ჯონ სტაინბეკი - ზამთარი ჩვენი მღელვარებისა
კატებისთვის ღმერთს თაგვები და ვირთაგვები გაუჩენია, შენ კი ძეხვი მოგდომებია.
დღე, - მთელი დღე, დილიდან საღამომდე, - ერთნაირი როდია; ათასნაირად იცვლება ხოლმე. იცვლება არა მარტო მზის შუბის ტარზე ასვლით ან დასავლეთისკენ გადახრით, არამედ მთელი თავისი ქსოვილით, ფერებითა და მნიშვნელობით, წელიწადის დროთა ნაირ-ნაირი ცვლილებებით; ყველაფერი მოქმედებს - სიცხე იქნება თუ სიცივე, ქარი თუ სიწყნარე, საამო სურნელი თუ შხამი ბალახისა, კვირტისა, ფოთლისა, სიცივე ყინულისა და შავად გატიტვლებული ტოტებისა. იცვლება დღე და მასთან ერთად იცვლებიან მისი ქვეშევრდომებიც - მწერები და ფრინველები, კატები, ძაღლები, პეპლები და ადამიანები.
მოხუცი ხალხი ხშირად ტვირთად იქცევა ხოლმე.
კაცს ერთბაშად ვერ დაასამარებ. მე ის მინდა ვთქვა, რომ რა გინდ დიდი გასაჭირი შეხვდეს ადამიანს, მაინც შეებრძოლება და გაუმკლავდება. ერთადერთი, ეროზია სპობს კაცს. უფსკრულისაკენ ჰკრავს ხოლმე ხელს. თანდათანობით მოიცავს შიში.
რისკი სულაც არ ნიშნავს დაკარგვას.
რა უცნაური ხმა აქვს ხოლმე ქუსლების ტყაპუნს ტროტუარზე, როცა გაბრაზებული მიდიან.
განათლებულ და თავის თავში დაჯერებულ ადამიანს აგრე რიგად არაფერი ეწყინებაო. „ძაღლის გაგდებულო“ მარტო იმას თუ ეწყინება, ვინც დედის პატიოსნებაშია დაეჭვებული, თორემ ალბერტ აინშტაინს რითი უნდა აწყენინო.
საქმე - ფულია. ფული და მეგობრობა კი შორიშორ დგანან. [...] ფული მეგობარს არ ეძებს, ფული ფულს ეძებს.
სამი რამისა არასოდეს არა სჯერათ - სიმართლისა, იმისა, რაც შესაძლებელია მოხდეს, და იმისიც, რაც სავსებით ლოგიკურია.
დიდხანს თუ ჩააშტერდი სიბნელეს, თვალწინ წითელი ლაქები აგიცეკვდება და დრო უსაშველოდ გაჭიანურდება.
უცნაურია, როგორა სჯერა კაცს, რომ რაიმე ამოჩემებულ ადგილას უფრო კარგად შეუძლია ფიქრი.
თავისუფალი მოძრაობით ისე არ გააღვიძებ მძინარეს, როგორც ზედმეტი სიფრთხილითა და ფეხის წვერებზე სიარულით. ამის გარდა, დარწმუნებული ვარ, მძინარე ხალხი სხვის ფიქრთა დენას წვდება და გებულობს.
რატომ მაინცდამაინც ძველს უნდა ჰქონდეს მომხიბლაობა?!
რა ფიქრები არ მოგივა ხოლმე კაცს თავში, როცა ღამით ქუჩაში მიდიხარ და დაჭირხლულ გზაზე შენივე ფეხის ჭრაჭუნი გესმის!
თუ სიმართლეს ამბობ, ან - კიდეც რომ არ იყოს სიმართლე - თუ გგონია - სიმართლეს ვამბობო, ხმამაღლა თქვი.
ზოგჯერ რაც უფრო სულელურ რამეს აკეთებ, მით უფრო ერთობი, ბავშვებისა არ იყოს - ძეგლობანას რომ თამაშობენ და სიცილით მუცელზე იფხრიწებიან. სისულელე ზოგჯერ ერთფეროვანი ცხოვრების წესს შეგაცვლევინებს და ახლებურ ცხოვრებას დაგაწყებინებს.
სხვა ადამიანებისა ან კი რა გვესმის ჩვენ. უკეთეს შემთხვევაში, ვვარაუდობთ, რომ სხვებიც ჩვენა გვგვანან.
ხშირად შემინიშნავს ხალხისათვის თვალებში რაღაცნაირი გამომეტყველება, მწევარდადევნებული გაშმაგებული ნადირის გამომეტყველება, თითქოს მყუდრო, საიდუმლო ყურეს ეძებდნენ, საცა აფორიაქებულ სულს დაიმშვიდებენ და, განმარტოებულნი, მშვიდად ასწონიან თავიანთ ყოფას.
მოჩვენებითი სიმდიდრე არაფრით ჩამოუვარდება ნამდვილს, ის კი არადა - იქნებ ყველა სიმდიდრეც ცოტად თუ ბევრად მოჩვენებითი იყოს. ფულის გაკეთება ყველა გონიერ ადამიანს შეუძლია, თუკი ამას გაიხდის მიზნად. სინამდვილეში, ყველაზე უფრო კაცს სჭირდება ქალები, კარგი ჩაცმა-დახურვა და სხვებისაგან პატივისცემა. სწორედ ეს უბნევს თავგზას. დიდ ფინანსისტებს, თავიანთი საქმის ხელოვანებს, - მორგანს, მაგალითად, გინდა როკფელერს, - თავგზას ვერ აუბნევ. მათ ფული უნდოდათ, მხოლოდ ფული, და ხვეტავდნენ კიდეც ამ ფულს. სულ სხვა საქმეა, მერე ამ ფულით რას აკეთებდნენ. მე კი მუდამ ასე მეჩვენება, რომ ისინი თვითონვე ფრთხებოდნენ თავიანთივე გამოწვეული სულით და მერე ცდილობდნენ მისგანვე გამოესყიდათ თავი.
ნათქვამია, კარგ მეომარს ბრძოლა აინტერესებს და არა ომიო. ეს უკვე სამოქალაქო ხალხის საქმეა.
როცა თავის შეწუხებასა და მღელვარებას გაურბი, ხელის განძრევას ერიდები.
არსებობენ მჭამელები და შეჭმულები. ეს სიბრძნე უსათუოდ უნდა გახსოვდეს, როცა საქმეს იწყებ. ვითომ მჭამელები შეჭმულებზე უფრო უზნეო ხალხია? ბოლოს და ბოლოს ყველანი შეჭმულები არ გავხდებით! ყველას მიწა არ გვშთანთქავს! ყველაზე გულქვა და ყველაზე გაიძვერებიც კი ვერ გაექცევიან.
იშვიათად მომხდარა, რომ პირველივე მგზავრობის შემდეგ არ გათიშულიყვნენ ამხანაგები, და ამის შემდეგ ბოლო აღარ ჰქონდა შუღლსა და მტრობას. ისე, რომ მერე და მერე, ამ ჩხუბის თავდაპირველი მიზეზიც კი ავიწყდებოდათ.
განსხვავება მხოლოდ ცალკეულ ადამიანშია - მხოლოდ ცალკეულ ადამიანში. მთელი ძალა - ცალკე ადამიანია. უმისოდ არაფერი გაკეთდება.
სიმართლის თქმა ყველაფერზე უფრო ძნელია ხოლმე.
ასეა - ვინც მუდამ ცხვირწინ გყოლია, მერე ისე გარკვევით აღარ გახსოვს.
არავითარი მისტიკა და იდუმალება ამაში არ არის: ჩვენ რჩევისთვის მივმართავთ, ან პატიებასა ვთხოვთ ჩვენივე შინაგანი არსების ყველაზე უფრო ურყევსა და მტკიცე ნაწილს.
თუ სულიერი სამყაროც იმავე კანონებს ემორჩილება, რასაც ნივთთა სამყარო, მაშინ ყველაფერი შედარებითი ყოფილა ამ შედარებითს წუთისოფელში - ზნეობაც, ყოფა-ქცევაცა და ცოდვა-მადლიც. ასე უნდა იყოს. ამას ვერავინ დააღწევს თავს. თუნდაც ფრჩხილებში ვიგულისხმოთ.
ფულს განა მარტო გული აკლია - პატიოსნებაც არა აქვს, არც მახსოვრობა. მაგრამ დიდხანს თუ გაიჩერებ ფულს, პატივისცემა თავისთავად მოდის.
ფულზე რომ მიდგება საქმე, ზნეობის ჩვეულებრივი წესები შვებულებაში მიემგზავრებიან ხოლმე.
ფული მხოლოდ იმისთვისაა მოსაწყენი და ბინძური საგანი, ვისაც აქვს. ღარიბებისათვის ამაზე მომხიბლავი რა უნდა იყოს! მაგრამ, ალბათ თქვენც დამეთანხმებით, ვინც ცხოველ ინტერესს გამოიჩენს ფულის მიმართ, ცოტატი მაინც უნდა იცოდეს მისი ბუნება, ხასიათი და თვისებები. ფული თვითმიზნურად ძალიან ცოტა ვინმეს თუ ეყვარება - ან ნამდვილი ხელოვანი უნდა იყოს მაშინ კაცი ამ საქმისა, ან ძუნწი. ხოლო იმისთანა ძუნწები, მარტო შიშის გამო რომ ძუნწობენ, კინწისკვრით უნდა გააგდო.
როცა საიდუმლოს ამბობ ან ამბებსა ჰყვები, ისიც უნდა იფიქრო, ყურს რა კაცი გიგდებს, ან ვინა გკითხულობს, რადგან ყველას ის გამოაქვს მოთხრობიდან, რაც მის გულს ეამება ან რის გამოტანასაც მოახერხებს, და მერე თავისებურად მოირგებს. ზოგი ნაკუწ-ნაკუწა ნაწილებს გამოგლეჯს და დანარჩენს კი ჰყრის, ზოგი თავისი ცრურწმენის ბადეში გაცხრილავს ხოლმე, ზოგიც თავის გუნებისად შეაფერადებს. ამბავი რომ კაგად გაიგო და გაიშინაურო, საჭიროა საკუთარი გულის სიმები აღმოაჩინო შიგ. ისე სასწაულს ვერ ირწმუნებ.
ახლა რომ ვუფიქრდები, ჩვენ ყველანი, ან უმეტესობა ჩვენგანი, მეცხრამეტე საუკუნის მეცნიერებაზე ვართ გაზრდილნი, რომელიც ყველაფრის არსებობას უარჰყოფდა, რასაც თვითონ ვერა ხსნიდა და ვერ ზომავდა. ჩვენგან აუხსნელი საგნები კი მაინც განაგრძობდნენ არსებობას, რა თქმა უნდა, ჩვენი ლოცვა-კურთხევის გარეშე. რასაც ვერა ვხსნით, არც გვინდა დავინახოთ, ხოლო ამასობაში, საგანთა და მოვლენათა უდიდესი ნაწილი მიგდებული გვაქვს ბავშვებისათვის, გიჟებისათვის, სულელებისა და მისტიკოსებისათვის, რომელთაც თვით საგანი უფრო აინტერესებთ, ვიდრე მისი ახსნა. ამრიგად, ბევრი ძველი და სანუკვარი რამ სამყაროს სხვენზეა აზიდული, რადგან ვერც ჩვენს ირგვლივ აგვიტანია და ვერც გადასაგდებად გაგვიმეტებია.
რა უცნაური საფრთხობელაა ადამიანი - მთელი აპარატურა საზომი ერთეულებისა, ცხრილებისა, საანგარიშოებისა, რომელთაგან ჩვენ ძალიან ცოტას თუ ვკითხულობთ და იმასაც, ვინ იცის, არა სწორად...
როგორ შეგიძლია დაგმო ის, რაც არ გესმის.
თუკი მოახერხებ, რომ ხალხი სუნთქვაშეკრული და დაძაბული ამყოფო დიდხანს, რაღაცის მოლოდინში, ალბათ ყველაფერს ირწმუნებენ; არა იმდენად მოქმედება, არამედ ტექნიკაა მთავარი, დროის გამოზომვა.
ზოგჯერ ისე შეცვლილი გეჩვენება კაცი, რომ იტყვი: „აჰ, ამას როგორ იზამდა, მაგისთანა საქმის გამკეთებელი არ არის“. ხომ არაფერი გვეშლება. იქნებ სხვა კუთხით წარმოგვიდგა, ან ზევით-ქვევიდან დაწოლამ გაჭყლიტა და ფორმა შეუცვალა. ომში ხშირად შეხვდები ამისთანა რამეს - ლაჩარი უცებ გმირი ხდება, ხოლო გულოვანი ადამიანი შიშით დაიფერფლება. ან არადა, გაშლი დილის გაზეთს და წაიკითხავ, რომ ვიღაც პატიოსან და სათნო ოჯახის კაცს ცოლი და შვილები ნაჯახით დაუჩეხია. ჩემი აზრით, ადამიანი განუწყვეტლივ ცვლილებას განიცდის. მაგრამ ზოგჯერ უფრო თვალშისაცემი ხდება ასეთი ცვლილება.
ზოგჯერ მინდა ღამეული ფიქრების არსს ჩავწვდე. ისინი სიზმრების უახლოესი ნათესავები არიან. ზოგჯერ ჩემს ნებაზე შემიძლია მათი წარმართვა, ზოგჯერ კი ააღერენ თავს, გამოვარდებიან და გაუხედნავი ცხენებივით თავაწყვეტით დაჰქრიან ჩემს სხეულზე.
მხოლოდ ბოლო წუთებში, როცა ყველაფერი მზად არის, ფიქრი სახურავს დაადგამს იმ შენს შენობას და თავისგასამართლებელ სიტყვებს გამოგიძებნის.
ტანჯვა-წამებით ადამიანისათვის სულის ამორთმევა უფრო კარგია, თუ დანის ერთი მადლიანი მოქნევით გათავება?
ბიზნესიც ხომ ერთგვარი ომია, ეს ცხადზე უცხადესია. მაშ მშვიდობის მისაღწევად რატომ ტოტალურ ომს არ გამოაცხადებენ?
ნუთუ ის დიდი სიმდიდრე, რასაც ჩვენ თაყვანსა ვცემთ, საშინელი გულქვაობა და სისასტიკის გამოუჩენლად დაგროვდებოდა? არა მგონია.
ვთქვათ, ავდექი და დროებით სულ დავივიწყე მთელი კანონები. ვიცი, რომ დავიჭრები, ისე ამას ვერ მოვახერხებ. მაგრამ რითია ეს ჭრილობა გამუდმებული მარცხის ჭრილობებზე უარესი, რასაც მე აგერ რამდენი ხანია ვატარებ? თუ ცოცხლობ, ჭრილობებსაც ვერ მოიშორებ, ასე არ იქნება.
ერთ-ერთი საბედისწერო რიფი - ყბედობაა. ეს ვიცი. დიდების გამწარებით ძებნაში, - როგორი დიდებაც არ უნდა იყოს ეს, თუნდა სასჯელის ფასად მოპოვებული, - რამდენს გაუცია საკუთარი თავი, ვიდრე სხვა მოასწრებდა მის გაცემას.
რაც ერთისთვის კარგია, მეორისთვის იქნებ ცუდი გამოდგეს. წინასწარ ამას ვერ განსჭვრეტ.
რჩევა არავის ეპიტნავება - ყველას კვერის დაკვრა ურჩევნია.
როცა დრო მოვა, და საჭირო გახდება ჩემს ვაჟიშვილს ცხოვრების მთელი საიდუმლო გავაცნო, - რაც მან, ეჭვი არ მეპარება, უკვე მშვენივრად იცის, - არ უნდა დავივიწყო და ქალსი თმის ვარცხნილობაზეც უნდა ვუთხრა რამე. თმის ქება თუ კარგად შეითვისა, ყველაფერს მიაღწევს, რასაც კი მისი ავხორცული გული მოიწადინებს. კარგად უნდა გავაფრთხილო: რაც უნდა, ის უქნას ქალს - ჭიტლაყი ამოჰკრას, სცემოს, წააქციოს, ხელი ჰკრას - ოღონდ თმას ნუ აუწეწავს, ამას ნურასდიდებით ნუ იზამს. ეს თუ შეიგნო, მეფე გახდება.
დავრწმუნდი, რომ ცარიელ განზრახვას - კეთილი იქნება თუ ბოროტი - არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ყველაფერი ბედსა და იღბალზე, თუ რაღაც სხვაზეა დამოკიდებული.
წირვა მოვისმინეთ და ბოლოს პირდაპირ გამოგივცხადეს, ქრისტე ჭეშმარიტად აღსდგაო.
სიტყვები თავისთავად კი არაფერს ნიშნავს, მაგრამ გრძნობას გამოხატავს. ფიქრი განსაზღვრავს ჩვენს მოქმედებას თუ გრძნობები? და ფიქრი ზოგჯერ იქნებ ხელს გვიწყობს, შესრულებაში გვშველის?!
მალე გავმდიდრდებით, და შენ, სიღარიბის ზიდვა რომ გიჭირს ასე, სულ მალე სიმდიდრის ზიდვა გაგიჭირდება-მეთქი. ასეც მოხდება. სიღარიბეში შურით სკდება გულზე, როცა გამდიდრდება, ნამდვილი კუდაბზიკა გახდება. ფული სნეულებას კი არ ჰკურნავს, ავადმყოფობის სიმპტომებს ცვლის.
რაღა ვართ ჩვენ - უმიწაწყლო მემამულეები, უჯარო სარდლები და ფეხით მოჩინდრიკე მხერდები. განწირულები ვართ. იქნებ ამიტომაც განვიცადე ასეთი ცვლილება. ფული როდი მიყვარს, ჩემს დღეში არ მყვარებია. მაგრამ უფულოდ ვეღარ შევრჩები იმ კატეგორიას, საცა ყოფნას შევეჩვიე კიდეც და თავსაც კარგად ვგრძნობ. ალბათ ჩემი გონების ბნელ კუნჭულში თავისთავად ყალიბდებოდა ეს აზრი და მერე ამოტივტივდა, არა როგორც ფიქრი, არამედ როგორც რწმენა.
ფულიანი კაცის რეპუტაცია თითქმის იმდენსავე ფასობს, რასაც თვით ფული.
ყოველ სერიოზულ საქმეს თუ მოლაპარაკებას წინ უძღვის მოსამზადებელი მუსაიფი, და რაც უფრო სერიოზულია საქმე, მით უფრო გრძელი და მსუბუქია ეს ჭიკჭიკი. ამასთან, ყოველი მოსაუბრე ვალდებულია თავის წილ ბუმბულსა თუ ჭრელა-ჭრულა ნაჭერს ჩამოვიდეს.
შენ რომ გინდა, ისე კი არ გამოგივა ყოველთვის. ისე გამოტყვრება რაღაც, რომ ნებართვას არცა გთხოვს.
საოცარია, რატომ გამართავს ხოლმე ადამიანის გონება თვალხუჭუნობასა და დამალობანას, როცა საჭიროა მთელი ჩვენი გულისყური გაფაციცებით დავძაბოთ და საიდუმლო ზრახვებითა და დაბრკოლებებით დანაღმულ მინდორზე როგორმე უხიფათო ბილიკი მოვძებნოთ.
სკამებს მოდის მიხედვით იცვლიან, ხოლო სკივრები, წიგნის კარადები, სასადილო და საწერი მაგიდები - მყარ წარსულთა გვაკავშირებენ.
თავდაცვაზედაც რომ იყო გადასული, თავი ისე მოაჩვენე, თითქოს უტევდე.
მუდამ მიკვირდა ხოლმე: როგორ ახერხებს ხალხი, რომ ფულის გაკეთების სურვილი ქველმოქმედების საბურველში გაახვიოს.
რამდენიმე, სულ რამდენიმე ადამიანი, ახალნდელი ქალაქის მესვეურებს დაუჭრენ მხარეს, სანამ არ შეისყიდიან ან მთლიანად ხელთ არ იგდებენ მომავალი ქალაქის მთელ კეთილდღეობას. მერე პანღურს ჰკრავენ იმ შენს მუნიციპალიტეტსა და თვითონ მერს, ტახტზე პროგრესს შეასკუპებენ და მაშინ გახდება აშკარა, რომ ყოველი ქუჩა თუ შესახვევი, რითაც ეს პროგრესი შემოდის ქალაქში, მათი საკუთრება ყოფილა.
სამყოფი ფული არ არსებობს. ფული ორნაირად იზომება: სულ უფულობა ანდა არასოდეს არ გყოფნის.
იმის სურვილი, რომ ვინმეს ტკივილი მიაყენო, გულს ღვარძლით გივსებს.
რას არ შეეჩვევა ადამიანი: კვლას, დამარხვას, ჯალათობასაც კი. საწამებელი ძელი და მარწუხი, ერთი თუ შეეჩვიე, ჩვეულებრივი სამუშაო იარაღები გახდება.
იქნებ ბუნებრივიც იყოს - რამეს რომ გაანადგურებ, სულიერი წონასწორობის აღსადგენად ცდილობ რაღაც ახალი შექმნა!
რას არ შეეჩვევა ადამიანი, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება.
რჩევის ამბავი ხომ იცით, შენს განზრახვასაც თუ დაემთხვა, მხოლოდ მაშინ გაკმაყოფილებს.
გეკვიატება თავში რაღაცა და მერე სინამდვილე გგონია, ხოლო როცა არ აღმოჩნდება ნამდვილი, უკვე გვიანღაა გადარწმუნება.
ყოვლად წყალწაღებული მცონარა რომ აიღო, ისიც კი შეეცდება, თეორიით გაამართლოს თავისი მცონარობა.
ნეტა ისეთი კაცი თუ მოიძებნება, ამა ქვეყნის ძლიერთა გადაწყვეტილებებს, განზრახვებსა და ღვაწლს არ ჩაფიქრებოდეს? ნეტა ვიცოდე: სათნოებისა და გონივრული მისწრაფებების ნაყოფია მათი მოქმედება თუ შემთხვევის, რაიმე ოცნების, ფანტაზიის, ან ისეთი ზღაპრის, რასაც ჩვვენ მუდამ ვუამბობთ ხოლმე საკუთარ თავს?
ბევრს ასე მოსდგამს - თუ მოჰკრეს ყური, ვინმეს განსაკუთრებული პატიოსნება გამოუჩენიათ, ხელად უპატიოსნო მიზეზებს დაუწყებენ ძებნას, რამაც თითქოს იმ პატიოსნებისათვის წააქეზა ის კაცი აბა, ისე რა გამორჩნა აქვსო! - ეს ლოგიკა გამართლებულიც არის იმ ხალხისათვის, ვისაც საკუთარი ცხოვრება პოკერის თამაშივით გაუხდია.
ცოლებს არასოდეს არ უყვართ თავიანთი ქმრების უფროსები და მდივანი ქალები.
არა სჯობია, ისე ამოვარდე დროის ანგარიშიდან, რომ სულ დაუღამებლად გეჩვენოს დღე.
კაცის გუნებას რას გაუგებ - ხან მარტივია, ხან რთული. დანამდვილებით რომ გგონია, ახლა მართალი ვარო, სწორედ მაშინ ცდები.
მეგობარი თუ გინდა შეინარჩუნო, თავის დღეში არ გამოსცადო.
რაც უფრო პატიოსანი ხარ, მით უფრო არ გენდობიან. ყველაზე კარგი საშუალება შენი ზრახვების დასაფარად - სიმართლის თქმაა.
გაცოფდები, აბა რა მოგივა, როცა კაცს რჩევას აძლევ და ის კიდევ ყურში არ უშვებს!
საქმესა და პოლიტიკაში კაცმა გზა უნდა გაიკაფოს და გაიკვლიოს, ხალხი გვერდზე მიყარ-მოყაროს, თორემ ისე სანუკვარ მწვერვალს ვერ მიაღწევს. იქ რომ ავა, სვიანიც გახდება და გულმოწყალეც. მაგრამ ჯერ ხომ უნდა ავიდეს!
როცა მდგომარეობა თუ ამოცანა მეტისმეტად გართულდება, ადამიანს თავდაცვის უნარი უჩნდება - სულაც არ იფიქროს ამაზე. მაგრამ ეს ფიქრი ქვეცნობიერში შეიჭრება ხოლმე ღრმად და იქ დაბუდებულ მრავალ სხვა ფიქრში აირევა; ასე წარმოიშობა სულიერი მღელვარება და აფორიაქება, დანაშაულის გრძნობა და იმის ძლიერი ინსტინქტი, რომ მანამ ყველაფერი გათავებულა, რამეს მაინც წაავლო ხელი, სულ ერთია, რაც უნდა იყოს.
ისევ იფეთქა რეაქტიული თვითმფრინავების ახალმა გუნდმა. ვინ იცის, ნახევარი მილიონი წელი დასჭირდა ადამიანს, მანამ ცეცხლს შეეჩვეოდა, ამ ცეცხლზე გაცილებით უფრო მძვინვარე ძალას კი იძულებული გავხდით, სულ თხუთმეტიოდე წელიწადში შევჩვეოდით. ნეტა როდესმე თუ მოვახერხებთ ამ ძალის დამორჩილებასა და მოშინაურებას? თუ აზროვნების კანონი საგანთა და ნივთთა კანონების მსგავსია, მაშინ სულშიაც თუ ხდება ნეტა ატომის ხლეჩა? ნუთუ მეც ეს მომდის? ჩვენ, საერთოდ?
რაკეტებს, იცოცხლე, ვუშვებთ ჰაერში, მაგრამ ბოღმისა და მღელვარებისათვის ვერაფერი მოგვიხერხებია.
ჩემთვის ვღიღინებიდ: „აგერ შესცვალა იორკის მზემ ბრწყინავ ზაფხულად, ზამთარი ჩვენი უთანხმობა-მღელვარებისა“. (შექსპირი, „რიჩარდ III”)
ხალხს, საზოგადოებას გარკვეული პერიოდები აქვს კარგადმყოფობისა თუ ავადმყოფობის, იმედისა თუ სასოწარკვეთილების, თვით სიჭაბუკისა და სიბერისაც.
- მარცხი სულიერ მდგომარეობაზე მოქმედებს ხოლმე. იმ ორმოებსა ჰგავს, ჭიანჭველების ლომი რომ თხრის სილაში. სულ ქვემოთ და ქვემოთ მიცურავ. ერთი მაგრად უნდა გაიწიო და ამოხტე. უსათუოდ უნდა ამოხტე. როცა ამოხვალ, მიხვდები, რომ წარმატებაც მოქმედებს სულიერ მდგომარეობაზე.
- ეგეც ორმოა?
- ორმოა, მაგრამ უკეთესი.
კაცი მარტო რომ დარცება, მაშინ მიეცემა ხოლმე ფიქრს. ხალხის უმრავლესობა, მთელი ოთხმოცდაათი პროცენტი, წარსულით სულდგმულობს, შვიდი პროცენტი - აწმყოთი, და მხოლოდ იმ სამ პროცენტსღა დარცა მომავალი.
იმისთანა ხალხის ამბავი თუ გაგიგონია, ვერცხლის ლანგარზე რომ სთავაზობენ თავს ყველას, მაგრამ კაციშვილს არ ეპიტნავება? საბოლოოდ აღარც სინდისი აქვთ, არც ფული.
ადამიანი მარტოა ამქვეყნად.
უბედურებას ადვილად ინელებს ხოლმე ქალი, მით უმეტეს, როცა ეს უბედურება სხვა ქალს დაატყდება თავს.
ხომ დაკვირვებიხართ, საერთოდ, არავისაც არ სჯერა სიმართლე.
იმ ხალხისა მიკვირს, ფიქრის დრო არ გვაქვსო, რომ ამბობენ. [...] იქნებ, არ უნდათ იფიქრონ და იმიტომ ამბობენ, დრო არ გვაქვსო.
ხალხის უმრავლესობა ასე სჯის - გაიმარჯვე, ესე იგი მართალი ხარ!
ძალა და წარმატება ყოველგვარ ზნეობასა და კრიტიკაზე მაღლა დგას. როგორც ეტყობა, მთავარი ის კი არ არის, რას აკეთებ, არამედ როგორ აკეთებ და შენ თვითონ რას არქმევ ამ საქმეს. ისეთი შინაგანი ძალა თუ აქვს ადამიანს, რომ შეაჩეროს, ან დასაჯოს? არა მგონია. მხოლოდ დამარცხებულებს სჯიან. თუ არ დაიჭირეს ბოროტმოქმედი, თითქოს არც კი ჩაედინოს ბოროტმოქმედება.
დარწმუნებული ვარ, განსაზღვრულ მომენტში გამარჯვებულსა და დამარცხებულს, მკვლელსა და მოკლულს შორის სიყვარულიც კი წარმოიშობა.
ბედის მკითხაობა არა მწამს, და უკვდავებაც გულგატეხილი ხალხისათვის მოგონილ უბადრუკ ნუგეშად მიმაჩნია.
მოგონება ხიზილალასავით მრავლდება; ერთი პატარა რამე თუ მოიგონე, მორჩა, ბოლო აღარ აქვს, კინოსავით წავა და მერე გინდა წინ ატრიალე და გინდა უკან.
ბოროტმოქმედება ისეთი რამ არის, რასაც ყოველთვის სხვები სჩადიან.
სულ ტყუილია, თითქოს საერთო სინათლე არსებობდეს, მთელი სამყაროს ერთიანი ცეცხლი. ყველას თავისი სინათლე აქვს, თავისი საკუთარი კენტად მბჟუტავი სინათლე.
თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1979წ.