დათო ტურაშვილი - მე რომ ფეხბურთელი ვიყო
„ყველაფერს, რაც ადამიანის მორალისა და ღირსების შესახებ ვიცი, ფეხბურთს უნდა ვუმადლოდე“, - ალბერ კამიუ
ნამდვილი ბურთები (ისევე როგორც ყველაფერი ნამდვილი), ცოტა იყო საბჭოთა საქართველოში და მახსოვს ერთხელ, ჩვენზე პატარა ჯუბამ, გახურებული თამაში გაგვაჩერებინა, რომ თავისი თვალით ენახა სად ეწერა ბურთს ჯადოსნური სიტყვა „ფიფა“.
ერთ დღეს ბებიაჩემს ხელთათმანები გამოვართვი და კარში ჩავდექი. მართალია მეორე ტაიმიდან, ისევ ჩვეულ თავდასხმას დავუბრუნდი, მაგრამ ის დღე, მაინც განსაკუთრებულად მახსოვს. ბებიაჩემსაც იმ დღესვე დავუბრუნე უკან მისი ღიღინით ნაქსოვი ხელთათმანები და ნაღდი მირჩევნია მეთქი, - ღიმილით ვუსაყვედურე. ანტისაბჭოურ განწყობილებებში იმთავითვე შემჩნეულმა ბებიაჩემმა საპასუხოდ ძალიან შავი იუმორით დამამშვიდა - ნამდვილ, საფეხბურთო ხელთათმანებს, ინგლისელი ბებიები ქსოვენო.
ჩვენი უბნისა და საბჭოთა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სამამულო წარმოების სამმანეთიანი პიჟამო და რეიტუზი ეცვა, რომელსაც მოხმარების დაწყებიდან მეორე თუ არა, უკვე მესამე დღეს მაინც, გახუნებული მუხლისთავები ებერებოდა.
საფეხბურთო სამყარომ ალბათ არ იცის რომ საქართველოში, დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, ნამდვილ ტალანტს კიდევ ერთი, დამატებითი ბარიერი ეღობება საფეხბურთო კარიერის დაწყებისთანავე. შეიძლება არც სხვა ქვეყნებშია ფეხბურთელების სპორტული გზები მხოლოდ იებით და ვარდებით მოფენილი, მაგრამ წმინდა ქართული რუბიკონი მაინც ყაყაჩოა.
მწვრთნელებს შორის, ყველაზე მეტი პრობლემა, უმცროს მესხს, რასაკვირველია ნოდარ ახალკაცთან ჰქონდა, რომელიც განსაკუთრებულად მკაცრი იყო და ყოველთვის დისციპლინას ითხოვდა ყოველი ფეხბურთელისაგან. ერთხელ, უკვე გახუნებული ტრუსების ნაცვლად, მიშიკომ ახალი ფორმა მოითხოვა მწვრთნელისგან და ნოდარ ახალკაცმა მესხს უკანალზე ხელით ანიშნა - ვარჯიშებს რომ აცდენ, ტრაკი ისე გაგისუქდა, რომ მაგ ზომის ტრუსიკები, ჩვენ არცა გვაქვსო. მიშიკო მესხმა ჯერ თავისას დახედა, მერე კი ახალკაცისას დააკვირდა ყურადღებით და ძალიან გულწრფელად უთხრა სახელოვან ქართველ მწვრთნელს - ვისაც ჩვენს შორის დიდი ტრაკი აქვს, იმას შევეცი ტრაკშიო და ნოდარ ახალკაცმა მესხს ორი წლის მანძილზე, ორასი მეტრის რადიუსში, დიღმის ბაზასთან მიახლოებაც კი აუკრძალა.
ავტობუსს წინ მოუძღვებიან ცხენებზე ამხედრებული პოლიციელები და ქუჩებში გამოფენილი მადრიდელები სტადიონისკენ მიმავალ საყვარელ გუნდს ისე აცილებენ, როგორც ბრძოლის ველზე მიმავალ შუასაუკუნეების რჩეულ რაინდებს. დროშებით აჭრელებულ მადრიდს ქუჩებსა და ადამიანთა სახეებზე ძალიან ადვილია იმის ამოკითხვა, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება არა მხოლოდ სპორტული შერკინებაა, არამედ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთი და ამ ორ გუნდს შორის მატჩი ესპანეთის ცხოვრებაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ისტორიული დღე. მეტიც, ეს არის კიდეც ესპანეთის ისტორია მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში პირველად გააგორეს ბურთი და ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ პირველად კატალუნიის დროშები სწორედ „რეალთან“ მატჩის დროს ააფრიალეს საკუთარ დროშებს მონატრებულმა ბარსელონელებმა. პრიმერადივიზიონის მატჩების გრაფიკს, რასაკვირველია ასეთი სიზუსტით ვერავინ დაგეგმავდა და ეს უბრალო დამთხვევა იყო - დიქტატორ ფრანკოს სიკვდილის მეორე დღეს დანიშნული იყო თამაში ბარსელონაში, „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის. მატჩის წინა ღამეს კი, კატალუნიაში არ იყო ოჯახი, სადაც კატალუნიის დროშას არ კერავდნენ, რომელიც ფრანკოს სიცოცხლეში, უბრალოდ, იკრძალებოდა. კატალუნიურ ენაზე საუბარიც იკრძალებოდა, მადრიდის „რეალის“ რეალური პატრონი კი, ათეული წლების მანძილზე, თვითონ ფრანკო იყო. ამიტომაც, ადვილი წარმოსადგენია, რა მონდომებით შეკერავდნენ კატალუნიურ ოჯახებში კატალუნიის დროშებს სწორედ იმ ღამეს, როცა დიქტატორი ფრანკო გარდაიცვალა და მეორე დღეს, ეს დროშები „ბარსელონას“ ფეხბურთელებისათვის „რეალის“ წინააღმდეგ საბრძოლველად როგორი სტიმული იქნებოდა. ის მატჩი მაშინ კატალუნიელებმა მოიგეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი „ბარსელონა“ საკმაოდ სუსტი იყო და მადრიდელებს კი ამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ ასი ათასი დროშის წინააღმდეგ ბრძოლა, მართლაც, ძნელი აღმოჩნდა.
გიო ქინქლაძეზე ფიქრისას, ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს, ნებისმიერი ქართული ზღაპრის სევდიანი დასაწყისი ახსენდება, როგორც მისი საფეხბურთო კარიერის შეფასება - „იყო და არა იყო რა“...
შოთიმ მომიყვა მამამისის მეგობრის შესახებ, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ბუასილის ოპერაცია გაუკეთეს და საავადმყოფოს ეზოში ნაცნობი შეხვდა. იმ ნაცნობმა ჰკითხა - რა გჭირსო და როგორც ჩანს, დიდი კიჭას მეგობარს, სიმართლის შერცხვა და გულის ოპერაცია გავიკეთეო, - იმ ნაცნობს უთხრა. ის ნაცნობი კი ერთი წამითაც არ დაფიქრებულა, ისე განუმარტა თურმე ახალნაოპერაციებ კაცს სამყაროს არსი: კარგი და გულიანი კაცი რომ ხარ, გული იმიტომ გტკივა, თორემ ტრაკებს ტრაკი ტკივათო...
ერთხელ თურმე სერგო კოტრიკაძეს (თბილისის „დინამოს“ მაშინდელ მეკარეს), მოსკოვის „ცეესკასთან“ გაშვებული გოლის გამო ისე უსაყვედურა ბორის პაიჭაძემ, რომ ჩვენმა სახელოვანმა მეკარემ თავიც კი იმართლა - გოლი ვის არ გაუშვიაო. ამ პასუხის გამო ბორია პაიჭაძე კიდევ უფრო გაბრაზებულა - სხვა მეკარეები ფეხბურთის კარში დგანან და შენ კი დარიალის კარში დგახარ და საქართველოს იცავო...
საბჭოთა კავშირში სპორტი არასოდეს აუკრძალავთ, ლიტერატურისგან განსხვავებით და ამიტომაც ფეხბურთი საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთგვარ ნაწილად იქცა.
ლეგენდაც ორი რუსეთის შესახებ მხოლოდ მითია და თანაც ლენინის მოგონილი - თითქოს ორი რუსეთი არსებობს: ერთი კეთილი და მეორე კეთილმოტყნული და ჩვენ შეგვიძლია კეთილ რუსეთთან ვიმეგობროთ.
პატარა ქვეყანაა შოტლანდიაც, რომელსაც დიდი ხნის წინ კი ანგრევდნენ ინგლისელები, მაგრამ ახლახანს, სულ რამდენიმე წლის წინ იქ ჩასული მელ გიბსონი მაინც ძალიან გააკვირვეს შოტლანდიელებმა, რომლებმაც უარი თქვეს მის ფილმში მონაწილეობაზე. მელ გიბსონმა ვერ მოძებნა შოტლანდიელები, რომლებიც ინგლისელი ჯარისკაცების ფორმებს ჩაიცმევდნენ თუნდაც ფილმისთვის „მამაცი გული“ და ამიტომაც მან მასიური ბატალური სცენები შოტლანდიაში ვერ გადაიღო.
შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ იყო დრო როცა საქართველოში ფეხბურთელების საპატივცემულოდ გვარებსაც კი იცვლიდნენ. მართლა იყო შემთხვევა, როცა თბილისელმა სომხებმა გვარი გადაიკეთეს ბორის პაიჭაძის გამო და ძმები ასატუროვები პაიჭაძეები გახდნენ. თურმე ამის გამო მათი მამა ისე გაბრაზებულა რომ გვარის მოღალატე შვილებს კარგა ხანს არც ელაპარაკებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც შეარიგეს ნათესავებმა და სწორედ იმ დღეებში, ახალშერიგებულზე, ძმები პაიჭაზეები მილიციამ დააკავა. თურმე იჩხუბეს სადღაც რესტორანში და განყოფილებაში მიყვანისთანავე ძმებმა შინ დარეკვის უფლება გამოსტყუეს მილიციის უფროსს და შვილებმაც მამას დარეკვისთანავე დახმარება თხოვეს. სომეხმა მამამ თურმე ყურადღებით მოუსმინა გაქართველებულ შვილებს და სანამ ყურმილს დაუკიდებდა მათ, ერთი ფრაზის თქმა მაინც მოასწრო: - ეხლა ბორია პაიჭაძემ გიშველოთ, თქვენი დედა მოვტყანო!...
იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც დინამო პოლიტიკისა თუ კარიერის ნაწილი იყო და ერთხელ თურმე შესვენების დროს ლავრენტი ბერია პირდაპირ გასახდელში შევიდა ფეხბურთელებთან, როცა თბილისის დინამო მოსკოვის ერთ-ერთ გუნდთან აგებდა პირველი ტაიმის შემდეგ. ბერიას არაფერი უთქვამს და მხოლოდ ანგარიში უკითხავს, მაგრამ გადმოცემის თანახმად ამ სრულიად უწყინარმა შეკითხვამ, თურმე ისე იმოქმედა ქართველ ფეხბურთელებზე, რომ მათ (მეორე ტაიმში ჯერ ანგარიში გაათანაბრეს და მერე კი ის მატჩი მოიგეს კიდეც.
არაოფიციალური მონაცემები სამწუხაროდ არ გაგვაჩნია და ოფიციალურად კი საქართველოში 1879 წლიდან არსებობდა ჭიათურის მარგანეცის კონცესია, სადაც პატიოსნად მსახურობდა ვინმე ოსკარ ზიმერტი, რომელმაც შექმნა კიდეც პირველი საფეხბურთო გუნდი ჩვენს ქვეყანაში სახელწოდებით „უნიტა“, რაც ერთობას ნიშნავს და მართალია ბურთს მანამდეც ვაგორებდით ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, მაგრამ ერთობის ორგანიზება ქართველებს, როგორც ჩანს, იმთავითვე ძალიან გვიჭირდა.
ყველაზე მეტად მაინც ის კადრი მახსენდება ხოლმე მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ყიფომ რომ ბურთი გაიჩერა კისერზე და ჩვენც საბოლოოდ მივხვდით, რომ თამაში მოგებული გვქონდა. ასეთ რამეს მხოლოდ გამარჯვებულები აკეთებენ.
პირადად მაქვს წაკითხული ის ინტერვიუ, სადაც ბექჰემმა აღიარა რომ სწორედ თბილისში, პირველივე დანახვისას (სინამდვილეში კი ტელეეკრანზე დანახვისთანავე) გადაწყვიტა ვიქტორია ადამსის ცოლად შერთვა.
... ყველაზე მეტად მაინც კოკა ხაჟალიას სადღეგრძელო დამამახსოვრდა, რომელმაც წასულების ხსენებისას, ძალიან გულწრფელად ამოიოხრა - ნეტა მამაჩემი მესის თამაშს მაინც მოსწრებოდაო. სად შეიძლება ადამიანმა ასეთი სადღეგრძელო მოისმინოს თუ არა იქ, სადაც ადამიანებს ფეხბურთი, მართლა ძალიან უყვართ...