ნიკო ბაგრატიონი - ბურებთან

უძველესი დროიდან არსებობს ლეგენდა, თითქოს ბაგრატიონის სახლიდან მტრებმა ქორფა ბავშვი ტყეში გაიტაცეს და იქ ნადირის შესაჭმელად დასტოვეს, მაგრამ ბავშვს ირემმა ძუძუ აწოვა და გამოზარდაო. ამიტომ ბაგრატიონის ოჯახის ყველა წევრს და მათ ახლო ნათესავებს აკრძალული ჰქონდათ ირმის მოკვლა.

***

პაპა ნიკოლოზის სიკვდილის შემდეგ, მამაჩემს მოვალეები აღრჩობდნენ, „პრიკაზი“ მამულებს უწერდა და საჯაროდ უყიდდა. ამნაირად გაუყიდეს თბილისში მტკვრის მთელი მარჯვენა ნაპირი და მუხრანის ხიდიდან დაწყებული ვერამდე. მუხრანის ხიდის ადგილას მაშინ ბორანი მუშაობდა, რომელსაც ხალხი ავლაბარში გადაჰყავდა. ეს ბორანი საგრძნობ შემოსავალს იძლეოდა, ესეც მოგვესპო. ეს ბორანი საგრძნობ შემოსავალს იძლეოდა, ესეც მოგვესპო. ასე, ამგვარად მივდიოდით საბოლოო გაღატაკებამდე. ბოლოს, ბევრი ტანჯვის შემდეგ, მამამ პეტერბურგში წასვლა გადაწყვიტა, რომ თხოვნა მიერთმია მეფე ალექსანდრე მეორისათვის, რათა მისთვის მოეხსნათ სახაზინო ვალი 600 ათასი მანეთის რაოდენობით და მისი პროცენტებიც.

***

ალექსანდრე II-ის ნაცვალი კავკასიაში, მისი ძმა მიხეილ ნიკოლოზის-ძე იყო. [...] მისი მეუღლე - გერმანელი ქალი ოლგა თეოდორეს ასული - მკაცრი წესების ადამიანი იყო. [...] თავისი შვაბების გადმოსახლებით ოლგა თეოდორეს ასულმა თბილისში დიდი ახალშენი მოაწყო, რისთვისაც დაუთმეს მტკვრის მარცხენა ნაპირი - ვერის ხიდიდან მოყოლებული დიდუბემდე - თავისი შესანიშნავი ბაღებით. ახალსენს გადასცეს ძროხები და მერძეობისათვის საჭირო ინვენტარიც. ეს შვაბები მთელ თბილისს აწოდებდნენ რძის ნაწარმს; ბორჩალოს რაიონშიაც დაარსეს ყველის დასამზადებელი ქარხნები. ამ ქარხნებში ისინი იყენებდნენ ადგილობრივი მცხოვრებლების შრომას, რაშიაც უმნიშვნელო გროშებს იხდიდნენ.

***

ლომებზე ნადირობა ჩემთვის იყო მხოლოდ საბაბი გავმგზავრებულიყავი შორეულ ქვეყნებში, მენახა უცხო ხალხები, გავცნობოდი მათ ზნეს, ჩვეულებას, კულტურას, დავმტკბარიყავი უცხო ბუნების სილამაზით. თუმცა მჯეროდა - საქართველოს მსგავსი მეორე ქვეყანა არსად იყო.

***

გავემგზავრეთ პარიზს. იქ უნდა დაგვეცადა დანარჩენი ამხანაგებისათვის, რომლებიც ჩვენთან ერთად უნდა წამოსულიყვნენ ცხელ ქვეყნებში ლომებზე სანადიროდ. [...] ჩავედი მარსელში. მშვენიერი დარი იყო. კვირას დღის 12 საათზე საოკეანო გემით უნდა გავმგზავრებულიყავი აფრიკისაკენ.

*** 

ერდოზე და მეზობელ კაიუტებში გაჩაღებული იყო ხმამაღალი ლაპარაკი და დავა ინგლისელების მიერ ბურების წინააღმდეგ მოსალოდნელი გალაშქრების გამო. ზოგი ამტკიცებდა, რომ ინგლისელებს ამერიკელებიც დაეხმარებიანო, და ფრანგები აძაგებდნენ როგორც ინგლისელებს, ისე ამერიკელებს, ჰკიცხავდნენ ინგლისის და ამერიკის პრეზიდენტს მაკ-კინლეის.

***

ალექსანდრიაში, ამ ზღაპრულ ქალაქში, ეტყობა დღეს არაჩვეულებრივადაა ხალხი აგზნებული.

მიზეზი?

დიდმა, ძლიერმა, ცივილიზაციით მოამაყე ინგლისმა ომი გამოუცხადა სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ პატარა ხალხს - ბურებს.

***

გამახსენდა საყვარელი საქართველო!

მთელი ჩემი არსება მოიცვა ბურებისადმი თანაგრძნობამ და უყოყმანოდ გულში ღრმად ამოვიჭერი - დავხმარებოდი თავისუფლების მოყვარულ პატარა ხალხს, რომელსაც ინგლისი მოსპობას უპირებდა.

(ინგლისმა ბურების რესპუბლიკას - ტრანსვაალს ოფიციალურად ომი გამოუცხადა 1899 წლის ოქტომბრის 11-ს და ამავე დღს დაიწყო საომარი მოქმედება).

***

ბურების მდგომარეობა როგორღაც მაგონებდა ჩემს სამშობლოს და მწამდა, თუ შევებრძოლებოდი ბურების მტერს, ეს იმასაც ნიშნავდა, რომ მე ამით სამაგიეროს გადავუხდიდი ჩემი ქვეყნის მტრებსაც.

ჩემთვის ყველა დამპყრობელი, მოძალადე ერთნაირად საძულველი იყო და ყოველთვის გული მიმიწევდა დავხმარებოდი დაჩაგრულს.

გადავწყვიტე ახლავე დამეტოვებინა ალექსანრია.

მხოლოდ ერთი რამ მაღელვებდა:

მიმიღებენ როგორც უცხოელს ბურები თავის ჯარში?

მითხრეს: ყველა პატიოსან უცხოელ მოხალისეს ბურები ხელგაშლით ხვდებიანო.

ისიც გავიგე, რომ მათ არ ჰყავდათ, თურმე, მუდმივი ჯარი, მაგრამ თითოეული მამაკაცი განსაზღვრული ვადით, განსაზღვრულ ასაკამდე ვალდებული იყო შეესწავლა სამხედრო საქმე. შრომისმოყვარე ბურები იმავე დროს შესანიშნავ მსროლელებად, დისციპლინის მოყვარულ ვაჟკაცებად, გამბედავ მეომრებად ითვლებოდნენ და მუდამ მზად იყვნენ მკერდით დაეცვათ თავიანთი ლამაზი ქვეყანა.

თავისუფალი ბურები პრეზიდენტს და პარლამენტს - ნამდვილ სახალხო სამსჯავროს - ყოველგარი ძალდატანების გარეშე და ალალი გულით ირჩევდნენ.

პავლე კრიუგერი - ტრანსვაალის პრეზიდენტი
ამჟამად ბურების პრეზიდენტად ჰყავდათ ყველასგან პატივცემული და საყვარელი 75 წლის მხნე მოხუცი - პავლე კრიუგერი.

კრიუგერს სძულდა ინგლისელები.

მან მტკიცედ უარყო მათი წინადადება პროტექტორიატის შესახებ. მოხუცი პრზიდენტი შეეცადა შეენარჩუნებინა თავისი ქვეყნის თავისუფლება და ინგლისელთა მეორე თავდასხმისგან ხალხი გამარჯვებული გამოეყვანა.

***

ალექსანდრიიდან პირდაპირ გავემგზავრე ტრანსვაალის რესპუბლიკის დედაქალაქში - პრეტორიაში, სადაც კრიუგერის რეზიდენცია იყო, მაგრამ პრეზიდენტი ვერ ვნახე. მითხრეს პრეზიდენტი იოჰანესბურგშიაო. დაუყოვნებლივ წავედი, მაგრამ იგი არც იქ აღმოჩნდა.

იოჰანესბურგი ძლიერ მომეწონა. სავსებით კეთილმოწყობილი ქალაქია. აქ არსებობს ბურჟუაზიული ქალაქის ყველა ატრიბუტი - ბანკი, ბირჟა, მაღაზიები. მაღაზიები სავსე იყო მაშინ ინგლისური საქონლით. ტრანსვაალის ბაზრები ინგლისელებს ჰქონდათ დაპყრობილი. ამას ურიგდებოდნენ ბურები, მაგრამ როცა ინგლისელებმა დააპირეს მათი ეროვნული ღირსების შელახვა და მთელი რესპუბლიკის უბრალო კოლონიად გადაქცევა, ბურებმა მყისვე აისხეს იარაღი და მოძალადეებს მრისხანედ წინ გადაუდგნენ.

ცივილიზებული ბარბაროსებისაგან კრიუგერის ქვეყანას დიდი საფრთხე ელოდა. ბურების შემართული იარაღი თუ ვერ გაიმარჯვებდა, რესპუბლიკა დაიღუპებოდა.

ეს კარგად იცოდა მოხუცმა პრეზიდენტმა, ამიტომ არ ცილდებოდა თავის ჯარს და ამხნევებდა მას.

დიახ, ინგლისელები ემუქრებოდნენ ბურების რესპუბლიკას, მათ თავისუფლებას.

***

მაგონდება ერთი ამბავი:

ბალკანეთის ომის დროს, რუსეთის ერთ-ერთმა მეფისწულმა ინგლისის ტახტის მემკვიდრეს მიმართა თხოვნით, ინგლისი დახმარებოდა ბალკანეთს.

უელსის პრინცმა ეს თხოვნა გადასცა პრემიერ-მინისტრს პალმერსტონს, რომელმაც თავის მხრით რუსეთის მეფისწულს შემდეგი უპასუხა:

„მე ბედნიერი ვარ დაგარწმუნოთ ინგლისის ტახტის მემკვიდრის გულკეთილობაში, მაგრამ ამავე დროს გაცნობებთ, რომ თვითონ ინგლისს გული არა აქვს“.

***

ინგლისმა ოფიციალურად გამოუცხადა ომი ბურებს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ვინც ბურებს დაეხმარებოდა, ის ინგლისის აშკარა მტერი ხდებოდა. ბურების გულისათვის ასეთი ნაბიჯის გადადგმას კი ყველა ერიდებოდა და არ უნდოდათ საომარ მდგომარეობაში ჩამდგარიყვნენ მაშინ უძლეველი ინგლისის წინააღმდეგ.

***

1497 წლეს პორტუგალიელმა ვასკო-დე გამამ ჰოლანდიის გემით მოიარა სამხრეთ აფრიკის ნაპირები. შემდეგ ამისა, იქ ჰოლანდიელებმა დააარსეს პატარა კოლონია, მალე ამ ადგილებში გადმოსახლდნენ უმიწაწყლო და ბოგანო ფრანგებიც, ხელისუფლების მიერ დევნილი და ხელისუფლებასთან შეურიგებელი ადამიანები. გადმოსახლებულთა უმრავლესობას შეადგენდნენ ჰუგენოტები. ახალ მიწაზე დასახლებულებმა პირველ რიგში ხელი მიჰყვეს მიწის დამუშავებას. ამრიგად, წარმოიშვა ბორთა, ანუ ბურთა ახალი ქვეყანა.

ბურმა ფერმერებმა ერთიმეორისაგან საკმაოდ დაშორებით მოაწყვეს ხუტორული მეურნეობა. ბურები ეწეოდნენ მესაქონელობას, მევენახეობას და მიწის დამუშავებას. ბევრმა მოაშენა სირაქლემები, რომელთა ნაკრტენები მეტად ძვირად ფასობდა ევროპაში, ამ უცნაური ფრინველის შენახვა კი იოლი იყო. ბურებს აგრეთვე ჰქონდათ ოქროს მდიდარი საბადოები.

სამხრეთის მშვენიერმა ბუნებამ, ჯანსაღმა ჰაერმა და ნოყიერმა მიწამ, განსაკუთრებით შრომის დიდმა სიყვარულმა, ბურებს საშუალება მისცა სწრაფად გაეუმჯობესებინათ თავიანთი მდგომარეობა. თითოეული ბური თავს ვალდებულად რაცხდა რესპუბლიკისთვის გაეღო განსაზღვრული წვლილი. დაგროვილი თანხებით შენდებოდა ქალაქები, გაყავდათ რკინიგზები, წყალსადენები და გზატკეცილები.

ბურები მუდამ დაღვრემილნი არიან, მათ სახეზე იშვიათად ნახავთ ღიმილს. ეს ნირი უთუოდ ბართლომეს ღამის შემდეგ მოდევთ მათ. როგორც ცნობილია, ამ ღამეს თავისი დედის - ეკატერინე მედიჩის ჩაგონებით კარლ IX გასცა ბრძანება ამოეწყვიტათ ჰუგენოტები. ამავე ღამეს კათოლიკეებმა ფანჯრიდან გადააგდეს და მოკლეს სამშობლოს წინაშე დამსახურებული მოხუცი ადმირალი კოლინი, რომელიც ითვლებოდა ჰუგენოტების ერთ-ერთ მეთაურად.

ბურები ზოგჯერ უცნაურებიც არიან. ისინი ომობენ თავიანთი განწყობილებისა და შეხედულებისამებრ, რასაც ხშირად მოჰყოლია კატასტროფა. მათი დისციპლინა, უმთავრესად, რელიგიაა, რამაც, აგრეთვე, რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას უდავოდ თავისი დაღი დაასვა. მიუხედავად ამისა, მათ ჰყავდათ შესანიშნავი გენერლები, რომელბიც ბრწყინვალედ აწარმოებდნენ პარტიზანულ ომს.

საერთოდ კი ბურებს მტკიცე ხასიათი აქვთ და ღრმად დარწმუნებულნი არიან თავიანთ ძალაში.

XVIII საუკუნის მიწურულამდე ბურები მშვიდად ცხოვრობდნენ. ჰქონდათ თავიანთი პარლამენტი და ჰყავდათ არჩული პრეზიდენტი.

მაგრამ, აი გამოჩნდნენ ინგლისელები და შექმნეს ახალი ახალშენები. ისინი პირველად დასახლდნენ ნატალში და როცა ფეხი კარგად მოიკიდეს, მოითხოვეს სხვა რესპუბლიკებთან უფლებრივი გათანასწორება, იმავე დროს ისინი უარს ამბობდნენ ეკისრათ სამოქალაქო ვალდებულებანი რესპუბლიკის წინაშე, კერძოდ, არ უნდოდათ სამხედრო ვალის მოხდა.

ინგლისელების ეს ყოყოჩური მოთხოვნილება ბურების პარლამენტმა უყურადღებოდ დასტოვა და ისინი არ მიიღო რესპუბლიკის სრულუფლებიან მოქალაქეებად.

მაშინ ინგლისის მთავრობა შეეცადა ხელში ჩაეგდო ინგლისელებით დასახლებული ნატალი. დიდი ხნის დავისა და დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდეგ, ბურები იძულებულნი გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ და მათთვის მიეყიდნათ ნატალი.

ინგლისელებმა ბურებს კვლავ დაუწყეს შევიწროება. მაშინ ბურების ერთმა ნაწილმა დატოვა კაპსკის თავდაპირველი საბინადრო და პრეტორიუსის მეთაურობით გადავიდნენ მდინარე ვაალის გაღმა, დაარსეს ტრანსვაალის ახალი რესპუბლიკა და პირველ პრეზიდენტად აირჩიეს პრეტორიუსი.

ბურების მეორე ნაწილმა დააარსა მეორე რესპუბლიკა - ორანჟი.

ნატალზე აღმოჩენილ ალმასის დამუშავებას აწარმოებდა ინგლისური საზოგადოება სესილ როდსის მეთაურობით. სესილ როდსმა მოინდომა ხელში ჩაეგდო ტრანსვაალში აღმოჩენილი მდიდარი საბადოებიც. როცა ბურები წინ აღუდგნენ, მაშინ ინგლისელებმა მიმართეს ძალადობას, მაგრამ აჯანყებულმა ბურებმა თვიანთ მთავარ ქალაქს პირველი პრეზიდენტის - პრეტორიუსის პატივსაცემად დაარქვეს პრეტორია.

ბურების წინააღმდეგ ინგლისის ამ გალაშქრებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია მთელ მსოფლიოში. სწორედ ამ დროს ინგლისის მთავრობას სათავეში ჩაუდგა ლიბერალი გლადსტონი, რომელმაც ინგლისის რეზიდენტს აფრიკაში გაუგზავნა ცნობილი დეპეშა: „ჩვენ დამნაშავე ვართ ბურებთან, დადე ზავი“. მაგრამ ეს იყო თვალთმაქცობა. ინგლისს ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია ფიქრი ტრანსვაალის დასაპყრობად. უცდიდნენ უფრო ხელსაყრელ პირობებს და აი, ინგლისის მთავრობამ ახლა ომი გამოუცხადა ბურებს.

ეს მოხდა 1899 წელს.

***

კვირა იყო. ამ დღეს ყოველი ბური მხოლოდ ეკლესიაშია და მერმე თავის ოჯახში. ესაა კულტი. კვირაობით არც ერთ უცხო კაცს არ იღებენ. არც გარეშე ამბებზე მსჯელობენ. ეკლესიაში ლოცულობენ, ოჯახში ისვენებენ და აქაც სასოებით არიან გამსჭვალულნი. როგორც ჩანს, ახლაც, ომის პირობებში ამ წესს არ არღვევდნენ.

***

ბურების სახელმწიფო ენად ითვლებოდა ჰოლანდიური.

***

ბურებს, ისე როგორც მის პრეზიდენტს, არასოდეს გაეგონათ საქართველო და ქართველი, მაშასადამე, ჩემი გვარიც მათ არაფერს ეუბნებოდათ, მაგრამ პრინცის ტიტულმა კი საოცრად დიდი აღტაცება გამოიწვია შტაბში, ბედნიერი ღიმილით ჩამომართვეს ხელი და თან იმეორებდნენ: „პრინცი, პრინცი“.

გაკვირვებული ვიდექი. როგორც შემდეგ გამოირკვა, ბურებს ეგონათ მათ რიგებში პრინცის ყოფნა ეს იქნებოდა ევროპის თვალში კიდევ ერთი ზედმეტი საბუთი იმისა, რომ ინგლისელების წინააღმდეგ მათი ბრძოლა იყო ბრძოლა სამართლიანი.

***

ინგლისელების მიერ ბურების წინააღმდეგ დაწყებული ომი ყოველგვარ ომზე უფრო საშინელი იყო. ეს იყო უბრალოდ ცინიკური სურვილი, მოესპოთ პატარა, მაგრამ მდიდარი სულის პატრონი ხალხი.

ბურები კი თავის მხრით იჩენდნე გასაოცარ სულგრძელობას. ტყვედ წამოყვანილ ინგლისელებს ბურები როგორც სტუმრებს ისე ეპყრობოდნენ, მალე კი მთლად ათავისუფლებდნენ.

გერმანელმა მოხალისე ოფიცრებმა კრიუგერს, მასთან შეხვედრის დროს, განუცხადეს: „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილო“, მაგრამ მოხუცმა პრეზიდენტმა მათი მოთხოვნილება არ გაიზიარა.

ამის გამო გერმანელებმა დატოვეს ბურების ჯარი და უკან დაბრუდნენ.

ლმობიერად მოეპყრნენ ბურები უინსტონ ჩერჩილაც, რომელიც იმ ხანებში ტყვედ შეიპყრეს.

მე ერთხელ გენერალ ბოტას ბანაკში მოვხვდი. ჩემი იქ ყოფნის დროს მოიყვანეს ტყვედ ჩავარდნილი რამდენიმე ინგლისელი. ერთი მათგანი იყო წითელლოყებიანი 20-25 წლის ახალგაზრდა ოფიცერი, შემდეგში ყველასთვის ცნობილი უინსტონ ჩერჩილი. იგი მაშინ „მორნინგ პოსტის“ სამხედრო კორესპონდენტის სახელით მოევლინა სამხრეთ-აფრიკას და ითვლებოდა ბურების დაუძინებელი მტრის, სესილ როდსის დიდ თაყვანისმცემლად. ბურებმა ეს ახალგაზრდა ტყვედ შეიპყრეს შემდეგ პირობებში: ჩერჩილი უნდა ჩასულიყო ლედსმიტში, მაგრამ ქალაქი ბურების მიერ ალყაშემორტყმული იყო. ინგლისელები შეეცადნენ ჯავშნიან მატარებლით ალყის გარღვევას, მაგრამ ბურებმა მატარებელი ხელთ ჩაიგდეს და სხვა რამდენიმე ინგლისელთან ერთად ჩერჩილიც ტყვედ წაიყვანეს.

ახალგაზრდა ტყვე ოფიცერი ჰერცოგის შთამომავალი აღმოჩნდა. დედამისი ამერიკელი ჟურნალისტის „ნიუ-იორკ ტაიმსის“ პატრონის, ჯერომის ქალი ყოფილიყო. ჩერჩილი დაბადებულა 1874 წელს, მიუღია სამხედრო განათლება, მაგრამ პირველადვე, როგორც ვთქვით, ბედმა არ გაუღიმა და ტყვედ ჩავარდა.

გენერალმა ბოტამ ტყვეები ზურგში პრეტორიაში გადააგზავნა, საიდანაც ჩერჩილმა იოლად მოახერხა გაქცევა და თავი შეაფარა პორტუგალიის ბოღაზს - ლორენსო მარკოს, აქედან კი, როგორც შემდეგ გავიგე, იგი გადასულიყო ინგლისელების კოლონიაში, ნატალიში.

***

ინგლისელებს არც ბურებთან და არც სხვა ფრონტზე ჰქონდათ სახარბიელოდ საქმე. ამ გარემოებამ, აგრეთვე ედუარდ VII სურვილმა, რომ მისი გვირგვინის კურთხევის დღისათვის ბურებთან ომი დამთავრებულიყო, ინგლისის მთავრობა აიძულა საზავო წინადადებით მიემართა ტრანსვაალის და ორანჟის რესპუბლიკებისათვის. ორივე რესპუბლიკა მყისვე დათანხმდა. დაიწყო მოლაპარაკება.

ბურებმა წარადგინეს სამი პირობა:

1) ორივე რესპუბლიკისათვის დამოუკიდებლობის შენარჩუნება.

2) ომისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება ბურებისათვის.

3) ამნისტიის გამოცხადება, რომლის ძალითაც არ უნდა დასჯილიყვნენ კაპსკის კოლონიის მცხოვრები აფრიკელები ინგლისის წინააღმდეგ აჯანყების გამო.

ინგლისის მთავრობა არც ერთ ამ პირობას არ დაეთანხმა.

ვინაიდან ევროპიდან დახმარებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო, თანაც ინგლისელებმა აფრიკაში ნახევარ მილიონამდე ჯარს მოუყარეს უკვე თავი, ბურებმა არჩიეს დათმობაზე წასულიყვნენ. ისინი დათანხმდნენ უარი ეთქვათ დამოუკიდებლობაზე, თუ მათ ექნებოდათ ფართო უფლებებიანი ავტონომია. ამრიგად ჩაისახა ტრანსვაალის, ორანჟის, ნატალის და კაპსკის კოლონიის სამხრეთ-აფრიკის შეერთებული შტატების იდეა. ამ შტატებს უნდა ჰქონოდა თავისი კონსტიტუცია და პარლამენტი, ინგლისის უმაღლესი მფარველობის ქვეშ.

სამაგიეროდ, ბურებისთვის ზარალის ასანაზღაურებლად ინგლისმა იკისრა 10 მილიონი სტერლინგის გაღება, აგრეე კასპსკის კოლონიისთვის ამნისტიით დანაშაულის პატიება.

მაგრამ, ვინაიდან მოლაპარაკება გაჭიანურდა და ამ მოლაპარაკების დროს დროებითი ზავი არ ყოფილა დადებული, ომი კვლავ გაგრძელდა.

***

კიტჩენერმა ბოლო ხანებში, ბურებზე შეტევისას წესად შემოიღო ქალებისა და ბავშვების წინ გამძღვარება. როცა ასეთი საფარით ბურებს მტერი მიუახლოვდებოდა, ისინი იძულებულნი იყვნენ პოზიცია დაეთმოთ, მაგრამ ახლა სხვა პოზიციაზე მაგრდებოდნენ, ან მტერს თავს დაუვლიდნენ და სამაგიეროს ერთი-ორად აზღვევინებდნენ. ამას ბურები უფრო თარეშით ახერხებდნენ და ამიტომაც, ამ ხერხს ხშირად მიმართავდნენ.

***

წმ. ელენეს კუნძულზე გადასახლებული ტყვეები მიჰყავთ ქუჩაში
ბურებმა ყველა ფრონტზე დაიწყეს უკან დახევა. მაშ ასე, მე უკვე ტყვე ვარ. ტყვეების ერთი ნაწილი გაგზავნეს წმ. ელენეს კუნძულზე. ნაწილს, ყოველგვარი სამსჯავროს გარეშე, რაღაც მოსაზრებების გამო, დახვრეტა მიუსაჯეს. მათ შორის ვიყავი მეც.

***

ერთხელ ვილბუამ მითხრა, რომ ფრანგულ, ხშირად ამერიკულ გაზეთებშიც შენზე ბევრს წერენო, ალბათ, ახლა ჩემი დახვრეტის ამბავსაც გამოაქვეყნებენ. თუ ეს ამბავი რუსულმა გაზეთებმაც გადაბეჭდეს და მათი მეოხებით დედაჩემმა გაიგო ჩემი ცხოვრების ასეთი სავალალო ბოლო, ეს იქნება პირდაპირ საშინელება მოხუცისათვის!

***

ტყვეების ერთი ჯგუფი წმ. ელენეს კუნძულზე - ნიკო ბაგრატიონი
როგორც კი ირიჟრაჟა, ყველანი ფეხზე წამოგვყარეს. 100 კაცი ვიქნებოდით. გაგვიყვანეს და ქალაქის კედლებთან გაგვამწკრივეს. თითოეულ ჩვენთაგანს პირდაპირ თოფმომარჯვებული თითო ინგლისელი დაგვიყენეს.

მე მაბრაზებდა ინგლისელი ოფიცრების ნელი, გულგრილი მოქმედება, ისინი განსაკუთრებულ პუნქტუალობას იჩენდნენ ჩვენი დახვრეტის წინ. ეს პროცედურა აღმაშფოთებელი იყო იმიტომ უფრო რომ ისინი დასჯას უპირებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ თავიანთ რესპუბლიკას და სამართლიანობას.

დასახვრეტად გამზადებულთა შორის იყვნენ ახალგაზრდა და ხანდაზმული ბურებიც, რომელბიც ამაყად თავაწეულნი იდგნენ მოღერებული ლულების წინ.

მე მათ შორის ვიყავი.

ყველასაგან გამოვირჩეოდი ჩემი არაჩვეულებრივი სიმაღლისა და იერის გამო.

ვიდექი უძრავად. ხელში კვლავ დედის სურათი მეჭირა - სიკვდილის წინ მინდოდა კიდევ ერთხელ დამეხედა მისთვის.

ერთმა ოფიცერმა შორიდან თვალი გამიშტერა, მერმე ახლო მოვიდა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა, ბოლოს ხელში სურათი შემნიშნა და გამომართვა.

რაღაც გაკვირვება დაეტყო.

დედაჩემს ქართული ძველებური ყურთმაჯებიანი კაბა ეცვა და ჩიხტი-კოპი ეხურა.

- ვინ არის ეს ქალი, ასე უცნაურად მორთული? - მკითხა მან.

- ჩემი დედაა! - ფრანგულად ვუპასუხე მე.

- დედა? შენ თვითონ ვინ ხარ?

- ქართველი! გვარად ბაგრატიონი!

ამის გაგონებისთანავე ოფიცერმა მყისვე უკან დაიხია, მერმე ბრძანა ჩემი მწკრივიდან გამოყვანა და სადღაც გაქრა. კი არ წავიდა - გაიქცა.

მალე იქაურობას მომაშორეს.

წამიყვანეს და ჩამაგდეს ქალაქის ხაროში, რომელსაც ისინი სატუსაღოს ეძახდნენ, მაგრამ ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. საკანში მხოლოდ ერთი პატარა ჭუჭრუტანიდან შემოდიოდა დღის სინათლე. პირველ ხანებში ვეაფერი გავარჩიე, მერმე, როცა თვალი თანდათან შევაჩვიე სიბნელეს, საშინელი სურათი წარმომიდგა: ქვისიატაკიან საკმაოდ დიდი ოთახის ნესტიან კედლებზე მიჯაჭვული იყვნენ ტუსაღები, რომელთაც ადამიანის აღარაფერი ეტყობოდათ. ჩონჩხად ქცეულებს გაბურძგვნილ თმასა და წვერში მარტო თვალებიღა მოუჩანდათ.

დაკონკილი ძველმანები სანახევროდაც ვერ უფარავდათ ჭუჭყიან, გაძვალტყავებულ სხეულს/ კარგა ხანს ვიდექი სიზმარში მყოფივით და ხან ერთს მივჩერებოდი, ხან მეორეს, ბოლოს ერთბაშად ძილი მომეკიდა, დავეწი ჩემს ნარზე, მაგრამ ბაღლინჯოები მაშინვე დამესიენ და წათვლემის საშუალებაც არ მომცეს.

მთელი ღამე წამებით გავატარე. დილას ავტეხე არაადამიანური ხმით ყვირილი. ვყვიროდი, რომ მე სამხედრო ტყვე ვარ და არა ყაჩაღი.

ყვირილი მანამ არ შევწყვიტე, ვიდრე ციხის მესვეურებს ხმა არ მივაწვდინე. როგორც იყო, გაიღო საკანის კარი, შემოვიდა ორი შეიარაღებული ჯარისკაცი და გამყვანეს. უცებ აღმოვჩნდი ნათელ, რაც მთავარია, შედარებით სუფთა ოთახში.

მაშინვე დავეცი იქვე მდგარ ტახტზე, მკლავზე კარგად თავის დადებაც ვერ მოვასწარი, რომ ღრმად ჩამეძინა. მეორე დილამდე გვერდი არ მიცვლია, მორალურად და ფიზიკურად მოქანცვის გამო, მკვდარივით ვეგდე.

ზედამხედველობამ მითხრა, რომ ვერაფრით ვერ გამაღვიძეს თურმე.

მომიტანეს საკმაოდ ნოყიერი საუზმე და ერთი ჭიქა არაყისებური რაღაც მაგარი სასმელი, თავი კვლავ მხნედ ვიგრძენი.

საუზმის შემდეგ, იმავე ზედამხედველმა გამომიცხადა, რომ კიტჩენერს უნდა წარვდგომოდი. და აი, სამი დღის ტყვეობის შემდეგ, შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა წამიყვანეს ინგლისის არმიის მთავარსარდალთან.

გაიღო კარი და ადიუტანტმა კაბინეტში შემიხმო.

მაღალჭერიან, ლამაზად მორთულ ფართო ოთახში განიერ მაგიდასთან იჯდა კიტჩენერი. ჩემი შესვლისთანავე ადგა, მაგიდას გამოცილდა და ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ.

ზურგზე ხელებდაწყობილი მომიახლოვდა.

მეგონა მრისხანე იუპიტერის მზერას მესროდა, მაგრამ ნაცვლად ამისა, თავაზიანად მომაპყრო თავისი უცნაური თვალები, რომლებიც ქამელეონივით იცვლიდნენ ფერს. პირველად მე ისინი ჭროღა მეჩვენა, ერთი წუთის შემდეგ კი დაფანჩულსა და მოშავო წარბებს ქვეშ დავინახე მუქი წაბლისფერი გუგები.

კიტჩენერი შესანიშნავად ფლობდა ფრანგულ ენას, ყოველგვარი კილოს გარეშე ლაპარაკობდა, რაც ინგლისელთ შორის იშვიათი შემთხვევაა.

ის იყო დაბალი, ჯმუხი. მე წელამდე ვერ მწვდებოდა და ძალაუნებურად მაღლიდან დავყურებდი.

რამდენიმე წუთს უხმოდ ვუქეროდით ერთმანეთს.

ჩემს წინ იდგა კაცი, რომელიც ასე მხეცურად მუსრს ავლებდა ბურებს და წარმოუდგენელ სისასტიკეს იჩენდა მათი ბავშვებისა და ცოლებისადმი.

მან მკითხა:

- თქვენ ბაგრატიონი ხართ?

ჩემი დადებითი პასუხის შემდეგ განაგრძო:

- რატომ იბრძვით ჩვენს წინააღმდეგ?

- აფრიკაში მე მოვედი, როგორც მოგზაური. ჩემი ჩამოსვლა დაემტხვა ძლიერი ინგლისის მიერ პატარა ხალხის წინააღმდეგ ომის გამოცხადების ამბავს. მაშინვე გადავწყვიტე ჩავმდგარიყავი ბურების რიგში, რადგან ბურების ბრძოლა მე მიმაჩნია საერთოდ თავისუფლებისათვის ადამიანების ბრძოლად. ყველა ხალხს უნდა შეეძლოს თავისუფლად იცხოვროს ამ ქვეყანაზე. ამისთვის ხალხი არ უნდა ისჯებოდეს.

კიტჩენერის თვალები ახლა სხვა ფერის შუქმა გაიელვა, მაგრამ თავი შეიკავა და თავიდანვე აღებული კილოთი მოკლე მითხრა:

- ჩვენ ვხვრეტთ მეამბოხეებს. თქვენ კი, როგორც სამხედრო ტყვე, ინგლისის მთავრობის განკარგულებით, იგზავნება წმ. ელენეს კუნძულზე, - ეს თქვა და შებრუნდა.

ადიუტანტმა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში კარებთან უძრავად იდგა, ტალანში გამიყვანა და ჩემი თავი კვლავ შეიარაღებულ ჯარისკაცებს გადასცა.

ბურები კიტჩენერს ეძახდნენ მახრჩობელა გვეს. მათმა სისხლმა, ბური ქალების და ბავშვების ცრემლებმა ბოლოს უწია მას: იგი დაიღუპა 1916 წელს, როცა სამხედრო გემით ინგლისიდან რუსეთში მიემგზავრებოდა.

***

მოვიდა ჯავშნოსანი სამხედრო გემი „ვიქტორია“. მე და ბრედას გამოგვიცხადეს, რომ ამ გემით უნდა დაგვეტოვებინა წმინდა ელენეს კუნძული.

გრაფი ბრედა და ნიკო ბაგრატიონი, პარიზი, ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ
ჩამოვიარე თითქმის მთელი ბანაკი და ყველას დავემშვიდობე.

რაღაც უხერხულობას ვგრძნობდი, თითქოს დანაშაულს ჩავდიოდი, რომ მე მივდიოდი და ისინი კი ტყვეობაში რჩებოდნენ. ბურები აღტაცებით მართმევდნენ ხელს და იმავე დროს თითოეული მათგანი თავს ვალდებულად თვლიდან ბანაკში თავის ხელით გაკეთებული რამე ნივთი ესახსოვრა ჩემთვის.

მე საკმაოდ დიდი ბარგით მივედი ნავსადგურში.

1901 წლის 10 ნოემბერს დაიძრა გემი.

გამომცემლობა „საბჭოთა მწერალი“, 1952 წელი.