, დამეხმარეთ!!!
საქართველოს სსრ-ს ჰიმნში იყო ფრაზა: „ქვეყანას მიეც დიდი სტალინი, ხალხთა მონობის დამამხობელი“. ანუ სახელმწიფოებრივი სიმბოლოების დონეზე ხაზი ესმებოდა მის ქართველობას. წინ კი ისმის „ჩემო სამშობლო, გმირთა კერა ხარ“ - ე.ი. სტლინი ქართველი გმირების რიცხვს მიეკუთვნება. ჰიმნი სტალინმა თავად შეარჩია, ისე რომ ამ აზრსაც ეთანხმებოდა.
საბჭოთა ხელისუფლება რომ არ დაქცეულიყო, ქალები, ვინც დღეს ჟურნალისტები არიან, დიასახლისები იქნებოდნენ. ხაჭაპურის ცხობასა და ბაჟეს კეთებაში ლაღად გაატარებდნენ ცხოვრებას.
მახსოვს ისრალეში ვიზიტისას პერესმა უთხრა შევარდნაძეს: სისულელე არ მოგივიდეთ, საპარლამენტო სისტემაზე არ გადახვიდეთო. ნორვეგიელები რომ იყოთ, კი ბატონოო, მაგრამ თქვენ ჩვენი ყაიდის ხალხი ხარტ და ძალიან გაწვალდებითო. თუ პერესს დაეჯერება, ეს ყველაფერი წინა გვაქვს.
ჩემი ოთახის კარს რომ მივხურავ, მთლიანად ვეფლობი წარსლში: ფილიპე მახარაძე (ცოცხლად არ მახსოვს), სტალინი, კაგანოვიჩები, კალინინები, ბერიები - ვინ არ არის ამ კედელზე. მონარქები, პრეზიდენტები, პრემიერები, ნანა და მე (ახალგაზრდები), შვილიშვილები, მეგობრები, სიტუაციები. ღმერთმა განსაკუთრებული ცხოვრება მაჩუქა. მადლობის მეტი რა მეთქმის. ახლა კი დასვენება გასვენებამდე!
როცა დასავლეთში დაიწყო მეორე სექსუალური რევოლუცია (60-იანი წლები), საქართველოში გამოჩნდა პირველი, 20-იანი წლების ევრო-ამერიკული სექსუალური რევოლუციის ნიშნები - ქალებმა დაიწყეს საზოგადოებაში თამბაქოს მოწევა და, წარმოიდგინეთ, მცირე დოზებით კონიაკის სმაც. მიზეზი მარტივია, ამ დროს გამოიცა სსრკ-ში ერიხ მარია რემარკისა და ერნესტ ჰემინგუეის რომანები, ანუ პირველი მსოფლიო ომის შემდგომი ეპოქის ამსახველი ლიტერატურა. ფემინიზმი და ა.შ. არავის მოსვლია აზრად.
სტალინს ნამდვილად ვერ ვაპატიებ ჯაზის აკრძალვას. იყი ამაში რაღაც ს-ტალიბ-ანური.
პოლიტიკური ტაქტიკის საკითხებში სტალინი არასდროს ცდებოდა. ყველა ორთაბრძოლიდან გამარჯვებული გამოდიოდა. რაც შეეხება სტრატეგიას, გრძელვადიან გათვლას, აქ იგი აშკარად მოისუსტებდა, ან იქნებ ის, თუ რა მოხდებოდა მომავალში, მას უბრალოდ არ აინტერესებდა. ასეა თუ ისე, ძნელია აიხსნას, თუნდაც დღეისათვის ყველაზე პერსპექტიული დისციპლინის - გენეტიკის ცრუმეცნიერებად გამოცხადება. რაც შეეხება საბჭოთა იდეოლოგიისმდგრადობის შენარჩუნებას, ამ თვალსაზრისით მისი აშკარა „შეცდომა“ იყო დასავლური კინოფილმების (ე.წ. ნადავლის) ფულის მოგების მიზნით საკავშირო ეკრანებზე გამოშვება, მაშინ, როცა საქართველოს ფარგლებს გარეთ „ქეთო და კოტეს“ ჩვენებაც კი არ მიიჩნია მართებულად. და თუმცა ამ ფილმებში გარეგნულად თითქოს არ იდო რაიმე იდეოლოგიური ნაღმები, მათმა ზეგავლენამ საბჭოთა ადამიანებზე, განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ალბათ უპირველესად აღნიშვნის ღირსია „მზიური ველის სერენადა“. ფილმს თან ახლავს გლენ მილერის Crystal chorus-ით შემკული ჯადოსნური მუსიკა. სწორედ მან განაწყო საბჭოთა ახალგაზრდობის ესთეტიკურად მგრძნობიარე ნაწილი პრო-ამერიკულად. საქართველოში ამ მუსიკამ განსაკუთრებით ბევრი თაყვანისმცემელი შეიძინა, რადგან ტრადიციულ მრავალხმიანობაზე აღზრდილი ქართველისათვის დიდად საინტერესო აღმოჩნდა Modern Airs კვარტეტის მიერ შესრულებული ბრწყინვალე ოთხხმიანი ვოკალური ნომრები. ჩემი ნაცნობი ბიჭები, რომლებმაცარაფერი იცოდნენ დასავლეთის შესახებ, ახლა განუწყვეტლივ ამერიკულ მელოდიებს ღიღინებდნენ. კომუნისტური იდეოლოგია საბჭოთა კავშირში საბოლოოდ სწორედ მაშინ შეირყა, როცა ამ თაობამ პოლიტიკურად „მწიფე“ ასაკს მიაღწია. რასაკვირველია, არსებობდა სხვა, კიდევ უფრო ძირეული მიზეზები, მაგრამ Soft Power-ის როლის უგულებელყოფა შეცდომა იქნებოდა. ლონდონში „ქეთო და კოტეს“ ჩვენება უნდა შემდგარიყო. ორგანიზატორებმა მთხოვეს მესაუბრა ფილმის თაობაზე. გამოსვლა ასე დავასრულე: „ოსკარ უაილდის არ იყოს, ხელოვნება, შეიძლება, მართლაც უსარგებლოა, მაგრამ, ვფიქრობ, მას შესწევს ძალა რაღაც შეცვალოს. დიდი ხანია მიმაჩნია, რომ „ჩატანუგა ჩუჩუმ“ მეტი გააკეთა საბჭოთა კომუნიზმის ძირგამოსათხრელად, ვიდრე ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ. „ქეთო და კოტე“, ალბათ ვერ შესძლებს ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემის ჩამოშლას, მაგრამ მისი ნახვა ნამდვიალდ ღირს“.
აფხაზებსა და ოსებს მათმა გარუსებამ დაგვაშორა და არა აფხაზურმა და ოსურმა ნაციონალიზმმა. მცირერიცხვოვანი ერების ნაციონალიზმი საერტო მოძალადე-ასიმილატორის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.
მეოცე საუკუნეში რუსეთი ვერ გადაურჩებოდა ტოტალიტარიზმს. საკითხავი იყო მხოლოდ ის, თუ რა იდეოლოგიას მოირგებდა იგი დიქტატურაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შესაქმნელად და გასამყარებლად - რაიმე სახის პანსლავიზმს? ევრაზიულ ფაშიზმს? თუ კომუნიზმს?
რუსეთის საძულველი ევრო-ატლანტიკისადმი ყველფაერთან ერთად გამოწვეულია კიდევ ძალიან ბანალური ეჭვიანობით. კაცს ყოველთვის სძულს უცხო მამაკაცი, რომელიც მისი თუნდაც წარსულში მორჩილი ქალბატონებისათვის მიმზიდველი ხდება.
დღეს ჩვენში ბევრს ლაპარაკობენ პოლიტიკურ მესიანიზმზე. არ გვინდაო მესიები. მათ ლოდინში ამოგვხდაო სული. ბოლოს ყველა ცრუ მესია გამოდგაო. მართლაც არ გვჭირდება მესიები, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამგვარი მესიანიზმისგან გათავისუფლება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ჩვენს საზოგადოებაში ფესვგადგმული პრაქტიკა ისტორიული და ზოგიერთი დღევანდელი ფიგურის მიმართ პიეთეტისა, შეიცვლება უბრალო პატივისცემით. ადამიანის გაღმერთება, იქნება ეს გამოჩენილი წინაპარი თუ თანამედროვე გურუ, ჩამორჩენილობის ნიშანია და სწორედ ის კვებავს ზემოთხსენებულ მესიანიზმს. საერთოდ კი, ყველა ადამიანს პატივი უნდა ვცეთ და არავინ უნდა მივიჩნიოთ განსაკუთრებით გამორჩეულად. ან კი ასეთი რა უნდა იყოს ადამიანი? მძიმე სათქმელია, მაგრამ ისეთი ხომ არავინაა, ვისგანაც არ შეიძლება მომზადდეს „ოსტრი“.
ყველა შესაძლო ვარიანტებს შორის, დღეს არსებული, ანუ ის, რომ სწორედ აშშ-ა მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფო, მაინც საუკეთესოა. სხვა უფრო ადვილად მოილაპარაკებდა (ფარულად) რუსეთთან, გაყიდდა ჩვენს პატარა ქვეყანას რაღაცის სანაცვლოდ. აღარ ვლაპარაკობ თავნება, უპრინციპო ავტორიტარულ რეჟიმებზე, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ბებერი, პრაგმატული ძველი კონტინენტიც ასე მოიქცეოდა. ლამაზად შეფუთავდა ყველაფერს. ჩვენ ტკბილად გაგვიღიმებდა, კანფეტს დაგვანახებდა, რუსეთს კი თვალს ჩაუკრავდა. ყოჩაღ, ჯორჯ უოშინგტონ და თომას ჯეფერსონ, მაგარი მუხტი ჩადეთ. შენც მადლობა, ვუდრო უილსონ.
საბჭოთა სისტემას დავახასიათებდი როგორც კეისაროპაპისტურს. ბრეჟნევი ერთდროულად იყო ცეკას გენერალური მდივანი, ანუ მარქსისტული რელიგიის უმაღლესი ქურუმი და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე - კეისარი. სახელმწიფოს ამგვარი მოწყობის ისტორიული ანალოგიები მრავლადაა, თუნდაც ძველი ტიბეტი. სარწმუნო წყაროებიდან ვიცი, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოშიც იყვნენ პოლიტიკოსები, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის ამგვარი პოლიტიკური მოდელის მორგებას ლამობდნენ (დალაილამობდნენ!) მადლობა ღმერთს, ეს მაინც ავიცილეთ!
მე-19 საუკუნეში და მერე კვლავ, საბჭოთა დროში, რუსეთი ქართველებისათვის ევროპის მაგივრობას სწევდა, დასავლეთის, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი სუროგატი იყო. ამიტომ, ჩვენში რუსული კულტურისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი ავტომატურად უტოლდებოდა მის ევრო-ატლანტიკურ ანალოგს. არაერთგზის გავაფრთხილე სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი სამსახური, რომ ევროპული და ამერიკული დელეგაციების პატივსაცემად გამართულ ბანკეტებზე არ გამოეტანათ ნახევრადტკბილი ღვინოები. ვერ მოვაშლევინე, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ განაზებული დასავლელებისათვის გამართულ წვეულებებს ეს „ქალური“ ღვინოები უფრო მოუხდებოდა. ის არგუმენტიც გაისმოდა, რომ რუსეთში ამ ღვინოებზე გიჟდებიან. დღეს წიგნის მაღაზიის თაროზე აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი შეფის, ჯორჯ თენეტის მემუარებს (At the Center of the Storm) მოვკარი თვალი. გამახსენდა მისი თბილისში ვიზიტი და წიგნი გადავფურცლე. პირდაპირ იმ გვერდზე მოვხვდი, სადაც თენეტი თბილისურ ბანკეტს აღწერს. „ყანწით დამალევინეს ტკბილი ქართული ღვინო“. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ამ ფრაზაში ცუდი არაფერია, მაგრამ სინამდვილეში მასში ჩადებული უხილავი გზავნილი, დაუმსახურებლად აყენებს ჩრდილს ჩვენი, როგორც მეღვინეობის უძველესი ტრადიციისა და დახვეწილი გემოვნების მქონე, ერის რეპუტაციას.
ნატო საფრთხეს უქმნის რუსეთის აგრესიულ გეგმებს საქართველოსა და უკრაინის მიმართ და არა თავად რუსეთის სახელმწიფოს. საინტერესოა, რომ რუსი პოლიტიკოსების უმეტესობა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აღიქვამს მისგან თავის დაცვის ყოველგვარ მცდელობას. ანუ, თუ შენ არ გსურს იყო მოწყვლადი (თუ მოკვლადი?), значит ჩემი მტერი ხარ. А как же?
უკრაინის და საქართველოს სრულფასოვანი ევროატლანტიკური ინტეგრაცია სტრატეგიულად აუცილებელია იმისათვის, რომ მომავალში ავიცილოთ ბიპოლარული დაძაბულობა ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე გადაშლილ სივრცეზე. თუ ეს არ მოხდა, რუსეთს მუდმივად ექნება ცდუნბა აღადგინოს იმპერია, რაც თავისდაუნებურად ხელს შეუწყობს ცივი ომისათვის დამახასიათებელი რიტორიკის დაბრუნებას და გაუთავებელ tit-for-tat ქმედებებს. ცდუნებისაგან გათავისუფლება რუსეთისთვისაც კარგია. ის მშვიდად განვითარდება, განიკურნება „დერჟავის“ ნევროზისაგან და თავის ულევ რესურსებს, „სამეზობლოში ბატონობის“ აკვიატებული იდეის ნაცვლად, თავისი არცთუ დალხენილად მცხოვრები ხალხის კეთილდღეობას მოახმარს. საერთაშორისო ასპარეზზე კი გახდება One of the crowd. რა არის ამაში მიუღებელი?
ყოველი მომდევნო ეკონომიკური კრიზისის, ან, თუნდაც, რეცესიის დაწყებისთანავე მარქსიზმისადმი ინტერესი კვლავ ცოცხლდება ევროპაში. ისევ იწყება დებატები იმაზე, თუ ვინ უნდა განკარგვდეს კრედიტს - კერძო ბანკები, თუ, როგორც მარქსი ფიქრობდა, სახელმწიფო. მკვეთრად მატულობს მარქსის მშობლიურ ქალაქ ტრირში ჩასული ტურისტების რიცხვი. Das Kapital სწრაფად მიიწევს მაღლა გერმანიის ბესტსელერების სიაში და ვიღაც გეგმავს მისი მიხედვით ფილმის გადაღებას. მერე ეკონომიკა ნელ-ნელა გამოდის რეცესიიდან, იწყება ზრდა. საზოგადოება წყნარდება, უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ მაძღარ წესს, რესტორნებში თრობას და დისკოტეკებზე ექსტაზს, და მარქსიც ყველას ავიწყდება. არავინ დაინტერესებულა სად იმალება კომუნიზმის აჩრდილი რეცესიებს შორის. ფაქტია, რომ არ ქრება. სადღაც არის მიყუჟული ისე, რომ მაიაკოვსკის ეს სტროფი არ კარგავს აქტუალობას: „Призрак коммунизма по Европе рыска, прятался и вновь маячил в отдалении”. დღესაც ასე იქცევა „აჩრდილი“.
პოლიტიკური რევოლუციები ბევრს ვერაფერს ცვლიან, თუ მათ თან არ ახლავთ კულტურული რევოლუცია, ანუ მკვეთრი ცვლილება, ან სულაც პარადიგმული ძვრა საზოგადოების მენტალიტეტში.
რუსული პრესა ძალიან მძიმედ შეხვდა საქართველოდან მათი სამხედრო ბაზების გაყვანის ამბავს. არ მიკვირს. ჯერ კიდევ 90-იანებში ბევრჯერ გამიგონია რუსი ოფიციალური პირებისაგან, რომ ამგვარი რამ რუსეთის საზოგადოების მიერ შეურაცხყოფად იქნება აღქმული. როგორც ჩანს, არ სტყუოდნენ. აი რამდენიმე სათაური რუსული გაზეთებიდან, რომელთა ავტორებს, გაღიზიანების მიუხედავად, არ ღალატობთ ჩვეული იუმორის გრძნობა: „Закончилась епоха Мимино“, „Забудьте чита-маргарита”, „Вот такая теперь гамарджоба“, „За сациви заплатит Гиви”.
გამოვითვალე: საქართველოს ცეკას პირველი მდივნის შვილად გაჩენის ალბათობა ჩვენებური ლატარიის ჯეკპოტის მოგების ალბათობაზე სამჯერ მცირე ყოფილა. არადა, მგონი ჯობდა ჯეკპოტი მომეგო.
ნორმალური სახელმწიფოებრიობის შენების გზაზე მრავალ სხვა პრობლემასთან ერთად საქართველოს გადასალახი აქვს ერთი საკმაოდ რთული თარჯი - ბოლოს და ბოლოს უნდა შეიქმნას პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო მოხელეთა კორპუსი (Civil Service), რომელიც თანაბარი გულმოდგინებით მოემსახურება სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე მთავრობებს და, იმავდროულად, შესაბამისი კანონმდებლობით, სრულად იქნება დაზღვეული მუშაკთა დასაქმება/არდასაქმების მიმართ პოლიტიკური თანამდებობის პირთა ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებებისაგან. სამსახურეობრივი გარანტიების სანაცვლოდ სახელმწიფო ყველა ევროპულ ქვეყანაში მოითხოვს საჯარო მოხელეებისაგან სრულ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. მათ ეკრძალებათ რაიმე სახის აქციებსა და დემონსტრაციებში მონაწილეობა. ზოგი სახელმწიფო, მაგალითად საფრანგეთი, უფრო შორსაც მიდის. აქ საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ არამარტო პოლიტიკური, არამედ თავიანთი ფილოსოფიური და რელიგიური მრწამსის გამოხატვაც და რელიგიური სიმბოლოების ტარება. ბუნებრივია, ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი პოლიტიკური სიმპათიები და სამყაროს თავისეული რელიგიურ-ფილოსოფიური ხედვა, მაგრამ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გაცემულ რჩევებზე ეს არანაირად არ უნდა აისახებოდეს. მათ საკუთარი მრწამსი გვერდზე უნდა გადადონ, სანამ საჯარო სამსახურში არიან დასაქმებული. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ყველა ამ თვალსაზრისით სიტუაცია საქართველოს Civil Service-ში სავალალოა და მას სასწრაფოდ უნდა მოევლოს, თუკი სერიოზულად ვაპირებთ უკეთესი მომავლისაკენ სიარულს.
დღეს, 2 მაისს მოკლეს ბინ ლადენი, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი. როცა რუსულ ინტერნეტ ფორუმებზე რიგითი მოქალაქეების კომენტარებს კითხულობ, გექმნება შთაბეჭდილება, რომ მათ, მასხადოვის, ბასაევისა და იანდარბიევის აფეთქებისაგან განსხვავებით, პლანეტის #1 ტერორისტის განადგურება ეწყინათ. ალბათ იმიტომ, რომ ოსამა ამერიკის მტერი იყო?
აი კიდევ ერთი მსოფლიო თასის ფინალი - ამჯერად ლიბიაში. უკვე იყო სპარსეთის ყურე, იუგოსლავია, ავღანეთი, ერაყი. ახლა კი პოლკოვნიკ კადაფის მოღვაწეობა ენდშპილში გადავიდა. პლანეტა აღგზნებულია, ტელეეკრანსაა მიშტერებული და ელოდება გამარჯვების გოლს.
შავ-თეთრი ხედვა ეპატიება პოლიტიკოსებს. ეს მათი ბრძოლის ხერხია. როცა დალტონიზმით დაავადებულია მედია, ის უბრალოდ ანგაჟირებულია.
დემოკრატიისგან განსხვავებით, დიქტატურის შექმნას და შენარჩუნებას აუცილებლად ესაჭიროება ნამდვილად არსებული, ან წარმოსახვითი მტერი. ის ყოველთვის ვიღაცის წინააღმდეგ იქმნება და ამ სიძულვილით საზრდოობს. ასეთი იყო საბჭოთა კავშირი თავისი ანტი-დასავლურობითა და ანტი-კაპიტალიზმით და ჰიტლერიზმი კაცთმოძულეობითა და ანტისემიტიზმით. ვენესულის ჩავესის მცდელობებიც კი ანტი-ამერიკანიზმს ეფუძნება. თვალს კარგად თუ გავახელთ, გარშემო ბევრ სხვა მაგალითსაც დავინახავთ. მოკლედ, თუ აპირებ შექმნა დიქტატურა, ჯერ ხალხს ვინმე ძალიან უნდა შეაძულო.
ანდროპოვს დღემდე რომ ეცოცხლა, ვერც დამოუკიდებელი საქართველოს ელჩი გავხდებოდი, ვერც წიგნს გამოვუშვებდი, ვერც ნოტებს და ვერც დისკებს. საბჭოთა კომუნიზმი უნიჭო და უინიციატივო ხალხის სამოთხე იყო. მათი უნიჭობის კომპენსაციას სახელმწიფო ნიჭიერთა შეზღუდვით ახორციელებდა. ამიტომაც მას უნიჭოები, უუნაროები და „ჟულიკები“ მისტირიან.
ვისაც მეტემფსიქოზის და რეინკარნაციის სწამს, შეიძლება წარმოიდგინოს, რომ სტალინივით 21 დეკემბერს დაბადებული მიშა სააკაშვილი მართლაც არის მისი ინკარნაცია ახალ პირობებში. ამჯერად არა მეწაღის და მრეცხავის შვილი, არამედ профессорскии сынок. სწავლობს არა თბილისის სასულიერო სემინარიაში, არამედ კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ-იორკში. განაგებს არა ვეებერთელა საბჭოთ კავშირს, არამედ პატარა საქართველოს. მსოფლიო მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, ურთიერთდამოკიდებულია და გაცილებით მეტად გამჭვირვალე. მასშტაბური რეფორმების გატარების სურვილი, მათი განხორციელების და მკაცრი დისციპლინის დამყარების უნარი, ისტორიული მისიის შეგრძნება, ორივეს ახასიათებს. ორივესათვის აგრეთვე დამახასიათებელია ადამიანთა ცალკეული ჯგუფების ინტერესებისა და უფლებების უგულებელყოფა დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე. სტალინი სისხლიანი ტირანია. ეს ნაწილობრივ მაინც თავსებადია მის ეპოქასთან. სააკაშვილი ავტორიტარული დემოკრატი. ჩვენი რეგიონის ქვეყნისათვის ეს მიღწევაა, მით უმეტეს, როცა სწორედ მისი მმართველობის დროს ხდება ძალაუფლების ლეგიტიმური გადაბარება არჩევნების გზით და იწყება ორპარტიული პოლიტიკური კულტურის ელემენტების ჩასახვა. ვნახოთ. P.S. იქნებ არც ისაა შემთხვევითობა, რომ ორივეს განათლების საქმეში წვლილი ჩარკვიანებმა შეიტანეს. სოსოს ანბანი და რუსული ენა კოტე ჩარკვიანმა ასწავლა. მიშას კი გელა ჩარკვიანი ასწავლიდა ინგლისურს.
დროდადრო ისევ ვუბრუნდები კანდიდის მემუარებს. ამ დღეებში კვლავ გადავიკითხე. როგორი ჯიუტი და ყველა საკითხში თავდაჯერებული იყო სტალინი. მოითხოვდა, რომ საქართველოში მოეყვანათ ლიმონი (ნამდვილი, და არა დღევანდელი მეიერის) თუმცა სპეციალისტებისაგან იცოდა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ნამდვილი სუბტროპიკული ჰავა არსადაა და ყოველ სამ-ოთხ წელიწადში ლიმონის ხეები ყინვისაგან გახმება. მერე დაიჟინა, რომ ალექსანდროულის ვაზი აღმოსავლეთ საქართველოშიც გაეშენებინათ, რადგან არ იჯერებდა, რომ ღვინის თვისებები მიკროკლიმატის თავისებურებებზეა დამოკიდებული. ხშირად მიფიქრია, იქნებ ჯობდა მას ნაკლები წიგნი ჰქონოდა წაკითხული და მორიდებოდა ყველაფერზე კატეგორიული, საბოლოო აზრის გამოთქმას. რა მივიღეთ იმის შედეგად, რომ სტალინს უყვარდა და ესმოდა მუსიკა? ის, რომ მისი მითითებით ჟდანოვმა შავი დღე დააყენა პროკოფიევსა და შოსტაკოვიჩს, რადგან მათ მიერ შექმნილი მუსიკა სცილდებოდა სტალინის კონსერვატიული გემოვნების ჩარჩოებს. არა მგონი ხრუშჩოვს, ბრეჟნევს და განსაკუთრებით, ჩერნენკოს გაებედათ თავდაჯერებულად ესაუბრათ ატონალურ მუსიკაზე, ან მარის სტადიურობის იდეაზე და იაფეტურ ენებზე. თუმცა, მგონი ვცდები. გამახსენდა, რომ ხრუშცოვი ერთხელ მანეჟის საგამოფენო დარბაზში მივიდა და მრისხანედ შეუტია იქ წარმოდგენილ არატრადიციულად მოაზროვნე მხატვრებს.
ბერბიჭაშვილს ის საზარელი საქმე რომ არ ჩაედინა, ჩვენ, საბჭოთა ადამიანებს, 80-იანების ბოლომდე ილიას შესახებ, შესაძლოა, არაფერი გვცოდნოდა. მას შეიძლება ეცხოვრა 1924 წლამდე და უფრო დიდხანსაც. პოლიტიკური ბარიკადების რომელ მხარეს აღმოჩნდებოდა? წარმოუდგენელია ბოლშევიკების თანამებრძოლი გამხდარიყო. ისე რომ ჩემი თაობისათვის ილია „წაიშლებოდა“ როგორც პოეტი და კიდევ უფრო, როგორც მოღვაწე. მოკლედ, ხუთი წლის გელა ჩარკვიანი აღარ წაიკითხავდა „კაკო ყაჩაღის“ შესავალს ოთხი წლის დალი გორდეზიანის დაბადების დღეზე. ეს იყო პირველი დაბადების დღე ჩემს ცხორებაში. მე არ მიხდიდნენ. წვრილ-ბურჟუაზიულ მეშჩანობად ითვლებოდა კომუნისტებში. ილიაზე მეტი შანსი ჰქონდა „გამქრალიყო“ აკაკის. ილიაზე სამი წლით უმცროსი იყო. თუ ცხოვრების ბოლო წლებს პარიზში გაატარებდა, მის სიტყვებს - „არ მომკვდარა, გაიღვიძებს ისევ ერი“ წინასწარმჭვრეტელობის მაგალითად წარმოგვიდგენდა ვინმე წვეროსანი 80-იანების ბოლოს.
საბჭოთა საქართველოს მდგომარეობა ძალიან ჰგავს ჩემი კატისას. კატა კასტრირებულია და არა აქვს უნარი განახორციელოს მთავარი ფუნქცია - უზრუნველყოს საკუთარი გენომის ელემენტების „მარადიულობა“. მიუხედავად ამისა, იცხოვრა ლაღად და, იქნებ თავისებურად, უფრო ბედნიერიც იყო, რადგან არ ესაჭიროებოდა ბუნებრივი შერჩევის უმოწყალო კონკურენციაში მონაწილეობა - ჩხუბი და მანდილოსანი კატების მოხიბვლა. ასე იყო პოლიტიკურად კასტრირებული საქართველოც - ლაღად ცხოვრობდა და აღარც ახსოვდა, რომ ერის მთავარი ფუქნცია - სახელმწიფოებრიობის საშუალებით საკუთარი ბედის განკარგვა, წართმეული ჰქონდა. მოსკოვიდან იმართებოდა. ჩემზე კარგად ეგ არავინ იცის. მამაჩემი იქიდან დაინიშნა და იქიდანვე მოიხსნა.
გულისამრევია ზოგიერთი ყოფილი პარტიული მუშაკის მიერ სავლე-პავლეობანას თამაში, როცა ყოფილი კომკავშირის საქალაქო კომიტეტის მდივანი გმოძღვრავს ღვთისმსახურთა ლექსიკით. ქრისტეს ისევე ადვილად გაჰყიდიან ოცდაათზე ნაკლებ ვერცხლად,როგორი სიმსუბუქითაც უღალატეს მარქსს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მარქსის მოძღვრების შესახებ გვიანდელი საბჭოეთის პარტიულმა ბიუროკრატიამ ბევრი არაფერი იცოდა. მათი დიდი უმრავლესობა ჩაბმული იყო „ვირთხების ჯირითში“ მატერიალური მოგების მისაღებად ან ავადმყოფური პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ის, თუ რა იქნებოდა იდეოლოგიური შიგთავსი სისტემისა, რომელსაც ემსახურებოდნენ, მათთვის არაფერს ნიშნავდა.
1989 წლის ზაფხულში ლონდონში Georgian Studies Day-ს ვესწრებოდი. ცხრააპრილგამოვლილი საქართველოსათვის ეს ძალიან მძიმე დრო იყო. ჩვენი გამომსვლელები, ბუნებრივია, სულ საბჭოთა ხელისუფლების და ქართველი კომუნისტების ლანძღვით იყვნენ დაკავებულები. მერე სიტყვა აიღო რონალდ გრიგორ სუნიმ, სომხური წარმოშობის ამერიკელმა ისტორიკოსმა და ნახევრად ხუმრობით გვისაყვედურა: ქართველ კომუნისტებს თქვენზე მეტად ჩვენ, სომხები უნდა ვლანძღავდეთ. ჩვენი ქალაქი თბილისი ხომ სწორედ მათ წაგვართვეს და მთლიანად გააქართველესო. კონფერენციას მერაბ მამარდაშვილიც ესწრებოდა. ერთი საღამო ერთად გავატარეთ, ჩაი ვსვით და ინგლისურად (რატომღაც) ვისაუბრეთ. ინგლისური კარგად იცოდა. ამის შემდეგ მალე გარდაიცვალა.
კანდიდი საქართველოს ცეკას 14 წლის მანძილზე ედგა სათავეში და, როგორც სჩანს, მცირე მასშტაბის კულტი, ნელ-ნელა, მისი პიროვნების გარშემოც იქმნებოდა. ასეთი იყო იმ სისტემის ბუნება. ბევრ სახელმწიფო დაწესებულებაში სტალინის და ბერიას პორტრეტების გვერდით ჩარკვიანის პორტრეტიც ეკიდა. რამაზ ჩხიკვაძესთან ახალი წლის ქეიფი ისე არ ჩაივლიდა, მას რომ არ გაეხსენებინა და სახეებში არ წარმოედგინა ეპიზოდი ჩემი ბავშვობიდან, რომელსაც თავად მე ვერ ვიხსენებდი და დღემდე მხოლოდ რამაზის შეუდარებელი ნიჭიერებით გაცოცხლებული მახსოვს. რამაზი: „ბებიამ (ალბათ პელომ) პატარა გელა პიონერთა სასახლეში მოიყვანა, სადაც ჩვენი დრამწრის მეცადინეობა მიდიოდა. ადმინისტრაციიდან მოხუცს ყურადღება არავინ მიაქცია, არავინ მოუსმინა და ბოლოს უხეშადაც უთხრეს, დაგვანებეთ თავი, თქვენთვის არა გვცალიაო. ბებიამ მთელი ძალა მოიკრიბა და შეჰკივლა, ერთი წუთი მომისმინეთო. მერე კედელზე ჩამოკიდებულ პორტრეტებისკენ თითი გაიშვირა და გელას მიმართა: ვინ არის ეს ძია? ბავშვმა უპასუხა, ეს არის ძია სტალინი. აბა ეს ძია ვინ არის? განაგრძო გამოკითხვა ბებიამ. ეს ძია ბერიაა. ახლავე შეწყვიტეთ, არ გრცხვენიათ, რა ცირკი მოგვიწყვეთ, ვისა აქვს თქვენი დრო, გაიყვანეთ თქვენი ბავშვი და აქ მოსული აღარ დაგინახოთო, აღშფოთდა სასახლის დირექტორის მოადგილე. ერთი წამიც მაცალეთ და წავალ, შეევედრა გელას ბებია და პასუხს აღარ დაელოდა ისე შეეკითხა ბავშვს. აი ეს მესამე ვინ არისო. გელას პასუხმაც არ დააყოვნა, ეს მამაჩემიაო. ხანმოკლე მუნჯს სცენას ენთუზიაზმის აფეთქება მოჰყვა. აბა, სასწრაფოდ ლიმონათი, კანფეტი „მიშკა“, დაბრძანდით ქალბატონო. არა, როგორ გეკადრებათ, სკამზე არა, აქეთ სავარძელში, რით შეგვიძლია გემსახუროთ? და ა.შ.“ ეს ისტორია, კიდევაც რომ იყოს რამაზ ჩხიკვაძის ფანტაზიის ნაყოფი, მთლიანობაში, შეესაბამება ეპოქის სულისკვეთებას და, რაც ავთენტურობაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ავტორის შესრულებით იგი ყოველ ჯერზე სუფრის წევრების ჰომეროსულ ხარხარს იწვევდა.
70-იან წლებში და მერე საკავშირო მინისტრობისას შევარდნაძე „ნიჭიერი გიჟი“ იყო. გიჟია ის, ვინც თავისი თამამი ქმედებებით საშიშროებას უქმნის საკუთარ კარიერასა და კეთილდღეობას. რამდენიც არ უნდა ახსენონ „ჩრდილოეთიდან ამოსული მზე“, ამ ეპიზოდს ერთიორად გადაწონის შევარდნაძის პროგრესული (არა სოცდემოკრატიული მნიშვნელობით), ყველა საბჭოთა რესპუბლიკური დონის ლიდერისგან განსხვავებული, ლიბერალური პოლიტიკური პრაქტიკა საქართველოში და საბჭოთა საგარეო პოლიტიკის დეიდეოლოგიზაცია მოსკოვში მოღვაწეობისას. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ იგი, ფაქტობრივად საკუთარი ინიციატივით, დასავლეთს გვერდში ამოუდგა სპარსეთის ყურის ომის დროს. მაგრამ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, შევარდნაძემ ეს „სიგიჟე“ ბოლომდე ვერ შეინარჩუნა, ვფიქრობ ასაკისა და, ახალი ეპოქის შეუსაბამო, ძველი ყაიდის გარემოცვის გამო. ქვეყანა დაწყნარდა, მოდუნდა. იმატა კორუფციამ. ბიუჯეტი ვერა და ვერ შედგა და სახელმწიფოც შედგა მხოლოდ ნახევრად.
საბჭოთა კავშირის დანარჩენი მსოფლიოსგან სრულიად უიმედო იზოლირებაზე ისიც მეტყველებს, რომ მე, რესპუბლიკის პირველი პირის შვილი, რომელსაც დაცვა დასდევდა და რამდენიმე მანქანა, მათ შორის მარშალ ტოლბუხინის ნაჩუქარი სპორტული მერსედესი, ემსახურებოდა, მთელი ბავშვობის მანძილზე ვოცნებობდი მენახა, გამეფცქვნა და გამესინჯა ბანანი.
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2015წ.