1851 წლის 14 ნოემბერს - მობი დიკი ნიუ-იორკის ნაპირებს მიადგა

1851 წლის 14 ნოემბერს, ნიუ-იორკის ნაპირებს ჰერმან მელვილის - „მობი დიკი“ მიადგა.  სწორედ ამ დღეს, გამომცემლობა „Harper & Brothers“-მა ამერიკელი მწერლის რომანი გამოსცა, რომანი რომლის პირველი წინადადება - „დამიძახეთ ისმაილი“ ნაწარმოებების ერთ-ერთი საუკეთესო დასაწყისად ითვლება. „მობი დიკი“ დღეს ამერიკული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკად ითვლება, თუმცა, საწყის ეტაპზე, კაპიტან აქაბისა და თეთრი ვეშაპის თავგადასავალს, დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.  

ჰერმან მელვილი ნიუ-იორკში, 1819 წელს დაიბადა. ახალგაზრობაში, მელვილი ვეშაპსანადირო გემზე მსახურობდა.

1846 წელს, მან პირველი რომანი - „ტაიპი“ გამოაქვეყნა“ - რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც მწერლის პოლინეზიურ გამოცდილებას ეფუძნებოდა. წიგნი წარმატებული აღმოჩნდა, რასაც გაგრძელება - „ომუ“ მოჰყვა.

ამ რომანების შემდეგ, ჰერმან მელვილმა 3 რომანი გამოაქვეყნა, მისი მეექვსე წიგნი - „მობი დიკი“ კი პირველად 1851 წლის 18 ოქტომბერს, ლონდონში გამოიცა. როგორც ცნობილია, მელვილი გამომცემელს „ტაიპისა“ და „ომუს“ მსგავსი ნაწარმოების დაწერას შეჰპირდა, თუმცა, „მობი დიკი“ ტრაგიკული რომანი გამოდგა.

საზოგადოებამ „მობი დიკი“ არცთუ ისე კარგად მიიღო. მელვილი რომანებისა და მოთხრობების წერას განაგრძობდა, თუმცა, ამით „გადასახადებს ვერ უმკლავდებოდა“. ამიტომაც, 1865 წელს ნიუ-იორკში დაბრუნდა და საბაჟო სამსახურში, ინსპექტორად დაიწყო მუშაობა.

ჰერმან მელვილი 1891 წელს, ლიტერატურული სამყაროსგან მივიწყებული გარდაიცვალა. 1920-იან წლებში, მისი რომანი „მობი დიკი“ მსოფლიომ ხელახლა აღმოაჩინა. მწერლის უკანასკნელი რომანი - „ბილი ბადი“ (Billy Budd) 1924 წელს, მწერლის გარდაცვალებიდან 33 წლის შემდეგ გამოიცა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში