კურტ ვონეგუტი - სასაკლაო 5

ოცდაორი წლის წინ, როცა მეორე მსოფლიო ომიდან დავბრუნდი, მეგონა, ბევრი არაფერი უნდოდა იმის მოყოლას, როგორ გაასწორეს მიწასთან დრეზდენი, მხოლოდ ის უნდა გადმომეტანა ქაღალდზე, რაც საკუთარი თვალით ვნახე. უფრო იმას მოველოდი, რომ შედევრი გამომივიდოდა, ანდა, შედევრი თუ არ იქნებოდა, დიდ ფულს მაინც მომიტანდა, თემა ხომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მაინც როგორი საცდურია ეს დრეზდენი, როგორ გაწერინებს თავის შესახებ. და ერთი ცნობილი ლიმერკი მახსენდება:
„ერთი სტამბოლელი, მახსოვს,
ემდუროდა თავის ასოს:
დამავსო და დამაქცია,
თან ისეთი ზარმაცია,
არც დგება და აღარც ფსამსო“.

ომები ყოველთვის იყო და იქნება და როგორც მომწყდარ ზვავს ვერ შეაჩერებ, ისე მანდაც ვერაფერს გააწყობ. ზვავივით რომ არ იცოდეს ომმა მოვარდნა, სიკვდილს მაინც ვერავინ გაექცევა.

მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, როცა ჩიკაგოს უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. ანთროპოლოგიის განყოფილებაზე ვსწავლობდი. იმ დროს ასე გვასწავლიდნენ, ადამიანებს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს, ყველანი ერთნაირები არიანო. შეიძლება ახლაც ასე ასწავლიან სტუდენტებს. კიდევ ერთი რამე, რაც მაშინ გვასწავლეს ის იყო, რომ არც ერთი ადამიანი არ არის ცუდი, სასაცილო ან გულის ამრევი. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მამაჩემმა მითხრა: „იცი, რა შევამჩნიე? ჯერ მოთხრობა არ დაგიწერია, მასში ვინმე ბოროტი რომ ყოფილიყოს“. ჰოდა ვუპასუხე, ეგეც კოლეჯში მასწავლეს ომის მერე-მეთქი.

მეორე მსოფლიო ომმა, რასაკვირველია, კანი ყველას გაგვისქელა.

ომს არაჩვეულებრივ რამედ წარმოადგენენ ხოლმე, ასე ომებს ბოლო არასდროს მოეღება. საომრად კი ისეთ პატარა ბავშვებს გაუშვებენ, ზემოთ რომ თამაშობენ.

„ისტორიის მიჩქმალული გვერდები ცხადყოფს, რომ ჯვაროსნები ერთი უვიცი და უბირი ხალხი იყო, რომ ბრმა ფანატიზმი ამოძრავებდათ და მათი გზა სისხლისა და ცრემლის გზა იყო. მეორე მხრივ, ისტორიის რომანტიკული ხედვა მათ ზნეკეთილობასა და გმირულ თავდადებას მიაწერს, მგზნებარებით, ელვარე ფერებით სახავს მათ სიქველეს და სიდიადეს, უჭკნობ დიდებასა და ქრისტიანობისთვის გაწეულ უდიდეს სამსახურს. [...] ახლა ვნახოთ ჰქონდა თუ არა ამ ბრძოლებს აზრი ან შედეგი. ევროპამ ხაზინებიდან მილიონები დახარჯა, რომ ეს ომები ეწარმოებინა, და მათ ორი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შესწირა; ამის სანაცვლოდ კი, სისხლმოჭარბებული რაინდების ერთი პატარა ჯგუფი პალესტინას მხოლოდ ასიოდე წლით დაეპატრონა!“

ჭკვიანურად ადამიანების დიდ ჟლეტაზე ვერაფერს იტყვი. ბოლოს ყველა კვდება, ვეღარც ვერაფერს ამბობს და აღარც სურვილები აქვს. დიდი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, წესით, დიდმა სიჩუმემ იცის დასადგურება, ასე ხდება ყოველთვის, ჩიტების ჭიკჭიკს თუ არ ჩავთვლით.

ჩემს ბიჭებს ვუთხარი, როგორც არ უნდა წარიმართოს გარემოებები, კაცისკვლაში მონაწილეობას ნუ მიიღებენ და, მტრის გაჟუჟვის ამბავს რომ შეიტყობენ, ნურც კმაყოფილებით და ნურც სიამით ნუ აღივსებიან. ისიც ვუთხარი, არც იმ კომპანიებში იმუშაონ, კაცისმკვლელ მანქანებს და მექანიზმებს რომ აწარმოებს და არ შეეპუონ ადამიანებს, რომლებსაც ეჩვენებათ, რომ ასეთი მანქანები და მექანიზმები გვჭირდება.

ლოთის ცოლს ებრძანა, უკან არ მიეხედა, ამ ადამიანებისკენ და მათი სამკვიდრებლისკენ. მან კი მაინც მიიხედა და მე მიყვარს ეს ქალი ამის გამო, რადგან, რაც გააკეთა, ძალიან ადამიანური იყო.

სიკვდილი მოჩვენებითია. ადამიანი კი კვდება, მაგრამ ძალიანაც ცოცხალია წარსულში, ამიტომ ადამიანის დატირება დიდი სისულელეა. ცხოვრების ყოველი წუთი და მომენტი, წარსული, აწმყო და მომავალი, მუდამ არსებობდა და მუდამ იარსებებს.

ჩვენ რომ გვგონია, თითქოს ერთ წუთს მეორე მოსდევს, ძაფზე აგებული მძივებივით, ხოლო განვლილი წუთი სამუდამოდ დაკარგულია, სინამდვილეში მხოლოდ ილუზიაა, სხვა არაფერი.

ამერიკულ ჯარში კაპელანი, ზოგადად, კომიკურ ფიგურად ითვლება. არც ბილი ყოფილა გამონაკლისი. ვერც მტერს ავნებდა რამეს და ვერც მეგობრებს ეხმარებოდა. კაცმა რომ თქვას, მეგობრები არც ჰყოლია.

ძალიან ბევრი ამერიკელი იქცევა ასე - დედამისიც ცდილობდა, მაღაზიაში ნაყიდი ნივთებით მიენიჭებინა აზრი ცხოვრებისთვის!

ღიმილი, ბუჩქებიდან გამოსვლის დროს სახეზე რომ ეფინა, მონა ლიზასაზე ნაკლები ღიმილი არ იყო, რადგან ბილი 1944 წელს გერმანიის შარგაზაზე მიაბიჯებდა და, ამავე დროს, 1967 წელს თავისი კადილაკის საჭესთან იჯდა.

ღმერთო, მომეცი ძალა, მშვიდად მივიღო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია, გაბედულება, რომ შევცვალო, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება - ერთი მეორისაგან მუდამ განვასხვავო.

დრო მთლიანია და უცვლელი. აღწერასა და განმარტებას არ ექვემდებარება. დრო არის და ამით ყველაფერი ნათქვამია. წუთიწუთ მიჰყევით, ასე მიუდექით და აღმოაჩენთ, რომ ჩვენ ყველანი ქარვაში გამომწყვდეული მწერები ვართ.

„თავისუფალი ნება“  - ცოცხალი არსებებით დასახლებულ ოცდაცამეტ პლანეტაზე ვარ ნამყოფი ამ სამყაროში, ასზე მეტი პლანეტიდან მიმიღია ანგარიში და მარტო დედამიწელებს უყვართ თვისუფალ ნებაზე ლაი-ლაი.

ყოველ სტუმარს თავის თეფშთან უსაფრთხო საპარსი, ტანსაბანი ნაჭერი, სამართებლის შეკვრა, თითო ფილა შოკოლადი, ორი სიგარა, თითო ნაჭერი საპონი, ათი ღერი სიგარეტი, ასანთის დიდი კოლოფი, ფანქარი და სანთელი ელოდებოდა. ჩამოთვლილთაგან გერმანული მხოლოდ ასანთი და სანთელი იყო. მათ შორის რაღაც ფარული, არაამქვეყნიური კავშირი იგრძნობოდა. აბა, ბრიტანელებს როგორ ეცოდინებოდათ, მაგრამ სანთლებიცა და საპონიც ნედლეულად ქცეული ებრაელებისა და ბოშების, მაწანწალების, კომუნისტებისა და სახელმწიფოს სხვა მტრების ქონისგან იყო დამზადებული.

ყველაფერი, რაც ადამიანმა ცხოვრების შესახებ უნდა იცოდეს, დოსტოევსკის „ძმებ კარამაზოვებში“ წერია. თუმცა, დღეს ესეც აღარ არის საკმარისი.

როუზუოტერს კილგორ ტრაუტის („კილგორ ტრაუტი ჩემი ალტერ ეგოა“, - კურტ ვონეგუტი - „დროის რღვევა“) ერთი ფრაზა მოსწონდა, რომ თითქოს ვამპირებიც არსებობენ, მაქციებიც, გობლინებიცა და ანგელოზებიც, ოღონდ - მეოთხე განზომილებაში. ტრაუტი ირწმუნებოდა, რომ უილიამ ბლეიკიც მეოთხე განზომილებიდან იყო, როუზუოტერის საყვარელი პოეტი. და თითქოს სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც იქ იყო საძებნელი.

პოლკოვნიკმა უთხრა, რომ დანარჩენი ამერიკელები ახლა უკვე დაბანილ-გაპარსულები იყვნენ, მხოლოდ მას და ბილის ჰქონდათ წვერი. მერე კი თქვა: „იცით, აქ ყოფნისას ასე წარმოგვედგინა, რომ გარეთ ომია და რომ ამ ომში ჩემნაირი და თქვენნაირი ზრდასრული კაცები ომობენ. დაგვავიწყდა, რომ ომში სულ პატარა ბიჭები იბრძვიან. რაც ეს დაპარსული სახეები დავინახე, გონს ვეღარ მოვსულვარ. „ღმერთო, ღმერთო, - გუნებაში გამუდმებით მიტრიალებს, - ეს ხომ ბავშვების ჯვაროსნული ლაშქრობაა!“

როგორ ახერხებენ ქრისტიანები და ასეთი სასტიკები ასე ადვილად როგორ ხდებიან.

არ იყო ეს კილგორ ტრაუტი ის მწერალი, პოპულარობას რომ იმსახურებდა. პროზაიკოსად არ ვარგოდა, მაგრამ იდეები ჰქონდა კარგი.

ალბათ, მთელი სამყარო ძრწის დედამიწის მკვიდრთა გამო! თუ სხვა პლანეტებს ჯერ დედამიწელებისგან საშიშროება არ ემუქრება, ეგ დროც მალე დადგება.

დედამიწელ ქალებს ასეთი პრიმიტიული რამე სჩვევიათ, სექსსა და ვნებებს ომს უკავშირებენ.

ამერიკელისთვის ლამის დანაშაულია, თუკი შეძლებას ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ღარიბების ქვეყანაა. [...] მას, ვისაც ფული არ აქვს, მთელი ცხოვრება დანაშაულის შეგრძნება ღრღნის. ეს შინაგანი გვემა და დანაშაულის გრძნობა დიდად მარგებელი რამაა ძალაუფლებისა და ფულის მქონებელთათვის, რომლებიც, მის იმედად, გაცილებით ნაკლებად ეხმარებიან ღარიბ-ღატაკებს, გინდ ღიად და გინდ ფარულად, ვიდრე ნებისმიერი სხვა მმართველი კლასი, ნაპოლეონის დროიდან მოყოლებული.

ადამიანი რომ თვის გარეგნულ იერზე ხელს ჩაიქნევს, იმას დიდი ხნის სიცოცხლე აღარ უწერია.

ამერიკელები მეხუთე შენობისკენ წაიყვანეს. სასაკლაო რკინა-ბეტონით ნაშენები ერთსართულიანი ნაგებობა გამოდგა, წინა და უკანა მხარეს ფართო გასაწევი კარი ჰქონდა და ოდესღაც დასაკლავი ღორების სადგომად იყო აშენებული, ახლა კი ოჯახებს მოწყვეტილი ასიოდე ამერიკელი სამხედრო ტყისთვის ჭერის მაგივრობა უნდა გაეწია. შიგნით საწოლები და ორი მრგვალი ღუმელი იდგა, კედელზე პირსაბანი ეკიდა. მის უკან ფეხსალაგი იყო - საგარებზე გადებული ცალი ფიცარი და მის ქვეშ შეკიდებული სათლები. შენობის კარს ზემოთ დიდად ციფრი 5 ეწერა. სანამ ამერიკელები შიგნით შელაგდებოდნენ, ინგლისურის მცოდნე ერთადერთმა მცველმა ურჩია დაეხსომებინათ ამ ადგილის მისამართი, ხომ შეიძლება ამოდენა ქალაქში დაკარგულიყვნენ. მისამართი ეს იყო: Schlachthof-funf. Schlachthof სასაკლაოს ნიშნავდა, funf - ხუთს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ომს შედეგად ისიც მოაქვს, რომ ხასიათთა სიმძაფრეს, გმირობას ხიბლს უკარგავს.

სხვათა შორის, კილგორ ტრაუტს ერთი წიგნი ფულმსხმოიარე ხეზეც აქვს დაწერილი. ფოთლების მაგიერ იმ ხეზე ოცდოლარიანი კუპიურები იზრდება; ყვავილების მაგიერ - ობლიგაციები, ნაყოფად ბრილიანტებს ისხამს. ის ხე ადამიანებს იზიდავს, რომლებიც მერე მის ძირში ხოცავენ ერთმანეთს და ხესაც სასუქი არ აკლდება.

ტრაუტის რომანების უმეტესობა დროის დეფორმაციის, ექსტრასენსორული მგრძნობიარობისა და სხვა უჩვეულო თემებზე იყო აგებული. ტრაუტს ასეთი რამეებისა სწამდა და სულ იმ არგუმენტების მოძიებაზე იყო გაფაციცებული, მათი არსებობის მოწმობად რომ გამოდგებოდა. (კურტ ვონეგუტი - „დროის რღვევა“)

***

ჰარი ტრუმენის გამოსვლის ტექსტში ეწერა:

„თექვსმეტი საათის წინ ამერიკულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ჰიროშიმაში, იაპონიის მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზის თავზე, ბომბი ჩამოაგდო. ბომბი სიმძლავრით 20ტ. ტრინიტროტოლუოლს აღემატებოდა. მისი აფეთქების სიმძლავრე ორიათასჯერ აღემატებოდა ბრიტანულ „დიდ მუზარადს“, რომელიც აქამდე საომარი მოქმედებების ისტორიაში ყველაზე მძლავრ ბომბად ითვლებოდა.

იაპონელებმა ომი პერლ-ჰარბორზე საჰაერო თავდასხმით დაიწყეს. ამისთვის მათ ათმაგად მიეზღოთ. და ეს ჯერ დასასრული არ არის. ეს ბომბი ჩვენი სამხედრო ძალების რევოლუციური მონაპოვარია, რომლითაც იგი ახალ გამანადგურებელ სიმძლავრეს იძენს. ჩვენი ქვეყანა უკვე აწარმოებს ამ ბომბებს მათი დღევანდელი სახით, ამასთანავე, მასზე გაცილებით მძლავრი ბომბების შექმნაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

ეს ატომური ბომბია. იგი ბუნების უმთავრეს ძალთა გამოთვისუფლებითაა შექმნილი. ძალა, რომლითაც თვით მზის ენერგია საზრდოობს, მათ წინააღმდეგ იქნა ამოქმედებული, ვინც შორეულ აღმოსავლეთში ომი წამოიწყო.

1939 წლამდე მეცნიერები იზიარებდნენ მოსაზრებას, რომ ატომური ენერგიის გამოთავისუფლება თეორიულად შესაძლებელი იყო, მაგრამ საამისოდ პრაქტიკული მეთოდი არავის გააჩნდა. მიუხედავად ამისა, 1942 წელს ჩვენ შევიტყვეთ, რომ გერმანელები გამალებით მუშაობდნენ, რათა თავიანთი სამხედრო ძალისთვის, რომლის მეშვეობით მთელი მსოფლიოს დამონება ჰქონდათ განზრახული, ატომის ენერგია შეემატებინათ. თუმცა მათი მცდელობა უშედეგო გამოდგა. განგების მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ გერმანელებს დაუგვიანდათ ფაუ-1 და ფაუ-2 ტიპის რაკეტების გამოყენება სამხედრო მოქმედებაში, და შემდეგაც მხოლოდ შეზღუდული ოდენობით მოახერხეს ეს; კიდევ უფრო მადლიერები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ გერმანელებმა ატომური იარაღი ვერ შექმნეს.

ლაბორატორიათა ბრძოლა საბედისწერო ხიფათს შეიცავდა ყოველი ჩვენთაგანისთვის, ისევე როგორც საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბრძოლები. ჩვენ ლაბორატორიათა ეს ბრძოლაც ისევე მოვიგეთ, როგორც სხვა ბრძოლები.

ახლა მზად ვართ, უფრო სწრაფად და სრულად გავანადგუროთ ნებისმიერი ტიპის მიწისზედა წარმოება იაპონიაში, მის ნებისმიერ ქალაქში. ჩვენ გავანადგურებთ მათ დოკებს, მათ ფაბრიკა-ქარხნებს, მათ კავშირგაბმულობას და მიმოსვლის გზებს. ნურავინ მოიტყუებს თავს; ჩვენ მთლიანად მოვუსპობთ იაპონიას ბრძოლისუნარიანობას. ჩვენ დასაცავი გვქონდა...“ და ასე შემდეგ.

***

ძლიერ ვწუხვარ, რომ ბრიტანულმა და ამერიკულმა ბომბდამშენებმა დრეზდენზე თავდასხმისას 135 000 ადამიანი დახოცეს, მაგრამ არც ის დამვიწყებია, თუ ვინ დაიწყო უკანასკნელი ომი, მეტადრე მოკავშირეთა მხარეს იმ 5 000 000 ადამიანის დაღუპვას ვწუხვარ, რომელთა სიცოცხლე ნაციზმის სრული განადგურებისთვის აუცილებელ ძალისხმევას შეეწირა.

დრეზდენის დაბომბვა რომ დიდი ტრაგედია იყო, ვერავინ უარყოფს. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, აღარავინ დაიჯერებ,ს რომ ამას სამხედრო აუცილებლობა მოითხოვდა.

როგორც ჩანს, ბირთვული განიარაღების მომხრეებს მიაჩნიათ, თუკი მიზანს მიაღწევენ, ომი ღირსეულ საქმედ იქცევა და ადამიანებს მათი გადატანა ნაკლებად გაუჭირდებათ.

ომის ბოლო დღეებს ერთი თავისებურება ჰქონდა: ვისაც იარაღის ქონა უნდოდა, ყველას, უგამონაკლისოდ, შეეძლო სადმე მისი პოვნა. საითაც არ გაიხედავდი, ყველგან იარაღი იყო.

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ
გამომცემლობა „დიოგენე“, 2015წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში