კახა ბენდუქიძე - სხვა არჩევანი არ გვაქვს
არსად გამიგია, პაპუასები ჩვენნაირად კამათობენ თუ არა ნამდვილ პაპუასობაზე ან პაპუასების უპირატესობაზე სხვა ყველა ადამიანთან შედარებით, მაგრამ, ჩანს, მაგაზე ნაფიქრი აქვთ. ერთ-ერთ ტომს, რომელიც საკმაოდ კარგად არის შესავლილი, ჰქვია მარინდანიმ, რაც ნიშნავს ნამდვილი ადამიანები ან, უფრო ჩვენებურად - კაცური კაცები. და გასაგებია, რომ სხვა ტომები არ არიან მარინდ-ანიმ, არ არიან კაცური კაცები. ხომ კარგად გვესმის ჩვენ ჩვენი ძმა პაპუასების?
2004 წლის მაისი, მოსკოვი. მირეკავს ერთი ჩემი ნაცნობი და მეუბნება - მოსკოველი ბიზნესმენები საქართველოში მივდივართ და შენც უნდა წამოხვიდეო. დიდხანს ვიუარე, მაგრამ დამითანხმა. ჩამოვედი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჟვანიასთან ოთხსაათიანი საუბრის შემდეგ მან შემომთავაზა გავმხდარიყავი ეკონომიკის მინისტრი. სადღაც 10 წამი ფიქრის მერე დავთანხმდი.
ჩვენ დიდი ხანია, ერთად არ გვიცხოვრია. არ ვიცით, თუ რა არის სახელმწიფო წყობა. არა, წიგნები კი წაგვიკითხავს, მაგრამ უშუალო განცდა არ გვაქვს.
ამ გლობალიზებულ სამყაროში პატარა ქართული გლობალიზაცია გვინდა - რაც არ დაგვცალდა და ჯერ წინა გვაქვს - როცა ქართველები ერთმანეთთან ვაჭრობას ვისწავლით. [...] ოთხი მილიონი ქართველი თავისი ბურჟუაზიული ინტერესებით დაუკავშირდება ერთმანეთს, დამოკიდებული გახდება ერთმანეთის წარმატებასა და მარცხზე. ასეთი ქართული საზოგადოება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება შემოღობილი ტერიტორიიდან საქართველომდე. დიდი ნაბიჯი.
ეს ჩვენი ჯიშისა და ჯილაგის ამბავში არ არის განა, ტკბილად, მაგრამ ღარიბად ვიცხოვროთ?!
ემუქრება თუ არა ქართულს საფრთხე და საჭიროა თუ არა მისი დაცვა. ჩემი აზრით, საფრთხე ემუქრება, და დაცვასაც საჭიროებს. მაგრამ... საფრთხე იმიტომ კი არ ემუქრება, რომ ჩვენ სხვა ენებს ვისწავლით (სპიჩკა, პრისკი და ტორმუზი რუსულის კარგი ცოდნის შედეგია?), არამედ იმიტომ, რომ ქართული არ ვიცით. მას ჩვენ დავიცავთ სწორი გამართული გამოყენებით, და არა რაიმე სახელმწიფო აკრძალვებით. ეს სამოქალაქო საქმეა და არა სამთავრობო.
თუ მღავრობას უნდა ეკონომიკის განვითარება, შეიძლება წარმოვიდგინოთ ორი გზა: პირველი - ხელი არ შეუშალოს ადამიანს იყოს მაქსიმალურად ეფექტური, და მეორე - აიძულოს ადამიანი იყოს უფრო ეფექტური. როგორ წარმოგიდგენიათ, აკრძალვებით, დაშინებით და მოტყუებით შეიძლება გავზარდოთ თქვენი ეკონომიკური ეფექტურობა? სხვისი? ყველასი? [...] რაც შეიძლება მთავრობამ გააკეთოს კარგი - ხელი არ შეუშალოს არავის.
რუსეთის მიერ 1801 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მთავარსარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა კნორინგმა გენერალ-მაიორ ლაზარევს დაავალა შეესწავლა მონეტარული მიმოქცევა ქართლ-კახეთში. დადგინდა - სპილენძის და ვერცხლის გამოდნობაზე კონცესია ჰქონდათ ბერძენ მეწარმეებს, რომლებიც ამაში ფულს უხდიდნენ ხაზინას. მონეტის მოჭრა იყო ლიბერალიზებული - ნებისმიერს, ვინც ვერცხლს მიიტანდა ზარაფხანაში და გადაიხდიდა გადასახადს, მოუჭრიდნენ მონეტებს. თავისუფალ მიმოქცევაში იყო ქართული მონეტები - ორმაგი აბაზი, აბაზი, ნახევარაბაზი, 5, 10 და 20 ფული (1 აბაზი = 200 ფული). ასევე თურქეთის, სპარსეთის, შემახის, შექის, ბაქოს, ლენქორანის, განჯის, ნუხის, შირვანის, ყარაბაღის და სხვა მონეტები. საქართველოს მოსახლეობა სარგებლობდა დაახლოებით ისეთივე მონეტარული თავისუფლებით, როგორც დღეს ფინანსურ ცენტრებში განთავსებულ ბანკებს აქვთ. ამის გარეშე თბილისი დიდი სავაჭრო ცენტრი ვერ იქნებოდა.
ბევრი თვლის, რომ რაღაცნაირად შეიძლება გადავხტეთ. ახლა ვართ ღარიბები, და მერე უცბად რაღაცნაირად გავმდიდრდით. ალბათ ლატარიაში მოვიგებთ. მაგრამ მაგ ლატარიას არავინ ატარებს. ასე რომ, მხოლოდ ერთი გზაა - ჩვენ ყოველწლიურად უფრო მეტად უნდა გავიზარდოთ, ვიდრე სხვა ქვეყნები. ღვთის წყალობით, შეცდომებს ეკონომიკაში ვუშვებთ არა მარტო ჩვენ, არამედ სხვა ქვეყნებიც.
აირჩიეთ, როგორი ეკონომიკური ზრდა გინდათ? იცოდეთ:
წელიწადში 12% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს.
წელიწადში 10% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის.
წელიწადში 7% - 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში.
წელიწადში 4% - 2040 წელს ვიქნებით ბანძები.
წელიწადში 2% - 2040 წელს არ ვიქნებით.
არაფერი არ ვიქნებით.
დიდ ბიუჯეტს შეიძლება ორნაირად მივაღწიოთ - მაღალი გადასახადები გვქონდეს ან ყოველწლიურად ვალი ავიღოთ და ასე ვიცხოვროთ. პირველი გზა იგივეა - შენით ფეხი მოიტეხო, მეორე გზა კი - შენით თავი ჩამოიხრჩო. ერთ შემთხვევაში შენ ნელა განვითარდები, მეორე შემთხვევაში - ფინანსურ კატასტროფამდე მიხვალ.
არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ საბჭოთა კავშირის და მისი ყოფილი ნაწილების გარდა, არსად არ არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა ინტელიგენცია. რომ ტერმინი - შემოქმედებითი ინტელიგენცია - საბჭოთა ტერმინია, რომ ფრაზა - საავადმყოფოს კოლექტივმა ყველაფერი გააკეთა - არ ითარგმნება ინგლისურად.
რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა აქტიური გამეორება საარჩევნო დაპირებების, და არავის არ მოსვლია აზრად, საზოგადოებრივ სივრცეში გაეკეთებინა მარტივი რამ: განეხილა, დაეთავალა, გაეანალიზებინა ის იდეები, რომლებსაც ასე უხვად გვთავაზობდნენ პოლიტიკოსები. არც ოჯახში თუ ეზოში მოუკლია არავის თავი ამ ანალიზით. თუმცა კამათი ბევრი იყო. მაგრამ „მოდი, დავთვალოთ“ ხომ არ იტყვი - სირცხვილია. ანუ ვართ თვლის ძველ სისტემაში - ერთი, ორი, ბევრი. ათი, ხუთი, უფასო. ანუ მათ ზედაპირულ ლოზუნგებს ჩვენ ვუპასუხეთ სათანადო ზედაპირულობით. ჩვენ ხომ ორივე - კანდიდატებიც და ამომრჩევლებიც - ბედკრული საქართველოს შვილები ვართ. ასეთი მოლიპული საქართველო. ვსრიალებთ ყინულის ზედაპირზე.
ერთხელ ნახევრად სახუმარო ინტერნეტ გამოკითხვა ჩავატარე - როგორი პრეზიდენტი სჭირდება საქართველს. ბევრი პროვოკაციული და არასერიოზული კითხვა იყო. რამდენიმე კითხვაზე აზრები მნიშვნელოვნად გაიყო. შეიძლება თუ არა პრეზიდენტი იყოს ოფლიანი? ამ კითხვამ გახლიჩა გამოკითხულები ორ თითქმის თანაბარ ნაწილად - 54% თვლიდა, რომ შეიძლება, და 46% - რომ არა.
უნგრეთში წასასვლელად პარტკომის რეკომენდაცია იყო საჭირო. მერე რაიკომის. მივედი პარტკომის (ანუ კომუნისტური პარტიის პირველადი/საინსტიტუტო ორგანიზაციის კომიტეტის სხდომაზე. ეგენი რეკომენდაციებს სტანდარტულს წერდნენ. იქ უნდა ყოფილიყო ჩაწერილი политически грамотен, морально устойчив, в быту выдержан (პოლიტიკურად განათლებულია, მორალურად მდგრადია, ყოფაში თავშეკავებულია).
გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი; ტაბულა
სპონსორი: თავისუფალი უნივერსიტეტი