შოთა არველაძე - გუშინ...
საქართველო ის ქვეყანაა, სადაც გულშემატკივარი ფეხბურთის მატჩზე ორ ბილეთს ყიდულობდა (ასეთი რამ, სხვაგან არსად გამიგია), რომ პირველი ტაიმის შემდეგ, როცა გუნდები მხარეებს შეიცვლიდნენ, საყვარელი ფეხბურთელისთვის უფრო ახლოდან ეყურებინა.
ერთხელ, ჩვენ და ჩვენმა უახლოესმა ძმაკაცებმა სახლის წინ, მანქანების სადგომის თავზე, ნამდვილი სტადიონი მოვაწყვეთ, თავისი სარეკლამო „შიტებით“. მეზობელი ეზოდან ფეხბურთის რკინის კარებიც კი მოვიპარეთ და ჩვენთან დავაყენეთ. ამ ფაქტს ისეთი ამბავი მოჰყვა, რომ კიანაღამ მაგრად გავილახეთ. იმ ეზოს ბავშვებს ბევრი არ უფიქრიათ და ცოტა ხანში, მშობლებთან ერთად, ჩვენი ბინის წინ აღმოჩნდნენ... დედაჩემმა, რომ გაიგო, ტყუპებმა კარი მოიპარესო, გურული არ არის? ბოლომდე არც კი მოისმინა, ეგონა ვიღაცას სახლის კარები მოპარესო და ჩვენს მოსაკლავად გამოვარდა... ძლივს დავარწმუნეთ, რომ ფეხბურთის კარებზე იყო ლაპარაკი.
საბჭოთა საქართველოში ევროპული თასების სატელევიზიო ჩვენება შეზღუდული იყო და ბევრი გულშემატკივარი თბილისის მახლობლად, სოფელ პანტიანში დადიოდა საყურებლად... მანქანის აკუმულატორზე ვაერთებდით ტელევიზორებს და სპეციალური ანტენებით ვიჭერდით თურქულ არხებს, რომლებზეც ყველა სერიოზულ და პრინციპულ მატჩს გადმოსცემდნენ. [...] მახსოვს, როცა 1985 წლის მაისში „ლივერპულისა“ და „იუვენტუსის“ ფინალს ველოდებოდით... მატჩის წინ დიდი ტრაგედია დატრიალდა და ამ ტრაგედიის მიზეზი ინგლისელი გულშემატკივარი გახლდათ. უამრავი ადამიანი დაიღუპა...
შემოვლა კლინიკაში დილის 6 საათზე იწყებოდა. ჩვენთან შვიდის ათ წუთზე შემოდიოდნენ. გაქათქათებულები და თეთრებში გამოწყობილები, სინათლეს აანთებდნენ, - „ალეს კლაა“? - ყველაფერი კარგადაა? - იკითხავდნენ და დაგვტოვებდნენ. სინათლეს, რა თქმა უნდა, ანთებულს ტოვებდნენ. ჩვენ (მე და აჩი) საღამოობით ტელევოზირს ვუყურებდით და გვიან ვიძინებდით, ამიტომ მათი გამოჩენა არ მიყვარდა, რადგან ერთი ორი კითხვის გამო გვაღვიძებდნენ. მერე უნდა ავმდგარიყავი და სინათლე ჩამექრო. აბა აჩი რას ადგებოდა, ფეხი სპეციალურ „შინაში“ ედო, რომელსაც იშვიათად იხსნიდა. ექიმები აჩის ყავარჯნებით სიარულს აძალებდნენ, მას კი ეშინოდა. ჰოდა, ერთ-ერთი შემოვლის შემდეგ აჩის „შინა“ გამოვართვი, მისი ხალათი ჩავიცვი და დერეფანში გამოვედი... ძალიან ადრე იყო, რომ დამინახეს გაეხარდათ, - ყოჩაღ! თავისით გამოვიდაო: - „იავოლ, აჩი, იავოლ, ზერ გუდ, შპაცირენ, შპაცირენ“, - მოკლედ, ძალიან გაეხარდათ. ჩემთან ახლო მდგომ მედდას ყავარჯნების დაჭერა ვთხოვე, გამომართვა თუ არა, მეორე მხარეს გავიქეცი... გავრბივარ მარა რას გავრბივარ, მთელი კლინიკა მომდევს: - „ფუტ კაპუტ, ფუტ კაპუტ!“ - მომძახიან ერთხმად. ამ დროს, კიჭა მოდის ხილით დატვირთული და რას ხედავს, მთელი სართული მე დამდევს... მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს ავრევივართ, ზურგიდან ნამდვილად ვერ მიცნო. იფიქრა, ბავშვა ნარკოზის შემდეგ ხომ არ გააფრინაო, მთელი მსოფლიო შევძარი და ყველაფერი წყალში გვეყრებაო... ფეხს აღარავინ ჩიოდა, ყველამ იფიქრა, ნამდვილად გაგიჟდაო. ამ დროს ერთ-ერთი ექთანი ჩვენს პალატაში შევარდა, იდეაში - ჩემს დასაძახებლად, იქნებ ძმამ მაინც გააჩეროსო და... ოთახში, სპეციალურ ლოგინში, ფეხაწეული, მძინარე აჩი რომ დახვდა, ჭკუიდან გადავიდა... სიცილისგან ყველა ძირს ეყარა, საწყალი მამაჩემი კი გაქვავებული იდგა, როცა მიხვდა, რაში იყო საქმე, მერე ერთი თავისებურად გაგვიარ-გამოგვიარა ახლობლებში და სულ ეგ იყო...
საქართველოს ეროვნული მოძრაობის დაჟინებული მოთხოვნით, ქართული გუნდები, ყველა უკლებლივ, პროტესტის ნიშნად, სსრკ ჩემპიონატებიდან უნდა გამოსულიყვნენ... მგონი ვიჩქარეთ, იმ დროისთვის ორი გუნდი გვეყოლებოდა უმაღლეს ლიგაში: „დინამო“ და „გურია“. საფეხბურთო სამყარო ორად გაიყო. ზოგი უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე სამი გუნდის დატოვებას და დანარჩენი ლიგებიდან შემდგარ, საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებას მოითხოვდა, მეორე მხარე კი, დაუყოვნებლივ, უკლებლივ ყველას ჩართვას... გადაწყვეტილება მიღებული იქნა, ყველა ჩამოშორდა სსრკ-ს პირველობებს. ეს უფრო პოლიტიკური პროტესტი იყო, ვიდრე სწორი პოზიცია. ეროვნულ მოძრაობას ასე სურდა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები შეიძლება მტრებადაც კი გამოეცხადებინათ.
„აკაკიჩს“ გუნდის („დინამო“) ყველა მგზავრობა და ეკიპირება ეხებოდა, ე.ი. როდესაც ახალი ბუცები ჩამოვიდოდა, ყველა მასთან გარბოდა. პირველ რიგში, ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძირითადი გუნდის ფეხბურთლებს ხვდებოდათ, მერე ახალგაზრდებს... კარგი ბუცი ყველასთვის ოცნება იყო და როდესაც გერმანიიდან „პუმები“ („King“) ჩამოიტანეს, ერთი ამბავი ატყდა. ყველას რომ არ შეხვდებოდა, გასაგები იყო და ამიტომაც საღამოს „აკაკიჩთან“ შევედი ოთახში და ვთხოვე, რომ უბუცებოდ არ დავეტოვებინე. იმის გარდა, რომ ძალიან მაგარი ბუცი იყო, ჩემი კერპი მარადონაც ამავე „კინგ“-ებით თამაშობდა. სანამ ოთახში შევიდოდი, ჩემთან „რეხვო“ (ალექსანდრე რეხვიაშვილი) მოვიდა და თავისი გულისტკივილი მამცნო. რა თქმა უნდა, მას ბუცები არ შეხვდა, რადგან სულ ახალი მოსული იყო და ჯერ ძირითადში არ თამაშობდა. თენგიზ მაჭავარიანის („აკაკიჩი“) ხსოვნა და არ დავიწყება იყოს, პირველი საოცნებო ბუცები მან მომცა, ჩემი თხოვნა გაითვალისწინა. ოთახიდან უზომოდ ბედნიერი გამოვედი, მეგონა, ამ ბუცით ყველა კარში დარტყმული, - გოლი იქნებოდა. გამოვედი თუ არა, იქვე „რეხვო“ მელოდებოდა, ალბათ ჩემი ამბავი აინტერესებდა, ამ დროს „აკაკიჩიც“ წამოგვეწია და „რეხვოს“ ჰკითხა: - კაკ ტვაიო ფამილია? „რეხვო“ ფეხზე წამოხტა და ეგრევე, - სოროკ დვაო, - იყვირა!.. ისე უნდოდა ბუცები, რომ მარტო ამაზე ფიქრობდა.
დავით ყიფიანმა „დინამო“ დატოვა და უცხოეთში გადავიდა სამუშაოდ. მისი ადგილი რეზო ძოძუაშვილმა დაიკავა. „მიხიჩა“ ახალგაზრდებისთვის, მართლაც, საუკეთესო მწვრთნელი იყო. თუ დაინახავდა, რომ ნიჭის გარდა მონდომებაც არ გაკლდა, თან გადაგყვებოდა. თბილისის „მტრედებში“ მოთამაშე გიო ქინქლაძე სასწრაფოდ „დინამოში“ გადმოიყვანა და ოცნების გუნდის შექმნას შეუდგა. [...] მე გამორჩეულად ვუყვარდი... ერთხელ ქალაქში, მაღაზიიდან პროდუქტებით დატვირთული გამოდიოდა და მე შევეფეთე, ხელები დაკავებული ჰქონდა, გადაღლილი ჩანდა, ცუდ ხასიათზე იყო. - რა იყო „მიხიჩ“, რა მოხდა-მეთქი, - არაფერი, არაფერიო... ერთი ღრმად ამოისუნთქა და მერე დააყოლა, - მოიცა, მოიყვან ცოლს და შენც ასე მოგეტ... კარგის ტრაკიო...
„დინამო“ (ტრაბზონიდან) თბილისში ბრუნდებოდა. გუნდს სასტუმროსთან დავემშვიდობეთ. როგორც კი ჩვენების ავტობუსი თვალს მიეფარა, საშინელი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ვიღაცამ ყელში ხელები მომიჭირა და მახრჩობდა, თვალები ცრემლებით მქონდა სავსე... აჩის თვალს ვერ ვუსწორებდი, ვიცოდი, ორივე ავტირდებოდით... ღამე აჩიმ რამდენჯერმე გამაღვიძა და მითხრა: - წამო რა, წავიდეთ, აღარ შემიძლიაო. თბილისი სულ რაღაც 650 კილომეტრშია და ვიცოდი, თუ მეც ავყვებოდი, ხელს ვეღარაფერი შეგვიშლიდა - თბილისში „დავგაზავდით“. 300 დოლარად ტაქსი, მთელ საქართველოს შემოგვატარებდა. მე კი ვეუბნებოდი, - ეს ექვსი თვე მალე გავა და მერე უფრო ადვილი გადასაწყვეტი იქნება ყველაფერი-მეთქი.
მე და აჩის, 21 წლის ასაკში, კიდევ გვჯეროდა ზღაპრების, თბილისში „ოცნების გუნდი“ გველოდა. ჩვენ - ტრაბზონიდან, რეზი - კიოლნიდან, გიო ქინქლაძე და მურთაზ შელია - საარბრუკენიდან ჩამოვედით... ყველანი „დინამოს“ წარმატებაზე ვოცნებობდით.
ინგლისთან თამაშის წინ სამი გამაყუჩებელი ნემსი გავიკეთე, 58-ე წუთზე შემცვალეს, ისე ვითამაშე, როგორც ყველამ, - გიო ქინქლაძის გარდა... მხოლოდ გიომ შეძლო კლასის ჩვენება! 0:2 დავმარცხდით. საოცარი გუნდი ჰყავდათ, - ფიზიკურად და ტაქტიკურად ძალიან ძლიერი, ხოლო შემსრულებლები, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო: სიმენსი, კემბელი, ადამსი, პოლ გასკოინი, დევიდ ბექჰემი, ფერდინანდი, ალან შირერი, ნიკი ბატი, იან რაითი, ტედი შერინგემი და ბევრი სხვა... ამ შემადგენლობის მიუხედავად, გულშემატკივარმა ისეთი ამბავი მოაწყო სტადიონზე, რომ ასეთი ლანძღვა-გინება და ამისთანა გადარევა, ვერც მე და ვერც სტაჟიანმა გულშემატკივარმა ვერ გაიხსენა... მოკლედ, ჩათვალეს, რომ 20-22 წლის ბიჭებს ეს გუნდი უნდა დაგვემარცხებინა! არც სპორტულმა პრესამ დაგვინდო, ჩივაძეს კინაღამ ინფარქტი დაემართა და გადადგა...
90-იანი წლების საქართველოს ნაკრებში ყველაზე ნიჭიერნი აჩი არველაძე და გიო ქინქლაძე იყვნენ. იმიტომ კი არა, რომ აჩი ჩემი ტყუპის ცალია, მინდა სრულიად გულახდილად ვთქვა, - საქართველოში არსებულ ფეხბურთელთა შორის არავის ჰგავს თამაშის მანერით, არაორდინალური გადაწყვეტილებები, დრიბლინგით, ხასიათით. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი ურთულესი ოპერაცია აქვს გაკეთებული, არასდროს ნებდებოდა და ვფიქრობ, გულშემატკივართა თვალში წარუშლელი კვალი დატოვა... გულს მიხეთქვას იმის წარმოდგენა, - რომ არა მისი ტრავმები, რამხელა წარმატება ელოდა!.. სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს და არც შემიძლია... აი, გიოზე ლაპარაკს კი, ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ვერ დავასრულებ. არ ვიცი, უპირველეს ყოვლისა, მან აპატია თუ არა თავის თავს, აპატია თუ არა მას ქართველმა თუ ევროპელმა გულშემატკივარმა, მისი ასე, ქარს გატანებული ნიჭი, მაგრამ ჩემგან ის პატიებას ვერასოდეს ეღირსება!.. ვფიქრობ, გიო ქინქლაძე საქართველოს ყველა დროის, ყველაზე დიდი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელი იყო, რომელმაც თავისი შესაძლებლობების ნახევარიც კი ვერ გამოავლინა და ჩვენ, ყველას, მისი თამაშის ყურების უდიდესი სიამოვნება მოგვაკლო... თემურ ქეცბაია, უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, რომელსაც თავიდანვე ეტყობოდა, რომ დიდ წარმატებას მიაღწევდა, - ნიჭს სპორტსმენის უდრეკი ხასიათიც უმაგრებდა ზურგს. თემურ ქეცბაია ყოველ ჯერზე ისეთი თავდადებით იბრძოდა მოედანზე, გეგონებოდათ კარიერის ბოლოს თამაშს ატარებსო. ორივე ფეხითაც ერთნაირად, ხარისხიანად თამაშობდა. თამაშის საკუთარ თავზე აღება შეეძლო და არასდროს უთქვამს, ამ პოზიციაზე არ მსურს, ან იმ დავალებას ვერ შევასრულებო!.. როცა ნაკრებში მასთან ერთად პირველად ვითამაშე, დავრწმუნდი, - თემურს ყველაფერი შეეძლო. მოედანზე ის ჩვენი ლიდერი იყო! ასევე, ძალიან ძლიერი სპორტსმენი იყო კახა ცხადაძე. საბჭოთ კავშირი რომ დაიშალა, გაბედა და ესენგეს ნაკრებში ითამაშა. „ხალხის მტერი“! „ერის მოღალატე“! - რას არ ეძახდნენ ამის გამო საქართველოში, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ ცხადაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და რომ მას არავისზე ნაკლებად არ უყვარდა საქართველო!.. ცხადაძემ, 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა, რაც ბუნდესლიგის „აინტრახტში“ მოსახვედრად დაეხმარა, - ასეთი გამოცდილებით მივიდა ის საქართველოს ნაკრებში. კახა ცხადაძე ნაკრების პირველი კაპიტანი გახდა! ერთი შეხედვით მაღალი, თხელი, თითქოს ჰაეროვანი, მაგრამ ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი მცველი იყო. სამწუხაროდ, უიღბლობამ ძალიან შეუშალა ხელი, - თორმეტი ოპერაცია გაიკეთა, ფეხები დასახიჩრებული აქვს... კარიერის ბოლოს ძალიან გაწვალდა და ალბათ, რომ არა ტრავმები, ბევრად მეტს მიაღწევდა.
ფიფა - უეფაში საქართველო 1992 წელს გაწევრიანდა, ხოლო პირველადი შესარჩევი ციკლი ჩვენთვის ევროპის 1996 წლის საკვალიფიკაციო რაუნდი იყო. ნაკრების მწვრთნელად ალექსანდრე ჩივაძე დანიშნეს. მას არ ჰქონდა სამწვრთნელო განათლება, მაგრამ ჰქონდა ის, რისი სწავლაც არ შეიძლება და რასაც წიგნებში ვერ ამოიკითხავ. საშა ჩივაძე, დიდებული ლიბერო, თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი! ცხადია, ის ნაკრების ფეხბურთელებისთვისაც დიდი ავტორიტეტი გახლდათ. საშა ჩივაძეს შეეძლო გუნდში არაჩვეულებრივი ატმოსფერო შეექმნა, მისი სიტყვები ძალიან დამაჯერებლად ჟღერდა. ტაქტიკური სვლებით არ გამოირჩეოდა, უფრო ფეხბურთელების ინდივიდუალიზმზე ცდილობდა თამაშის და გუნდის აწყობას. შეიძლება ითქვას, ჩივაძე ყველა ფეხბურთელის ნიჭის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობდა.
თბილისში გერმანელები რომ ჩამოვიდნენ, ეს უდიდეს მოვლენად შეირაცხა. სტადიონზე ასი ათასი კაცი მოვიდა, ხალხი კიბეებზეც იჯდა. ზოგს ეშინოდა სტადიონი არ დაინგრესო. თამაშის წინა დღეს, ტრადიციისამებრ, „დინამოს“ დიღმის ბაზაზე ჩვენს დასალოცად მამაო მობრძანდა. დაგვლოცა და გამარჯვება გვისურვა. გვითხრა, - არავისზე ნაკლებები არა ხართ და გერმანელებს ნუ შეუშინდებითო. მათ თუ გოეთე და ბეკენბაუერი ჰყავდათ, ჩვენ მურთაზ ხურცილავა, საშა ჩივაძე და რუსთაველი გვყავსო. გოჩა გოგრიჭიანმა კი უადგილოდ წამოიძახა, - გერმანელებს თუ ჰიტლერი ჰყავდათ, ჩვენ სტალინი გვყავდაო. სიტუაცია ჩივაძემ განმუხტა და მამაოს მის მაგივრად შენდობა სთხოვა, მერე კი გოგრიჭიანს მიუბრუნდა და პირჯვარი გადაწერა...
უელსს გიოს (ქინქლაძე) გატანილი გოლით, კარდიფშიც მოვუგეთ. საჯარიმოსთან მიახლოებულმა, ნევილ სოუთჰოლს ბურთი თავზე გადაუგდო. ამ თამაშიდან ათი წლის შემდეგ, „რეინჯერსში“ თამაშისას, ანდრეი კანჩელკისმა მითხრა, როდესაც მე და მარკ ჰიუზი „მანჩესტერში“ ერთად ვთამაშობდით, გაცოფებული ყვებოდა საქართველოსთან თამაშის შესახებო... ამ პატარა ბავშვებმა ბურთი თავზე დაგვახიესო!.. თავი ბრაზილიაში მეგონაო, ბრიტანელებსაც ვუთხარი, - ადრე საქართველოს საბჭოთა ბრაზილიას ეძახდნენ-მეთქი.
ბულგარელები თბილისში საუკეთესო შემადგენლობით ჩამოვიდნენ და თბილისშიც ცხვირაწეულები დადიოდნენ. ეს ჩივაძეს აღიზიანებდა, - მაგათ არ იციან, სად ჩამოვიდნენ, მაგ ბრექებს ჭკუა უნდა ვასწავლოთო. თამაშის წინა გარჩევაზე, „ჩივამ“ ბულგარელების დადებით მხარეებზე ილაპარაკა, რამდენჯერმე აღნიშნა მათი „კოზირები“, ერთი მომენტი კიდეც ჩაიხვია, მათი კოზირია ეს და მათი კოზირია ის. მოკლედ, ბევრჯერ რომ ახსენა სიტყვა კოზირი, არც ჩვენ ჩამოვრჩით და გოჩა ჯამარაულმა უთხრა: - ნუ ნერვიულობ, გავრილოვიჩ, ჩვენ „ბეზკოზირას“ ვითამაშებთ და ნაღდად მოვუგებთო. გასახდელში ყველა გახალისდა და მატჩის წინა ნერვიულობა თითქოს სადღაც გაქრა.
ყიფიანის ხელმძღვანელობით, შემდეგი მატჩი ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე გვქონდა - მსოფლიოში ყველასგან განსხვავებულ და ისტორიულ სტადიონზე. თამაში იქ, სადაც ფეხბურთი დაიბადა, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა! ამ განსაკუთრებულ სტადიონზე სულ რამდენიმე ქართველს უთამაშია, ალექსანდრე ჩივაძეს კი გოლი აქვს გატანილი. ჩემს თაობას ამაში ნამდვილად გაუმართლა. თვით ლეგენდარულმა პაოლო მალდინიმაც თავის ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, - როდესაც სავსე „უემბლიმ“ ერთ ხმაში ნაციონალური ჰიმნის შესრულება დაიწყო, ფეხები ამიკანკალდაო... ჩვენთვისაც ძალიან საპატიო იყო ასეთ სტადიონზე თამაში. მალდინის სიტყვები კარგად მახსოვდა და ინგლისის ნაციონალური ჰიმნის დაწყებას მოუთმენლად ველოდი, მაინტერესებდა, რას ნიშნავდა ამხელა ფეხბურთელის სიტყვები. გაგონილმა და ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! ტანში ჟრუანტელმა დამიარა და მაშინ ვინატრე, რაც იქ ხდებოდა, თბილისში, ჩვენი შესრულებით მენახა, ოღონდ ჩემი უშუალო მონაწილეობით. ისიც კი ვიფიქრე, აქ მათ, ალბათ ვერასდროს ვერავინ დაამარცხებს-მეთქი. სასწაული სანახავია ერი, რომელიც ასე ამაყობს თავისი გუნდით, ყველას ერთად შეუძლია იმღეროს ჰიმნი და დიდი გამარჯვების მონაწილე გახდეს. [...] თამაშის შემდეგ გიოსთან (ქინქლაძე) ერთად ქალაქში დავსეირნობდით. ის ხომ ინგლისის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი იყო, მე კი ვბრაზობდი, ლონდონში შოთა არველაძეს უფრო იცნობენ, ვიდრე გიო ქინქლაძეს-მეთქი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ემ და გიო დავნიძლავდით, - წაგებულს ვახშამი უნდა ეკისრა. საკმაოდ ბევრნი ვიყავით და საინტერესო იქნებოდა, ვინ გადაიხდიდა ვახშმის ფულს ლონდონში. ნაძლევის პირობა ასეთი იყო, - ქუჩაში ერთად უნდა გავსულიყავით და ვისაც პირველს იცნობდნენ, ნიძლავსაც ის მოიგებდა. მართლაც, ქუჩაში გავედით და როგორც კი დიდი, შავულვაშიანი კაცი დავინახე, ეგრევე იმისკენ წავედი, თან თვალებში ვუყურებდი. გულმა მიგრძნო, რომ თურქი იქნებოდა. ასე აღმოჩნდა. - „ლა მერაბა, შოთა კარდეშ!“ - იყვირა ულვაშამ, - შოთას გაუმარჯოს, ჩვენ ძმასო და... ერთი სიტყვით, გიო 2 000 ფუნტში გადავარდა...
საქართველო მაშინ დაულაგებელი ქვეყანა იყო. თბილისი, აეროპორტიდან - სასტუმრომდე, ჩაბნელებული დაგვხვდა. იტალიის ნაკრები სასტუმრო „მეტეხში“ ცხოვრობდა და როგორც კი შენობაში შევიდნენ, სასტუმროც გაანათეს... იტალიელებმა მაღლი დონის სასტუმრო რომ დაინახეს, ძალიან გაუკვირდათ. აქედან სტადიონზე რომ მოვიდნენ და განათება ჩართეს, აქაც გაკვირვებულნი დარჩნენ, იფიქრეს, ქართველები ამას ყველაფერს შეგნებულად გვიკეთებენო.
... აღმასკომზე „ყიფოს“ მიერ გაწეული სამუშაო კარგად შეაფასეს, მაგრამ ნაკრებიდან მაინც გაუშვეს... გაუგებარი, სასაცილო და სამარცხვინო მიზეზით, - ვერ უზრუნველყო კონტაქტი ფედერაციასა და ნაკრების ფეხბურთელებს შორისო!
უნგრეთთან სტუმრად თამაშის წინაც ვიკამათე ყიფიანთან. - ეს იმას ჰგავს, შვილიშვილი ბაბუას „იმას“ ასწავლიდაო, - კამათის გამო ასეთი პასუხი მივიღე ერთხელ ყიფიანისგან.
ამსტერდამში გამგზავრების წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ნოდარ ახალკაცს ვესტუმრე. ძალიან მაინტერესებდა მისი აზრი. ახალკაცმა ჯერ შემაქო, - ყოჩაღ, აბა შენ იცი, ამხელა გუნდში საქართველოს როგორ წარმოაჩენო. ერთი რჩევაც მომცა, - გუნდში რომ მიხვალ, სტუმარივით არ მოიქცე, ისე მოიქეცი, თითქოს დიდი ხანია „აიაქსში“ თამაშობო. ასე უფრო მალე მიგიღებს დიდი ფეხბურთი და წარმატებაც მალე მოვაო.
გუშინდელივით მახსოვს პირველი დღე „აიაქსში“... როგორ შევედი გასახდელში, როგორ ჩამოვართვი ყველას ხელი, მარტო ჩემს სახელს ვიმეორებდი... თითქმის ყველა მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო... ამ ნერვიულობაში აღმოვაჩინე, რომ ბოტასები სახლში დამრჩა... ეტყობა, საწყლად გამოვიყურებოდი, ყველა გარეთ გავიდა და სირბილისთვის მოემზადა. რონალდ დებურმა ფეხის ზომა მკითხა და თავისი ბოტასები მომიტანა.
***
გიო ქინქლაძე, ჩემი ბავშობის მეგობარი, რომელშიც „აიაქსმა“ რეკორდული თანხა - 16.000.000 გადაიხადა. ვინმეს ათი წლის წინ რომ ეთქვა, არველაძე და ქინქლაძე „აიაქსში ერთად ითამაშებენო, ალბათ ასათიანზე გააქანებდნენ. [...] დანიაში ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ „ბრონდბიუსთან“ და 4:1 დავამარცხეთ. ოლსენმა გიო მარცხენა ფლანგზე დააყენა. პირველი გოლიც მისი პასით გავიტანე და ამის სემდეგ გიომ სასწაულები მოახდინა... ოთხი კაცი მოატყუა და ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო. გასახდელში მთელი გუნდი ოვაციებით შეხვდა, მხოლოდ მე ვიძახდი, - ეს არაფერია, ჯერ სადა ხართ, ნამდვილი გიო თქვენ არ გინახავთ მეთქი. [...] თავდაპირველად, გიოს მარცხნიდან ათამაშებდნენ, რაც ძალიან არ მოსწონდა, მას თავის საყვარელ ადგილზე სურდა თამაში, სადაც იარი ლიტმანენი თამაშობდა. ყოველთვის ვცდილობდი ამეხსნა გიოსთვის, - ამ რანგის გუნდში, სადაც გათამაშებენ, იქ უნდა დაამტკიცო, რომ მაგარი ხარ, მაგრამ მან ასე არ მოინდომა. [...] გუნდი მეორე წრისთვის მოსამზადებლად სამხრეთ აფრიკაში მიდიოდა, სადაც ახალმა მწვრთნელმა გიო სიაში არ შეიყვანა. ამით ნათელი გახდა, რომ ვოუტერსს გიო არ სჭირდებოდა. სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ ასე მოხდებოდა. ყველაფერი აქეთ მიდიოდა, მაგრამ გული ძალიან დამწყდა, რომ ჩვენი ლამაზი, საერთო ოცნება არ ახდა... „რეინჯერსში“ თამაშისას, ვერ მოვითმინე და ვოუტერსს ვკითხე, რატომ არ სცადა, სულ პატარა შანსი მიეცა გიოსთვის. ვიცი, რომ კარგად ხედავდა მის პოტენციალს. მიპასუხა, - თუ ფეხბურთელს თვითონ არ უნდა, მე ვერაფერს შევძლებო. ეს პასუხი საკმარისი არ იყო ჩემთვის, მაგრამ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებდი და ვერც ვერაფერს შევცვლიდი. [...] გიო ქინქლაძე მეორე გუნდში ვარჯიშობდა. ეჩხუბებოდნენ, ჰოლანდიური ენის გაკვეთილებს ნუ აცდენო. არ ვიცი, ძალით უშლიდნენ ნერვებს, თუ რა იყო. წინა სამატჩო განაცხადს აღარც კი ვამოწმებდით, ვიცოდით, რომ გიო არ იქნებოდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი თამაშის წინ, „ვიტესთან“, გიომ სტადიონზე დამტოვა და თვითონ ქალაქში წავიდა. გასახდელში შესულს, გიოს „მაიკა“ შემეფეთა და გაკვირვებისგან დინ გორეს ვკითხე, - რა, გიო განაცხადშია-მეთქი?! რაზეც, დადებითი პასუხი მივიღე. გავგიჟდი, ვიფიქრე, ყველა გადაირევა, რომ გაიგებენ - ქინქლაძე თამაშზე არ გამოცხადდაო!.. ქალაქში მის საძებნელად გავვარდი. ვიპოვნე, მაგრამ კრებაზე დაგვაგვიანდა. განრისხებულმა ვოუტერსმა ორივე გამოგვიშვა ოთახიდან... მე მითხრა, - შეგიძლია სახლში წახვიდეო, თამაშიდან დათხოვნილი ვიყავი... საშინლად დავიბოღმე, მაგრამ იქ კამათი არ დამიწყია. კრების დამთავრებას დაველოდე და მასთან სალაპარაკოდ შევედი. ვუთხარი, რომ გიო ჩემთვის მხოლოდ თანაგუნდელი არ იყო... და რომ ხვალ მთელი ევროპა შეიტყობდა, რომ გიო თამაშზე არ გამოცხადდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, გიო მომეძებნა და მომეყვანა. თან ისიც ვუთხარი, როცა მას ჰოლანდიურის გაკვეთილები აქვს, ხუთი კაცი მაინც ვახსენებთ, რომ არ გააცდინოს-მეთქი. კაცს ორი სამი თვეა არ უთამაშია, არავინ გააფრთხილა, რომ ამხელა პაუზის შემდეგ განაცხადში იყო შეყვანილი და ეს გაუგებრობა მარტო გიოს ბრალი არ არის-მეთქი... მართალია, განრისხებული იყო, მაგრამ კარგად მომისმინა, მითხრა, - შენზე უფრო ვარ გაბრაზებული, ვიდრე გიოზეო, პროფესიონალი ხარ და პირველ რიგში შენს თავზე უნდა გეფიქრაო...
... რომ იტყვიან, - „ს კარაბლია - ნა ბალ!“ - საკნიდან პირდაპირ სტადიონზე აღმოვჩნდი, - ნაკრები იტალიას ეთამაშებოდა. „ყიფოს“ და რეზო ძოძუაშვილს ვთხოვე, რომ ძირითადში არ მეთამაშა, რადგან ურთულესი სამი დღე გადავიტანე. პრინციპში, შევთანხმდით კიდეც, ოღონდ „მიხიჩა“ (რეზო ძოძუაშვილი) მაინც უკმაყოფილო იყო, - რა გჭირს, შეჩემა, ედიკა სტრელცოვმა რვა წელი გაატარა ციხეში, რომ გამოვიდა საუკეთსო იყოო. შენ კი, სულ რაღაც სამი დღე იჯექიო. უნდოდა, თავიდანვე მეთამაშა და მეჩხუბებოდა.
რა არის „რეინჯერსი?“ პირველ რიგში, უკიდეგანობა, „რეინჯერსი“ ძალიან ბევრ რამეს იტევს. ძნელია, ეს ყველაფერი მთელი სისავსით, სიტყვებით გადმოსცე.
„ოლდ ფორმში“ თამაში - „რეინჯერსისა“ და „სელტიკის“ დიდი დაპირისპირება. აიბროქსელობა განსაკუთრებული შეგრძნებაა და იმ არაჩვეულებრივ ატმოსფეროს, რაც „რეინჯერსში“ იყო, „სელტიკთან“ დაპირისპირება კიდევ უფრო ამძაფრებდა. „რეინჯერსის“ გულშემატკივრები მიხსნიდნენ, - რას ნიშნავს მათთვის „რეინჯერსი“, როდის იყვნენ პირველად „ოლდ ფორმზე“, და ასეთი საუბრებისას შენც ძალაუნებურად იმავე სენით ავადდები. რაც დრო გადის, ეს ავადმყოფობა უფრო ძლიერდება, უღრმავდები ყველაფერს და უფრო გიყვარდება. „რეინჯერსში“ ცდილობენ შეგაძულონ „სელტიკი“, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ „სელტიკი“ მეზიზღებოდა, მხოლოდ იმაში ვრწმუნდებოდი, რომ „რეინჯერსზე“ ვიყავი შეყვარებული.
***
„რეინჯერსს“ კოპენჰაგენში გავყევი. მატჩის წინ, გასახდელში, ნამდვილი ჯეიმს ბონდი, სერ შონ კონერი შემოვიდა (ის ხომ „რეინჯერსის“ დიდი გულშემატკივარია და დანიაშიც ჩვენს საქომაგოდ ჩამოვიდა). გამარჯვება გვისურვა, თუმცა მისი ეს ჟესტი მაინცდამაინც არ მესიამოვნა, რადგან მახსოვდა, ერთი წლის წინ, „კოპენჰაგენთან“ მატჩამდე, უეფას თასზე, პრაღაში, - „ჟიჟკოვთან“ დავარცხდით. შონ კონერი მაშინაც მოვიდა ჩვენთან მატჩის წინ და ის შეხვედრა 2:0 წავაგეთ. ერთი სიტყვით, ცრურწმენამ შემიპყრო, ვაითუ ცუდი ფეხი აქვს და ახლაც წავაგოთ-მეთქი.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი მოსვლა ყველას უზომოდ გვიხაროდა, რადგან ჰოლივუდის ცოცხალი ლეგენდის ნახვა ხშირად არ გვიწევს... სათითაოდ მივედით და მივესალმეთ, მანაც თავაზიანად მოგვიკითხა და წარმატება გვისურვა. რონალდ დე ბურმა კი თავი გამოიჩინა და ბოლო ფილმის შესახებ დაუწყო ლაპარაკი...
რონალდს ეტყობოდა, რომ ფილმით მოხიბლული არ იყო და პირდაპირ აჯახა, - ბევრი ვერაფერი იყოო... და საერთოდაც, გულახდილად გითხრათ „შაით“-ო, რაც სუფთა შოტლანდიურად „მძღნერს“ ნიშნავს. ამ სიტყვებმა ყველა გაგვაშეშა და დაგვაბნია. მართალია დე ბური მას იცნობდა და მანამდე რამდენჯერმე მეგობრულადაც უსაუბრია მასთან, მაგარმ ასეთ კომენტარს არავინ ელოდა! უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, ზოგმა გასახდელი დატოვა, ზოგმა დაბნეულობისგან ჩანთებში დაიწყო ქექვა... მე კი, არც ვაცალე არავის და პირდაპირ „ჯეიმს ბონდს“ მივმართე, რა თქმა უნდა, ფეხზე ადგომით, - სერ შონ, თქვენ თუ ნახეთ რონალდ დე ბურის ბოლო ჩატარებული მატჩი-მეთქი?.. გამომხედა და მიპასუხა: - არა, ნეტავ როგორ ითამაშაო? მე, რა თქმა უნდა, მთელი ძალღონე მოვიკრიბე, რომ შოტლანდიური აქცენტით მეპასუხა: „შაით!“ - მძღნერს რომ ფეხები გამოაბათ, ისეთი იყო-მეთქი... ყველა ერთხმად ახარხარდა, უხერხულობა უცებ განიმუხტა, გაქრა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, ხოლო სერ შონმა, ჩემს ამ ხუმრობას დაუმატა: - მიუხედავად იმისა, რომ რონალდს ფილმი არ მოეწონა, მან 60 მილიონი მაინც მომიტანა, რაც ამერიკელებისთვის წარმატების მთავარი საზომიაო.
ვან გაალმა არაჩვეულებრივი ატმოსფერო შექმნა გუნდში, მას შეუძლია თითოეული ფეხბურთელი დაარწმუნოს, რომ ის ძალიან საჭიროა გუნდისთვის! ხანდახან გამოუცდელ, ახალგაზრდა ფეხბურთელს ისეთ პრინციპულ თამაშში დააყენებდა, რომ ძალიან მიკვირდა. უმეტეს შემთხვევაში, მისი გადაწყვეტილება ამართლებდა ხოლმე.